Home რუბრიკები პოლიტიკა “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის გამართვა ვერ უშველის”

“ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის გამართვა ვერ უშველის”

736
სოსო ცინცაძე

26-29 მაისს საქართველოში გაიმართა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა უწოდა ამ ორგანიზაციაში ჩვენი ქვეყნის გაერთიანების გზაზე. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის რა შანსი აქვს საქართველოს და როგორ აისახება მსგავსი ღონისძიებები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე _ ამ საკითხზე სასაუბროდსაქართველო და მსოფლიოპოლიტოლოგებს _ სოსო ცინცაძესა და თამარ კიკნაძეს, აგრეთვე, ყოფილ პარლამენტარ თამაზ მეჭიაურს დაუკავშირდა.

სოსო ცინცაძე:

_ ნატოს საპარლამენტო სამიტის ჩატარება არაფერს მოუტანს ქვეყანას. ნატოში არ იღებენ საქართველოს, ხელისუფლების წარმომადგენლებს კი პირიქით ჰგონიათ. ევროპაში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ყველა აღიარებს, მაგრამ ხომ ნახეთ, გერმანელმა დიპლომატმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჰერბერტ ზალბერმა ბიბილოვს არჩევნების წარმატებით ჩატარება რომ მიულოცა, ჩვენ კი პირდაღებული ვსხედვართ. პოლიტიკასა და დიპლომატიაში მთავარი არის შედეგი და არა პროცესი. “გენიოსი” ვიცეპრემიერი, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს _ რა მნიშვნელობა აქვს, როდის და როგორ მიგვიღებენ ნატოში, მთავარი პროცესიაო. ეს მამაცხონებული, იმის მაგივრად, რომ აგვიხსნას, რატომ ჩაიჭრა 11 ათასი მოსწავლე საატესტატო გამოცდებში, დიპლომატად გვევლინება. რომ ამბობენ, ოთხი ქვეყანა, რომლებშიც საპარლამენტო ასამბლეა გაიმართა, უკვე ნატოს წევრია და საქართველოც მათ რიგებს შეუერთდებაო, რა ლოგიკით შეიძლება თქვა ეს, ვერ ვხვდები. ნატოს მიზანი კარგად გამოჩნდა, როცა ბრიუსელში გამართულ სამიტზე საქართველოს შესახებ კრინტიც არ დაუძრავთ. საქართველომ ამ ღონისძიებას თვითონ მისცა ამხელა მნიშვნელობა და ნატოც აჰყვა. შედეგი არის ის, რომ საქართველოში იქნება დიდი პაუზა, მით უმეტეს, როცა ოფიციალური რუსეთი სულ უფრო ნაკლებ ყურდღებას აქცევს ასეთ ღონისძიებებს. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის გამართვა ვერ უშველის.

თამარ კიკნაძე
თამარ კიკნაძე

თამარ კიკნაძე:

_ საქართველო ნატოს წევრი არ არის, მაგრამ ამ ალიანსის საკმაოდ ბევრ პროგრამაში მონაწილეობს. ნატოს მრავალრიცხოვანი სამხედრო კონტინგენტი ჰყავს, მაგრამ არც ეს და არც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის თბილისში გამართვა არ არის გარანტი იმისა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. საქართველოს ნატოში შესვლა დამოკიდებულია პოლიტიკურ კონიუქტურაზე. ამაზე ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც საკმაოდ გულახდილად საუბრობენ. რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას, ამ ეტაპზე ნატო არ არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გარანტი. ვისაც ჰგონია, რომ საქართველო ნაწილ-ნაწილ შევა ნატოში, ძალიან ცდება. ამ სახიფათო რიტორიკამ, შესაძლოა, საქართველოს დეზინტეგრაცია გამოიწვიოს.

თამაზ მეჭიაური
თამაზ მეჭიაური

თამაზ მეჭიაური:

_ თუ სამიტის ამოცანაა საქართველოს შეყვანა ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ საქართველო უარს იტყვის ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებზე. დაახლოებით იგივე სცენარი შეიძლება განვითარდეს აჭარაშიც, რადგან ყარსის ხელშეკრულების დენონსაციის შემთხვევაში თურქეთს ამ მიმართულებით ხელ-ფეხი გაეხსნება. ნატოს მიზანია, რუსეთს დაანახვოს, რამხელა გავლენა აქვს საქართველოზე, ნატო რას კარგავს, თუ ჩვენ გამოგვიყენებს ინსტრუმენტად რუსეთის წინააღმდეგ? ამერიკა, რუსეთი, ევროპა, თურქეთი _ ყველა ჩვენი ტერიტორიებით ვაჭრობს.

როდესაც ნატოს ეგიდით რამდენიმე ტანკი შემოიყვანეს, გავაკრიტიკე იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი და ვთქვი, რომ რამდენიმე ტანკის შემოყვანა და წვრთნის ჩატარება არანაირ სარგებელს არ მოუტანს ქვეყნის თავდაცვას, რადგან ეს იქნება მაპროვოცირებელი ფაქტი რუსეთისთვის-მეთქი. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი. თავდაცვისუნარიანობა არ გაძლიერებულა, სამაგიეროდ, რუსეთმა სწორედ ამის შემდეგ შემოიყვანა გაცილებით მეტი ტექნიკა, გახსნა ახალი სამხედრო ბაზები, ცხინვალის რეგიონში ჩატარდა რეფერენდუმი და, საერთოდ, რეგიონს სახელიც შეეცვალა. აირჩიეს პრეზიდენტი, რომელსაც ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ლამის კალთაზე ემთხვია. საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარებას შემდეგ რუსეთი შეეცდება, რეგიონში თავისი პოზიციები კიდევ უფრო გააძლიეროს და ამ ყველაფერს შეიძლება ისეთი პროცესები მოჰყვეს, რომ ნატოში შესვლის სატყუარას სანაცვლოდ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებზე უარის თქმა მოგვთხოვონ. მსგავსი ღონისძიებების გამართვით ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ვერაფერს ვუშველით და ვერც ვერავის შევაშინებთ. თურქეთს ისევ თვალი უჭირავს აჭარაზე, რასაც არ მალავს. ვხედავ საფრთხეს, რომ ნატოში შესვლის შემთხვევაში არა მხოლოდ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დავკარგავთ საბოლოოდ, არამედ აჭარასაც სერიოზული საფრთხე დაემუქრება.

მოამზადა ეკა ზარნაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here