Home რუბრიკები პოლიტიკა სუსტდებიან თუ ძლიერდებიან ნაციონალები?

სუსტდებიან თუ ძლიერდებიან ნაციონალები?

754
ნაცმოძრაობა

ნაციონალური მოძრაობისდაშლიდან წელიწადნახევარი გავიდა. ამ პერიოდში ყოფილი მმართველი პარტიის ორი ნამსხვრევი ერთმანეთს ელექტორატს ართმევდა და ამავე დროს ცდილობდა, გაერღვია იზოლაცია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა მოაქცია. ისინი განსხვავებულ ტაქტიკას იყენებდნენ და, ალბათ, საინტერესო იქნება იმის დადგენა, რომელი მათგანია უფრო პერსპექტიული.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ექვსი წლის წინათ შეიცვალა, ნებისმიერი სახის თანამშრომლობა ნაციონალებთან ბევრი მოქალაქისთვის და პოლიტიკურ გაერთიანებათა უმრავლესობისთვის კვლავინდებურად ტაბუდადებული თემაა. როგორც ივნისის დასაწყისში გამართულმა აქციებმა და თბილისსა და ამსტერდამში პარტიების ლიდერების კონსულტაციებმა აჩვენა, მათთან ალიანსს მხოლოდ ყოფილი სატელიტები თანხმდებიან. მათ არ შეუძლიათ, შექმნან ფართო ალიანსები და, შესაბამისად, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ეს კი იზოლაციის გარღვევის ალტერნატიული გზების ძიებისკენ უბიძგებთ.

“ივნისის კრიზისი” ნაციონალებისთვის არაერთგვაროვანი შედეგით დასრულდა. ერთი შეხედვით, სააკაშვილის პარტიის მცდელობა _ მასშტაბური აქციების ტალღა აეგორებინა (ბელადი რევოლუციაზეც კი ოცნებობდა) _ უშედეგო გამოდგა. 31 მაისის მიტინგის მონაწილეთა დიდი ნაწილი მომდევნო დღეებში აქციებს გაემიჯნა, რადგან აღმოაჩინა, რომ ნაციონალები მათ ორგანიზებაში განმსაზღვრელ როლს ასრულებენ, მაგრამ იმავე პერიოდში აპრობირებული იქნა აქციების ორგანიზების ახალი (უფრო სწორად, “კარგად დავიწყებული ძველი”) მოდელი, რომლის ფარგლებში ულტიმატუმებს ხელისუფლებას არა პოლიტიკური პარტიები, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები უყენებენ. ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს, ამ მხრივ, თეა წულუკიანის გადადგომასთან, ახალი პროკურორის შერჩევის პროცესში საზოგადოების ჩართვასთან დაკავშირებული ღონისძიებები წარმოადგენდა. რაღაც მომენტში შეუძლებელი გახდა იმის გარჩევა, სად მთავრდება “ჩვეულებრივი” არასამთავრობოების აქტიურობა და იწყება ნაციონალებთან დაკავშირებული ჯგუფების პროპაგანდისტული კამპანია. ივნისის კრიზისის დროს ნაციონალებმა არაერთგზის გამოიყენეს სიტყვასაზოგადოება”, როგორც ნიღაბი, და ხშირ შემთხვევაში წარმატებას მიაღწიეს. ეს, შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანი შედეგია, ვიდრე რამდენიმე აქციის ჩაშლა მცირერიცხოვნობის გამო.

ივნისის პირველ დეკადაში, აგრეთვე, ნათლად გამოჩნდა, რომ, საინფორმაციოპროპაგანდისტული თვალსაზრისით, “ნაცმოძრაობისადაევროპული საქართველოსმდგომარეობა გაუმჯობესდა. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არა იმ მედიასაშუალებებს, რომლებსაც ყველა მათ რუპორად აღიქვამს, არამედ იმას, რომელიც, დამოუკიდებლად თუ არა, მეტ-ნაკლებად მიუკერძოებლად აღიქმება. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნახოს, თუ როგორ ამუშავდნენ ისინი კრიზისის დღეებში და ნაციონალებისთვის სასურველი მესიჯების ტირაჟირება დაიწყეს, შემდეგ კი, როდესაც ტემპერატურამ დაიწია, ისევ “მთვლემარე” რეჟიმში გადავიდნენ. ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არსებობს ერთიანი პროპაგანდისტული სისტემა, რომელიც ახალი კრიზისის პირობებში სახელისუფლო მედიასთან, როგორც მინიმუმი, პარიტეტის პირობებში იმუშავებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ფორმალურად გაცილებით დიდ რესურსს ეყრდნობა.

არასამთავრობოთა და მედიასაშუალებების ერთიანი ქსელის შექმნა, რომლის ცალკეული რგოლები ერთმანეთისგან დამოუკიდებელნი არიან, მაგრამ ერთ მიზანს ემსახურებიან, “ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენდა. მომდევნო წლებში, სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმთან მჭიდრო თანამშრომლობის გამო, ზოგიერთი არასამთავრობოსა და მედიასაშუალების ავტორიტეტი საზოგადოებაში მკვეთრად დაეცა, მაგრამ გავიდა დრო, შეიცვალა “პირადი შემადგენლობის” ნაწილი და თანდათან გაჩნდა იმის წინაპირობები, რომ ნაციონალებისა თუ “ევროქართველების” სატელიტურმა ჯგუფებმა საკუთარ თავს საზოგადოება უწოდონ და მისი სახელით მოთხოვნები წამოაყენონ.

ყველაზე დიდ პრობლემას ამ ქსელს, ალბათ, მიხეილ სააკაშვილი უქმნის. ივნისის პირველ დეკადაში მან ვერ მოითმინა და, უბრალოდ, “მიყარა” პარლამენტთან “ნაცმოძრაობის” აქტივი, რამაც მოსახლეობის უკურეაქცია გამოიწვია. სააკაშვილმა საზოგადოების პროტესტი “ნაცმოძრაობის” პროტესტად აქცია. “ევროპული საქართველოს” ლიდერებმა იოლად ამოიცნეს, რით დასრულდება ეს, პარტიულ აქციებს გაემიჯნენ და აქცენტი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე გადაიტანეს, რომლის წევრთა უმრავლესობა და თავმჯდომარე მათი პარტიიდანაა. ამ კომისიის შესაძლებლობები შეზღუდულია იმისთვის, რომ სარალიძე-დადუნაშვილის საქმის სრულფასოვანი გამოძიება მოახდინოს, თანაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ 31 მაისის აქციით შეშინებულმა ხელისუფლებამ ამ საქმეში ინიციატივა ხელიდან კიდევ ერთხელ გაუშვას. აქ, ალბათ, მთავარია, სხვა რამ _ კომისია “ევრონაციონალებს” შესაძლებლობას აძლევს, პროკურორისა და მოსამართლის როლი მოირგონ, ბრალი დასდონ ხელისუფლებას და სიმბოლურად გაასამართლონ ის. 2012 წლის შემდეგ, როდესაც ნაციონალები ამ როლის შესრულებას ცდილობდნენ, “ქართული ოცნება” და სხვა მოწინააღმდეგე პარტიები მათ მყისიერად სიმბოლურ საბრალდებო სკამზე აბრუნებდნენ. ამ კომისიამ კი “როლების შეცვლის” ერთგვარი ლეგიტიმიზაცია მოახდინა. თუ “ნაცმოძრაობამ” ივნისის კრიზისის დროს გარკვეული დანაკარგები განიცადა, “ევროპულმა საქართველომ” მხოლოდ ბონუსები მიიღო.

ყოველივე ამის მიუხედავად, ნაციონალებს (იგულისხმება ორივე პარტია) გადაწყვეტილი არ აქვთ მთავარი _ ძლიერი მოკავშირეების პრობლემა. ისინი მოუთმენლად ელოდებიან საქართველოში აშშის ახალი ელჩის ჩამოსვლას და მასთან თანამშრომლობაზე დიდ იმედებს ამყარებენ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, საქართველოშირეჟიმ ჩეინჯიმოახდინოს, მითუმეტეს იმ ადამიანების ხელით, რომელთა ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობა, ძალიან დიდი ალბათობით, სამოქალაქო დაპირისპირებითა და სისხლისღვრით დასრულდება. არეულობამ შეიძლება შეარყიოს აშშის ძლიერი პოზიციები საქართველოში, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, თეთრმა სახლმა დაუყონებლივ დაუჭიროს მხარი ავანტიურებს სააკაშვილის სტილში, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახალი ელჩი ამ ძალების მფარველი გახდება, ეს არ გააუქმებს ფართო ფენების მკვეთრად ნეგატიურ დამოკიდებულებას ყოფილი სახელისუფლო პარტიის ორი ნამსხვრევის მიმართ.

არსებული მდგომარეობის ანალიზი შემდეგი დასკვნისკენ გვიბიძგებს: ხსენებული პარტიები ხელისუფლებაში მარტო ვერ მოვლენ, მათ აუცილებლად დასჭირდებათ ძლიერი მოკავშირე. მას იმ ამომრჩევლებთან მისასვლელი პირი უნდა ჰქონდეს, რომლებიც ნაციონალებს ვერ იტანენ. თანაც ეს ჰიპოთეტური მოკავშირე ნაციონალებისგან არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ რეალურად დისტანცირებული, დამოუკიდებელი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოება თამაშს იოლად გაშიფრავს. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ “ნაცმოძრაობის” სტრუქტურა და მისი წევრების შინაგანი ბუნება მხოლოდ ვერტიკალურ იერარქიებს ცნობს და მოკავშირეს ვასალად განიხილავს. სწორედ ამიტომ “ნაცმოძრაობის” დაშლის პერიოდში მიხეილ სააკაშვილი ასე სკეპტიკურად, მეტიც, აგდებით უყურებდა გიგა ბოკერიას სურვილს _ “ალიანსები შექმნას”.

ბოკერიას, სააკაშვილისგან განსხვავებით, სავარაუდოდ, ესმის, რომ რეალური მოკავშირეების არარსებობა ნეგატიურად აისახება პარტიის პოზიციებზე დასავლეთში, სადაც პოლიტიკური პარტია, რომელსაც ალიანსების შექმნა არ ძალუძს და მოსახლეობის მთელ რიგ კლასტერებთან დალაპარაკებაც არ შეუძლია, განიხილება, როგორც ერთგვარი ინვალიდი _ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პოლიტიკური გაერთიანება, რომელთანაც შეიძლება ითანამშრომლო, მაგრამ სამხრეთ კავკასიაში გასატარებელი პოლიტიკის ქვაკუთხედად ვერ აქცევ.

კიდევ ერთი განსხვავება სააკაშვილსა და ბოკერიას (უგულავას და ა.შ.) შორის იმაში მდგომარეობს, რომ “ევროქართველები”, ასე თუ ისე, აცნობიერებენ, რომ “ქართული ოცნება”, პრობლემების მიუხედავად, კვლავინდებურად ძლიერია, შესაბამისად, საჭიროა ხანგრძლივი მოსამზადებელი სამუშაო, ძალების განაწილება, ტაქტიკური კომპრომისები და ა.შ. სააკაშვილს კი სურს 100-%-იანი შედეგი დაუყონებლივ მიიღოს და მისი გაუთვლელი ნაბიჯები ზიანს აყენებს არა მხოლოდ მის პარტიას, არამედ “ევროპულ საქართველოსაც”, რადგან საიმიჯო თვალსაზრისით ორი პოლიტიკური ორგანიზაცია ერთმანეთს დაშორებული ჯერჯერობით არაა _ “ევროპული საქართველო” საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ აღიქმება, როგორც თანამონაწილე, მაშინ, როდესაც სააკაშვილი ცდილობს, რევოლუცია მოაწყოს, რაც საკმაოდ კომიკურად გამოიყურება.

ორივე პარტიას სართო მიზანი _ ხელისუფლებაში დაბრუნება ამოძრავებს. იმის მიუხედავად, რომ მათი წევრები და ხშირ შემთხვევაში ლიდერებიც კი, ერთმანეთს სოციალურ ქსელებში ლანძღავენ, ისინი მოკავშირეებად რჩებიან. მათ გაცილებით მეტი აქვთ საერთო, ვიდრე სააკაშვილს, ჟვანიასა და ბურჯანაძეს (და შესაბამის პარტიებს) “ვარდების რევოლუციის” პერიოდში. მათი სავარაუდო ფარული თანამშრომლობა “ქართულ ოცნებასთან” ერთმანეთის წინააღმდეგ, ამ კონტექსტში განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს. ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი, სავარაუდოდ, ყველა ძველ უთანხმოებას დაავიწყებს.

ძველინაცმოძრაობისდაშლის შემდეგ, “ნამსხვრევებისჯამური რეიტინგი შემცირდა, თუმცა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ორივე პარტია თავის ელექტორალურ ნიშაში გამაგრდა, გააფართოვა გავლენა არასამთავრობო სექტორსა და მედიაში და იზოლაციის გარღვევა სცადა. ხელისუფლების გადასახედიდან ეს ცვლილებები მიკროსკოპულია და არსებით საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა სააკაშვილის რეჟიმის ძველი მოწინააღმდეგეები, ერთობ ალარმისტულ სტილში, მიუთითებენ იმაზე, რომ ვითარება უარესობისკენ იცვლება. მათ ყველა როდი უსმენს, რადგან ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ უკვე ათასგზის გამოიყენა ნაციონალების რევანშის თემა და უნებლიეთ მიიყვანა საზოგადოება დასკვნამდე, რომ შესაბამისი საფრთხე, უბრალოდ, არ არსებობს. პარადოქსულია, მაგრამ რევანში შეიძლება სავსებით რეალური სწორედ მაშინ გახდეს, როდესაც ყველა ჩათვლის, რომ ის გამორიცხულია.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here