Home რუბრიკები ისტორია სტალინი და საქართველო

სტალინი და საქართველო

2843
სტალინი, რუზველტი, ჩერჩილი და მოლოტოვი სუფრასთან

ნაწილი IV

ერთხელ, თუ არ ვცდები, 1944 წლის გაზაფხულზე, სტალინი შემეკითხა:

_ რა რაოდენობით უშვებთ ყოველწლიურად “თელიანს”?

_ ორ-სამ ათას დეკალიტრამდე, _ ვუპასუხე.

_ ჩვენი ბაზრისთვის ეს წვეთია ზღვაში. არ შეიძლება, მეტი გააშენოთ ფრანგული ვაზი, რომ ხალხს ასეთი შესანიშნავი ღვინო მეტი მივაწოდოთ? მე ყოველთვის ვფიქრობ, არაყი კარგმა სუფრის ღვინოებმა უნდა შეცვალოს.

_ სწორია, ამხანაგო სტალინ, მაგრამ “თელიანის” მომცემი ვენახების გაფართოება არ მოხერხდება.

_ რატომ?

ჩემი პასუხის დასასაბუთებლად ზემოთ მოყვანილი არგუმენტები მოვიშველიე და დავძინე:

_ არათუ გაფართოება, ჩვენი საზრუნავი ახლა ის არის, რომ თელიანის ზვარი შევინარჩუნოთ. ამ ძვირფას ნაკვეთს წალეკვით ემუქრება მდინარე კისისხევი. დიდი წვიმიანობის დროს მისი განიერი კალაპოტი ივსება ღვარცოფით, რომელიც დამცავ ნაგებობებს მძიმე მდგომარეობაში აყენებს. ნაპირებს ვამაგრებთ, მაგრამ იმის გარანტია მაინც არ არის, რომ თელიანის ნაკვეთი მდინარის შემოტევას ყოველთვის დაუზიანებლად გადაურჩება.

_ არ გქონიათ კარგად საქმე, _ თქვა სტალინმა და იმ საღამოს თელიანზე სიტყვა აღარ ჩამოუგდია.

ეს საუბარი სტალინისგან ჩვეულებრივი ცნობისმოყვარეობის გამოვლინებად ჩავთვალე და რაიმე სპეციალური ღონისძიება თელიანის ნაკვეთის დასაცავად და, მით უმეტეს, კაბერნეს ნარგავების გასაფართოებლად არ გაგვიტარებია.

1946 წლის დეკემბერია. ომი კარგა ხნის დამთავრებულია. ცხოვრება და სამეურნეო მშენებლობა ნორმალურ კალაპოტში დგება. საქმეებზე მოსკოვში ჩასულს სტალინთან შესახვედრად აგარაკზე მიწვევენ. სტალინი პოლიტბიუროს რამდენიმე წევრის მონაწილეობით ჩემგან დაყენებულ საკითხებს იხილავს. შემდეგ კი ჩვეულებრივად მაგიდასთან გვეპატიჟებიან.

ვახშმობისას სტალინი მოულოდნელად კაბერნეს საკითხს დაუბრუნდა და ნახევრადხუმრობით მკითხა:

_ წაიღო თელიანის ნაკვეთი წყალმა თუ ისევ ადგილზეა?

კითხვამ ორი წლისწინანდელი საუბარი გამახსენა და თან გამაკვირვა: ნუთუ ამ კაცს, რომელსაც ომის დროს და ომის შემდეგაც იმდენი საზრუნავი ჰქონდა, ის უმნიშვნელო საუბარი დაამახსოვრდა?!

_ თელიანს რა უნდა მოსვლოდა, ამხანაგო სტალინ, ის კვლავ თავის ადგილზეა, _ ვუპასუხე.

_ იმიტომ გეკითხებით, _ განაგრძო სტალინმა, _ რომ თქვენ ერთხელ თქვით, შეიძლება ეს ვენახი იქვე ჩამდინარე ხევმა წალეკოს და “თელიანის” მარკის ღვინო აღარ გვექნებაო.

მხოლოდ ახლა გამახსენდა, რომ 1944 წლის საუბრისას სტალინს ამ შინაარსის შეკითხვაზე დადებითად ვუპასუხე.

_ არა, ამხანაგო სტალინ, თელიანს წყალს არ გავატანთ. მას ბეტონის კედლით ვზღუდავთ და საიმედოდ ვიცავთ.

_ იცავთ, ალბათ, მაგრამ რატომ ამ ერთ ნაკვეთს შესჩერებიხართ და კაბერნეს ვენახებს არ აფართოებთ? თვითონ თელიანის ნაკვეთის გარშემო ხომ არის მიწის ფართობები, განა იქ იგივე ნიადაგი არ იქნება?! საერთოდ, ჩვენი მუშაკები ცდილობენ, ზოგჯერ დოგმებს ამოეფარონ. ასე ცხოვრება უფრო იოლია. თელიანის წარმოების გადიდება შეიძლება არც ისე მნიშვნელოვანი პრობლემა იყოს, მაგრამ დიდ საკითხებშიც ვხვდებით ამგვარ მიდგომებს. თქვენ კი გირჩევთ, _ დაასრულა სტალინმა თავისი შეგონება, _ თელიანსა და მის მიდამოებში გამოძებნოთ შესაფერისი ფართობები და გააშენოთ კაბერნეს ჯიშის ახალი ზვრები. მოელაპარაკეთ კვების სახალხო კომისარიატს და შეუდექით ამ საქმეს. ნახავთ, რომ “თელიანის” მარკის ღვინის წარმოება საქართველოში მნიშვნელოვნად მოიმატებს.

სათქმელი არაფერი მქონდა, არგუმენტები ანგარიშგასაწევი იყო.

სტალინი ყოველთვის კონკრეტულ და ნათელ დავალებებს იძლეოდა, მაგრამ ერთი ჩვეულებაც ჰქონდა: ზოგჯერ ამა თუ იმ აზრს მსჯელობის საგნად აქცევდა, სხვებსაც მოუსმენდა და შემდეგ დასკვნას გააკეთებდა, ოღონდ პირდაპირ არ გეტყოდა, რომ მიღებული დასკვნა სავალდებულოდ და განსახორციელებლად მიაჩნდა. პირველ ხანებში ეს გარემოება გაურკვეველ მდგომარეობაში მაყენებდა, მაგრამ მალე დავრწმუნდი, რომ, თუ საქმე პრაქტიკული ხასიათისა იყო, სტალინი სიტყვას ბანზე არ აგიგდებდა: კარგა ხნის შემდეგ გკითხავდა, ამა და ამ საკითხზე რომ ვისაუბრეთ, ზომები თუ მიიღეთო. ეს “კარგა ხანი” ზოგჯერ წელიწადი და მეტიც შეიძლება ყოფილიყო, ამიტომ სტალინის ამგვარ წინადადებებს ადგილზე გულმოდგინედ ვსწავლობდით, მეტწილად ვახორციელებდით, ხოლო ზოგჯერ, თუ ეს არ ხერხდებოდა ან მიზანშეწონილი არ იყო, მორიგი შეხვედრისას მოვახსენებდი.

სტალინმა კარგად იცოდა, რომ საქართველოში ვაზის ბევრი სამეურნეო მნიშვნელობის ჯიშია გავრცელებული. მისთვის ისიც ცნობილი იყო, რომ კახეთში, ძირითადად, კახური ჯიშებია, ქართლში _ ქართლური, იმერეთში _ იმერული, რაჭაში, ლეჩხუმში, სამეგრელოში, გურიაში _ ჯიშები, რომლებიც ნახევრადტკბილ ღვინოებს იძლევა.

_ მე არ მჯერა, _ თქვა ერთი შეხვედრისას სტალინმა, _ რომ ვაზის ჯიშების ასე მკაცრი დარაიონება გამართლებული იყოს. თუ ევროპული ვაზები ხეირობს კახეთში, ქართლში, ნუთუ საქართველოს დასავლეთის საუკეთესო ჯიშების აღმოსავლეთ რაიონებში გადმოტანა შედეგს არ მოგვცემს?!

მე გადმოვალაგე ჩემი არგუმენტები იმის შესახებ, რომ აღმოსავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით _ ქართლის, ვაზის მასობრივი ჯიშები პირველი და მეორე პერიოდების სიმწიფისანი არიან, კახეთში _ მესამისა, ამიტომ ყურძენი შედარებით მოკლე სავეგეტაციო პერიოდში ასწრებს მოსვლას, დასავლეთ საქართველოში კი ვეგეტაციის ხანგრძლივობა უფრო დიდია, ყურძენს ერთი თვით, ექვსი კვირით გვიან კრეფენ. ეს დარაიონება თავისთავად, ბუნებრივად მოხდა. მევენახეობის საცდელი ნაკვეთების მონაცემებიც მოწმობს, რომ სხვა რაიონებში გადატანილი ჯიშები დაბალ მოსავალს იძლევა _ მათგან მიღებული ღვინოც არ არის ისეთი ღირსების, როგორც ძირითად რაიონებში.

_ ეს ყველაფერი თეორიაა, _ მიპასუხა სტალინმა, _ საცდელი ნაკვეთების მცირე მასშტაბის გამო მათი მონაცემები საბოლოო დასკვნის გამოსატანად საკმარისი არ არის. მიმაჩნია, რომ ფართო საწარმოო ცდა უნდა ჩაატაროთ. დარგეთ გადმოტანილი ჯიშები 2-3-10 ჰექტარზე თითო რაიონში. განა ცუდი იქნება, რომ “ხვანჭკარა”, “ოჯალეში”, “ჩხავერი” აღმოსავლეთ საქართველოშიც ვაწარმოოთ? საბჭოთა მომხმარებელი ხომ ეძებს ამ ღვინოებს მოსკოვში, ლენინგრადში, სხვა ქალაქებში, მაგრამ ამაოდ. თქვენ ადგილას, თეორიებს კი არ ამოვეფარებოდი, ფართო ცდებს მოვაწყობდი, იქნებ გაამართლოს.

_ ვეჭვობ, ამხანაგო სტალინ, რომ ამ ცდამ გაამართლოს. სხვადასხვა მიკრორაიონში ერთი და იგივე ჯიშიც კი სხვადასხვა ხარისხის ღვინოს იძლევა. ეს მეღვინეობაში მტკიცედ დადგენილი ჭეშმარიტებაა. ალექსანდროული აღმოსავლეთ საქართველოში “ხვანჭკარას” არ მოგვცემს, საფერავიდან დასავლეთ საქართველოში “მუკუზანი” არ გამოვა.

_ ჭეშმარიტებას მექანიკურად ნუ გავიგებთ, ავიღოთ კაბერნე. ეს ფრანგული ჯიში კახეთში მშვენიერ ღვინოს იძლევა. იქნებ კახეთშიც მოიძებნოს მიკრორაიონი, სადაც ალექსანდროული კარგად იხარებს, კარგ ღვინოსაც მოგვცემს. გიცდიათ? _ არა, არ გიცდიათ. თქვენი თეორიით, ვაზის ჯიშების ერთი რაიონიდან მეორეში გადატანა არ შეიძლება. ასე რომ იყოს, ჩვენ არც კაბერნე გვექნებოდა, არც მუსკატი, რომლისგანაც ყირიმში შესანიშნავი ღვინო დგება. პრაქტიკით უნდა შემოწმდეს, იხარებს თუ არა ესა თუ ის ვაზი სხვა რაიონში და მოგვცემს თუ არა იმ ჯიშის შესაფერის ღვინოს.

არაფერი მეთქმოდა. ასეთი ცდა ჩვენი მიწათმოქმედების ორგანოებს მართლაც არ ჩაუტარებიათ. სტალინის მოთხოვნა სამართლიანი იყო და მეც აღვუთქვი, რომ უკვე იმავე წლის შემოდგომიდან ვაზის ჯიშებს მათთვის ახალ რაიონებში საცდელად დავრგავდით.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ცდების ჩატარება შეცდომად არ მიმაჩნდა, მაინც ვფიქრობდი, რომ უსახელოურის, ოჯალეშის, ჩხავერის აღმოსავლეთ საქართველოში, მეტადრე კახეთში, შემოტანა არაფერს მოგვცემდა. მსოფლიოში განთქმული კახური ვაზის ჯიშების ყურძნისგან, სუფრის ღვინოებთან ერთად, თუ მოისურვებთ, ნახევრადტკბილი ღვინოების მიღებაც შეიძლება, მაგრამ არის კი ეს საჭირო? განა მიზანშეწონილია, რომ, მაგალითად, საფერავის მოსავალი, ისტორიულად ჩამოყალიბებული “ქინძმარაულის” გარდა, სხვა ნახევრადტკბილი ღვინოების დასამზადებლად იხარჯებოდეს? კახეთი უბადლო სუფრის ღვინოების მხარეა და ასეთ მხარედ უნდა დარჩეს.

_ ეს ყველაფერი არ არის, _ განაგრძო სტალინმა, _ თქვენთან ძალიან ბევრი ჯიშია. ეს მრავალფეროვნება ბოტანიკისთვის კარგია, მაგრამ მეურნეობისთვის არ არის მისაღები. მხოლოდ საუკეთესო სამრეწველო ჯიშები უნდა მოაშენოთ. მეღვინეობაში ხარისხია გადამწყვეტი. უჯიშო ვაზი კი ხარისხიან ღვინოს არ მოგცემთ. მე, მაგალითად, მეუბნებიან, რომ ქართლში გავრცელებულია რაღაც ქიწნურა _ ჰიბრიდული ჯიში. ღვინო არაფრად ვარგა, ყურძენს მრეწველობა არ ყიდულობს, ვაზს კი ათასობით ჰექტარი მიწა უკავია. უნდა შევცვალოთ ეს ჰიბრიდი ხარისხიანი ვაზით.

_ ამხანაგო სტალინ, ქართლის რაიონებში ქიწნურას ნარგაობა საკარმიდამო ნაკვეთებზე აქვთ. გლეხები მის ღვინოს არ წუნობენ. ამასთანავე, ვაზი მავნებლებსა და ავადმყოფობებს უძლებს. არც საძირეზე გაშენება სჭირდება, არც შეწამვლა. კოლმეურნეები ჰიბრიდებს ადვილად არ შეელევიან.

_ ამბობთ, გლეხები ჰიბრიდების ღვინოს არ იწუნებენო. გლეხების გემოვნებას მაინცდამაინც ნუ დაუჯერებთ. მახსოვს, ქართლში ღვინოს ზოგიერთი გლეხი არაყს უმატებდა შესამაგრებლად, ზოგი კიდევ თამბაქოსაც შიგ ჩაყრიდა, მაგრამ ეს ხომ ღვინო არ არის. საკარმიდამო ნაკვეთებზეც კულტურული ვენახი უნდა გქონდეს. თქვენ წინასწარ ნუ გადაწყვეტთ, რომ გლეხები ქიწნურას არ დათმობენ. ხელი შეუწყვეთ ტრაქტორებით პლანტაჟის გაკეთებაში, მიეცით სარგავი მასალა და ნახავთ, თუ კოლმეურნე ხარისხოვანი ვაზის გაშენებას არ არჩევს.

_ ამხანაგო სტალინ, ტრაქტორებით, საპლანტაჟე გუთნებით, საწვავით დახმარება დაგვჭირდება. ვენახების გაშენების ისედაც დიდი გეგმები გვაქვს. გამოყოფილი რესურსებით ამდენს ვერ შევძლებთ.

_ ცხადია, დაგეხმარებით, _ შემპირდა სტალინი და მევენახეობაზე საუბარიც ამით დამთავრდა.

ომის პერიოდში ვენახები სერიოზულად დაზიანდა; შხამ-ქიმიკატების უქონლობისა და მუშახელის სიმცირის გამო ვაზს მოვლა დააკლდა, ბევრგან დასუსტდა, ნაწილობრივ სულ დაიღუპა, მეტიც _ საკარმიდამო ვენახებიც დაზარალდა. სწორედ იმ ხანებში, როცა სტალინთან ზემოთ აღნიშნული საუბარი გაიმართა, რესპუბლიკაში მევენახეობის განვითარების ხუთწლიან გეგმას ვამზადებდით. სტალინის მოსაზრებები გეგმის პროექტში გავითვალისწინეთ. გეგმა 1946 წლის ოქტომბრის ბოლოს დამტკიცდა. ადრინდელი გეგმებისგან განსხვავებით, ახლა რაიონებს ვენახების გაშენება ჯიშების მიხედვითაც დაევალა. გეგმაში შევიდა ზოგიერთი დასავლეთ-ქართული ვაზის ჯიშის აღმოსავლეთ რაიონებში საცდელად გაშენება: 1947-1948 წლებში ჩხავერი აქ უნდა დარგულიყო 45 ჰექტარზე, ოჯალეში _ 25 ჰექტარზე, უსახელოური _ 18 ჰექტარზე. ალექსანდროულის ნარგავები კახეთში და ქართლში მანამდეც იყო.

ცდამ შედეგი ვერ გამოიღო. მეოთხე ხუთწლედის დავალება დასავლური ჯიშების აღმოსავლეთ რაიონებში ინტროდუქციის შესახებ არ შეიძლებოდა, არ შესრულებულიყო. მიუხედავად ამისა, 1950-იანი წლების შუა ხანებისათვის ქართლსა და კახეთში აღირიცხა: ოჯალეში _ სულ 1,97 ჰექტარი, უსახელოური _ 0,43 ჰა, ალექსანდროული 3,58 ჰექტარი, ჩხავერის კვალი უკვე აღარ ჩანდა.

ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის ზოგიერთი საკითხი სტალინის აგარაკზე სუფრასთან წამოიჭრებოდა და წყდებოდა კიდეც. ეს გასაგები უნდა იყოს. სტალინის მაგიდაზე ქართული ღვინოები იდგა და მხოლოდ ეს გარემოება საკმარისი იყო, მათ წარმომავლობაზე, ხარისხზე, სამეურნეო მნიშვნელობაზე საუბრის წამოწყების მიზეზი გამხდარიყო, მაგრამ ამ თვალსაზრისით ჩვენი ღვინოების საკითხი გამონაკლისს არ წარმოადგენდა. აქ ბევრ, გაცილებით მნიშვნელოვან პრობლემებზე იყო სჯა-ბაასი”.

არ არსებობს საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურა, რომლის განვითარებაზეც სტალინს უზარმაზარი სამუშაო არ ჰქონდეს ჩატარებული. მხოლოდ ის რად ღირს, რამდენი ფარული თუ ღია მითითება და განკარგულება გასცა დატოტვილი ხორბლის თავთავის აღმოჩენაზე, რომელიც რევოლუციას მოახდენდა მსოფლიოში და რომელიც პატარა საქართველოსთან იყო დაკავშირებული.

საქართველოს აგრარული მიღწევების ძირითადი წყარო სტალინის სიბრძნე და ენერგიაა, რომელიც ხალხთა მატერიალური უზრუნველყოფისთვის ბრძოლას მოახმარა არა მხოლოდ მშობლიურ საქართველოში, არამედ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. სტალინური კოლექტივიზაციის გამარჯვება 1930-იან წლებში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია 1941-1945 წლებში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებისა. რადგან ჩვენი თემა მეტად ვრცელია და ბევრ დარგს მოიცავს, აქ ყურადღებას შევაჩერებთ სტალინის როლზე საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში.

მეორე საკითხად უნდა განვიხილოთ სტალინის როლი ქვეყნის ინდუსტრიალიზაციისა და ქალაქმშენებლობაში, რომლის ნათელ მაგალითადაც გამოდგება 1935 წლის ოქტომბერში სტალინისა და ბერიას კონფიდენციალური შეხვედრა შავი ზღვის სანაპიროზე, საუბარი და გადაწყვეტილების მიღება. აი ისიც:

“დადგენილება

სსრკ შრომისა და თავდაცვის საბჭოსი

16 თებერვალი, 1936 წელი

პარაგრაფი #3

“ქ. ფოთში ფლოტისათვის ბაზის მშენებლობის გეგმისა და მოცულობის შესახებ”.

თავდაცვის სახალხო კომისარიატის სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობის ვადაზე დაწყებისა და ამასთან დაკავშირებული ნაგებობების მშენებლობისთვის:

პირველი. დაევალოს სსრკ წყალთა მეურნეობის სახალხო კომისარიატს:

ა) თავდაცვის სახალხო კომისარიატის დავალებით, ბაზის მშენებლობის ადგილას გაასწოროს მდინარე რიონის ნაპირები ისე, რომ აკვატორიის სიგანე გახდეს 480 მეტრი, სიღრმე _ 5,5 მეტრი, ზოგან 3-4 მეტრი. სამუშაოები უნდა დამთავრდეს 1938 წლის 1 მაისისთვის;

ბ) წარმოიქმნას ბაზის ტერიტორია 2 მეტრ ნიშნულამდე რეფულირების გზით. საერთო მოცულობით 650 000 კვ.მ 1938 წლის 1 იანვრამდე. გამაგრდეს ნაპირი 600 მეტრის მანძილზე 1938 წლის 1 იანვრამდე, ხოლო დანარჩენი 1200 მეტრი _ 1939 წლის 1 იანვრამდე;

გ) 5,5 მეტრით გაღრმავდეს და გაფართოვდეს მდინარე რიონის ძველი კალაპოტი ჩრდილოეთი შენაკადის ფარვატერის შესართავთან ბაზამდე, საერთო სიგრძით 4 კილომეტრამდე, სიგანით _ 50 მეტრამდე. სამუშაოები უნდა დამთავრდეს 1939 წლის 1 იანვრამდე;

დ) გაკეთდეს არხი სიგანით 40 მეტრი, სიღრმით _ 3,6-4 მეტრი ბაზის აკვატორიიდან პალიასტომის ტბამდე. ჰიდროავიაციის დასაჯდომად გაღრმავდეს პალიასტომის ტბა 3,6-4 მეტრით, სამუშაოები უნდა დამთავრდეს 1938 წლის 1 იანვრამდე, ხოლო არხის მშენებლობა _ 1939 წლის 1 იანვრამდე;

ე) 1938 წლის ბოლომდე 100 მეტრით გაფართოვდეს სავაჭრო გემებისთვის მისადგომი და 1937 წლის 1 მარტამდე შემუშავდეს ტექნიკური პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს მეორე გამოსასვლელს სამხედრო-საზღვაო ბაზიდან მდინარე რიონის ძველი კალაპოტის სამხრეთ შენაკადიდან, სამუშაოები უნდა დამთავრდეს 1939 წელს;

ვ) 1939 წლის 1 ივლისისთვის დამთავრდეს რეკონსტრუქცია ქალაქ ფოთში არსებული ყველა სარემონტო სახელოსნოებისა გემებისთვის, 1 მილიონი მანეთის რაოდენობით, გემების სადგომების უზრუნველყოფით;

ზ) აშენდეს დამცავი ჯებირი მდინარე რიონის ახალი შესართავის დასაცავად სავაჭრო გემებისთვის 1940 წლის 1 იანვრისთვის, რაც უზრუნველყოფს მდინარის შესართავთან მისი ჩრდილოეთის შენაკადთან დიდი კუნძულის ჩრდილო-დასავლეთის ნაწილის დაცვას. ჯებირის საერთო სიგრძე უნდა იყოს 1500 მეტრი, რაც მთელი სანაპირო ზოლის დაცვას უზრუნველყოფს რიონის ადიდების შემთხვევაში;

თ) წყალთა მეურნეობის სახალხო კომისარიატთან ერთად ჩატარდეს მდინარე რიონზე არსებული 3 გახსნილი ხიდის რეკონსტრუქცია. ქალაქ ფოთში ხიდები უნდა გაიხსნას 25 მეტრით გემების გასატარებლად 10 წუთში. სამუშაოები უნდა დამთავრდეს 1939 წლის 1 იანვრისთვის.

მეორე. სსრკ მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატს დაევალოს:

ა) ქ. ფოთი უზრუნველყოფილი იქნას ელექტროენერგიის მუდმივი მიწოდებით 1937 წლის 1 ოქტომბრისთვის, რისთვისაც უნდა აშენდეს 110-კილოვატიანი გადამცემი ხაზი ახალი სენაკიდან ფოთამდე;

ბ) აშენდეს 35-კილოვატიანი გადამცემი ხაზი ქალაქ მახარაძიდან (ოზურგეთი _ გ.ო.) 1939 წლის 1 იანვრისთვის;

გ) გადამცემი ხაზის ტექნიკური პროექტირება დამთავრდეს 1937 წლის 1 იანვრამდე.

მესამე. სსრკ სახალხო კომისარიატს დაევალოს:

ა) გასწორდეს რკინიგზის ხაზი. ბაზასთან არსებული სატვირთო-სამგზავრო გზები და შენობები გადაეცეს თავდაცვის სახალხო კომისარიატის ბაზას;

ბ) წყალთა მეურნეობის სახალხო კომისარიატთან ერთად შეიქმნას პროექტი გაერთიანებული სარკინიგზო და საზღვაო სადგურებისა ქ. ფოთში. სავაჭრო სადგურისა და სარკინიგზო ვაგზლის მშენებლობა უნდა დაიწყოს 1937 წელს და დამთავრდეს 1938 წელს.

მეოთხე. საქართველოს სსრ სახალხო კომისარიატს დაევალოს:

ა) მდინარე რიონის ახალ კალაპოტში გადაგდების გამო 1937 წლის 1 იანვრისთვის აშენდეს ახალი წყალსადენი წამში 95 ლიტრის სიმძლავრის, ხოლო 1938 წელს აშენდეს წყალსადენის მეორე რიგი წამში 115 ლიტრი სიმძლავრის. სამუშაოები დამთავრდეს 1940 წლისთვის, რისთვისაც სსრკ სახალხო მეურნეობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 3.5 მილიონი მანეთი. 1937 წელს გათვალისწინებულ იქნას პირველი რიგის წყალსადენისთვის საჭირო თანხები;

ბ) 1937 წლის 1 იანვრისთვის დაპროექტებულ იქნას ქალაქ ფოთის კანალიზაცია. ქალაქისა და თავდაცვის სახალხო კომისარიატის ინტერესების გათვალისწინებით გამოყოფილი იქნას 1937 წლის საჭირო თანხა. სამუშაოები უნდა დამთავრდეს 1938 წელს.

მესუთე. სსრკ კავშირგაბმულობის კომისარიატს დაევალოს:

1937-1938 წლებში ქ. ფოთში აშენდეს სატელეფონო ავტომატური სადგური 2000 ნომრით, რომელიც მოემსახურება ქალაქს, თავდაცვის კომისარიატს და წყალთა მეურნეობის კომისარიატს.

მეექვსე. დაევალოს სსრკ სესხის სახალხო კომისარიატს:

ა) 1936 წელს ჩაატაროს სამხედრო-საზღვაო ბაზის რეფულირება თავდაცვის სახალხო კომისარიატის მითითებით 2 მეტრის ნიშნულამდე 100 000 კვ. მ-ზე;

ბ) 1937 წელს დაასრულოს ტერიტორიის დაშრობა ბაზის გარშემო თავდაცვის კომისარიატის მითითებით. ელექროგადამცემი ხაზის უზრუნველსაყოფად დამთავრდეს გზის მშენებლობა ფოთსა და ახალ სენაკს შორის 1937 წლის 1 იანვრამდე.

მეშვიდე. ჩამოთვლილი სამუშაოების დაჩქარების მიზნით:

ა) წყალთა მეურნეობის სახალხო კომისარიატს მიეცეს ნება, ტექნიკური პროექტის დამტკიცებამდე, 1936 წლიდან დაიწყოს დროებითი ნაგებობების მშენებლობა, აგრეთვე, ნაპირებთან წყლის დონის მოსამატებლად საჭირო სამუშოები, რისთვისაც სსრკ სახალხო კომისარიატის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოს 1 მილიონი მანეთი;

ბ) ქ. ფოთში ქვესადგურებისა და გადამცემი ხაზების მშენებლობისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს ნახევარი მილიონი მანეთი;

გ) დაევალოს წყალთა მეურნეობის საკავშირო სახალხო კომისარიატს და სხვა უწყებებს, აგრეთვე, საქართველოს სახალხო კომისარიატს, 20 დღის განმავლობაში წარუდგინოს სსრკ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტს განაცხადები მასალებისა და მოწყობილობების შესახებ 1936 წლის სამუშაოებისთვის და 1937 წლის სამუშაოების მოსამზადებლად.

სსრკ საგეგმო კომიტეტს დაევალოს განაცხადების დაკმაყოფილება მიღებიდან 10 დღის განმავლობაში”.

დადგენილების პროექტი, რომელიც უშუალოდ სტალინისა და ბერიას დავალებით მომზადდა, ფოთის, როგორც შავი ზღვის ერთ-ერთი პორტის ხელახალ დაბადებას ნიშნავდა.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here