Home რუბრიკები საზოგადოება ტრადიციისკენ შემობრუნება

ტრადიციისკენ შემობრუნება

ჩვენსა და კავკასიელებს შორის ჩამტყდარი ხიდი თავიდან შენდება

1525
ვალერი ასათიანი

გასულ კვირაში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამართეს საერთაშორისო ქართველოლოგიური მეორე კონგრესი, რომელიც ჩვენიალმა მატერის” 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. 27 სექტემბერს კონგრესის პლენარული სხდომა გახსნა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, ძირითადი მოხსენება წარადგინა აკადემიის ვიცეპრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, რომელიც კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტს ხელმძღვანელობდა, თანათავმჯდომარესთან, თსუ რექტორ გიორგი შარვაშიძესთან ერთად. ამ ფრიად მნიშვნელოვან მოვლენაზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრა პროფესორი ვალერი ასათიანი.

_ კონგრესი ძალზე სოლიდური იყო, უწინარესად, იმ თვალსაზრისით, რომ წიგნად გამოიცა ქართველ და უცხოელ მეცნიერთა მოხსენებები, იყო წარმომადგენლობითი. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ სტუმართა შორის ჭარბობდა ჩვენი მეზობელი ქვეყნების მეცნიერებათა აკადემიების წარმომადგენლობა. ეს, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან მოწმობს, რომ ხდება იმ ტრადიციების განახლება, რომლებიც კავკასიის ხალხებთან გვაკავშირებს. ჩვენი სტუმრები აღნიშნავდნენ საქართველოს, კერძოს, თბილისის განსაკუთრებულ როლს კავკასიის სამეცნიერო-კულტურულ სივრცეში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქართული მეცნიერული სკოლების უდიდეს წვლილს მეცნიერების სხვადასხვა დარგში კადრების მომზადების საქმეში. იმ ნეგატიური პერიპეტიების მიუხედავად, რომლებიც 90-იან წლებსა და მომდევნო პერიოდში განვითარდა ჩვენს რეგიონში, საქართველოს დედაქალაქს ისინი კვლავაც მიიჩნევენ კავკასიის კულტურულ-სამეცნიერო ცენტრად. გამომსვლელები ჩეჩნეთიდან, ყაბარდოდან, ადიღედან თუ სხვა რესპუბლიკებიდან მადლიერებით იხსენებდნენ იმ ჩვენს მეცნიერებს, რომელთა ღვაწლი მათი ეროვნული კადრების მომზადებაში ფასდაუდებელია.

თქვენს მკითხველებს მოეხსენება, რომ ათეული წლების განმავლობაში საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში და, უწინარეს ყოვლისა, სახელმწიფო უნივერსიტეტში, შექმნილი იყო მეზობელი ხალხების აბიტურიენტების მოსამზადებელი საგანგებო ჯგუფები, რომლებიც შემდგომ ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში ეუფლებოდნენ მეცნიერებათა საფუძვლებს.

_ ჩვენი თანაკურსელებიც იყვნენ.

_ დიახ! განსაკუთრებით, ჰუმანიტარები. ამ თვალსაზრისით ხაზი მინდა გავუსვა აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას ღვაწლს, მისი სახელობის სკოლას, ასევე, გიორგი ჩიქავას, თინათინ შარაშენიძის, გიორგი ახვლედიანის, აკაკი შანიძისა და სხვების მოღვაწეობას, რომელთა უშუალო მონაწილეობით შეიქმნა კავკასიელი სტუდენტებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები. ჩვენმა მეცნიერებმა ძალიან ბევრი გააკეთეს იმისთვის, რათა მომზადებულიყო მეზობელი რესპუბლიკების კადრები ქართველოლოგიაში, ასევე ქართველი სპეციალისტები კავკასიის კულტურის შესწავლის მიმართულებით.

კონგრესმა დაადასტურა, რომ ხდება შემობრუნება ამ თვალსაზრისით.

_ ძველი კავშირებისა და ურთიერთობების თვალსაზრისით.

_ განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, შახრუდინ კაფუროვის, გამოსვლა; ამაღელვებელი იყო დონის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, ბესარიონ მესხის, ძალიან თბილი სიტყვა საქართველოს შესახებ. მას თბილისში ჩამოუყვანია თავისი შთამომავლები, რათა საკუთარი თვალით ეხილათ ისტორიული სამშობლო და არ დავიწყებოდათ მშობლიური ფესვები.

პლენარულ სხდომაზე მოვუსმინეთ კარინა ვამლინგს, შვედეთის უნივერსიტეტის პროფესორს; ალექსანდრე მარია ბრუნს, ვენეციის უნივერსიტეტის პროფესორს; თამაზ გამყრელიძეს, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო პრეზიდენტს, აკადემიკოსს.

სექციების მუშაობა გაგრძელდა, როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე მეცნიერებათა აკადემიაში.

წარმოდგენილი იყო რამდენიმე ათეული მოხსენება, თემატიკა _ მრავალფეროვანი და მრავლის მომცველი.

სექციების მხოლოდ ჩამონათვალიც კი ადასტურებს კონგრესის მასშტაბურობას: მაგალითად, ძველი და შუასაუკუნეების საქართველოს ისტორიისა და რელიგიის სექცია, საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის სექცია; ლიტერატურისა და ხელოვნების სექცია და სხვ.

ქვემოთ ზოგიერთ მოხსენებასაც წარმოგიდგენთ. მანამდე კი გეტყვით, რომ გლობალიზაციის პირობებში, როცა ჰუმანიტარული მეცნიერებების როლი მაინცდამაინც გამოკვეთილი არ არის და ეს სფერო გარკვეულად უგულველყოფილიცაა, რადგან პრაქტიციზმმა ყველაფერზე დიდი გავლენა იქონია, ხდება კომერციალიზაცია და მატერიალურ ფასეულობათა აღზევება. დღეს, როცა საზოგადო სივრცეში პოლიტიკური საკითხების ბუმია, წმინდა ჰუმანიტარული საკითხების დომინირება თბილისის კონგრესზე განსაკუთრებით ფასეულად უნდა მივიჩნიოთ.

სოლიდურად იყო წამოდგენილი ქართული მეცნიერება.

ძალიან საინტერესო იყო ელდარ ბუბულაშვილის მოხსენება, რომელიც ეხებოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას. მან ყურადღება გაამახვილა ერთ გარემოებაზე, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება. კერძოდ, მან თქვა, რომ ახლო მომავალში მოსალოდნელია ვატიკანში სრულიად უცნობი დოკუმენტის შესწავლა და წამოწევა, რომლებიც აღადგენს ამ ისტორიის ზოგიერთ ფურცელს.

ბორის ხარსიევის (ინგუშეთი) მოხსენებამ “კავკასიის ავტოქტონური მოსახლეობა ძველ ქრონიკებში” ძალიან დააინტერესა კონგრესის მონაწილეები.

გამოვყოფდი სერგო ვარდოსანიძის მოხსენებას “ორი გზა ქართულ საისტორიო მეცნიერებაში”, ალექსნადრე დაუშვილის მოხსენებას “ქართველი ერის კონსოლიდაციის თავისებურებები და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II”, რომელშიც ბევრი მაგალითი იყო მოხმობილი იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორი სიბრძნით ცდილობს და ემსახურება ერის გამთლიანებას და ჯანსაღი ტენდენციების დამკვიდრებას სულიერ ცხოვრებაში ჩვენი მწყემსმთავარი.

დიდი ყურადღებით მოისმინეს ინესა მერაბიშვილის მოხსენება “ქართული პოეზიის უცხოური თარგმანების ანალიზი”.

ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია.

არ მაქვს პრეტენზია, შევაფასო კონგრესის მნიშვნელობა. მხოლოდ იმაზე ვამახვილებ ყურადღებას, რის მოწმეც თავად ვიყავი.

პირველი. წამოიწია კავკასიის თემატიკა, ხაზი გაესვა საქართველოსა და თბილისის მოთავეობას იმ ჩამტყდარი ხიდის აღდგენის საქმეში, რომელიც ერთმანეთთან გვაახლოვებდა.

და, ამასთანავე, არ შეიძლება გაზგასმით არ აღინიშნოს, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, რომლის როლი წინა სისხლიანი რეჟიმის წყალობით სრულად დაკნინებული იყო, ნელ-ნელა იკრებს ძალას და ისეთ აქცენტებს აკეთებს, რომლებიც სჭირდება საქართველოს.

თუ იდენტობაზე ვლაპარაკობთ, გლობალიზაციის პირობებში თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე და ეროვნული ფენომენის განვითარებაზე, ერთ-ერთი უპირველესი ფაქტორი, ალბათ, არის ქართველოლოგიის მნიშვნელობის ხაზგასმა და იმ ხალხის მოზიდვა, რომელიც დაინტერესებულია ქართული სამყაროთი. ამასთან ერთად, ჩვენი ქართველოლოგების მხარდაჭერა, რომლებიც უცხოეთის ცენტრებში მუშაობენ, და სამშობლოში მათ დაბრუნებაზე ზრუნვა.

მეორე საკითხი, უფრო ფართოდ თუ შევხედავთ, არის მეცნიერების როლის წამოწევა საქართველოს დღევანდელ პირობებში, როცა მეცნიერებისა და განათლებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები მწირია და არასაკმარისი საქართველოდან გადინებული სამეცნიერო კადრების დაბრუნებისთვის სათანადო სამუშაო პირობების შესაქმნელად, რაც, სამწუხაროდ, მხოლოდ სურვილად რჩება და თეორიულ განზომილებაში არსებობს.

მეცნიერებათა აკადემიამ, ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას და, განსაკუთრებით _ ხელისუფლებას, რომ მეტი ყურადღება მიაქციონ მეცნიერებს, უფრო მეტად დაუგდონ მათ ყური.

_ მით უფრო, რომ ამის ტრადიცია ჩვენს ქვეყანაში არსებობდა, მიუხედავად იმისა, თუ ვინ მოვიდოდა ხელისუფლების სათავეში.

_ ასე იყო. ურთულესი პრობლემების განსჯის დროს ხელისუფალი, ვინც გინდა ყოფილიყო, რჩევას და აზრს სთხოვდა და ეკითხებოდა მეცნიერებათა აკადემიას, მწერალთა კავშირს, უნივერსიტეტს. ზოგ რამეს ითვალისწინებდა, ზოგს _ ვერა, მაგრამ ეკითხებოდა, უსმენდა.

დღეს ასე არ ხდება, რაც დიდად სამწუხაროა.

მეცნიერთა აზრს ანგარიში რომ უნდა გაეწიოს, მგონი, საკამათო არ არის.

_ არადა, მოჭარბებულია დილეტანტიზმისყოვლისმცოდნეობა”.

_ აგრესიული დილეტანტიზმია. ჩართეთ ტელევიზორი და მარტო მეტყველების კულტურას დააკვირდით: კატასტროფაა! არ ვლაპარაკობ სიღრმისეულ ანალიზზე, რომელსაც იშვიათად მოისმენთ ჩვენს ტელესივრცეში. თემატური გადაცემების საოცარი ნაკლებობაა. იშვიათობაა საინტერესო, შემეცნებითი, მეცნიერული, ეროვნული, ამავე დროს, ზოგადსაკაცობრიო პროგრამები.

_ არ იციან, ალბათ, რა და როგორ უნდა აკეთონ, ხოლო .. ტელესახეებმა, როგორც ჩანს, ამოწურეს საკუთარი შესაძლებლობა.

_ მეტყველების უმდაბლესი კულტურა დომინირებს. გააკეთოს ვინმემ ქრონომეტრაჟი და ჩაიწეროს, დღის განმავლობაში რამდენჯერ დაბინძურდა ეთერი გრამატიკული შეცდომებით. კატასტროფული სურათია. ასეთი მეტყველების იქით რა თემატიკა და რა პრობლემატიკაა, თქვენმა მკითხველებმა კარგად იციან.

ამ თვალსაზრისით ბეჭდური სიტყვა ნამდვილად უსწრებს ელექტრონულ პრესას.

მადლობა ბატონ ბალერის ბეჭდური მედიის ამგვარი შეფასებისთვის.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here