Home რუბრიკები საზოგადოება სუ, ანუ პირში ბურთი!

სუ, ანუ პირში ბურთი!

“მინამ ჩვენს საკუთარს ჭირს სხვისაგან ნაცადს წამალს შევურჩევდეთ...”

151

დღეს მსოფლიოში მძიმე პოლიტიკური ვითარებაა, საქართველომ კი ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან ჩვენი დამცველი და გულწრფელი გულშემატკივარი არავინ არის ამ ცისქვეშეთში. როგორც დიდი ილია ბრძანებს, “ხალხთა ცხოვრებაში არის ბევრი ზოგადი კანონები, რომელნიც ყველგან ერთნაირად მოქმედობენ”(შინაური მიმოხილვა, 1879 წელი, ივლისიაგვისტო), მაგრამ, სანამ საკუთარ ჭირს სხვისაგან მოწოდებულ წამალს შევურჩევთ, ჯერ თითონ უნდა გავარკვიოთ, “რა თვისების ჭირია, მისი სიგრძესიგანე გაზომილი უნდა გვქონდეს, მისი სიმძიმე _ აწონილი. ერთი სიტყვით, ის ჭირი თავიდამ ფეხებამდე ჩვენ მიერ ცნობილი და გაგებულიუნდა იყოს.

მოდი და ამაზე უკეთესი რჩევა ინატრე ამ სიტუაციაში, როცა ჩვენ მაგივრად რუსეთის პრეზიდენტს სხვები ესაუბრებიან და ჩვენი ქვეყანა მესამე პირებზეა დამოკიდებული, რომლებიც საკუთარ საქმეს უფრო აგვარებენ, ვიდრე ჩვენსას.

ეს ისეთი ჭეშმარიტებაა, რომელშიც არც ერთ საღად მოაზროვნე ადამიანს ეჭვი არ შეაქვს, რადგან შედეგი სხვის დაკრულზე ცეკვისა სახეზე გვაქვს:

გიგი უგულავა

სახალხო მეურნეობა მიზანმიმართულად დანგრეული, მრეწველობა განადგურებული, სოფლის მეურნეობა _ გაჩანაგებული… ხელისუფლება კი არჩევნების ანგარიშს ამერიკის ელჩს აბარებს და გადაწყვეტილებებსაც მასთან შეთანხმებით იღებს, ამიტომ ვერ ბედავს რუსეთთან დალაპარაკებას, რამაც, შესაძლოა, ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო გადაწყვეტილების მიღებას შეუწყოს ხელი.

არადა, ეს ისეთი საკითხია, რომელზეც ჩვენი აზრი უნდა ვიქონიოთ და რომელიც ჩვენი საკუთარი საზომით უნდა გავზომოთ, ჩვენი “საკუთარის ჭკუის შუქით გავანათოთ”, მიუხედავად იმისა, რომ “მეგობრები” სულთამხუთავსავით თავს გვადგანან, გინდა თუ არა, ჩვენს ჭკუაზე გაიარეო.

აი თუნდაც რამდენიმე დღის წინათ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა კელი დეგნანმა რა განაცხადა: რუსეთს სურს, რომ შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს და აკონტროლოს ყველაფერი, რაც ამ ზღვაში შედის და გადის. საქართველო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს იმ საქმეში, რომ შავი ზღვა საერთაშორისო ზღვად დარჩეს, რომელიც ყველა ჩვენი გემისთვის გახსნილი იქნება”, ანუ რეგიონის უდიდესმა სახელმწიფომ _ რუსეთმა ვერ უნდა აკონტროლოს შავი ზღვა, რასაც ამ ქალბატონმაშავი ზღვის რუსეთის უკანა ეზოს ზღვად გადაქცევაუწოდა, მაგრამ სამაგიეროდ ამერიკული გემების შემოსვლა შავ ზღვაში დემოკრატიად და სამართლიანობად მონათლა, შავი ზღვა კი საერთაშორისო ზღვად დარჩებაო. კიდევ ერთი დიდი უბედურება ამ ყველაფერში ის არის, რომ ჩვენზე “მზრუნველი” ელჩი ამ საქმეში უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს აკისრებს.

ხომ ხედავ, ჩვენო ქართველობავ, საითკენ გვიბიძგებენ!

ამიტომ სუ! ანუ პირში ბურთი!

თორემ არ ვიცით, სად და როგორ წავიტეხთ კისერს ამ ბინძურ საქმეში მონაწილეობის გამო.

ზოგიერთი მატრაკვეცა პოლიტიკოსი, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, საღერღელაშლილნი ბრმად, გაუაზრებლად იმეორებენ მზამზარეულად მოწოდებულ აზრებს, ოღონდაც მათი უცხოური შემოსავლის წყაროები არ დაშრეს. ამისთანა პოლიტიკოსების, ილიას დავესესხები ტერმინს, “ტვინის სადგურს” “ზოგი უსამართლოდ თავს ეძახის და ზოგი სამართლიანად გოგრას”, და რამდენიც უნდა ურაკუნო დაბადებითვე დახშულ კარს, არაფერი გამოვა, რადგან, როგორც ილია იმოწმებს შექსპირს, არც ამ შემთხვევაში იქნება უადგილო, ვთქვათ: “არარაისგან არ იქნების არარაიცა”.

თუ ნაჩვევი არ არის თვითმსჯელობასა, თუ თავით თვისით ნავარჯიშები არ არის, თუ მის პატრონს დაბადებითვე ნათხოვრებით გამოუზრდია, “ვერ მოგართვისმეტს ვერას ეტყვის გაფითრებულს პატრონსა. ეგრე უნუგეშოდ გამოსტუმრებული ტვინის პატრონი თუმცა სასოწარკვეთილებას მიეცემა ხოლმე, მაგრამ დიდის ხნობით კი არა. ტვინის სადგურში ერთი მივარდნილი კუნჭულია, საცა ერთი ბრმანიჭი ადამიანისა ბინადრობს. ის ნიჭი ტვირთთამზიდველ სახედარსავით ყოველთვის მორჩილია, ქვევრის თვისება აქვს: რაც ერთხელ ჩაგიძახნია, იმას ყოველთვის ამოიძახებს და სახელად ჰქვიან მეხსიერება”.

აი ეს ბატონი მეხსიერება უნდა მოგვეშველოს და გვიჩვენოს გზა ვაი-ვაგლახიდან დახსნისა. სწორედ ამ მეხსიერებამ უნდა გაგვახსენოს, თუნდაც ის მძიმე მომენტები ქართველი ერის ცხოვრებისა, რომელთა მოგვარებაში რუსეთს ლომის წილი უდევს; რომ რუსეთის ჩარევამ ჩვენს ცხოვრებაში ფიზიკურ განადგურებას გადაგვარჩინა, რომ რუსეთის ძალისხმევით საქართველოში ტყვეთა სყიდვას წერტილი დაესვა და ა. შ. საბჭოთა საქართველოში კი ყვაოდა მეცნიერება, კულტურა, ხელოვნება, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა. დავანგრიეთ! და ახლა ამისთანა ქვეყანაში “ცხოვრება ხავს-მოკიდებულს გუბესა ჰგავს, ესე იგი, ჭია-ჭუების და ქვემძრომების საბუდარს, იქ რა უნდა ქნა?”

ხომ ხედავ, ქართველობავ, რომ ეს გზა ტაძართან არ მიგვიყვანს?

ცხოვრება, თვითონ ცხოვრება გვიჩვენებს გზასო, _ იტყვის მავანი, მაგრამ “თითონ ცხოვრება სად არის ჩვენში, რომ ცხოვრებამ გკითხოს და შენ პასუხი აძლიო? ჩვენი ცხოვრება ზურგ-გადაღლეტილ და დავარდნილ სახედარივით გდია უძრავად სადღაც კუთხეში და სიცოცხლეს მარტო იმით იჩენს, რომ იცოხნება, როგორც პირუტყვი. თუ დროთა ბრუნვა წიხლს დააზელს ხოლმე, მაშინ მოძრაობასაც იჩენს, მაგრამ მხოლოდ მით, რომ ერთი ყრუდ დაიბღავლებს, ერთის გვერდიდამ მეორეზედ ფხანვით გადაბრუნდება და ისევ უწინდებულად თვლემით და არხეინად ცოხნას მოჰყვება, მითამ-და არაფერი არც ეტკინაო, არც ეზიანაო”.

„გავრილოვის ღამე“

დღეს მსოფლიოში დენთის სუნი ტრიალებს. რა მოჰყვება მას? _ აი უმთავრესი შეკითხვა, რომელსაც ცხოვრება თითოეული ადამიანისა და თითოეული სახელმწიფოს წინაშე სვამს. რეალობა ისაა, რომ რუსეთი დღეს ის სახელმწიფოა, რომელიც მსოფლიოში უმძლავრეს ბირთვულ პოტენციალს ფლობს. ეს პუტინმაც შეახსენა მსოფლიოს მაკრონთან მისი შეხვედრისას. მე კი ჩვენი ქვეყნის ხელისუფალთ მინდა გავუმეორო ილიას შეგონება: “ჩვენი შინაური საქმეები ჯერ გაუკეთებელი ხორბალია ხოლმე, უნდა ჩვენ თითონ გავანიავოთ, გავცხრილოთ, დავფქვათ, მოვზილოთ და საკუთარის ჭკუის თონეში ჩვენის ხელით გამოვაცხოთ”.

მერწმუნეთ, ასე აჯობებს, თუ გვინდა, კვლავაც ვიარსებოთ და “დავდგეთ ერად სხვა ერთა შორის”! ომი არავის დააყრის ხეირს, მაგრამ ჩვენისთანა პატარა და დაუცველ სახელმწიფოს გაანადგურებს, თუკი ჭკუას არ მოუხმობს და რუსეთის წინააღმდეგ რამეს მოიმოქმედებს.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here