ამერიკელი მეგოლფე ელდრიკ ტონტ “ტაიგერ” ვუდსი ისტორიაში ერთ–ერთი მდიდარი სპორტსმენია. ვუდსის აქტივშია “მეიჯორის” ტურნირებში 15 გამარჯვება (მეორე შედეგი ჯეკ ნიკლაუსის შემდეგ (18 გამარჯვება). Laureus World Sports Awarels–მა ორჯერ _ 2000 და 2001 წლებში _ დაასახელა წლის სპორტსმენად. ტაიგერ ვუდსმა კარიერის განმავლობაში მოიგო PGA ტურის (პროფესიული გოლფ ტურები აშშ–სა და კანადაში) 80 (მეორე შედეგი სემ სნიდის შემდეგ) და ევროპის ტურის 40 ტურნირი (მესამე შედეგი სევ ბალიესტეროსისა და ბერნჰარდ ლანგერის შემდეგ). პირველი სპორტსმენი _ მილიარდერი, თუმცა ფულის დიდი ნაწილი (დაახლოებით 90%) გამოიმუშავა არა გოლფის მოედანზე, არამედ რეკლამებით.
ელდრნიკ ვუდსი დაიბადა 1975 წლის 30 დეკემბერს ქალაქ საიპერსში (კალიფორნიის შტატი, აშშ). მამამ, სამხედრო პირმა, ვიეტნამის ომის მონაწილემ, მეგობრის პატივსაცემად, მეტსახელად ტაიგერი შეარქვა.
დღეს ტაიგერ ვუდსი მსოფლიოში ცნობილი პიროვნებაა, მისი ბევრს შურს, ბევრი კი აღტაცებულია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ თავისი პირველი რეკორდი ტაიგერ ვუდსმა მაშინ დაამყარა, როცა 9 თვისა და 16 დღის იყო. სწორედ ამ ხნის იყო, როცა მამის დიდი სურვილით, მონდომებითა და აქტიურობით, ტაიგერმა პირველად ჩააგდო ბურთი გოლფის მოედნის ფოსოში (ორმოში) _ ეს მოხდა აშშ-ის ერთ-ერთ ტურნირზე. ეს ეპიზოდი 20-მდე რეპორტიორმა გადაიღო. გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებმა ეს მოვლენა აღრიცხეს, თვითონ ელდრიკი კი ამერიკელების საყვარელ ბავშვად იქცა. პატარაობაში ელდრიკი უამრავ შოუში მონაწილეობდა და სიცოცხლის პირველი წლებიდანვე დაიწყო თავისი მრავალმილიონიანი კაპიტალის დაგროვება.
1984 წელს ტაიგერ ვუდსი მონაწილეობდა თავის პირველ საერთაშორისო ტურნირში. ეს იყო მსოფლიოს ჩემპიონატი გოლფში 9-10 წლის ბავშვებს შორის, მაგრამ 8 წლის ვუნდერკინდისთვის გამონაკლისი დაუშვეს. პატარა, მაგრამ უკვე გამოცდილმა მეგოლფემ იოლად გაიმარჯვა ამ ტურნირში და თავის პირველ საერთაშორისო ჯილდოს დაეუფლა 1995 წელს მოყვარულთა შორის უამრავი გამარჯვების მოპოვების შემდეგ ტაიგერ ვუდსმა პროფესიონალური გოლფის კარი შეაღო. პროფესიონალი მეგოლფეების ასოციაციის სადებიუტო ტურნირზე, რომელიც მილუოკიში გაიმართა, ახალგაზრდა სპორტსმენმა მე-60 ადგილი დაიკავა. თუმცა შემდეგ ორი ტურნირი მოიგო და წლის საუკეთესო ახალბედა მეგოლფედ აღიარეს, პროფესიონალურ გოლფში პირველი მაღალი შედეგი ვუდსმა 1997 წელს აჩვენა, როცა მასტერსის ტურნირი მოიგო. ის სხვა მეგოლფეებისგან გამოირჩეოდა კანის ფერით (რასაც მრავალრასობრივ ოჯახს უნდა უმადლოდეს), ახალგაზრდობითა და მომხიბვლელობით (მისი მოწინააღმდეგეები, ძირითადად, ხანში შესული მდიდრები იყვნენ).
2000-იან წლებში ტაიგერ ვუდსი მსოფლიოს საუკეთესო მეგოლფე გახდა, ზედიზედ იგებდა მთავარ ტურნირებს _ მასტერსის (2001, 2002, 2005), აშშ-ის ღია პირველობას (2000, 2002, 2008), დიდი ბრიტანეთის ღია პირველობას, PGA-ს ჩემპიონატს (2000, 2006, 2007). 2000 და 2001 წლებში მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს და სპორტული “ოსკარით”(Laureus World Sports Awards-ის პრიზი) დააჯილდოვეს.
25 წლის ვუდსი მსოფლიო გოლფის ისტორიაში შევიდა, როცა მოიგო სპორტის ამ სახეობის 4 ძირითადი ტურნირი პროფესიონალთა შორის. ვუდსმა ძალიან იორლად მოიპოვა მსოფლიოს საუკეთესო მეგოლფის წოდება და დიდი ხნის განმავლობაში სარეიტინგო სიის სათავეში. გამონაკლისი იყო 2004 წელი, როცა ტაიგერმა ვერც ერთი ტურნირი ვერ მოიგო, მაგრამ მან მალე დაიბრუნა ლიდერობა.
სპორტსმენ-მილიონერის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა სერიოზულად ფიქრობდა, მამის კვალს გაჰყოლოდა და სამხედრო მოღვაწეობა დაეწყო. ტაიგერ ვუდსი ოცნებობდა, “ზღვის ლომი” გამხდარიყო, მან სამხედრო მომზადების რამდენიმე ეტაპიც კი გაიარა, მაგრამ საბოლოოდ მაინც გოლფი აირჩია.
ვუდსმა სახელი გაითქვა არა მხოლოდ სპორტული მიღწევებით. ის რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე შემოსავლიანი სპორტსმენი იყო. მისი ყოველწლიური შემოსავალი 100 მლნ დოლარს შეადგენდა და ამ თანხის ლომის წილი მან არა გოლფის მოედანზე, არამედ მსოფლიოში ცნობილ კომპანიებთან ((Nike, Buick, Gillette და სხვ.) გაფორმებული სპონსორული კონტრაქტებით გამოიმუშავა. ბოლო წლებში ვუდსის შემოსავალი შემცირდა (ისე, ყველას გისურვებთ შემოსავლების ასეთ “შემცირებას”), მაგალითად, 2014 წელს მხოლოდ 61 მლნ დოლარი (მათგან 51 მლნ რეკლამით) გამოიმუშავა. შემოსავლების შემცირების მიზეზი არ ყოფილა მხოლოდ სპორტული მაჩვენებლების გაუარესება. მას ცოლთან ჰქონდა კონფლიქტი. 2015 წელს ვუდსი საუკეთესო მეგოლფეების ასეულშიც ვერ მოხვდა. სხვათა შორის, ოჯახური პრობლემების გამო 2009 წელს ვუდსი წავიდა გოლფიდან, მაგრამ 2010 წელს კვლავ განაგრძო ბრწყინვალე კარიერა. 2012 წელს ტაიგერ ვუდსი გახდა PGA-ტურის ისტორიაში პირველი მეგოლფე, რომელმაც მოგებული საპრიზოებით შეძლო 100 მლნ-ზე მეტი თანხის გამომუშავება. მომდევნო წლები კი მისთვის არც ისე წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა მიმდინარე წელს კვლავ მოიგო მასტერსის ტურნირი _ კარიერაში მეხუთედ.
ტაიგერ ვუდსს მეტი სპორტული წარმატებების მიღწევაში ხელი შეუშალა კონფლიქტებმა მეუღლესთან, შვედ მოდელ ელინ ნორდეგრენთან, რომელთანაც 2004 წელს იქორწინა (ელინთან ტაიგერს 2 შვილი ჰყავს. კონფლიქტის მიზეზი კი იყვნენ სხვა ქალები, რომლებიც ბუზებივით ეხვეოდნენ თავს სპორტსმენ- მილიონერს. ტაიგერი მეუღლეს 2010 წელს გაშორდა, რაც რამდენიმე ასეული მილიონი დაუჯდა. მის თაყვანისმცემელთა შორის კი იყვნენ: ჰერცოგინია სარა ფერგიუსონი, ცნობილი მოდელი ტაირა ბენქსი, ჩოგბურთელი მონიკა სელეში, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი, სამთო მოთხილამურე ლინდსი ვონი და სხვ.
მოამზადა
ნიკა კორინთელმა