Home რუბრიკები ისტორია სტალინური წრთობის კადრები

სტალინური წრთობის კადრები

1370
ნოდარ მეძმარიაშვილი

ნოდარ მეძმარიაშვილიკაცი, რომელმაც დონეცკი ააშენა

მე და ბატონი ანზორ ბურჯანაძე მანქანით მივდიოდით მეგობრის საფლავის მოსანახულებლად, როცა ჩემი მობილური ტელეფონის ზარის ხმა გაისმა: _ მაპატიეთ, ბატონო გრიშა, თუ შეგიძლიათ, მინდა, ორი წუთი მომისმინოთ.

_ გისმენთ ყურადღებით, ბატონო, _ მივმართე უცნობს და ცალი თვალი ანზორისკენ გავაპარე, ვიცი რომ ძალიან არ მოსწონს, როდესაც მასთან ხარ და მობილურით სხვას ესაუბრები.

შახტმშენებლი სამმართველოს უფროსი ნოდარ მეძმარიაშვილი ულოცავს მეშახტეთა ბრიგადას პირველი ქვანახშირის მოპოვებას. ფოტო გაზეთ „პრავდიდან“ 25 აგვისტო, 1957 წ.
შახტმშენებლი სამმართველოს უფროსი ნოდარ მეძმარიაშვილი ულოცავს მეშახტეთა ბრიგადას პირველი ქვანახშირის მოპოვებას. ფოტო გაზეთ „პრავდიდან“ 25 აგვისტო, 1957 წ.

_ ბატონო გრიშა, თქვენ შეიძლება მიცნობთ, ნოდარ მეძმარიაშვილი გესაუბრებით, მინდა, გითხრათ, რომ აღფრთოვანებული ვერ თქვენი შრომისმოყვარებითა და სტაბილურიბით. თქვენი ერთგული მკითხველი ვარ. მიკვირს, როგორ ასწრებთ ან სად აგნებთ ამდენ დოკუმენტურ მასალას, რომლებიც თქვენ მკითხველის წინაშე გამოგაქვთ. “საქართველო და მსოფლიოს” ასეულობით ეგზემპლარი აკინძული მაქვს და სამუშაო მაგიდაზე წიგნად მიდევს. მინდა, შესრულებული უზარმაზარი სამუშაოსთვის უდიდესი მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო თქვენ მიმართ.

_ უღრმესი მადლობა, ბატონო ნოდარ, ასეთი შეფასებისთვის! ვეცდები, კვლავ დავიმსახურო თქვენი ყურადღება, _ ვუპასუხე ბატონ ნოდარს და, როცა ანზორ ბურჯანაძეს გადავხედე, მისი გამომეტყველებით მივხვდი, რომ გაბრაზების ზღვარზე იყო მისული. ბატონ ნოდარს დავემშვიდობე და ანზორს მივმართე:

_ შენი შიშით ქებაც ვერ მომისმენია, ესაა მეგობრობა? _ ვუთხარი ანზორს. მაგრამ ვიცი, რომ ის ჩემზე ამაყი იყო, როდესაც მეგობარზე ასეთ სახოტბო სიტყვებს ისმენდა და თანაც ვისგან.

_ ნოდარ მეძმარიაშვილზე მსმენია, მაგრამ მასთან ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში შეხება არ მქონია, იცნობ ამ პიროვნებას?

_ არ მიკვირს, ნოდარ მეძმარიაშვილს რომ არ იცნობ, ის მეცხვარე არასოდეს ყოფილა, არც გურიაში უმუშავია თოხით, დიდხანს ცხოვრობდა და მუშაობდა მოსკოვში, საქართველოში კი მშენებლობის მინისტრად მოღვაწეობდა. აბა, საიდან უნდა შეხვედროდი?! _ აი, ასეთი “დამამცირებელი” პასუხი მივიღე მეგობრისგან. მოგვიანებით ერთი-ორი თბილი სიტყვაც გაიმეტა:

_ სტალინური წრთობის კადრებზე წერილებს რომ აქვეყნებ, შენი წერილებისთვის უფრო კარგ ობიექტს ვერ შეარჩევ, მასალას კი მე მოგაწვდი. საღამოს გამოგიგზავნი მის მიერ ახლახან გამოცემულ შესანიშნავ წიგნს და, რომ წაიკითხავ, მიხვდები, ვინ არის ნოდარ მეძმარიაშვილი.

საღამოს ბატონი ანზორის მძღოლმა, ჩემმა მეგობარმა მიშამ, წიგნი გადმომცა. ჩანთიდან ამოვიღე აკურატულად ჩადებული საკმაოდ მოზრდილი ფორმატის გამოცემა, ისეთი, დანახვისთანავე თვალს რომ მოგტაცებს. გემოვნებით გაფორმებულ გარეკანზე ოსტატობით შესრულებულ სურათს ერთვოდა დამაინტრიგებელი სათაური “ოქროს აკვანი მოწამეთაში”, ავტორი ნოდარ მეძმარიაშვილი. წიგნის ფურცელ-ფურცელ თვალიერება დავიწყე. აღმოჩნდა, რომ 400-გვერდიანი წიგნის მესამედი სტალინს ეძღვნება. ერთ ეპიზოდს ინტრიგისთვის ახლავე შემოგთავაზებთ. სხვა უამრავ მეგობარს შორის ბატონ ნოდარ მეძმარიაშვილს სტალინის თანამედროვე და სტალინთან შეხვედრილი დიდი თუ პატარა თანამდებობის პირები მეგობრებად უქცევია, მათ შორის პოპულარული მსახიობი ლეონიდ უტიოსოვი, რომლის მონაყოლიც ბატონ ნოდარს უცვლელად შეუტანია თავის მემუარებში:

დონბასი

სტალინი და ლეონიდ უტიოსოვი

ომის წინა წლებში მოსოვში, კრემლში, სტალინის წინადადებით “პოლიარნიკებისთვის” შეხვდრა მოაწყვეს. საზეიმო ნაწილის შემდეგ, “ჩელუსკინელების” ექსპედიციის მონაწილეებისთვის, მათი გადამრჩენი მფრინავებისთვის, ჩრდილოეთ პოლუსზე მოდრეიფე პაპანინის ჯგუფისა და სხვა გმირებისთვის, კრემლის წახნაგოვან პალატაში სტალინისა და პოლიტბიუროს სხვა წევრების მონაწილეობით საზეიმო ბანკეტი გაიმართა. საკონცერტო ნაწილში საბჭოთა ხელოვნების კორიფეები გამოდიოდნენ. უკრავდა ლეონიდ უტიოსოვის ჯაზ-ბენდიც. უტიოსოვი თავის წიგში “სიმღერით ცხოვრების გზაზე” წერს: “რამდენიმე პოპულარული ნომერი შევასრულეთ, ამ დროს ჩემთან მოვიდა მამაკაცი და ჩუმად მითხრა:

_ დაუკარით და იმღერეთ სიმღერა “ს ოდესკოგო კიჩმანა ბეჟალი დვა ურკანა”.

_ თვალები შუბლზე ამივიდა, თმა ყალყზე დამიდგა, ეს “შავი სამყაროს” ერთ-ერთი “ბლატნოი” სიმღერა იყო. ამ ადამიანს ყველაფერი ავუხსენი და სიმღერის შესრულებაზე უარი განვუცხადე. ის გაბრუნდა. თვალი გავაყოლე, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ ვიღაც მამაკაცთან მივიდა და ყურში რაღაც უჩურჩულა. მანაც მოისმინა, გულმოსულმა თავი გაიქნია და ჩემკენ გამოემართა.

_ მე უშიშროების პოლკოვნიკი ვარ, სიმღერის შესრულება თვითონ სტალინმა მოითხოვა, ახლავე შეასრულეთ ეს ნომერი! _ ყურში მითხრა უცნობმა.

_ რაღას ვიზამდი?! ბიჭებს გადავულაპარაკე, მათაც გაუკვირდათ, მაგრამ სიმღერა მაინც სიამოვნებით შევასრულეთ. ტექტს მთელი სერიოზულობით ვმღეროდი, იყო ტაში. არ მეშლება, სტალინს თვალზე ცრემლი შევნიშნე!”

მკითხველს გაუჩნდება კითხვა: რა კავშირი აქვს მოწამეთაში დადგმულ ოქროს აკვანს ჩვენს იუბილართან (წიგნი ბატონ ნოდარ მეძმარიაშვილის მრგვალ თარიღს ეძღვნება. ავტორი წლოვანებას არ მიუთითებს და მე რა უფლება მაქვს გავთქვა?!)?

საქმე კი შემდეგშია: აზნაურ ნესტორ მეძმარიაშვილსა და მის მეუღლე ვასასი გელაზონიას ოთხი ულამაზესი გოგონა გაუჩნდათ და გაზარდეს კიდეც სახელოვან ადამიანებად, მაგრამ “აზნოური, რისი აზნოურია, თუ გვარის გამგრძელებელს არ დატოვებს?” ეს ძალიან აწუხებდა ახოვანებით გამორჩეულ ნესტორს. სხვისი რჩევით თუ ღმერთის შეგონებით, დაგროვებულ ოქროს კიდევ მიუმატეს და ოქრომჭედელს მიადგენენ, რათა ამ ოქროს სამკაულებიდან მოხატული ოქროს აკვანი გაეკეთებია. ამ აკვნით ხელდამშვენებული ცოლ-ქმარი მოწამეთის ეკლესიის ეზოში შევიდა და ძვირფასი შესაწირი დიდი რიტუალით ეკლესიაში შეაბრძანა, შემდეგ ლოცვა აღავლინა, მემკვიდრის გაჩენის თხოვნით და დიდი ძღვენი უფალს შესწირა. ერთი წლის თავზე, 1900 წლის 20 ოქტომბერს, ღვთის მადლითა და ოქროს აკვნის ძალით ქვეყნიერებას მოევლინა აკაკი ნესტორის ძე მეძმარიაშვილი _ ბატონი ნოდარის მამა. ნესტორ მეძმარიაშვილი და ქალბატონი ვასასი ოჯახისა და ქვეყნის წინაშე ვალმოხდილი აღესრულნენ, მათ მიერ მოწამეთაში დადგმული ოქროს აკვანი კი დღესაც არ კარგავს თავის ბრწყინვალებას და საქართველოს უმრავლებს მეძმარიაშვილების გვარს…

1949 წელს ნოდარ მეძმარიაშვილი, როგორც წარჩინებული სტუდენტი და მომავლის იმედი, საწარმოო პრაქტიკის გასავლელად მოსკოვში მიავლინეს. ხარბი ქალაქის მიერ გამოჭმული სტუდენტური მწირი ბიუჯეტი არ იძლეოდა საშუალებას, პრაქტიკის წარმატებით გავლის შემდეგ სამშობლოში დროულად დაბრუნებულიყო, რადგან მატარებლის იაფასიანი ბილეთები გაყიდული იყო. ძვირად ღირებული ბილეთის შესაძენად თანხა არ ჰქონდა. მოსკოვში, ტვერის ბულვარზე, მეგობართან ერთად მიმავალი ნოდარი ხმამაღლა მსჯელობდა, როგორ ჩასულიყვნენ სამშობლოში დროულად. მათ უკან მომავალი დაბალი, ჭარმაგი კაცი ყურს უგდებდა ორი ახალგაზრდის საუბარს. ახალგაზრდების შეჩერებისას კაციც ჩერდებოდა, ასე გაგრძელდა, სანამ ერთ დიდ შენობას არ გაუსწორდნენ. აქ კი ჭარმაგი კაცი დაწინაურდა, სადარბაზოსთან შეჩერდა და ახალგაზრდებს უთხრა, გაჰყოლოდნენ. მესამე სართულზე წითელი ხალიჩით გაწყობილ დერეფანში მიდიოდნენ, როცა ისინი ერთ კართან შეაჩერა კაცმა და ოთახში შეუძღვა. ოთახის კართან პატარა აბრაზე ეწერა: “სატყეო მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ბესარიონ ჩოდრიშვილი”. ბიჭები მიხვდნენ, სადაც მოხვდნენ. “ბესარიონ ჩოდრიშვილი რომელიღაც თანამშრომელს ტელეფონით მოეთათბირა და ცოტა ხნის შემდეგ კონვერტში ჩადებული ორი ძვირად ღირებული ბილეთი გადმოგვცეს მატარებლისა, რომელიც მეორე დღის 12 საათზე გადიოდა. მდაბლად დავუკარი თავი მასპინძელს და გარეთ გამოვედით”, _ იგონებს ბატონი ნოდარი.

ომის შედეგად დანგრეული შენობები ქ. სტალინოს ცენტრში
ომის შედეგად დანგრეული შენობები ქ. სტალინოს ცენტრში

მოსკოვიდან მომავალი სტუდენტი მეგობრები ცნობილი რევოლუციონერის, სტალინის მეგობრის _ სერგო ქავთარაძის კუპის გვერდით მოხვდნენ. სერგო მალე მიხვდა, რომ სტუდენტი ახაგაზრდები საკმარისად ვერ ნაყრდებოდნენ. იმ სადგურებში, რომლებშიც იყიდებოდა კვების პროდუქტები, სერგო ქავთარაძე ახალგაზრდებს ავალებდა, ჩასულიყვნენ, პროდუქტები შეეძინათ და ვაგონში ამოეტანათ იმდენი რაოდენობის, რამდენსაც სერგო უკვეთავდა. შემდეგ სანოვაგე ორად იყოფოდა. ასე კომფორტულად ამგზავრეს ორი ხელმოკლე სტუდენტი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსკოვიდან თბილისამდე. დღეს კი ხელისუფლების წარმომადგენლები არათუ მხარში უდგანან სტუდენტობას და საზოგადოებას, ჩვეულებრივი მოკვდავისთვის მათი სახის დანახვაც კი შეუძლებელია ტელეეკრანის მიღმა.

ომში დანგრეული საბჭოთა კავშირი ევროპასთან ერთად ფეხზე დგებოდა, ფეხზე დგებოდა ნოდარ მეძმარიაშვილიც, როგორც თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საამშენებლო ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი, რომელიც ბოლო სასწავლო პრაქტიკის გასავლელად მოსკოვში სოფლის მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ქართული პავილიონის სარეკონსტრუქციის სამუშაოებს ასრულებდა. ასე ყალიბდებოდა ნესტორ და ვასასი მეძმარიაშვილების შვილიშვილი _ ნოდარ მეძმარიაშვილი. ის შემდეგ იმ ოქროს აკვნიდან ამოყვანილი ყრმა იქნება, რომელიც მსოფლიოში ცნობილ სამრეწველო ცენტრ დონეცკს ააშენებს და მისი საპატიო მოქალაქეც გახდება.

ასე გამოიყურება დონეცკი დღეს
ასე გამოიყურება დონეცკი დღეს

შეიძლება აღწერო მოვლენა, შემთხვევა, ტრაგედია, კომედია, მაგრამ აღწერა იმ შრომისმოყვარეობის, გამძლეობისა და საქმისადმი სიყვარულის, რომელიც ნოდარ მეძმარიაშვილმა დონბასში გამოავლინა, ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება. რამ შეაძლებინა შეუძლებელი ბატონ ნოდარს? _ დონბასში ჩასულ ნოდარ მეძმარიაშვილს იქ დახვდა კავშირის მასშტაბით ცნობილი სამთო საქმის სპეციალისტი, საბჭოთა კავშირის ქვანახშირის მრეწველობის მინისტრის მოადგილე ელიზბარ მინდელი, რომელიც სტალინის უშუალო მითითებით, დანგრეული მაღაროების უსწრაფესად აღსადგენად იყო მივლინებული. ბატონი ელიზბარი ე. წ. მინისტრის სახლში ცხოვრობდა, სადაც ხშირად იბარებდა ახალგაზრდა ინჟინერს, რომლის სკრუპულოზურად შესრულებული სამე მეტად მოსწონდა. ახალგაზრდებისადმი არანაკლებ ყურადღებას იჩენდა ბატონ ელიზბარის მეუღლე _ თამარ ახვლედიანი. ნოდარ მეძმარიაშვილი თავის პირველ მასწავლებლად და გზის გამკვლევად სწორედ სტალინური წრთობის კადრს _ ელიზბარ მინდელს მიიჩნევს.

მკითხველი უკეთ რომ გაერკვეს, რას და რატომ ედავებიან უკრაინელები და რუსები ერთმანეთს დონეცკის ოლქში, დონეცკის ამშენებელს ნოდარ მეძმარიაშვილს მოუსმინოთ:

დონეცკი (სტალინო)

“ქალაქი სტალინო ახალგაზრდა ქალაქია, მისი დაარსების თარიღი 1869 წელია, როდესაც ინგლისელმა ბიზნესმენმა, ჯონ ჰიუზმა, ამ ადგილას მეტალურგიული ქარხნის მშენებლობა დაიწყო, ქარხნის ირგვლივ მუშათა და მოსამსახურეთა დასახლება გაჩნდა. ამ დასახლებას დამფუძნებლის პატივსაცემად მისი სახელი უწოდეს _ იუზოვკა.

* ქალაქის სტატუსი დასახლებამ 1917 წელს მიიღო, ამ დროისათვის მცხოვრებთა რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია.

* 1924 წელს ქალაქ იუზოვკას სახელი გადაარქვეს და სტალინო უწოდეს.

* 1932 წელს ამ ადგილას დაარსდა ოლქი, რომლის დედაქალაქიც სტალინო გახდა, იმავე წელს შემუშავდა ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმა.

* 1941 წლის 26 ოქტომბრიდან 1943 წლის 8 სექტემბრამდე გერმანელმა ფაშისტებმა სტალინო ოკუპაციაში მოაქციეს და თითქმის მთლიანად გაანადგურეს.

* 1947 წელს ქალაქის ომისშემდგომი რეკონსტრუქცია დაიგეგმა, შედგა მისი განვითარების გენერალური გეგმაც.

* მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ქალაქის ცენტრალური და მთავარი ქუჩები გაშენდა.

* 1958 წელს დასრულდა ქალაქ სტალინოსა და მთლიანად ოლქის სასმელი და სარწყავი წყლით მომარაგების გრანდიოზული გეგმა “სევერსკი დონეცკ-დონბასის ხელოვნური მდინარის მშენებლობა”, ამ მხრივ სიტუაცია შეიცვალა. ქალაქი ბაღებითა და სკვერებით დამშვენდა, განვითარდა სოფლის მეურნეობა. ეს ყველაფერი სტალინის პირადი მითითებითა და სტალინური კადრების მონდომებით, მათი გმირული შრომით შესრულდა.

* 1961 წელს ნ. ხრუშოვმა გადაარქვა ქალაქს სახელი და დაარქვა დონეცკი.

* 1961 წელს დონეცკში მემილიონე მოქალაქე დაიბადა. ამ ფაქტის აღსანიშნავად ქალაქში მილიონი ვარდი დარგეს. ამავე წელს დონეცკს “მილიონი ვარდის ქალაქი” უწოდეს. 1970 წელს ქალაქი დონეცკი ლენინის ორდენით დაჯილდოვდა.

სწორედ ამ ქალაქში ჩავიდა 1951 წლის ივნისის ერთ მზიან დღეს სტალინური წრთობის გასავლელად კიდევ ერთი ქართველი ყმაწვილი. აი, როგორი დახვდა მას ქალაქი.

1957 წელს 25 აგვისტოს აღინიშნა მაღაროელთა დღე. ქვეყნის პოპულარულ გაზეთ “პრავდის” იმ დღის ნომრის პირველ გვერდზე ერთადერთი ფოტო გამოქვეყნდა მინაწერით: “ჩარხმშენებელი სამმართველოს უფროსი ნოდარ მეძმარიაშვილი ულოცავს მაღაროელთა ბრიგადას პირველი ქვანახშირის მოპოვებას.

დონბასელთა შრომის შედეგებზე აჭრელებული იყო საკავშირო თუ ადგილობრივი პრესის ფურცლები, გაზეთების პირველ გვერდებზე იბეჭდებოდა ნოდარ მეძმარიაშვილისა და გმირი მეშახტეების პორტრეტები. “ზეიმი ზეიმს მისდევდა, წარმატება _ წარმატებას. შრომითმა მიღწევებმა მიბიძგა სტუმართმოყვარეობისაკენ, _ იგონებს ბატონი ნოდარი, _ და მეც გადავწყვიტე, ჩვენი სამმართველოს უდიდესი მოგების ხარჯზე მოწინავე მეშახტეებისათვის პიკნიკი მომეწყო. მოვაწყვე კიდეც. ამ პიკნიკის ამბავი ზემდგომ ორგანოებში შეიტყვე და ზედმეტ ხელგაშლილობად ჩათვალეს. დაავალეს რაიონულ კომიტეტს, საკითხი ბიუროზე განეხილათ, ჩემს დასაცავად აღდგა დიდი თუ პატარა. სასჯელმა საყვედურზე გადაიარა, როცა შეეძლოთ პარტიიდანაც კი გავერიცხე”.

დღეს, პიკნიკს მართავს კი არა, მილიონებს ისე მოისვრის მშიერი ქვეყნის ხელისუფლება, უკანაც არ მოიხედავს. ეს მაშინ, როდესაც მიწისქვეშეთიდან შავი ოქრო გამოდიოდა, დღეს კი კაპიკის ღირებულების არაფერი კეთდება.

ბატონ ნოდარს “გრძელი როქის” გაკეთება მოუწია. ოღონდ არა თავისი ნებით, არამედ ხელისუფლების მოფიქრებითა და დაინტერესებით. მიწისქვეშეთის რაინდი მიწის ზედაპირზე ამოიყვანეს და ოლქის ბინათმშენებლობა ჩააბარეს. თუმოკლე როქიის იყო, რომ პრესტიჟული საამშენებლო ფაკულტეტისუპატრონოფრიადოსანი სტუდენტების ერთი ნაწილი (15 სტუდენტი) სამთო ფაკულტეტზე გადაიყვანეს (სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე), დადგა დრო, რომ მასგრძელი როქისგაკეთებაც მოუწია და საგუბარში წყალი ისევ ჩადგა და ნახიდარზე ხიდი ისევ გაიდო. ბატონმა ნოდარმა არც აქ შეირცხვინა თავი და დონბასის აღმშენებელთა პირველი თაობის მეთაური გახდა. უდიდესი წარმატება, რომელიც ბატონ ნოდარს დაუღალავმა შრომამ მოუტანა, იყო ის, რომ იუნესკოს მსოფლიო კონკურსზე ახალგაზრდა განვითარებად ინდუსტრიულ ქალაქებს შორის დონეცკი გამარჯვებული გამოვიდა. მეშახტეთა დასახლებამ მყისვე გაითქვა სახელი მსოფლიოში, როგორც ულამაზესმა ქალაქმა. ყველაფერი კი იმ ვარდის ნერგებით დაიწყო, რომლებიც ქართველმა ყმაწვილმა სიყვარულითა და მზრუნველობით საქართველოდან დონეცკში ჩაიტანა.

1991 წელს, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ელჩი რუსეთის ფედერაციაში, ტელეფონით დაუკავშირდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ბოლო მინისტრს, მარშალ იაზოვს და სთხოვა საქართველოს დელეგაციის მიღება სხვდასხვა საკითხზე სასაუბროდ, დელეგაციის მიღებამდე კი სთხოვა, პირადად მიეღო. იაზოვმა ნოდარ მეძმარიაშვილი იმავე დღეს, საღამოს 22 საათზე, მიიღო თავის კაბინეტში.

“დანიშნულ დროს მარშალთან გამოვცხადდი. გულითადად მიმიღო. მისი სამუშაო მაგიდის კუთხეში ვიჯექი. იქვე ახლოს ორი სქელი წიგნი დავინახე, უბრალო მწვანე ყდით _ “სამამულო ომის ისტორია”. კარგად ვიცნობდი ამ სერიის ყველა გამოცემას, თუმცა ასეთი ეგზემპლარი ნანახი არ მქონდა, დავინტერესდი ამ ჩემთვის უცნობი გამოცემით.

_ ის ჯერ არ გამცემულა, ახლა ვუკეთებ რედაქტირებას, ჩემი აზრით, მასში სტალინის როლი დაკნინებულია და ისტორულ სინამდვილეს არ შეესაბამება. სამამულო ომის წლებში ლეიტენანტი ვიყავი, სტალინისა და სამშობლოსთვის თავს ვწირავდი, ახლა ამ გამოცემის მთავარი რედაქტორი ვარ და ამიტომ, სანამ კორექტირებას არ შევიტან, წიგნი არ დაიბეჭდება! _ განმიმარტა მარშალმა.

სტალინი და სამამულო ომი ჩემი საყვარელი თემა იყო. საუბარს შუა ღამემდე შევყევით.

საქართველოს დელეგაცია მოკოვში მეორე დღეს ჩამოფრინდა. დელეგაციის წევრები წინასწარ გავაფრთხილე: იაზოვი სტალინის თაყვანისმცემელია და შეეცადეთ, ცუდი არაფერი თქვათ მის შესახებ-მეთქი. შეხვედრა უსიამოვნო ექსცესით დაიწყო. დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა ჩემი რჩევა არ გაითვალისწინა და დაიწყო სტალინის აუგად მოხსენიება; ვანიშნებდი, გაჩუმებულიყო, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ვხედავ, საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრი სახეზე წამოჭარხლდა, ბოლოს ვეღარ მოითმინა, მაგიდას ხელი დაარტყა და ბრძანების კილოთი განუცხადა ქართულ დელეგაციას:

_ ვის უყვებით ამ ზღაპრებს, მე სტალინის ხელმძღვანელობით ვიცავდი სამშობლოს, მის ბრძანებებს ვასრულებდი, მზად ვიყავი, ტანკს დაუფიქრებლად შევვარდნოდი, სამშობლოსა და სტალინისათვის გამეწირა თავი!

სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ბოლოს ისევ იაზოვმა გამოგვიყვანა მდგომარეობიდან და მომმართა:

_ ნოდარ აკაკის ძევ, თქვენ მთხოვეთ, სადესანტო ასეულის სოხუმიდან გაყვანა, ახლავე გადავწყვეტ ამ საკითხს! _ თქვა მინისტრმა, ღილაკს თითი დააჭირა და გენერალი ოჩალოვი გამოიძახა. ორიოდე წუთში მის კაბინეტში შემოვიდა მაღალი, მშვენიერი გარეგნობის ახალგაზრდა გენერალი და მინისტრს უპატაკა:

_ ამხანაგო საბჭოთა კავშირის მარშალო, გენერალი ოჩალოვი თქვენი ბრძანებით გამოცხადდა!

_ თქვენი სადესანტო ასეული აფხაზეთშია გადასროლილი, ახლავე გაფრინდით სოხუმში და ხვალ, 12 საათზე სოხუმიდან ტელეფონით პირადად მომახსენეთ, რომ დესანტი აფხაზეთიდან გაყვანილია. გასაგებია?

_ გასაგებია, ამხანაგო საბჭოთა კავშირის მარშალო.

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დაუყოვნებლივ ვაცნობე ეს სასიხარულო ამბავი, თან ვთხოვე, ოჩალოვს ღირსეულად დახვედროდნენ.

მეორე დღეს რუსულმა ასეულმა მართლაც დატოვა სოხუმი”.

გაზეთის ფორმატი საშუალებას არ მაძლევს, სრულად მოგიყვეთ ლეგენდარული ქართველის, სახელმოხვეჭილი მშენებლისა და საზოგადო მოღვაწის შესახებ, რომლის შესახებაც აღწერილია შესანიშნავ წიგნში “ოქროს აკვანი მოწამეთაში”. წერილის წერის დაწყებამდე ბატონ ჯუმბერ პატიაშვილს დავურეკე და ვკითხე: ბატონო ჯუმბერ, ჩანახატს ვაკეთებ ნოდარ მეძმარიაშვილზე, მე დიდ ქართველად მესახება მისი პიროვნება, გადაჭარბებული ხომ არ არის ჩემი წარმოდგენა მასზე-მეთქი.

_ რაც უნდა მოინდომო, ნოდარ მეძმარიაშვილის გაკეთებულ საქმეებზე გადაჭარბებულ შეფასებას ვერ გააკეთებ. ის უაღრესად ნიჭიერი, შრომისმოყვარე, პატრიოტი და ნამდვილად დიდი ქართველია. ნოდარ მეძმარიაშვილმა ააშენა დონეცკი, რომელზეც ისევე წუხს, როგორც თავის ქალაქზე, _ მიპასუხა ბატონმა ჯუმბერმა.

დასასრულ, ბოდიშს ვუხდი ბატონ ნოდარს, რომ ამ წერილში ჯეროვანი პატივი ვერ მივაგე მის უბრწყინვალეს მეუღლეს _ გალინას, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ბატონი ნოდარისა და მისი დიდებული ოჯახის შექმნა-ბედნიერებაში. ნათელში იყოს მისი სული!

გრიგოლ ონიანი

P.S. ძვირფასო მკითხველო! სტალინის მოღვაწეობისა და ჩვენი უახლესი ისტორიის შესახებ ახალი საარქივო მასალების მოსაპოვებლად მივემგზავრები როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, აგრეთვე, ევროპაში. ახალი და საინტერესო მასალებით სექტემბრიდან დავუბრუნდები ჩვენს საყვარელ გაზეთსაქართველო და მსოფლიოს”.

გაწეული თანაგრძნობისა ყურადღებისთვის კი, მადლიერების ნიშნად, თავს გიხრით!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here