22 ნოემბერს თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულმა სპეცოპერაციამ და მის გარშემო არსებულმა საეჭვო გარემოებებმა ხელისუფლების მიმართ შეკითხვები იმთავითვე გააჩინა.
მთავარი, რაც ყველას აინტერესებს და დღემდე პასუხგაუცემელია, სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული პირების ვინაობაა: იყო თუ არა მათ შორის საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული ახმედ ჩატაევი (მეტსახელად ცალხელა ახმედი) და, თუ იყო, როგორ შეძლო მან, თანამებრძოლებთან ერთად, ქვეყანაში შემოსვლა? მიუხედავად დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა, ხელისუფლება ჯერჯერობით დუმს. ოფიციალური პირები განმარტებებისგან თავს იკავებენ და მიზეზად გამოძიების ინტერესებს ასახელებენ, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ერთ–ერთ კომენტარში მიანიშნა, რომ ლიკვიდირებულთა შორის, დიდი ალბათობით, არის ახმედ ჩატაევი… თუ დადასტურდება, რომ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული ერთ–ერთი ტერორისტი ჩატაევია, რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, და მისი საერთაშორისო იმიჯისთვის? არსებობს თუ არა საფრთხე, რომ მსგავსი დაჯგუფებები თბილისში ან ქვეყნის სხვა რომელიმე ქალაქში კიდევ გამოჩნდება? არის თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მზად ამ გამოწვევისთვის? “საქართველო და მსოფლიო” კომენტარისთვის ექსპერტებს დაუკავშირდა.
“გგონიათ, საქართველოს ხელისუფლებამ გაათავისუფლა ჩატაევი თავის დროზე? ის გაუშვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა”
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი:
_ ერთადერთი სახელმწიფო, რომლის წინაშეც საქართველო ანგარიშვალდებულია, არის შეერთებული შტატები და ამჟამინდელ ხელისუფლებას სულ ფეხებზე ჰკიდია საერთაშორისო საზოგადოების აზრი, ისევე, როგორც მის წინამორბედებს. მთავარია, ამერიკის გარკვეული პოლიტიკური წრეებისგან და მაღალჩინოსნებისგან, როგორიცაა, მაგალითად, სენატორი მაკეინი, არ მიიღონ საყვედური. ისინი კი, თავის მხრივ, ამ ფაქტის გამო შენიშვნასაც არ მისცემენ საქართველოს.
დაახლოებით ორი წლის წინათ საკმაოდ გავლენიანმა და ავტორიტეტულმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა ჯეიმს ჯატრასმა გამოსცა წიგნი, მასში ლაპარაკია საქართველოს ჩართულობაზე საერთაშორისო ტერორიზმში, კერძოდ, იმაზე, როგორ ტარდებოდა სააკაშვილის პერიოდში თბილისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებშიც “ალ ქაიდას” ტერორისტების შეხვედრები. წიგნში დასახელებულია კონკრეტული გვარები. მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრის იმჟამინდელი მოადგილე ლორთქიფანიძე, რომელიც დღეს სააკაშვილთან ერთად უკრაინაშია. წიგნში პირდაპირ წერია, რომ მიხეილ სააკაშვილს უშუალოდ მისთვის ჰქონდა ჩაბარებული შავ-ბნელ ადამიანებთან ურთიერთობის საკითხები, ანუ ის, რომ “ალ ქაიდას” ტერორისტები, მათი ხელმძღვანელები და წინამძღოლები აქ იყრიდნენ თავს, მისთვის ჩვეულებრივი ამბავია და ამის თაობაზე ჯატრასი საკმაოდ ვრცლად წერს თავის წიგნში. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამერიკელებმა კარგად იცოდნენ და იციან დღესაც, რაც აქ ხდება, მაგრამ მათ ამის გამო საქართველო არ დაუსჯიათ. რატომ? _ იმიტომ, რომ ამ ყველაფრის უკან თვითონ დგანან. აი, ეს არის სამწუხარო რეალობა. ის ტერორისტები საქართველოში მოიშუშებდნენ ჭრილობებს, ჩაიტარებდნენ ტრეინინგებს, მოღონიერდებოდნენ და შემდეგ ზოგს გაგზავნიდნენ რუსეთში, ზოგს კიდევ _ სირიაში.
რაც შეეხება ჩატაევს, ის რომ ცნობილი პიროვნება იყო ამერიკელებისთვის, რად უნდა ლაპარაკი. რა, აქ არ იჯდა ციხეში?! ან გგონიათ, ჩატაევი საქართველოს ხელისუფლებამ გაათავისუფლა თავის დროზე? ის გაუშვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. უბრალოდ, მათ უთხრეს: გაუშვით, საჭირო კაციაო. მორჩა და გათავდა. ხვალ-ზეგ თუ საჭიროდ ჩათვლიან, იმავეს გააკეთებენ, რა უშლით ხელს. ეს ჩვენთვისაა საფრთხის შემცველი, რომ დერეფნად ვიქცევით ტერორისტული ორგანიზაციებისთვის, თორემ ვაშინგტონი ამით არაფერს კარგავს.
“ამერიკა ერთი ხელით ქმნის ტერორისტულ დაჯგუფებებს, მეორე ხელით კი ებრძვის მათ, როცა ეს ბრძოლა მისი საერთაშორისო იმიჯისთვისაა საჭირო”
ვალერი კვარაცხელია, ექსპერტი, პოლიტიკური მიმომხილველი:
_ ჯერ პასუხი უნდა გავცეთ შეკითხვას: რა მოვლენაა ის, რასაც ჩვენი თანამედროვეობა საერთაშორისო ტერორიზმის სახელით იცნობს? გასული საუკუნის მეორე ნახევარში ამერიკელებმა ტერორიზმი პოლიტიკისა და ეკონომიკის ინსტრუმენტად აქციეს და ცალკეულ სახელმწიფოებსა თუ რეგიონებზე გარკვეული ზეგავლენის მოსაპოვებლად მძლავრ საშუალებად ჩამოაყალიბეს. ამას ბევრი ამერიკელი ექსპერტიც ადასტურებს. მეტიც, ამერიკელებმა არა მხოლოდ ტერორიზმი შექმნეს, არამედ ამ საქმეში ისე შორს წავიდნენ, რომ ტერორისტული სახელმწიფოც კი ჩამოაყალიბეს, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” სახელით არის ცნობილია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ამ საუკუნის ყველაზე დიდი ჭირი მსოფლიოსთვის, არანაკლები, ვიდრე გასულ საუკუნეში ფაშიზმი იყო. განსხვავება არის ის, რომ ფაშიზმი თავის სახეს არ მალავდა და არ ნიღბავდა, ამერიკა კი ერთი ხელით ქმნის ტერორისტულ დაჯგუფებებს, ხოლო მეორე ხელით ებრძვის მათ, როცა ეს ბრძოლა მისი საერთაშორისო იმიჯისთვისაა საჭირო ან როცა მის მიერ ჩამოყალიბებული ტერორისტული ორგანიზაციები კონტროლიდან გასვლას იწყებენ. ამ დღეებში ჩვენ ისტორიული მნიშვნელობის მოვლენის მოწმე გავხდით. რუსეთმა, პრაქტიკულად, დაამარცხა ტერორიზმის ყველაზე დიდი ბუდე _ “ისლამური სახელმწიფო” და დაიწყო მზადება სირიასა და ახლო აღმოსავლეთში ახალი, აღმშენებლობითი ეტაპისთვის. მოგეხსენებათ, პუტინი ახლახან სოჭში შეხვდა სირიის კანონიერ პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს. პუტინი სოჭშივე შეხვდა თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებს _ ერდოღანსა და როუჰანის. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში ახალი წესრიგის ჩამოყალიბების საქმეში ჟენევის ფორმატი წარსულის კუთვნილებად იქცა, აშშ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ხოლო რუსეთი _ ამ წესრიგის დირიჟორისა და მთავარი მედიატორის როლში, რა თქმა უნდა, თურქეთთან და ირანთან ერთად. პუტინის, ერდოღანისა და როუჰანის შეხვედრა დასავლეთის მედიასაშუალებებმა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების წინ იალტაში სტალინის, ჩერჩილისა და რუზველტის შეხვედრას შეადარეს. ამ შედარების კორექტულობასა და სიზუსტეზე ავტორებმა აგონ პასუხი, მაგრამ ჩვენ თამამად შგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის მიერ “ისლამური სახელმწიფოს” დამარცხების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში, რომელიც უდიდესი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის რეგიონია, აშშ-ის დომინანტურ მდგომარეობას წყალი შეუდგა, ხოლო რუსეთი მთავარ მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ეს, თავის მხრივ, ნათელი და მკაფიო დადასტურებაა იმისა, რაც პუტინმა 2007 წელს მიუნხენში იწინასწარმეტყველა: ერთპოლუსიანი მსოფლიო ვერ შედგა, დროა ისეთი ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებისა, რომლის სიმძიმის ცენტრები სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტს შორის ისე გადანაწილდება, რომ ერთი სიუზერენისა და დანარჩნი ვასალების პრინციპი გამოირიცხება.
აქედან გამომდინარე, დავსვათ შეკითხვა: სად უნდა ვიდგეთ _ ამერიკასთან, რომელიც სიტყვით სტრატეგიულ პარტნიორს გვიწოდებს, მაგრამ საქმით ნატოსა და ევროკავშირის კარს არ გვიღებს და, რომელიც, ამასთანავე, თვითონ არის საერთაშორისო ტერორიზმის, ფერადი რევოლუციების, სახელმწიფო გადატრიალებების, ომებისა და სხვა ათასი უბედურების ინსპირატორი მსოფლიოში, თუ რუსეთთან, რომელიც ამარცხებს ტერორისტებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქაოსში ჩაძირულ მსოფლიოში წესრიგი აღდგეს? ამ გახმაურებული ფაქტის შემდეგ, ჩვენ წინაშე ეს შეკითხვა მთელი სიგრძე-სიგანით დგება. ამ შეკითხვას საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებზე უნდა გასცენ პასუხი, სადაც, იმედია, მათ პოლიტიკური ნების გამოვლენის მეტი საშუალება მიეცემათ, ვიდრე აქამდე ეძლეოდათ. ჩვენ ასეთი მწარე გაკვეთილებიდან სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ტერორისტული საფრთხე, ზოგს რომ ჰგონია, აცილებული გვაქვს, სინამდვილეში, შესაძლებელია, ყველაზე მეტად ახლა გვემუქრება, ვინაიდან, ერთი მხრივ, მიდის “ისლამური სახელმწიფოდან” გაქცეული ტერორისტების სხვადასხვა სახელმწიფოში გადანაწილება-გადაჯგუფების პროცესი, ჩვენ კი ეპიცენტრთან ძალიან ახლოს ვიმყოფებით, თანაც სრულიად დაუცველი საზღვრებით; მეორე მხრივ, თავისი ტერორისტული მანქანით სირიაში დამარცხების შემდეგ აშშ შეეცდება, ექსტრემისტული მანქანით სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებიდან დაუპირისპირდეს რუსეთს. საქართველოს ხელისუფლებასა და პოლიტიკურ დაჯგუფებებში ამ საქმეში ჩართვის მსურველი კი ბევრი მოიძებნება. ამიტომ ვფიქრობ, რომ მომხდარი, შესაძლოა, სერიოზული საფრთხის შემცველი იყოს, მაგრამ იმავე ფაქტმა ბიძგი უნდა მისცეს იმ პროცესს, რომელსაც პოლიტიკურ ორიენტაციაში ქართველი ხალხის ერთხელ და სამუდამოდ გარკვევა ჰქვია. ოცდახუთწლიანი მძიმე გამოცდილების შემდეგ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა გვსურს _ მშვიდი, წყნარი, სტაბილური გარემო, ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკური აღორძინება და მორალურ–ზნეობრივი გაჯანსაღება რუსეთის მოკავშირეობით თუ დასავლეთის მიერ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის ცრუ დაპირების სანაცვლოდ მიღებული პოლიტიკურ–ეკონომიკურ–საზოგადოებრივი ნგრევისა და ქაოსის გაგრძელება…
“ნახევარმილიონამდე მუსლიმანი მოსახლეობა გვყავს და მათგან თუნდაც ერთეულებს ტვინი გადაბრუნებული რომ ჰქონდეთ რადიკალური იდეოლოგიით, სენსაცია არ იქნება”
სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი:
_ მსოფლიოში უამრავი ფაქტია, რომ სპეცსამსახურებს ჰქონდათ ინფორმაცია კონკრეტულ ქალაქში ტერორისტების არსებობის შესახებ, მაგრამ, სანამ რაღაც ქმედება არ განახორციელეს, რეაგირება არ მომხდარა. აქ, ეტყობა, სხვა პრინციპები და იურიდიული მექანიზმები მუშაობს, რომლებიც ჩვენი “ფეისბუქის” ექსპერტთა არმიისთვის, როგორც ჩანს, უცხოა, თუმცა ეს სხვა საკითხია. ვფიქრობ, რომ დღეს უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს, არის თუ არა ახმედ ჩატაევი ლიკვიდირებულთა შორის, აქ უფრო სხვა რამეა მნიშვნელოვანი. საერთოდ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს იყო ერთგვარი ნათლობა ქართული სპეცსამსახურებისა და აქამდე მათ ასეთი ოპერაციების ჩატარების არანაირი გამოცდილება არ ჰქონიათ…
_ შესაძლებელია, თბილისში ან ქვეყნის სხვა რომელიმე ქალაქში კიდევ იყოს მსგავსი დაჯგუფება?
_ გამორიცხული არ არის. ჩვენ ნახევარმილიონამდე მუსლიმანი მოსახლეობა გვყავს და, მათგან თუნდაც ერთეულებს ტვინი გადაბრუნებული რომ ჰქონდეთ რადიკალური იდეოლოგიით, ეს სენსაცია არ იქნება. მე ასე ვფიქრობ და მთავარი დღეს, ჩემი აზრით, არის, რა გაკვეთილები მიიღეს, რა დასკვნები გამოიტანეს ჩვენმა სპეცსამსახურებმა. ისე, ძალიან მაინტერესებს, რას აკეთებენ შესაბამისი უწყებები. მაგალითად, არსებობს ასეთი კასტრირებული უწყება _ რაღაც რელიგიური სააგენტო. როგორც ვიცი, სოლიდური დაფინანსებაც აქვს, მაგრამ რამეს აკეთებს მუსლიმი მოსახლეობის განწყობების შესწავლის კუთხით?! აქ ახლა უნდა მიდიოდეს სერიოზული კომპლექსური მუშაობა: სად იწყება აღმოცენება რადიკალური ისლამის, როგორ ვითარდება, რა პროცესია, რა საფრთხეები შეიძლება ამან მომავალში შექმნას… ეს ყველაფერი დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დასკვნებზე ფიქრი, მაგრამ მსგავს მცდელობებს ვერ ვხედავ და ეს ძალიან ცუდია. ყოველ შემთხვევაში, არ ჩანს, რომ ვინმეს აინტერესებდეს ეს საკითხი და სერიოზულად იყოს დაკავებული ამაზე ფიქრით…
ესაუბრა ჯაბა ჟვანია