გაეროს საიდუმლო დოკუმენტები: აშშ–მა და ბრიტანეთმა უკვე 1942 წელს იცოდნენ ებრაელთა მასობრივი ხოცვა–ჟლეტის შესახებ, მაგრამ არაფერი მოიმოქმედეს
გაეროს არქივებში 70 წლის განმავლობაში მკაცრად საიდუმლოდ დაცული დოკუმენტები დღეს ხელმისაწვდომია. ამ დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებებმა, რომლებიც დღეს ასე თავგამოდებით “ზრუნავენ” ე.წ. დასავლური დემოკრატიული ფასეულობების დასამკვიდრებლად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (თუმცა, ყველასთვის ცნობილია, როგორი დემოკრატიული ფასეულობები დაამკვიდრეს ამ ქვეყნებმა არა მხოლოდ თავიანთ კოლონიებში, არამედ, მაგალითად, ერაყში, ავღანეთში, ლიბიაში, ვიეტნამში, სირიაში და, რა თქმა უნდა, ფიქტიურად დამოუკიდებელ, ფაქტობრივად კი _ მათივე კოლონია საქართველოში), მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე კარგა ხნით ადრე იცოდნენ, რომ გერმანელი ფაშისტები ებრაელთა მასობრივ განადგურებას აპირებდნენ, მაგრამ არაფერი მოიმოქმედეს მხოლოდ იმიტომ, რომ ნაცისტი სამხედრო დამნაშავეების დასჯა მათ ეკონომიკურ ინტერესებს დააზარალებდა.
გაეროს მასალებიდან, რომლებიც თითქმის 70 წლის განმავლობაში საიდუმლოდ იყო შენახული, ჩანს, რომ მესამე რაიხის მოწინააღმდეგეებმა, კერძოდ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა, იცოდნენ გერმანიაში ებრაელების მასობრივი განადგურების გეგმის შესახებ.
გაეროს არქივებში გრიფით “მკაცრად საიდუმლოდ” შენახული ისტორიული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებებმა უკვე 1942 წლის დეკემბერში იცოდნენ გერმანიაში 2 მილიონი ებრაელის საკონცენტრაციო ბანაკებში მასობრივად დახოცვისა და კიდევ 5 მილიონის განადგურების გეგმის შესახებ. ადრე მიაჩნდათ, რომ ადოლფ ჰიტლერის დასავლელმა მოწინააღმდეგეებმა ჰოლოკოსტის მასშტაბის შესახებ 1945 წელს შეიტყვეს. მათ მასალების შეგროვება მესამე რაიხის წარმომადგენელთა წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნისთვის ომის დამთავრებამდე კარგა ხნით ადრე დაიწყეს, მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა გადასარჩენად. მაგალითად, 1943 წლის მარტში უინსტონ ჩერჩილის მეგობარმა, სახელმწიფო მინისტრმა დომინიონების საკითხებში, ლორდმა კრენბორნმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის იმპერია ისედაც გავსებულია ლტოლვილებით, ამიტომ მეტს ვეღარ მიიღებს და ებრაელები გამონაკლისნი არ უნდა იყვნენ.
ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორის _ დან ფლეშის (ავტორი წიგნისა “ადამიანის უფლებები ჰიტლერის შემდეგ”) თქმით, ინფორმაცია კატასტროფის მასშტაბზე დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ლიდერებმა 1942 წლის დეკემბერში მიიღეს. სწორედ იმ პერიოდში განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენტონი იდენმა პარლამენტში, რომ გერმანელები ახორციელებენ ჰიტლერის გეგმას ებრაელების განადგურების შესახებ.
სამხედრო დანაშაულების გაეროს კომისიაში (UNWCC) ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ჰერბერტ პელმა კი, რომელსაც სურდა, ეს საკითხი დღის წესრიგში შეეტანა, ვერაფერი გააწყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტისემიტ თანამშრომლებთან, რომლებმაც აიძულეს პელი, უარი ეთქვა ამ საკითხის წამოწევაზე.
როგორც პელმა აღიარა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ზოგიერთი წარმომადგენელი შიშობდა, რომ ნაცისტებისთვის წაყენებული ბრალდება ჰოლოკოსტში და მათ წინააღმდეგ მიღებული ზომები გააფუჭებდა სამომავლო სავაჭრო ურთიერთობას აშშ-სა და გერმანიას შორის და დააზარალებდა ამერიკის ეკონომიკურ ინტერესებს ევროპაში.
ძირითადი მიზეზი, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ ამერიკელი და ბრიტანელი პოლიტიკოსები, როცა გერმანელ ნაცისტებს მფარველობდნენ, იყო ის, რომ სამხედრო დამნაშავეების თუნდაც ნაწილს გამოიყენებდნენ გერმანიის ეკონომიკის აღსადგენად და კომუნიზმთან დასაპირისპირებლად.
აღსანიშნავია, რომ გაეროს ეს საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც პროფესორმა დენ ფლეშმა წიგნის დასაწერად გამოიყენა თითქმის 70 წლის განმავლობაში, მიუწვდომელი იყო მკვლევარებისთვის. მათ, ვისაც სურდა ამ დოკუმენტების ნახვა, უფლება უნდა მიეღო არა მხოლოდ თავისი ქვეყნის მთავრობისგან, არამედ გაეროს გენერალური მდივნისგანაც.
აი ამ სახელმწიფოების _ აშშ–ისა და დიდი ბრიტანეთის _ მითითებებს უსიტყვოდ ასრულებს დღეს საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც ვერ გაუთვითცნობიერებია, რომ ჩვენი “სტრატეგიული პარტნიორები”, თავიანთი ინტერესების გასატარებლად, სამსხვერპლოზე ისევე მიიტანენ ზვარაკად საქართველოს, როგორც ებრაელი ხალხი მიიტანეს მეორე მსოფლიო ომის წლებში.
მოამზადა
ნიკა კორინთელმა