Home რუბრიკები ისტორია სტალინის პორტრეტისთვის

სტალინის პორტრეტისთვის

1931-1941 წელი. იდუმალების სამყარო

1500

მემუარული ლიტერატურა, რომელსაც მსოფლიო ისტორიკოსთა ათასობით არმია აქვეყნებს სტალინის შესახებ, ერთი მხრივ ფანტაზიის ნაყოფია, მეორე მხრივ კი _ მკვლევარის მხატვრული ოსტატობის შედეგი. არსებობს თუ არა სტალონზე მეტ-ნაკლებად სიმართლეს მიახლოებული ნაწარმოები, რომელიც შთამომავლობას დარჩება, როგორც ნამდვილი ზღაპარი კავკასიონზე მიჯაჭვული ამირანის ან პრომეთეს შესახებ? _ ალბათ, არა! მაგრამ სტალინი მაინც დარჩება კაცობრიობის ლეგენდად მარად, რომელმაც “მზეს სხივი მოსტაცა და ხალხს სამშობლო დაუბრუნა”.

მარტივად არის წარმოდგენილი სტალინის ცხოვრება და შემოქმედება. ნამდვილად ვიცით, რომ იგი ქალაქ გორში დაიბადა (მაგრამ რატომღაც 100 წლის შემდეგ აგვერია, თუ რომელ წელს მოევლინა ქვეყანას), დაამთავრა გორის სასულიერო გიმნაზია, ვერ დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, იყო რევოლუციონერი, შვიდჯერ დაპატიმრებული და საპატიმროდან ექვსჯერ გაქცეული, აქტიური მონაწილე 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციისა, იბრძოდა ცარიცინში. 1922 წელს აირჩიეს სკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად, ქვეყანაში განავითარა მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, კულტურა, ხელოვნება, სპორტი და სხვ.; მოიგო მსოფლიოში ყველაზე სისხლისმღვრელი და სრულიად ახალი, ტექნოლოგიური ომი.

ისტორიამ ცოტა რამ იცის იმ ათწლეულის შესახებ, როდესაც გადაწყდა, იარსებებდა თუ არა სოციალისტური სისტემა საერთოდ და კერძოდ _ საბჭოეთი.

ისტორიის ანალებმა არ შემოუნახა (თუ ვერ შემოინახა) ის თავბრუდამხვევი შრომისა და ბრძოლის მასალები, რომლებიც ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატებოდა და მსოფლიო განცვიფრებაში მოჰყავდა.

სრულიად წარმოუდგენელია დღეს 30-იანი წლების კულტურის, პოლიტიკის გენერალური ხაზის განსაზღვრა, როდესაც ქვეყნის “მთავარი ისტორიკოსი”, აკადემიკოსი და ნარკომის მოადგილე მ. პ. პოკროვსკი აცხადებდა, რომ ტერმინი “რუსული ისტორია” შოვინიზმად და კონტრრევოლუციურად გამოცხადდა.

პოკროვსკის აზრით, პოეტმა დემიან ბედნიმ ლექსად დაბეჭდილ ფელეტონში “ჩამოდი ღრუბლიდან”, რომელიც გაზეთმა “პრავდამ” გამოაქვეყნა, კიდევ უფრო განუმტკიცა სტალინს აზრი, რომ ინტელიგენცია სხვა მიმართულებით მიდიოდა და არა სტალინის გზით, ამიტომ იყო, რომ იგი თავს დაესხა თავის საყვარელ ადამიანს _ პოეტსა და კარის მეზობელ დემიან ბედნის, რაც მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ნიშნავდა, მან გაზეთ “პრავდაში” დემიან ბედნის ფელეტონს “ჩვენი ხალხის მიმართ ცილისწამება უწოდა”. დემიან ბედნი შეეცადა, თავი ემართლებინა სტალინის წინაშე, მაგრამ ბელადმა იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა და პირველად მაშინ თქვა: “მუშათა კლასის ისტორია რუსი ხალხის გულებში რევოლუციური ეროვნულობის სიამაყეს ბადებს, რომელიც უდიდეს ძალას წარმოადგენს და რომელსაც, თავის მხრივ, სასწაულების მოხდენა შეუძლია”.

ამ სიტყვების შემდეგ საბჭოეთის ხალხებმა გარკვეულად იგრძნეს, რომ სტალინს არა მხოლოდ კომუნისტური იდეოლოგია ხიბლავს, არამედ მისთვის მთავარია რუსეთის ისტორია, რომელიც მისი ფარი და ხმალი უნდა იყოს მტერთან ბრძოლაში.

30-იან წლებში ლუნაჩარსკის მიერ წარდგენილი პროექტი რუსული შრიფტის ლათინურ ანბანზე გადაყვანის შესახებ ერთი ხელის მოსმით უარყო და გააუქმა სტალინმა და რუსული ანბანი და რუსული სიტყვა იქცა მისთვის ღვთაებრივ მოვლენად.

რუსი ხალხის მეთაურობით შექმნილი დიდი საბჭოეთი, სტალინის აზრით, აუღებელი ციხესიმაგრე უნდა გამხდარიყო და გახდა კიდეც.

მას შემდეგ, რაც რუსეთის სამტროდ მსოფლიოს უდიდესი ქვეყნების მიერ მხარდაჭერილ, ვალუტითა და ოქროთი გაძეძგილი ტომრებით გამაგრებულ ტროცკის, რომელსაც სამხედრო მინისტრისა და რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა, ახალგაზრდა მზეჭაბუკმა ბრძოლა დაუწყო და ერთი ათეული წლის შემდეგ ბეჭებზე დადო _ ქვეყნიდან გააძევა, რითაც თვითონაც უძლეველობის რწმენა ჩაენერგა და ასი თვალი და ასი ყური გამოიბა, ქვეყანაში აკონტროლებდა ყველას და ყველაფერს. გაძევებულმა ტროცკიმ სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკური ოფისი გახსნა და სტალინის წინააღმდეგ მებრძოლმა ტროცკისტულმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც ანგარებით თუ იდეოლოგიით ათასი ჯურის ნაძირალა შეუერთდა, მოიცვა მთელი ქვეყანა. სტალინი ებრძოდა არა მხოლოდ უხილავ გარეშე ძალებს, არამედ შინაურ მტრებსაც და პოლიტიკურ ორთაბრძოლაში იყო ჩაბმული მსოფლიო პოლიტიკის გრანდებთან.

პარტიის მე-16 ყრილობამ ათასი საზრუნავი გაუჩინა სტალინს _ პური, ფრონტზე ბრძოლა და ხალხზე ზრუნვა…

ეშინოდა თუ არა მას შინაური თუ გარეშე მტრების? _ არა! სწორედ ამაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ ყრილობის შემდეგ ქვეყნის მართვა მოლოტოვს გადააბარა, თვითონ კი შავიზღვისპირა აგარაკს მიაშურა.

1930 წლის 18 აგვისტოს ტუხაჩევსკის თანამებრძოლი და ახლო მეგობარი, დასაველთის ფრონტის შტაბის ყოფილი უფროსი კაკურინი დააპატიმრეს. დაადგინეს, რომ კაკურინის საყვარელ ბოშა ლამაზმანს დასავლეთის სპეცსამსახურებთან ჰქონდა კავშირი. მასთან ხშირად იმართებოდა საღამოები მაღალჩინოსანი სამხედროების მონაწილეობით.

გამოძიებამ, რომელსაც უშუალოდ აკონტროლებდა სტალინი, აგენტურასთან კაკულინის კავშირი გამორიცხა, მაგრამ დადგინდა უფრო შოკისმომგვრელი ფაქტი: კაკულინის მტკიცებით, ტუხაჩევსკი სამხედრო გადატრიალებასა და სამხედრო დიქტატურის დამყარებას არ გამორიცხავდა, ქვეყნის ლიდერის მისამართით კი ასეთ მოსაზრებას გამოთქვამდა: “არსებობს პერსპექტივა, რომ მემარჯვენეთა კლასის გასაუქმებლად ნებისმიერ ფანატიკოსს წინ ვერავინ დაუდგება და ხელი თვით ამხანაგ სტალინზე თავდასხმისთვისაც კი არ ამიკანკალდება”. კაკურინი ასკვნიდა, რომ:

“ახლა, როდესაც ამ ყველაფერზე ღრმად დაფიქრების დრო მქონდა, არ გამოვრიცხავ, რომ ფანატიკოსზე საუბრისას, რომელსაც სტალინისთვის უნდა ესროლა, ტუხაჩევსკი უბრალოდ იმ პერსპექტივას ნიღბავდა, რომელსაც სინამდვილეში თავის გონებაში განიხილავდა”.

სტალინი, მოლოტოვი, ვოროშილოვი, კაგანოვიჩი, ორჯონიკიძე და კალინინი (კრემლი, 1936 წლის მარტი)
სტალინი, მოლოტოვი, ვოროშილოვი, კაგანოვიჩი, ორჯონიკიძე და კალინინი (კრემლი, 1936 წლის მარტი)

10 სექტემბერს მენჟინსკიმ სტალინს წერილობით მიმართა: “ეს საქმე მოლოტოვს მოვახსენე და ნებართვა ვთხოვე, თქვენი ვერსიის მიხედვით მივიღო თქვენივე მითითებები ჯაშუშობის საქმეზე კაკურინისა და ტროიცკის დაპატიმრების შესახებ. დაჯგუფების მონაწილეების ცალ-ცალკე დაპატიმრება სახიფათოა. ორი გამოსავალი არსებობს: დაუყოვნებლივ იქნეს დაპატიმრებული დაჯგუფების შედარებით აქტიური წევრები ან თქვენს დაბრუნებას დაველოდოთ, მანამდე კი მათი თვალთვალი გაგრძელდეს, რათა გაურკვევლობაში არ აღმოვჩნდეთ. საჭიროდ ვთვლი, აღვნიშნო, რომ დღეს მეამბოხეთა ყველა დაჯგუფება ძალიან სწრაფად მწიფდება, ამიტომ ბოლო გადაწყვეტილება ჩვენთვის ნაცნობ საშიშროებას წარმოადგენს”.

სტალინს არც ამ წერილზე გაუცია სასწრაფო განკარგულება, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ სტალინის შიში ამ საკითხზე გამორიცხულია.

24 სექტემბერს ამის თაობაზე სტალინს ორჯონიკიძემაც მისწერა წერილი. იგი წერს, რომ “სასწრაფოდ წაიკითხე კაკურინი-ტროიცკის ჩვენებები და ამ საქმის დაუყოვნებლივ ლიკვიდაციის საკითხზე იფიქრე. როგორც ხედავ საკმაოდ საიდუმლო მასალაა: ამის შესახებ იცის მოლოტოვმა, მე და ახლა უკვე, როგორც ხედავ, შენც. არ ვიცი, კლიმმა ამის შესახებ იცის თუ არა. ტუხაჩევსკი ანტისაბჭოთა ელემენტების ტყვეობაში აღმოჩნდა და მათ მიერვე მკაცრად იქნა დამუშავებული. მასალებიდან ასე ჩანს. შესაძლებელია თუ არა ეს მომხდარიყო? რა თქმა უნდა, შესაძლებელია. როგორც ჩანს, მემარჯვენეები სამხედრო დიქტატურაზეც არიან წამსვლელები, რათა ცენტრალური კომიტეტისგან, აგრეთვე ინდუსტრიის ბოლშევიკური განვითარების ტემპისგან გათავისუფლდნენ. როგორც ხედავ, ორლოვისა და სმირნოვის ჩვენებები და კაკურინისა და ტროიცკის ჩვენებები მხოლოდ ერთ წყაროზე _ მემარჯვენეთა ბანაკზე მიუთითებს. ამ ბატონებს სამხედრო პირებისგან შემდგარი პარტიის ჩამოყალიბება სურდათ. ასეთი ამბავია…

ამ საქმის ჩვეულებრივად დასრულება (დაუყოვნებლივი დაპატიმრება და ასე შემდეგ) არ შეიძლება. კარგად უნდა დავფიქრდეთ. კარგი იქნება, საქმეს ოქტომბრის შუა რიცხვებამდე თუ გადავდებთ. მოსკოვში როცა ჩახვალ, ამის შესახებ მოლოტოვს დაელაპარაკე”.

სტალინი გადაწყვეტილების მიღებასა და პასუხის გაცემას არ ჩქარობს, მას უფრო ის აინტერესებდა, მოლოტოვისგან გაეგო ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ომისთვის მზადების მიმდინარეობა და რჩევა მისცა მოლოტოვს, _ 40-50 დივიზიით გაზარდოს არმია; დამატებითი ფინანსების მისაღებად კი გაზარდოს არყის წარმოება. ამასთანავე, სტალინი ყველა წერილში მოლოტოვის მიმართ მკაცრ მოთხოვნას აყენებს პურის დამზადების საკითხის მოსაგვარებლად.

სტალინი ათი თავით მაღლა დგას ყველა სახელმწიფო უწყებაზე, ინფორმაციულობითა და საკითხის გლობალური ხედვის უნარით. მოლოტოვს სწერს: “მიხედე პურის დამზადებას და იმპორტს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მეტალურგიისა და მანქანათმშენებლობის ქარხნების გარეშე დავრჩებით”.

როდესაც ეცნობით ამ ეპოქის დოკუმენტებს და უჩვეულოდ განვითარებულ მოვლენებს, ეპოქის ფანტასტიკურობის შეგრძნება გეუფლება.

“მთელ მსოფლიოში რესურსების მოპოვების დარგში მწვავე კონკურენციაა გაჩაღებული. გერმანია მოულოდნელად წინ მიიწევს, ინგლისი კი პირიქით _ უკან-უკან მიდის. ამერიკა კრიზისში ცახცახებს. იაპონია, ჩინეთი, პოლონეთი და იტალია ახალი მოქმედებების განსახორციელებლად არიან მზად. მათ შორისაა რუსეთიც, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ სულს ღაფავდა, დღეს კი წითელი დროშის ქვეშ უსწრაფესად ვითარდება. ქვეყნის შიგნით კი რაც ხდება, რომაელ ბარბაროსთა მიერ რკინის უროთი ცემას ჰგავს.

მოსკოვი მესამე რომი უკვე იყო, დღეს კი ის მსოფლიო კრიზისის ფონზე “წითელი რომია”. ეს ფანტასტიური აღსაქმელია”.

1930 წელს ტუხაჩევსკის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რომელიც კატასტროფის ტოლფასი იყო. სამ მილიონ გლეხს შეეძლო გადატრიალება მოეხდინა. უამრავი გამორკვევის შემდეგ, სტალინს კიდევ ერთხელ სრული შესაძლებლობა ჰქონდა, დაეპატიმრებინა ტუხაჩევსკი, მაგრამ მან ეს არ გააკეთა.

სამაგიეროდ 1930 წლის 8 ოქტომბერს სტალინის ინიციატივით ლენინგრადის საოლქო კომიტეტის პირველ მდივნად სერგო კიროვი დანიშნეს, ამით მეამბოხე გენერალს სტალინმა, ფაქტობრივად, მეთვალყურე დაუნიშნა. თვალის ახვევის მიზნით სტალინმა კავკასიიდან მოსკოვში შეტყობინება გაუგზავნა, რომ მოსკოვში ოქტომბრის ბოლოს ჩავიდოდა. მაშინ, როცა მას გადაწყვეტილი ჰქონდა, მოსკოვში 14 ოქტომბერს გამგზავრებულიყო.

ეს კონსპირაცია სტალინს არ დასჭირვებია, რადგან ჩასვლისთანავე მასთან შესახვედრად მივიდნენ მენჟინსკი და ვოლსკი და სტალინს ტუხაჩევსკის ახალი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა გააცნეს. სტალინს ბოლოს და ბოლოს საქმის ბოლომდე გამორკვევა სურდა და გადაწყვიტა ბრალმდებელთა და ბრალდებულთა პარტიის პლენუმზე ერთმანეთთან დაპირისპირება.

პლენუმზე კაკურინმა და ტროიცკიმ ჩვენებები დაადასტურეს, მაგრამ ტუხაჩევსკიმ ყველაფერი უარყო. გახარებულმა სტალინმა პლენუმის შემდეგ თავისი უტყუარი წყაროები შეუდარა პლენუმის მასალებს, შემდეგ კი მოლოტოვს ბარათი მისწერა:

“რაც შეეხება ტუხაჩევსკის, 100%-ით მართალი აღმოჩნდა, ეს ძალიან კარგია”.

1931 წლის 4 თებერვალს ეროვნებათა კავშირის პირველ კონფერენციაზე სტალინი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა:

“ტემპის შეჩერება ჩამორჩენას ნიშნავს, ჩამორჩენილებს კი სცემენ. ჩვენ არ გვსურს, ნაცემები დავრჩეთ. არა, არ გვინდა! დღემდე რუსეთის ისტორია სწორედ იმ ფაქტებისგან შედგება, რომ სხვათა შორის მას ჩამორჩენის გამო გამუდმებით სცემდნენ. სცემდნენ თურქი ბეგები, სცემდნენ შვედი ფეოდალები, სცემდნენ პოლონელი და ლიტველი პანები, სცემდნენ ინგლისელი და ფრანგი კაპიტალისტები. სცემდნენ იაპონელი ბარონები. ყველა მათგანი ჩამორჩენის გამო ურტყამდა, სამხედრო ჩამორჩენის გამო, კულტურული ჩამორჩენის გამო, სახელმწიფო ჩამორჩენის გამო, სამრეწველო ჩამორჩენის გამო. იმიტომ სცემდნენ, რომ მათთვის ეს მომგებიანი იყო და არავინ ისჯებოდა. გაიხსენეთ რევოლუციამდელი პოეტის სიტყვები: “შენ, უღმერთო, უხვო, უძლურო, დედა რუსეთო”. ძველი დროის პოეტის ეს სიტყვები ამ ბატონებმა კარგად დაიზეპირეს. ისინი გვირტყამდნენ და თან დაგვძახოდნენ: “უხვი ქვეყანა ხარ, შენს ხარჯზე ცხოვრება შეიძლება”. გვირტყამდნენ და დაგვძახოდნენ: “უღმერთო ქვეყანავ, შეგვიძლია გაგძარცვოთ და ამისათვის არავინ დაგვსჯის”. ასეთია მჩაგვრელთა კანონი _ ჩამორჩენილებს და სუსტებს უნდა სცემო. ეს კაპიტალიზმის მგლური კანონია. თუ ჩამორჩი და დასუსტდი, ესე იგი მართალი არ ხარ და უფლება აქვთ, გცემონ. თუ ყოვლისშემძლე ხარ, მაშინ მართალი ხარ და უნდა გიფრთხილდნენ.

აი რატომ აღარ უნდა ჩამოვრჩეთ.

 წარსულში ჩვენ არ გაგვაჩნდა და ვერც გვექნებოდა მამული. დღეს, როდესაც კაპიტალიზმი დავამხეთ და ძალაუფლება ჩვენს ხელში, ხალხის ხელშია, უკვე სამშობლოც გაგვაჩნია და მისი დამოუკიდებლობისთვისაც ვიბრძოლებთ. გინდათ, ჩვენს სოციალისტურ მამულს სცემონ და დამოუკიდებლობა წაართვან? თუ არ გინდათ, ასე მოხდეს, უმოკლეს ვადებში უნდა აღმოფხვრათ მისი ჩამორჩენა და ნამდვილი ბოლშევიკური აღმშენებლობის ტემპი განავითაროთ. სხვა გზა არ არსებობს. ამიტომ ამბობდა ლენინი ოქტომბრის მიწურულს: “ან სიკვდილი, ან დავეწიოთ და გავუსწროთ მოწინავე კაპიტალისტურ ქვეყნებს”.

მოწინავე ქვეყნებს 50-100 წლით ჩამოვრჩით და ეს წლები ათ წელიწადში უნდა გავირბინოთ. ამას ან გავაკეთებთ, ან ნამსხვრევებად გვაქცევენ!

იწინასწარმეტყველა სტალინმა ეს თუ გამოიცნო, არ ვიცით, მაგრამ დიდი სამამულო ომის დაწყებამდე ზუსტად ათი წელი იყო დარჩენილი.

სტალინმა მთავრობაში გადაადგილებები მოახდინა:

კუიბიშევი ორჯონიკიძის ადგილზე დაინიშნა, ორჯონიკიძე სახკომის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა და სახალხო მეურნეობას ჩაუდგა სათავეში. მოლოტოვი რიკოვის ადგილზე დაინიშნა და მთავრობის თავმჯდომარეობა მიიღო. რიკოვი ჩამოაქვეითეს, ფოსტა ტელეგრაფი ჩააბარეს და გამოიყვანეს პოლიტბიუროს შემადგენლობიდან.

ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი ბირთვი: სტალინი, მოლოტოვი და კაგანოვიჩი იყვნენ. გუნდის დანარჩენ წევრებს კი, ბიუროკრატიული აზრების გამო, სტალინი ხშირად აკრიტიკებდა, კერძოდ ორჯინიკიძეს, კუიბიშევსა და მიქოიანს.

სტალინს თავისი უახლოესი მეგობრისა და თანამებრძოლის _ მოლოტოვის მიმართაც გააჩნდა პრეტენზიები მეუღლის გამო (პოლინა ჟემჩუჟინა _ მოლოტოვის ცოლი); თავის მხრივ მოლოტოვმა სტალინის მეუღლეს _ ნადეჟდა ალილუევას უსაყვედურა, რომ სტალინს სათანადოდ არ უვლიდა (რაც, ჩემი პირადი მოსაზრებით, მართალია _ გრ. ონიანი).

ყველაფრის მცოდნემ და გამგებმა სტალინმა ზღვისპირეთიდან თავის მეუღლეს _ ნადეჟდა ალილუევას შემდეგი შინაარსის წერილი მისწერა:

“ჩემი არასათანადო მოვლის შესახებ შენი დადანაშაულება მხოლოდ საქმის უცოდინარ ადამიანებს შეუძლიათ, ასეთები კი ამ შემთხვევაში მოლოტოვები აღმოჩნდნენ”.

მიუხედავად იმისა, რომ ვოროშილოვის მეუღლეს არცთუ ახლო ურთიერთობა ჰქონდა ნადეჟდა ალილუევასთან, მასაც უთქვამს, რომ, როგორ უძლებს სტალინი ამ “ნევროსტენიკ” ნადეჟდასო.

სტალინის გულის მოსაგებად მიქოიანიც საყვედურობს პოლინა ჟემჩუჟინას:

“ქალბატონივით იქცევა, როგორც “ქვეყნის პირველი ლედი”, არ იჩენს მოკრძალებას, იცვამს მდიდრულად და ქალიშვილსაც ქალბატონივით ზრდის”.

ალბათ, სწორედ ამ წლებში დაებადა სტალინს აზრი, რომ საბჭოთა ძალაუფლების და აგრეთვე საკუთარი ბაზები გაეფართოვებინა.

მას გრანდიოზული ჩანაფიქრი ჰქონდა. პარტიის რეფორმირება უნდა მოეხდინა და სოციალისტური ინტელიგენცია აღეზარდა. დღის წესრიგში დადგა საკითხი, რომ წინ ახალი საბჭოთა გენერლები წამოეწია და ახალი თაობა აღეზარდა. ხალხის შეცვლა უნდა დაეწყო და თანაც სწრაფად!

რა თქმა უნდა, ამის სწრაფად გაკეთება შეუძლებელი იყო, მაგრამ მან დაიწყო.

ყველაფერი, რაც 1931 წლიდან 1940 წლის ჩათვლით ხდებოდა, სტალინის მიერ საზოგადოების შეცვლის გეგმას უკავშირდებოდა. მსგავსი შინაარსის გეგმას ვერც ერთ არქივში ვერ შეხვდებით, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე მთავარი მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ ბელადის თავში მსგავსი განახლების სტრატეგია ნამდვილად არსებობდა.

სტალინის მიერ კადრების რეფორმირებას არ შეიძლებოდა არ მოჰყოლოდა გუნდის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა, რაც ყველა მმართველ პარტიაში მიმდინარეობს. პირველი წინააღმდეგობა, რომელიც შესამჩნევი გახდა ცენტრალური კომიტეტის მთელი შემადგენლობისთვის, იყო ბესარიონ ლომინაძისა და სერგო ორჯონიკიძის დაპირისპირება, რომელიც სირცოვის საქმის გამოძიებას მოჰყვა. სირცოვი ბესარიონ ლომინაძის მეგობარი და ისეთივე ამბიციური, ადვილად ფეთქებადი და თავშეუკავებელი იყო, როგორც თვით ლომინაძე. სირცოვისა და ლომინაძის დაპირისპირებამ გამოამჟღავნა, რომ სირცოვი არცთუ დადებითად ახასიათებდა სტალინს და ამხელდა მის ზოგიერთ ნაკლოვანებას, არ მოსწონდა, რომ მისი სახელი ლენინის სახელს უტოლდებოდა.

ამ განცხადებებმა შოკისმომგვრელად იმოქმედა ისედაც ფიცხ იმერელზე და ორჯონიკიძე კატეგორიულად მოითხოვდა ორივეს პარტიიდან გარიცხვას, მაგრამ სტალინმა ორივეს შედარებით მსუბუქი სასჯელი აკმარა _ სირცოვი და ლომინაძე ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობიდან გაიყვანეს და სამეურნეო სამუშაოებზე გადაიყვანეს.

ორჯონიკიძისადმი სტალინის იმედგაცრუება 1931 წლის 17 აგვისტოდან იწყება, როდესაც ბელადმა კაგანოვიჩს შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა:

“კუიბიშევის წერილი და საერთოდ, მისი საქციელი, ჩემზე მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. ეტყობა, საქმეს გაურბის, სხვა მხრივ, უარესად იქცევა ორჯონიკიძეც. როგორც ჩანს, არ ფიქრობს, რომ მისი საქციელი ჩვენს გუნდს საფრთხეს უქმნის, სხვადასხვა საშუალებებით, განადგურების საშიშროებას უქმნის მას. ნუთუ არ ესმის, რომ ამ გზაზე ჩვენი მხრიდან ვერანაირ მარდაჭერას ვერ იპოვის? რა სისულელეა!”

სტალინმა საეჭვოდ ჩათვალა უმაღლესი საბჭოს კომპეტენტურობა ფინანსურ მოლაპარაკებებში და ამიერიდან ის ამ საქმით აღარ იყო დაკავებული. დაფინანსების წყაროებსა და მშენებლობის მოცულობას უკვე პოლიტბიურო საზღვრავდა. სტალინი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ შიდა წარმოება გაზრდილიყო. არსებული ტემპისა და შედეგების გამო უმაღლეს საბჭოს უნიათობაში ადანაშაულებდა, რომელსაც ორჯონიკიძე ხელმძღვანელობდა.

 გაგრძელება იქნება

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here