Home ახალი ამბები საქართველო “სულ რომ ზედ ყვებოდნენ დღეს ისინი პატიმრებს, მაგათი სახეების დანახვა უკვე ძალადობაა...

“სულ რომ ზედ ყვებოდნენ დღეს ისინი პატიმრებს, მაგათი სახეების დანახვა უკვე ძალადობაა მსჯავრდებულზე..”

ადვოკატი და უფლებადამცველი: ლალი აფციაური

მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ექვსი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს.


დაკავებულები არიან მალხაზ ღვინიაშვილი, ნუგზარ მარღია, ზაზა ხარაიშვილი, ვახტანგ გუგუციძე, დავით ჩიხლაძე და დავით ნოზაძე. ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ოლეგ ფაცაცია, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით, რაც მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ორი ან მეტი პირის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, დამცირებასა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის ადვოკატსა და უფლებადამცველ ლალი აფციაურს დაუკავშირდა.

– ქალბატონო ლალი, მცირე ხნის წინ მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულების ექვსი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობა. (საუბარია 2011-12 წლებში ჩადენილ დანაშაულზე). თუ გაქვთ ინფორმაცია, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დღემდე რჩებიან ის თანამშრომლები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს პატიმრებზე ძალადობდნენ?

– ვერ გეტყვით, კონკრეტულად ვინ დააკავეს ან რა ბრალდებით, მე ეს ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ზოგადად სასჯელაღსრულებით სისტემაში წინა ხელისუფლების დროინდელი თანამშრომლები დღემდე საკმაოდ ბევრია.

რაც შეეხება წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, მუდმივად მაქვს პატიმრებთან შეხება, მაგრამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არცერთი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრისგან არ მსმენია, რომ მზგავსი შემთხვევა ყოფილიყო. თუმცა სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი თანამშრომლების იქ ყოფნა უკვე არის პატიმარზე გარკვეული ფსიქოლოგიური ძალადობა, იმიტომ რომ ეს ადამიანები მაინც ასოცირდებიან ძალადობასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან, რაც წლების მანძილზე „ნაციონალების“ მიერ დანერგილი „პრაქტიკა“ იყო.

– თქვენი აზრით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის თანამშრომლები უნდა გათავისუფლებულიყვნენ სამსახურიდან?

– მე არ ვამბობ, რომ ყველა თანამშრომელი აწამებდა, ყველა ძალადობდა და ა.შ. მაგრამ როგორც მინიმუმ, ისინი ამ დანაშაულს მალავდნენ. ესეც ხომ დანაშაულია?! ცხადია, უნდა ჩატარებულიყო დეტალური გამოძიება და ყველა თანამშრომელი, რომელსაც რამე სახის მონაწილეობა დაუმტკიცდებოდა იმ ძალადობრივ ქმედებებში, სულ ცოტა, სამსახურიდან უნდა გაეთავისუფლებინათ. არ შეიძლება ამ ადამიანების ყოფნა დღეს ისევ სისტემაში. სულ რომ ზედ ყვებოდნენ დღეს ისინი პატიმრებს, მაგათი სახეების დანახვა უკვე ძალადობაა მსჯავრდებულზე!

                                                                                                                                   ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here