Home რუბრიკები საზოგადოება ტენდენცია, რომელიც ძირს უთხრის ქართულ ცნობიერებასა და სახელმწიფოებრიობას

ტენდენცია, რომელიც ძირს უთხრის ქართულ ცნობიერებასა და სახელმწიფოებრიობას

ნუ ავყვებით ოცდაათ ვერცხლზე გაყიდულ მოღალატეებს!

ტენდენცია, რომელიც ძირს უთხრის ქართულ ცნობიერებასა და სახელმწიფოებრიობას

საქართველოს ისტორიის გაკვეთილები გვკარნახობს, რომ ჩვენი ქვეყნის სამომავლო ორიენტირების განსაზღვრის საქმეში უნდა ვიხელმძღვანელოთ წარსულის არა თვითმიზნური და აკვიატებული განქიქებით, არა მასთან უაზრო დაპირისპირებით, არამედ წარსულის გამოცდილებიდან ყველაზე გონივრული პრაქტიკის ჩვენს ქმედებებში გათვალისწინებით, ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი ტრადიციებისა თუ მმართველობის იმ ფორმების შენარჩუნებითა და დღევანდელობაში გადმონერგვით, რომლებიც მოგვცემს საშუალებას, მათთან ჰარმონიული თანხმობით სრულვყოთ ჩვენივე ნოვატორული იდეების ხორცშესხმა.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა, ალბათ, ვთანხმდებით, რომ დღევანდელ ვითარებაში დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული მისწრაფებაა ჩვენი ძირძველი, დაკარგული ქართული ტერიტორიების დაბრუნება; მკვიდრი მოსახლეობის საზღვარგარეთის ქვეყნებში მიგრაციის შეჩერება და დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორება; გარე სამხედრო აგრესიისგან გარანტირებული დაცვა; ჩვენს ყოფიერებაში მოწინავე ევროპული ღირებულებების დამკვიდრება და მასთან მჭიდრო ინტეგრაცია; ქვეყანაში ჭეშმარიტი სამართლისა და დემოკრატიის დამკვიდრება და ამის საფუძველზე მშვიდი ცხოვრება, ეკონომიკის, მეცნიერების, განათლების, კულტურისა და თითოეული მოქალაქის მატერიალური მდგომარეობისა და სოციალური დაცულობის ხარისხის მკვეთრი აღმავლობა.

კარგად ჩავუღრმავდეთ და ყოველგვარი ემოციების გარეშე პრაგმატული მიდგომებით გავაცნობიეროთ, რომ ყოველგვარი შიდა თუ გარე პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების ცვალებადობის ფონზე ჩვენი მიზანი და მისწრაფება უნდა იყოს ერონული ინტერესების შესაბამისი პოლიტიკური ქმედებების განხორციელება, რომლებსაც, უპირველეს ყოვლისა, საფუძვლად უნდა დაედოს ქართველი ერის კეთილდღეობა და მისი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის გადარჩენა-განმტკიცება და, თუ ამისთვის საკუთარი შეხედულებებისა და თვალსაზრისის შეცვლაც დაგვჭირდება, ესეც გავაკეთოთ.

ისტორიაში კარგად არის ცნობილი, მე-16 საუკუნის დასაწყისში როგორ დაიპყრეს ესპანელმა კონკისტადორებმა კორტესის სარდლობით ამერიკის კონტინენტზე აბორიგენი მოსახლეობის ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი ხალხი _ აცტეკები და როგორ გამოასალმეს სიცოცხლეს მათი გულუბრყვილო ბელადი მონტესუმა; შემდგომ ევროპულმა სახელმწიფოებმა რიგრიგობით როგორ დაიპყრეს, გაძარცვეს, დაიმონეს იქ მცხოვრები აბორიგენები და თავისსავე სამკვიდრო მიწა-წყალზე როგორ აქციეს უმცირესობებად და მეორეხარისხოვან მოსახლეობად.

როდესაც ჩვენს სინამდვილეში გაბატონებულია ტენდეცია, რომ ჩვენი უცვლელი მიზანი და მისწრაფება, ლამის კონსტიტუციის ერთერთ მუხლად გამოცხადების დონეზეც კი, არის ნატოს სამხედრო ბლოკში გაერთიანება და პარალელურად ენერგიულად დომინირებს ინტონაცია, რომრუსეთი ოკუპანტია”, პოლიტიკური თვალსაზრისით, ასეთი აშკარად არაპრაგმატული, საღ აზრს მოკლებული, ეროვნული ცნობიერების დამაკნინებელი და ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის საფრთხის შემცველი გაუთვითცნობიერებელი მიდგომები და ქმედებები ძალაუნებურად გვამსგავსებს ამერიკის კონტინენტზე მცხოვრები აცტეკების მოსახლეობას და მათ ბელად მონტესუმას, რომელთაც წარმოდგენა არ ჰქონდათ პლანეტის სხვა, დანარჩენი სამყაროს არსებობაზე და ბუნებრივია, მისი ცივილიზაციის დონეზე, რის გამოც ვერ ჩასწვდნენ იმ ზრახვების ამოცნობას და გაშიფვრას, რომელთა აღსასრულებლადაც მათ მოევლინენ სრულიად უცხო ტომის მომხვდურები.

ცხადია, არც ერთ საღად მოაზროვნე ქართველს არ სურს, რომ საქართველომ აცტეკებისა და მათი ბელადის ტრაგიკული ბედი გაიზიაროს; არ სურს, რომ, ისევე, როგორც ამერიკის დღევანდელი აბორიგენი ინდიელები, ქართველებიც გადავიქცეთ გადაშენებული ერის ცოცხალ ექსპონატებად, რომლებსაც ჩვენი სამშობლოს მიწა-წყალს დაუფლებული უცხოტომელები დაანახვებენ ჩამოსულ ტურისტებს.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი საზოგადოებრიობის მიერ თავისთავზე განცდილით კარგად არის აღქმული და გაცნობიერებული ჩვენი ქვეყნის მძიმე რეალობა, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამეზობლო პოლიტიკის ინდექსითაც ოფიციალურად აღიარებულია, რომ საქართველოს ეკონომიკურპოლიტიკური მდგომარეობა განიცდის ნელ რეგრესს, რაც იმის მომასწავებელია, რომ ჩვენ თანდათან ვუახლოვდებით იმ ნიშნულს, რომლის მიხედვითაც გაუსაძლისი სიდუხჭირის გამო, ქართველების დიდი უმრავლესობისგან დაცლილ საქართველოს სრულად დაეპტრონებიან უცხოტომელები და ჩვენ მართლაც გადავიქცევით მათი ხელის შემყურე მეორეხარისხოვან მოქალაქეებად და ტურისტებისთვის საჩვენებელ აბორიგენი მოსახლეობის ცოცხალ ექსპონატებად; საქართველო იქცევა ქვეყნად, სადაც შოთა რუსთაველისვეფხისტყაოსნისდედანში წამკითხველიც კი ძნელი მოსაძებნი იქნება.

ასეთი კოშმარი რეალობად რომ არ გვექცეს, დასავლეთის თუ ჩრდილოეთის ქვეყნებიდან დაფინანსებულ და მათი ინტერესების გამტარებელი ამა თუ იმ პარტიების, დაჯგუფებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ ცალკეულ პირთა, ქართული ცნობიერებისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ძირგამომთხრელი პროპაგანდისტული ქმედებების საპირისპიროდ საქართველოს ხელისუფლებამ, ყოველგვარ ვიწრო მერკანტილურ, პარტიულ და ბიზნეს-კორპორაციული ინტერესების გარეშე, სიღრმისეულად და მაღალი პასუხისმგებლობით უნდა გააანალიზოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენი ისტორიული წარსული, მსოფლიოს დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარება და ამ თვალსაზრისით, მსოფლიოს დომინანტი ქვეყნების პოლიტიკურ ინტერესთა გათვალისწინებით, იპოვოს და განსაზღვროს მსოფლიო პოლიტიკურ არქიტექტონიკაში საქართველოს როლისა და ფუნქციის ის ოპტიმალური სტრატეგიული ვექტორები, რომლებიც ქვეყანას, სუვერენიტეტის შენარჩუნებასთან ერთად, მოუტანს მდგრადი მშვიდობისა და განვითარების საშუალებას, ისე, რომ არსებითად არ დავარღვიოთ მსოფლიოს ურთიერთდაპირისპირებულ მხარეთა პოლიტიკურ ინტერესთა ბალანსი და მათთვისაც და დანარჩენი ქვეყნებისთვისაც გავხდეთ “მშვიდობის კუნძული” და არა კონფრონტაციის პოლიგონი.

ჯერ კიდევ 1787 წელს ჯორჯ ვაშინგტონის ხელმძღვანელობით შემუშავებული კონსტიტუციის საფუძველზე შექმნილმა სახელმწიფოებრივმა მოწყობამ და სამართლებრივმა და დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა აშშ ჩამოაყალიბა უძლიერესი და მაღალგანვითარებული ეკონომიკის ქვეყნად, რამაც გამოიწვია მეცნიერების, კულტურისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სტანდარტების მკვეთრი ამაღლება.

სულაც არ იყო შემთხვევითი, რომ ამ გარემოებამ, გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების ბოლოს, დამოუკიდებლობის მოპოვების გარიჟრაჟზევე, ქართველი საზოგადოების დიდ უმრავლესობას გვიბიძგა ამერიკის შეერთებული შტატებისკენ.

ეს იყო ქართველი ერის ჯანსაღი ინტუიციური მისწრაფება უკეთესი მომავლისკენ, მაგრამ განვლილმა 30 წელიწადმა დაგვარწმუნა ერთ პოლიტიკურ ჭეშმარიტებაში: აშშის მაღალი დემოკრატიულსამართლებრივი მოწყობა და მაღალგანვითარებული ეკონომიკა მოქმედებს მის საზღვრებს შიგნით, მის გარეთ კი, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი ქვეყნისთვის, მოქმედებს მხოლოდ საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები, რომელსაც, შესაძლოა, საერთო არც არაფერი ჰქონდეს არა მხოლოდ დემოკრატიასა და სამართალთან, არამედ, პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევაში, თვით ზნეობასთანაც კი.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფინანსურ-ეკონომიკური თვალსაზრისით დიდი დახმარება გაგვიწია დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე წლებიდან, რაც, ძირითადად, გამოწვეული იყო ქართველი ხალხის დასავლურ სამყაროსთან მჭიდრო ინტეგრაციის მისწრაფებით და მათი სამართლებრივ-ეკონომიკური სისტემების ჩვენს რეალობაში დანერგვის სურვილით და ასევე იმ გარემოებით, რომ საქართველო თავისი გეოსტრატეგიულად მიმზიდველი ადგილმდებარეობით პერსპექტივაში გახდებოდა ჩრდილო-ატლანტიკური ბლოკის სრულფასოვანი წევრი და ამით აშშ, ნატოს ქვეყნებთან ერთად, რუსეთის მიმართ მოიპოვებდა ერთგვარ სამხედრო-სტრატეგიულ უპირატესობას.

თითქმის ორი ათეული წლის მცდელობის მიუხედავად, ჩვენ არათუ ვერ გავხდით ჩრდილო-ატლანტიკური ბლოკის წევრი, არამედ, დღევანდელი მსოფლიოს სამხედრო-სტრატეგიული კონიუქტურიდან გამომდინარე, მასში გაწევრების პერსპექტივაც კი, პრაქტიკულად, ნულს გაუტოლდა.

რაც შეეხება ამ ხნის განმავლობაში დასავლურ სამართლებრივ-ეკონომიკური სისტემების ჩვენს რეალობაში დანერგვას და მათთან მჭიდრო ინტეგრაციას, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ (თუ გამიზნულად არ) შეიმუშავა (კონსტიტუციის ჩათვლით) ის საკანონმდებლო ბაზა, რომელზე დაყრდნობითაც ცხოვრებაში დაინერგებოდა მოწინავე ევროპული სამართლებრივ-ეკონომიკური სისტემები. ამასთანავე, დასავლეთის გარკვეული წრეების წარმომადგენლები მოძღვრავდნენ ჩვენს ხელისუფლებებს, თითქოს საქართველოსთვის სულაც არ იყო საჭირო ინდუსტრიალიზაცია და ტექნოლოგიური განვითარება, სოფლის მეურნეობისა და მეცნიერების განვითარება და, რომ ყოველივე ამით მოგვამარაგებდნენ დასავლეთის განვითარებული ქვეყნები. ჩვენი მთავარი საქმიანობა კი უნდა ყოფილიყო ვაჭრობა, ტურიზმი და სტუმართა მომსახურება, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ გასული საუკუნის ოთხმოციან წლებამდე ჯერ კიდევ ინდუსტრიული და განვითარებული სოფლის მეურნეობის, ამასთანავე, თითქმის ყველა დარგში მოქმედი ორმოცდაათამდე სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტის ქსელით გაჯერებული საქართველოს რესპუბლიკა უნდა გადაქცეულიყო მხოლოდ მომხმარებელ და სხვის მომსახურე ერად.

ამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა გამოვიტანოთ სათანადო დასკვნები, როგორც საგარეო პოლიტიკის ორიენტაციის, ასევე საშინაო მოწყობისა და თავდაცვისუნარიანობის განსაზღვრის კუთხითაც.

ტენდენცია, რომელიც ძირს უთხრის ქართულ ცნობიერებასა და სახელმწიფოებრიობას

დღევანდელ გეოპოლიტიკურ სამყაროში სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, არსებობს სამი ზესახელმწიფო: აშშ, რუსეთი და ჩინეთი, რომელთაც გააჩნიათ თავისი საკუთარი უსაფრთხოების არეალები და მის ხელყოფას თითოეული მათგანი არ დაუშვებს არაფრის ფასად. ამის საილუსტრაციოდ გავიხსენოთ თუნდაც 1962 წლის კარიბის კრიზისი, როდესაც სამყარო დადგა მესამე მსოფლიო ომის დაწყების საშიშროების წინაშე.

მოგვწონს ეს თუ არა, ნუ დაგვავიწყდება, რომ სამხედროსტრატეგიული თვალსაზრისით ჩვენ ვიმყოფებით რუსეთის უსაფრთხოების არეალში და ისევე, როგორც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 1962 წელს არ დაუშვა საბჭოთა სტრატეგიული შეიარაღების განთავსება კუბის ტერიტორიაზე და მესამე მსოფლიო ომის ზღვრამდეც კი მიიყვანა სამყარო, ასევე რუსეთი არასდოს არ დაუშვებს იმას, რომ ამიერკავკასიის (და მით უმეტეს საქართველოსტერიტორიაზე, რომელთანაც გადის მისი უშუალო საზღვარი) განთავსდეს რომელიმე სხვა ქვეყნის სამხედროსტრატეგიული დანადგარები. ეს არის ძალიან მკაფიო და ნათელი მოცემულობა და, თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ რეალობას და განვაგრძობთ ამ გეოპოლიტიკურ აბსურდში ყოფნას, მუდმივად ვიქნებით ასეთ ქაოსსა და დაძაბულობაში.

დიახ, ფაქტია: რუსეთს ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და ჩვენ სრული იურიდიული და მორალური უფლება გვაქვს, მივიჩნიოთ, რომ რუსეთი ამ შემთხვევაში არის ოკუპანტი.

ახლა პრობლემას შევხედოთ ჩვენი მეზობლის, რუსეთის, გადასახედიდან: საქართველოს მისწრაფებას, რომ გახდეს ჩრდილოატლანტიკური ბლოკის წევრი, უეჭველად მოჰყვება ჩვენს ტერიტორიაზე, დიდი ალბათობით, თურქეთის საჯარისო კონტიგენტით, ნატოს ჯარების სამხედროსტრატეგიული შეიარაღების განთავსება, რაც, ბუნებრივია, სამხედრო თვალსაზრისით, მაღალი რისკის საფრთხის შემცველია რუსეთისთვის. ხოლო იმის მტკიცება და დეკლარირება, რომ საქართველოს მხრიდან გადადგმული ასეთი ნაბიჯი არ იქნება მიმართული რუსეთის საწინაღმდეგოდ, რაღა თქმა უნდა, მტკნარი სიცრუეა.

ვისაც თავის ქვეყანაზე გული შესტკივა, დამეთანხმება, რომ, თუ გვინდა მშვიდობა და ნორმალური პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარება, უსათოოდ უნდა განვსაზღვროთ და დავადგინოთ, სად არის ჩვენი საერთო ინტერესების კვეთა ჩვენს მეზობელ, ზემძლავრ ატომურ სახელმწიფოსთან _ რუსეთთან და ვიქონიოთ მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა, რომელიც ამასთანავე, ჩვენთვის არის პოტენციურად ყველაზე დიდი, იაფი და მოხერხებული სავაჭრო პარტნიორი და დღესდღეობით ისეთი სასიცოცხლოდ საჭირო სტრატეგიული პროდუქტის ძირითადი მომწოდებელი, როგორიც არის ხორბალი.

მაგრამ ეს ყოველივე არ ნიშნავს იმას, რომ ამ ნაბიჯით ჩვენ მიმართ მტრად განვაწყოთ აშშ ან დასავლეთი ევროპა. პირიქით, მსოფლიოს ყველა სუპერძალა, მათ შორის დიდი ჩინეთიც, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობის ბალანსირებულ შენარჩუნებაზე მსოფლიოში, დარწმუნებული ვარ, დღევანდელი სამხედრო-სტრატეგიული კონიუქტურიდან გამომდინარე, უეჭველად მიესალმებიან საქართველოს მხრიდან ასეთ ინიციატივას.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივის გაჩენისა და, საერთოდ, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღების თვალსაზრისით მეტად საინტერესოა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ინიციატივა, რომელიც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიის სამხედრო მიუმხრობლობის ზონად გამოცხადების საერთაშორისო ხელშეკრულების დადებას, რომლის შემუშავებაშიც, რუსეთთან ერთად, აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა აშშ-მა, ჩინეთმა, ევროკავშირმა, თურქეთმა, ირანმა და ამიერკავკასიაში ჩვენმა უშუალო მეზობელმა სახელმწიფოებმა აზერბაიჯანმა და სომხეთმა და ხელშეკულების განხორციელებისა და შენარჩუნების გარანტიების საერთაშორისო ვალდებულებები იკისრონ.

საქართველოსთვის ასეთი საეტაპო მნიშვნელობის ისტორიული მასშტაბის ხელშეკრულების მომზადება და დადება კი მოითხოვს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან დიდ ძალისხმევასა და დიპლომატიურ გამჭრიახობას, რომლის მრავალმხრივი მოლაპარაკებების სერიალს, როგორც წესი, ლაიტმოტივად უნდა გასდევდეს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ზღვარზე ბალანსირების პოლიტიკა.

იმ შუბლმაგარ ვაიპოლიტიკოსებსა და ასევე, საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ ნეოტროცკისტებს კი, რომლებიც თავგამოდებით გვიმტკიცებენ, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ უნდა დაველაპარაკოთ, სანამ ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დაგვიბრუნებს და, საერთოდ, მიზანმიმართულად ცდილობენ ქართველი საზოგადოების თვალში რუსეთის დემონიზაციას, ვუპასუხებ: ასეთი მიდგომები არ ჯდება არანაირ ჯანსაღ პოლიტიკურდიპლომატიური ლოგიკის ჩარჩოებში და, რომ მათი პროპაგანდისტული ქადაგება გამოხატავს დასავლეთის ან თუნდაც თვით რუსეთის აგრესიული წრეების და არა საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

ამ თვალსაზრისით გადავხედოთ თუნდაც ჩვენს არცთუ შორეულ ისტორიას და გავაკეთოთ სათანადო დასკვნები.

როდესაც მე-18 საუკუნის ოთხმოციან წლებში, მეტ-ნაკლებად დამშვიდებული დასავლეთ ევროპის შუაგულში, ავსტრიის იმპერატორ იოზეფ II-ის კარზე ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი ქმნიდა თავის მუსიკალურ შედევრებს, მის პარალელურად, აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების გზაგასაყარზე, მუსლიმანური ქვეყნებისგან გაუთავებელი პერმანენტული შემოსევებისა და აოხრებების შედეგად რუსთაველის საქართველო ისე იყო სისხლისგან დაცლილი, გაპარტახებული და დამცრობილი, რომ თვით თავადაზნაურთა შორისაც კი სამოცი პროცენტი წერაკითხვის უცოდინარი გახლდათ და ამ გაუსაძლის და შავბნელ ფონზე, პატარა კახად წოდებულმა ბრძენმა ხელმწიფე ერეკლე II-, რომელიც ხმალამოღებული პირადად მიუძღვოდა ჯარს უამრავ მტერთან საბრძოლველად და რომელსაც გარდაცვალების შემდეგ ოთხმოცამდე ჭრილობა დაუთვალეს, ქართველი ერის სრული განადგურებისგან გადასარჩენად 1783 წელს ერთმორწმუნე მართლმადიდებელ დიდ რუსეთთან დადო მფარველობითი ტრაქტატი.

დღევანდელი ფსევდოპატრიოტი ვაიპოლიტიკოსები, რომლებსაც თავი მიაჩნიათ ერეკლე მეფეზე მეტ პატრიოტებად და რუსეთის “შეშინებას” ცდილობენ ქართველის ღირსებისთვის სრულიად უცხო, საოკუპაციო ხაზთან ჩახდილი შარვლების დემონსტრირებით, დიდ მეფეს უწუნებენ სახელმწიფოებრივ აზროვნებას და დიპლომატიურ გამჭრიახობას.

საშოვარზე გამოსული პოლიტიკანებისგან განსხვავებით, რომლებიც საკუთარი კეთილდღეობის პრიზმაში უყურებენ საქართველოსაც და მის სახელმწიფოებრივ ინტერესებსაც, ამ ისტორიული ფაქტისადმი მათ ასეთ დამოკიდებულებაზე უნდა ითქვას შემდეგი: რა თქმა უნდა, ზედმიწევნით იცოდა რა იმდროინდელი იმპერიული მმართველობის ბუნება, მიზნები და მისწრაფებები, სრულიად წარმოუდგენელია, რომ მეფე ერეკლეს არ ჰქონოდა პოტენციურად გააზრებული ის უკიდურესი სავარაუდო შედეგები, რომლებიც, შესაძლოა, მომხდარიყო და მოხდა კიდეც სამეფო ტახტისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დაკარგვით, მაგრამ სწორედ ეს არის მისი უდიდესი სიბრძნე და დამსახურება ქართველი ერის წინაშე, რომ მან, მორალურ საწყისებს მოკლებული ყველა დროის პოლიტიკანების კრედოს: “მე თუ არ ვიქნები, ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა” _ საპირისპიროდ, სასწორის პინებზე დადო, ერთი მხრივ, ქართველი ერის გარდაუვალი აღგვა პირისაგან მიწისა და, მეორე მხრივ, სამეფო ტახტისა და გაუსაძლისი და მყიფე სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის სავარაუდო დაკარგვის პოტენციური შესაძლებლობა.

თუ მაღალი სახელმწიფოებრივი აზროვნების გადასახედიდან შევხედავთ საქართველოს რუსეთთან ორსაუკუნოვანი შერწყმის ისტორიულ მნიშვნელობას და ყალბი ემოციების გარეშე, პოლიტიკური პრაგმატიზმის კუთხით გავაანალიზებთ ამ თანაცხოვრების შედეგებს, დავინახავთ რომ საქართველო, ძლევამოსილი რუსეთის ძალისხმევით, მართალია, იმპერიის შემადგენლობაში, მაგრამ მაინც გაერთიანდა თავის ისტორიულ საზღვრებში; ადგილობრივმა მოსახლეობამ თავი დააღწია თურქთა, სპარსთა და ლეკთა გამუდმებულ და გაუსაძლის ინტერვენციებს; საქართველომ შეინარჩუნა ქრისტიანულ-მართლმადიდებლური სარწმუნოება; თურქ-სელჩუკთა მიერ 1453 წელს ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლის აღებით საქართველოსთვის ქრისტიანულ-ცივილიზაციურ სამყაროსთან დახშული გზა მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ჩაანაცვლა რუსეთზე გავლით, ჩრდილოეთის გზამ; ქართველ ხალხს მიეცა მეურნეობის განვითარების, აღმშენებლობისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების საშუალება: 1801 წელს წელში გატეხილ და განადგურებულ საქართველოში თუ აღირიცხებოდა შვიდასი ათასი მცხოვრები, ორსაუკუნოვანი მშვიდობიანი ცხოვრების შედეგად, მე-20 საუკუნის ოთხმოციანი წლების ბოლოს აღირიცხა დაახლოებით 5,5 მილიონი;

ხოლო, მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, ჩვენი თანამემამულის იოსებ სტალინის საბჭოთა კავშირის 30 წლიანი სწორუპოვარი მმართველობის შედეგად, საქართველომ თამარ მეფის ოქროს ხანად წოდებული ეპოქის შემდეგ, გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების დასასრულამდე, განიცადა ნამდვილი სამეცნიეროკულტურული და ეკონომიკური რენესანსი, ხოლო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობისა და განმტკიცების თვალსაზრისით, თითქმის ყველა ზემოხსენებული კომპონენტის გათვალისწინებით საქართველო, სამწუხაროდ, განიცდის აშკარად გამოხატულ ნელ რეგრესს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თითქმის ეროვნულ თვითმიზნად გამოვაცხადეთ ევროპარლამენტში ნათქვამი ლოზუნგი: მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი”, ნუ შეგვიპყრობს ილუზია და კარგად გავაცნობიეროთ, რომ დასავლეთის სამყარო მაინც უცხო სხეულად მიიჩნევს საქართველოს და ასევე ისტორიის გამოცდილებიდანაც კარგად ვიცით, რომ მის მოიმედედ ყოფნა არ გამოგვადგება.

ევროპიდან გადმოვიღოთ, დავნერგოთ და შევისისხლხორცოთ, რაც საუკეთესოა დემოკრატიის, სამართლისა და ეკონომიკის მართვის კუთხით; ვეზიაროთ ჭეშმარიტად ღირებულ ევროპულ კულტურას, მაგრამ ნუ დავკარგავთ ქართველად ყოფნის სიამაყის გრძნობას და მოვუსმინოთ ჩვენი ერის გონიერ წინაპრებს.

საქართველოს უგვირგვინო მეფე ილია ჭავჭავაძე კი მოგვიწოდებს: დიდი რუსეთის გარეშე არ არის ხსნა საქართველოსა და ქართველებისათვის”.

დიახ, ჩვენი ხელსაყრელი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობის პოტენციური შესაძლებლობის გამოყენების თვალსაზრისით, საქართველოს როგორც დღევანდელმა, ასევე მომავალმა ხელისუფლებებმა, ყველაფერი უნდა გააკეთონ, მშვიდობის უზრუნველყოფისა და ეკონომიკური და სამეცნიერო-კულტურული აღმალობისთვის, სამხედრო უსაფრთხოების ზონად გამოცხადებასთან ერთად, საქართველო უნდა გადავაქციოთ როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ასევე ჩრდილოეთისა და სამხრეთის სავაჭრო-ეკონომიკური სატრანზიტო კომუნიკაციების გამტარ მნიშვნელოვან არტერიად და ახლო აღმოსავლეთის კულტურულ-ცივილიზაციური ინტეგრაციის ცენტრად.

ნუ ავყვებით საქართველოს არაკეთილმოსურნეებსა და ოცდაათ ვერცხლზე გაყიდულ მოღალატეებს!

მტკიცედ ვიაროთ ილიას გზით!

ანზორ დავითაშვილი,

არქიტექტორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here