Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ როგორც დალაი-ლამა

სტალინი _ როგორც დალაი-ლამა

3237
სტალინი

როდესაც სტალინის პორტრეტისთვის შტრიხებს ვეძებ და ვალაგებ, ზოგჯერ ესა თუ ის შემთხვევა ან მოგონილი, ან სტალინის ქართული ხრიკი მგონია, ამა თუ იმ ფაქტის გადასამალავად და თავმდაბლობის კიდევ უფრო ხაზგასასმელად, ან რაღაც საიდუმლოებისთვის, რომელსაც ჩვეულებრივი მოკვდავები ვერ მივხვდებით.

1945 წლის ნოემბერში, როდესაც გაზეთმა “პრავდამ”, მოლოტოვის მითითებით, გამოაქვეყნა სტალინისადმი მიძღვნილი პანეგრიკი, რომელშიც დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი (იმხანად უკვე ყოფილი) უინსტონ ჩერჩილი სიტყვებს არ იშურებდა სსრკ-ის ხელმძღვანელის განსადიდებლად, შავი ზღვისპირა აგარაკზე დასასვენებლად ჩასული სტალინი სრულიად შემთხვევით გაეცნო მას და შავი დღე აყარა მოლოტოვს. სასწრაფოდ გაგზავნილ დეპეშაში სტალინი წერდა:

შეცდომად მიმაჩნია ჩერჩილის მხრიდან რუსეთისა და სტალინის ქებადიდების სიტყვების გამოქვეყნება გაზეთპრავდაში”. ჩვენში ბევრია ისეთი პასუხისმგებელი მუშაკი, რომლებიც გულუბრყვილო აღტაცებას განიცდიან ჩერჩილის, ტრუმენისა თუ ბირნსებისგან ქებადიდების მოსმენით. ამგვარი განწყობა სახიფათოდ მიმაჩნია. საბჭოთა ლიდერებს არ სჭირდებათ უცხოელი ლიდერების შექება. მე ამგვარი ქება, უბრალოდ, მეჩოთირება კიდეც.

სტალინი”.

საინტერესოა, რომ სტალინის პირადი არქივის გახსნის შემდეგ გამომზეურდა უამრავი გადამალული დოკუმენტი, რომლებშიც სტალინის უსაზღვრო პატივისცემა და ქება-დიდებაა. საილუსტრაციოდ გაგაცნობთ ერთ-ერთი ამერიკელი ჟურნალისტის მიერ სტალინისთვის ჩამორთმეულ ინტერვიუს, რომელსაც მეორე ამერიკელი ჟურნალისტი, “ნიუორკ თაიმსის” წარმომადგენელი მოსკოვში 1921 წლიდან, დიურანტიც ესწრებოდა. საუბარი გაიმართა 1930 წლის 27 ნოემბერს. ამ საუბრის ჩანაწერი საბჭოთა კავშირში არ გამოქვეყნებულა. საუბრის შემდეგ ჟურნალისტმა თავის გაზეთს დეპეშით გადასცა ინტერვიუს შინაარსი და შთაბეჭდილებები რესპონდენტზე (სტალინზე).

აი დეპეშის ტექსტი, რომელშიც დაცულია, როგორც ინტერვიუს შინაარსი, ასევე შთაბეჭდილებები სტალინზე:

“სტალინი ყველაზე საინტერესო პიროვნებაა მსოფლიოში, მაგრამ სხვა ნაციონალურ ლიდერთა შორის ყველაზე ნაკლებად ცნობილი; ის ცალკე დგას, იდუმალებით მოსილი, როგორც ტიბეტელი ხალხის დალაი-ლამა. ის უკვე ესაუბრა რამდენიმე უცხოელს: 1923 წელს ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ გერმანელს, 1924 წელს _ იაპონელ კორესპონდენტს, შეხვდა რამდენიმე დელეგაციის მეთაურს, ამერიკელ კონსულტანტ კუპერს, მიმდინარე თვეში მან ორჯერ დაარღვია სიჩუმე და დღეს თქვენს კორესპონდენტს თანმიმდევრულად გაუზიარა თვალსაზრისი მსოფლიოში შექმნილ ვითარებაზე; ნება დართო, შეეფასებინა მისი ხასიათი, შინაგანი ძალა, რომელმაც საშუალება მისცა, ფეხსაცმლის შემკეთებლის ქოხიდან კრემლში მოხვედრილიყო. სტალინის ღმერთი, პლატონის გამოთქმას თუ გამოვიყენებთ, მისი ნებისყოფაა, წარმოუდგენელი ძალა თავშეკავებისა, საკუთარ თავზე გამარჯვება და შემაკავებელი ცენტრების სიმყარე. თქვენი კორესპონდენტისთვის დიდი ადამიანების სულიერი სიძლიერე უფრო მეტადაა საინტერესო, ვიდრე ის, რასაც ისინი ამბობენ. კბილის ტკივილის მსგავსი განცდით გიწევს ლაპარაკი სტალინის აზრებზე, ვიდრე დახატავ მის პორტრეტს, ეს არის სტალინი, რუსეთში და სრულიად მსოფლიოში კომუნისტური მოძრაობის ბელადი, და მისი სიტყვები უნდა იდგეს პირველ ადგილზე.

სტალინმა თქვა: _ ამჟამინდელი ეკონომიკური კრიზისი მძიმეა და თანდათან დამძიმდება. პერიოდულ კრიზისებს შორის, რომელიც კაპიტალისტურ სისტემას ახასიათებს, ეს ყველაზე მძიმეა, მაგრამ არა მგონია, რომ ეს ბოლო ან კულმინაციური კრიზისია. კაპიტალიზმი ჯერ კიდევ ძლიერია, შეძლებს მდგომარეობის გამოსწორებას, მაგრამ ბოლო წელიწადმა გამოამჟღავნა მისი ფატალური სისუსტე _ კაპიტალიზმი ვერ იარსებებს ბაზრის გარეშე, ხოლო კაპიტალისტური ქვეყნების ურთიერთშეჯიბრება ხურავს მათივე ბაზრებს. ამგვარად, ძლიერი სახელმწიფო იძულებულია, გავლენის ქვეშ მოაქციოს უფრო სუსტი. მსოფლიო ომის შედეგად ზოგი ევროპული ქვეყანა უფრო ზარალდება კრიზისისგან, ვიდრე რომელიმე სხვა. ზოგიერთი უფრო სუსტია და ჩამორჩენილი, ამიტომ ძლიერები გამოსავალს ეძებენ მათ ხარჯზე. ბუნებრივია, კრიზისი გაირღვევა იმ ქვეყანაში, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა, რადგან ძაფი იქ წყდება, სადაც სუსტია.

სტალინი ლაპარაკობდა ნელა, რბილი სამხრეთული აქცენტით, წინადადება წინადადებას მიჰყვებოდა ძუნწი მარცვლებითა და ჟესტებით.

_ ფიქრობთ რომ ახალი ომი გარდაუვალია?

სტალინი: _ როდის, სად და რა მიზეზით დაიწყება ეს ომი ვერ ვიწინასწარმეტყველებ, მაგრამ გარდაუვალია, რომ ძლიერი სახელმწიფოების ძალისხმევა _ გადალახონ ეკონომიკური კრიზისი, აიძულებს მათ, სძლიონ უფრო სუსტი მოწინააღმდეგეები. ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ომს, სანამ გიგანტი სახელმწიფოები ერთმანეთში არ დაიწყებენ ბრძოლას ბაზრებისთვის.

სტალინის ხმა ჯერ კიდევ მშვიდია, მაგრამ ენერგიის მოზღვავება მის ინტონაციაში უკვე იგრძნობა. ის ერთი წუთით გაჩუმდა, თითები ერთმანეთს მიადო და განაგრძო: _ კაპიტალისტური საზოგადოების კანონია ძლიერთა მტაცებლობა სუსტების ხარჯზე, ბევრ ძლიერ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც ნათლად ხედავენ ამას და ცდილობენ, მიმართონ ყველაზე იოლ საშუალებას _ ომს. ზოგჯერ ეს ომები კოლონიური ექსპანსიის ან ექსპედიციის სახეს იღებს, მაგრამ აგრესიის სულისკვეთება არასოდეს კვდება. მეორე მხრივ, ძლიერ ქვეყნებში არიან შორსმჭვრეტელი ელემენტები, რომლებიც ფრთხილად ანგარიშობენ და ფიქრობენ, რომ ომი, განსაკუთრებით ახალი ომი ევროპაში, ძალიან სარისკოა და მათ შეიძლება მეტი ზარალი მოუტანოს, ვიდრე მოგება. ისინი ცდილობენ, შეაკავონ ჩხუბისთავები და ამგვარად იქმნება გარკვეული წონასწორობა ორ ჯგუფს შორის. საბოლოო შედეგები განისაზღვრება შექმნილი ვითარებით. ორივე ჯგუფი მზადაა, გაანადგუროს სუსტი მტერი და, თუ ეს გაკეთდება ნაკლები ან ყოველგვარი რისკის გარეშე, მაგრამ მოცემულ ვითარებაში, ასეთი ავანტიურა მათთვის არც ადვილია და არც მომგებიანი. მათ შეეძლოთ ეცადათ ამის გაკეთება ჩვენ წინააღმდეგ ხუთი ან ექვსი წლის წინათ, მაგრამ ძალიან დიდხანს იცდიდნენ, ახლა კი უკვე ძალიან გვიანია. სტალინმა ბოლო სიტყვები ხმის აუმაღლებლად თქვა, მაგრამ ისე ძლიერად, რომ დარტყმასავით გაისმა. მან განაგრძო:

_ თქვენ იცით, რომ ევროპა შეიარაღებულ ბანაკს ჰგავს, სადაც ხალხს ართმევენ რაც შეიძლება მეტ სახსარს შეიარაღებისთვის, მაშინ, როცა ზოგიერთი ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის შედეგად სანახევროდ გაკოტრებულია. ასე ვეღარ გაგრძელდება, სადღაც მაინც გაწყდება. შორსმჭვრეტელი ელემენტები ყველგან ცდილობენ, შეაჩერონ კრიზისი, მაგრამ ისინი უძლურნი არიან. შეხედეთ ჟენევის კონფერენციას _ ეს დემონსტაციაა ერთა ლიგის უძლურებისა, გაუმკლავდეს მზარდ საფრთხეს. ცხადია, ყველა ხვდება, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება.

_ გინდათ, თქვათ, რომ ევროპული სტატუს კვო, ვერსალის შეთანხმებით დადგენილი, ვეღარ გაგრძელდება?

სტალინი: _ არ ვფიქრობ, რომ ვერსალის შეთანხმება შეიძლება გაგრძელდეს. შემდეგ მან გადაჭრით განაცხადა: _ არა, არ შეიძლება გაგრძელდეს.

_ დავუშვათ, _ თქვა კორესპონდენტმა, _ ომის მოწინააღმდეგე ელემენტებმა, რომლებზეც თქვენ ლაპარაკობდით, სცადეს, თავიდან აიცილონ საფრთხე მსოფლიო ეკონომიკური კონფერენციების ან სხვა ანალოგიური საშუალებებით. როგორ მოიქცევა ასეთ შემთხვევაში სსრკ?

სტალინი: _ უკვე ჩატარდა აგრარული სახელმწიფოების მცირემასშტაბიანი კონფერენციები. ახლა ლაპარაკია უფრო დიდ კონფერენციებზე ხორბლის მწარმოებელი სახელმწიფოებისა. თუ მიგვიწვევენ, მივიღებთ მოწვევას. ჩვენ უკვე გავგზავნეთ ოსტინსკი ერთ-ერთ ასეთ თათბირზე, ლაპარაკია ორი-სამი წლის წინათ კანადაში გამართულ ამერიკელი ფერმერებისა და კანადის ხორბლის კონცერნის წარმომადგენელთა თათბირზე, რომელსაც ესწრებოდა ოსტინსკი. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა ფასების რეგულირების, მიწოდებისა და მოხმარების კოორდინაციის მცდელობაში.

_ გამოდის, თქვენ ვერ ხედავთ, როგორ შეიძლება კაპიტალისტურმა და კომუნისტურმა სისტემებმა იარსებონ გვერდიგვერდ უზრუნველად?

სტალინი: _ მათ არ უომიათ ერთმანეთთან ათი წელია, ჩვენ ომი არ გვინდა, არც ყველა მათგანს სურს ომი, ჩვენ მზად ვართ, ურთიერთობისთვის (მათ წისქვილზე დავასხათ წყალი). რაც ნიშნავს მათთან ერთად საქმის კეთებას (კორესპონდენტის შენიშვნა). აქ რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი: მოიტანს თუ არა მოგებას ჩვენ წინააღმდეგ ომი და დიდი იქნება თუ არა რისკი. მათ იციან, რომ ჩვენ ვიომებთ უკანასკნელ ჯარისკაცამდე.

უნდა აღინიშნოს, რომ მთელი საუბრის განმავლობაში სტალინს არასოდეს გამოუმჟღავნებია არც სისუსტე, არც ყოყმანი და არც ურწმუნოება რუსეთის მიმართ. ის იყურება წინ და არა უკან, ერთხელაც არ უხსენებია სირთულეები”.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here