22 ნოემბრის სპეცოპერაცია და მასთან დაკავშირებული მოვლენები მნიშვნელოვანი ტესტი გახდა იმის დასადგენად, სახელმწიფო ვართ თუ, უბრალოდ, დასახლებული ტერიტორია, ერი თუ ტომი, საზოგადოება თუ ბრბო. საბოლოო დასკვნის გამოტანა ჯერჯერობით ნაადრევია, თუმცა შუალედური შედეგი მეტად არასახარბიელო ჩანს.
ცალკეული პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს სიმწიფე მათ შორის იმაში ვლინდება, რომ კრიტიკულ სიტუაციებში სიმტკიცეს ავლენს, ემოციებს თრგუნავს და ძალთა მობილიზებას ახდენს, მაგრამ 22 ნოემბერს თბილისში ინფანტილიზმი და ისტერიკა დომინირებდა.
ამ დღემდე არაპროფესიონალურად დაგეგმილი ოპერაციის ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშად ითვლებოდა ვოვა არუთინოვის (ჯორჯ ბუშთან დაკავშირებული ინციდენტი) აყვანის ოპერაცია, რომელიც 2005 წლის 20 ივლისს ჩატარდა. მას ერთ-ერთი სამართალდამცავის, ზურაბ ქვლივიძის, სიცოცხლე შეეწირა. გავიდა 12 წელი, მაგრამ პროგრესი არ შეინიშნება _ ისევ მსხვერპლი, ისევ ეჭვები და პასუხგაუცემელი კითხვები.
სუს-ის პრესსამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის, ინფორმაციით, “დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. ამ პირების მიმართ დაკვირვება უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა”. საგულისხმოა, რომ რამდენიმე მეზობელი აცხადებს, რომ ეს “დაკვირვება” შეამჩნია. ამავე დროს, სუს-ის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ განხორციელდა სპეცოპერაცია საცხოვრებელ კორპუსში (ეს ობიექტურ სირთულეებსა და საფრთხეებს უკავშირდება), საკმაოდ უცნაური პასუხი გასცა: “ეს ძალიან სპეციფიკური თემაა, ოპერატიული მუშაობა მიმდინარეობდა და კორპუსში მოხდებოდა, ავტომანქანაში, კინოთეატრში თუ სხვაგან, ჩვენ ამას არ ვმართავთ, სამწუხაროდ, არ შეგვიძლია”. საერთოდ, გადამწყვეტი შეტაკების დროსა და ადგილს სპეცსამსახურები ყოველთვის როდი ირჩევენ, მაგრამ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ, როგორც მინიმუმი, ადგილი ჰქონდა მოწინააღმდეგის შესაძლებლობების არასათანადოდ შეფასებას და არასწორ დაგეგმვას კრიზისის პირველ ეტაპზე. ფაქტია, რომ სროლა დაიწყო არა ჰიპოტეტური ტერაქტის ადგილას, არამედ ბინაში, სადაც ბოევიკები ცხოვრობდნენ და დიდძალ შეიარაღებას ინახავდნენ. ეს კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ თავიდან ძალოვანები იქ არასაკმარისი ინფორმაციით, შემადგენლობით ან აღჭურვილობით მივიდნენ. მთავარი პროკურატურის განცხადებას თუ დავეყრდნობით, მოულოდნელობის ფაქტორი თავიდანვე გამოირიცხა: “სამმა ტერორისტმა უარი განაცხადა სამართალდამცველთა მოთხოვნაზე _ ბინის კარის გახსნასა და იარაღის ჩაბარებაზე”…
საინტერესოა, რომ სახელისუფლო პროპაგანდისტები 22 ნოემბერს დილიდანვე ცდილობდნენ, საზოგადოების გაღიზიანება ჟურნალისტებისკენ გადაემისამართებინათ, თითქოს ისინი მოვლენებს ისე აშუქებდნენ, რომ ხელს ბოევიკებს უწყობდნენ. ამასთან დაკავშირებით, ალბათ, აუცილებელი, “ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლი გავიხსენოთ:
“1. კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისას ტერორისტული აქტის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება ხდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ან მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი სხვა ფორმით. ინფორმაციის მოცულობას “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრავს კონტრტერორისტული ოპერაციის ხელმძღვანელი. სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის გახმაურება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში შეზღუდულია სატელევიზიო, სამაუწყებლო მობილური სადგურების ან/და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რეპორტიორთა ყოფნა, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბი”.
შესაბამისად, პასუხისმებლობა ეთერში “არასასურველი ინფორმაციის” გასვლაზე (ისევე, როგორც მოსახლეობის სათანადო ინფორმირებაზე), უპირველესად, ხელისუფლებას ეკისრება. თუმცა ჯერჯერობით ისიც გაუგებარია, შეიძლება თუ არა, კონტრტერორისტულ ოპერაციაზე ვისაუბროთ და შექმნა თუ არა მთავრობამ ოპერატიული შტაბი იმ წესის თანახმად, რომელსაც კანონი ითვალისწინებს.
ხელისუფლების ურთიერთობა საზოგადოებასთან 22 ნოემბერს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ისტერიული ფონის შექმნის მთავარი მიზეზი სწორედ ის გახდა. აქ ყველაფერი მარტივია: გაურკვევლობა პანიკას წარმოშობს.
დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ოპერაციამ გაუმართლებლად დიდი დრო დაიკავა. ერთი მხრივ, ნამდვილად სჯობს, დავკარგოთ დრო, ვიდრე ადამიანები. განვითარებელი ქვეყნების სპეცსამსახურების ისტორიაშიც ყოფილა შემთხვევები, როდესაც პროცესი უსაშველოდ გაიწელა. კრიტიკა ამ მიმართულებით უსამართლო იქნებოდა, რომ არა ეჭვი, რომ დროის უდიდესი ნაწილი პასუხისმგებლობის არიდებაზე დაიხარჯა. საქმე ისაა, რომ ავტორიტარულ სახელისუფლო ვერტიკალში ქვედა რგოლების ხელმძღვანელებს, როგორც წესი, არ სურთ, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მარეგულირებელი დოკუმენტების დეფიციტს განიცდიან _ ინფორმაცია მიდის ზემოთ, სადაც (პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე) ვითარების შეფასება და დირექტივის შემუშავება ხდება. ის ქვემოთ ჩამოდის, მაგრამ სიტუაცია ამასობაში იცვლება და საჭირო ხდება დირექტივის კორექტირება. ამის გაკეთება არავის სურს და საინფორმაციო ნაკადი ისევ საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს. სწორედ ასე იბადება ავტორიტარული ან “არსებითად ავტორიტარული” სისტემების ცნობილი მოუქნელობა.
როდესაც ბათუმში 11 მარტს მომხდარი არეულობის დროს ხელისუფლება ძალიან ნელა მოქმედებდა, მან მოახერხა, წარმოეჩინა სიტუაცია ისე, თითქოს სისასტიკის გამოვლენას ერიდებოდა. შემდგომ, როდესაც ბორჯომის ხეობაში აპოკალიფტური მასშტაბის ხანძარი დაიწყო, ყველამ დაინახა, რომ ხელისუფლება კრიზისის საწყის სტადიაზე საკმაოდ ნელა, არასაკმარისად ადეკვატურად მოქმედებდა, ახლა _ 22 ნოემბრის შეტაკება და ისევ გაწელილი დრო. ამ ნიადაგზე სავსებით ბუნებრივად შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ სახელისუფლო ვერტიკალში რაღაც სისტემური მანკიერებაა, რომ ჩინოვნიკები პასუხისმგებლობას ერიდებიან, ხშირ შემთხვევაში კი იმალებიან და იმედოვნებენ, რომ კრიზისი თავისით “გაიწოვება”.
ბრძოლა ტერორისტებთან თუ ნებისმიერ სხვა მოწინააღმდეგესთან ხელისუფლებისგან, უპირველესად, ადეკვატურობას მოითხოვს. ყოველ წელს, თებერვლის ბოლო დეკადაში ჩვენ ვსაუბრობთ 1921 წლის მოვლენებსა და ქართველი მებრძოლების ჰეროიზმზე, მაგრამ ძალიან იშვიათად ვიხსენებთ მედლის მეორე მხარეს; მაგალითად, იმას, რომ თავდაცვითი პოზიციები, რომლებსაც ისინი იკავებდნენ, ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში მოეწყო (თურქების შესაძლო გარღვევის შესაჩერებლად), 1921 წელს მათი მდგომარეობა საშინელი იყო, მაგრამ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებაზე არც კი უფიქრია. “ნიაღვრებისგან ჩარეცხილი სანგრები ძალიან ცოტა მფარველობას უწევდან მსროლელებს. დიდი განსხვავება არ იყო, შიგ ვიჯექით თუ ტრიალ მინდორზე ვიწექით. მიუხედავად ამისა, სკოლა ამ სანგრებში განაწილდა”, _ წერდა იუნკერი მიხეილ დადიანი. ქართველი მებრძოლები შეიარაღებულები იყვნენ ოთხი(!) სხვადასხვა მოდელისა და კალიბრის შაშხანით, ხოლო ტყვია-წამალი ისე ცოტა ჰქონდათ, რომ უფრო მეტს მის ეკონომიაზე ფიქრობდნენ, ვიდრე სროლაზე. აქ საუბარია არა დიდ სტრატეგიაზე, არამედ ელემენტარულ წინდახედულობასა და ხელისუფლების (არა)ადეკვატურობაზე.
ცხადია, ტერორისტული საფრთხის ზრდასთან ერთად, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სირიიდან კავკასიაში “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების დაბრუნების პროცესი დაიწყო, სავსებით ლოგიკური ხდება სპეცსამსახურების გაძლიერების მოთხოვნა _ როგორც ანალიტიკური კომპონენტის, ისე ანტიტერორისტული ძალების. მაგრამ აქვე შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ უშიშროება დამატებით რესურსებს არა მიზნობრივად, არამედ ოპოზიციონერებსა და დისიდენტებზე კონტროლის გასაძლიერებლად გამოიყენებს, ზუსტად ისე, როგორც ამას სააკაშვილის რეჟიმი აკეთებდა. ან რაზე ვსაუბრობთ საერთოდ, როდესაც ხელისუფლებამ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით უშიშროების საბჭო გააუქმა, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უერთებს. შესაბამისად, ქვეყანაში აღარ რჩება ორგანო, რომელიც უსაფრთხოების სფეროს მიმართ სტრატეგიულ საკითხებზე იმუშავებს. ეს (გადაჭარბების გარეშე) თვითმკვლელობის ტოლფასი აქტია. სახელწიფოებრიობის კრახი სწორედ მსგავსი გადაწყვეტილებებით იწყება, რომელსაც საზოგადოება ყურადღებას არ აქცევს, ხოლო შემდგომ უკვირს, რომ სანგრები ჩარეცხილი იყო, ტყვია-წამალი _ არასაკმარისი, ხოლო ბრძანებები დანაშაულებრივ ხასიათს ატარებდა.
ხელისუფლება ბინადრობის მოწმობებს ისევე სწრაფად და მონდომებით არიგებს, როგორც ძველი დროის აფერისტები მომენტალური ლატარეის ბილეთებს ავრცელებდნენ. კონტროლის სისტემა იმაზე, თუ ვინ და რა მიზნით შემოდის ქვეყანაში, მოშლილ ღობეს ჰგავს _ ფორმალურად ის არსებობს და ზოგჯერ სპეცსამსახურებმა შეიძლება მართლაც მოიპოვონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მაგრამ ეს უფრო შემთხვევითობაა, ვიდრე კანონზომიერება. გამკაცრების ნებისმიერ მცდელობას და შესაბამის იდეებს მწვავედ აკრიტიკებენ, რადგან მიჩნეულია, რომ ეს დააფრთხობს ტურისტებს, ინვესტორებს და ა.შ. და არსებით წინააღმდეგობაში მოვა სატრანზიტო დერეფნის კონცეფციასთან. ასეთ სიტუაციაში ხელისუფლებას შეიძლება გაუჩნდეს (და, სიმართლე რომ ვთქვათ, უკვე არაერთგზის გაუჩნდა) ცდუნება, თვალი დახუჭოს უცხოელი ბოევიკების გადაადგილებაზე, იმის იმედით, რომ საპასუხოდ ისინი თავს შეიკავებენ საქართველოზე თავდასხმისგან, მაგრამ ეს მიდგომა ნამდვილად არ მოეწონება აშშ–ს, ამასთანავე, რუსეთსა და თურქეთს (და შეიძლება სერიოზული პრობლემებიც შეგვიქმნან), ისევე, როგორც ქართველი საზოგადოების წინდახედულ ნაწილს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რეალურად ეს კაპიტულაციაა ტერორისტული საფრთხის წინაშე და არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლებას შექმნილი ვითარების გამოსწორება სურს.
დიმიტრი მონიავა