Home რუბრიკები ისტორია სტალინი განათლებასა და კულტურაზე საბჭოთა კავშირში

სტალინი განათლებასა და კულტურაზე საბჭოთა კავშირში

2053
სტალინი განათლებასა და კულტურაზე საბჭოთა კავშირში

პარტიის ძირითადი ბირთვი, რომელმაც 1917 წელს სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, ხოლო შემდგომ უამრავ ხიფათს გამოატარა ახალშექმნილი უღარიბესი ქვეყანა, თავისი ხარისხითა და ხასიათით ორ მიმდინარეობად ჩამოყალიბდა _ ბოლშევიკებად და კომუნისტებად, რომლებმაც თავიანთი ხასიათი და საზოგადოებისადმი დამოკიდებულება დღემდე შეინარჩუნეს.

ბოლშევიკები ნაციონალურ ფესვებზე აღმოცენებული მებრძოლი ჯგუფია, რომელიც იცავს ტრადიციებს. კომუნისტები უფრო ინტერნაციონალისტები არიან, რომლებიც მსოფლიო კომუნისტური მოძრაობის აქტიურ ნაწილს წარმოადგენენ, ნაკლებად ეროვნულს, ნაკლებად ტრადიციულსა და ტოლერანტულს. პარტიაში ბოლშევიკების ხაზის გამტარებელი სტალინი და მისი დაჯგუფება იყვნენ, კომუნისტური მიმართულების კი _ ლენინი, ტროცკი და მათი მიმდევრები. კომუნისტებს არცთუ კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ მეფის რუსეთის ინტელიგენციასა და ცარიზმის დადებით ტრადიციებთან. სტალინის მიერ ლენინის მოწაფედ გამოცხადების თეორია, ყალბია. ლენინსა და სტალინს ყოველთვის ჰქონდათ განსხვავებული აზრი ყველა სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღებისას და, თუ საბოლოოდ მაინც თანხმდებოდნენ, ეს მხოლოდ რუსული შოვინიზმისა და ლენინის განუსაზღვრელი ავტორიტეტის შედეგი იყო. აღნიშნული თემა სულ სხვა მსჯელობის საგანია და სხვა დროს განვიხილავთ. ახლა კი ძირითად თემას დავუბრუნდეთ _ დამოკიდებულებას განათლებისა და კულტურის მიმართ.

ლენინსა და მის დაჯგუფებას ძალიან კრიტიკული, სიძულვილამდე მისული დამოკიდებულება ჰქონდათ ინტელიგენციის, სამღვდელოებისა და მეფის არმიის მიმართ. დამცირება, შეურაცხყოფა, დაშინება, შევიწროება ნორმად იყო ქცეული ინტელიგენციისა და საზოგადოების სხვა წარმომადგელების მიმართ. ამ ხაზს არათუ ლენინის სიცოცხლეში, მისი სიკვდილის შემდეგაც მიჰყვებოდნენ “მამალი” ტროცკისტები, სტალინისა და მისი მომხრეებისთვის კი ეს მიუღებელი იყო.

მეხუთე კოლონისგან ქვეყნის გაწმენდის შემდეგ სტალინმა 1938 წლის 14 ნოემბერს პოლიტბიუროს დადგენილებაში, რომელიც გაეგზავნა ყველა პარტიულ ორგანიზაციას, ჩაწერა: გაასამართლეთ ყველა, ვინც მხეცურ, ხულიგნურ და აგდებულ დამოკიდებულებას გამოიჩენს ინტელიგენციის მიმართ”. სტალინმა მკვეთრად შეცვალა დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. მან შეუტია ლენინის ბრძანებულებებსა და მათ შემსრულებლებსაც: “დედაბერი, რომელიც მიყრუებულ სოფელში ზის და უჭირს, თავისი დარდის გასაქარვებლად რაიკომში მივა და იქ დაიწყებს პირჯვრის გადაწერას? ჩვენ გვჭირდება მღვდლები, მაგრამ გვჭირდება საბჭოთა მღვდლები”.

სტალინმა ქირურგიაში მიღწეული წარმატებებისთვის სტალინური პრემია მიანიჭა პროფესორ ვოინოიასენცკის, რომელიც ცნობილი იყო, როგორც სიმფეროპოლელი მიტროპოლიტი ლუკა.

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი

იური ჟდანოვი (ანდრია ჟდანოვის შვილი) იგონებს: “შემატყობინეს, რომ როსტოვში ჩამოდის ცნობილი ვოლფ მესინგი. მთხოვეს, მოვაწყო სასტუმრო “როსტოვის” ლუქსში საცხოვრებლად. შემთხვევა ხელიდან არ გავუშვი და თვითონ დავხვდი სტუმარს დანიშნულ ადგილზე. მინდოდა, ნათელმხილველი და ტელეპათი მესინგი პირადად გამეცნო. საუბრისას ვოლფ მესინგმა მითხრა: “პოლონეთში გერმანელების შემოჭრის გამო ქვეყნიდან გაქცევა მომიწია და თავი მოსკოვს შევაფარე. ჩემდა გასაკვირად, მეორე დღესვე სტალინთან მიმიწვიეს სასაუბროდ, იქ გავიცანი მამათქვენი, ძალზე საინტერესო და სიმპათიური ადამიანი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე თქვენთან შეხვედრა. სტალინმა კარგად მიმიღო, ეტყობა, იცოდა ჩემი არსებობა. მთხოვა, აზრი გამომეთქვა რუზველტზე, ნერუსა და სხვა ლიდერებზე, რაც, რა თქმა უნდა, მონდომებით მოვახსენე და დავძინე, რომ მზად ვარ, ვემსახურო საბჭოთა კავშირს. სტალინმა მადლობა გადამიხადა შეთავაზებისთვის და მითხრა: დიდი მადლობა, მაგრამ ბოლშევიკებს ისედაც გვადანაშაულებენ მისტიციზმში”.

სტალინს არ უყვარდა ზოგადი საუბრები. მაგალითად, თუ ვინმე იტყოდა, “ისინი საუბრობენ” ან “ისინი მიდიოდნენ”, აუცილებლად მოითხოვდა დაზუსტებას _ “ვინ არიან ისინი?” სტალინი მოითხოვდა თეორიის განახლებას და მისი საფუძვლების განუხრელად შესწავლას. “თეორიის გარეშე სიკვდილი გველის!” _ ეს სიტყვები ცნობილმა მეცნიერმა რიჩარდ კოსოლაპოვმა, ცკ-ის პრეზიდიუმის წევრმა, ჩაწერა თავის წიგნში “სიტყვა ეძლვა ამხანაგ სტალინს”.

დიმიტრი შეპილოვთან საუბარში სტალინმა განაცხადა: დღეს მდგომარეობა ასეთია _ ან მოვამზადებთ ჩვენს კადრებს, ხალხს, ხელმძღვანელ კადრებს ეკონომიკაში მეცნიერულ საფუძვლებზე, ან დავიღუპებით.” პარტიის ხელმძღვანელი კადრების განათლების დაბალი დონე თავიდანვე აღელვებდა სტალინს. მან 1924 წელს პარტიის VIII ყრილობაზე ტრიბუნიდან განაცხადა: “ერთი სახიფათო ნაკლი ჩვენს პარტიაში არის ხელმძღვანელი კადრების განათლების დაბალი დონე”.

ხელმძღვანელი კადრების განათლების დაბალი დონე კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა დიდი სამამულო ომის დამთავრების შემდეგ. სტალინი ხვდებოდა, რომ ცოდნის გარეშე ადამიანები ვერ დაეუფლებოდნენ ხალხის მართვისა და ქვეყნის აღმშენებლობის რთულ მექანიზმებს. მან მეცნიერებს შესთავაზა, მოენახათ გზა, რომლითაც ადამიანი იქნებოდა კულტურული, განათლებული და ახალი ცხოვრებისთვის მომზადებული. 1947 წელს მან მეცნიერებათა აკადემიას დაავალა, შეექმნათ საზოგადოება “ცოდნა”, რომელსაც სახელგანთქმული მეცნიერი, აკადემიის პრეზიდენტი ნიკოლოზ ვავილოვი ჩაუდგებოდა სათავეში, რათა ორგანიზაცია ავტორიტეტული და უფრო შრომისუნარიანი ყოფილიყო. საზოგადოება “ცოდნის” პრესტიჟის ასამაღლებლად, მას ცკ-ის შენობის გვერდით გამოუთავისუფლეს პოლიტექნიკური მუზეუმის შენობა. მასვე გადაეცა საგამომცემლო საქმიანობისთვის საჭირო ფინანსები და ტექნიკური საშუალებები (სტამბები, საამქროები და სხვ.).

იმავე წელს სტალინის ინიციატივით დაარსდა კიდევ ერთი უწყება, რომელსაც უნდა უზრუნველეყო საზღვარგარეთული ტექნიკური და მხატვრული ლიტერატურის თარგმნა და გამოცემა. საბჭოთა ახალგაზრდობას უნდა მიეღო უცხოური ლიტერატურა ფიზიკის, ასტრონომიის, ქიმიის, ბიოლოგიის, გენეტიკის დარგებში.

საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემია
საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემია

საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საიუბილეო საღამოზე სტალინმა ბრძანა, შემოეღოთ ლომონოსოვის ორდენი მეცნიერ-მოღვაწეთა დასაჯილდოებლად განსაკუთრებული მიღწევებისთვის, მენდელეევის ორდენი _ ქიმიის დარგში, პავლოვის ორდენი _ ბიოლოგიის დარგში. 1947 წლიდან ქვეყანაში ფართოდ გაიშალა დისკუსიები სხვადასხვა სამეცნიერო სფეროში. მან გარკვეული როლი ითამაშა სამეციერო საქმიანობაში მეცნიერთა ჯგუფების მასობრივად ჩასაბმელად. ამ პროცესში, აგრეთვე, მონაწილეობდა საზოგადოების არამეცნიერ ნაწილი, რომელსაც არანაკლები წვლილი შეჰქონდათ ზოგიერთ საკითხში აზრის განსამტკიცებლად. სტალინს აწუხებდა მეცნიერებაში მონოპოლიების დამკვიდრება, რომლებსაც მეცნიერების ბორკილებად მიიჩნევდა. პირველად სწორედ სტალინმა დაიწყო ბრძოლა სამეცნიერო მონოპოლიების წინააღმდეგ და შენიშვნები გამოთქვა ნიკო მარის მიმდევართა მიმართ. მან, აგრეთვე, გააკრიტიკა იოსებ ორბელი. სტალინი აქტიურად უჭერდა მხარს ტროფიმ ლისენკოს, რომელიც ქვეყნის პურით მომარაგების საკითხით იყო დაინტერესებული, მაგრამ ლისენკოს წარუმატებელი საქმიანობის გამო 1952 წელს გამოსცა მითითება: “ლიკვიდირებული იქნას ლისენკოს მონოპოლია ბიოლოგიურ მეცნიერებაში. შეიქმნას სოფლის მეურნეობის აკადემიაში ერთობლივი ბირთვი კოლექტიური ხელმძღვანელობისთვის, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ ლისენკოს მოწინააღმდეგეები _ ნიკოლოზ ციცინი და ანტონ ჟებრაკა”.

სტალინის განკარგულებით, ცენტრალური გაზეთი “პრავდა” ნომრიდან ნომერში აქვეყნებდა მეცნიერთა მიღწევებს, განსაკუთრებით, პავლოვის აღიარებულ მეცნიერულ გამოკვლევებს. სტალინი ყველგან და ყველაფერში ეძებდა გამომგონებელს, სიახლის მაძიებელს, ეძებდა და პოულობდა კიდეც, მაგრამ ერთეულებს: “მეცნიერებაში ერთეულები გვყავს, ისეთი ნოვატორები, როგორებიც არიან პავლოვი და ტიმირიაზევი, დანარჩენები კი მთელი ზღვაა ისეთი ადამიანებისა, რომლებმაც მცირე შრომით მოიწყვეს თავიანთი ცხოვრება და თავის შეწუხება აღარ უნდათ”.

1942 წლის 24 მარტს სტალინმა დეპეშა გაუგზავნა სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ ვლადიმერ კომაროვს: “გამოვთქვამ ღრმა რწმენას, რომ, მიუხედავად იმ მძიმე პირობებისა, რომლებშიც ჩაგვაყენა ომმა, სამეციერო საქმიანობა მეცნიერებათა აკადემიაში უზრუნველყოფს ყველა აუცილებელ მოთხოვნას, რომლებიც დგას მეცნიერებათა აკადემიის წინაშე. სტალინი”.

ერთი თვეც არ გასულა და სტალინმა მეორე დეპეშა გაუგზავნა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს: “მთავრობა სიამოვნებით იღებს თქვენს წინადადებას, ყოველმხრივ განავითარონ მოღვაწეობა აკადემიკოსებმა და აკადემიის წევრ-კორესპონდენტებმა იმ მიმართულებით, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის სამხედრო ძლიერება. კმაყოფილი ვიქნებით, თუ სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემია გააჩაღებს ნოვატორულ მოძრაობას მეცნიერების კუთხით. საბჭოთა მთავრობა გამოთქვამს რწმენას, რომ დიდი სამამულო ომის მკაცრ პირობებში საბჭოთა ხალხი და მეცნიერებათა აკადემია, თქვენი ხელმძღვანელობით, პატიოსნად მოიხდის პატრიოტულ ვალს სამშობლოს წინაშე. სტალინი”.

1944 წლის 13 ნოემბერია. ჩვენი ჯარები წარმატებით იბრძვიან ფრონტის ყველა უბანზე. საბჭოთა ქვემეხები გრგვინავენ ევროპის სხვადასხვა ქალაქის გასათავისუფლებლად. მეცნიერების, კონსტრუქტორების, რადიოლოკაციების, საარტილერიო, სატანკო თუ საჰაერო სივრცე დაპყრობილია საბჭოთა მეცნიერების მიღწევებითა და გმირული შემართებით. ბედნიერია საბჭოთა ჯარისკაცი, ბედნიერია საბჭოთა ხალხი, ბედნიერია უმაღლესი მთავარსარდალი და აი, მთავარსარდლის კაბინეტში აუდიენციაზე შედის სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი ვლადიმერ კომაროვი. მიღების ჟურნალში ჩაიწერა “18 სთ. 45 წთ”.

საუბარი ზუსტად ერთ საათს გაგრძელდა. აი, მისი ჩანაწერიც:

აკადემიკოსი ვლადიმერ კომაროვი
აკადემიკოსი ვლადიმერ კომაროვი

კომაროვი: _ მინდა, ვისარგებლო თქვენთან საუბრით და რჩევა გკითხოთ რამდენიმე საკითხზე. ჩვენმა აკადემიამ ფილიალები გახსნა მოკავშირე რესპუბლიკებში და მათმა თავაუღებელმა შრომამ ეს ფილიალები აკადემიებად გადააქცია. ვფიქრობთ, შევქმნათ ხელმძღვანელობის ერთიანი სისტემა, რათა უფრო ახლოს მივიდეთ მათ საქმიანობასთან და დავეხმაროთ სამეცნიერო საქმიანობაში. შევხვდი და ვესაუბრე მოკავშირე რესპუბლიკების პარტიულ ხელმძღვანელებს. მათ დიდი სურვილი გამოთქვეს აღნიშნულ საკითხზე. ახლა კი თქვენგან მინდა თანხმობა იმისა, რომ შევქმნათ ერთიანი ხელმძღვანელობისთვის აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც იქნებიან ყველა მოკავშირე რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიების პრეზიდენტები. ისინი ერთად განიხილავენ და გადაწყვეტენ საბჭოთა სამეცნიერო პოტენციალის ზოგიერთ სერიოზულ საკითხს. რას მირჩევდით?

სტალინი: _ სრულიად ვეთანხმები თქვენს წინადადებას, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ რესპუბლიკების აკადემიებს ხელმძღვანელობდეს საკავშირო აკადემია, როგორც ჩვენი საკავშირო პარტიული ნომენკლატურა ხელმძღვანელობს რესპუბლიკურ ორგანიზაციებს. კარგია, რომ ქმნით საბჭოს, მაგარამ ეს საბჭო უნდა იყოს საკავშირო აკადემიის სტრუქტურაში.

კომაროვი: _ შემდეგი კითხვა ასეთია: 1945 წელს სრულდება მეცნიერებათა აკადემიის 220 წლისთავი. 200 წლის იუბილე 1925 წელს გადავიხადეთ. გვინდა, გაისად აღვნიშნოთ 220 წლისთავი, როგორც დიდი სამეცნიერო დღესასწაული.

სტალინი: _ რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს.

კომაროვი: _შეიძლება თუ არა მეცნიერები მოვიწვიოთ უცხოეთიდან?

სტალინი: _ შეიძლება.

კომაროვი: _ მიმაჩნია, რომ ეს არის უზარმაზარი საზოგადოებრივი მნიშვნელობის დღესასწაული, რადგან წარუდგენს მსოფლიოს იმ წარმატებებს, რომლებსაც მიაღწია რუსულმა სამეცნიერო სკოლამ. ამასთანავე, ნაჩვენები იქნება მოწინავე საბჭოთა მეცნიერებისა და კულტურის როლი სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში.

სტალინი: _ სრულიად ვეთანხმები თქვენს წინადადებებს და მხარს ვუჭერ თქვენს წამოწყებებს.

კომაროვი: _ 1945 წელს უსრულდება 100 წელი გეოგრაფიულ საზოგადოებას, რომელიც საკავშირო აკადემიასთან არსებობს. ვფიქრობ, საჭიროა, აღვნიშნოთ ეს თარიღი.

სტალინი: _ მართალია. მოითხოვს აღნიშვნას.

კომაროვი: _ ვფიქრობ, აუცილებელია საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარება. მინდა, გაგაცნოთ უხუცესი მეცნიერების _ ვერნადსკისა და ზელინსკის წერილი, რომლებიც მირჩევენ, რომ შეიქმნას საბუნებისმეტყველო ისტორიის ინსტიტუტი და ასევე მირჩევენ, გამოიცეს კრებული “სამეცნიერო მემკვიდრეობა”.

სტალინი: _ გაოცებული ვარ, რომ სამეცნიერო აკადემიაში დღემდე არ არსებობდა მსგავსი ინსტიტუტი. ამის შექმნა აუცილებელია, რადგან ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს მეცნიერების ისტორია. სრულიად გიჭერთ მხარს ამ წამოწყებაში.

კომაროვი: _ ახლა, ნება მიბოძეთ, გადავიდე ნავთობის სამრეწველო სამეცნიერო საკითხზე. ბაქოში, ამხანაგ ბაგიროვთან საუბრის შემდეგ, გადავწყვიტე სამეცნიერო აკადემიაში ჩამოვაყალიბო სპეციალური კომისია, რომელიც დახმარებას გაუწევს ნავთობის მრეწველობას ამა თუ იმ საკითხებში. ამ მიზნით აფშერონის ნახევარკუნძულზე უკვე გავგზავნეთ ორი სამეცნიერო ექსპედიცია. რას გვირჩევთ ამ საკითხზე?

სტალინი: _ ეს აუცილებელია, მაგრამ უმჯობესი იქნება, ნავთობის მოსაპოვებლად ექსპედიციის გაგზავნა დაიწყოთ ნაკლებად ღრმა ადგილებიდან და აქვე მინდა, შემოგთავაზოთ მეცნიერებათა აკადემიაში შეიქმნას ბუნებრივი სიმდიდრეების _ რკინის, ქვანახშირისა და სხვათა აღმოსაჩენი ბაზა, რაც ხელს შეუწყობს მრეწველობას.

კომაროვი: _ ომამდე მეცნიერებათა აკადემიას, კერძოდ, აკადემიკოს ალექსანდრე ფერსმანს ჰქონდა მსგავსი მიღწევები გეოლოგიაში და ჩვენ კვლავ დავავალებთ მას და სხვა მეცნიერებს, გააძლიერონ მუშაობა ამ მიმართულებით. ვიმედოვნებ, მალე წარმოგიდგენთ სასურველ შედეგებს.

სტალინი: _ სწორედ ახლაა საჭირო საბჭოთა მეცნიერების უზრუნველყოფა იმ უცხოური ლიტერატურით, რომელიც გამოიცემა საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყანაში, რათა საბჭოთა მეცნიერებს ჰქონდეთ წარმოდგენა ამა თუ იმ მიღწევაზე მეცნიერებაში, როგორც ჩვენს მოკავშირე ქვეყნებში, ასევე მტრულად განწყობილ ქვეყნებშიც. მოიფიქრეთ გზები და საშუალებები, რათა რაც შეიძლება სწრაფად მიეწოდოს საბჭოთა მეცნიერებს საჭირო ლიტერტურა. ამ საკითხშიც მხარში ამოგიდგებით. სიტყვამ მოიტანა და, მაინტერესებს, თქვენი შეფასება, თუ რა დონეზეა მეცნიერება გერმანიაში.

კომაროვი: _ როგორც ვიცი, გერმანია დაინტერესებულია სამხედრო ტექნიკის განვითარებით და ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ჩვენც გვაინტერესებს. თუმცა, გერმანელებმა ისეთი ადამიანები განდევნეს ქვეყნიდან და ის ნაწილი ამოწყვიტეს, რომლებიც საუკეთესო მეცნიერებად ითვლებოდნენ ქვეყანაში, ამიტომ, მეცნიერების მხრივ, გერმანია თითქოს გაცამტვერდა კიდეც. მაგალითად, გენიალური მეცნიერის დაკარგვით, როგორიც არის აინშტაინი, გერმანიამ უკანა პლანზე გადაინაცვლა. თუ შესაძლებელი იქნება, სასურველია, სამეცნიერო ექსპედიციის გაგზავნა სამხრეთის ქვეყნებში, რათა ლენინგრადში არსებული ბოტანიკის ინსტიტუტი განახლდეს, სხვადასხვა ეგზოტიკური მცენარეებით, რადგან ინსტიტუტმა საკმაო ზარალი განიცადა დაბობვების შედეგად.

სტალინი: _ მითხარით, ლენინგრადის კლიმატური პირობები იძლევა ბოტანიკური ბაღის განვითარების საშუალებას?

კომაროვი: _ ლენინგრადის ბოტანიკური ბაღი. უკვე 120 წელია, არსებობს, მაგრამ თქვენს შეკითხვას უფრო ჩავუღრმავდები.

სტალინი: _ ის, რაზეც დღეს ვიმსჯელეთ, სახელმწიფოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი საკითხებია და ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ პირადად მომმართოთ”.

“1947 წლის 18 ოქტომბერს სოჭში ჩვენი ოჯახების ერთად დასვენების პერიოდში სტალინმა სასაუბროდ მიმიწვია, _ წერს თავის მოგონებებში იური ჟდანოვი. _ სტალინმა მითხრა: დადგა დრო, უმაღლეს სასწავლებლებში ავამაღლოთ სწავლის დონე. ჩვეულებრივი პედაგოგი ახალგაზრდა თაობას ისე ვერ შეასწავლის ამა თუ იმ საგანს მაღალ დონეზე, თუ თვითონ არ ექნება განვლილი სამეცნიერო გზა თავის პროფესიაში. ვფიქრობ, მოსკოვის უნივერსიტეტს სუსტი ხელმძღვანელობა ჰყავს და სასურველია, მისი ორ ნაწილად გაყოფა. ერთში მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრფიის ფაკულტეტები იქნება თავმოყრილი, ხოლო მეორეში _ ისტორიის, ფილოლოგიის, ფილოსოფიისა და იურიდიული ფაკულტეტები. ჰუმანიტარული ფაკულტეტებისთვის აუცილებელია კარგად გარემონტდეს შენობა, ხოლო ტექნიკური ფაკულტეტებისთვის კი უნდა აშენდეს დიდი კორპუსი, რომელიც აღიჭურვება ყველა საჭირო ინვენტარით. ქვეყანაში მეცნიერების დონემ იკლო. ბოლო პერიოდში არ მომხდარა მნიშვნელოვანი მეცნიერული აღმოჩენები. ომამდე ამ მხრივ მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იყო, რადგან ხალხს სტიმული ჰქონდა. ამ საქმეს კი სჭირდება კარგი ორგანიზატორული შესრულება. მაგალითად, ავიღოთ ქიმია. ჩვენს პერიოდში ეს მეცნიერების უმნიშვნელოვანესი დარგია, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. ხომ არ დავაარსოთ ქიმიის უმაღლესი სასწავლებელი ცალკე? ქვეყანაში რიგ თანამდებობებზე არიან ადამიანები, რომლებიც თავს შესანიშნავად გრძნობენ და ფიქრობენ, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ასევე შესანიშნავად გრძნობს თავს…”

გრიგოლ ონიანი

P.S. მასალას იუმორით დავასრულებ.

ერთხელ სტალინმა წერილი მიიღორუსეთის მამასახლისადწოდებულ მიხეილ კალინინისგან. სტალინმა წერილს ლექსით უპასუხა:

Посвящение товарищу Калинину

Бокля, Милля,Конта, Кантa

Сто раз легче прочитать

И дойти до их субстанта,

Чем Тебя,

Мой друг, понять.

(И.Ст.  21. 1. 1933)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here