Home რუბრიკები ისტორია სტალინი და ურეკი

სტალინი და ურეკი

6328
სტალინი და ურეკი

მკითხველს გაუკვირდება წერილის სათაური და იფიქრებს, რა კავშირი უნდა ჰქონოდა ამ ადგილთან სტალინს ახალგაზრდობაში ან შემდგომი მოღვაწეობის პერიოდში. მაგრამ ეს სულაც არ არის ასე. ურეკი თავისი სახელწოდებიდან გამომდინარე, თვითონ ქმნის მიუკარებლობის, შეუვალობის, იდუმალებისა თუ საკრალურობის განცდას. ეს ურთიერთშეწნული ლიანები თუ გიგანტური ხეები გაუვმალობის განცდას აღძრავდა და რაღაც იდუმალების მორევში ძირავდა ადამიანს.

ასეთი იყო კოლხეთის დაბლობის ათასობით ჰექტარი, მაგრამ იქ, სადაც მდინარე სუფსა შავ ზღვას უერთდება, ბუნება ადამიანისათვის უფრო ხელმიუწვდომელი გახლდათ. ასე ყოფილა უხსოვარი დროიდან მე-20 საუკუნემდე. შეებრძოლო ბუნებას და გაიმარჯვო მასზე, წარმოუდგენელია, მაგრამ ბუნებასთან შებრძოლება, ფრაგმენტულად, ერთ პატარა მონაკვეთზე და მასზე გამარჯვება შეიძლება დროებით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში და არა საბოლოოდ.

300 ათას ჰექტარ ჭაობზე ბუნებასთან შებრძოლებს არც ფრაგმენტული შეიძლება ეწოდოს და არც მასშტაბური.

დედამიწაზე სტიქიებთან საომრად ადამიანებს ღმერთმა სტალინი მოუვლინა. კოლხეთი, სადაც მიცვალებულებს წყლით სავსე თხრილებში მარხავდნენ და მალარია მასობრივად სპობდა მოსახლეობას, სტალინის ხელმა ნარინჯების ტერიტორიად აქცია. თბილისის შემოგარენის 200 000 ჰა მიწის ფართობი, რომელიც მზისგან იყო დამწვარი, ხალხი კი მიწისქვეშა სოროებში გმინავდა შიმშილისგან, აყვავებულ მხარედ და ქალაქად გარდაქმნა. დამწვარი შირაქის ველი ალაზნის ტალღებს დააფარინა და ყურძნისა და ხორბლის ბეღლად აქცია.

არაფერს ვიტყვი მდინარეების _ ვოლგისა და დონის _ შეერთებაზე, რომლის შედეგად ხუთი ზღვა _ ბალტიის, თეთრი, აზოვის, შავი და კასპიის _ ერთმანეთთან დააკავშირა და მსოფლიოში მე-8 საოცრებად ცნობილ სანაოსნო სისტემად აქცია. მე არ ჩამოვთვლი სტალინის მიერ ბუნების გარდაქმნის განხორციელებულ თუ განუხორციელებელ პროექტებს, მხოლოდ სტალინსა და ურეკზე ვისაუბრებ.

ურეკი ბუნების ამოუხსნელ საიდუმლოებად 1928 წლამდე რჩებოდა, სანამ არ ამოქმედდა ბუნების გარდაქმნის დიადი სტალინური გეგმა. პირველი და მეორე ხუთწლედების ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად სწორედ კოლხეთის ჭაობის ამოშრობა დაისახა. 1928 წელს დაიწყო ურეკის ტყიანი ტერიტორიის ათვისება, რომელსაც, სტალინის ბრძანებით, კოლხეთის მიწაზე ციტრუსების პირველი მეურნეობის დაარსება მოჰყვა და მას ურეკის ციტრუსების საბჭოთა მეურნეობა ეწოდა. ცოტა მოგვიანებით, 1933 წელს, ურეკში მიღწეული წარმატებების ბაზაზე სუბტროპიკული მცენარეების სანერგე მეურნეობა გაჩნდა. შედეგები საოცარი იყო, _ საუკუნეების განმავლობაში ნასვენი მიწიდან ვულკანივით ამოხეთქა ოქროსფერმა ნაყოფმა და აღაფრთოვანა ადგილობრივი მოსახლეობა, ამასთანავე, ურეკში მოწეულმა ოქროს ნაყოფმა უკიდეგანო საბჭოთა კავშირის ტერიტორია შემოიარა, როგორც უძვირფასესმა ექსპონატმა.

ერიხ ფონ ანდერე
ერიხ ფონ ანდერე

ყველაფერზე მზრუნველმა სტალინმა 1944 წელს, ჰიტლერთან ბრძოლის პარალელურად, დაავალა საქართველოს გეოლოგიურ სამმართველოს, მოეძიებინათ რკინის საბადო პერსპექტივაში ასაშენებელი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის (გაიხსნა 1948 წელს) საჭიროებისათვის. ქართველმა გეოლოგებმა სტალინის ბრძანების შესასრულებლად დიდი საძიებო სამუშაოები ჩაატარეს მთასა თუ ბარში. სხვადასხვა საბადოში მოპოვებულ ნიმუშთა შორის ყველაზე მეტი ყურადღება მდინარე სუფსის შავ ზღვასთან შეერთების ადგილას მოპოვებულმა ნედლეულის ნიმუშმა გამოიწვია, რომელიც თითქმის მზა პროდუქციას წარმოადგენდა. მაგნიტური ქვიშა, რომელიც ზღვისა და მდინარე სუფსის შესართვთან მოიპოვებოდა, დიდი ოდენონით რკინას შეიცავდა. ეს ბუნების საოცრებად იქნა მიჩნეული.

საბადოს აღწერილობა და ნედლეულის მოპოვების ტექნოლოგია დააზუსტეს და პროექტი უშუალოდ სტალინს გაუგზავნეს. ბელადმაც არ დააყოვნა და 1944 წლის ბოლოს მიიღო გადაწყვეტილება ურეკის მიდამოებში მსუბუქი რეჟიმის ტყვეთა ბანაკის მოწყობის თაობაზე, რომელიც უზრუნველყოფდა ნედლეულის ჩატვირთვას ღია ვაგონებში რუსთავში გასაგზავნად. ტყვეთა ბანაკის ხელმძღვანელობისათვის ჩაიდგა კოტეჯის ტიპის პირველი ფინური სახლი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ. მიმდებარე ტერიტორიაზე კი გაშენდა ტყვეთა ბანაკი, რომლის უფროსად დაინიშნა იპოლიტე სიგუა. ტყვეთა ბანაკის უფროსი იპოლიტე სიგუა, რომელსაც ინსტრუქტაჟი უკვე მიღებული ჰქონდა მოსკოვში, თანამშრომლებს აფრთხილებდა, გულისხმიერად მოქცეოდნენ ტყვეებს და თავისუფალ დროს არ შეეზღუდათ ისინი ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობაში.

შემსუბუქებული რეჟიმის ბანაკებში ანაწილებდნენ ტყვეებს იმ მეომრებისაგან, რომლებიც სამეცნიერო, კულტურის, სპორტისა და ჰუმანურ დარგებში მოღვაწეობდნენ და პირდაპირ ფრონტის ხაზზე აღმოჩნდნენ.

“ტყვეებს, რომლებიც შემსუბუქებული რეჟიმის ბანაკებში არიან, არ უნდა დაუშალონ ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქი, პირიქით _ განათლებული გერმანელი ერის განათლებული წარმომადგენლები უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მოსახლეობის განმანათლებლად” (ვიაჩესლავ მალიშევის ჩანაწერებიდან).

ტყვეთა ყოფილი ბანაკის დირექციის შენობა
ტყვეთა ყოფილი ბანაკის დირექციის შენობა

ურეკის რკინიგზის სადგურიდან სასწრაფოდ დაიწყო ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის გაყვანა მაგნეტიტამდე, საიდანაც მაგნიტური ქვიშა გადაჰქონდათ ცენტრალურ სადგურამდე.

აქ თემიდან ცოტა უნდა გადავუხვიო და მკითხველს სხვა ცნობა მივაწოდო:

აქ ადრე ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა გადიოდა
აქ ადრე ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა გადიოდა

ბევრისთვის ცნობილია ატომური ბომბის წინამორბედი გერმანული რაკეტა “ფაუ-2”, რომლის ბაზაზეც მოსალოდნელი იყო ატომური ბომბის უშუალოდ საბჭოეთის რომელიმე დიდ ქალაქში ჩამოგდება. “ფაუ-2”-ის შემქმნელი ვერნერ ფონ ბრაუნი, როგორც ბევრი სხვა გერმანელი, ნებაყოფლობით ჩაბარდა ამერიკელებს, ხოლო მისი მოადგილე ერიხ ფონ ანდერე საბჭოთა ჯარისკაცებმა ტყვედ ჩაიგდეს, როგორც რიგითი ჯარისკაცი. ანდერე სარაკეტო შეიარაღებაში ყველაზე რთულ დარგს _ საწვავს განაგებდა. იგი უბრალო ჯარისკაცის მუნდირით ჩაბარდა საბჭოთა ჯარიკაცებს. სწორედ ამ მოხერხებულობის წყალობით მოხვდა იგი მსუბუქი რეჟიმის ბანაკში, 1944 წელს კი ურეკის ტყვეთა ბანაკში გაგზავნეს.

ანდერეს გულ-სისხლძარღვთა დაავადება და ართრიტი სტანჯავდა. მან მუშაობისას რამდენჯერმე შეამჩნია, რომ სანაპიროზე, სადაც ქვიშას იღებდნენ, საქონელი მიდიოდა და წვებოდა. მეცნიერს ცხოველების ეს მიზანმიმართული ქმედება უყურადღებოდ არ დარჩენია და სწორედ იმ ადგილზე დაიწყო დაწოლა, სადაც საქონელი წვებოდა. შედეგმაც არ დააყოვნა. ერიხმა შვება იგრძნო _ ტკივილები გაუყუჩდა. მან ქვიშაზე წოლის ხანგრძლივობა გაზარდა და კიდევ უფრო შეუმცირდა ართრიტით გამოქვეული ტკივილები, გარკვეული ხნის შემდეგ კი სრულიად მოეხსნა.

ფრიად განათლებულმა გერმანელმა ინტელექტუალმა, რომელიც ბედად საქართველოში აღმოჩნდა, სტალინის სახელზე წერილი დაწერა:

საბჭოთა კავშირის მიერ მაგნიტური სილის მეტალურგიული კომბინატისათვის ნედლეულის სახით გამოყენება იგივეა, ბარაკები ოქროს უნიტაზებით აღჭურვოთ. უნიკალური ქვიშა შავი ზღვისპირეთის კლიმატურ პირობებთან ერთად საბჭოთა კავშირს საშუალებას მისცემს, ურეკი სრულიად განსაკუთრებულ კურორტად გადააქციოს, რომლის მსგავსიც მსოფლიოში არ იარსებებს”.

სამკუთხა წერილი ერიხმა ურეკის რკინიგზის სადგურის ფოსტის ყუთში ჩააგდო, თვითონ კი თავის საქმეს დაუბრუნდა ნიჩბით ხელში. ეს 1949 წლის იანვარში მოხდა. იმავე წლის მაისში საკავშირო მინისტრთა საბჭომ სტალინის ხელმოწერით მიიღო დადგენილება ფოთიდან ქობულეთამდე საკურორტო ზონის განვითარების შესახებ. იქვე იყო მითითებული ფოთიდან ქობულეთამდე ბიჭვინთური ფიჭვების დარგვა 100-150 სიგანეზე. შავ ზღვისპირეთში მხოლოდ ეს სახეობა იზრდება და ზღვის მარილიან ანაორთქლს უძლებს. კატეგორიულად აიკრძალა ურეკიდან მაგნიტური სილის გატანა და ბანაკიც დაიხურა.

ურეკი დღეს
ურეკი დღეს

და როდესაც ერიხ ფონ ანდერე გადაიყვანეს სოხუმის დახურულ ინსტიტუტში, მაშინღა მიხვდა, რომ სტალინმა მისი სამკუთხა ბარათი მიიღო და წაიკითხა.

ერიხ ფონ ანდერემ სოხუმში 1957 წლამდე იმუშავა, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნება ითხოვა, რაზეც თანხმობა განუცხადეს. წავიდა ერიხი საქართველოდან და გაიყოლა გამოჯანმრთელებული გული და, საქართველოზე უსაშველოდ შეყვარებულმა, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჩაიტანა სტალინური პრემიის ლაურეატობის 7 მედალი. ჩვენ კი დაგვიტოვა შავიზღვისპირეთის უნიკალური კურორტი ურეკი.

სტალინის გარდაცვალებიდან ოცი დღის შემდეგ, 1953 წლის 25 მარტს, გიორგი მალენკოვმა შეაჩერა სტალინის ინიციატივით დაწყებული ტრანსპოლარული რკინიგზის მშენებლობა, ხოლო 1955 წელს ნიკიტა ხრუშოვმა საერთოდ დახურა, როგორც ბუნების გარდაქმნის დიადი სტალინური გეგმა, ისე ყველა პროექტი. ამან საფუძველი გამოაცალა მსოფლიოს ერთ-ერთ მძლავრ სახელმწიფოს და 1991 წელს სსრკ-მა არსებობა შეწყვიტა…

საბჭოთა კავშირში კვლავ მიაპყრეს ყურადღება ურეკს, როცა კოსმოსში ადამიანების გაშვება დაიწყეს. პირველივე კოსმოსურმა ფრენებმა აჩვენა, რომ უწონადობის გარემოში ყოფნის შემდეგ კოსმონავტების გლუვი კუნთები, რომლებსაც ძვლები არ ამაგრებდა, ატროფირდებოდა და ფრენის შემდეგ მათ თირკმლების, ღვიძლისა და შარდის ბუშტის სერიოზული პრობლემები ექმნებოდათ. თითქმის გამონაკლისის გარეშე წარმოიქმნებოდა შარდვისა და პოტენციის დაქვეითების პრობლემები.

შეიქმნა კოსმოსური მედიცინის ინსტიტუტი, რომელმაც კოსმონავტების რეაბილიტაციისათვის დაიწყო მუშაობა. ამ ინსტიტუტის სპეციალისტების საქმიანობიდან ერთ-ერთი პირველი იყო ის, რომ კოსმონავტებს ათავსებდნენ მაგნიტურ სოლენოიდებით აღჭურვილ სპეციალურ ბაროკამერებში, რათა კოსმონავტებზე მაგნიტურ ველს კეთილისმყოფელი გავლენა მოეხდინა. ისევ და ისევ ბედნიერი შემთხვევის წყალობით, კოსმოსური მედიცინის ინსტიტუტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ხელმძღვანელობას მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოში არსებობს ადგილი, სადაც ანალოგიური ეფექტის მიღწევა ბუნებრივი გზითაა შესაძლებელი, ანუ მაგნიტური ქვიშის გამოყენებით.

გასული საუკუნის 70-იან წლებში ურეკში კოსმოსური სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნა გადაწყდა. შეიმუშავეს სპეციალური სამსართულიანი ფუნდამენტის მქონე ოცსართულიანი შენობის პროექტი. ფუნდამენტი, რომელიც ცნობილმა გერმანულმა ფირმამ ააშენა, სახელმწიფოს 60 მლნ დოლარი დაუჯდა. სამწუხაროდ, საქმე ამით დამთავრდა.

შემდეგ ურეკის, ისევე, როგორც მთლიანად საბჭოთა კავშირის, ისტორიაში ბნელი ხანა დაიწყო. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შეწყდა უზარმაზარი სანატორიუმების დაფინანსება. ურეკში აღარ ჩადიოდნენ პაციენტები და ტურისტები. დაიწყო ველური პრივატიზაცია. საბჭოეთის ინფრასტრუქტურა ურეკთან ერთად დაინგრა “ (“ურეკის მაგია”. ალექსანდრე მაქსიმოვი).

ახლა კი გიამბობთ, როგორი იყო ურეკის განვითარების სტალინური გეგმა, რომელიც საბჭოეთის ბელადის გარდაცვალების შემდეგაც დაიხვეწა საბჭოთა არქიტეტორების მიერ.

გენერალური გეგმის მიხედვით, კურორტის სიმძლავრე ერთდროულად 20 000 ორგანიზებული დამსვენებლისათვის იყო განსაზღვრული. 10 000 საწოლი ეთმობოდა ბავშვთა კონტინგენტს სამკურნალო-პროფილაქტიკური დანიშნულებისათვის, 10 000 საწოლი _ ზრდასრულებს.

კურორტს უნდა ემუშავა მთელი წლის განმავლობაში. კლიმატური პროცედურები სითბური რეჟიმის გამოყენებით ტარდებოდა აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით. წლის დანარჩენ თვეებში რეჟიმის გახანგრძლივება ხდებოდა დახურულ დარბაზებში.

პირველი რიგის საკურორტო მშენებლობისთვის პროექტით შერჩეული იყო ურეკის ტერიტორია (შეკვეთილის ზონაში) მდინარე სეფას ორივე ნაპირზე. მარცხენა ნაპირზე 300 ჰა დათმობილი ჰქონდა საბავშვო კურორტს, ხოლო მარჯვენა ნაპირზე იყო დასასვენებელი ზონა დიდებისთვის.

10 000 ბავშვისთვის გათვალისწინებული კურორტი იყოფოდა 5 კომპლექსად, თითოეული გათვლილი იყო 2 000 ბავშვზე.

I კომპლექსი საბავშვო კურორტის ჩრდილოეთ ნაწილში საპროექტო ტბის სამხრეთით იყო განლაგებული და განკუთვნილი იყო 15-16 წლის ყმაწვილებისთვის.

II და III კომპლექსები სანატორიუმის ტიპის ბავშვთა ბანაკებისათვის იყო გათვალისწინებული, რომლებშიც დაისვენებდნენ 10-14 წლის ბავშვები.

IV კომპლექსი გათვალისწინებული იყო უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის.

V კომპლექსი დედათა და ბავშვთა სანატორიუმისათვის იყო გათვალისწინებული.

ყველა დაწესებულების შენობა სამსართულიანი უნდა ყოფილიყო, გარდა დედათა და ბავშვთა სანატორიუმებისა, რომლებიც შეიძლებოდა ყოფილიყო მრავალსართულიანი (ამ შემთხვევაში, ისინი ცხრასართულიანი იქნებოდა). ყოველ საბავშვო დაწესებულებას ჰქონდა ორი ერთსართულიანი სასადილო 400 ადგილზე. კორპუსები ზღვის მიმართ მართობულად იყო განლაგებული, რაც საშუალებას იძლეოდა, საძინებელ ოთახებს ჰქონოდა ოპტიმალური ორიენტაცია (სამხრეთით, რომელიც ურეკის პირობებში სასურველია წლის ყველა პერიოდში).

საბავშვო კურორტი დაგეგმილი იყო სამსაფეხურიანი მომსახურებით. აქ იგულისხმებოდა მომსახურების შემდეგი სახეები: კვება, სწავლა, კულტურულ-სანახაობითი, სპორტული, საყოფაცხოვრებო, სავაჭრო, ადმინისტრაციული და სამეურნეო.

2 000 საწოლზე გათვლილი თითოეული საბავშვო კომპლექსი უზრუნველყოფილი იყო ყველა იმ მომსახურების ობიექტებით, რომლებიც აუცილებელი იყო მისთვის:

1.კორპუსებში გათვალისწინებული იყო საძინებელი ოთახები, საკლასო ოთახები, სამზარეულოსასადილო ბლოკი.

2.კლუბი, სასპორტო დარბაზი, ღია ესტრადა, გასართობი და სპორტული ბაქნები ღია ცის ქვეშ.

3.კარგ ამინდში ღია ცის ქვეშ ძილისთვის გათვალისწინებული იყო ბაქნები, რომელთა გადახურვა საჭიროების შემთხვევაში შეიძლებოდა მსუბუქი ასაწყობი კონსტრუქციებით.

4.მოზრდილთა კომპლექსისათვის, რომელიც უნდა აშენებულიყო ხელოვნური ტბის მახლობლად, გათვალისწინებული იყო სპორტული ბაზის მშენებლობა წყალსაჯომარდო სპორტისათვის. იქვე შენდებოდა დიდი საცურაო აუზი ტრიბუნებით.

5.სანატორიუმის ტიპის ბავშვთა ბანაკები დაგეგმილი იყო საბავშვო კურორტის ცენტრალურ ნაწილში. მის წინა პლანზე გაშენებული იქნებოდა ბაქანი, რომელზეც შეიძლება ჩატარებულიყო ყოველგვარი სადღესასწაულო აღლუმი. ეს ბაქანი ორიენტირებული იყო ტრიბუნებით ზღვისკენ.

ყველა კომპლექსისათვის დაგეგმილი იყო დამოუკიდებელი გასასვლელი პლაჟზე. პლაჟი იქნებოდა კეთილმოწყობილი და უზრუნველყოფილი ყოველგვარი საპროცედუროსაპლაჟო მოწყობილობით.

პლაჟის ზოლი, პროექტის მიხედვით, დაგეგმილი იყო პარტერულ-დევირატიული გამწვანებით, რომელთანაც შერეული იქნებოდა მაღალტანიანი ხეები.

* საკურორტო დაწესებულების უკანა პლანზე, ე.ი., აღმოსავლეთით, ძირითადად, მოთავსებული იყო მომსახურების შემდეგი ობიექტები: საყოფაცხოვრებო კომბინატი, მიმღები პუნქტები ოზოლატორით, პერსონალის საცხოვრებელი სახლები მაღაზიებითა და სასადილო ბლოკით, დახურული საცურაო აუზი, სპორტდარბაზი, სტადიონი ტრიბუნითა და სათადარიგო სავარჯიშო მოედანი ფეხბურთისათვის (სხვა სასპორტო მოედნებთან ერთად). აქვე იყო საერთო საკურორტო ცენტრი, ადმინისტრაციული სახლი, პოლიკლინიკა (საკონსულტაციო), კინოთეატრი (ყველა დამხმარე სათავსოთი), საცეკვაო დარბაზი, ბიბლიოთეკა, მთავარი ლაბორატორია, აფთიაქი, კაფე, საპარიკმახერო, ავტომატური სატელეფონო სადგური, ფოტოატელიე, საგამოფენო დარბაზი და სხვ.

* ბავშვთა დიდი კონტინგენტის ერთ საკურორტო კომპლექსში კონცენტრაციამ განაპირობა ინფექციური საავადმყოფოს აუცილებლობა. იგი დაგეგმილი იყო საბავშვო კურორტის ზონის გარეთ, ტყეპარკში და აუცილებლად იზოლირებული იქნებოდა ხალხმრავალი საკურორტო ობიექტისაგან.

ზღვისპირა ნახევარკილომეტრიანი ზოლი, რომელიც დათმობილი იქნებოდა საკურორტო დაწესებულებებისათვის, ტრანსპორტის მოძრაობისაგან იზოლირებული იქნებოდა (გარდა ეპიზოდური შემთხვევებისა).

* საბავშვო კურორტის ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შემდეგ პრინციპზე იყო აგებული: მთავარი საკურორტო მაგისტრალიდან, რომელიც 50 სიგანის უნდა ყოფილიყო, ოთხი სატრანსპორტო შესასვლელი იყო გათვალისწინებული. ერთი ძირითადი შესასვლელი კურორტის კულტურულადმინისტრაციულ ცენტრში გახლდათ გათვალისწინებული. შესასვლელები კურორტის ტერიტორიაზე ურთიერთკავშირში იყო შიდა გამანაწილებელი გზებით. გამანაწილებელი გზიდან ყოველ კორპუსს ექნებოდა დამოუკიდებელი მისასვლელი.

* ურეკის განვითარების გენერალური გეგმის გიგანტური ნაწილი იყო მისი საბაგირო გზით დაკავშირება სამთო კურორტ ბახმაროსთან _ ეს იქნებოდა მთისა და ზღვის კურორტების შერწყმის უნიკალური შემთხვევა.

* ურეკში იგეგმებოდა მსოფლიოში სახელგანთქმული ახალგაზრდული ბანაკის, “არტეკის”, გადმოტანა, ასევე უნდა გახსნილიყო ფოთიქუთაისის სამდინარო სატრანსპორტო ხაზი, რომელსაც სვანეთში საჰაერო მიმოსვლის რეგულარული საშუალება დაემატებოდა, საქართველო უკან ჩამოიტოვებდა მსოფლიოში სახელგანთქმულ დასასვენებელ ადგილებსა და სამკურნალოსაკურორტო ზონებს.

აქვე შენდებოდა კოსმონავტთა სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც ერთადერთი და იქნებოდა მსოფლიოში. ამის უტყვი მოწმეა ურეკის ტერიტორიაზე დღესაც არსებული სამსართულიანი მიწისქვეშა ფუნდამენტი, რომელზეც უნდა აღმართულიყო მრავალსართულიანი უნიკალური სარეაბილიტაციო ცენტრი კოსმონავტებისათვის და რომლისთვისაც გამოყოფილი იყო 12 ჰა მიწის ფართობი. ამ საძირკველს, რომელიც საბჭოთა მთავრობას 60 მლნ დოლარი დაუჯდა, დღეს სამსართულიანი უსახური შენობა ადგას თავზე.

დღეს ურეკის ოქროს ხალიჩაზე ღორები ერთმანეთში არეულ სხვადასხვა ნაგავსა და ფეკალურ მასას თქვლეფენ და არად აგდებენ ბუნების მიერ ნაბოძებ და კაცის მიერ ნალოლიავებ უნიკალურ ბუნებას.

გრიგოლ ონიანი

ურეკი, 2020 წლის 7 აგვისტო

1 COMMENT

  1. ბატონი ივანიშვილის აზრით სტალინი უარყოფითი პიროვნება იყო თურმე და არაფერი არ გაუკეთებია საქართველოსაღვის! ამიტომ იგი ღირსი არ არის თავის სამშობლოში, იქ სადაც დაიბადა, გორში ძეგლი ედგას! დაფიქრდით ბატონო ბიძინა! ძეგლი გორში აუცილებლად აღდგება, ეს დროც მოვა და მერე არ შერცხვეს თქვენს შთამომავლობას! იფიქრეთ ამაზე!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here