Home სხვადასხვა დაიჯესტი ტოქსიკური მეზობლობა

ტოქსიკური მეზობლობა

ამერიკულმა სამხედრო ბაზამ პორტუგალიაში ონკოლოგიური დაავადებები გამოიწვია

2067
ტოქსიკური მეზობლობა

პორტუგალიაში აშშ-ის ავიაბაზის განლაგებამ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტრაგიკული შედეგები გამოიწვია. როგორც სააგენტო Ruptly-გაარკვია, კუნძულ ტერსეირაზე, დასახლებულ პუნქტ ლაჟეშთან განლაგებული ამერიკული სამხედრო ბაზის გარშემო მცხოვრებ მოსახლეობაში ონკოლოგიურმა დაავადებებმა იფეთქა.

რეგიონის მოსახლეობა “ცივი ომის” პერიოდიდან ეჭვობს, რომ ვაშინგტონს ამ სამხედრო ბაზაზე ატომური იარაღი აქვს, რომელიც გარემოზე დამღუპველად მოქმედებს. პორტუგალიელი მეცნიერები ამბობენ, რომ ნიადაგის დაბინძურება, რომელმაც ონკოლოგიური დაავადებების მასობრივად გავრცელება გამოიწვია, შეუძლებელია, ბუნებრივი მიზეზებით აიხსნას. პორტუგალიელები გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ. აშშ-მა, რომელიც შეშფოთებული იყო ტერსეირაზე თავისი ჯარისკაცების დაღუპვით, ჯერ კიდევ 1990-იან წლებში გაგზავნა იქ სპეციალური კომისია, მაგრამ მისი მუშაობის შედეგები დღესაც მკაცრად გასაიდუმლოებულია.

აშშ-მა უნდა გადაგვიხადოს!”

Ruptly -ის კორესპონდენტი წერს, რომ კუნძულ ტერსეირაზე მცხოვრებნი მტრულად არიან განწყობილნი ამერიკელების მიმართ. “ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი ამბობს: “ჩემი ქვეყანა, უპირველეს ყოვლისა” _ “America First”, მაგრამ აქ, აზორის კუნძულებზე, პირველ რიგში უნდა იყოს კუნძულები, შემდეგ _ ამერიკა”, _ ამბობს ქალაქ პრაია დე ვიტორიას ყოფილი მერი კარლუშ ლიმა. ადგილობრივ სამოქალაქო აქტივისტ მარკუშ ფაგუნდეშს კი სურს, რომ ვაშინგტონმა ფული გადაიხადოს. “ეჭვიც არავის ეპარება, რომ ეს პრობლემა ამერიკულ ავიაბაზასთან არის დაკავშირებული, ანუ აშშ პასუხისმგებელია და მან უნდა აანაზღაუროს ჩვენი დანაკარგები”, _ განაცხადა ფაგუნდეშმა, რომელიც აპირებს, ამ პრობლემის მოგვარების მოთხოვნით პორტუგალიის პარლამენტს მიმართოს.

გამოძიების ჩატარებას ხელს უშლის სამართლებრივი ბაზის არასრულყოფილება. მიუხედავად იმისა, რომ ტერსეირაზე გარემოს დაბინძურების დონე დასაშვებზე 50-ჯერ მაღალია, პორტუგალიაში არ არსებობს ეკოლოგიური კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც საქმე აღიძვრებოდა.

ყოფილი მერი კარლუშ ლიმა მიუთითებს მოტიტვლებულ ბორცვზე, რომელიც ეკოლოგიური პრობლემების სიმბოლოდ იქცა. ადგილობრივი ფერმერები ამ ბორცვის ფერდობებს მრავალი წლის განმავლობაში ამუშავებდნენ და ცდილობდნენ, მოსავალი მოეყვანათ, მაგრამ ამაოდ. ჩვენთან ნიადაგი ძალიან ნაყოფიერია, რასაც დათესავ, ყველაფერი ამოდის, მაგრამ აქ, ამ ბორცვზე, ასე არ არის. ნათესები ყოველთვის ნადგურდება”, _ ამბობს ლიმა. სწორედ ამ ბორცვთან ახლოს არის ამერიკული სამხედრო ბაზის ნარჩენები. მოსახლეობას არ სჯერა, რომ ონკოლოგიური დაავადებების აფეთქება შემთხვევითობაა. “ადგილობრივ ადამიანს აქვს ისეთივე გენები, კვების კულტურა, უნარ-ჩვევები, როგორიც სხვა პორტუგალიელებს. ერთადერთი განსხვავება _ ეს არის დაბინძურება ლაჟეშში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზიდან”, _ ამბობს ჯანმრთელობის დაცვის ლისაბონის უმაღლესი სასწავლებლის პროფესორი ნორბერტო მესიაში.

ტერსეირაზე ამერიკული ავიაბაზა “ცივი ომის” დაწყებამდე დაფუძნდა, როგორც ევროპის ტერიტორიაზე მიმავალი აშშ-ის თვითმფრინავების საწვავის შესავსები პუნქტი. გამწმენდი სისტემების არარსებობის გამო დაღვრილი ავიასაწვავი ნიადაგმა შეიწოვა და მისი მასშტაბური დაბინძურება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, აშშ-ს ლოჯისტიკა არ შეუზღუდავს. ვაშინგტონმა შეიმუშავა სასწრაფო ოპერაციების გეგმა, რათა წინ აღდგომოდა სსრკ-ის წინ წაწევას დასავლეთ ევროპაში. და აზორის კუნძულები აღიარებული იქნა, როგორც სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ადგილი, რომლიდანაც შესაძლებელი იქნებოდა კომუნისტური საფრთხის თავიდან აცილება.

პორტუგალიელი ჟურნალისტი ნუნო სიმაში, რომელიც ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებდა, ვარაუდობს, რომ ამერიკის ხელისუფლებამ საიდუმლო გარიგება დადო პორტუგალიის ხელისუფლებასთან კუნძულზე ბირთვული იარაღის განლაგების თაობაზე. ამაზე მიუთითებს ამერიკელების მოქმედება “ცივი ომის” დასრულების შემდეგ.

ბაზა ლაჟეში ოფიციალურად დაიხურა 1994 წელს, თუმცა საწვავით თვითმფრინავების გამართვა არ შეწყვეტილა.

პორტუგალიელმა ინტერნეტმომხმარებლებმა ყურადღება გაამახვილეს კუნძულ ტერსეირასა და აშშ-ის უცნაურ ურთიერთობაზე. სამხედრო ბაზის დახურვის მიუხედავად, ვაშინგტონი განაგრძობს თანხების გადარიცხვას ადგილობრივ ბიუჯეტში, მაგრამ რატომ იხდის ამ თანხებს, გაურკვეველია.

სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ ამერიკის სამხედრო ობიექტების განლაგებას მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანაში ყოველთვის სდევს სკანდალი. პრობლემას ქმნის ამერიკელების შეუსაბამო, არაადეკვატური დამოკიდებულება ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ. ვაშინგტონი ცდილობს, უცხოეთში მივლინებული თავისი ჯარისკაცები სამართლებრივი ველიდან გაიყვანოს და მათი სტატუსი დიპლომატებისას გაუთანაბროს. სწორედ დაუსჯელობის სინდრომის გამო სჩადიან ამერიკელი სამხედროები უამრავ მკვლელობასა და გაუპატიურებას უცხო მიწაზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია ეკოლოგიური პრობლემები. 2005 წელს უზბეკეთის ტერიტორიიდან ამერიკული სამხედრო ბაზის გაყვანის მიზეზად ეკოლოგიური პრობლემები დასახელდა.

ნიკოლოზ აბაშიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here