Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ მსოფლიო პოლიტიკისა და დიპლომატიის კორიფე

სტალინი _ მსოფლიო პოლიტიკისა და დიპლომატიის კორიფე

გაგრძელება. დასაწყისი იხ. #42, 2019 წ.

6656
სტალინი

წინა ნომერში გამოქვეყნებული და წინამდებარე მასალა განსხვავებული თვალსაზრისისა და განმარტებების, ასე ვთქვათ, კოლაჟია, რომელიც ბევრი უცხოელი მკვლევარის მასალებზეა აგებული. ჩვენთანაც და საზღვარგარეთაც არიან როგორც კარის, ისე მიუმხრობელი ისტორიკოსები, რომელთა თვალსაზრისი ჭეშმარიტებასთან ახლოს დგას და გინდა, მზის სინათლეზე გამოიტანო იმ მკითხველისთვის, რომელსაც ნამდვილად აინტერესებს ისტორიული სიმართლე. მე ხშირად ამივლია გვერდი სტალინზე დაწერილ იმ უსიამოვნო პასაჟებისთვის, რომლებიც უცხოელთა კვლევებში საკმარისად მოიპოვება, მაგრამ ისინი აშკარად ცილისმწამებლურია, ამიტომ გული არ მწყდება, როდესაც მას ნაცარს მივაყრი ხოლმე.

დიდი ბრიტანეთის ყველაზე გამოჩენილი ისტორიკოსის, სერ ალან ბულოკის, კვლევები, რომლებშიც განხილულია ორი დიდი ქვეყნის _ გერმანიისა და საბჭოთა კავშირის _ პოლიტიკურ-ეკონომიკური საფუძვლები და გავლებულია პარალელები, ზუსტად მიანიშნებს მკითხველს, სად უახლოვდება და სად იყრება ამ ორი ქვეყნის ურთიერთშედარების პარალელური ხაზები, რაც აშკარად ქმნის ისტორიკოსისადმი ნდობის ფაქტორს. ასეთივეა მისი მცდელობა, ზუსტად აღწეროს მსოფლიოს ორი გამოკვეთილი ფიგურის _ სტალინისა და ჰიტლერის _ პორტრეტები, თუმცა მეჩვენება, რომ მკვლევარი რიგ მომენტებში ჰიტლერისკენ იხრება, მაგრამ, როგორც სხვა სამყაროსა და სხვა საზოგადოების წარმომადგენელს, ხელი არ უმრუდდება და სტალინსაც შესაფერის პატივს მიაგებს. ამ ორ ქვეყანასა და გიგანტზე მასალები ერთდროულად დაიბეჭდა ინგლისში, ამერიკასა და გერმანიაში და უდიდესი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში.

წინამდებარე წერილი სწორედ ამ კვლევის შედეგებით არის გაჯერებული, მაგრამ, რადგან დოკუმენტური მასალა ჩემთვის მიუწვდომელია, მეც ავტორის სინდისზე ვარ მინდობილი.

იმ დროს, როცა მსოფლიო რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებით იყო გაოგნებული, რომელიც გერმანიის დასამარცხებლად გამოიყენა, სტალინი რუსეთისა და ამერიკის ეკონომიკებს შორის წარმოქმნილმა კონტრასტმა აღაშფოთა. რუსეთის უპირველესი საფიქრალი იმ გიგანტური ზარალის ანაზღაურება იყო, რომელიც დიდ სამამულო ომში განიცადა _ ეს იყო ადამიანური დანაკარგები და განადგურებული საწარმოები. ზარალის მასშტაბების შესახებ არც ერთმა მოკავშირემ არაფერი იცოდა. ეკონომიკის ხელახლა აშენება და შეერთებული შტატების დაწევა _ აი ეს იყო მთავარი ამოცანა, რომლითაც დაკავებული იყო ქვეყანა. სტალინს სურდა ამერიკის მონოპოლიის დანგრევა და ომისგან დასუსტებული ქვეყანის აღდგენა. ეს ყველაფერი კი უნდა გაეთვალათ მეცნიერ-ტექნიკოსებს. პირველი ატომური ბომბის გამოცდამ 1949 წლის ზაფხულში წარმატებით ჩაიარა. მას მოჰყვა 1953 წელს წყალბადის ბომბის გამოცდა.

მსოფლიო ხედავდა, როგორ განაგრძობდა წითელი არმია აღმოსავლეთ ევროპის გათავისუფლებას _ ეს განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ქმნიდა და საბჭოთა დიპლომატიაც სამხედრო ძალებს ეყრდნობოდა. რუზველტი მოკვდა, ტრუმენს თვითრწმენა აკლდა, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ბირსნი კი კომპრომისების ძიებისკენ მიდრეკილი პიროვნება იყო. ჩერჩილი თანამდებობაზე შეცვალეს, ინგლისის ლეიბორისტული მთავრობა, რომელიც პარლამენტის უმრავლესობას წარმოადგენდა, სოციალისტური რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი იყო და ქვეყნის შიგნით რეფორმების გატარებით უფრო იყო დაკავებული, ვიდრე საგარეო პოლიტიკით. ახლა, როცა ომი წარსულს ჩაბარდა, ჰიტლერი განადგურებული იყო და გაერთიანებულმა ერებმა მსოფლიოს მომავალზე ზრუნვა საკუთარ თავზე დაიკისრა, საერთაშორისო ვითარების გართულება არავის ეხალისებოდა. როგორც მალე გაირკვა, ინგლისელები გაკოტრების საფრთხის წინაშე იდგნენ, ამერიკისგან სესხს თუ არ მიიღებდნენ, ევროპაში თანამეგობრობის შენარჩუნებასა და წამყვანი როლის თამაშს ვეღარ შეძლებდნენ (ეს დასკვნა დიდი ბრიტანეთის ისტორიკოსისაა). საბჭოთა დიპლომატიისთვის ეს მომგებიანი ვითარება იყო. სტალინს შეეძლო იმ სირთულეების გამოცნობა, რომლებსაც დემოკრატიები აწყდებოდნენ. იგი განაგრძობდა ამერიკასა და ინგლისს შორის არსებული განსხვავებების შესწავლას და შემდეგში ეს ხერხი საბჭოთა ტაქტიკის წამყვან პრინციპად აქცია.

სტალინი ყოველთვის დიდი პატივისცემით უსვამდა ხაზს ამერიკის ეკონომიკურ ძალასა და სამხედრო პოტენციალს. ამასთანავე, იგი იმედოვნებდა, რომ უახლოეს მომავალში ამერიკა ევროპაში საქმიანობის მიმართ ინტერესს დაკარგავდა და დაახლოებით ორ წელიწადში ევროპიდან თავის ჯარებს გაიყვანდა. სხვა მხრივ, სტალინი სწრაფად გაერკვა, რომ ინგლისელები, რომლებიც ხანგრძლივი გამოცდილების წყალობით პოლიტიკურ შეფასებებში შედარებით რეალისტები იყვნენ, მსოფლიოს ან თუნდაც წამყვანი ევროპული ქვეყნის როლის შესანარჩუნებლად რესურსებს აღარ ფლობდნენ.

ხუთი წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირსა და მის მოკავშირეებს შორის ურთიერთობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ საჯარო პოლემიკით, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს მკაცრი ნოტები ენაცვლებოდა. თვითონ სტალინი სცენაზე იშვიათად გამოდიოდა და, მიმდინარე მოვლენებზე წარმოდგენა რომ შეგვექმნას, ინგლისური და ამერიკული წყაროებით უნდა ვისარგებლოთ, რომლებიც, საბედნიეროდ, იმ წლების მოვლენებს სრულად აღწერას. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ოფიციალური ხასიათი აქვს მაგრამ არავინ დავობს იმაზე, რომ დასავლეთის სახელმწიფოების მიმართ საბჭოთა კავშირის ურთიერთობის განსაზღვრაში სტალინის აზრი გადამწყვეტი იყო, ისევე, როგორც ომის პერიოდში ნაცისტური-საბჭოთა პაქტის დადებისას. უახლესი ისტორიის ზოგიერთი მკვლევარი კი ამტკიცებს, რომ სტალინს ომის შემდეგ ღირებული არაფერი შეუქმნიაო, რაც სისულელეა.

მოლოტოვი და ჯორჯ მარშალი
მოლოტოვი და ჯორჯ მარშალი

1947 წელს საბჭოთა კავშირსა და დასავლეთის სახელწიფოებს შორის მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობა ორ საკითხში წარმოიშვა: პირველი იყო აღმოსავლეთ ევროპაში მშვიდობის დამყარება და დასავლეთის მზადყოფნა იმ გავლენის მიმართ, რომელიც ამ ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირს ჰქონდა. 1946 წელს სტალინი საბჭოეთის ძალისხმევით მიღწეული შედეგით კმაყოფილი უნდა ყოფილიყო _ მან აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების ყველა მთავრობის აღიარება მოიპოვა, სამშვიდობო კონფერენციაზე შეთანხმებული ტერიტორიული რეგულირების საკითხი კი მნიშვნელოვანწილად რუსების მიერ იყო გატარებული.

1940 წლის ნოემბერში ბერლინში მოლოტოვის ვიზიტისას ჰიტლერმა სტალინს შესთავაზა, ბრიტანეთის იმპერიის განაწილების საკითხში გერმანიასთან, იტალიასა და იაპონიასთან გაერთიანებულიყო. საბჭოთა კავშირი წილის სახით სპარსეთის ყურისა და ინდოეთის ოკეანის მიმართულებით მიიღებდა ტერიტორიებს. სტალინი ამ წინადადების განხილვის წინააღმდეგი არ იყო მხოლოდ ერთი პირობით: რუსეთის ინტერესები ბალკანეთსა და მის გარშემო არსებულ ყურეებზეც უნდა გავრცელებულიყო, რაც ჰიტლერის მიერ წამოყენებულ წინადადებაში შეგნებულად არ იყო ნახსენები. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ჰიტლერს ამ საკითხის განხილვაზე მომავალში უარი ეთქვა, 1945-1946 წლებში კი, როცა ბალკანეთი საბჭოთა გავლენის სფეროში აღმოჩნდა, სტალინს ამ იდეის შესწავლის შესაძლებლობა გაფართოების კუთხით უკვე ჰქონდა. იგი ამ სახელმწიფოების შანსებს სკეპტიკურად აფასებდა და ცდილობდა, პირდაპირ არ ჩარეულიყო მათ საქმიანობაში. ამის საჭიროებაც არ ყოფილა, რადგან საბერძნეთის მეზობელ ქვეყნებს _ იუგოსლავიას, ბულგარეთსა და ალბანეთს კომუნისტები აკონტროლებდნენ. საბჭოთა კავშირს კი დასავლეთის წინააღმდეგ ფართო პროპაგანდისტული კამპანიის შენარჩუნებაღა დარჩენოდა, რომლის საგანიც გერმანიის ტერიტორიებიდან ფაშისტური მთავრობის მომხრე ინგლისის ჯარების გაუსვლელობა იყო.

პრობლემები 1947 წლის თებერვალში წარმოიქმნა, როცა ომის შემდგომმა ეკონომიკურმა სირთულეებმა ინგლისში უმაღლეს წერტილს მიაღწია და ინგლისის მთავრობა იძულებული შეიქნა, ეღიარებინა, რომ მას მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე თავისი როლის თამაში აღარ შეეძლო. რამდენიმე დღეში მან ინდოეთიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, პალესტინის პრობლემა გაეროს ორგანიზაციას გადასცა და საიდუმლოდ მოელაპარაკა, რომ საბერძნეთისა და თურქეთის დახმარებას 31 მარტის შემდეგ ვეღარ შეძლებდა და ინგლისის ჯარები ამ ტერიტორიებს დატოვებდნენ.

1947 წლის 21 თებერვალს ინგლისელებმა ამერიკის სახელმწიფოს წინაშე თვითონ დასვეს საკითხი: მზად იყო თუ არა ამერიკა, საბერძნეთისა და თურქეთის მიმართ ვალდებულება დაეკისრებინა? მათ, ვისაც ვაშინგტონში გადაწყვეტილება უნდა მიეღო, კარგად ესმოდათ, რომ საქმე იმაზე სერიოზული ჩანდა, ვიდრე ეს საბერძნეთისა და თურქეთის დახმარება იყო. თუ ინგლისელები ეკონომიკური სიდუხჭირის გამო იძულებულები იქნებოდნენ, ტერიტორიებიდან გარნიზონები გაეყვანათ, აზიაში წარმოიქმნებოდა ვაკუუმი, რომლის შევსებაც საბჭოთა კავშირს უფრო მეტად ხელეწიფებოდა, ვიდრე სხვა სახელმწიფოს. მეორე მხრივ, რუსეთის მიერ ტერიტორიების შეძენის და მასზე გავლენის მოპოვების გათვალისწინებით ამერიკა ფიქრობდა, რომ ეს მსოფლიო ძალების გადანაწილების შესაძლებლობა იყო. ამ მოვლენის მიმართ კი ამერიკას არ შეეძლო გულგრილი დარჩენილიყო (ამას ინგლისელი ისტორიკოსი ამბობს და არა ვინმე სტალინის მეხოტბე. _ გრ. ონიანი).

ჯორჯ მარშალი აჭიანურებდა სტალინთან შეხვედრას. ბოლოს და ბოლოს, ერთმანეთს შეხვდნენ. იგი მშვიდად ლაპარაკობდა, მაგრამ არ მალავდა, რომ ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებას სერიოზულად თვლიდა.

სტალინი იქამდე დუმდა, სანამ მარშალმა საუბარი არ დაასრულა. შემდეგ მან ამერიკელივით მშვიდად დაიწყო ლაპარაკი და რუსული პოზიციების შესახებ შეახსენა.

მარშალი და ამერიკული გუნდი ევროპიდან ორ რამეში დარწმუნებული დაბრუნდა: პირველი მდგომარეობდა იმაში რომ, დასავლეთ გერმანიის ტერიტორიებზე ეკონომიკური მარცხისა და შიმშილის გამო მდგომარეობა ისეთი მძიმე იყო, რომ გერმანიის მრეწველობის განვითარების შეყოვნება აღარ შეიძლებოდა; მეორე კი _ იმაში, რომ გერმანიის აღორძინების ნებისმიერი გეგმა, რაც შეიძლება ფართო, ევროპული ეკონომიკის კონტექსტში უნდა განხილულიყო, მათ შორის ინგლისისაც, რომელიც, აგრეთვე, საჭიროებდა ფეხზე დადგომას.

ამერიკელებმა, თავდაპირველად, არაორაზროვნად მიუთითეს, რომ იმედი ჰქონდათ, კონგრესი ევროპის დასახმარებლად თანხის გამოყოფას მხარს დაუჭერდა.

1947 წელს ინგლის-საფრანგეთის ინიციატივით ჩატარდა სპეციალური კონფერენცია, რომელზეც ევროპის ყველა ქვეყანა მიიწვიეს, მათ შორის საბჭოთა კავშირიც. დღის წესრიგში იდგა საკითხი, რომელიც ზოგადი ევროპული პროგრამის მომზადებას შეეხებოდა და რომელიც ხელმძღვანელ კომიტეტს უნდა მოემზადებინა. ეს კომიტეტი კი საფრანგეთის, ინგლისისა და საბჭოთა კავშირის მიერ იყო შექმნილი.

საინტერესო იქნებოდა სტალინის, მოლოტოვისა და პოლიტბიუროს სხვა წევრების ჩანაწერების გაცნობა. მოლოტოვმა თავიდანვე გამორიცხა ზოგადევროპული გეგმის იდეა. სანაცვლოდ მან მოკავშირეებს შესთავაზა, თითოეულ ქვეყანას მოთხოვნების ჩამონათვალი მოემზადებინა, ამ მოთხოვნებისთვის თავი მოეყარათ და შემდეგ ამერიკისთვის მიემართათ, როდის შეძლებდა ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას. მოლოტოვმა კრემლთან კონსულტაციებისთვის მეტი დრო ითხოვა, რომლის შემდეგაც საბოლოო პასუხს გასცემდა.

მარშლის გეგმა
მარშლის გეგმა

დღემდე არაფერია ცნობილი იმ განხილვების შესახებ, რომლებიც კრემლში მიმდინარეობდა. დასკვნით სხდომაზე კი გაირკვა, რა ინსტრუქციები მიიღო მოლოტოვმა. მან ფრანგები და ინგლისელები მარშლის წინადადების გამოყენებაში დაადანაშაულა. ეს წინადადება ისეთი ორგანიზაციის დაფუძნებას გულისხმობდა, რომელიც სხვა ქვეყნებისგან ეროვნული დამოუკიდებლობის დათმობას მოითხოვდა, რათა ამერიკული დახმარება მიეღოთ, ამიტომ საბჭოთა კავშირმა ინგლის-საფრანგეთის გეგმა უარყო, რომელიც არა მხოლოდ ეროვნულ სუვერენიტეტს, არამედ გერმანიიდან რეპარაციების მოთხოვნასაც უქმნიდა საფრთხეს. მოლოტოვმა სიტყვა ინგლისისა და საფრანგეთის ხელისუფლებების გაფრთხილებით დაასრულა. მოლოტოვის პასუხი იმ პოლიტიკას შეესაბამებოდა, რომლის გატარებასაც სტალინი იალტის კონფერენციის პერიოდიდან ახორციელებდა. მას შეეძლო საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოყენება, მაგრამ ერთი წუთითაც არ ავიწყდებოდა, რომ პარტნიორები _ ამერიკა და ინგლისი _ ერთდროულად მისი პოტენციური მტრები იყვნენ. სტალინს კარგად ჰქონდა წარმოდგენილი დასავლეთ ევროპის ეკონომიკური სისუსტე და ამერიკის პოლიტიკურ კეთილ ნებას სკეპტიკურად უყურებდა, რაც მარშლის გეგმის ცხოვრებაში გატარებას გულისხმობდა.

ორივე მხარე მზად იყო კონფრონტაციისთვის. არც ერთი მთავრობა არ ფიქრობდა საომარი მოქმედებების დაწყებაზე. ახალი ომის წინაშე ევროპა შიშს განიცდიდა. 1950 წლის ზაფხულამდე, როცა კორეაში ომი დაიწყო, ამ ორი მხარის არც ერთ ლიდერს კონფლიქტის მოგვარება ძალისმიერი მეთოდით არ უცდია, თუმცა 1947 წელს ღია დარჩა საკითხი _ შეძლებდა თუ არა ინგლის-ამერიკის გეგმა საბჭოთა კავშირის გარეშე ამუშავებას? სტალინი ყველანაირად შეეცადა, ამისათვის ხელი შეეშალა.

1947-1948 წლებში ევროპაში არა მხოლოდ შიმშილისა და უმუშევრობის საფრთხე გაჩნდა, არამედ კომუნისტების მიერ საფრანგეთსა და იტალიაში ხელისუფლების ხელში ჩაგდებაც იყო მოსალოდნელი (იტალიაში _ პალმირო ტოლიატი, საფრანგეთში _ მორის ტორეზი. _ გრ. ონიანი).

მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად სტალინს შეეძლო, ორ უძლიერეს კომუნისტურ პარტიას დაყრდნობოდა. იტალიაში, სადაც წინააღმდეგობის გაწევაში საფრანგეთის მსგავსად კომუნისტები თამაშობდნენ მთავარ როლს, პარტიის წევრების რაოდენობა ორ მილიონამდე გაზარდეს. საერთო ჯამში, ორივე პარტიის მიზანი ისეთი პირობების შექმნა იყო, როცა მთავრობა მათ გარეშე არსებობას ვერ შეძლებდა და ამ გზით მინისტრთა თანამდებობებს დაიბრუნებდნენ.

1948 წელი კიდევ სხვა მიზეზით იყო კრიტიკული. ნოემბერში ამერიკაში არჩევნები იყო დანიშნული. ყველა ამბობდა, რომ ტრუმენი დამარცხდებოდა. ამ შემთხვევაში, სტალინის გათვლით, მარშლის გეგმა და უსაფრთხოების პაქტი ნაგვის კალათში უნდა მოესროლათ. ამასთანავე, სტალინმა აღმოსავლეთ ევროპაზე კონტროლი გააძლიერა. ომის დასრულების შემდეგ პირველ ორ წელიწადს მხოლოდ იუგოსლავია და ალბანეთი წარმოადგენდნენ ერთპარტიულ კომუნისტურ სახელმწიფოებს, თუმცა კომუნისტის ხსენებას გაურბოდნენ და სახალხო ფრონტის და დემოკრატიულ ფრონტის სახელწოდებას მიმართავდნენ.

1947 წელს პოლონეთში გამართულ კონფერენციაზე სტალინმა საფრანგეთისა და იტალიის პარტიების ლიდერები გამოიძახა, დაფუძნდა კომუნისტური საინფორმაციო ბიურო (კომინფორმი). ყველა კომუნისტურ პარტიას ერთი გეზი ჰქონდა აღებული: “ყველა სფეროში ამერიკულ-იმპერიალისტური ექსპანსიისა და აგრესიის გეგმების ჩაშლა”, რომლის იდეოლოგიური ბაზაც “ორი ბანაკის” სახელწოდებით ცნობილი თეზისი შეიქნა. ამ თეზისის ავტორი ჟდანოვი იყო: “იმპერიალისტურ და ანტიდემოკრატიულ ბანაკს ძირითად მიზნად აქვს, ამერიკული იმპერიალიზმის მსოფლიოში ბატონობას შეუწყოს ხელი, დემოკრატია კი ფეხქვეშ გათელოს. და ეს იმ დროს, როცა ანტიიმპერიალისტური და დემოკრატიული ბანაკის ძირითადი მიზანი იმპერიალიზმის განადგურება და დემოკრატიის გამყარებაა, ფაშიზმის ნარჩენები კი ბოლომდე უნდა განადგურდეს”.

კონფერენციაზე მოლოტოვი და მალენკოვიც იმყოფებოდნენ, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ეს, უბრალოდ, კომუნისტური ინტერნაციონალიზმის თვალსაზრისი არ იყო. ჟდანოვის მთავარი გამოსვლა ორგანიზაციის ახალ გამოცემაში სრულად იქნა დაბეჭდილი.

ლონდონში 25 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს გახსნის მომენტისთვის საბჭოთა პროპაგანდული კამპანია მარშლის გეგმის წინააღმდეგ ამუშავდა. ამერიკულ პოლიტიკას კაპიტალიზმთან, იმპერიალიზმთან, ფაშიზმსა და ომთან აიგივებდნენ. ამის საპირისპიროდ საბჭოთა წინააღმდეგობა სოციალური სამართლიანობით, ეროვნული დამოუკიდებლობითა და დემოკრატიითა და მშვიდობით გამოიხატებოდა.

საბჭოთა კავშირს იმედი ჰქონდა, რომ საკმარისი ოპოზიციის მობილიზება შეეძლო, რათა დასავლეთის გეგმების ცხოვრებაში გატარება არ დაეშვა. მოლოტოვი კი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად დათმობებზე წასვლის აუცილებლობას ვერ ხედავდა. ის თვეები, რომლებიც 1947 წელს ლონდონში შეხვედრასა და 1949 წელს საფრანგეთში შეხვედრებს შორის გავიდა, სტალინისა და მისი მოკავშირეების ძალების გამოსაცდელად შესანიშნავი პერიოდი იყო. სტალინისა და დასავლეთში კიდევ ბევრის გასაკვირად, დასავლეთის სახელმწიფოების პოლიტიკური ნება საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ერთმანეთში არსებული უთანხმოება გადაელახათ და მათ შორის ნდობა კვლავ გაჩენილიყო. არსებული მტკიცებულებები არ ადასტურებს, რომ სტალინს ომის დასასრულს ჰქონდა რაიმე გეგმა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ კოალიციურ მთავრობებს კომუნისტური მონოპოლიებით შეცვლიდა და ერთიანი ფრონტის ქვეშ გააერთიანებდა. პირველ რიგში, მას ისეთი ხელმძღვანელები სჭირდებოდა, რომლებზეც იმედს დაამყარებდა, რომ ისინი საბჭთა კურსით ივლიდნენ. მაგრამ, როგორც დასავლეთის ლიდერები იყვნენ საკუთარ სახლში დემოკრატიული სისტემის წნეხის ქვეშ, სტალინიც დაკავშირებული იყო სტალინისეულ სისტემასთან, რომელიც მან საბჭოთა კავშირში შექმნა და მისგან გარკვეულ გავლენასაც განიცდიდა. ეჭვი და უნდობლობა ამ სისტემის არსი იყო და ის, რომ ომის შემდეგ სტალინს საბჭოთა სისტემის შესუსტება არც უცდია და მის გაძლიერებაზე დაიწყო ზრუნვა, იმაზე მეტყველებს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში სტალინის სისტემის გავრცელება მხოლოდ დროის საკითხი იყო. მარშლის წინადადება, სტალინის აზრით, სახიფათო პერსპექტივა იყო და მისი უარყოფის მთავარი მიზეზიც სწორედ ეს იყო. 1948 წლის დასაწყისში ორმა მოვლენამ _ პრაღაში კომუნისტურმა გადატრიალებამ და საბჭოთა კავშირსა და იუგოსლავიას შორის ბზარის გაჩენამ _ აჩვენა, რომ სტალინს სურდა, ნებისმიერი პარტია მარიონეტულ მდგომარეობამდე არ მიეყვანა. დღემდე არ არის დამტკიცებული, რომ 1948 წლის თებერვალში პრაღაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი მოსკოვის მიერ იყო ორგანიზებული. ჩეხოსლოვაკიაში მოწყობილმა გადატრიალებამ საზოგადოებრივ აზრზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. რთული არ იყო იმის წარმოდგენა, რომ ის, რაც პრაღაში მოხდა, სულ მალე პარიზში ან რომში განმეორდებოდა.

1948 წლის ბოლოს ანალოგიური სცენარი უნგრეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში განმეორდა. დეკემბერში კომინტერნის ვეტერანი ლიდერი დიმიტროვი, რომელიც ბულგარეთის მთავრობას მეთაურობდა, პარტიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და სახალხო დემოკრატიის ტარნსფორმაციის შედეგები განიხილა: “საბჭოთა წყობა და სახალხო დემოკრატიული ფრონტი _ ეს სახელმწიფოს მოწყობის ერთი და იგივე ფორმაა. ერთიცა და მეორეც პროლეტარიატის დიქტატურაზეა აგებული. საბჭოთა გამოცდილება ჩვენს ქვეყანაში სოციალიზმის მშენებლობის ერთადერთ და საუკეთესო სახეს წარმოადგენს, ისევე, როგორც სახალხო დემოკრატიის სხვა ქვეყნებში”, _ თქვა მან. სულ მალე ეს ყველაფერი აღმოსავლეთ გერმანიაზე გავრცელდა. იმ უხილავი კედლის მიღმა, რომელიც სტალინმა საბჭოთა კავშირი დანარჩენი სამყაროსგან გამოყო, ომის დამთავრებიდან ბოლო ხუთი წლის შემდეგ საოცარი ეკონომიკური აღმშენებლობა დაიწყო. ეკონომისტებს შორის ერთი აზრი არ არსებობს, რა როლი ითამაშა ამაში რეპარაციებმა, მაგრამ ბოლოს ყველა მივიდა დასკვნამდე, რომ: ომის შემდგომი აღორძინება და წარმოების საოცარი ზრდა პირადად სტალინის დამსახურება იყო და სხვა არაფერი.

მართალია, ომმა უდიდესი გამოცდილება შესძინა საბჭოთა გამომგონებლებს, მაგრამ მშვიდობიანობის პერიოდში შეჯიბრების სტიმული, ცოტა არ იყოს, მინელდა, რამაც საბჭოთა მრეწველობას ტექნოლოგიური პროგრესის მხრივ ჩამორჩენისკენ უბიძგა. მაგალითად, ქიმიურ მრეწველობაში, პლასტიკური და სინთეტიკური მასალის წარმოებაში, ბუნებრივი აირის გამოყენებაში, რომლითაც რუსეთი განსაკუთრებით მდიდარია, აგრეთვე, კომპიუტერულ ტექნიკაში, მაგრამ ცივი ომის გაგრძელების საფრთხემ გვაჩვენა: რუსეთში საკმაოდ ნიჭიერი მეცნიერები არსებობდნენ, ბირთვული იარაღი რომ შეექმნათ და კოსმოსშიც გასულიყვნენ.

1949 წელს საბჭოთა კავშირში ატომური იარაღის გამოცდამ და შემდგომ წლებში კოსმოსური თანამგზავრების გაშვებამ თვითკმაყოფილი ამერიკელები შოკში ჩააგდო.

ქვეყნის მრეწველობის აღორძინების გარდა, სტალინს სოფლის მეურნებობის განვითარებაზეც უდიდესი გავლენა ჰქონდა. მას ეკუთვნის გრანდიოზული პროექტი სახელწოდებით “სტალინის გეგმა ბუნების ტრანსფორმაციის შესახებ”, რომელიც 1948 წელს მიიღეს და მისი განხორციელება გლეხებსა და კოლმეურნეებს 1955 წელს უნდა დაესრულებინათ. სტალინმა, აგრეთვე, ხელი მოაწერა ოთხ სახელმწიფო დადგენილებას სერიიდან “სტალინის დიდი პროექტები”, რომლებსაც ირიგაციისა და კომუნიკაციის საკითხები უნდა გაეუმჯობესებინა და რომლებიც ოთხი ახალი არხისა და ოთხი ახალი კაშხლის მშენებლობას ითვალისწინებდა.

იქნებ ეს ყველაფერი შეიგნონ უახლესი ისტორიის ქართველმა მკვლევარებმა, რომელთა აზრითაც, ომის შემდგომ პერიოდში სტალინი გამოთიშული (1946 წელს მიღებული ინსულტის გამო) იყო სახელმწიფო საქმეებს და დროს, ძირითადად, შავი ზღვისპირა აგარაკებზე მკურნალობასა და დასვენებას უთმობდა.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here