Home რუბრიკები ისტორია სტალინის პორტრეტისთვის

სტალინის პორტრეტისთვის

1931-1941 წლები. იდუმალების სამყარო

1278
სტალინი, ივანე ბენედიქტოვი და კლიმენტ ვოროშილოვი

ვასრულებ რა საბჭოთა კავშირის ისტორიაში გამარჯვებებითა და წარუმატებლობებით აღსავსე 1931-1941 ათწლეულზე წერას, ამ პერიოდის შესაფასებლად მივმართავ სტალინის უახლოესი გარემოცვის ერთერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს, ივანე ბენედიქტოვს, რომელიც სტალინის ხელმძღვანელობით ათეული წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული სოციალიზმის მშენებლობაში.

ივანე ბენედიქტოვისა და სტალინის ურთიერთობაზე ვრცლად ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ვისაუბრებ, მაგრამ ახლა მინდა, მკითხველს მივაწოდო ბენედიქტოვის თვალსაზრისი, რომლისთვისაც გამოვიყენე მისი უკანასკნელი ინტერვიუ, რომელზეც ჟურნალისტებმა მრავალგზის თხოვნის შემდეგ დაითანხმეს. მისი თვალსაზრისის გარკვეული ნაწილი სტალინისა და ხრუშჩოვის მოღვაწეობაზე 1981 წელს, ბენედიქტოვის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, გამოქვეყნდა.

ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ. მასალის გაცნობის შემდეგ კი დარწმუნდებით, რომ სტალინი ბრძენი იყო, ხრუშჩოვი კი _ არანორმალური.

კითხვა: _ სტალინის გარდაცვალების შემდეგ ეკონომიკის განვითარებაში შესამჩნევი ჩამორჩენა შეინიშნება. ოფიციალურ დოკუმენტებში ყოველივე ამას როგორც ობიექტური სირთულეებით, ისე სუბიექტური შეცდომებით ხსნიან. მეცნიერებისა და სპეციალისტების უმრავლესობა სოფლის მეურნეობის განვითარების შეფერხებას ნამდვილი ეკონომიკური მექანიზმის არარსებობაში ხედავენ. ამ საკითხზე საინტერესოა იმ ადამიანის აზრი, რომელსაც ეკონომიკის განხრით მნიშვნელოვანი თანამდებობა სწორედ იმ პერიოდში ეკავა, როდესაც ჩვენი ეკონომიკა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ტემპით ვითარდებოდა.

პასუხი: _ ვშიშობ, ჩემი “კონსერვატიულობითა” და “დოგმატურობით” იმედს გაგიცრუებთ. ვთვლი, რომ 50-იანი წლებში მოქმედი ეკონომიკური სისტემა დღევანდელი ეკონომიკის ზრდისა და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფასაც შეძლებდა. რა თქმა უნდა, ცხოვრება ცხოვრებაა და რაღაცის შეცვლა და განახლება საჭიროა. საერთო ჯამში, უამრავი სპეციალისტის მიერ დაგმობილმა “სტალინურმა სისტემამ”, როგორც სწორად შენიშნეთ, უდიდესი ეფექტიანობა და სიცოცხლისუნარიანობა დაამტკიცა. მისი წყალობით 1950-იან წლებში საბჭოთა კავშირი ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე დინამიკური ქვეყანა იყო. მაგალითისთვის საკმარისია, გავიხსენოთ ჩვენი კოსმოსური მიღწევები, მშვიდობიანი ბირთვული ენერგიის ათვისება და ფუნდამენტური მეცნიერების წარმატებები.

XX საუკუნის 30-იან, 40-იან და 50-იან წლებშიც კი როგორც სამეწარმეო საქმიანობაში, ისე სოფლის მეურნეობაში, ყურადღება, რაოდენობას კი არა, ხარისხს ექცეოდა. ახალი ტექნიკის დანერგვით პროდუქციის თვითღირებულების შემცირება შრომის წარმოების ზრდისთვის გადამწყვეტი მაჩვენებელი იყო. ანალოგიური რამის თქმა შეიძლება სოციალურ სფეროზეც, საზოგადოებაში იდეურ-პოლიტიკური კლიმატის შემქმნელ მთავარ ნაწილზე. საბჭოთა ხალხის ძირითადი მასა ცხოვრებით კმაყოფილი იყო და მომავალს ოპტიმისტურად უყურებდა; რაც მთავარია, მთავრობის სჯეროდა, მაგრამ ხრუშჩოვი სტალინი ვერ იქნებოდა. ცუდ კაპიტანს შეუძლია გემი დაღუპოს. ასეც მოხდა. სხვა წინამძღოლებს ჯერ გზა აერიათ, შემდეგ ერთი უკიდურესობიდან მეორეს მიაწყდნენ, ბოლოს კი საჭეს ხელი გაუშვეს და ქვეყნის ეკონომიკა ჩიხში შევიდა. იმისათვის, რომ უსუსურობა საჯარო არ გამხდარიყო, “სისტემაზე” დაიწყეს თავდასხმა. ცნობილი ლოზუნგი: “კადრები და კონტროლი ყველაფერს წყვეტს” თანამიმდევრობით და განუხრელად ხორციელდებოდა სტალინის პერიოდში. მიუხედავად ზოგიერთი შეცდომისა და უყურადღებობისა, გადაიჭრა ქვეყნის წინაშე მდგარი ისეთი ისტორიული ამოცანები, როგორიც იყო სოციალიზმის ეკონომიკური საფუძვლების შექმნა, ფაშიზმის დამარცხება და სოფლის მეურნეობის აღდგენა. რეფორმებისა და რეორგანიზაციის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მათთვის სახელწოდება “ძირითადი საყრდენის” მინიჭებას ვეწინააღმდეგები. მათ ისე არ უნდა ვუყურებდეთ, თითქოს სასწაულის მოხდენას შეძლებენ. ასეთი დადგენილებებისა და რეორგანიზაციის რიცხვი ათჯერ მაინც უნდა შევამციროთ. კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად კი ძალები ოფლისმღვრელი და დაუღალავი შრომისკენ უნდა მივმართოთ. სასწაულმოქმედ შედეგებს სწორედ მაშინ მივიღებთ, გაიზრდება პარტიის მიმართ ხალხის ნდობა, რომელიც ყოველწლიურად მცირდება. მე ახალს არაფერს ვამბობ, სწორედ ამ შემართებით მუშაობდა პარტიული სახელმწიფო აპარატი ე.წ. კულტის რეჟიმის წლებში. ამ პერიოდში ქვეყნის წარმატებით განვითარების მთავარ პირობას ხელმძღვანელობის _ დირექტორებისა და თავმჯდომარეების _ პროფესიული დონე წარმოადგენდა. ჭკვიანი და კომპენტენტური უფროსი სწრაფად ავითარებს წარმოებას, სუსტი კი განვითარებას აფერხებს. აქედან დასკვნა: ხელმძღვანელი კადრების მიმართ პროფესიული, ზნეობრივ-იდეური და პოლიტიკური ზრდისთვის მკაცრი მოთხოვნები და მუდმივი და ყოველმხრივი კონტროლი აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში სოციალიზმი თავის ისტორიულ მნიშვნელობას კარგავს.

კითხვა: _ გამოჩენილი ისტორიკოსების, ოფიციალური დოკუმენტებისა და მტკიცებულებების მიხედვით, მაღალ ეშელონებში ნიჭიერი ადამიანების გათავისუფლების პოლიტიკა სტალინმა დაიწყო?

პასუხი: _ ხელისუფლებაში ხრუშჩოვის მოსვლისთანავე საბუთებში აუარებელი ფალსიფიკაცია გაჩნდა. რაც შეხება სტალინის პერიოდში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს, ისინი მხოლოდ ერთ წესს ემორჩლებოდა _ ეს იყო პროფესიონალიზმი და უმოკლეს ვადაში ვითარების უკეთესობისკენ წარმართვა. სრული საფუძლველი გამაჩნია იმის სათქმელად, რომ ახალგაზრდობის წინ წამოწევა გაცნობიერებულად მოხდა, როგორც სტალინის, ისე ცკ-ის პოლიტბიუროს სხვა წევრების მხრიდან. ამ ხაზმა სრულიად გაამართლა, თუნდაც იმიტომ, რომ ომის საშინელ და დაძაბულ წლებში არსებული სიძნელეების გადაჭრა მხოლოდ შემოქმედებითად, არაშაბლონურად მოაზროვნე და მოქმედ ახალგაზრდობას შეეძლო, მაგრამ საქმე მხოლოდ ჩვენი ხალხის ნიჭიერებაში, პატრიოტიზმსა და ენთუაზიაზმში არ ყოფილა. ეს შესანიშნავი თვისებები, როგორც ამას ათეულობით წლების გამოცდილება გვიჩვენებს, უწესრიგობისა და არაორგანიზებულობისას იკარგება, როდესაც ნიჭიერი ადამიანების სტიმულირების შესაძლებლობა არ არსებობს. სტალინზე რაც უნდა ილაპარაკონ, მისი მმართველობის პერიოდში ხელმძღვანელ თანამდებობებზე შეუდარებლად ბევრი ნიჭიერი ადამიანი იმყოფებოდა. კარგია, რომ ბოლო წლებში უარყოფითად განწყობილი ან რეპრესიებისგან დაზარალებული პირების მხრიდან სტალინზე თავდასხმა თითქმის შეწყდა. შედარებით ობიექტურად წარმოგვიჩენენ სტალინის სახელმწიფო თუ სამხედრო მოღვაწეობას, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი მართვის მეთოდებისა და ხელმძღვანელობის სტილის აღდგენას არავინ ფიქრობს ან მათთვის ეს შეუძლებელია…

კითხვა: _ საკმაოდ ხშირად მქონია შეხვედრები სოფლის მეურნეობის მოწინავე საწარმოებში, რომელთა ხელმძღვანელებიც 30-იანი და 40-იანი წლების ეკონომიკური სისტემის არასრულფასოვნებაზე ჩიოდნენ.

პასუხი: _ ადამიანები ყოველთვის მიილტვიან უკეთესობისკენ, ხელმძღვანელები კი, მათ შორის, ყველაზე მოწინავეებიც, თავიანთი მძიმე ხვედრის შესამსუბუქებლად არიან მიმართულნი. ადამიანურად მათი გაგება შეიძლება: “ზემდგომთა” არაკომპენტენტურობა ყოველთვის ახდენს ზეწოლას მოწინავე კოლექტივზე, მაგრამ სახელმწიფო საკითხებს სახელმწიფოს სიმაღლიდან უნდა მიუდგე და არა პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, რომლისკენაც, სამწუხაროდ, ბევრი პატივცემული პიროვნებაა მიდრეკილი. ასე რომ, მე მომხრე ვარ ჩვენი ეკონომიკური სისტემის იმ მეთოდებით ჩანაცვლების, რომლებმაც 30-იან, 40-იან და 50-იან წლებში გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

ვაფასებდი კოსიგინის რეფორმებს და არაერთგზის დავაფასებ. მის წინადადებებში საკმაოდ ფასეული და სასარგებლო ელემენტებია, რომლებიც ეკონომიკური მექანიზმის გასაუმჯობესებლად საჭიროა და დღესაც უნდა დაინერგოს .

კითხვა: _ როგორც ვიცით, 60-იან წლებში რეფორმები არ განხორციელებულა. გამოდის, რომ ათი წლის განმავლობაში ჯერ კიდევ 30-იანი წლების რეფორმებით აღებული კურსი გვქონდა შენარჩუნებული. რომელი მოსაზრება უფრო მართებული იქნება: ჩვენი უუნარობა წარსულის სისტემამ გვაიძულა თუ განვითარებული ცვლილებებიდან გამომდინარეობს?

პასუხი: _ მე უკვე ვახსენე ცუდი წინამძღოლი. მართალი ხართ, კოსიგინის რეფორმა სრულად ვერ განვითარდა, თუმცა გეგმების გაწერისა და სახელმწიფო დისციპლინის დანერგვა მაინც შეძლო. ნებისმიერ დირექტორს რომ ჰკითხოთ, რა სჭირდება ხარისხიანი პროდუქციის გამოსაშვებად და გეგმის შესასრულებლად, გიპასუხებთ, რომ კარგია მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და მასალების ყველა მომწოდებლის მხრიდან მოვალეობის პირნათლად შესრულება. დღეს კი სწორედ ამ საკითხმა გადაინაცვლა უკანა პლანზე და ადგილი დაუთმო ღირებულების მაჩვენებლებსა და მოგებაზე ფიქრს.

კოსიგინის რეფორმების ბოლომდე განხორციელება რომ ყოფილიყო შესაძლებელი, რიგი ეკონომიკური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა.

კითხვა: _ დასავლეთში ხომ მართვის უფრო ორგანიზებული სტრუქტურა მოქმედებს, ვიდრე ჩვენთანრატომ არ შეიძლება მათ ამ გამოცდილებას დავესესხოთ?

პასუხი: _ სხვისი გამოცდილება გონივრულად უნდა გამოიყენო და არა მექანიკურად გადმოიღო. ყოველთის შენი გზით უნდა იარო და ის გამოცდილება გადმოიღო, რომელიც ჩვენს ეროვნულ ეკონომიკას წაადგება და ორგანულად შეერწყმება. მახსენდება შემდეგი ეპიზოდი: 30-იანი წლების ბოლოს, ჩემი სოფლის მეურნეობის მინისტრობის პერიოდში, სტალინი და პოლიტბიუროს სხვა წევრები სოფლის მეურნეობის გამოფენას დიდ ყურადღებას უთმობდნენ. ერთხელ, ექსპონატების დათვალიერებისას, სტალინის ყურადღება იმ ბოსტნეულმა და ხილმა მიიქცია, რომლებიც სამხრეთის მეურნეობიდან იყო ჩამოტანილი და არც ისე სახარბიელოდ გამოიყურებოდა.

_ რა ხდება, ამხანაგო ბენედიქტოვ? _ მკითხა მან, _ ეს მიღწევების გამოფენაა თუ ჩაწოლილი საქონლის?

_ საქონელი გამოფენაზე რკინიგზით ჩამოდის, რასაც რამდენიმე დღე სჭირდება. დიდი ხარჯების გამო სახკონტროლი თვითმფრინავებით ჩამოზიდვაზე უარს გვეუბნება.

_ სახკონტროლი საქმეს თავისი სიმაღლიდან უდგება, თქვენ კი ამ საკითხს სახელმწიფო პოზიციიდან უნდა მიუდგეთ და საქმე ფორმალობებით არ გააფუჭოთ. სახალხო კომისარი და გამოფენის თავმჯდომარე იმიტომ ხართ, რომ ეს პოზიციები დაიცვათ და მსგავს ფორმალობებს ებრძოლოთ. ხალხმა საკუთარი თვალით უნდა ნახოს, როგორი ხილისა და ბოსტნეულის მოყვანაა შესაძლებელი. ადამიანებში მოწინავე გამოცდილების გავრცელების სურვილი უნდა აღვძრათ. თქვენი დამჭკნარი პროდუქცია კი მათ ასეთ განწყობას ვერ შეუქმნის. ათასების ეკონომიას ცდილობთ და მილიონებს კარგავთ.

სულ მალე გამოფენებზე პროდუქტების ჩამოტანა თვითმფრინავებით დაიწყეს. სტალინი მართალი იყო: არაერთხელ ვყოფილვარ იმის მოწმე, როდესაც გამოფენაზე მყოფი დელეგაციები წარმოდგენილი პროდუქციის მოყვანის იდეით ინთებოდნენ.

სხვათა შორის, სტახანოვურმა მოძრაობამ ქვეყანაში შრომის წარმოება ერთ-ნახევარჯერ გაზარდა. ეს ყველაფერი კი უმოკლეს ვადაში არც ისე დიდი დანახარჯით მოხდა.

სტალინი ხელმძღვანელებს გვასწავლიდა, განსაკუთრებული ყურადღება მიგვექცია “აუტსაიდერთა” პროექტებისა და წინადადებებისთვის, მასების ტექნიკური შემოქმედება ყოველმხრივ განგვეხილა…

კითხვა: _ თქვენ სტალინისა და ხრუშოვის მმართველობის პერიოდში სოფლის მეურნეობის მინისტრი იყავით. შეგიძლიათ, შეადაროთ ორივე მათგანის მიდგომა ეკონომიკის მნიშვნელოვანი ინდუსტრიების მიმართ?

პასუხი: _ ხრუშჩოვმა პოლიტბიურო სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტებით გაავსო. ნიკიტა სერგეევიჩი სოფლის მეურნეობაში არც ისე ცუდად ერკვეოდა, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლისას სოფლის მეურნეობის სფეროში საკმაოდ დიდი შეცდომები დაუშვა. მისი ზოგიერთი ქმედება დამღუპველი და კატასტროფული იყო, რასაც სტალინი არასოდეს დაუშვებდა.

ვფიქრობ, ამის მიზეზი ხრუშჩოვის მიერ სოფლის მეურნეობის სფეროში დანიშნულ სპეციალისტებში უნდა ვეძებოთ. სტალინი, როგორც წესი, სპეციალისტების აზრის მოსმენის შემდეგ საკუთარ მოსაზრებასაც ჩაურთავდა ხოლმე. იგი თავის პოზიციას ან ცვლიდა, ან მასში მნიშვნელოვანი შესწორებები შეჰქონდა. ხრუშჩოვის მოქმედებები კი დროთა განმავლობაში პირადი ამბიციების გამოხატვაში გადაიზარდა. მისი მეშვეობით სოფლის მეურნეობაში მოაზროვნე სპეციალისტები “უდარდელმა” კადრებმა შეცვალეს.

ხრუშჩოვს კარგად ვიცნობდი და გეტყვით, რომ ის ძლიერი და შრომისუნარიანი ხელმძღვანელი იყო, თუმცა მთავრობაში პოზიციების გამაგრების შემდეგ ყველას თვალწინ შეიცვალა და სოფლის მეურნეობის სწორად მართვას ხელს უშლიდა. თანაც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სწორედ ხრუშოვმა დაიწყო კომპეტენტური ადამიანების თავიდან მოშორება, მათი, ვისაც საკუთარი თვალსაზრისის დაცვა შეეძლო. სტალინისდროინდელი ბევრი სახალხო კომისარი, რომლებიც მწარე სიმართლის თქმას იყვნენ მიჩვეულები, თანამდებობას თანდათან ტოვებდნენ. წაიკითხეთ კომპენტენტური ადამიანების მოგონებები, მათი, ვინც სტალინს ახლოს იცნობდა. ყველა მათგანი ერთხმად აღიარებს, რომ სტალინი დამოუკიდებლად მოაზროვნე და საკუთარი აზრის დაცვის უნარის მქონე ადამიანებს დიდად აფასებდა. ამისთვის ა. იაკოვლევის წიგნის “ცხოვრების მიზნის” გადაფურცვლაც კი საკმარისია, სტალინის მუშაობის მეთოდები რომ შევაფასოთ, დავინახოთ ღირსებები მისი, როგორც სამართლიანი რუსი ინტელიგენტისა, რომელიც არც ერთი იდეოლოგიური ბანაკისკენ არ იხრებოდა.

მართალია, სტალინი ზოგჯერ სიმკაცრესაც იჩენდა, მაგრამ მისი მმართველობის პერიოდში ჩადენილი შეცდომების შედეგად ჩამოქვეითებულ ადამიანებს დაწინაურება მაინც შეეძლოთ, როგორც ეს ჟუკოვმა და ტიმოშენკომ მოახერხეს.. ხრუშჩოვის პერიოდში მხოლოდ ქვეითდებოდნენ და ზევით ვეღარ მიიწევდნენ. რატომ? იმიტომ, რომ სტალინს ადამიანების გატეხვა არ უნდოდა, მათ შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას აძლევდა, ესმოდა, რომ ჭკვიანი ხელმძღვანელების პოვნა არც ისე ადვილი იყო. ხრუშჩოვი კი მხოლოდ ძალაუფლების განმტკიცებისკენ ისწრაფვოდა და, მისი აზრით, უკან დაბრუნებული ადამიანები ხელისუფლებისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენდნენ.

კითხვა: _ პიროვნების კულტის მსხვრევაზე რას გვეტყვით? გამოიჩინა თუ არა ამით ხრუშჩოვმა პოლიტიკური სითამამე?

პასუხი: _ გარდაცვლილებთან ბრძოლას პოლიტიკურ სითამამეს ვერ დავარქმევ. ალბათ, არ გეცოდინებათ, რომ ხრუშჩოვი ჯერ კიდევ 30-იან და 40-იან წლებში კაგანოვიჩთან მეგობრობდა და მასთან ერთად პარტიულ ორგანიზაციებს “არასაჭირო” ხალხისგან ათავისუფლებდა. მახსოვს, მას კიევში დავურეკე და ვთხოვე, სოფლის მეურნეობაზე პასუხისმგებებლი გუნდის საქმიანობა დაწვრილებით შეესწავლა. ყურადღებით მომისმინა და დამპირდა, რომ კაგანოვიჩს შეუთანხმდებოდა. ოღონდ მთხოვა, სიტუაციის ცენტრში ხმაური არ ამეტეხა. არ ვიცი, კაგანოვიჩს ელაპარაკა თუ არა, მაგრამ ჩემ მიერ დავალებული საქმე არ შეუსრულებია.

კითხვა: _ რას გულისხმობთ?

პასუხი: _ იმას, რომ ხრუშჩოვის მოქმედების არსი ძალაუფლებისათვის ბრძოლა და პარტიის აპარატებში მონოპოლიური სისტემის დამყარება იყო.

კითხვა: _ კონკრეტულ საკითხს დავუბრუნდეთ. შეგიძლიათ სოფლის მეურნეობის პრობლებემისადმი სტალინისა და ხრუშოვის მიდგომების თავისებურებების შესახებ მოგვიყვეთ?

პასუხი: _ ეს განსხვავებები სტალინის შემდგ გამოჩნდა, როცა ნიკიტა სერგეევიჩმა თავისი ნოვატორული მიდგომით მსოფლიოს გაოცება გადაწყვიტა. პირველ რიგში, საკითხი მეურნეობების, კოლმეურნეობების, კუსტარული და კოოპერატიული საწარმოების საქმიანობას ეხებოდა. სოფლებში კოლექტივიზაციის დასრულების შემდგაც კი ინდივიდუალური სექტორი დიდ როლს თამაშობდა. ომამდელ წლებში 60-დან 90 პროცენტამდე ხილს, ხორცს, კვერცხს და კვების სხვა პროდუქტებს (მარცვლეულის გამოკლებით) სწორედ კერძო მეურნეობები იძლეოდნენ. ხილისა და ბოსტნეულის დიდ ნაწილსაც სწორედ ისინი აწარმოებდნენ. სხვათა შორის, როგორც ომამდე, ისე მის შემდგომ წლებში კოლმეურნეები მოგებას, არა საზოგადოებრივი, არამედ კერძო მეურნეობიდან იღებდნენ. სტალინს ესმოდა, რომ ასეთი მდგომარეობა ხანგრძლივი ვადით ობიექტურად გარდაუვალი იყო და “კოლექტივიზაციის” ფორსირების მცდელობებს დაუნდობლად ებრძოდა. რაც შეეხება ხელფასის საკითხს, სტალინის პერიოდში კვალიფიციური შრომისა და მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის დასაჩქარებლად ის საკმაოდ აქტიურად გამოიყენებოდა.

მაგალითად, სოფლის მეურნეობაში აგრონომების, მექანიზატორების, მძღოლებისა და სხვების ხელფასები შედარებით მაღალი იყო, ვიდრე კოლმეურნეებისა და სახელმწოფო მეურნეობების მუშების.

ასეთივე სურათი იყო ინდუსტრიაში, სადაც ინჟინრები და განსაკუთრებით უახლესი ტექნიკის კონსტრუქტორები მოღვაწეობდნენ.

კითხვა: _ მემუარულ ლიტერატურაში ხრუშჩოვსა და სტალინს შორის აგროქალაქების უხერხული პროექტის გამო უთანხმოებაა ნახსენები

პასუხი: _ მე ამ პროექტს უხერხულს არ დავარქმევდი. მასში სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიული წარმოების შესახებ საკმაოდ რაციონალური იდეა იყო ჩადებული, რომლის მიხედვით ქალაქისა და სოფლის სოციალურ-ყოფითი და კულტურული სფეროების დონეზე გათანაბრება უნდა მომხდარიყო. თუმცა სტალინი, რამდენადაც ხრუშჩოვის ორგანიზატორული ნიჭში იყო დარწმუნებული, იმდენად ნაკლებად ენდობოდა მის პოლიტიკურ და თეორიულ შესაძლებლობებს. მახსოვს ერთ-ერთი თათბირი, რომელზეც სტალინმა ხრუშჩოვი ყველასგან მოურიდებლად გაკიცხა.

_ ბევრი იცის, _ მოულოდნელად და გაბრაზებით მითხრა ხრუშჩოვმა (სადგომზე მანქანას ერთად ველოდებოდით). _ ხელმძღვანელობა ადვილია, აბა, მიდი და კონკრეტულად სცადე…

_ ვინ იცის? _ მექანიკურად ვკითხე ფიქრებში გართულმა. თათბირზე მეც ბევრი “მომხვდა” და უკვე ვფიქრობდი, სტალინის შენიშვნების რეალიზება როგორ მომეხერხებინა.

_ არაფერი, ისე, ჩემთვის ვთქვი, _ მითხრა ნიკიტა სერგეევიჩმა. _ კარგად მოგვხვდა, დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. მას თავი უკვე ხელში ჰყავდა აყვანილი და მეგობრულად მიღიმოდა.

მხოლოდ მანქანაში მივხვდი, რომ ხრუშჩოვის სიტყვები სტალინს ეკუთვნოდა.

როგორც იტყვიან, ჭაობში ეშმაკები ბუდობენ… აგროქალაქების ამბავი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ხრუშჩოვისა და სტალინის სხვადასხვა მიდგომას სოფლის მეურნეობის საკითხის მიმართ. სტალინი თხემით ტერფამდე რეალისტი იყო _ დაფიქრებით, საფუძვლიანად, აუჩქარებლად მოქმედებდა. ხრუშჩოვი კი პირიქით _ სწრაფად მიღებულ ეფექტს ამჯობინებდა.

კითხვა: _ თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, დღევანდელ სოფლის მეურნეობაში არსებული საშინელი მდგომარეობის მიზეზად ხრუშჩოვი და სტალინის კურსიდან გადასული ყველა პირი უნდა ჩავთვალოთ?

პასუხი: _ სოფლის მეურნეობის ჩამორჩენაში მთელი დანაშაულის ხრუშჩოვზე ან სტალინზე გადაბრალება არასწორი იქნება. აქ მთავარია ობიექტური ფაქტორები და ქვეყნის ისტორიის სპეციფიკური განვითარება. რაზე უნდა ვისაუბროთ, როცა 20-იანი წლების დასაწყისში ჩვენს სოფლებში გვალვა სჭარბობდა, ამ დროს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვა სახელმწიფოებში სოფლის მეურნეობის ელექტროფიკაცია დასრულდა.

რუსეთში კი თანამედროვე ომის შედეგად დანგრეული ეკონომიკის აღდგენა შუა საუკუნეების სოფლებიდან ხდებოდა. სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობდა.

სოფლის მეურნეობის აღსადგენად და გლეხების ცხოვრების გასაუმჯობესებლად სტალინის მთავრობა ყველაფერს აკეთებდა. ამას ვადასტურებ ადამიანი, რომელმაც ამ სფეროში თითქმის ოცი წელი ვიღვაწე. სოფელმაც თანამედროვე შრომისა და წარმოების ორგანიზებისკენ და ცივილიზებული კულტურისკენ მკვეთრი ნახტომი გააკეთა, თუმცა წარსულის ჩამორჩენის შედეგებისგან მისი სწრაფი გათავისუფლება არარეალური იყო. სახელმწიფოს მხოლოდ 50-იან წლებში მიეცა საშუალება, სოფლის მეურნეობაში დიდი ძალები და საშუალებები გამოეყენებინა.

მართალია, იმხანად გლეხების ცხოვრება არც ისე იოლი იყო, მაგრამ ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ მეფისდროინდელი რუსეთის სოფელი მოწინავე კაპიტალისტური ქვეყნების სოფლებს ასი და მეტი წლითაც ჩამორჩებოდა. ოქტომბრის რევოლუციამდელ პერიოდთან შედარებით სოფლის მოსახლეობის კულტურულ-საყოფაცხოვრებო პირობები უკეთესობისკენ შეტრიალდა. კოლმეურნეები და სახელმწიფო მეურნეები ცხოვრებით კმაყოფილი იყვნენ და მომავალს ოპტიმისტურად უყურებდნენ. 30-იან წლებში სოფელში მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობდა. ერთადერთი, რაშიც სტალინი წაგებული დარჩა, იყო ის, რომ ღირსეული მემკვიდრის მომზადება ვერ მოასწრო.

კითხვა: _ დასასრულ, რას უსურვებთ ცხოვრების ასპარეზზე ახალგამოსულ ახალგაზრდობას?

პასუხი: _ ტოლსტოიმ შესანიშნავი სიტყვები თქვა: “სწორი გზა ასეთია: გაითავისე, შენამდე სხვებმა რა გააკეთეს და გზა განაგრძე”. ჩვენი თაობა პრობლემებს ასე გაუმკლავდა: ავაშენეთ სოციალიზმი, დავიცავით ის ფაშისტური აგრესიისგან და ქვეყანა უძლიერეს სახელმწიფოდ ვაქციეთ. დღევანდელი თაობაც გაუმკლავდება მის წინაშე მდგარ პრობლემებს; თუ მაგალითებს წარსულიდან აიღებს, დროში გამოცდილს აითვისებს და გზას განაგრძობს შრომის, კულტურისა და ყოფის გაუმჯობესებისკენ.

პატრიოტიზმი და სამშობლოსადმი სიყვარული არა მხოლოდ ფსიქოლოგიური, არამედ უდიდესი ეკონომიკური ძალაა. ჩვენში კი საკუთარი ქვეყნის, ხალხისა და კულტურის მიმართ სიამაყის განცდას შოვინიზმად ნათლავენ.

დაე, ჩვენმა ახალგაზრდობამ მრავალრიცხოვან სირთულეებს გაუძლოს და სოციალიზმის იდეალებისთვის ბრძოლა ისეთივე ენერგიით განაგრძოს, როგორი ენერგიაც 30-იანი წლების თაობისთვის იყო დამახასიათებელი.

გრიგოლ ონიანი

2 COMMENTS

  1. გრიგოლ ონიანის წერილი, როგორც ყოველთვის, საინტერესო და საჭიროა. ტოლსტოის ნათქვამს ქართული ვერსიაც აქვს: „შვილმა უნდა იცოდეს, სად გაჩერდა მამა“…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here