Home რუბრიკები ისტორია სტალინი და ნიურნბერგის სასამართლო პროცესი

სტალინი და ნიურნბერგის სასამართლო პროცესი

1695
ნიურნბერგის სასამართლო

სტალინის პოლიტიკური და დიპლომატიური სცენები არამხოლოდ თეირანში, იალტასა და პოტსდამში დაიდგა, არამედ ნიურნბერგშიც. აქ გამართული პროცესი მისი პოლიტიკური გათვლებისა და შორსმჭვრეტელობის აპოთეოზია. როგორც კვლევის მასალებიდან ირკვევა, ამ საკითხებზე სტალინმა იქ ითათბირა, “სადაც ჯერ არს”.

1941 წლის 3 ივლისს სტალინმა რადიოში გამოსვლისას ჰიტლერელი კაციჭამიების დასჯის შესახებ ისაუბრა, მაგრამ მისმა ნათქვამმა მსოფლიოს საზოგადოებრიობაში ირონია გამოიწვია. კრემლსმომდგარი ჰიტლერის უძლეველი არმიის წინაშე მავზოლეუმის ტრიბუნიდან ნათქვამმა სიტყვებმა კი _ “ჩვენ გავასამართლებთ გერმანელ სამხედრო დამნაშავეებს” _ კიდევ უფრო გაამძაფრა ნიჰილისტური დამოკიდებულება.

1942 წელს სტალინის მიერ შექმნილი საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის იდეას თითქმის მთელი ცივილიზებული სამყარო აუჯანყდა. მათ შორის, ჯერ კიდევ მოკავშირეებად წოდებული ინგლისი და ამერიკის შეერთებული შტატები, რომლებსაც შეუერთდნენ ჰიტლერის მიერ დაპრყობილი ევროპის ათეულობით ქვეყნის მეთაურები.

რა იყო იმის მიზეზი იმისა, რომ ომის დაწყების დღიდან ასე დაჟინებით მოითხოვდა და თანმიმდევრულად ახორციელებდა სამხედრო ტრიბუნალის შექმნის იდეას სტალინი?

თავის ვიწრო გარემოცვაში, კერძოდ, მოლოტოვთან პოლიტიკურ საუბრებში სტალინი ხშირად აღნიშნავდა: მიუხედავად ჩემი სიმპათიისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ამერიკის პრეზიდენტი, უწინარესად, თავისი ქვეყნის ინტერესებს იცავს და ჩვენს ინტერესებს ნაწილობრივ ითვალისწინებს, რაც შეეხება ჩერჩილს, მას სინდისი სუფთა არა აქვს, ის სინდისის დეფიციტს განიცდის.”

სტალინმა კარგად იცოდა, რომ ჰიტლერი საბჭოეთის წინააღმდეგ ომს ვერ წამოიწყებდა დასავლეთის უდიდესი მატერიალური და ტექნიკური დახმარების გარეშე. ვიდრე ჰიტლერი მარშით იპყრობდა საბჭოეთის ევროპულ ნაწილს, ინგლისიც და ამერიკაც შეფარვით უწევდნენ როგორც მორალურ, ასევე ტექნიკურ დახმარებას სამკვდრო სასიცოცხლო ომში ჩაბმულ საბჭოთა კავშირს.

1941_1942 წლების განმავლობაში, როდესაც იბომბებოდა მოსკოვის დიდი თეატრი, კრემლის მიდამოები და წითელი მოედანი, ძნელი დასაჯერებელი იყო სტალინის სიტყვები: გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება, ჩვენს ქუჩაზეც იქნება დღესასწაული!”

როდესაც სტალინი ნაცისტ ნაძირალებს ემუქრებოდა, ამასთანავე, ემუქრებოდა შორიდან სეირის მაყურებელ ინგლისსა და ამერიკას, რომ ამ უსამართლო მსხვერპლის გაღებაში არა მხოლოდ ჰიტლერელები, არამედ მათი წამქეზებლებიც არიან დამნაშავენი და ფაშისტებთან ერთად აგებენ პასუხს. ომის ყოველი დღე უახლოებდა ამ მოსალოდნელ საფრთხეს მოკავშირეებს და მოუწოდებდა უშუალოდ ჩაბმულიყვნენ ომში, დაერტყათ ფაშისტი დამპყრობლისთვის და გამოესყიდათ თავიანთი მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგები. სტალინის პერმანენტული შეხსენება დამნაშავეთა დასჯის შესახებ კატეგორიულად აფრთხილებდა ჰიტლერის მიმართ მიმხრობილ ქვეყნებს, მალე ჩამოსცილებოდნენ გერმანიას, რომელიც ჯოჯოხეთისკენ მიექანებოდა. დაპყრობილ ქვეყნებს კი მიანიშნებდა, რომ მონური მორჩილება ჰიტლერისადმი კიდევ უფრო სახიფათო იყო მათთვის, რადგან სასიკვდილოდ დაჭრილი მხეცი სისხლისგან მალე დაიცლებოდა და მონური მორჩილება მათი პასუხისმგებლობის საფუძველი გახდებოდა.

სტალინმა ბრალდებათა ეს რგოლები ერთმანეთზე ისე გადახლართა, რომ შეუძლებელი იყო გაერკვია ადამიანს, რომელი იყო ძირითადი და რომელი _ ნაკლებმნიშვნელოვანი.

სტალინგრადის შემდეგ, სადაც ჰიტლერელთა მზის ჩაესვენება დაიწყო, მსოფლიო გააყრუა მოსკოვში წითელ მოედანზე განხორციელებულმა გამარჯვების საარტილერიო ზალპმა, რომელმაც დედამიწას ამცნო ერთპოლუსიანი მსოფლიოს დასასრული.

სტალინგრადის ომის ნანგრევებში ნაპოვნი ყველაზე დიდი კოზირი _ ჯვრის ტუზი, სტალინმა გულის ჯიბეში ჩაიდო და მოთმინებით გაუყვა ბერლინისაკენ მიმავალ გზას.

1945 წლის 30 აპრილი საბედისწერო აღმოჩნდა მე-3 რაიხისათვის: ადოლფ ჰიტლერმა ჯერ იქორწინა ევა ბრაუნზე, ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ რევოლვერიდან გასროლით ორივემ მოიკლა თავი. ანდერძის თანახმად, მათი ცხედრები რაიხსტაგის უკანა ეზოში გადაიტანეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს.

მაგდა გებელსმა თავისი 6 შვილი, 5 წლიდან 13 წლამდე, ჯერ სიმაღლითა და წლოვანების მიხედვით დააწყო “დასაძინებლად”, შემდეგ კი სასიკვდილო ინიექცია გაუკეთა ვენაში. ცოლმაც და ქმარმაც _ მაგდამ და იოზეფმა _ შვილებთან ერთად დალიეს სული. თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე ჰიმლერმაც. ჰიტლერის მარჯვენა ხელი და მისი შემცვლელი პარტიაში მარტინ ბორმანი კი 1945 წლის 30 აპრილს “შინიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა”.

მარტინ ბორმანის ბედზე მოგაწვდით რამდენიმე ვერსიას: 1. მარტინ ბორმანი რაიხსტაგის ბუნკერიდან გამოსვლისთანავე ჩაჯდა ტანკში და გაუჩინარდა. ზოგიერთი თვითმხილველის თქმით, ბორმანის ტანკს, როგორც კი მიუახლოვდა სარკინიგზო სადგურს, დიდი სიძლიერის ბომბი მოხვდა და ადგილზე გაანადგურა როგორც ტანკი, ასევე მისი ეკიპაჟი. 2. მარტინ ბორმანმა გაასწრო ალმოდებული ბერლინიდან და ცხოვრობდა არგენტინაში. გარდაიცვალა 1979 წელს.

იყო აგრეთვე სხვა ვერსიებიც, რომელთა სინამდვილე სხვადასხვა გამომრიცხავი ფაქტით არ დასტურდებოდა.

ნიურნბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალმა არ გაითვალისწინა ადვოკატის განცხადება, რომ “მარტინ ბორმანი მკვდარია და მისი გასამართლება არ შეიძლება”. ამიტომ, მარტინ ბორმანს დაუსწრებლად მიესაჯა სიკვდილი ჩამოხრჩობით.

1972 წელს ბერლინში, ქუჩის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებისას, მუშებმა იპოვეს მიცვალებულის ნეშტი, რომელსაც რამდენიმე განმასხვავებელი ნიშანი ჰქონდა შემორჩენილი. ექსპერტებმა ეჭვი გამოთქვეს, რომ ნეშტი შეიძლებოდა სწორედ მარტინ ბორმანის ყოფილიყო.

დაიწყო კვლევა. მარტინ ბორმანის შვილიშვილმა სურვილი გამოთქვა, ჩაეტარებინა დნმ ანალიზი. ამ ანალიზისა და მრავალგზის გადამოწმების შემდეგ ექსპერტებმა გასცეს ოფიციალური ცნობა, რომ გვამის ნარჩენები სწორედ მარტინ ბორმანისა იყო. ასე შეიქნა ცნობილი #4 ნაცისტი დამნაშავის მარტინ ბორმანის დაღუპვის დრო და მიზეზი, რომლის გამოც იგი ვერ მოხვდა ნიურნბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის სხდომის დარბაზში.

1945 წლის აპრილში, ომის დასრულებამდე ერთი თვით ადრე, “დიდ სამეულს” ფრანკლინ რუზველტი გამოაკლდა. რუზველტის გარდაცვალებამ ბევრი რამ დააკლო საბჭოთა კავშირ-ამერიკის ომისშემდგომ ურთიერთობებს.

1945 წლის აგვისტოში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის არჩევნებმა მეორე ასევე უდიდესი პოლიტიკოსი უინსტონ ჩერჩილი ჩამოაცილა სამეულს.

გამარჯვების ტრიუმფატორი სტალინი პოტსდამის კონფერენციიის დასკვნით სხდომებზე მრგვალ მაგიდასთან ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტ ჰარი ტრუმენსა და ინგლისის პრემიერმინისტრ ენტონი იდენთან ერთად იჯდა. პოტსდამი სხვა საკითხია და სხვა დროს განვიხილავთ. ახლა კი განვაგრძოთ დაწყებული თემა.

სტალინს თავიდანვე ეჭვი ეპარებოდა საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის ლეგიტიმურობაში, რადგან მას მხოლოდ გამარჯვებულები ატარებდნენ და მის შემადგენლობაში არ იყვნენ მიუმხრობელი ქვეყნის წარმომადგენლები. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ნიურნბერგის პროცესი 1949 წლამდე გაგრძელდა და მოიცვა თითქმის 100-მდე გახმაურებული პროცესი, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სასამართლო პროცესს რაღაც მართლა აკლდა იურიდიული თვალსაზრისით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შორსმჭვრეტელმა სტალინმა პროცესის ჩატარება ამერიკასა და ინგლისს მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესთავაზა, რასაც სიამოვნებით დაეთანხმნენ კოალიციის სხვა წევრები. სტალინმა ისიც იფიქრა, რატომ უნდა აეღო საბჭოთა მხარეს დამნაშავეთა დასჯის ინიციატივა. ამიტომ, მან გადაწყვიტა, რომ სასამართლო სხდომების თავმჯდომარეობა კანონმდებლობის უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნის _ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს დაკისრებოდა. ასეთად კი კოალიციამ დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე ლოურენსი შეარჩია. ბრალდების მთავარ ხელმძღვანელად ამერიკელი ჯეკსონი დასვეს. საბჭოთა კავშირიდან ბრალმდებლად სრულიად ახალგაზრდა, უკრაინის რესპუბლიკის პროკურორი რუდენკო იქნა მივლინებული, რომელსაც კონსულტაციას ვიშინსკი უწევდა.

სტალინმა აქაც მოხერხებულად გამოსდო ქართული კვანტი მოწინააღმდეგეებს და წაქეზებული ჰიტლერელები წამქეზებლებმა _ ამერიკელებმა და ინგლისელებმა _ თავიანთი ჯალათის, ვუდსის ხელით დახვრიტეს და ჩამოახრჩვეს.

ალბათ, ეს ჰქონდა ჩერჩილს მხედველობაში 1959 წელს თემთა პალატაში სტალინის 80 წლისთავზე სიტყვით გამოსვლისას: “სტალინმა თავისი მტრები მტრებისვე ხელით გაანადგურა”.

მკითხველო, ვთქვათ, ეს სიტყვები არ ეთქვა ჩერჩილს. თვითონ სტალინის თითოეული ქმედება არ არის იმის აშკარა მტკიცებულება, რომ სტალინმა თავისი მტრები მტრებისვე ხელით გაანადგურა?

ნიურნბერგის პროცესების პარალელურად მოსკოვში პოლიტბიუროს დახურულ სხდომებზე იხილებოდა სამხედრო ტრიბუნალზე მიმდინარე პროცესები და სტალინი კრემლიდან რეგულარულად უგზავნიდა მთავარ ბრალმდებელ რუდენკოს დირექტივებს, როგორ უნდა გამოსულიყო და რა ბრალდებები წაეყენებინა ნაცისტი სამხედრო დამნაშავეებისთვის დროისა და ადგილის გათვალისწინებით.

განსასჯელთა სკამზე ისხდნენ არა ჯიბის ქურდები და შარაგზის ყაჩაღები, არამედ მსოფლიოში არნახული სიძლიერისა და მონოლითის იმპერიის მშენებლები, რომელთა ნიჭი და შემოქმედება 7 წლის განმავლობაში ანცვიფრებდა მსოფლიოს.

განსასჯელებმა სტალინის მიერ ჩაფიქრებული იურიდიული სასამართლო პოლიტიკურ პროცესად აქციეს. გერმანიისა და სხვა ქვეყნების ცნობილი იურისტები გააფთრებით იცავდნენ თავიანთ დასაცავებს და არანაკლებ პოლიტიკურ ბრალდებებს უყენებდნენ კოალიციაში შემავალი ქვეყნების ხელმძღვანელებს, რომელთა მიმართაც ხშირად ისმოდა შეურაცხმყოფელი სიტყვებიც.

სტალინმა პოლიტბიუროს 1946 წლის იანვრის სხდომაზე მტკიცედ განსაზღვრა საკითხები, რომელზეც უნდა ემსჯელა საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალს, რათა არ გადაექციათ იგი პოლიტიკურ დებატებად. ეს მემორანდუმი გაეგზავნა რუდენკოს საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის კომიტეტზე გადასაცემად.

მოკავშირეთა წარმომადგენლებმა აღნიშნული მომორანდუმი ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობებს გააცნეს და, როგორც მოსალოდნელი იყო, აქაც სტალინის მოსაზრებას ალტერნატივა არ ჰქონია. ამიტომ ტრიბუნალმა შეიმუშავა საკითხების ნუსხა, რომლის გარეთაც სასამართლო პროცესი არ უნდა გასულიყო.

ნაცისტი სამხედრო დამნაშავეების კარგად ორგანიზებული ჯგუფი, რომელსაც იცავდნენ მსოფლიოში ცნობილი იურისტები, რკინის სალტეში იქნა მომწყვდეული. მართლმსაჯულებამ მტკიცებულებათა კორიანტელი დააყენა. მხილოდ ეს-ეს-ის (შშ _ ფაშისტური ორგანიზაცია) წინააღმდეგ მოწმეთა ათიათასზე მეტი წერილობითი დოკუმენტი დაიდო და დაიკითხა 61 თვითმხილველი მოწმე, ეს-ა-ზე (SA _ ფაშიტური მოიერიშე რაზმები) _ 7000-ზე მეტი, ეს-დე-ზე (SD _ უსაფრთხოების სამსახური) _ 30000, ვერმახტის გენერალურ შტაბზე _ 2000.

რუდენკომ კრემლიდან გამოგზავნილი კოზირი მაშინ გაათამაშა, როდესაც ამის ბრძანება სტალინისაგან მიიღო.

რუდენკომ სამხედრო დამნაშავეებს მიმართა, რომ ამჟამად მათ ბრალს ფელდმარშალი პაულიუსი წაუყენებდათ, რასაც ბრალდებულები ღიმილით შეხვდნენ, რადგან პაულიუსი 1943 წელს ბერლინში დაასაფლავეს. მის კუბოზე ჰიტლერმა ბრილიანტებით შემკული ფელდმარშლის ხმალი დაადო. გერინგმა და სხვა ბრალდებულებმა არ იცოდნენ, რომ კუბო ცარიელი იყო და ჰიტლერმაბლეფიგაითამაშა, როდესაც ამბობდა, პაულიუსმა თვითმკვლელობა არჩია რუსების ტყვეობასო.

_ რამდენ ხანში ჩამოვა ფელდმარშალი პაულიუსი მოსკოვიდან ნიურნბერგში? _ ღიმილით იკითხა გერინგმა.

_ სულ რამდენიმე წამში _ უპასუხა რუდენკომ და სასამართლო დარბაზის კარიც გაიღო.

დარბაზში შემოვიდა შავ კოსტიუმსა შტიბლეტებში გამოწყობილი, “ბაბოჩკით” ყელდამშვენებული ფელდმარშალი პაულიუსი.

ბრალდებულებს მყისვე გაუქვავდათ სახე, შემდეგ კი იმედგადაწურულებმა თავი ჩაქინდრეს. პაულიუსის მხრიდან ვერმახტის საიდუმლო საქმეების პირუთვნელმა აღიარებამ საბოლოოდ დაასრულა საბრალდებულო დასკვნა.

თუ რა მასშტაბებს აღწევდა ნიურნბერგში დაწყებული საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი ქვემოთ მოყვანილი ციფრებიდანაც ცანს:

სასამართლო პროცესის მიმდინარეობის 10 თვისა და 10 დღის განმავლობაში დაიხარჯა 200 ტონა ქაღალდი, 27 000 მეტრი ხმის ჩასაწერი ლენტი, დაიწერა 50 000 000-ზე მეტი თაბახის ფურცელი, გადაღებული იქნა 30 000 დოკუმენტის ფოტოფირი, ნაჩვენები იქნა ასობით კილომეტრი დოკუმენტური კინომასალა. ამ ზღვა მასალის წარდგენისა და ნახვის შემდეგ საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც 1946 წლის 1 ოქტომბერს გამოცხადდა.

ნიურნბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალმა ჩამოხრჩობა მიუსაჯა: რიბენტროპს, კალტენბრუნერს, როზენბერგს, ფრანკს, ფრიკს, შტრეიხერს, ზაუკელს, იოდლს, ზეისინკვარტს, გერინგს, ბორმანს (დაუსწრებლად). რობერტ ლეიმ, ვიდრე მის სასჯელს გამოაცხადებდნენ, თვითონვე გამოუტანა თავს განაჩენი და პირსახოცის ნახევებისაგან გადაბმული თოკით თავისივე საკანში საკანალიზაციო მილზე ჩამოიხრჩო თავი.

გერინგმა, კეიტელმა და რიბენტროპმა თხოვნით მიმართეს საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალს, რომ ჩამოხრჩობა დახვრეტით შეეცვალათ, მაგრამ ტრიბუნალმა მათი თხოვნა არ გაიზიარა და განაჩენი ძალაში დატოვა.

მას შემდეგ, რაც გერინგმა უარი მიიღო, ჩამოხრჩობამდე 2 საათით ადრე, მისი საკნიდან უჩვეულო ხმაური მოისმა. საკნის დარაჯმა სასწრაფოდ იხმო მორიგე ოფიცერი. გერინგის საკნის კარის გაღებისთანავე დაინახეს, რომ გერინგი მკვდარი ეგდო საკნის იატაკზე. ექიმისა და საექიმო კომისიის სხვა წევრების თანდასწრებით დადგინდა სიკვდილის მიზეზი _ ციანიდის ამპულის პირის ღრუში გატეხვა, რამაც გამოიწვია სწრაფი სიკვდილი. როგორც გაირკვა, ციანიდის ამპულა გერინგს მეუღლემ გადასცა დამშვიდობებისას კოცნის მომენტში.

ამრიგად, ჰიტლერი გებელსი, ჰიმლერი, რობერტ ლეი და მარტინ ბორმანი ეშაფოტის კიბეზე არ ასულან, რადგან ჩამოხრჩობამდე თვითონვე მოისწრაფეს სიცოცხლე.

ყველა სამხედრო დამნაშავე, ერთეულების გამოკლებით, ეშაფოტზე ასვლას მამაცურად შეხვდა და გერმანიას გულითადად მიესალმა.

1946 წლის 16 ოქტომბერს, ღამის 4 საათზე, ეშაფოტთან პირველი იოახიმ ფონ რიბენტროპი მიიყვანეს _ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. მან ჩამოხრჩობის წინ განაცხადა: ჩემი უკანასკნელი სურვილი იქნება, გერმანიამ კვლავ გამოიჩინოს ერთიანობა, რომელიც იქნება საფუძველი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთგაგებისა და ქვეყნად მშვიდობის დამყარების”. ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ ამერიკელმა ჯალათმა ჯონ ვუდსმა მას თავზე ჩაჩი ჩამოაცვა და კისერზე ყულფი გაუკეთა.

რიბენტროპის გვამი თოკზე ქანაობდა, როდესაც მეორე სახრჩობელასთან გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვილჰელმ კაიტელი შემოიყვანეს. მან ჩამოხრჩობის წინ თავისი ჯარისკაცები გაიხსენა და წარმოთქვა საბოლოო სიტყვა: ჩემამდე ორ მილიონამდე ჯარისკაცი დაიღუპა სამშობლოსთვის ბრძოლაში. მე მივდივარ ჩემს შვილებთან გერმანიის სახელით”.

ვიდრე რიბენტროპს თოკიდან ჩამოხსნიდნენ, იქ უკვე იდგა მესამე სამხედრო დამნაშავე ალფრედ იოდლი, რომელმაც უშიშრად აიარა ეშაფოტის 13 საფეხური და ხელაწეულმა წარმოთქვა: მოგესალმები, ჩემო გერმანია!”

ყველაზე კარგად გამოიყურებოდა იმპერიის უშიშროების შეფი ერნსტ კალტენბრუნერი, რომელმაც მეშახტეთა გამოთქმა გამოიყენა და ვიდრე ჩამოკიდებდნენ წარმოთქვა: მშვიდობით დაბრუნებისა იყოს”.

გერმანიის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ჰანს ფრანკი ღიმილით ავიდა ეშაფოტზე. მან ამაყად გადახედა იქ მდგომთ და განაცხადა: “მადლობელი ვარ იმ მოპყრობისათვის, რომელსაც იჩენდნენ ჩემ მიმართ პატიმრობაში ყოფნისას და ვთხოვ ღმერთს შეწყალებას”.

სრულიად საპირისპირო იყო შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვილჰელმ ფრიკის მოქმედება. ის ჩამოხრჩობის წინ სულიერად დაეცა, ბარბაცებდა და ძირს ეცემოდა. ბოლოს თითქოს ძალა მოიკრიფა, ეშაფოტზე ავიდა და დაიძახა: “გაუმარჯოს უკვდავ გერმანიას!”

არტურ ზეისინკვარტი _ ავსტრიის, პოლონეთისა და ნიდერლანდების ყოფილი მმართველი, მხნედ გამოიყურებოდა. მან წარმოთქვა: “მე ვისურვებდი, რომ ეს ჩამოხრჩობა ყოფილიყოს მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელი შემზარავი აქტი”.

ფრიც ზაუკელი _ შრომითი რესურსების მინისტრი, ბოლომდე ამბობდა, რომ უდანაშაულო იყო. ეშაფოტზეც განაცხადა, რომ უდანაშაულოა.

ალფრედ როზენბერგი _ საგარეო პოლიტიკის ფუძემდებელი, რასობრივი თეორიის შემქნელი და პროპაგანდისტი, ერთადერთი იყო ჩამოსახრჩობთა შორის, რომელმაც უარი განაცხადა საბოლოო სიტყვის წარმოთქმაზე.

ამერიკელი უმცროსი სერჟანტი ჯონ ვუდსი გამოცდილი ჯალათი იყო, რომელსაც თავის სამშობლოში 347-ჯერ ჰქონდა შესრულებული ეს პროცედურა. ჯონ ვუდსის მონათხრობით, რიბენტროპი, იოდლი და კეიტელი რამდენიმე წუთის განმავლობაში ებრძოდნენ სიკვდილს ყულფში თავგაყოფილები. ხოლო შტრეიხერის კონვულსიები იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ იძულებული შეიქნა ხელით დაეხრჩო.

ყულფიდან ჩამოხსნილი ცხედრები რიგის მიხედვით დააწყვეს იატაკზე. იქვე, მათ გვერდით, დაასვენეს გერინგის ცხედარიც.

საექიმო კომისიამ სათანადო ოქმის გაფორმებით, ხოლო ფოტოგრაფებმა დამადასტურებელი ფოტოების გადაღებით დაასრულეს 1946 წლის 16 ოქტომბრის ღამე.

დილით ცხედრები ბრეზენტგადაფარებული სატვირთო ავტომანქანის ძარაზე გადაიტანეს და სამხედრო კორტეჟის თანხლებით მანქანამ გეზი მიუნხენისაკენ აიღო.

მიუნხენის გარეუბანში, კერძო კრემატორიუმში მოხდა რემაცია გვამებისა და მათთან ერთად იმ თოკებისა, რომლებითაც ჩამოახრჩვეს გერმანიის 10 სამხედრო დამნაშავე. მათი ფერფლი თვითმფრინავით იქნა მობნეული მდინარეზე.

ნიურნბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ჰესს, ფუნკსა და რედერს.

შირახსა და შპეერს _ 20-20 წლით პატიმრობა.

ნოირატს _ 15 წლით პატიმრობა.

დენიცს _ 10 წლით პატიმრობა.

ფრიჩე, პაპენი და შახტი გაამართლეს.

კრუპი _ სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა განუკურნებელ ავადმყოფად და მის მიმართ სასჯელი არ იქნა გამოტანილი.

როგორც საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალმა გამოარკვია, ყველა გერმანელი სამხედრო დამნაშავე არ იმსახურებდა შეპყრობისთანავე დახვრეტას, რასაც დაჟინებით მოითხოვდა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, დემოკრატიის მამამთავარი უინსტონ ჩერჩილი. ნიურნბერგის სასამართლო პროცესმა 100%-ით დაადასტურა სტალინის სიტყვები: “გერმანელი სამხედრო დამნაშავეები უნდა გაასამართლოს საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალმა და დამნაშავეები დასაჯონ ჩადენილი დანაშაულის შესაბამისად”. ალბათ, ამის ადრეული გამოძახილი, იყო როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა, ნიურნბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის ბრალდების თავმჯდომარე ჯეკსონმა განაცხადა: “საბჭოთა იურისპრუდენცია გაცილებით დემოკრატიულია, ვიდრე ამერიკული”.

მწერალი-ისტორიკოსი ვიქტორ სუვოროვი წერს:

“ნიურნბერგის პროცესზე საბჭოეთიდან მეთვალყურედ მივლინებული იყო ანდრეი ვიშინსკი, რომლის უკანაც ვიღაც იდგა და მას დისტანციურად მართავდა – ეს იყო სტალინი. ეს მან მოიფიქრა და შექმნა პროცესი, რომელსაც უშუალოდ მართავდა. სტალინი იყო მთავარი რეჟისორი ნიურნბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალისა, რომელშიც მაშინ ბევრი ვერ ერკვეოდა და ვერც ახლა ერკვევა. ნიურნბერგის პროცესი სტალინმა მოამზადა ისეთი სკრპულოზური სიზუსტით, როგორითაც მანჯურიის სტრატეგიული შეტევის ოპერაცია.

საბჭოთა კავშირის ინტერესები ისე იყო დანახული სასამართლო პროცესებზე, როგორც საქვეყნოდ ცნობილი სტალინგრადის ნანგრევები. რასაც აკეთებდა სტალინი, მით უმეტეს ამ შემთხვევაში (ნიურნბერგში), იყო აზრიანი და ემყარებოდა სტალინის ფოლადისებურ ლოგიკას. ეს ლოგიკა კიდევ უფრო თვალნათელი გახდა, როდესაც სახრჩობელაზე ჩამოჰკიდეს როზენბერგი, რომელმაც შექმნა საოკუპაციო რეჟიმი. ეს იყო სტალინის ურყევი ნება და რკინის ლოგიკა, რომელმაც სახრჩობელაზე აიყვანა რიბენტროპი, კეიტელი, იოდლი და სხვები”.

კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო პოეტის სიტყვები:

“ყველგან სტალინის სიბრძნე ანათებს, ყველგან სტალინის მარჯვენა ვიცან!” (ი. მოსაშვილი, ლექსი “აი, ქართველო შენი სამშობლო”).

P.S. მკითხველმა, რომელიც ღრმად არის გაცნობილი ნიურნბერგის პროცესის მიმდინარეობას, შეიძლება მისაყვედუროს, რომ ჩემი პუბლიკაციები უფრო ღრმად არ გადმოსცემს პროცესის მიდინარეობასა და მნიშვნელობას, მაგრამ მეტი ვერ შევძელი საგაზეთო წერილებში

ნიურნბერგის პროცესის დეტალების აღწერასა და მისი მნიშვნელობის გაანალიზებას ინგლისმა ომის შემდგომ პერიოდში 116 სქელტანიანი ტომი მიუძღვნა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here