დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, როცა დღის წესრიგში დადგა საკითხი, თავი რით უნდა გვერჩინა, იმედიანი პასუხი ისმოდა, _ მხოლოდ მტკნარი წყლები, “ბორჯომი” და ჩაი გვიშველის, სრულიად ევროპას გავაოცებთო. სიმართლე რომ ითქვას, კომუნისტებს ისე ჰქონდათ აწყობილი ყველა რესპუბლიკაში საქმე, ჭკვიანურად რომ გავყოლოდით, თავის რჩენა მართლა არ გაგვიჭირდებოდა. საკავშირო მასშტაბის ქარხნები და საწარმოები პროდუქციას აწარმოებდნენ, სხვასაც ინახავდნენ და თავსაც ირჩენდნენ. საქართველოს მოჰყავდა იმდენი კარტოფილი და ხახვი, რომ მთელ ქვეყანას ჰყოფნიდა და სხვა რესპუბლიკებსაც აწვდიდა; ჰყავდა იმდენი მსხვილფეხა თუ წვრილფეხა პირუტყვი, რომ ქვეყანას ჰყოფნიდა და, რაც მთავარია, დასაქმებული იყო ყველა, რაც იმის შესაძლებლობას იძლეოდა, ეს ჭარბი პროდუქცია არ ჩაწოლილიყო, ყველას ჰქონოდა მისი შეძენის შესაძლებლობა, ყველას შეეძლო, ნოყიერი საკვები მიეღო და მოსახლეობის 99%-ს არ შიოდა.
ნაცვლად იმისა, რომ წარმოება გაგვევითარებინა, უკვე აშენებულის დანგრევა დავიწყეთ: ჯართად გავყიდეთ საწარმოები, რაც არ გაიყიდა, უბრალოდ, დავანგრიეთ, გავანადგურეთ, პირველი პრეზიდენტი მოვკალით, მეორე _ რევოლუციით გავუშვით, მესამე _ დღემდე სისხლის სამართლის დამნაშავის სტატუსით არის ძებნილი. როცა მივხვდით, რომ რაღაც საკუთარი უნდა გვეწარმოებინა, გაირკვა, რომ არც მოსახლეობასა და არც სახელმწიფოს ამის რესურსი აღარ ჰქონდათ. ჩაის პლანტაციები განადგურებულ–გადამწვარი იყო, მტკნარი წყლები კი… არ მიგვიღო ევროპამ და ამერიკამ თავის ბაზარზე, დაკავებული აღმოჩნდა ყველა და ყველაფერი. ეს იმის მიუხედავად, რომ გემოთი და სარგებლიანობით ქართული პროდუქტი უკეთესია. მაინც არ შეგვიშვეს, თუმცა იმას კი მიხვდა ევროპა, რომ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ჰქონდა და იდეალური ტერიტორია იყო რუსეთისთვის ნერვების მოსაშლელად. გვაომეს კიდეც რუსეთთან, სტრატეგიული პარტნიორი გვიწოდეს, წელიწადში იმის მეასედს გვიგდებენ, რისი მიღებაც თუნდაც ქართული წყლებისა და ღვინის გატანით შეიძლებოდა, და დაგვარქვეს ე.წ. განვითარებადი ქვეყანა, რომელიც ავტომატურად ნიშნავს ქვეყანას წარმოების უფლების გარეშე. წარსულის სიღრმეებში აღარ წავალთ, ძალიან მტკივნეული და ძალიან ვრცელი თემაა, დღევანდელობაზე ვთქვათ.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ახალი ციფრები. თურმე, საქართველოდან სატაცურის ექსპორტი რეკორდულად იზრდება. საქსტატის მონაცემებით, თუ 2018 წელს ქვეყნიდან 200 კილო სატაცური გავიდა, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 5.9 ტონამდე გაიზარდა, ხოლო 2020 წელს ექსპორტზე 9.5 ტონა გავიტანეთ. მოგვიწოდეს კიდეც _ არიქა, სატაცური მოიყვანეთ, მოთხოვნა უზარმაზარია, წელს შარშანდელზე, სულ ცოტა, ორჯერ მეტი დაგვჭირდებაო. ცოდვა გამხელილი სჯობს და გაგვახსენდა, ჯერ მოცვს რომ უნდა გადაერჩინა ქვეყანა და მერე _ ფოთის ბაყაყებს, თუმცა სატაცურზე მოთხოვნა ნამდვილად არის…
როგორ გგონიათ, შარშან გაყიდული 9.5 ტონა სატაცურიდან, რომელმა ქვეყანამ რამდენი შეიძინა? რამდენია ამ მონაცემებში სტრატეგიული პარტნიორების წილი და რამდენი წაიღო მტრად შერაცხილმა რუსეთმა? 200 კილოგრამი შეისყიდა სომხეთმა, დანარჩენი 9.3 ტონა კი რუსეთში გაიყიდა. ეს კიდევ ყველაფერი არ არის _ ის გაორმაგებული შეკვეთაც, წელს რომ უნდა გავყიდოთ, ასი პროცენტით რუსეთის არის.
ლოგიკას რომ მივყვეთ, როგორც ევროპასა და ამერიკაში, ისე რუსულ ბაზარზეც წესითა და რიგით ყველა კვოტა დაკავებული და გადანაწილებული უნდა იყოს. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი ყველასთვის სასურველი და მიმზიდველია. ჰოდა, ამავე ლოგიკით, ქართულ პროდუქციას იქ არაფერი ესაქმება, ანუ უნდა იბლოკებოდეს ზუსტად ისე, როგორც ეს ევროპასა და ამერიკაში ხდება, მაგრამ არა! რუსეთი იღებს ყველაფერ ქართულს და იღებს ერთადერთი მიზეზით _ რუსეთის მოსახლეობა ქართულ პროდუქციას პატივს სცემს, უყვარს, ყიდულობს, ითხოვს. ჰოდა, რუსეთის ხელისუფლებაც პირველ ადგილზე სწორედ საკუთარი მოსახლეობის ინტერესებს აყენებს. საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში რომ დაიდოს დახლზე ქართული პროდუქცია, იქაც გაიყიდება, მითუმეტეს, ფასი ექნება დაბალი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, დიდი კომპანიები ნახავენ მცირე, მაგრამ მაინც ზარალს და ეს ხელს არ აძლევთ. რუსეთი კი კომპანიების ზარალზე არ ფიქრობს, ფიქრობს თავის მოსახლეობაზე და იქნებ, ეს მაინც გადავიღოთ, ამაში მაინც მივბაძოთ, პირველ ადგილზე ხალხი, ადგილობრივი მოსახლეობა დავაყენოთ და მერე _ ყველა დანარჩენი.
იმავე საქსტატის მონაცემებს რომ გადავხედოთ, ნებისმიერი, ვიმეორებ, ნებისმიერი ქართული პროდუქტი ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ რუსულ ბაზარზე გადის. ხშირად პროცენტული წილი 90%-ს აჭარბებს, დანარჩენი 10% კი ევროპის 10-15 ქვეყანაზე მოდის. ამერიკა შეგვიძლია სათვალავშიც არ ჩავაგდოთ, რადგან იქ, პრაქტიკულად, არაფერი გაგვაქვს და, თუ გაგვაქვს და იყიდება, იმაზე ნაკლები, ვიდრე თბილისში ერთი გამართული მარკეტი ვაჭრობს. ჰოდა, ამ პირობებში, ევროპასა და ამერიკას სტრატეგიული პარტნიორი რომ ჰქვია, რუსეთს კი ნომერი პირველი მტერი, ცოტა უცნაურია. უცნაურია ისიც, რომ ნომერი პირველი მტრისგან ენერგოპროდუქტებს ვიღებთ, ისიც, რუსეთმა ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია რომ არ მოგვაწოდოს, საქართველო ჩაბნელდება და გაიყინება, მაგრამ ამას არ აკეთებს.
ერთ დღეს რომ გადავწყვიტოთ, უარი ვთქვათ რუსეთთან ნებისმიერ ურთიერთობაზე, არც ვიყიდოთ რამე, არც გავყიდოთ, ევროპა და ამერიკა ალტერნატივას, უბრალოდ, ვერ შემოგვთავაზებს. ისინი არც ბაზრებს გახსნიან ქართული პროდუქციისთვის, ვერც ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიას მოგვაწოდებენ, რადგან… თვითონაც რუსეთიდან იღებენ და ამ ყველაფერს ძალიან მშვიდად აკეთებენ. რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მიუხედავად, ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა უარს არ ამბობს რუსულ ბაზარზე და იქ ქართული პროდუქცია არ მოსწონთ, რადგან კონკურენციას უწევს, მათ ყულაბაში წასასვლელი თანხა საქართველოში მოდის, თუმცა ვერ გვაძალებენ, რუსულ ბაზარზე არ შეხვიდეთო. ალტერნატივა ხომ უნდა შემოგვთავაზონ და ამის არც შესაძლებლობა და, რაც მთავარია, არც სურვილი არ აქვთ. ამიტომაც არის, ხელისუფლების უმაღლეს პირებს, ოპოზიციის ლიდერებს რომ აიძულებენ (ჰო, აიძულებენ), რუსეთი ნებისმიერი ტრიბუნიდან ლანძღონ, რადგან ეგებ თავად რუსეთმა გადაგვიკეტოს ყველაფერი და მერე უკვე მტრის ხატის შექმნაც უფრო მარტივი იქნება და ხალხიც უფრო ადვილად დაიჯერებს.
კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით. ქართულმა თაფლმა ევროპაში ისეთი დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ მოსახლეობა ეძებდა ქართულ პროდუქტს. ჰოდა, ევროკავშირმა მიიღო ახალი წესი, რომლის მიხედვით, ის თაფლი, რომელშიც სუფთა მარილი არ იქნებოდა (და მარილი თაფლში 0,001%-ზე მეტი არ არის), ევროკავშირის ქვეყნებისთვის უყვარგისად სცნეს. საქართველოში ფუტკარი სოფლებში საპირფარეშოებიდან იღებს მარილს და, შესაბამისად, ეს პრობლემა შეიქნა მოსაგვარებელი. საქართველო მთლიანდ რომ გადავიდეს საკანალიზაციო სისტემაზე და სოფლებში საკუთარი საპირფარეშოები არ იდგეს, დაახლოებით 15 მილიარდ ლარამდეა საჭირო, ამ თანხას კი ქართული ბიუჯეტი დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაიმეტებს. ამით ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტზე ოცნება, სულ ცოტა, მომდევნო 10 წლით დასამარდა და, თუ ამ პრობლემას მოვაგვარებთ, ახალ რამეს მოიგონებენ და მაინც არ შეგვიშვებენ. არ გაახარებენ ქართულ ღვინოს, რადგან ესპანეთი, საფრანგეთი და პორტუგალია დარჩებიან შემოსავლის გარეშე, არ შევა ქართული წყალი, რადგან საფრანგეთი და შვეიცარია იზარალებენ. კიდევ გავიმეორებთ: საუბარი არ არის მილიარდებზე, საუბარი რამდენიმე ათეულ მილიონზეა, რომელიც ქართულ ეკონომიკას ჰაერივით სჭირდება, ევროპის წამყვან ქვეყნებს კი ეს არც დაეტყობათ, მაგრამ იმ მცირედითაც არ უნდათ იზარალონ, ყურებით ჰყავთ დაჭერილი საქართველოს ხელისუფლება. ახლა თქვეს: თუ ჭკუით არ მოიქცევით, 20 მილიონი ევროს დახმარებას ვერ მიიღებთო. არადა, ბაზარზე მხოლოდ ღვინო რომ შეუშვან, 20-ჯერ 20 მილიონს ერთ წელიწადში მიიღებს ქართული ეკონომიკა.
სატაცურით დავიწყეთ და… სატაცური, ალბათ, ვერ გადაარჩენს ჩვენს ეკონომიკას, მაგრამ ის კი დადასტურებული ფაქტია, რომ მოთხოვნა არის და მწარმოებლებმა მისი მოყვანა, სულ ცოტა, რომ გააორმაგონ, გასაღების პრობლემა არ იქნება. ხელისუფლებამ თანხები სოფლის მეურნეობისკენ რომ მიმართოს და პრიორიტეტად ეს იქცეს, ნამდვილად გვეშველება. თუ არ გასაღდება, ადგილზე მაინც იაფი იქნება ქართული პროდუქცია და ზეთიც არ ეღირება კატასტროფული ფასი. გახსოვთ, ბატონებო, კომუნისტების პერიოდში კახეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში მზესუმზირის ველები რომ იყო გაშენებული და ზეთის წარმოება საოცრად განვითარებული? ქართული ზეთი მთელ ქვეყანას ყოფნიდა და სხვა რესპუბლიკებსაც ვუნაწილებდით. ის ველები არსად წასულა, ახლაც შეიძლება მოყვანა, მაგრამ… დასავლეთმა “განვითარებადი” ქვეყანა დაგვარქვა და ფართო მასშტაბებზე გასვლა აკრძალული გვაქვს, თუმცა შიდა ბაზრის ასი პროცენტით ათვისება მარტივად შეიძლება.
ბესო ბარბაქაძე