Home რუბრიკები ისტორია სტალინი დიდი სამამულო ომის წინა პერიოდში

სტალინი დიდი სამამულო ომის წინა პერიოდში

დიპლომატიური ომი სსრკ-ში გერმანიის შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე და გეგმა “ბარბაროსა”

607
მოლოტოვი ხელს აწერს გერმანია-სსრკ-ის შეთანხმებას თავდაუსხმელობის შესახებ. იოახიმ ფონ რიბენტოპი, იოსებ სტალინი, ნ. პავლოვი და ფ. გაუსი. 1939 წლის 23 აგვსიტო

1941 წლის 10 მაისს ნაცისტურ პარტიაში ფიურერის მოადგილის, რუდოლფ ჰესის, გაფრენა ინგლისში სპონტანური არ ყოფილა. იგი ჰიტლერის ახლო მეგობარიც გახლდათ _ მათ .. ლუდის პუტჩის შემდეგ 9 თვე ერთად გაატარეს ციხის საკანში. გაფრენამდე რამდენიმე დღით ადრე ჰესს დიდხანს ესაუბრა ჰიტლერი. რაზე ისაუბრეს, უცნობია, მაგრამ, დაცვის წევრის ჩვენების თანახმად, ისინი ერთმანეთს კარგი განწყობით არ დამშვიდობებიან.

უახლოესი გარემოცვის წევრის ფარული მისიით გაგზავნა გერმანიასთან ომში მყოფ ქვეყანასთან ჰიტლერის პარადოქსული დიპლომატიური ნაბიჯია. ჰესი ცნობილი ანტიკომუნისტი იყო და ლონდონში მისმა გამოჩენამ ნათლად აჩვენა, რა ამოცანით იქნებოდა იქ ჩასული _ ბრიტანეთის ხელმძღვანელობასთან სსრ კავშირის წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებებზე შესათანხმებლად ან ბრიტანელებთან ნეიტრალიტეტის მისაღწევად.

შესაძლოა, ჰიტლერმა შეცდომა დაუშვა, როდესაც 10-11 მაისის ღამით გაგზავნა გერმანული თვითმფრინავები ბრიტანეთის ქალაქების დასაბომბად. ამით მას სურდა, კიდევ ერთხელ ეჩვენებინა თავისი ძალა დიდი ბრიტანეთისთვის, მაგრამ ინგლისელები სამშობლოს მედგრად იცავდნენ _ ხალხში მაღალი იყო პატრიოტული სულისკვეთება. გამოცდილი ბრიტანელი დიპლომატი ივონ კირკპატრიკი ჰესთან საიდუმლო მოლაპარაკებებს სამი დღის განმავლობაში აწარმოებდა. კირკპატრიკმა მოგვიანებით დაწერა, რომ ჰესმა დაარწმუნა ის გერმანიასთან ომში ინგლისის სრული მარცხის გარდაუვალობაში. ჰესმა ბრიტანელ დიპლომატს ასევე უთხრა, რომ გერმანიასთან სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში, ინგლისს გარანტირებული ექნებოდა ჰეგემონია თავის ტერიტორიებზე, ხოლო კონტინენტური ევროპა დარჩებოდა მესამე რაიხს მფლობელობაში. ზღვებსა და ოკეანეებში დომინაცია ექნებოდა ბრიტანულ ფლოტს, გერმანიის არმიას კი _ ხმელეთზე. რაც შეეხება ამერიკას, ის იზოლაციაში რჩებოდა.

ივნისის დასაწყისში ჰესთან საიდუმლო მოლაპარაკებებში ჩერჩილის კაბინეტის წევრი, კანცლერი ჯონ სიმონსი ჩაერთო (ეს ამბავი სტალინმაც იცოდა). ეს ნიშნავს იმას, რომ ბრიტანეთის მმართველი წრეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ჰესის მისიას. სიმონსი დაინტერესდა, გავრცელდებოდა თუ არა ფიურერის კონცეფცია საბჭოთა კავშირის რომელიმე ნაწილზე. ჰესმა დადებითი პასუხი გასცა და დასძინა, რომ ეს არის მხოლოდ აზიური ნაწილი, მაგრამ ჰიტლერის მხრიდან ჰესის მეშვეობით ბრიტანელებთან მოლაპარაკებების მცდელობა მიზანშეწონილი არ იყო, რადგან საჰაერო დარტყმებით გამოწვეული მსხვერპლის გამო ინგლისში ანტიფაშისტური განწყობა დღითიდღე იზრდებოდა.

ჰიტლერი და მოლოტოვი
ჰიტლერი და მოლოტოვი

უინსტონ ჩერჩილი დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა თავის მოქალაქეებში. ის დასავლეთ ევროპაში ბრიტანეთის ჰეგემონიის მომხრე იყო და არ სჯეროდა ჰიტლერის დანაპირების კოლონიალური ბრიტანეთის იმპერიის შენარჩუნების თაობაზე. ჰიტლერმა თავი უკვე სრულად გამოავლინა ჩეხოსლოვაკიის, პოლონეთის, ბელგიის, საფრანგეთის დაპყრობისას. ის უახლოეს მომავალში უეჭველად დაესხმებოდა თავს სსრკ-ს და რომელი სახელმწიფო მოღვაწე ენდობოდა ისეთი “მოკავშირის დაპირებებს,” რომელიც ცოტა ხნის წინათ მტერი იყო?! რა თქმა უნდა, ჩერჩილი არ იყო ასეთი მიმნდობი ადამიანი. უცნაური მხოლოდ ის არის, რომ ჰიტლერს ჰქონდა ბრიტანეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების იმედი. უნდა ითქვას, რომ ჰესის მისიის მარცხი, პირველ რიგში, ინგლისელი ხალხის ანტიფაშისტურმა განწყობამ განსაზღვრა, თუმცა ქვეყნის მმართველი წრეები აშკარად დაინტერესდნენ ჰიტლერის წინადადებით, ამიტომაც არ არის შემთხვევითი, რომ ჰესთან მოლაპარაკებების მასალები ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულა.

ჰესს შეეძლო, მიეღო ბრიტანეთის მთავრობისგან პირდაპირი თუ არა ირიბი გარანტიები, რომ დასავლეთ ევროპაში მეორე ფრონტი არ გაიხსნებოდა რუსეთში ნაცისტების შეჭრის შემდეგ. როგორც ვიცით, ბრიტანეთის პოლიტიკა ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირის განადგურებას, როგორც ბურჟუაზიული დემოკრატიის მთავარი მტერის, და გერმანიისა და სსრკის მნიშვნელოვან დასუსტებას, თუ ისინი ერთმანეთს შეებრძოლებოდნენ.

არ არის გამორიცხული, რომ ჰესის მისია ჰიტლერის ეშმაკური ხრიკი იყო _ მან იცოდა, რომ ამ ეტაპზე ბრიტანეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები არ შედგებოდა, განსაკუთრებით გერმანული თვითმფრინავებით ინგლისის დარბევის შემდეგ, თანაც სტალინი დარწმუნებული იქნებოდა, რომ ჰიტლერი, პირველ რიგში, დასავლელ მტერთან გამკლავებას შეეცდებოდა. თუ ჰიტლერის გეგმა ეს იყო, მაშინ მიზანი მიღწეული გახლდათ. იცოდა რა ჰესის წარუმატებელი მისიის შესახებ, სტალინს განუმტკიცდა იმედი, რომ ჰიტლერის შეჭრა სსრკ-ში გადაიდო 1942 წლამდე. ჩერჩილის გაფრთხილება სსრკ-ზე გერმანიის მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ კი გონივრული იყო, რადგან ბრიტანელებს სურდათ, ვერმახტს რაც შეიძლება მალე აეღო გეზი აღმოსავლეთისკენ.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინიტრმა იოახიმ ფონ რიბენტროპმა დატოვა მემუარები, რომელიც დაწერა ნიურნბერგის პროცესის მიმდინარეობისას, სიკვდილით დასჯამდე ცოტა ხნით ადრე. აი, როგორ აღწერა მან საბჭოთა კავშირის ლიდერთან შეხვედრა:

რუდოლფ ჰესი
რუდოლფ ჰესი

ერთერთმა თანამშრომელმა შეგვიყვანა მოგრძო ოთახში, რომლის ბოლოს სტალინი იდგაშულენბურგმა (გერმანიის ელჩი სსრკში) გაკვირვება ვერ დამალა. მიუხედავად იმისა, რომ იგი საბჭოთა კავშირში უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა, სტალინთან არასდროს უსაუბრიაშეხვედრის პირველივე წუთიდანვე სტალინმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე: არაჩვეულებრივი პროპორციების ადამიანი. მისმა სხარტმა, თითქოს მშრალმა, მაგრამ აზრის გამოხატვის მკაფიო მანერამ, ამასთანავე, მოლაპარაკებების საუცხოო სტილმა აჩვენა, რომ იგი სამართლიანად ატარებდა თავის სახელს. თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ საყურადღებო ეპიზოდი: … სტალინს ვკითხე, ფიურერის პირად ფოტოგრაფს თუ შეეძლო ჩვენთვის რამდენიმე სურათის გადაღება. სტალინი დათანხმდა. მან პირველად მისცა უცხოელს კრემლში ფოტოს გადაღების საშუალება, მაგრამ, როდესაც შამპანურის ბოკლებით ხელში გადგვიღეს ფოტო, სტალინმა გააპროტესტა: მას არ სურდა ასეთი სურათის გამოქვეყნება. ჩემი თხოვნით, ფოტოგრაფმა აპარატიდან ამოიღო ფირი და გადასცა სტალინს, მაგრამ მან უკან დააბრუნა შემდეგი სიტყვებით: “გენდობით, რომ სურათი არ გამოქვეყნდება”. რა თქმა უნდა, ჰიტლერს სტალინის ამ უმნიშვნელო, მაგრამ ღირსეულ საქციელზე მოახსენებდნენ.

გორბაჩოვის მმართველობის პერიოდში ამ საიდუმლო ოქმების გამოქვეყნებამ მნიშვნელოვანი როლი შეიტანა ანტისაბჭოთა პროპაგანდაში. მაგრამ კიდევ ერთხელ მოვიყვან გენერალ-მაიორ პავლე სუდოპლატოვის სიტყვებს: “ასეთი ფარული ოქმები დიპლომატიურ ურთიერთობებში ხშირად გვხვდება, განსაკუთრებით რთულ საკითხებში”. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საიდუმლო ოქმების კითხვისას, მათში ვერანაირ საიდუმლოებას ვერ პოულობს დაინტერესებული პირი. ხელმოწერილი ხელშეკრულებების საფუძველზე გაკეთებული დირექტივები იყო ძალიან მკაფიო და კონკრეტული. მათ შესახებ არა მხოლოდ დაზვერვის ლიდერებმა იცოდნენ, არამედ სამხედრო ლიდერებმა და დიპლომატებმაც. პოლონეთის დაყოფის ცნობილი რუკა, რომელიც 1939 წლის 28 სექტემბრის ოქმებს დაერთო, გაზეთ “პრავდას” გვერდზე გამოჩნდა, რა თქმა უნდა, სტალინისა და რიბენტროპის ხელმოწერის გარეშე, და ის მთელმა მსოფლიომ ნახა. დამყარდა გერმანულ-საბჭოური კავშირი ყველა სფეროში, მათ შორის სამხედრო სფეროშიც, მაგრამ დასავლეთგერმანელი ისტორიკოსის, სებასტიან ჰაფნერის, აზრით: “ჰიტლერისა და სტალინის პარტნიორობა არ იყო მეგობრული ალიანსი, არც ერთის მხრიდან.

ომი გარდაუვალი იყო და სტალინი აძლიერებდა თავისი ქვეყნის სამხედრო ძალას, ამასთანავე, ცდილობდა, შეენარჩუნებინა მშვიდობა რაც შეიძლება, დიდხანს, რადგან წითელი არმიის გადაიარაღება ახალი დაწყებული იყო, თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, მოსალოდნელი კატასტროფა მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა.

1940 წლის ნოემბერში, გერმანიის მთავრობის მოწვევით, ბერლინში ჩავიდა საბჭოთა მისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი, სახელმწიფოს მეორე პირი ვიაჩესლავ მოლოტოვი. საბჭოთა დელეგაციის შეხვედრა ჰიტლერთან დეტალურად აღწერა შეხვედრის მონაწილე ვალენტინ ბერეჟკოვმა წიგნში “დიპლომატიური ისტორიის ფურცლები” (1982). მან ხაზი გაუსვა რიტუალურ დეკორაციას, რომელიც მიზნად ისახავდა მიწვეულების ფსიქოლოგიურ დათრგუნვას. “შავ ფორმებში ჩაცმულმა, დაცვის ორმა წარმოსადეგი გარეგნობის თანამშრომელმა გააღო უზარმაზარი კარი და ფაშისტური სალმით (მარჯვენა ხელის აწევით) მიესალმა სტუმრებს. უზარმაზარ დარბაზში უზარმაზარი საწერი მაგიდა იდგა, იქვე იყო უზარმაზარი გლობუსი და ამ გარემოში ფიურერის ფიგურა იკარგებოდა.

ფიურერმა ხაზგასმით აღნიშნა მეგობრული განწყობა და პატივისცემა სსრკის წარმომადგენლებისადმი. მათთან მივიდა, ყველას სათითაოდ მიესალმა და სასაუბროდ მიიწვია. შესავალი სიტყვა დაიწყო იმით, რომ ინგლისი უკვე დამარცხებულია და მალე დანებდება. გერმანია აკონტროლებს მთელ დასავლეთ ევროპას და დროა, ვიზრუნოთ ბრიტანეთის იმპერიის დაყოფაზე. ახლა სასურველია, რომ გერმანიამ, იტალიამ და იაპონიამ იცოდნენ საბჭოთა მთავრობის მოსაზრება ამ ვითარების შესახებ. საპასუხოდ, მოლოტოვმა შესთავაზა კონკრეტული საკითხების განხილვა. კერძოდ, რატომ გაგზავნეს გერმანიის ჯარები ფინეთში და სამხედრო მისია რუმინეთში საბჭოთა მთავრობასთან კონსულტაციის გარეშე? ეს ხომ არღვევდა 1939 წელს დადებულ პაქტს? ფიურერი შეეცადა, მოლაპარაკებები მისთვის საჭირო მიმართულებით წარემართა და საუბარი გადაეტანა სამყაროს დაყოფაზე, რომელშიც მონაწილეობა შესთავაზა სსრკ-ს. ასე რომ, მისი თქმით, გაძლიერდებოდა სსრ კავშირის მეგობრული ურთიერთობები გერმანიასთან. სტალინმა მოლოტოვს დაავალა, გაერკვია აღმოსავლეთის მიმართულებით გერმანული ჯარების კონცენტრაციის მიზეზები და დაკვირვებოდა ჰიტლერის რეაქციას ამ საკითხზე. რეაქცია არაორდინარული აღმოჩნდა. როგორც ბერეჟკოვი წერს, “მიუხედავად სამსახიობო ოსტატობისა, ფიურერმა ვერ შეძლო დაბნეულობის დამალვა”. მან უპასუხა არათანმიმდევრულად და არადამაჯერებლად. მოლოტოვმა განუცხადა, რომ არსებული ვითარება იწვევს მოსკოვის შეშფოთებას და სურვილს, ამ საკითხზე მიიღოს ნათელი პასუხი გერმანიის მთავრობისგან. ჰიტლერმა კვლავ დაიწყო სამყაროს დაყოფის შესახებ მსჯელობა და, შესაბამისად, ჭეშმარიტი ზრახვების დამალვა. მან სსრკ შესთავაზა გავლენის სფეროების გაფართოება სამხრეთის მიმართულებით _ ინდოეთის ოკეანემდე

აქ მოლოტოვმა შეაწყვეტინა ჰიტლერს, _ აღნიშნავს ბერეჟკოვი, _ რომ აზრი არ აქვს ამგვარი კომბინაციების განხილვას და რომ საბჭოთა მთავრობა დაინტერესებულია იმ რეგიონების მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით, რომლებიც უშუალოდ საბჭოთა კავშირს ესაზღვრება. ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელმა, სტალინის მითითებების შესაბამისად, ჰიტლერს საშუალება არ მისცა, მოლაპარაკება გადაეტანა საბჭოთა კავშირისთვის აქტუალური პრობლემებიდან სხვა საკითხებზე. საჭირო იყო ფიურერისთვის ეჩვენებინა, რომ საქმე ჰქონდა მოწინააღმდეგესთან, რომელიც კომპრომისზე წასვლას არ აპირებდა. ჰიტლერი ეშმაკობდა და ცრუობდა, ხოლო სტალინმა მოლოტოვის პირით აწარმოა გულახდილი მოლაპარაკება და არ დამალა თავისი ინტერესები. ჰიტლერი დამამცირებელ პოზიციაში აღმოჩნდა. მან მოლაპარაკება შეწყვიტა ბერლინზე საჰაერო შეტევის დაწყების მიზეზით”.

ბრიტანულმა თვითმფრინავებმა მართლაც მიიტანეს საჰაერო იერიში ბერლინზე. როგორც ჩანს, ბრიტანეთი ინფორმირებული იყო საბჭოთა დელეგაციის ვიზიტის ზუსტ დროზე. ამით ლონდონმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ომი დასრულებული არ არის და რომ არ აპირებდა კაპიტულაციას ან შეთქმულებას მესამე რაიხთან. არ არის გამორიცხული, ბრიტანეთის ლიდერებს ამით უფრო ეშმაკური გათვლა ჰქონოდათ: რუსებს შექმნოდათ შთაბეჭდილება, რომ გერმანია აპირებს, განაგრძოს ბრძოლა ინგლისთან და ამით რუსეთს უყურადღებოდ დაეტოვებინა გერმანული ჯარების კონცენტრაცია აღმოსავლეთის მიმართულებით.

“მეორე დღეს ჰიტლერთან მორიგი შეხვედრა გაიმართა, _ წერს ბერეჟკოვი, _ იმ მომენტისთვის დაშიფრული ტელეგრამა უკვე მოსული იყო მოსკოვიდან. დელეგაციამ მიიღო შემდეგი მითითება: საბჭოთა მთავრობა კატეგორიულ უარს ამბობს გერმანიის წინადადებაზე, “დაიყოს ბრიტანეთის საკუთრება”. ამასთანავე, დელეგაციამ მიიღო ინსტრუქცია, რომ გერმანიის მთავრობამ კონკრეტულად განმარტოს ევროპის უსაფრთხოების საკითხები”.

ჰიტლერთან მეორე შეხვედრამ არსებითად არაფერი შეცვალა. მოლოტოვი განაგრძობდა სტალინის ხაზს, ხოლო ფიურერი და რიბენტროპი ყველანაირად ცდილობდნენ, შეენიღბათ გერმანიის მზადება სსრკში შეჭრისთვის. მოლოტოვის თქმით, მოსკოვი უკმაყოფილო იყო საბჭოთა კავშირში გერმანული ტექნიკის მიწოდების შეფერხების გამო; “ასეთი პრაქტიკა მიუღებელია, ვინაიდან საბჭოთა მხარე ზუსტად ასრულებს თავის ვალდებულებებს გერმანიასთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ”, _ განაცხადა მოლოტოვმა. ჰიტლერი შეეწინააღმდეგა და უთხრა, რომ მისი ქვეყანაჩაბმულია ინგლისთან სამკვდროსასიცოცხლო ომში და იძულებულია, მთელი თავისი რესურსი ამ ომს მოახმაროს. მოლოტოვმა, როგორც ბერეჟკოვი წერს, მკვეთრად ჰკითხა: _ კი მაგრამ, ახლახან არ შევიტყვეთ, რომ ინგლისი უკვე დამარცხებულია და რომელი მხარე იბრძვის სიკვდილისთვის და რომელი _ სიცოცხლისთვის?

მოლოტოვის ნათქვამმა ჰიტლერი გააბრაზა, მაგრამ თავი შეიკავა და დაბნეულად წარმოთქვა, რომ ინგლისი ჯერ კიდევ არ იყო დამარცხებული ბოლომდე და ამ მიმართულებით კიდევ რჩებოდა გასაკეთებელი. ბოლოს დასძინა, რომ საუბრის თემა ამოწურულია. რიბენტროპმა კი განაგრძო მოლაპარაკებები.

მესამე რეიხის საგარეო საქმეთა მინისტრმა შესთავაზა საბჭოთა დელეგაციას, სსრკ შეერთებოდა გერმანია-იტალია-იაპონიის პაქტს, მაგრამ დაწყებულმა საჰაერო დარტყმებმა ყველა აიძულა, ბუნკერში ჩასულიყვნენ. მოლოტოვმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ინგლისის მოსალოდნელი დამარცხების გარანტიები არადამაჯერებლია, ისევე, როგორც განმარტებები გერმანიის ჯარების ფინეთსა და რუმინეთში ყოფნის შესახებ. რიბენტროპმა განაცხადა, რომ ასეთი “მეორეხარისხოვანი საკითხები”, ჯობია, დიპლომატიური არხებით განიხილებოდეს. ამით დასრულდა საბჭოთა დიპლომატიური დელეგაციის ვიზიტი ბერლინში.

ახლა უკვე ცნობილია, რომ იმხანად გერმანელები უკვე ამუშავებდნენ სსრკზე თავდასხმის სტრატეგიას და ჰიტლერმა მოლოტოვთან შეხვედრის წინა დღეს, 1940 წლის 12 ნოემბერს, გამოსცა საიდუმლო ბრძანება, რომელშიც ნათქვამი იყო: “უახლოეს მომავალში იწყება პოლიტიკური მოლაპარაკებები რუსეთის პოზიციის გასარკვევად. მოლაპარაკებების შედეგების მიუხედავად, აღმოსავლეთისთვის გათვალისწინებული ყველა მზადება გაგრძელდეს. შემდგომ ინსტრუქციებს ამ საკითხზე მიიღებთ ოპერატიული გეგმის ძირითადი დებულებების დამტკიცებისთანავე”.

გეგმა “ბარბაროსა” დამტკიცდა 18 დეკემბერს. დირექტივა ასეთი იყო:

გერმანიის შეიარაღებული ძალები მზად უნდა იყვნენ, დაამარცხონ საბჭოთა რუსეთი სწრაფი ლაშქრობით ინგლისთან ომის დასრულებამდე. მზადება უნდა დასრულდეს 1941 წლის 15 მაისამდე. განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს იმას, რომ შეტევისთვის მზადება არ გახმაურდეს”.

მოლაპარაკებებმა დაანახვა ჰიტლერს, რომ სსრკ შეშფოთებული იყო გერმანიის პოლიტიკით აღმოსავლეთში, რომ სსრკ-ს არ ეშინია გერმანიის და არ აპირებს ნაცისტებთან გარიგებას.

განიცადა თუ არა სტალინმა მარცხი? ექვსი თვის შემდეგ ნაცისტები ხომ შეიჭრნენ სსრკ-ში. დაიწყო ომი, რომელიც, როგორც ზოგიერთი დღემდე ამტკიცებს, საბჭოთა ხალხის ლიდერმა ვერ იწინასწარმეტყველა, რითაც აიხსნება ის, რომ პირველი-ორი წელიწადი ბრძოლები მთავრდებოდა რუსეთის მარცხით. ასე მხოლოდ ძალიან გულუბრყვილო ადამიანი თუ იფიქრებს. ჰიტლერთან მოლაპარაკებების მიმდინარეობამ სტალინს დაანახვა, რა საშიში გახლდათ ფაშისტური გერმანიის ქმედებები და ის, რომ მასთან ომი გარდაუვალი იყო. უფრო მეტიც, სტალინმა მალევე მიიღო ინფორმაცია დაზვერვისგან გერმანელთა შეტევის დაწყების სავარაუდო თარიღის შესახებ, კერძოდ 15 მაისს.

რის გაკეთება შეეძლო სსრკ-ს ასეთ ვითარებაში? სამხედრო თვალსაზრისით, ყველაზე ლოგიკური იყო, რომ დაესწრო და პირველს დაერტყა მტრისთვის, მაგრამ პოლიტიკური შედეგები შეიძლება დამღუპველი ყოფილიყო საბჭოთა კავშირისთვის. ის გამოცხადდებოდა აგრესორად, რომელმაც დაარღვია სამშვიდობო ხელშეკრულება გერმანიასთან. სსრკ-ს ასევე შეეძლო, ინგლისთან ალიანსში შესულიყო ან მიეღწია ნეიტრალიტეტისთვის და მოეპოვებინა მსოფლიო საზოგადოების სიმპათია. ამასთანავე, იაპონიას ყველა საფუძველი ექნებოდა, რომ სსრკ-ისთვის ომი გამოეცხადებინა.

სტალინის სამშვიდობო პოლიტიკა თანამიმდევრული იყო. იმხანად სოციალისტურ სისტემას უკვე დამტკიცებული ჰქონდა თავისი უპირატესობა კაპიტალისტურთან შედარებით. საბჭოთა კავშირი გახდა სუპერძალა, რომლისთვისაც მხოლოდ გერმანიის იმპერიას შეეძლო, გაეწი კონკურენცია ევროპაში. ინდუსტრიალიზაციის წყალობით, სწრაფად გაძლიერდა ქვეყნის თავდაცვითი პოტენციალი. ფინეთის ომის სასტიკმა გაკვეთილმა, მაგრამ გამარჯვებამ, აჩვენა, რა რთულია აგრესორის პოზიცია და რა ძლიერია მისი წინააღმდეგობა, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე სტალინმა მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება: გააგრძელოს ინტენსიური მზადება ომისთვის და შეეცადოს, გადადოს ომის დასაწყისი, რაც შეიძლება დიდი ხნით!

გრიგოლ ონიანი

1 COMMENT

  1. სამართლიანობის სიმბოლო,სამართლიანობის სიმბოლოა ყოველგვარი შელამაზების გარეშე და ეს სტალინია…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here