Home ახალი ამბები საქართველო სწორად  უნდა ვწეროთ და ვისაუბროთ, „ხმათა ხავერდებისა და ღმერთების“ ენას რომ არ...

სწორად  უნდა ვწეროთ და ვისაუბროთ, „ხმათა ხავერდებისა და ღმერთების“ ენას რომ არ ვავნოთ!

257

მკითხველის ყურადღებას ამჯერად იმ არასწორ ფრაზებს მივაპყრობთ, რომლებიც ხშირად გვესმის ტელეეთერიდან და ვკითხულობთ პრესასა თუ სოცქსელებში. ამ ფრაზებს წამდაუწუმ თავდაჯერებით იმეორებენ პოლიტიკოსები თუ ჟურნალისტები, სხვადასხვა თანამდებობის პირები, რიგითი მოქალაქეები და აზრადაც არ მოსდით, რომ მშობლიურ ენას ამახინჯებენ.

მაშ, ასე:

* თუ სადმე რამე სამუშაო ადგილია, მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო, გასაბღენძი თუ ძლივს თავისგასატანი _ ყველას რატომღაც პოზიციას  უწოდებენ:

ვიმუშავებ დამლაგებლის პოზიციაზე, მუშაობს მერის პოზიციაზე და . .

აქ სიტყვა პოზიცია ზედმეტია, უნდა ვთქვათ და ვწეროთ: ვიმუშავებ დამლაგებლად, მუშაობს მერად ან მერის თანამდებობა უკავია და . .

* არასწორია მოწმის სახით დაიბარეს“.

სწორია მოწმედ დაიბარეს“.

იქნებ ხვალ და ზეგ სახით დაბარება აღარ მოგეწონოთ და მოწმე ფეხებით ან ხელებით დაიბაროთ?!

* აი, კიდევ ერთი არაქართული უაზრო წინადადება: მუხლებზე დაიჩოქა“.

არც “მუხლებზე დაიჩოქაა” სწორი და არც „მუხლებით დაიჩოქა“ ვარგა!

არ ყოფილა საშველიო, იტყვის, ალბათ, ზოგიერთი.

საშველი როგორ არ არის, მაგრამ ასეთი „დაჩოქებები“ არც შეიძლება და არც ვარგა!

რატომ?

იმიტომ, რომ დაჩოქება თავისთავად ნიშნავს მუხლებზე დაცემას და, როცა „დაიჩოქა“-ს დაწერთ ან იტყვით, თავისთავად იგულისხმება მუხლებით მოქმედება.

რაკი მაინცდამაინც გინდათ ამ სიტყვის გამოყენება, შეიძლება დაწეროთ ან თქვათ:

მუხლებით დაეცა“!

მუხლებთან დაჩოქებაც შეიძლება, ოღონდ სხვის მუხლებთან.

ეს ჩვენი ახირება არ არის, მეგობრებო, ამას ითხოვს ჩვენი ენა ქართული

და თქვენც დაიჩოქეთ მის წინაშე!

* ხშირად გაიგონებთ და წაიკითხავთ, რომ ვიღაცას მავანი სიცრუეში ადანაშაულებს”. 

 გამოდის, რომ მოკალმეს თუ მოსაუბრეს კონკრეტული ადამიანი შეყვანილი ჰყავს „სიცრუეში“ და იქ პასუხს აგებინებს. სიცრუეში შესვლა კი შეუძლებელია, ამიტომ სწორია სიცრუის თქმას აბრალებს“!

* „გააჟღერა წინადადება“.

ეს როგორ ხდება _ მუსიკაც უნდა ახლდეს?! წინადადების გაჟღერება არ შეიძლება!

* „სამსახურის ძებნაში ვარ გართული“!

ესეც ქართული ენის დამახინჯება და აბუჩად აგდებაა.

„ძებნაში“-ც ხართ და „გართული“-ც?!

კარგი, ბრძანდებოდე, ბატონო, „ძებნაში“, რაკი მასში შესვლა და ჩვენი გაკვირვება მოგიხერხებია, მაგრამ რას აკეთებ იქ?!

ნუ გეწყინებათ, ბატონებო და ქალბატონებო, ცოტაოდენ შესწორებას თუ შემოგთავაზებთ ქართული ენის პატივსაცემად და უაზრობებისგან გასათავისუფლებლად:

ასე უნდა ვთქვათ და ვწეროთ: სამსახურის ძებნით ვარ გართული“.

„სამსახურის ძებნაში“ ნუ შეხვალთ, თორემ ასე ენასაც ავნებთ და სამსახურსაც ვერ იპოვით.

* „ნათელაშვილის ამერიკაში ვიზიტი…“

ბატონებო და ქალბატონებო, სანამ არ გაიგებს და საქვეყნოდ არ იყვირებს ამერიკა, არ ვარ ნათელაშვილის და არც სხვა რომელიმე ვიზიტორისო, ამნაირ ქართულს არ მოიშლით?!

ამერიკა კი არა, არც საქართველოა მარტო ნათელაშვილის, თქვე დალოცვილებო!!!

ეს ხომ ყველამ ვიცით?!

არადა, ბევრი და განსაკუთრებული არაფერი უნდა ამ წინადადებას, გამართულ ქართულ წინადადებად რომ ვაქციოთ:

სიტყვები თავიანთ ადგილებზე უნდა დავსვათ, ანუ გადავს-გადმოვსვათ და უკეთესი ქართულიც იქნება და ნათელაშვილიც არ წაართმევს ამერიკელებს ამერიკას, ანუ ორ კურდღელს დავიჭერთ ერთდროულად:

ენასაც ვაგრძნობინებთ შვებას და ამერიკელებსაც!

ამ წინადადებაში ნათელაშვილს წართმეული აქვს ადგილი ამერიკისთვის, ის მეორე ადგილზე უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, სურს თუ არა ეს და უყვარს თუ არა მეორე ადგილზე ყოფნა.

ანუ: ამერიკაში ნათელაშვილის ვიზიტი“.

ეს წინადადება ასედაც შეიძლება წარვუდგინოთ მკითხველს:

ვიზიტი ნათელაშვილისა ამერიკაში“.

ძალიან ფრთხილად უნდა ვწეროთ, „ხმათა ხავერდებისა და ღმერთების“ ენას რომ არ ვავნოთ.

* „რა ხდება საქართველოს სინამდვილეში…“.

ეს არის მახინჯი წინადადება, იმიტომ, რომ ქართული არ არის, კალკია, ბატონებო და ქალბატონებო!

ქართული სიტყვები ერთმანეთთან გაუაზრებლადაა დაკავშირებული, სინამდვილეზედმეტია.

 გამართულად და ტკბილხმოვან ქართულად ეს წინადადება ასე ითქმის და იწერება:

რა ხდება საქართველოში…“.

ამის დამწერს რის თქმაც უნდოდა, ის ასე ითქმის და იწერება:

ნამდვილად რა ხდება საქართველოში…“

და არა:

რა ხდება საქართველოს სინამდვილეში“.

სამწუხაროდ, ისიც ხდება საქართველოში (ვინ იცის, სხვა ქვეყნებშიც!), რომ განათლებული ფილოლოგები, პროფესორები და წერის დიდად მოყვარული მოაზროვნენიც ადვილად განიცდიან გაუნათლებელი ჟურნალისტების დაუფიქრებლად წამოსროლილი გამოთქმების გავლენას და გვიმახინჯებენ ენას!..

* ჟურნალისტი რომ დაწერს და წასაკითხად წარმოგიდგენს ამ სისულელეს: თავისუფლებაზე უშვებდა პატიმრებს-ო, ან იმ ჟურნალისტს რა უნდა ელაპარაკო, ან მის განმანათლებელ პროფესორ-მასწავლებლებს _ სრულსაც და „არასრულსაც“(ასოცირებულებს), აკადემიკოსებსაც.

ესე იგი, განთავისუფლებული პატიმარი რომ ციხის კედლებს გამოსცდება, ეს ნიშნავს „თავისუფლებაზე“ გამოშვებას?

 „თავისუფლებაზე უშვებდა პატიმრებს ქართულად ასე უნდა ვთქვათ და ვწეროთ: ათავისუფლებდა პატიმრებს“.

ვერც ჟურნალისტები და ვერც მათი მასწავლებლები, როგორც ჩანს, ხეირიანად ვერ თარგმნიან, ანუ სიტყვა-სიტყვით თარგმნიან შესაბამის რუსულ გამოთქმას და გამოსდით უაზრო კალკი, რომელსაც შემდეგ უთუოდ ძალიან “შთამბეჭდავად” ასწავლიან თავიანთ სტუდენტებს და ისინიც “გულმოდგინედ” აფრქვევენ ამ სასაცილო გამოთქმას:

„თავისუფლებაზე გამოვიდა“.

არადა, ერთი სიტყვაა საკმარისი აზრის სწორად გადმოსაცემად: გათავისუფლდა.

* მაგრამ ამით როდი კმაყოფილდებიან ჩვენი “განათლებული” კოლეგები. ციხეზე მივდივარო“, _ წერენ და ამბობენ, ამბობენ და წერენ.

და არავინ არის მათი განმკითხავი.

„ციხეზე“ და მის სახურავებზე სიარული რომ მოვაშლევინოთ ქართველებს, უნდა ვთქვათ და ვწეროთ:

ციხისკენ მივდივარ;

ციხეში მივდივარ ან უნდა მივიდე;

ციხეში დავდივარ.

* „გავდივართ რეკლამაზე“! 

ქართული ენის უცოდინარობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია.

ენის უცოდინარო ვაიჟურნალისტებო, არ გრცხვენიათ?

რეკლამაზე გასვლას როგორ ახერხებთ?!

რომელ გრამატიკულ წესს იყენებთ საამისოდ?!

„გავდივართ რეკლამაზე“ რა ქართულია?!

მეტს თუ ვერ ახერხებთ, ასე მაინც თქვით:

რეკლამა“, „ახლა _ რეკლამაანრეკლამის შემდეგ დავბრუნდებით“.

* თურმე პენსიაზეც შეიძლება გასვლა;  ხაზზეც: _ იყავით ხაზზე!

ეს რა ქართულია?!

ხაზზე შემოვსხდეთ?!

ხაზზე შემოსკუპებულნი დაგელოდოთ, ქართული ენის დამმახინჯებლებო?!

სად ისწავლეთ?!

ვინ გასწავლათ?!

* სამწუხაროდ, ეს არ არის ყველაფერი: ზოგმა “რეგისტრაცია გაიარა”, ზოგი „გასაუბრებაზე“ დალაყუნობს (გასაუბრება გაიარაო!); ზოგს „კურსებზე“ სიარული მოსწონს და არხეინად დადის (კურსები გაიარაო!); ზოგ-ზოგიერთები „საგაკვეთილო თემაზე“ დადიან (ეს თემა გავიარეთო!)… უარესიც: ზოგი იმასაც გვიმტკიცებს, „ცეკვაზე“ დავდივარო, „ცურვაზე“ დავდივარო, „მუსიკაზეო“, „სპორტზეო“ და ა. შ.

მაგრამ ახლა ინგლისურია მოდური და მთელი საქართველო დაალაჯებს „ინგლისურზე“.

„ქართულზე“ იშვიათად დადის ვინმე და ამიტომაც იციან ასე კარგად.

ენა და მართლწერა ისწავლეთ, ბატონებო და ქალბატონებო, და მერე, რამდენიც გენებოთ, წერეთ!

ამისთანა წერასა და ლაპარაკს სჯობს თუ საერთოდ არ დაწერთ და ხმას არ ამოიღებთ, ამით არაფერი დაშავდება!

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

1 COMMENT

  1. ძალიან ხშირია იგივესა და იმავეს აღრევა. იგივე სახელობით ბრუნვაშია, იმავე – დანარჩენ ბრუნვებში: იგივე კაცი, იმავე კაცმა, იმავე კაცს და ა.შ. ხშირია აგრეთვე მისისა და თავისის აღრევაც, რაც ზოგჯერ გაუგებრობას იწვევს: მან მისი წიგნი წაიკითხა. ვისი – თავისი თუ სხვისი?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here