Home რუბრიკები ისტორია “სტალინი _ დიპლომატიის მონსტრი”

“სტალინი _ დიპლომატიის მონსტრი”

რას ამბობდა სტალინზე მსოფლიო დონის პოლიტიკოსი ჰენრი კისინჯერი

3396
ჰენრი კისინჯერი

აღმოსავლეთ ევროპაში სსრკის სტატუს კვოს შენარჩუნება, თუ ასეთი საერთოდ არსებობდა, დასრულდა. პარტიის მეთვრამეტე ყრილობაზე გადამწყვეტ მომენტში სტალინმა არჩევანი გააკეთა _ მიმართა ჰიტლერს და მას შემდეგ, რაც პოლონეთმა მიიღო ბრიტანეთისგან გარანტია, მას შეეძლო, ნაცისტური საჭადრაკო პარტია გაეთამაშებინა განსაკუთრებული საფრთხის გარეშე. ამოცანა იმით იყო გამარტივებული, რომ დასავლურმა დემოკრატიამ უარი თქვა ჩასწვდომოდა მის სტრატეგიას, რომელიც სრულიად ცხადი იქნებოდა რიშელიესთვის, მეტერნიხისთვის, პალმერსტონისა თუ ბისმარკისთვის. მისი არსი უმარტივესი იყო და იქამდე მიდიოდა, რომ უდიდეს ზესახელმწიფოთაგან საბჭოთა კავშირს უკანასკნელს აეღო გარკვეული ვალდებულებები. ეს სტალინს აძლევდა მოქმედების თავისუფლებას მისთვის ორგანიზებულ ბაზარზე, სადაც ოფერენტს (სავაჭროდ მიწვეული პირი, რომელიც ურთიერთობაში გამოდის გარიგების შესახებ წინადადების ფორმალური შეთავაზებით ყველა აუცილებელი პირობის მითითებით..), რომელიც ვაჭრობისას ყველაზე მაღალ ფასს იძლეოდა, შეუძლია სსრკის თანამშრომლობით ან საბჭოთა კავშირის ნეიტრალიტეტით ვაჭრობაში მოგება.

იმ მომენტამდე, სანამ პოლონეთი მიიღებდა გარანტიებს დიდი ბრიტანეთისგან, სტალინს უდიდესი სიფრთხილე უნდა გამოეჩინა გერმანიასთან თამაშისას, რადგან შესაძლებელი იყო, დემოკრატიულ ქვეყნებს ხელი დაებანათ და ის მარტო დაეტოვებინათ ჰიტლერთან. თუმცა გარანტიის მიცემის შემდეგ, ის არამხოლოდ დარწმუნდა იმაში, რომ დიდი ბრიტანეთი დაიცავს დასავლეთის საზღვრებს, არამედ იმაშიც, რომ ომი დაიწყებოდა ექვსასი მილით დაშორებულ გერმანია-პოლონეთის საზღვარზე.

სტალინს მხოლოდ ორი რამ აფიქრებდა: პირველ რიგში, უნდა დარწმუნებულიყო, რომ ბრიტანეთის გარანტია პოლონეთისთვის მყარია; და მეორე _ მას უნდა გაერკვია, არსებობდა თუ არა გერმანული ვარიანტი. პარადოქსულია, მაგრამ ფაქტი: რაც უფრო ცხადად ავლენდა დიდი ბრიტანეთი კეთილ ნებას პოლონეთის მიმართ, რომელიც საჭირო იყო ჰიტლერის დასაშინებლად, მით მეტ სივრცეს იღებდა სტალინი მანევრისთვის გერმანიის მიმართ. დიდი ბრიტანეთი ცდილობდა, შეენარჩუნებინა აღმოსავლეთ ევროპის სტატუს კვო.

სტალინი

სტალინმა მიზნად დაისახა, უზრუნველეყო ვარიანტების ფართო არჩევანი და დაერტყა ვერსალის შეთანხმებისთვის. სტალინი გრძნობდა, რომ ომი გარდაუვალი იყო და სარგებლის მიღებას ცდილობდა მასში მონაწილეობის გარეშე. 14 აპრილს დიდმა ბრიტანეთმა სსრკ-ს შესთავაზა, გაეკეთებინა განცხადება, რომ “საჭოთა კავშირის ნებისმიერი ევროპელი მეზობლის მიმართ აგრესიის ნებისმიერი აქტის შემთხვევაში, რომელსაც ქვეყანა წინააღმდეგობას გაუწევდა, სსრკ-ის მთავრობა ამ ქვეყანას დახმარებას შესთავაზებდა”. სტალინმა უარი განაცხადა, თავი მარყუჟში შეეყო და უარყო ეს მიამიტი წინადადება. 17 აპრილს მან პასუხი გასცა კონტრწინადადებით, რომელიც სამი ნაწილისგან შედგებოდა: კავშირი სსრკ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის; სამხედრო კონვენცია რეალურად ასამოქმედებლად და გარანტია ყველა ქვეყნისთვის ბალტიისა და შავ ზღვებს შორის.

სტალინს უნდა ცოდნოდა, რომ ასეთი წინადადება არასოდეს არ იქნებოდა მიღებული. პირველ რიგში, იმიტომ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს არ სურდათ; მეორე _ სამხედრო კონვენციის განხილვა მოითხოვდა მეტ დროს; ბოლოს კი, დიდი ბრიტანეთი თავს იკავებდა საფრანგეთთან ალიანსისგან ათწლეულების განმავლობაში არა იმისთვის, რომ ახლა ამაზე წასულიყო იმ ქვეყნის გამო, რომელიც, მისი აზრით, ღირსი იყო, სამხედრო აღჭურვილობის მიმწოდებლის მეორეხარისხოვანი როლი შეესრულბინა. “არ ღირს იმაზე ფიქრი, _ განაცხადა ნევილ ჩემბერლენმა, _ რომ ასეთი ალიანსი საჭიროა იმისთვის, რომ აღმოსავლეთ ევროპის პატარა ქვეყნებმა მიიღონ სამხედრო აღჭურვილობა”.

ბრიტანელი ლიდერები რამდენიმე კვირის განმავლობაში დუიმს დუიმზე თმობდნენ და თანხმდებოდნენ სტალინის პირობებზე, ის კი სულ უფრო ზრდიდა ფსონს. მაისში საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ლიტვინოვი შეცვალა სტალინის ნდობით აღჭურვილმა პირმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა. ეს კი ნიშნავდა იმას, რომ სტალინი თავის ხელში იღებდა მოლაპარაკებებს და რომ კარგი ურთიერთობები მოლაპარაკებების მონაწილეებს შორის საბჭოთა კავშირისთვის არანაირ როლს არ თამაშობდა. მგზნებარე-პედანტური მანერით მოლოტოვმა მოითხოვა, საბჭოთა კავშირის დასავლეთ საზღვრის გასწვრივ ყველა ქვეყანას მიეღო ორმხრივი გარანტია, ამასთანავე, ისინი მან კონკრეტულად ჩამოთვალა. ის ასევე მოითხოვდა “აგრესიის” ტერმინის ახსნის განვრცობას. სურდა, რომ მასში ჩართულიყო “არაპირდაპირი აგრესიაც”, რომელიც განისაზღვრებოდა, როგორც გერმანიის საფრთხის დაგმობა ძალის ფაქტობრივი გამოყენების გარეშეც, ანუ სსრკ მოითხოვდა ყველა ევროპელი მეზობლის საშინაო საქმეებში ჩარევის შეუზღუდავ უფლებას.

ივლისში სტალინი მიხვდა, რომ ბრიტანეთის ლიდერები დათანხმდებიან, თუმცა უხალისოდ, მის მიერ წამოყენებულ პირობებთან ახლოს მყოფ კავშირს. 23 ივლისს საბჭოელი და დასავლელი მონაწილეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების პროექტზე, რომელიც დამაკმაყოფილებული აღმოჩნდა ორივე ქვეყნისთვის. ახლა უკვე სტალინს ჰქონდა სადაზღვევო ბადე და მას შეეძლო იმაზე ფიქრი, კონკრეტულად რისი შეთავაზება შეეძლო მისთვის ჰიტლერს.

მოლოტოვი და რიბენტროპი 1939 წელს თავდაუსხმელობის პაქტზე  ხელმოწერის შემდეგ
მოლოტოვი და რიბენტროპი 1939 წელს თავდაუსხმელობის პაქტზე ხელმოწერის შემდეგ

1939 წლის გაზაფხულისა და ზაფხულის განმავლობაში სტალინი ფრთხილად იძლეოდა სიგნალებს, რომ მზად იყო, გერმანიის წინადადება განეხილა, მაგრამ ჰიტლერი თავს იკავებდა პირველი ნაბიჯის გადადგმისგან, რათა სტალინს არ ესარგებლა ამით უფრო ხელსაყრელი პირობების მისაღებად დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთისგან. სტალინი, თავის მხრივ, ვერ დგამდა პირველ ნაბიჯს, რადგან, თუ ეს ნაბიჯი გასაჯაროვდებოდა, დიდ ბრიტანეთს შეეძლო, ვალდებულებები მოეხსნა აღმოსავლეთ ევროპის მიმართ და საბჭოთა კავშირი ჰიტლერის პირისპირ დაეტოვებინა. ამასთანავე, სტალინიც არ ჩქარობდა. ჰიტლერისგან განსხვავებით, ის ვადებს არ სახავდა, ხოლო ნერვები რკინის ჰქონდა. ასე რომ, სტალინი ელოდა და ამით ჰიტლერის შეშფოთებას იწვევდა.

26 ივლისს ჰიტლერმა ნიშანი მისცა, რომ გეგმავდა პოლონეთზე თავდასხმას შემოდგომის წვიმების დაწყებამდე, არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა. მას უნდა სცოდნოდა, რის განხორციელებას აპირებდა სტალინი. კარლ შნურეს, გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელს, რომელიც სსრკ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა სავაჭრო ხელშეკრულების დადების თაობაზე, მიეცა ინსტრუქცია, შეხებოდა პოლიტიკურ საკითხებს მოლაპარაკებების მიმდინარეობისას. ის სარგებლობდა იმით, რომ იყო, დამაკავშირებელი რგოლი და საბჭოეთის ლიდერებს არწმუნებდა, რომ ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე ან შორეულ აღმოსავლეთში ორ ქვეყანას შორის არ არის არანაირი პრობლემა, რომლის გადაჭრაც შეუძლებელი იქნებოდა”. შნურე დაჰპირდა მათ, რომ განაგრძობდა ამ საკითხის განხილვას სსრკ-ის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრაზე.

აჩქარება არასოდეს არის კარგი მოლაპარაკებათა მიმდინარეობისას. არც ერთი გამოცდილი სახელმწიფო მოღვაწე არ წყვეტს საკითხს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი თანამოსაუბრე დროშია შეზღუდული. ის გამოიყენებს დროის უქონლობას, რათა უფრო მეტი სარგებელი ნახოს. ყოველ შემთხვევაში სტალინი არ იყო ის პიროვნება, რომელიც პირველ დაძახილს გამოეხმაურებოდა. ასე რომ, მოლოტოვმა მხოლოდ აგვისტოს შუა რიცხვებში მიიღო ინსტრუქცია, შეხვედროდა გერმანიის ელჩ ვერნერ ფონ დერ შულენბურგს, რათა დაეზუსტებინა, კონკრეტულად რას სთავაზობდა შნურე _ზეწოლას იაპონელებზე, რათა მათ ციმბირისთვის დაენებებინათ თავი? პაქტს თავდაუსხმელობის შესახებ? პაქტს ბალტიის სახელმწიფოების შესახებ? გარიგებას პოლონეთის მიმართ?

ამ მომენტში ჰიტლერი ისე ჩქარობდა, რომ, მიუხედავად სიძულვილისა, მზად იყო, სტალინისთვის დაეთმო ყველა პუნქტში. 11 აგვისტოს ჰიტლერმა დანციგში (ამჟამად გდანსკი, პოლონეთში _ გ.ო.) განაცხადა: ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული. თუ დასავლეთი ასე გონებაჩლუნგი და ბრმაა, რომ გაიგოს ეს, იძულებული ვარ, მოლაპარაკებაზე წავიდე რუსებთან, დავამარცხო დასავლეთი, ხოლო მისი დამარცხების შემდეგ მივუბრუნდე საბჭოთა კავშირს გაერთიანებული ძალით”.

ეს იყო ჰიტლერის თავდაპირველი ამოცანების მკაფიო ასახვა; დიდი ბრიტანეთისგან მას სურდა ჩაურევლობა კონტინენტურ საქმეში, ხოლო სსრკ-ისაგან _ “ებენსრაუმ”-ის, ანუ “სასიცოცხლო სივრცის” მიღება. სტალინის მიღწევის საზომად უნდა ჩაითვალოს ის, რომ მან, თუნდაც დროებით, ადგილები შეუცვალა ჰიტლერის პრიორიტეტებს.

მოლოტოვის კითხვებზე პასუხად ფონ დერ შულენბურგმა განაცხადა, რომ ჰიტლერი მზად არის, საგარეო საქმეთა მინისტრი იოახიმ ფონ რიბენტროპი დაუყოვნებლივ გაგზავნოს მოსკოვში, მისცეს მას უფლებამოსილებები ყველა დანარჩენი საკითხის გადასაწყვეტად. სტალინს არ შეეძლო, არ შეემჩნია, რომ ჰიტლერი მზად იყო, მოლაპარაკებები ეწარმოებინა იმ დონეზე, რომელსაც მუდმივად გაურბოდა ბრიტანეთი, რადგან ხანგრძლივი მოლაპარაკებების განმავლობაში მოსკოვში მას არ სწვევია არც ერთი ბრიტანელი მინისტრი, თუმცა ბრიტანეთის მთავრობის ერთ-ერთი წევრი იმყოფებოდა ევროპის აღმოსავლეთში, ვარშავამდეც კი.

სტალინს არ სურდა კარტების გახსნა მანამ, სანამ არ იქნებოდა ნათელი, რას სთავაზობდნენ, ამიტომ კიდევ უფრო გააძლიერა ზეწოლა ჰიტლერზე. მოლოტოვს დაევალა, მაღალი შეფასება მიეცა რიბენტროპის მზადყოფნისთვის, ჩასულიყო მოსკოვში, ისიც ეთქვა, რომ კარგი იქნებოდა ხელშეკრულების ტექსტის ქონა, სანამ გადაწყდებოდა საკითხი ვიზიტისგან სარგებლის მიღების შესახებ. ჰიტლერს თითქოს სთავაზობდნენ ზუსტი და კონკრეტული წინადადების ჩამოყალიბებას. მათ შორის, საიდუმლო ოქმის შექმნას ცალკეულ ტერიტორიულ საკითხზე. შეუძლებელი იყო, არცთუ გონიერი რიბენტროპი ვერ მიმხვდარიყო მოლოტოვის თხოვნის არსს. ინფორმაციის ნებისმიერი გაჟონვა დაკავშირებული იქნებოდა გერმანულ პროექტთან. სტალინს ხელები სუფთა რჩებოდა, ხოლო მოლაპარაკებათა წარუმატებლობა შეიძლებოდა მიეწერათ საბჭოთა კავშირის უარისთვის, ფეხი აეწყო გერმანული ექსპანსიონიზმისთვის.

ჰიტლერი უკვე ნერვიულობდა, რადგან პოლონეთზე თავდასხმის გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში უნდა მიეღო. 20 აგვისტოს მან წერილი მისწერა სტალინს. ეს წერილი გამოცანა იყო გერმანიის პროტოკოლის სამსახურისთვის. რადგან სტალინის ერთადერთი ტიტული იყო “საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი” და არ ეკავა არანაირი სახელმწიფო თანამდებობა. პროტოკოლისტები ვერ წყვეტდნენ, როგორ მიემართათ მისთვის. საბოლოო ჯამში, წერილი ასე გაიგზავნა: “ბატონ სტალინს, მოსკოვი”. ჰიტლერი წერდა: “დარწმუნებული ვარ, რომ საბჭოთა კავშირის სასურველი დამატებითი ოქმის შინაარსი შეიძლება დაზუსტდეს უმოკლეს ხანში, თუ გერმანიის პასუხისმგებელ სახელმწიფო მოღვაწეს ექნება შესაძლებლობა, პირადად მივიდეს მოსკოვში მოლაპარაკებებისთვის”.

სტალინმა მოიგო პარტია იმის წყალობით, რომ საბოლოო არჩევანი გააკეთა უკანასკნელ წამს; ჰიტლერი აშკარად მზად იყო, უფასოდ შეეთავაზებინა მისთვის ის, რისი მიღებაც საბჭოეთის ბელადს შეეძლო დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთთან კავშირის შექმნის შემთხვევაში, მაგრამ მხოლოდ გერმანიასთან სისხლისმღვრელი ომის შემდეგ.

სტალინმა ჰიტლერს 21 აგვისტოს უპასუხა. მან გამოთქვა იმედი, რომ გერმანია-საბჭოთა კავშირის პაქტი თავდაუსხმელობის შესახებ იქნება გარდატეხის სიმბოლო ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობების გაუმჯობესების საქმეში. 48 საათის შემდეგ რიბენტროპი მოსკოვში მიიწვიეს, 23 აგვისტოს. მოსკოვში ყოფნის ერთი სააათიც არ იყო გასული, რომ ის სტალინის წინაშე წარდგა. საბჭოთა ხელმძღვანელმა მცირე ინტერესი გამოხატა თავდაუსხმელობის პაქტის მიმართ და კიდევ უფრო მცირე _ მეგობრობაში დარწმუნებისადმი, რასაც რიბენტროპი თავის რეპლიკებში რთავდა. სტალინის შეფიქრიანების საგანი იყო საიდუმლო ოქმი აღმოსავლეთ ევროპის გაყოფის შესახებ.

რიბენტროპმა შესთავაზა სტალინს, რომ პოლონეთი დაეყოთ 1914 წლის საზღვრის მიხედვით, მხოლოდ ერთი პრინციპული განსხვავებით _ ვარშავა უნდა შესულიყო გერმანიის გავლენის სფეროში. საკითხი, იქნებოდა თუ არა პოლონეთი გარეგნულად მაინც დამოუკიდებელი, თუ გერმანია და სსრკ, უბრალოდ, მოახდენდნენ დაპყრობილი ტერიტორიების ანექსიას, ღიად რჩებოდა. რაც შეეხება ბალტიის სახელმწიფოებს, რიბენტროპმა განაცხადა, რომ ფინეთი და ესტონეთი უნდა შესულიყვნენ რუსეთის გავლენის სფეროში (ეს სტალინს აძლევდა ლენინგრადის ირგვლივ დიდი ხნის ნანატრ ბუფერულ ზონას), ლიტვა გადაეცემოდა გერმანიას, ხოლო ლატვიას გაიყოფდნენ. როცა სტალინმა მთელი ლატვია მოითხოვა, რიბენტროპმა წერილი გაუგზავნა ჰიტლერს და მანაც დათმო ზუსტად ისე, როგორც დათმო ბესარაბია, რომლის წართმევაც, სსრკ-ს რუმინეთისთვის უნდოდა. აღელვებული რიბენტროპი დაბრუნდა ბერლინში, სადაც მას ეიფორიის მდგომარეობაში შეხვდა ჰიტლერი. სტალინისადმი ჰიტლერის პირველი წერილის გაგზავნის მომენტიდან დიპლომატიური რევოლუციის დასრულებამდე სამი დღე გავიდა. მოგვიანებით, როგორც ყოველთვის, წინა რიცხვით დაიწყო იმის გამოვლენა, ვინ იყო პასუხისმგებელი მოვლენების ასეთ შოკისმომგვრელ განვითარებაზე. ზოგიერთი დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებდა მოლაპარაკებათა ქედმაღლური სტილის გამო. ისტორიკოსმა ალან ჯონ პერსივალ ტეილორმა გვიჩვენა, რომ წერილებისა და დოკუმენტების პროექტების გაცვლისას ბრიტანეთსა და სსრკ-ს შორის საბჭოთა კავშირის წარმომადგენლები უფრო სწრაფად პასუხობდნენ ბრიტანეთის წინადადებებს (რაც მათთვის არ იყო დამახასიათებელი), ვიდრე ბრიტანელები _ საბჭოეთისას. ამ ფაქტიდან ტაილორმა გამოიტანა, ჩემი აზრით, არაკორექტული დასკვნა, რომ კრემლს უფრო მეტად სწყუროდა კავშირი, ვიდრე ლონდონს. ვფიქრობ, რომ სტალინს არ სურდა, დიდი ბრიტანეთი დროზე ადრე გასულიყო თამაშიდან, არ უნდოდა მისი შეშინება, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ საბოლოოდ არ გამომჟღავნდებოდა ჰიტლერის განზრახვა.

ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა უდავოდ დაუშვა უხეში ფსიქოლოგიური შეცდომები. არა მხოლოდ არც ერთი მინისტრი არ ეწვია მოსკოვს, არამედ ერთობლივი დაგეგმვის შესახებ სამხედრო მოლაპარაკებების დაწყებას აგვისტომდე აჭიანურებდა. თანაც, მოლაპარაკებებში ბრიტანეთის დელეგაციას მეთაურობდა ადმირალი, თუმცა საკითხი, რომელიც სსრკ-ს აინტერესებდა, იყო სახმელეთო ძალები. ამას დაემატა ის, რომ დელეგაცია საბჭოთა კავშირში გაემგზავრა გემით და მგზავრობას ხუთი დღე დასჭირდა… ბოლოს, მორალური მოსაზრებების მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის თავშეკავება ბალტიის სახელმწიფოების დამოუკიდებლობის გარანტიის საკითხში საბჭოთა ლიდერის მიერ ახსნილი იყო, როგორც ჰიტლერის მიწვევა, თავს დასხმოდა საბჭოთა კავშირს პოლონეთის გვერდის ავლით.

ბრიტანული დიპლომატიის უხეირო მოქმედებამ განაპირობა გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის პაქტის დადება. პრობლემა იყო ის, რომ დიდ ბრიტანეთს არ შეეძლო სტალინის პირობებზე დათანხმება ყველა იმ პრინციპის დათმობით, რომლებსაც იცავდა პირველი მსოფლიო ომის დასრულების მომენტიდან. აზრი არ ჰქონდა ხაზგასმას გერმანიის მიერ პატარა ქვეყნების დაპყრობაზე, თუ, ამასთანავე, პრივილეგიები უნდა შეეთავაზებინათ სსრკ-ისთვის, მოქცეოდა პატარა ქვეყნებს ზუსტად ასე.

ბრიტანეთის უფრო ცინიკური ხელმძღვანელობა ხაზს გაავლებდა საბჭოთა და არა პოლონეთის საზღვარზე, ამით გაცილებით გააუმჯობესებდა დიდი ბრიტანეთის პოზიციებს მოლაპარაკებებში სსრკ-თან და სტალინს აიძულებდა, სერიოზულად ეწარმოებინა მოლაპარაკებები პოლონეთის დაცვაზე მორალური თვალსაზრისით. დემოკრატიული ქვეყნების მიღწევა იყო ის, რომ მათ არ მოისურვეს აგრესიის მორიგი რაუნდის სანქცირება საკუთარი უსაფრთხოების ფასადაც კი. რეალპოლიტიკაშეძლებდა პოლონეთისადმი ბრიტანეთის გარანტიის სტრატეგიული შედეგების ანალიზის კარნახს, ვერსალის მიერ დადგენილი საერთაშორისო წყობა კი დიდი ბრიტანეთისგან მოითხოვდა სამართლებრივი და მორალური პრინციპების დაცვას. სტალინს ჰქონდა სტრატეგია, ხოლო დემოკრატიული ქვეყნები იცავდნენ პრინციპებს სტრატეგიის შემუშავების გარეშე.

პოლონეთის დაცვა შეუძლებელი იყო “მაჟინოს ხაზში” საფრანგეთის არმიის ინერტული ყოფნით, მაშინ, როცა საბჭოთა არმია საკუთარ საზღვრებში იქნებოდა ლოდინის რეჟიმში. 1914 წელს ევროპის ერები ომზე წავიდნენ, რადგან სამხედრო და პოლიტიკურმა დაგეგმვამ ერთმანეთთან კავშირი დაკარგა. სანამ გენერალური შტაბები სრულყოფდნენ თავიანთ გეგმებს, პოლიტიკური ლიდერები ან ვერ იგებდნენ მათ, ან არ ჰქონდათ პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, რომლებიც შეეფარდებოდა გათვალისწინებულ სამხედრო ძალისხმევას.

1939 წელს კვლავ გაიმიჯნა პოლიტიკური და სამხედრო გეგმები, მაგრამ ამჯერად სრულიად საპირისპირო მიზეზებით. დასავლეთის ზესახელმწიფოებს ჰქონდათ გონივრული და მორალური პოლიტიკური მიზანი _ შეეჩერებინათ ჰიტლერი, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ამ მიზნის შესაფერისი სამხედრო სტრატეგიის შემუშავება. 1914 წლის სტრატეგები თავზეხელაღებულნი იყვნენ, 1939 წელს კი საკმაოდ თავშეკავებულად იქცეოდნენ. 1914 წელს ყველა ქვეყნის სამხედრო ომისკენ ისწრაფვოდა. 1914 წელს იყო სტრატეგია, მაგრამ არ იყო პოლიტიკა, 1939 წელს კი იყო პოლიტიკა, მაგრამ არ არსებობდა სტრატეგია.

1914 წელს რუსეთმა განაპირობა სამხედრო მოქმედებების დაწყება, როცა ურყევად მიემხრო მოკავშირის ვალდებულებების შესრულებას სერბეთის მიმართ და მისდევდა ხისტ გრაფიკს; 1939 წელს, როცა სტალინმა ჰიტლერი გაათავისუფლა შიშისგან ორ ფრონტზე ომის თაობაზე, საბჭოეთის ბელადს უნდა სცოდნოდა, რომ მსოფლიო ომი გარდაუვალი იქნებოდა. 1914 წელს რუსეთი კონფლიქტზე წავიდა, რათა ღირსება დაეცვა. 1939 წელს ის ცდილობდა, თავისი წილი გამოეგლიჯა ჰიტლერის მონაპოვრიდან, მაგრამ გერმანია ერთნაირად მოქმედებდა ორივე მსოფლიო ომის წინ _ მოუთმენლად და არაშორსმჭვრეტელურად. 1914 წელს მან იარაღის ძალას მიმართა მის წინააღმდეგ შექმნილი კავშირის დასაშლელად, 1939 წელს არ სურდა, დალოდებოდა ევროპის უმთავრეს ერად გარდაუვალ გადაქცევას. ეს კი ჰიტლერისგან სრულიად საპირისპირო სტრატეგიას მოითხოვდა. საჭირო იყო გარკვეული დრო, რათა გამყარებულიყო მიუნხენის შემდგომი გეოპოლიტიკური რეალიები. 1914 წელს გერმანიის იმპერატორის ემოციურმა გაუწონასწორებლობამ და ეროვნული ინტერესების მკაფიო კონცეფციის უქონლობამ გერმანიის იმპერატორს არ მისცა ლოდინის შესაძლებლობა. 1939 წელს კი ნამდვილმა ფსიქოპატმა, რომელიც შეპყრობილი იყო ომის გაჩაღების გადაწყვეტილებით, განზე გასწია ყველა რაციონალური გათვლა.

ორი დამანგრეველი მარცხისა და ტერიტორიის მესამედის დაკარგვის მიუხედავად, რომელიც მას პირველი მსოფლიო ომის წინ ჰქონდა, გერმანია მაინც რჩება ევროპაში ყველაზე ძლიერ და, შესაძლოა, ყველაზე გავლენიან სახელმწიფოდ. რაც შეეხება საბჭოთა კავშირს, 1939 წელს ის სათანადოდ არ იყო მზად გარადაუვალი ომისთვის. მეორე მსოფლიო ომის ბოლოსკი ის უკვე ითვლებოდა გლობალურ სუპერსახელმწიფოდ. როგორც ეს გააკეთა რიშელიემ XVII საუკუნეში, სტალინმა XX საუკუნეში ისარგებლა ცენტრალური ევროპის დაქსაქსულობით”.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here