Home რუბრიკები ისტორია სტალინი და ამერიკა

სტალინი და ამერიკა

2102
სტალინი

ურთიერთობები საბჭოთა რუსეთსა და ამერიკას შორის რთულად ყალიბდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ მონაწილეობდა რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენციაში, საბჭოთა ხელისუფლების ლიდერი ლენინი მაინც ცდილობდა ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას ამ ქვეყანასთან. ლენინი 1919 წლის ოქტომბერში ამბობდა: “ჩვენ გადაჭრით ვემხრობით ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას ამერიკასთან, ყველა ქვეყანასთან, მაგრამ ამერიკასთან _ განსაკუთრებით”.

აშშ-ის ეკონომიკა გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე სსრკ-ისა. მაგ., 1926-27 წლებში საბჭოთა კავშირის ნაციონალური წლიური შემოსავალი შეადგენდა 22 მლრდ მანეთს, აშშ-ისა _ 130 მლრდ მანეთს, ანუ მოსახლეობის ერთ სულზე _ 166 მანეთს სსრკ-ში და 1500 მანეთს _ აშშ-ში. პარტიის ცკ-ის პოლიტბიურო არაერთხელ განიხილავდა ამერიკასთან ურთიერთობის საკითხებს.

შევჩერდეთ ერთ მათგანზე. 1925 წლის 23 ივლისს გიორგი ჩიჩერინის მოხსენების მიხედვით, პოლიტბიურომ განიხილა და დაამტკიცა, “ამერიკის მიმართ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის ზომების პროექტი”, რომელშიც ნათქვამია:

“ა) აუცილებელია, აღინიშნოს, რომ ამერიკაში ფართო საზოგადოების დამოკიდებულება საბჭოთა კავშირისადმი უკეთესობისკენ შეიცვალა.

ბ) სასწრაფოდ გაიზარდოს სავაჭრო ურთიერთობები ამერიკასთან, ა.წ. აპრილში რუსულ იმპორტში ამერიკამ პირველი ადგილი დაიკავა”. დადგენილებაში, როგორც დადებითი ფაქტი აღინიშნებოდა ის, რომ ამერიკელები, ევროპელებისაგან განსხვავებით, არ მოითხოვდნენ მეფისდროინდელ ვალებს და იფარგლებოდნენ მხოლოდ დროებითი მთავრობის მიერ აღებული ვალით.

ამერიკელი საზოგადოება ყურადღებით აკვირდებოდა საბჭოთა კავშირში განვითარებულ მოვლენებს, ახალი ლიდერის _ სტალინის მოღვაწეობას. 1920-იან წლებში მოსკოვში ჩამოსული ამერიკელი მეცნიერები და ჟურნალისტები გამოთქვამდნენ სტალინთან შეხვედრის სურვილს; ცდილობდნენ, მისგან შეეტყოთ ინფორმაცია საკითხებზე, რომლებიც განაპირობებდა მომავალში აშშის მხრიდან საბჭოთა კავშირის აღიარებას. 1926 წელს, ამერიკელთა დელეგაციასთან ერთად, სსრკში ჩავიდა პროფესორი ჯერომ დევისი, რომელსაც სტალინთან შეხვედრა სურდა.

ამ შეხვედრისთვის მას ჰქონდა ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარე უილიამ ბორასა და ცნობილი საბჭოთა მოღვაწის, 1924-25 წლებში ამერიკაში მივლინებული ნიკოლაი ოსინსკის სარეკომენდაციო წერილები.

1926 წლის 20 მაისს სენატორი ბორა წერდა: “ყველას, ვისაც წარუდგენენ ამ წერილს: ეს წერილი რეკომენდაციას უწევს იელის უნივერსიტეტის პროფესორ ჯერომ დევისს, რომელიც აპირებს, შეისწავლოს ვითარება რუსეთში და წარმომიდგინოს მოხსენებად. უყოყმანოდ ვუწევ რეკომენდაციას მას რუსეთის მთავრობის წინაშე და ღრმად ვაფასებ დახმარებას, თუ ხელს შეუწყობთ მის შეხვედრას ყველასთან, ვისთანაც მოისურვებს.

ღრმა პატივისცემით, უილიამ ი. ბორა”.

ნიკოლაი ოსინსკი წერდა სტალინს, რომ მოსკოვში, როგორც გაზეთებიდან შეიქნა ცნობილი, იმყოფება ამერიკელთა 20-კაციანი დელეგაცია _ “ისინი არიან პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ სსრკ-ის აღიარებას. დელეგაცია აპირებს, გამოსცეს ამერიკაში საბჭოთა კავშირში შექმნილი ვითარების ანგარიში, 1924 წელს ინგლისში პროფკავშირის დელეგაციის მიერ გამოცემულის მსგავსი. ანგარიში იქმნება იელის უნივერსიტეტის ახალგაზრდა პროფესორ ჯერომ დევისის ხელმძღვანელობით, რომელსაც ამერიკაში დიდი კამპანია ჰქონდა გაშლილი საბჭოთა კავშირის აღიარებისთვის და ჩვენზე ცნობების ფალსიფიკაციის წინააღმდეგ. ანგარიში იწერება სენატორ ბორასთვის და დევისი მასთან უშუალო კავშირშია.

დევისს ძალიან უნდა თქვენთან შეხვედრა, თუნდაც 15 წუთით”.

ოსინსკის წინადადებით, დევისმა წერილობით ჩამოაყალიბა თავისი კითხვები. “დელეგაცია იმ კვირაში მიემგზავრება და დევისის მიღება სწრაფადაა სასურველი”.

აი დევისის ბარათი სტალინის სახელზე:

იელის უნივერსიტეტი,

ჯერომ დევისის ბიურო,

1110 ედვარდს ჰოლი

ნიუ ჰავენი, კონეკტიკუტი

10 აგვისტო, 1926 .

ბატონ იოსებ სტალინს

კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივანს

მოსკოვი. რუსეთი.

მოწყალეო ბატონო!

რუსეთში ჩამოვედი ამერიკის დელეგაციასთან ერთად, რომელიც, ვიმედოვნებ, დაწერს მოხსენებას რუსეთზე, მსგავსად ბრიტანეთის სამუშაო მოხსენებისა 1924 წელს. მე ჩამოვედი. აგრეთვე, იმიტომაც, რომ დავწერო სპეციალური მოხსენება სენატორ უილიამ ი. ბორასთვის, რომელიც აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარეა და მხურვალე მხარდამჭერი აშშ-ის მხრიდან რუსეთის აღიარებისა. ვურთავ მის პირად წერილს თქვენდამი. მან განსაკუთრებით მთხოვა, თქვენი ნახვა. განსაკუთრებით მაინტერესებს პასუხი სამ კითხვაზე:

  1. თუ ამერიკა აღიარებს რუსეთს, გამოიყენებს თუ არა ამას კომუნისტური ინტერნაციონალი თავისი მოქმედებების გასაძლიერებლად ამერიკაში? როგორია კომუნისტური პარტიის პოზიცია ამ საკითხში?
  2. თუ ამერიკის კაპიტალი შემოვა რუსეთში, შეიძლება თუ არა იგი იყოს დარწმუნებული, რომ მომავალში კომუნისტური პარტიის პროგრამა არ შეიცვლება ისე, რომ ხელი შეეშალოს მის მოქმედებას გადასახადებით, სამუშაო კანონმდებლობითა და ა.შ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რადიკალურად მარცხნივ ხომ არ გადაიხრება კომუნისტური პარტიის პოლიტიკა პერსპექტივაში?
  3. მიგაჩნიათ თუ არა შესაძლებლად კომუნიზმისკენ გადახრა საშუალო რუსი გლეხისა, რომელიც თვითონ ამუშავებს მიწას? უქმნის თუ არა ეს პრობლემა საფრთხეს თქვენი პარტიის წარმატებას მომავალში? როგორ აპირებთ მის დაძლევას?

და კიდევ _ მინდა, გკითხოთ: ხომ არაფერი გაქვთ საწინააღმდეგო, თუ მე ვთარგმნი ინგლისურ ენაზე ნაწილს თქვენი წიგნისა “ლენინზმის საკითხები”? განსაკუთრებით მინდა ვთარგმნო 69-დან 166-მდე გვერდები ლენინიზმის საფუძვლებზე, მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ თქვენც მოგწონთ ეს არჩევანი, მაგრამ, თუ თქვენი რომელიმე თანამშრომელი აპირებს ამ წიგნის თარგმნას ინგლისურად, არ მინდა გავწიო მათი პარალელური სამუშაო.

ვიცი რა, როგორი დაკავებული ხართ, მოხარული ვიქნები, თუ შეგხვდებით მხოლოდ სამი წუთით და, თუ მოისურვებთ, არავის ვეტყვი ამ შეხვედრის შესახებ, სანამ არ შევხვდები სენატორ ბორას.

გულწრფელად თქვენი, ჯერომ დევისი.

ჩემი მისამართი მოსკოვში: სტარი კონიუშენის შესახვ. 39, ბინა II.

ტელ. 2-12-20”.

სტალინი დათანხმდა. საუბარი გაიმართა 1926 წლის 13 აგვისტოს 13 საათზე და გაგრძელდა თითქმის 2 სთ-მდე.

საკითხებისა და პრობლემების წრე, რომელსაც საუბრისას შეეხნენ, გასცდა დევისის წერილში დასმულ კითხვებს. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მოვიტანოთ ამ საუბრის ჩანაწერი, რომელიც ქართულ პრესაში პირველად ქვეყნდება.

“მოკლე შინაარსი ამხ. სტალინისა და პროფ. ჯერომ დევისის საუბრისა”.

13 აგვისტო, 13-14:50 სთ.

მთარგმნელი _ ტიველი

(დევისი _ იელის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა პროფესორი. იყო რუსეთში ოქტომბრის მოვლენების დროს და წარმოადგინა ბორას წერილი)

დევისი: _ ჩვენი, საბჭოთა კავშირის აღიარების მომხრეთა, მუშაობის შესამსუბუქებლად, კარგი იქნებოდა, თუ საბჭოთა მთავრობა ნოემბრის არჩევნებისთვის განაცხადებდა მზადყოფნას:

  1. აღიაროს კერენსკის ვალები;
  2. ქონების კონფისკაციით დაზარალებულ ამერიკელ მოქალაქეთა უმრავლესობას აუნაზღაურდება ზარალი;
  3. უარს იტყვის პროპაგანდაზე და ოფიციალური წარმომადგენლების პროპაგანდისთვის გამოყენებაზე.

სტალინი: _ ის, რომ აშშ არ გვაღიარებს და ამით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, განსაკუთრებულ მდგომარეობაში იყენებს თავს, უფრო ზრდის მოქმედებებს ამერიკის მთავრობის წინააღმდეგ კომუნისტებისა და იმ ხალხის, რომელიც თანაუგრძნობს საბჭოთა რესპუბლიკას. ოფიციალურ წარმომადგენლებს ეკრძალებათ პროპაგანდა და დამნაშავენი ისჯებიან, კომუნისტური პარტიებისა და გაზეთების მოღვაწეობის აკრძალვა ჩვენ არ შეგვიძლია, როგორც რესპუბლიკელები იბრძოლებენ საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, ისევე, კომუნისტები იბრძოლებენ კაპიტალიზმის წინააღმდეგ.

დევისი: _ არის თუ არა საფრთხე იმისა, რომ, თუ ჩვენი კაპიტალისტები დააბანდებენ კაპიტალს თქვენთან, მოვლენ მემარცხენე ჯგუფები და შეცვლიან პირობებს ახალი გადასახადებითა და სამუშაო კანონმდებლობით, მაშინ ჩვენი კაპიტალისტების მუშაობა წამგებიანი იქნება?

სტალინი: _ ეს შეიძლება შემოწმდეს ჰარიმანისა და “ლენა-გოლდ-ფილდსის” მიხედვით, რომლებსაც ძალიან დიდი მოგება აქვთ. ამერიკული წარმოების მაღალი კულტურისა და მასთან შედარებით (დიდი სიიაფის გამო) დაბალი ხელფასით აქ, ამერიკელებმა შეიძლება დიდი მოგება ნახონ. რაც შეეხება მომავალს, ჩვენთან არ არიან ისეთი ჯგუფები, რომლებიც უარყოფენ ნეპის აუცილებლობას, ძნელი წარმოსადგენია, რომ მემარცხენეები მოვიდნენ ხელისუფლებაში. მათემატიკურად თუ დავუშვებთ, ეს იქნება ასში ერთი შესაძლებლობა.

დევისი: _ ევროპაში გვითხრეს, რომ თქვენ ზუსტად ასრულებთ ეკონომიკურ ვალდებულებებს, მაგრამ პროპაგანდის მიხედვით ეს ასე არ არის.

სტალინი: _ ბოლშევიკებზე რას არ ამბობენ: რომ ისინი არ ჭამენ, არ სვამენ, არ არიან ადამიანები, არ აქვთ ოჯახები, მხოლოდ ებრძვიან ერთმანეთს, მაგრამ ხელისუფლებაში მაინც ერთად არიან, დღედაღამ ავრცელებენ დირექტივებს მსოფლიოშიო. ჩვენ ამაზე გვეცინება, რადგან, თუ ამ ყველაფრის უარყოფა დავიწყეთ, ტომები არ გვეყოფა. რაც შეეხება ხელშეკრულების შესრულებას, ამაზე ჰკითხეთ ევროპელ კონტრაგენტებს, ისინი გეტყვიან, რომ არ არსებობს ხელშეკრულების დარღვევის ერთი შემთხვევაც კი ჩვენი მხრიდან. რაც შეეხება კერძო პირებთან საქმეს, მათ შეუძლიათ მოგატყუონ, გაკოტრდნენ, მათი პასუხისმგებლობა დიდი არ არის და არც აქვს დიდი მნიშვნელობა, სახელმწიფოსთან საქმის დაჭერა სხვაა, სახელმწიფო არ დაუშვებს ხელშეკრულების დარღვევას, არც თავისი ორგანიზაციების გაკოტრებას, ეს იქნება საერთაშორისო მასშტაბით მისი შერცხვენა. ვერ გეტყვით, რა იქნება 40 წლის შემდეგ, მაგრამ 10, 20, 30 წლის განმავლობაში ჩვენზე უკეთესი კონტრაგენტი ვერავინ იქნება. ტექნიკური დონით, კულტურით გერმანია ამერიკაზე დაბლა დგას, მაგრამ მან უკეთესად იცის ბაზარი, უფრო მეტ კონცესიებს იღებს, უფრო კარგად ააწყო საქმე და დაბალხარისხიანი ტექნიკით უფრო დიდ მოგებას ნახულობს. ამერიკელებს შეეძლოთ, ჰქონოდათ მეტი, მაგრამ რატომ ვაძლევთ გერმანელებს? იმიტომ, რომ ისინი გვაძლევენ კრედიტს.

დევისი: _ იმედი გაქვთ, რომ გლეხი, რომელმაც მხოლოდ თავისი მიწა იცის, დაუჯერებს თქვენს პროპაგანდას?

სტალინი: _ მხოლოდ პროპაგანდით ვერაფერს გახდები, იმედი გვაქვს, რომ ავიყოლიებთ გლეხებს იმიტომ, რომ ვქმნით ისეთ მატერიალურ პირობებს, რომლებსაც ისინი ბოლშევიკების მხარეს გადმოჰყავს. გლეხისთვის მთავარია, ამარაგებდნენ მანუფაქტურით მისაღები ფასით, რომ მისცენ კრედიტი და ჩაიბარონ მათი პროდუქტები, დაეხმარონ შიმშილობისას, დაეხმარონ, რომ არ დაბრუნდნენ მემამულეები, ჩართონ საერთო პოლიტიკურ ცხოვრებაში, მისცენ საშუალება, მიიღოს მონაწილეობა მშენებლობაში. ყველა ამ პირობას, მართალია, მთლიანად ვერა, მაგრამ ხელისუფლება გლეხებს უქმნის, ასე რომ არ იყოს, გლეხები არ იქნებოდნენ მშვიდად… თუ ასეთი გლეხები მშვიდად არიან და არ აქვთ კონფლიქტი ბოლშევიკებთან, ნიშნავს, რომ ჩვენ წარმატებები გვაქვს, ვქმნით ისეთ პირობებს, უმეტესად კოოპერაციით, როცა გლეხებს ურჩევნიათ კომუნისტებთან ჰქონდეთ საქმე, ვიდრე სხვასთან, ვერ ვიტყვი, რომ ისინი აღტაცებულნი არიან კომუნისტებით, მაგრამ გლეხები პრაქტიკოსები არიან და კაპიტალისტებთან ურთიერთობას, რომლებიც ჩაგრავდნენ და ლაპარაკიც არ უნდოდათ მათთან, ბოლშევიკებთან ურთიერთობა ურჩევნიათ, რომლებიც ელაპარაკებიან, არწმუნებენ, არ ძარცვავენ. მათ იციან, რომ ჩვენ იდეალურები არ ვართ, მაგრამ სხვებს ვჯობივართ… დასავლეთ ევროპელი გლეხისგან განსხვავებით, ჩვენს გლეხს ისეთი ისტორიული და ფსიქოლოგიური მონაცემები აქვს, რომელიც განაპირობებს მათ გადმოსვლას დიდი ყოყმანის გარეშე. განსხვავებას ქმნის ის, რომ, მაგალითად, ფრანგ და ინგლისელ გლეხს მიწა სოციალისტებისგან არ მიუღია, ჩვენთან კი რევოლუციის სათავეში, რომელმაც გლეხს მიწა მისცა, სოციალისტები დგანან. ეს საფუძველს აცლის ცრურწმენებს და საშუალებას ქმნის ბოლშევიკებისკენ გადასვლისა. გლეხური მეურნეობა ორი ნაწილისგან შედგება: წარმოება და განაწილება. თუ გლეხი თავის ნაწარმს ვერ გაასაღებს, მისი წარმოება ჩამოიშლება…

დევისი: _ მართალია, რომ საუკეთესო კოლმეურნეობები სექტანტებისაა?

სტალინი: _ არა, სექტანტები კოლექტივებს არ ენდობიან, განზე დგანან. მხოლოდ მოსკოვის გუბერნიაშია სექტანტების ნაწილი გაერთიანებული კოლმეურნეობებში. პიონერები და ორგანიზატორები კოლმეურნეობებისა და აქტიური მუშაკები დემობილიზებული წითელარმიელები და ყოფილი სამხედრო ტყვეები არიან, რომლებმაც ნახეს ტექნიკის უპირატესობანი საზღვარგარეთ.

დევისი: _ შეიძლება თქვენი ბიოგრაფიის მოძიება? (სტალინი აწვდის ფურცელს პორტრეტით და მოკლე ბიოგრაფიით).

დევისი: _ ეს ძალიან პატარაა. როგორ გახდით კომუნისტი?

სტალინი: _ ძნელი სათქმელია. ადამიანები ჯერ ოპოზიციაში გადადიან, შემდეგ ხდებიან რევოლუციონერები, ირჩევენ რომელიმე პარტიას. ჩვენთან ბევრი პარტია იყო: ესერები, მენშევიკები, ანარქისტები, კომუნისტები.

დევისი: _ რატომ წამოხვედით სასულიერო სემინარიიდან?

სტალინი: _ გამომაგდეს.

დევისი: _ რატომ?

სტალინი: _ იმიტომ, რომ ვკითხულობდი მარქსს.

დევისი: _ როდის იყო ეს? როგორ იშოვეთ მარქსი?

სტალინი: _ ეს იყო 1899 წელს. ბოლო კლასში ვიყავი. თბილისში იყო სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია, რომელთანაც ვიყავი დაკავშირებული, მათ ჰქონდათ ლიტერატურა და მაძლევდნენ მეც.

დევისი: _ განა მართალი არ იყო ოპოზიცია, როცა დემოკრატიზაციას მოითხოვდა? ხომ შეიძლება უმრავლესობა ცდებოდეს, როგორ დაამტკიცოს უმცირესობამ თავისი სიმართლე თუ გამოსვლა არ შეიძლება? ტროცკის, მაგალითად, ხომ არ მისცემდნენ უფლებას, გამოსულიყო ნიჟნი ნოვგოროდში ან ყაზანში?

სტალინი: _ ჩვენ დიდი ორგანიზაცია გვაქვს, ერთი მილიონი წევრით; არიან სხვადასხვა ყაიდის ადამიანები, მაგრამ, ამასთანავე, ეს მებრძოლი ორგანიზციაა, გადაწყვეტილებათა შემსრულებელი და არა სადისკუსიო კლუბი, რომელშიც მხოლოდ განიხილავენ საკითხებს. ასეთი პარტია ვერ შეძლებდა ქვეყნის მართვას. როცა მთავრდება განხილვა და მიიღება გადაწყვეტილება, ის უნდა შესრულდეს. ოპოციზიას კი არ უნდა გადაწყვეტილების ცხოვრებაში განხორციელება და სხვებსაც ამას მოუწოდებდა. ეს რომ ასე დარჩეს, მაშინ გვექნება არა პარტია, არამედ სადისკუსიო კლუბი…

დევისი: _ კონსერვატორები ამბობენ, რომ საკავშირო კომუნისტური პარტია კომინტერნი და მთავრობა ერთი და იგივეა. ჩემს ლექციებში მივუთითებდი განსხვავებებზე, მაგრამ მეუბნებოდნენ, რომ სულერთია, პოლიტბიურო აკონტროლებს პარტიასაც და მთავრობასაც.

სტალინი: _ თქვენ იცით, რა პირობებში არსებობს რესპუბლიკური პარტია ამერიკის შეერთებულ შტატებში?

დევისი: _ პარტიას აქვს გარკვეული გავლენა, მაგრამ უფრო დიდი გავლენა აქვთ ცალკეულ ადამიანებს, რომლებიც არ ითვლებიან პარტიაში, მაგალითად, მორგანი.

სტალინი: _ მხოლოდ წელს შეიქნა ჩვენთვის ცნობილი, რომ ინგლისში ლიბერალებს აქვთ საკუთარი ჩრდილოვანი კომიტეტი, კონსერვატორებსაც აქვთ ასეთი კომიტეტი, ალბათ, რესპუბლიკელებსაც, მაგრამ ამის შესახებ არავინ არაფერი იცის, კომიტეტი კი მაინც იკრიბება და მართავს მოლაპარაკებებს იმავე მორგანთან. იმაში, რაც იწერება ჩვენზე ამ საკითხზე, ცხრა მეათედი ფარისევლობა და უვიცობაა. ჩვენთან პოლიტბიურო ირჩევა ყოველ წელს, მისი წევრები ცნობილია, დასავლეთში კი მხოლოდ ჩხუბის დროს წამოსცდა ლოიდ-ჯორჯს, რომ ლიბერალურ პარტიაში არის ჩრდილოვანი კომიტეტი, რომლის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. რის საფუძველზე გვდებენ ბრალს დასავლეთში, როცა თვითონ ჩრდილოვანი კომიტეტები აქვთ და ჩუმად აკეთებენ იმას, რასაც ჩვენ არ ვმალავთ?!

რაც შეეხება კომინტერნს, არ მესმის, როგორ შეიძლება იმისი თქმა, რომ ჩვენ იქ პირველი რანგის წევრები ვართ, ხოლო დანარჩენი პარტიების წარმომადგენლები _ მეორე; რომ ჩვენ, რუსებს, სხვა უფლებები გვაქვს, დანარჩენებს _ სხვა. ევროპელი კომუნისტები კულტურული ადამიანები არიან, ისინი ასეთ რამეს არ დათანხმდებოდნენ. ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან სემერი, პოლიტი, ტელმანი, არ ითანამშრომლებდნენ ჩვენთან. არ მესმის, როგორ უნდა თქვან ასეთი სისულელე კულტურულმა ადამიანებმა, აქვს თუ არა პოლიტბიუროს ძალაუფლება მთავრობაში? _ დიახ. წყვეტს თუ არა პოლიტბიურო ყველა საკითხს? _ არა, არც შეუძლია. პოლიტბიურო იკრიბება კვირაში ერთხელ, სახალხო კომისარიატის საბჭო _ ორჯერ, სავაჭრო საზოგადოების საბჭო _ ორჯერ. როგორ შეუძლია პოლიტბიუროს, ერთ სხდომაზე განიხილოს ყველა ის საკითხი, რომლებიც ორმა საბჭომ ოთხ სხდომაზეც ვერ განიხილა? ამ შემთხვევაში პოლიტბიურო უნდა თათბირობდეს 24 საათი. ჩვენს ქვეყანაში მმართველი ძალა კომუნისტების პარტიაა, პარტიის ხელმძღვანელი ორგანო _ ცენტრალური კომიტეტი, რომელიც იძლევა საერთო დირექტივებს.

დევისი: _ ჩვენს პროპაგანდას ძალიან დაეხმარებოდა, თუ თქვენ განაცხადებდით თანხმობას სამი პირობის შესრულებაზე.

სტალინი: _ მაგრამ კონტრპრეტენზიები?

დევისი: _ თქვენ ძალიან ბევრი უნდა მიიღოთ ინტერვენციისთვის, მაგრამ სჯობს, ეს არ აღნიშნოთ განცხადებაში და საკითხი დაისვას კონფერენციაზე.

სტალინი: _ ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია მსგავსი განცხადებები.

დევისი: _ თქვენ უფრო მეტი გააკეთეთ, ვიდრე უნდა გაგეკეთებინათ, მაგრამ ჩვენს სულელ მთავრობას ყურადღება არ მიუქცევია. თუ თქვენ ერთხელ კიდევ განაცხადებთ თანხმობას სამი პირობის შესრულებაზე, ეს ძალიან დაეხმარება პროპაგანდას.

სტალინი: _ მე მოვახსენებ მთავრობას, მაგრამ ეს ცოტა უხერხული მეჩვენება. ცოტა ხნის წინათ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატმა მსგავსი წინადადება წამოაყენა, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. არ გვინდა, თავი მოვაბეზროთ ვინმეს. აბეზარი ადამიანები ცუდი ადამიანები არიან, არ გვინდა, ცუდი ადამიანები ვიყოთ. გარდა ამისა, შეიძლება იფიქრონ, რომ ჩვენ ცუდი მდგომარეობა გვაქვს, რომ ვერ გავძლებთ ამერიკის გარეშე _ ჩვენ ვძლებდით და გავძლებთ მომავალშიც ამერიკის გარეშე. არსებობს, აგრეთვე, უხეში პასუხის მიღების რისკი, რაზეც ჩვენი ხალხი დაიწყებს გინებას, ისე, როგორც იგინებიან რუსულად, რაც უფრო გაართულებს ჩვენს აღიარებას მომავალში. რაღაც ახალი მიზეზის გარეშე უხერხული იქნება კიდევ ერთი გამოსვლა, ასეთია ჩემი აზრი. ყველაფერს მთავრობას მოვახსენებ.

დევისი: _ მე ვაპირებ ამ საუბრის გამოქვეყნებას.

სტალინი: _ თუ იბეჭდებოდა საუბარი ჩემთან, ყოველთვის წინასწარ ვკითხულობდი ხოლმე, ამ შემთხვევაში ეს არ შეიძლება, ამიტომ მიუთითეთ, რომ ტექსტი მე არ წამიკითხავს და პასუხსაც არაფერზე ვაგებ.

დევისი: _ რა თქმა უნდა. მივუთითებ, რომ ტექსტზე პასუხს მხოლოდ მე ვაგებ”.

ეს საუბარი სტალინთან იელის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა პროფესორმა ჯერომ დევისმა 1926 წლის 13 აგვისტოს ჩაწერა. 3 ოქტომბერს კვირას გამოაქვეყნა ამერიკის ერთ-ერთ წამყვან გაზეთში სტალინის პორტრეტით. ტექსტს ავტორმა დაურთო უცნობი ფაქტი სტალინის ბიოგრაფიიდან, რუსეთში სამოქალაქო ომისდროინდელი:

“ერთხელ, დეკემბერში პეტროგრადთან ახლოს ფრონტზე სტალინმა შეამჩნია, რომ ჯარისკაცები უხალისოდ ესალმებოდნენ, მან ერთ-ერთი შეაჩერა და მიზეზი ჰკითხა. ჯარისკაცმა ჩალისგან დამზადებული თავისი სანდლები დაანახვა. სტალინმა გაიხადა კარგი ჩექმა, მისცა ჯარისკაცს და თვითონ მისი ჩალის სანდლები ჩაიცვა, რომლებიც არ გაუხდია მთელი ზამთრის განმავლობაში. ასე გაინაწილა მან თავისი ხალხის მძიმე მდგომარეობა”.

როგორც ჩანს, ამის შესახებ სტალინმა ამერიკელ პროფესორს თვითონ უამბო. ძნელი სათქმელია, მართალია თუ არა ეს ამბავი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ფაქტმა, საბჭოთა ხელმძღვანელის ბიოგრაფიიდან, ამერიკელ მკითხველზე სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here