Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ 21 დეკემბერი

სტალინი _ 21 დეკემბერი

1930
სტალინი

ხვალ სტალინის დაბადების დღეა. განგებ არ ვასახელებ, მერამდენედ აღნიშნავს ადამიანთა გარკვეული ნაწილი ამ საკრალურ დღესასწაულს, რადგან წმინდანთა აღმნიშვნელ დღეებს წლოვანება არ აქვს. თუ ჩემგან სტალინის წმინდანად მოხსენიება ვინმეს მკრეხელობად მიაჩნია, ეს მისი პრობლემაა. ჩემი თვალსაზრისის საფუძველი კი, უწინარესად, საბჭოთა კავშირის პირველ მარშლად აღიარებული როკოსოვსკის მიერ ხრუშჩოვისადმი პირში მიხლილი სიმართლეა: “სტალინი ჩემთვის წმინდანია!” და, თუ ვინმეს შეუძლია თქვას, რომ ძე კაცისათვის სტალინი წმინდანია, მეც მაქვს პრეტენზია, განვაცხადო: სტალინი ჩემთვის წმინდანია!

თუ იმასაც დავუმატებთ, რომ 1956 წლამდე ყველა ქრისტიანულ ეკლესიაში ლოცვებში სტალინი ოფიციალურად მოიხსენიებოდა წმინდანად, ხოლო 1953 წლის 9 მარტს (სტალინის დაკრძალვის დღეს) მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი I-მა სტალინი ღვთის მიერ მოვლენილად მოიხსენია, ამის შემდეგ ყველა მსურველს აქვს უფლება, ხრუშოველთა ბოდვების მიუხედავად, სტალინი თავის წმინდანად აღიაროს.

არ ვარ დაკავებული და არც დაინტერესებული იმით, რომ სტალინის კანონიზაციაში ჩავერიო და იმ დროს, როცა მსოფლიოს ქრისტიანულ ეკლესიაში ასე მომრავლდნენ სატანისტები, ღვთის მგმობი ათასი ჯურის ადამიანები, მათში სტალინის სახელიც გავურიო.

შილერის გენიალურ გამონათქვამს თუ მივუსადაგებთ სტალინს, მაშინ საკითხის განხილვა უფრო ნათელი იქნება: “მლოცველს არ განუდიდებია ღმერთი ისე, როგორც თავისუფალი მოაზროვნის ძაგებას”.

ამერიკის შეერთებული შტატები, საერთოდ, დასავლეთი, რაც მეტს ცდილობს და მილიონობით დოლარს ხარჯავს დესტალინიზაციისთვის, მით უფრო იზრდება და ფართოვდება სტალინიზმის საფუძვლები, რისი აშკარა მაგალითიც იყო ცოტა ხნის წინათ საქვეყნოდ გახმაურებული და გავრცელებული მოწოდება: “დავიკავოთ უოლ-სტრიტი”, რომელსაც მოჰყვა მილიონობით ჩაგრულთა საპროტესტო გამოსვლები, არა მხოლოდ უოლ-სტრიტზე, არამედ ტრაფალგარზე, ელისეს მინდვრებზე, ბრანდენბურგის მოედანზე თუ სისხლისმწოველი კაპიტალისტური ქვეყნების ცენტრალურ ადგილებზე. ეს მოწოდება სხვა არაფერი არ იყო, თუ არა მარქსის “მანიფესტიდან” აღებული მოწოდება: “პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!”.

თუ ამ მოწოდებას ძირმომპალი კაპიტალიზმის მყისიერი დამხობა არ მოჰყვება, თვით კაპიტალიზმის სამყაროში დაიბადება ქრისტესმიერი ადამიანი, რომელიც მეორე სტალინი გახდება და დაიწყებს ადამიანთა თანასწორუფლებიანობისა და სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლის კამპანიას.

გენიოსი გალაკტიონი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში წინასწარმეტყველებდა დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკური ორომტრიალის საბოლოო შედეგებს, როდესაც წერდა:

ეხლა სხვა დროა, დიდო სიმღერავ,

კვლავ გაფოლადდი და გატიტანდი!

ისევ აენთო აღმოსავლეთი,

ისევ ბრძოლამაც იცვალა ფერი,

რაც ცხოვრებაში არის სიმართლე,

დაბრუნდა ყველა და ყველაფერი,

მზე ამოსული აღმოსავლეთით

დასავლეთით არ ჩაესვენება,

ისევ რეალურ უკვდავებათა

ეპოქას მოაქვს მთელი მშვენება”.

სტალინიზმი და სტალინური მეთოდებით ქვეყნის მართვის ხელოვნება, ქვეყნის სამხედრო და ეკონომიკურად გასაძლიერებლად, კვლავ იქნება საჭირო მსოფლიოს გეოპოლიტიკური გადანაწილების ორომტრიალში და როგორ სასაცილო მდგომარეობაში ჩავარდებიან დღევანდელი თუ დღემდე არსებული პიგმეები, როდესაც ამისი გატარების აუცილებლობის პირობები დადგება. მაშინ კი თავში შემოირტყამენ ხელს და მოიგონებენ გენიოსი ჰეგელის სიტყვებს შურიან ადამიანებზე, რომლებსაც აღიზიანებთ სხვისი სიდიდე და სიდიადე: “სკოლის რომელი მასწავლებელი არ ასაბუთებდა, რომ ალექსანდრე მაკედონელი და იულიუს კეისარი ვნებებს იყვნენ აყოლილნი და ამიტომ უზნეო ადამიანები იყვნენ! აქედან პირდაპირ გამომდინარეობს, რომ იგი _ სკოლის მასწავლებელი, მათზე უკეთესია, რადგან მას არ აქვს ასეთი ვნებები და ამას იმით ამტკიცებს, რომ არ იპყრობს აზიას” (ჰეგელი, “ისტორიის ფილოსოფია”).

მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ჩავლილი იქნება და მათი მოღვაწეობაც თოვლზე დაწერილი “ისტორიული ეპოქა” იქნება.

ალექსანდრე ზინოვიევი სტალინის წინააღმდეგ დაგეგმილი და განუხორციელებელი ტერორისტული აქტის მონაწილე იყო, რომელმაც 20 წლით ამერიკის შეერთებულ შტატებს შეაფარა თავი. შემდეგ კი საცხოვრებლად გერმანიაში, მიუნხენში, გადასახლდა. ზინოვიევის კალამს ეკუთვნის 36 სქელტანიანი წიგნი, რომლებიდანაც 20 (ამერიკაში დაწერილი) სტალინისა და სოციალიზმის გინებაზეა აგებული, ხოლო მიუნხენისდროინდელი 16 წიგნი სრულიად საპირისპირო აზრებითაა გაძეძგილი და ეს გააფთრებული ფილოსოფოსი, აკადემიკოსი, პოლიტოლოგი და სახელგანთქმული მწერალი დღეს მსოფლიოში აღიარებული სტალინისტია. გთავაზობთ ალექსანდრე ზინოვიევის ნაშრომებიდან ზოგიერთ ამონარიდს:

* “ცხოვრებაში ბევრი საშინელების გადატანა მომიწია და, ალბათ, ყველაზე დიდი საშინელება იყო ის, რაც 1992 წელს ბერლინში განვიცადე. რაიხსტაგის აღდგენილი შენობის ახლოს დავინახე სავაჭრო ფარდულების გრძელი რიგები, რომლებშიც ყოფილი საბჭოთა კავშირის მცხოვრებნი ყიდდნენ საბჭოთა ორდენებსა და მედლებს, რომელთა უმეტესი ნაწილი განეკუთვნებოდა ჰიტლერული გერმანიის წინააღმდეგ 1941-1945 წლების სამულო ომის პერიოდს. ესენი იყვნენ შედარებით ახალგაზრდა, კარგად ჩაცმული, მაძღარი, ჯანმრთელი ადამიანები. ყველას, როგორც მათთან საუბრიდან შევიტყვე, საშუალოზე დაბალი განათლება არ ჰქონდა, ზოგიერთი უმაღლესდამთავრებულიც იყო, ერთს კი სამეცნიერო ხარისხი ჰქონდა, თითქმის ყველა თავის დროზე კომკავშირის წევრი იყო, ბევრი მათგანი ადრე _ სკკპ წევრიც. ახლა იმით ტრაბახობდნენ, რომ პარტბილეთები დაწვეს. ჩემს შენიშვნაზე, რომ მათ მიერ გასაყიდად გამოტანილი ჯილდოები ეკუთვნოდათ იმ პირებს, რომლებმაც კაცობრიობა ფაშიზმისგან იხსნეს, მიპასუხებდნენ: სჯობდა, ფაშისტებს გაემარჯვათო, მაშინ ცივილიზებულ საზოგადოებაში ვიცხოვრებდითო. ჩემი შენიშვნა, რუსების მიმართ ჰიტლერელების გეგმებსა და ჩვენს მიწაზე გერმანელების მხეცობის თაობაზე სასაცილოდ აიგდეს, როგორც უაზრო კომუნისტური პროპაგანდა. ეს ხომ ის ადამინები იყვნენ, რომლებმაც საბჭოთა წყობილების წყალობით მიიღეს უფასო უმაღლესი განათლება და ბევრი სხვა რამ, რაც “ცივილიზებული სამყაროს” მოქალაქეთა უმეტესობის აუხდენელი ოცნებაა. ეს ადამიანები აშკარად თვალთმაქცობდნენ და ფეხს უწყობდნენ სიტუაციას. მათ ჩემზე ნაკლებად როდი იცოდნენ ის, რაზედაც ვლაპარაკობდი. ისინი იძულებით არ ჰყიდდნენ თავიანთი ქვეყნის პატივსა და დიდებას, არც გაჭირვება აიძულებდათ, არც კომუნიზმის წინააღმდეგ მებრძოლები იყვნენ. ისინი იყვნენ ჩვენი ქვეყნის ტოტალური ღალატისა და ტოტალური კაპიტულაციის თანამონაწილენი იმ მტრული ძალების მიმართ, რომლებმაც რევანში აიღეს.

1980-იანი წლების დამდეგს გერმანიაში პოპულარული იყო ლოზუნგი “მკვდარს წითელი სჯობს”. იმ პერიოდში დასავლეთში არ შემხვედრიან ადამიანები, რომლებსაც ეჭვი ეპარებოდათ საბჭოთა კავშირის ძლიერებაში. ხშირად მისვამდნენ კითხვას: აქვს კი დასავლეთს შანსი, გადაურჩეს მისი მხრიდან წამოსულ საფრთხეს? გავიდა რამდენიმე წელიწადი და სიტუაცია საპირისპიროდ შეიცვალა: საბჭოთა ძლიერების წინაშე შიში შეიცვალა საბჭოთა უძლურებისადმი ზიზღითა და ღვარძლით. და აი რაიხსტაგის შენობის გვერდით, რომელზეც 1945 წელს გამარჯვების დროშა აღვმართეთ, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები გროშებზე ყიდდნენ ჩვენი ძველი დიდების ნიშნებს.

ჩვენ გავიმარჯვეთ ისტორიაში ყველაზე საშინელ ომში ჩვენ წინააღმდეგ ოდესმე მეომარ ყველაზე ძლიერ და სასტიკ მოწინააღმდეგეებზე. ხაზს ვუსვამ, უპირველეს ყოვლისა და უმთავრესად, ჩვენ, საბჭოთა ხალხმა, და არა ჰიტლერული გერმანიის დასავლელმა მოწინააღმდეგეებმა. დასავლეთში ყველანაირად აკნინებენ, ამახინჯებენ ან აფუჩეჩებენ ჩვენს როლს ამ ომში. თვითონ მიიწერენ ძირითად დამსახურებებს. აქ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვან, რომ ჩვენ და არა მათ გამოიჩინეს თავი ამ ომში ყველაზე პატიოსნებად, ვაჟკაცებად და თავდადებულებად. გამოიყენეს რა მოხერხებული სიტუაცია, საერთოდ მოგვპარეს გამარჯვება. ჩვენ კი თვითონ წამოვწიეთ ჩვენი წრიდან მრავალი მოღალატე, ლაქია და შემგუებელი, რომლებიც მზად არიან, გროშის ფასად და სრულიად მუქთადაც გადაულოცონ მტრებს ჩვენი ისტორიული მიღწევები.

1941-1945 წლების ომის დახასიათებისას ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში წინა პლანზე სწევდნენ იმას, რომ ეს იყო განმათავისუფლებელი და სამამულო ომი, რომ საბჭოთა ადამიანებმა, შეპყრობილებმა პატრიოტიზმით, გადაიტანეს წარმოუდგენელი სიძნელეები, გამოიჩინეს უმაგალითო გმირობა და ამის გამო გავიმარჯვეთ ამ ომში. თავის დროზე ეს მშვენივრად ესმოდა პლანეტაზე ყველა გონივრულად მოაზროვნე ადამიანს, მათ შორის, დასავლეთის ანტიკომუნისტურ ძალებსაც. უკანასკნელებმა, რომლებიც ფუჭად არ კარგავდნენ დროს, დაიწყეს ახალი ლაშქრობა კომუნისტური რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი სამარცხვინო კაპიტულაციით დამთავრდა. გერმანული ფაშიზმის სერიოზულ პოლიტიკურ ძალად გამოჩენისთანავე სტალინი ყოველთვის ლაპარაკობდა იმ საფრთხეზე, რომელიც ფაშიზმს ახლდა. საბჭოთა ახალგაზრდობა იზრდებოდა იმის წმენით, რომ მოუწევდა ომი ფაშისტურ გერმანიასთან. მათ თვალწინ ხდებოდა დასავლეთის მმართველი წრეების მაქინაციები, რომ ჰიტლერელი ფაშისტების საშუალებით გაენადგურებინათ ჩვენი ქვეყანა.

ვიხედები რა უკან, მინდა, ვაღიარო, რომ მსოფლიოში პოლიტიკური სიტუაციის სტალინური შეფასება სავსებით სწორი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარეობდა ორი ომი _ ომი კაპიტალისტურ ქვეყნებს შორის მსოფლიოს გადასანაწილებლად და კაპიტალისტური სამყაროს ომი კომუნიზმის წინააღმდეგ. სტალინმა შეძლო პლანეტის ძალების მობილიზება ჩვენი კომუნისტური ქვეყნის დასაცავად და წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია. როგორც პოლიტიკური მოღვაწე, ის დასავლეთში ყველა ერთად აღებულ პოლიტიკოსზე გაცილებით მაღლა აღმოჩნდა.

სწორედ მათზე უპირატესობამ მოუტანა სტალინს როგორც ძველი, ისე ახალი პოლიტიკური პიგმეების სიძულვილი, უფრო მეტად, ვიდრე მისმა სისასტიკემ და რეპრესიებმა. მას რომ მარცხი განეცადა, ალბათ, უფრო შემწყნარებლურად მოექცეოდნენ, როგორსაც ახლა ჰიტლერის მიმართ იჩენენ. ყველაფრის მიუხედავად, ჰიტლერი მაინც მათია, თანაც უიღბლო.

სტალინის მოღვაწეობაში გამოვლინდა მისი ნათელი გონება და გენია, როგორც გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწისა. მაგრამ უსამართლობა იქნებოდა, უარგვეყო მარქსიზმ-ლენინიზმის იდეოლოგიის როლიც, თუმცა, სიტყვის მკაცრი მნიშვნელობით. ის არ იყო მეცნიერება, მაგრამ არც სისულელე იყო, როგორადაც დღეს წარმოადგენენ. სტალინური ხელმძღვანელობისგან განსხვავებით, გორბაჩოვმა და მისმა თანამზრახველებმა გამოამჟღავნეს თავიანთი და დასავლეთის საზოგადოებრივი წყობილების, აგრეთვე, მსოფლიოში შექმნილი სიტუაციის სრული უცოდინარობა. და ეს მაშინ, როცა, გაცილებით უკეთ იყვნენ ინფორმირებულნი რეალობის შესახებ, განკარგულებაში ჰყავდათ მრჩეველებისა და თანაშემწეების დიდი რაოდენობა, რომლებსაც უმაღლესი სამეცნიერო წოდებები და ხარისხები ჰქონდათ და უნივერსიტეტები და სპეციალური ინსტიტუტები დამთავრებული. ჭეშმარიტად სწორია ძველი ბერძენი ბრძნების გამონათქვამი: “ბევრი რამის ცოდნა ჭკუას ვერ შეგმატებს!”. განუდგნენ რა მარქსიზმ-ლენინიზმს, გორბაჩოველებმა მას ვერ დაუპირისპირეს ახალი რეალობის უფრო ადეკვატური მეცნიერება და აღმოჩნდნენ დასავლეთის იდეოლოგიის მარწუხებში. კომუნიზმის საქმეებისა და იდეეების ეპოქალური ღალატის “ცივ ომში” “ახალი აზროვნება” იქცა დასავლეთთან და კონტრრევოლუციასთან ქვეყნის კაპიტულაციის იდეურ მომზადებად და გამართლებად. ამ ომის გამო რაში არ ადანაშაულებენ სტალინს. მე ყმაწვილობიდან ანტისტალინელი ვიყავი და სტალინის სიკვდილამდე ასეთივე დავრჩი, მიუხედავად ამისა, ვამტკიცებ, რომ სტალინმა ომისთვის მზადების პერიოდში და მისი მსვლელობისას თავი გამოიჩინა, როგორც გენიალურმა სტრატეგმა. იმ პირობებში და იმ შესაძლებლობებით, რაც ქვეყანას ჰქონდა, სხვა ნებისმიერი სტრატეგია გარდაუვალ დამარცხებას ნიშნავდა.

როგორც ცნობილია, ომის დასაწყისში, პანიკის აღკვეთის მიზნით სტალინმა მერყევი ნაწილების ზურგში შექმნა გადამღობი რაზმები და მიმართა უსასტიკეს ზომებს მშიშრების, დეზერტირებისა და მოღალატეების მიმართ. ეს სტალინური ზომები რომ არა, ჩვენ, ალბათ, განადგურებული ვიქნებოდით 41 ან, უკიდურეს შემთხვევაში _ 42 წელს. სტალინური ხელმძღვანელობა თავისი ხალხის, თავისი ქვეყნისა და კომუნისტური იდეოლოგიის ერთგული დარჩა, მან სიმტკიცე გამოავლინა, ომის მსვლეობაში გარდატეხას მიაღწია და აიძულა არმია, მის შესაფერისად ეომა.

მე სპეციალურად გავიხსენე ომის ეს საშინელი პერიოდი, რათა მკითხველის ყურადღება მიმექცია იმისთვის, ფაქტობრივად, როგორ ადამიანურ მასალასთან ჰქონდა საქმე სტალინურ ხელმძღვანელობას, და ის შემედარებინა მოღალატეობის იმ ეპიდემიასთან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დაიწყო უმაღლეს ხელისუფლებაში გორბაჩოვის მოსვლასთან ერთად.

ღალატი, უპირველეს ყოვლისა, ჩაიდინეს ქვეყნის უმაღლესმა ხელმძღვანელებმა, პარტიული აპარატის მუშაკებმა, იდეოლოგიურმა ბელადებმა და ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენლებმა. როგორც იტყვიან, თევზი თავიდან ლპება. სტალინმა დაიწყო კომუნისტური საზოგადოების სისტემაში ისეთი ორგანიზაციის შექმნა, რომელმაც შეინარჩუნა პარტიის სახელწოდება.

სტალინი მას ქმნიდა ლენინური “გვარდიის” მმართველი აპარატის წარმომადგენლებთან სასტიკ ბრძოლაში. საბჭოთა ისტორიის ეს ასპექტი სრულიად გამორჩა მხედველობიდან ყველას, ვინც ამ რწმენაზე წერდა. მთავარი იმ წლებში იყო პარტიის უდიდესი პოზიტიური როლი, უამისოდ ვერ აღდგებოდა ნანგრევებიდან ქვეყანა, ვერ შევქმნიდით ძლიერ ინდუსტრიულ სახელმწიფოს, მოსახლეობას ვერ გავხდიდით განათლებულად, ვერ გავიმარჯვებდით ომში, ვერ გავხდებოდით პლანეტის მეორე ზესახელმწიფო.

უმაღლესმა ხელმძღვანელობამ თვითონ გამოიჩინა ინიციატივა საკუთარი პარტიის განადგურებაში, რომლის გარდაუვალი შედეგი იყო საბჭოთა სახელმწიფოებრიობისა და ქვვყნის სოციალური წყობის განადგურებაც.

9 მაისს ტელეეკრანზე თვალს ვადევნებდი მოსკოვში, წითელ მოედანზე გამართულ ომის ვეტერანთა აღლუმს. ეს სანახაობა ჩემთვის იმაზე მეტად საშინელი იყო, რაც ზემოთ მოგახსენეთ, რადგან არსად ჩანდა პორტრეტი იმ ადამიანისა _ სტალინის, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ომების ისტორიაში უდიდეს გამარჯვებამდე მიიყვანა, ხოლო მოედანზე შეკრებილი ომის ვეტერანები რაღაცით მაგონებდნენ მათ, ვინც ბერლინში ჩვენი დიდების ნიშნებს ყიდდა. ეს ვეტერანები ჯილდოებით მოვიდნენ და არც აპირებდნენ მათთან განშორებას, მაგრამ, ჩემი აზრით, მათ, სამწუხაროდ, ამ თვალისმომჭრელ აღლუმზე მოსვლით თითქოს დასაბამი მისცეს ღალატისა და კაპიტულაციის პერიოდის ათწლეულის როგორღაც გამართლებას”.

მკითხველო, კიდევ რა უნდა ითქვას და დაიწეროს სტალინის დიდებასა და შემოქმედებაზე, ჩვენ ხომ აშკარად დავინახეთ მედლის ორი მხარე: ერთზე ბრდღვიალებს უკვდავი სტალინის ოქროს ბარელიეფი, მეორე მხარეს კი _ სოციალური სამართლიანობისა და ხალხთა თავისუფლების მესაფლავეების ერთმანეთზე მიწყობილი შავი ბარელიეფები ხრუშჩოვის, გორბაჩოვის, იაკოვლევისა და შევარდნაძის. წყეულიმც იყოს მათი სახელები უკუნითი უკუნისამდე!

დასასრულ უნდა წარმოგიდგინოთ სრულიად ნათელი სურათი ცხოვრებისა “წინათ და ახლა”, რომელიც ორიოდე წინადადებით გადმოსცემს ჩვენი ყოფა-ცხოვრების 200-წლიან ისტორიას. ეს არის ამონარიდი ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტიდან.

“მეფის დროს ჩვენს სოფელში იდგა ეკლესია და საყასბო, სტალინის დროს ესენი არ იყო, მაგრამ ააშენეს სკოლა, საავადმყოფო, კლუბი, ბიბლიოთეკა, საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატი, უნივერმაღი, კინოთეატრი. დღეს ესენიც არ არის სოფელში, მაგრამ ისევ არის ეკლესია და საყასბო”.

“უკუღმა, ასინეთა, უკუღმა!” (სეთური).

გრიგოლ ონიანი

P.S. ვთხოვ ჩემი საყვარელი გაზეთის _ “საქართველო და მსოფლიოს” _ რედაქციას, ჩემს ერთგულ მკითხველს, გაითვალისწინონ ჩემი ასაკი, წერილებზე ჩემი ინტენსიური მუშაობის სიძნელე და ნუ მიწყენენ, თუ ჩემს საავტორო ორ გვერდს შევკვეცავ ერთ გვერდამდე. მასალები კი, სიმბოლურად, სტალინის დაბადების დღის (21 დეკემბრის) აღსანიშნავად გამოქვეყნდება გაზეთის 21- გვერდზე.

2017 წელს გამოქვეყნებულ ჩემს სტატიებს მკითხველი გაეცნობა უახლოეს ხანში გამოცემულ წიგნშისტალინი. წაკითხული განცდილი და გაგონილი”, ტომი III.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here