Home რუბრიკები ისტორია სტალინი და ნიურნბერგის სასამართლო პროცესი

სტალინი და ნიურნბერგის სასამართლო პროცესი

2397
გრიგოლ ონიანი
დარბაზი, რომელშიც მიმდინარეობდა ნიურბერგის პროცესი

ყველგან სტალინის სიბრძნე ანათებს,

ყველგან სტალინის მარჯვენა ვიცან”.

 “აი, ქართველო, შენი სამშობლო”.

 . მოსაშვილი

ამჯერად არ ვაპირებ სტალინის სიბრძნისა და სიდიადის წარმოჩენას საქართველოს მასშტაბით. ახლახან ჩამოვედი ევროპიდან და მინდა, მკითხველს ჩემს შთაბეჭდილებებზე მოვუთხრო.

2017 წლის 31 მარტს, დილით, დიდი კითხვა-გაკითხვის შემდეგ, ბავარიის რიგით მეორე ქალაქის (მიუნხენის შემდეგ) _ ნიურნბერგის დათვალიერება დავიწყე. თვალებს ვერ ვუჯერებდი, როცა ამ ქალაქის უძველეს არქიტექტურას ვეცნობოდი და გაკვირვებას ვერ ვმალავდი იმის გამო, რომ იგი ასე კვერცხივით მთელი გადაურჩა მეორე მსოფლიო ომის ნგრევასა და ხანძარს.

დავათვალიერე ძველი ნიურნბერგის ისტორიული ადგილები. ეს ხომ ჰიტლერის უსაყვარლესი ქალაქი და მისი პოლიტიკური მოღვაწეობის ოქროს სავანე იყო. 1927 წელს აქ ჩატარდა გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტიის პირველი ყრილობა; 1938 წელს ჰიტლერმა სწორედ აქ, ამ ქალაქში და ამ ცნობილ სტადიონზე, ჩაატარა თავისი პარტიის უკანასკნელი და გაფართოებული ყრილობა, რომელსაც მილიონამდე დელეგატი დაესწრო; ამ სტადიონზე იწრთობოდა ზონდერბრიგადები და აქ იღებდა ფიურერი აღტყინებული ხალხისგან საზეიმო პატაკებს; აქ ელაპარაკებოდა იგი გერმანელ ერს ებრაელებისგან ქვეყნის გაწმენდასა და გერმანელების მსოფლიო ბატონობაზე.

სწორედ აქ, ნიურნბერგში, მდებარე ყვითელ სახლში განიხილავდნენ საბჭოეთზე თავდასხმის ბარბაროსულ გეგმას, რომელსაც სახელიც ზედგამოჭრილი ჰქონდა _ “ბარბაროსა”.

“გემრიელ ლუკმას” ბოლოსთვის ვინახავდი და კითხვა-კითხვით ნიურნბერგის იუსტიციის სასახლეს მივადექი.

გზაჯვარედინზე მდებარე სასახლის ეზოს კუთხეში შევნიშნე ჯგუფი დროშებისა, რომელთაგან თავისი სიკაშკაშით წითელი დროშა გამოირჩეოდა. ახლოს მივედი და თითქოს ჩემს ახლობელს, ოჯახის წევრს შევხვდი: ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის დროშების შუაგულში ფრიალებდა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო დროშა, რომელზეც მზესავით მოჩანდა მუშათა და გლეხთა ერთიანობის სიმბოლო _ “ნამგალი და ურო”. ენობრივი ბარიერის გამო სასწრაფოდ ჟესტიკულაციაზე გადავედი და გვერდით მდგომ უცხოელს ჩემი ტელეფონით დროშების ფონზე ფოტოების გადაღება ვთხოვე, რაც მაშინვე შემისრულა ღიმილით. ვუყურებდი ფოტოზე გამოსახულ დროშას და ვფიქრობდი: თუ საბჭოთა კავშირის მიერ დამარცხებული გერმანიის დედაქალაქის _ ბერლინის ცენტრში, ტევტონ პარკში, დასაშვებია საბჭოთა კავშირის სიმბოლიკა, რატომ აკრძალა იგიპადოშამსაქართველოში და რატომ არ შეიძლება მისი გამოფენა ჩვენს ქვეყანაში? !თუ ნიურნბერგის ქუჩებში შეიძლება წითელი დროშისა დანამგლისა და უროსხილვა, რატომ არ გვაქვს ამის შესაძლებლობა თბილისში?! თუ ამას მხოლოდ მას შემდეგ შევძლებთ, როცა ევროკავშირში გავერთიანდებით? _ ვაი, ჩვენს თავს უბედურს!

ნიურნბერგის იუსტიციის სასახლის მოკირწყლული, უშველებელი მოედანი ფილიგრანულად დამზადებული რკინის ღობით არის შემოსალტული, რომელსაც სამივე მხრიდან ასევე უზარმაზარი ე.წ. საპარადო, მნახველთათვის ყურთამდე გაღებული კარი ამშვენებს.

შენობაში ცენტრალური შესასვლელით შევედი და კვლავ ჟესტიკულაციაზე მომიწია გადასვლა, ქართულადაც ვლაპარაკობდი (რომ არ ეფიქრათ, მუნჯიაო). მივახვედრე, რომ დამთვალიერებელი ვიყავი. ბილეთთან ერთად ტელეფონი-გიდიც გადმომცეს და ლიფტისკენ მიმითითეს; მიმანიშნეს, _ მეორე სართულიო.

უზარმაზარი დარბაზის კარი ღია იყო. ამ დარბაზში ნაცისტი სამხედრო დამნაშავეები ისხდნენ. იქვეა ტრიბუნა, რომლიდანაც ისინი ჩვენებებს იძლეოდნენ. გარემოს, როგორც იქნა, შევეჩვიე. წარსულის მოვლენებთან ისე ახლოს ვიყავი, თითქოს არ მჭირდებოდა გიდი, მაგრამ ტელეფონზე მაინც ავკრიფე 10-01, რაც იმას ნიშნავდა, რომ მე #1 ობიექტზე ვიმყოფებოდი. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოსთვის ეს დარბაზი #600-ით არის ცნობილი, ტელეფონის ცნობარში ის მაინც #1-ად არის აღნიშნული.

ტელეფონში გაისმა ჩემთვის გასაგები და ნაცნობი რუსული სიტყვები: “დობრო პოჟალოვატ”. და დაიწყო ის, რაც არ ვიცოდი და უნდა მცოდნოდა.

დავიწყოთ თავიდან.

1941 წლის 7 ნოემბერს, როდესაც მტერი მოსკოვს იყო მომდგარი და გერმანელი ჯარისკაცები მუნდირებს იზომავდნენ გამარჯვების აღლუმისთვის, მავზოლეუმის ტრიბუნაზე მდგარი სტალინი ფოლადივით მტკიცე ხმით ამცნობდა მსოფლიოს:

გერმანია დიდხანს ვერ გაუძლებს ასეთ დაძაბულობას, კიდევ რამდენიმე თვე, კიდევ ნახევარი წელიწადი, შეიძლება ერთი წელიც და მეტიც, და ჰიტლერულ გერმანიას თავისი დანაშაულების სიმძიმე გასრესს”. მაშინ, როდესაც მტერი მოსკოვის დიდ თეატრს ბომბავდა და 27 კილომეტრით იყო მოახლოებული წითელ მოედანს, ნაკლებად თუ დაიჯერებდა ვინმე სტალინის სიტყვებს. ამ სიტყვებისა მხოლოდ წარმომთქმელს სჯეროდა.

1942 წლის 6 ნოემბერს, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 25 წლის თავზე გაკეთებულ მოხსენებაში სტალინი კვლავ მიუბრუნდა გერმანელთა დანაშაულებრივ ქმედებებს და დამაჯერებლად განაცხადა: ჩვენ ვიცნობთ ამ უმსგავსობის ჩამდენ დამნაშავეებს _ “ევროპის ახალი წესრიგისმშენებლებს. ყველა ამ ახალგამომცხვარ გენერალგუბერნატორს, კომენდანტს. მათი სახელები იცის ათიათასობით განაწამებმა ადამიანმა. დაე, იცოდნენ ამ ჯალათებმა, რომ ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას ჩადენილი დანაშაულებისთვის და თავს ვერ დააღწევენ ნაწამები ხალხების დამსჯელ ხელს. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ დავანგრიოთ საზიზღარიახალი წესრიგი ევროპაშიდა დავსაჯოთ მისი მშენებლები”.

მართალია, მტერი მოსკოვის მისადგომებიდან უკუიქცა, მაგრამ მას საბჭოეთის ევროპული ნაწილი კვლავ ჰქონდა დაპყრობილი; შემოაბიჯა კავკასიაში და მყინვარწვერზე ფაშისტური დროშა ააფრიალა, გაიჭრა სტალინგრადისკენ, რათა მეორედ დაერტყა მოსკოვისთვის და ტყვედ აეყვანა სტალინი. ამ პირობებში სტალინის მუქარას, რომ დამნაშავეებს სასტიკად დასჯიდა, ბევრი მხოლოდ იუმორით აღიქვამდა.

ომის დაწყებისთანავე ფრანკლინ რუზველტმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, თავისი უახლოესი მრჩეველი ავერელ ჰარიმანი სასწრაფოდ აფრინა მოსკოვს სტალინთან შესახვედრად, რათა გაეგო სტალინის მორალური სიმტკიცე და განესაზღვრა, ვის მხარეს უნდა დამდგარიყო. სტალინმა ჰარიმანი დაუყოვნებლივ მიიღო და გულწრფელი საუბარი გაუმართა. 6-საათიანი საუბრის შემდეგ ჰარიმანმა დაშიფრულ ტელეგრამა გაუგზავნა თავის პრეზიდენტს: დარწმუნებული ბრძანდებოდეთ სტალინის გამარჯვებაში”.

სწორედ ამ დეპეშის საფუძველზე დაიწყო აშშ-მა საბჭოთა კავშირის სამხედრო დახმარება. სიტყვა და საქმე ერთი რომ იყო სტალინისთვის, ეს იქიდანაც ჩანს, რომ 1942 წლის 14 ოქტომბერს საბჭოთა მთავრობამ გამოაქვეყნა მოწოდება, შექმნილიყო საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი, რომელიც სასჯელს გამოუტანდა ადამიანებს, რომლებიც დანაშაულს სჩადიოდნენ კაცობრიობის წინააღმდეგ.

1943 წლის 6 ნოემბრის საზეიმო სხდომაზე თავის მოხსენებაში მოსკოვის მშრომელებისადმი სტალინმა კვლავ გაიმეორა სიტყვები:

ჩვენი ხალხი არ აპატიებს ამ დანაშაულებს გერმანელ მტარვალებს. ჩვენ ვაიძულებთ გერმანელ დამნაშავეებს, პასუხი აგონ ჩადენილი ბოროტმოქმედებისთვის”.

1943 წლის ბოლოს ჰიტლერის პირადმა მდივანმა, რაიხსმინისტრმა მარტინ ბორმანმა ნიურნბერგში გამართულ პარტიულ კონფერენციაზე ისტერიკული კივილითა და ჟესტებით განაცხადა: “ომის დასკვნით ნაწილში სტალინმა შექმნა საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი, რომელიც დასჯის სამხედრო დამნაშავეებს. ჩვენ კი ვმუშაობთ იმაზე, როგორ დავსაჯოთ სტალინი საბჭოეთთან ერთად ამ ტრიბუნალზე”.

1943 წლის 7 ნოემბრის #309- ბრძანების დასკვნით ნაწილში უმაღლესი მთავარსარდალი სტალინი წერდა: “ახლოვდება ჟამი საბოლოო განკითხვისა იმ ბოროტმოქმედებისთვის, რომელიც ჩაიდინეს ჰიტლერელებმა საბჭოთა მიწაწყალზე და ევროპის ოკუპირებულ ქვეყნებში”. სტალინმა სამხედრო დამნაშავეთა დასჯის საკითხი თეირანის კონფერენციაზეც დააყენა, რომელიც სრულიად საიდუმლოდ სამი სახელმწიფოს მეთაურთა მიერ იქნა განხილული. საკითხის განხილვა განახლდა იალტის კონფერენციაზე. 1945 წლის 9 თებერვალს იალტაში, ლივადიის სასახლეში გამართული კონფერენციის მე-6 სხდომაზე დღის წესრიგში კვლავ დადგა ნაცისტი სამხედრო დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლის დაკონკრეტებას ჩერჩილი და რუზველტი შეეცადნენ.

ჩერჩილმა განაცხადა, რომ სამხედრო დამნაშავეები უნდა გადასცენ იმ ქვეყნებს, რომლებშიც მათ ჩაიდინეს ესა თუ ის დანაშაული. საერთოდ კი, უმჯობესი იქნებოდა, დაეხვრიტათ ისინი, როგორც კი შეიპყრობდნენ.

სტალინმა კატეგორიულად განაცხადა, რომ ყველა სამხედრო დამნაშავეს უნდა წარედგინოს ბრალი, თითოეული მათგანი უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე, წარიმართოს დაცვის პროცედურები და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს ვერდიქტის გამოტანა.

ჩერჩილის შეკითხვას, როგორი უნდა ყოფილიყო სასამართლო პროცესი, იურიდიული თუ პოლიტიკური, რუზველტმა უპასუხა:

“პროცედურა მეტისმეტად იურიდიული არ უნდა იყოს. სასამართლოზე არ უნდა იყვნენ დაშვებული კორესპოდენტები და ფოტოგრაფები”. სტალინის აზრით კი, სასამართლო უნდა ყოფილიყო იურიდიული და გამჭვირვალე. სასამართლოზე წარდგენილი ბრალდებები უნდა სცოდნოდა მსოფლიოს საზოგადოებრიობას.

სახელმწიფო მეთაურები შეთანხმდნენ, რომ ეს საკითხი განსახილველად გადაეცათ საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის, რომლებსაც უნდა ეხელმძღვანელათ 1943 წელს ჩატარებული საგარეო საქმეთა მინისტრების მოსკოვის კონფერენციის საიდუმლო მასალებით. 1945 წლის 8 აგვისტოს ლონდონში საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბებულიყო საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის ფორმა და წესი, მაგრამ ამერიკისა და ინგლისის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა საბჭოთა მხარის პრინციპული მოთხოვნა სასამართლო პროცესის იურიდიულად წარმართვის შესახებ არ შესრულებულიყო.

საბჭოთა კავშირი შეჩვეული იყო მოკავშირეთა ჭირვეულობას და სხვადასხვა მიზეზის გამონახვას სამხედრო ტრიბუნალის წარმართვაზე, მაგრამ სტალინს მტკიცედ სჯეროდა, რომ, თუ მსოფლიო არ შეიტყობდა ჰიტლერელთა მხეცობას, მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს, სასამართლო პროცესი ათასნაირად მოინათლებოდა და წლების შემდეგ იგი გამარჯვებულთა გასამართლების პროცესი იქნებოდა.

1943 წელს, როდესაც სტალინმა საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის საიდუმლო გადაწყვეტილება მიიღო, გადაწყვეტილების ერთი ასლი საბჭოთა კავშირში ბრიტანეთის ელჩს გადასცეს “პირადი ინფორმაციისათვის”, რომელშიც მითითებული იყო ნაცისტი სამხედრო დამნაშავეების დასჯის საკითხი. ელჩი ამ საკითხს აღშფოთებით შეხვდა, მის აღშფოთებას შეურთდა ბრიტანეთის მთავრობა და ზოგიერთი დაპყრობილი ქვეყნის ხელმძღვანელი. ინგლისში “სპეციალური კომიტეტი” შეიქმნა, რომელიც უარყოფდა საბჭოეთის გადაწყვეტილებას საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის შექმნის თაობაზე.

ამოცანას იმის შესახებ, რატომ მოიწვია მოკლული დათვის ტყავის გასანაწილებლად სტალინმა ინგლისი და ამერიკა, ხსნის ნიურნბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის შექმნის წინა და შემდგომი პერიოდების პროცესები, რომლებიც ნათლად წარმოაჩენს სტალინის შორსმჭვრეტელობასა და გენიალურ აზროვნებას.

ნიურნბერგის იუსტიციის სასახლის #600-ე დარბაზის გარდა, სხვაგან სტალინი ვერსად დაამტკიცებდა ნაცისტების იმ ავაზაკურ და მხეცურ მოქმედებებს, რომლებიც ჩაიდენეს როგორც საბჭოეთის ტერიტორიაზე, ისე ევროპის ზოგიერთ დაპყრობილ ქვეყანაში.

ჩერჩილისა და რუზველტის მიერ უარყოფილი დაცვის ინსტიტუტი, რომელიც არ უნდა გამოყენებულიყო ნაცისტთა სასამართლო სხდომებზე, სტალინის დაჟინებული მოთხოვნით მაინც ამოქმედდა. ნაცისტებს სასამართლო სხდომებზე გერმანიის საუკეთესო ადვოკატები იცავდნენ. ამასთანავე, სტალინის დაჟინებული მოთხოვნით, სასამართლო პროცესს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული 250 ჟურნალისტი და 50-მდე ფოტოგრაფი აშუქებდა.

ინგლისელებსა ამერიკელებს სურდათ, რომ ნაცისტ სამხედრო დამნაშავეებს თავი არ დაეცვათ და არ წარმოეთქვათ საბოლოო სიტყვა. სტალინის მოთხოვნით, ყველა ბრალდებულს დროის შეუზღუდავად შეეძლო დაეცვა საკუთარი თავი და ეთქვა საბოლოო სიტყვა. სწორედ ამის საფუძველზე ავიაციის რაიხსმინისტრი გერმან გერინგი 9 დღის განმავლობაში იცავდა თავს წაყენებული ბრალდებებისგან.

სტალინის მოთხოვნით, სასამართლო პროცესზე არათუ ფოტოგრაფები დაუშვეს, არამედ კინოგადამღები აპარატურაც დაამონტაჟეს.

საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის პირველი სხდომა 1945 წლის 9 ოქტომბერს ჩატარდა ბერლინში, შემდეგი სხდომები კი ჰიტლერის საყვარელ ქალაქ ნიურნბერგში გაიმართა და 10 თვესა და 10 დღეს გაგრძელდა. სულ ჩატარდა 403 სხდომა.

წერილის შესავალ ნაწილში მკითხველს მოვახსენე, როგორი იყო სისხლისმღვრელ ომს კვერცხივით გადარჩენილი ეს უნიკალური ქალაქი. როცა იუსტიციის სასახლეში სურათებს ვათვალიერებდი და კინოკადრებზე ვუყურებდი ნიურბერგის დანგრეულ ქუჩებსა და მოედნებს, ვფიქრობდი, რა ხელმა და ნიჭმა აღადგინა ფერფლიდან ეს უნიკალური და ულამაზესი ქალაქი, რომელიც აგურისა და ბათქაშის მთებში იყო ჩამარხული. ამ ამოფრქვეულ ვულკანში ერთი გრანდიოზული შენობა ჩანდა დაუნგრეველი _ იუსტიციის სასახლე, მის უკანა ეზოში აშენებული საპატიმროც გადაურჩა ომის ქარტეხილს. სწორედ ეს შენობა, თავისი საპატიმროთი, იყო ყველაზე მოხერხებული ნაცისტი სამხედრო დამნაშავების მოსათავსებლად და დასაცავად. თუ როგორ იყო დაცული მათი უსაფრთხოება, სხვა თემაა და სხვა დროისთვის გადავდოთ.

1945 წლის 20 ნოემბერს ნიურნბერგის იუსტიციის სასახლის #600-ე დარბაზში საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალმა დაიწყო მუშაობა.

სასამართლო დარბაზი, რომელიც ამერიკელებმა გაარემონტეს და მოამზადეს სასამართლო სხდომებისთვის, დღესაც უნაკლოდ გამოიყურება. შემოსასვლელ კარს უზარმაზარი მარმარილოს სვეტები ამშვენებს, ისინი ასევე მარმარილოს ქვებით არის დაკავშირებული კარის თავთან, რომელზეც ამოტვიფრულია თემიდა. თემიდას ერთი მხრიდან ხელში ხმალმომარჯვებული ყმაწვილი შეჰყურებს, ხოლო მეორე მხრიდან _ დაბრძენებული კაცი.

1945 წელს სწორედ ამ კარში, რომელიც ფართოდ გააღო ჯარისკაცმა, გამოჩნდნენ ფაშისტი დამნაშავეები:

1. ჰერმან ვილჰელმ გერინგი;

2.იოახიმ ფონ რიბენტროპი;

3. რობერტ ლეი;

4. ვილჰელმ კეიტელი;

5. ერნსტ კალტენბრუნერი;

6. ალფრედ როზენბერგი;

7.ვილჰელმ ფრიკი;

8. იულიუს შტრაიხერი;

9. ვალტერ ფუნკი;

10. იალმარ შახტი;

11. გუსტავ კრუპი;

12. კარლ დენიცი;

13. ერიხ რედერი;

14. ბალდურ ფონ შირახი;

15. ფრანც ზაუკელი;

16. ალფრედ იოდლი;

17. მარტინ ბორმანი;

18. ფრანც ფონ პაპენი;

19.არტურ ზეისინკვარტი;

20. ალბერტ შპეერი;

21. კონსტანტინ ფონ ნეირტი;

22. ჰანს ფრიჩე.

ესენი მესამე რაიხის პოლიტიკური, სამხედრო, ფინანსური, იდეოლოგიური, პროპაგანდისტული სტრუქტურების ხელმძღვანელები იყვნენ. სასამართლომ განსახილველ საკითხთა შორის დაასახელა, რომ ვერდიქტი გამოეტანათ ნაციონალ-სოცი

დანგრეული ნიურნბერგი 1945 წ.
დანგრეული ნიურნბერგი 1945 წ.

ალისტური პარტიისთვის, ეს-ეს-ის, ეს-დე-ს, გესტაპოსა და გენშტაბის მიმართ.

საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალმა დაკითხა 116 მოწმე და სასამართლოს წარუდგინა ათასობით წერილობითი დოკუმენტი. ბრალდებულებს იცავდა გერმანული მართლმსაჯულების ელიტა. მაგალითად, ომის ძრავად წოდებულ იოდლს იცავდა დოქტორი ექსნერი _ გერმანული მართლმსაჯულების მეტრი, სისხლის სამართლის უდიდესი სპეციალისტი. დენიცის ადვოკატი ბიულერი 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საზღვაო ფლოტის სასამართლო კოლეგიას. გერინგს კი ევროპაში სახელგანთქმული ადვოკატი ოტო შტამერი იცავდა. ყველა სამხედრო დამნაშავეს მის მიერ არჩეული ადვოკატი ჰყავდა, რომელთა მაღალი ანაზღაურება კოალიციის წევრთა მხრებზე გადადიოდა. ოთხმა დიდმა სახელმწიფომ _ საბჭოთა კავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, როგორც გამარჯვებულმა ქვეყნებმა, შექმნეს საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი, რომლის კომიტეტშიც შედიოდნენ თითოეული სახელმწიფოდან მთავარი ბრალმდებლები:

საბჭოთა კავშირიდან _ რომან რუდენკო, ამერიკის შეერთებული შტატებიდან _ რობერტ ჯექსონი; დიდი ბრიტანეთიდან _ ჰარტლი შოუკროსი, საფრანგეთიდან _ ფრანსუა დე მენტონი.

1945 წლის 20 ნოემბერს განსასჯელთა სკამზე დასვეს ნაცისტი დამნაშავეები.

სხდომა ამერიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯექსონმა გახსნა და სამხედრო დამნაშავეებს წარუდგინა ბრალი მითითებული მუხლების შესაბამისად. ბრალდების წაყენების შემდეგ თითოეული ცალ-ცალკე გამოიძახეს ტრიბუნასთან და ჰკითხეს, ცნობდნენ თუ არა თავს დამნაშავედ. არც ერთმა მათგანმა თავი დამნაშავედ არ ცნო.

დაიწყო თითოეული დამნაშავის დაკითხვა და წაყენებული ბრალდების დამტკიცების რთული პროცედურა. როგორც განსასჯელები, ისე მათი ადვოკატები, გააფთრებით იცავდნენ თავს და ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ, რომ უდანაშაულონი იყვნენ. ადვოკატებმა და განსასჯელებმა არგუმენტირებული მოსაზრებები წამოაყენეს საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის ლეგიტიმურობის თაობაზე, რადგან ის შედგებოდა მხოლოდ გამარჯვებული ქვეყნების წარმომადგენლებისგან და არ იყო წარმოდგენილი ნეიტრალური და მიუმხრობელი ქვეყნების წარმომადგენლები. გერინგმა ჯეკსონთან შელაპარაკებისას განაცხადა:

გრიგოლ ონიანი ნიურნბერგის იუსტიციის სახლთან
გრიგოლ ონიანი ნიურნბერგის იუსტიციის სახლთან

რატომ ჩემ გვერდით არ ზის ამერიკის პრეზიდენტი ტრუმენი, რომელმაც ახლახან ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობისა და მშვიდობის წინააღმდეგ, როდესაც იაპონიის ქალაქების _ ჰიროსიმასა და ნაგასაკის მშვიდობიან მოსახლეობას ატომური ბომბები დაუშინა?”

სასამართლო სხდომები პირველი სამი თვის განმავლობაში ბრალდებულებისა და მათი ადვოკატების სასარგებლოდ წარიმართა, ვიდრე ტრიბუნაზე არ ავიდა საბჭოთა კავშირიდან მთავარი ბრალმდებელი რუდენკო, რომელიც იმჟამად უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკის გენერალური პროკურორის ადგილს იკავებდა.

ახალგაზრდა რუდენკოს (ის მაშინ 38 წლის გახლდათ), როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ ენდო სტალინი და ნიურნბერგში ბევრის მნახველი და გამოცდილი ვიშინსკი მიავლინა. ვიშინსკის მსოფლიოს საზოგადოებრიობის წინაშე არაერთი პროცესი ჰქონდა ჩატარებული და მის ფხიზელ თვალს ამჯერადაც არაფერი გამოეპარებოდა.

ვიშინსკი ურჩევდა რუდენკოს, არ წარედგინა მთავარი სამხილები სხდომებზე, ვიდრე ბრალდებულები სრულიად არ დაიცლებოდნენ თავიანთი გამამართლებელი ფაქტებისგან და ბოლომდე არ იტყოდნენ სათქმელს. ამის გამო იყო, რომ გერინგი 9 დღის განმავლობაში სხაპასხუპით ამტკიცებდა თავის უდანაშაულობას და ყველაფერში ჰიტლერს, ჰიმლერსა და გებელსს ადანაშაულებდა, რომლებიც უკვე აღარ იყვნენ ცოცხლები.

გერიგნის გამოსვლის შემდეგ ტრიბუნასთან მისულმა რუდენკომ ტრყვიამფრქვევივით დააყარა ბრალდებულებს მტკიცებულებები და ბრძანა, ჩაერთოთ #1 დოკუმენტური კინომასალა. დარბაზი ჩაბნელდა და ეკრანზე გამოჩნდა საშინელი კინოკადრები, რომლებმაც დამნაშავეთა არა მხოლოდ ზნედაცემულობა და აღვირახსნილობა, არამედ ცხოველური ინსტიქტებიც წარმოაჩინა.

დარბაზს შეძრწუნების ტალღამ გადაუარა, მშვიდად ვერც სამხედრო დამნაშავენი იყვნენ. დარბაზიდან გაჰყავდათ საკონცენტრაციო ბანაკებგამოვლილი გულწასული მოწმეები, ჟურნალისტები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. ბრალდებულთაგან თითქმის ყველა გამოჩნდა ეკრანზე. ამ საშინელების თანამონაწილე ბრალდებულები ერთმანეთს გაფითრებული შეჰყურებდნენ, ჩადენილით შეშფოთებული და გაოცებული.

სტალინს კი ომის დაწყების პირველი დღიდანვე დეტალურად ჰქონდა კინო და ფოტომასალა აკინძული, ფოტო და კინოდოკუმენტალისტების მიერ შეგროვებული. სამამულო ომის საშინელი სურათების ასახვის საქმეს ომის ოთხი წლის განმავლობაში 3000-ზე მეტი ფოტოგრაფი და კინოდოკუმენტალისტი შეეწირა. სწორედ მათ მიერ მოპოვებულმა მასალებმა ჩააგდო შოკში მსოფლიო.

გრიგოლ ონიანი

დასასრული შემდეგ ნომერში

2 COMMENTS

  1. მიხეილ კვესელავას ‘ასერგასის დღე” წაიკითხეთ და მეტი არც გინდათ. შთბეჭდილება წარუშლელი დაგრჩებათ, გახსენებზე მეც უნდა წავიკითხო კიდევ ერთხელ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here