Home რუბრიკები ისტორია სტალინის პორტრეტისთვის

სტალინის პორტრეტისთვის

1931-1941 წლები. იდუმალების სამყარო

1585
სტალინი

გერმანიასთან კავშირის განმტკიცების მცდელობის პარალელურად, სტალინი ყველა პირობას ქმნიდა, კეთილგანწყობილი ურთიერთობა ჰქონოდა ევროპის კიდევ ერთ ძლიერ ქვეყანასთან _ ინგლისთან. ამისთვისაც ძალასა და ენერგიას არ იშურებდა. 1931 წელს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე . . კრესტინსკიმ შესთავაზა სტალინს, საბჭოთა კავშირში მიეღო ინგლისიდან ჩამოსული საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებელი მუშაკი ოუენი. სტალინმა უპასუხა:

_ “რისთვის? _ ის ჯერ ახალგაზრდაა და არავითარი გავლენა ინგლისის პარლამენტში არ აქვს. როდესაც ჩვენს ქვეყანაში ჩამოვა ლოიდ ჯორჯი, ეს სხვა საქმე იქნება”.

საგარეო საქმეთა მინისტრი მ. მ. ლიტვინოვი სრულად იზიარებდა სტალინის კურსს, იცოდა მისი ხასიათი და როდის როგორ მოიქცეოდა.

1936 წელს 6 ოქტომბერს სახალხო კომისარმა ლიტვინოვმა სტალინს გაუგზავნა დეპეშა, რომლითაც აუწყებდა: “საფრანგეთის სახალხო ფრონტის მეთაური ლეონ ბლუმი მთხოვს, გაცნობოთ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ, რომ შახტი (გერმანიის ეკონომიკის მინისტრი _ გ.ო.) სთხოვს ბლუმს, მოელაპარაკოს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბოლდიუნს კოლონიებზე, სანაცვლოდ გერმანია მზად არის, ხელი მოაწეროს საერთო ევროპულ შეთანხმებას. ბლუმის შეკითხვას, იქნებოდა თუ არა ჩართული ამ შეთანხმებაში საბჭოთა კავშირი, შახტმა უპასუხა: პირდაპირ შეთანხმებას საბჭოთა კავშირთან ჰიტლერი რომ დათანხმდეს, არა მგონია. ამის მიღწევა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ შემოვლის გზით. შახტი უხალისოდ დათანხმდა, რომ ამაზე საუბარი ექნებოდა იდენთან (დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი). შახტის წინადადებებმა ინგლისელების ორჭოფობა გამოიწვია და, უნდა ითქვას, საქმე უშედეგოდ დასრულდა”.

სწორედ ეს საიდუმლო ჩანაწერი იძლევა იმის კონკრეტულ პასუხს, ომის წინა დღეებში რატომ გადაფრინდა გერმანიიდან დიდ ბრიტანეთში ჰიტლერის ემისარი საიდუმლოდ, რასაც მისი საიდუმლო პატიმრობა მოჰყვა.

ლიტვინოვის საიდუმლო მიმოწერის შემდეგ, სულ მალე, როგორც ინგლისში, ისე საფრანგეთში მთავრობები შეიცვალა. ინგლისში ხელისუფლების სათავეში მოვიდა ნევილ ჩემბერლენი, საფრანგეთში _ ედუარდ დალადიე. სწორედ საფრანგეთი, ინგლისი, ამერიკა და საბჭოთა კავშირი იყო ის გაერთიანება, რომლიდან საბჭოთა კავშირის გაგდებას 1936 წლიდან ცდილობდა ჰიტლერი, მაგრამ მალე სტალინის შორსგამიზნული ბრძნული საგარეო პოლიტიკის შედეგად პირიქით მოხდა.

სტალინმა გერმანიიდან ნ. ნ. კრესტინსკისგან (სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში) მიიღო ინფორმაცია. კრესტინსკი წერდა, რომ გერმანიაში ყოველწლიურად ჩადიან სამხედრო სპეციალისტები გერმანულ ჯარში სიახლეების გასაცნობად და სამხედრო მანევრებში მონაწილეობისთვის, აგრეთვე, გერმანულ სამხედრო აკადემიებში პრაქტიკული და თეორიული კურსის გასავლელად.

სანაცვლოდ გერმანელებს სურთ, თავიანთი სპეციალისტები დაშვებული იქნენ საბჭოთა კავშირში, რათა გახსნან სამხედრო-ტექნიკური სკოლები; ვერსალის ხელშეკრულების თანახმად კი, გერმანიას აკრძალული ჰქონდა თავის ტერიტორიაზე მსგავსი სამხედრო სკოლებისა და ბაზების განთავსება. ელჩი დაწვრილებით აცნობდა სტალინს გერმანია-საბჭოთა კავშირის მომავალი თანამშრომლობის ასპექტებს.

მკითხველს უნდა მივაწოდო ცნობა, რომ კრესტინსკის ინიციატივით გერმანიაში მოღვაწეობდნენ 13 თვეს _ უბორევიჩი, 3 თვე-ნახევარს _ ეიდმანი და აპოგა.

ვინ იყვნენ აღნიშნული სამხედრო პირები:

უბორევიჩი _ 1925-1928 წლებში ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის სარდალი;

ეიდმანი _ ციმბირის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი;

აპოგა _ საბჭოთა კავშირის სამხედრო შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განყოფილების უფროსი.

კრესტინსკი დაჟინებით მოითხოვდა სტალინისაგან, გერმანულ დაზვერვას საბჭოეთის ტერიტორიაზე განეხორციელებინა სხვა მტრულად განწყობილი ქვეყნების მიმართ სადაზვერვო ღონისძიებები, რათა საბჭოთა კავშირი დაცული ყოფილიყო მტრული ელემენტებისგან. “თუ ჩვენ უარს ვიტყვით გერმანელთა მომსახურებაზე, _ აფრთხილებდა კრესტინსკი სტალინს, _ გერმანელები დაიწყებენ სხვა ქვეყნის მოძებნას, რომელთანაც ისინი მჭიდროდ ითანამშრომლებენ. არ იქნება ცუდი, თუ გერმანელები ასევე მეთვალყურეობას გაუწევენ სამხედრო საზღვაო ფლოტსაც”, _ არწმუნებდა თავის წერილში სტალინს სრულუფლებიანი ელჩი კრესტინსკი.

სტალინს არ შეიძლებოდა, ყურად არ ეღო სრულუფლებიანი ელჩის რჩევა, რომელიც 1919 წლიდან საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი გახლდათ და, ამასთანავე, არჩეული იყო ცენტრალური კომიტეტის მდივნად 1921 წლამდე.

სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა დიდ თანამდებობაგამოვლილი კრესტინსკი 1930 წლიდან საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი გამორჩეული მოადგილე გახლდათ, შემდეგ კი გერმანიაში _ საბჭოთა კავშირის სრულუფლებიანი ელჩი. ამ უზარმაზარ და მნიშვნელოვანი საკვანძო საკითხებით გაძეძგილ ინფორმაციას რეზოლუციის ნაწილში სტალინმა სამი სიტყვა დააწერა:

ჩემს პირად არქივში. . სტალინი”.

სანამ ზემომოყვანილ მოხსენების შედეგებს გაგაცნობთ, მკითხველს სტალინის საიდუმლოების შენახვის განთქმის, გახსნისა და შედეგების ერთი მაგალითი უნდა მივაწოდო (რომელიც აქამდე ცნობილი არ იყო). 1931 წლის დასაწყისში გერმანიიდან მოიწვიეს სატანკო მრეწველობის აღიარებული კონსტრუქტორი ე. გროტე, რომელსაც უნდა შეექმნა საშუალო ტანკი. გროტესთან ერთად მუშაობდნენ საბჭოთა კავშირის სატანკო მრეწველობის გამოჩენილი კონსტრუქტორები, რომლებმაც გერმანელ კონსტრუქტორს თავიანთი პროექტები წარუდგინეს.

ტანკის ძირითადი მონახაზი უკვე მზად იყო, როცა სტალინმა სხვადასხვა წყაროდან შეიტყო, რომ გერმანელ გროტეს მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, ჩუმად გაპარულიყო საბჭოთა კავშირიდან და სამშობლოში დაბრუნებულიყო, თან უნდა წაეღო ჩვენი სატანკო მრეწველობის წარმატებული პროექტებიც.

1931 წლის 25 აგვისტოს სოჭიდან სტალინმა პოსკრებიშჩევს სრულიად საიდუმლო წერილი გაუგზავნა კიროვისთვის გადასაცემად. წერილში ეწერა:

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გროტეს გერმანიაში გაშვება. უნდა მიიღოთ ყველა ზომა მის შესაჩერებლად, დაპატიმრებამდეც კი. სანამ არ დაასრულებს ტანკის აგებას, მის სერიულად გამოსაშვებად ქარხანაში ჩაბარებას და გამოშვებულის შემოწმებას, ის არ შეიძლება გავუშვათ გერმანიაში. უმკაცრესად შეინახეთ საიდუმლო. შექმენით მის გარშემო უმკაცრესი თვალთვალი, არც ერთი წუთით არ მიატოვოთ უმეთვალყურეოდ. . სტალინი” (სტალინის პირადი არქივი. საქმე 76. ფურცელი 42-43).

 

სერგეი კოროლიოვი
სერგეი კოროლიოვი

კრესტინსკის წერილის არქივში გადაგზავნა იმას ნიშნავდა, რომ რკინის სალტე, რომელიც კრესტინსკისა და მის თანამშრომლებს ჰქონდათ გარშემორტმული, თანდათან ვიწროვდებოდა. 1937 წელს, სხვა სამხედრო დამნაშავეებთან ერთად, კრესტინსკიც დააპატიმრეს და უმაღლესმა სასამართლო კოლეგიამ გერმანიის სასარგებლოდ გაწეული მავნებლურ საქმიანობისთვის, რომლის ერთ-ერთი სამხილი სტალინის სახელზე გამოგზავნილი “უსტარიც” იყო, სიკვდილი მიუსაჯა. მასთან ერთად სასჯელი დაიმსახურეს უბორევიჩმა, ეიდმანმა და აპოგამაც.

სარაკეტო-კოსმოსური ტექნიკის გამოჩენილმა კონსტრუქტორმა სერგეი კოროლიოვმა, ორჯერ სოციალისტური შრომის გმირმა, რომელსაც 1938 წელს 10 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონია მიუსაჯეს, როგორც კი სტალინის სიკვდილის შესახებ შეიტყო, 1953 წლის 6 მარტს შემდეგი შინაარსის წერილი დაწერა:

მახსენდება 1946 წლის 9 მარტი, ამხანაგ სტალინთან რომ ვიყავით. ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. ჩვენ ჯერ მისაღებში ველოდებოდით და, მასთან შესვლის დრო რომ დადგა, ავნერვიულდი. ამხანაგმა სტალინმა მაშინვე შეგვამჩნია და დაგვსვა. დავიწყეთ საუბარი. ის კაბინეტში შეუჩერებლად დადიოდა და ჩიბუხს ეწეოდა. საუბარი მოკლე და გასაგები იყო. ბევრი კითხვა დაგვისვა და ბევრი ლაპარაკიც მოგვიწია. რამდენიმე საათმა შეუმჩნევლად გაირბინა…”

კოროლიოვი ამ შეხვედრიდან ხუთი წლის შემდეგ იხსენებდა: “სტალინი მზრუნველობით გვესაუბრებოდა და ჩვენი შრომა სიღრმისეულად მიმართა სწორი გზისკენ. მთელი ჩვენი გეგმები შეიცვალა, თანაც ისე, რომ ყველაფერი შედარებით ნათელი და გასაგები გახდა. ვისაუბრეთ მომავალ პერსპექტივებზეცსტალინთან შეხვედრით უდიდესი ბედნიერება მხვდა წილად”. აი სინამდვილე სტალინზე, ამ სიტყვებში ჩანს: “ვისთან შეიძლება ისე მსუბუქად ისაუბრო იმის შესახებ, რას ფიქრობ, თუ არა სტალინთან?!” რა თქმა უნდა, არაადამიანი და ამბიციებით შეპყრობილი ცოდვილი არარაობა კი არა, გამრჯე და საქმის სამართლიანად და გატაცებით გამკეთებელი თუ ხარ.

1931 წელს ბერლინში დაიბეჭდა სერგეი დმიტრიევსკის წიგნი “სტალინი _ ეროვნული რევოლუციის წინამორბედი”. დმიტრიევსკი ჭეშმარიტად რუსული ეროვნულობით განსმსჭვალული პიროვნება იყო, საკუთარ თავს “ნაციონალ-ბოლშევიკად” წარმოაჩენდა და სტალინსაც ასე აფასებდა.

დმიტრიევსკი ცდებოდა _ სტალინი, უბრალოდ, ბოლშევიკი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ იგი ხელმძღვანელი პოლიტიკოსი იყო და არა ილუზიებითა და ავანტიურებით მოსულდგმულე პიროვნება.

ის, რაც დმიტრიევსკიმ 1931 წელს სტალინზე დაწერა, მკითხველმა უნდა იცოდეს.

იგი წერდა: “ჩემთვის დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: სტალინის კარიკატურული სახეები საზღვარგარეთ საბჭოთა მთავრობის სხვადასხვა დიპლომატიური და სავაჭრო წარმომადგენლების ხელის შეწყობით იქმნებოდა… აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ საზღვარგარეთის საბჭოების წარმომადგენლობები ხანგრძლივი დროის განმავლობაში პოლიტიკური ნარჩენებისგან კომპლექტდებოდა. ესენი ერთ დროს ქვეყნის შიგნით მცხოვრები არასაჭირო და არასასურველი ადამიანები იყვნენ, სწორედ მათ გამო საზღვარგარეთი “ჭაობის” სუნში გაეხვია და ის ამ სუნში დღესაც იტანჯება”.

დმიტრიევსკიმ კარგად იცოდა, რას წერდა და მის სიტყვებში გასაკვირი არაფერი ყოფილა. სამოქალაქო ომის შემდეგ, პირველ წლებში, სსრკში დიპლომატიას განსაკუთრებული ყურადღება არ ექცეოდა. არადა, საზღვარგარეთ ენების მცოდნე ადამიანები ესაჭიროებოდათ, ასეთები კი ტროცკისტთა შორის ბევრნი იყვნენ. დმიტრიევსკი ამ სფეროს კარგად იცნობდა და ამტკიცებდა კიდეც: “უცხოელები საქმის ხალხია, რომლებსაც ისტორიაში ძლიერი პიროვნების მნიშვნელობა კარგად ესმით. მათ ხშირად ეკითხებოდნენ: ვინ არის სტალინი? ისინი ჩვეულებრივ პასუხობდნენ: სტალინი ბინძური, უხეში, უპრინციპო საქმოსანია, ჩვენს პარტიაში ინტელიგენციის წარმომადგენლობის მფანტავი, რომელიც საკუთარი თავის მსგავს ბინძურ ადამიანებს ეყრდნობა. იგი სრული იდეოლოგიური არარაობა და მორალური სიმახინჯეა”.

შემდეგ კი განაგრძობს:

“სხვათა შორის, ისიც უნდა ვთქვათ, რომ მსგავსი აზრი რუსეთშიც დიდხანს იყო გამეფებული, აღარაფერს ვამბობ ემიგრაციაზე, სადაც საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში მონაწილე ადამიანები და ბეჭდვითი ორგანოები დღევანდელი რუსეთის ხელმძღვანელობაში მხოლოდ დამნაშავეებსა და არარაობებს ხედავენ.

შური და ბოროტება პოლიტიკური ბრძოლის სარბიელზე ცუდი იარაღებია.

ადრე თუ გვიან, ცხოვრებაში არგუმენტების დრო თავისით დგება და ადამიანებსა და საგნებზე ლეგენდებს რეალური წარმოდგენები ცვლის”.

მართალია, ბოროტი და შურიანი ელფერით დამახინჯებული ანტისტალინური ლეგენდა ადამიანების გონებაში ჯერ კიდევ არის გამეფებული, მაგრამ, ადრე თუ გვიან, ცხოვრება თავისი არგუმენტებით მაინც წარდგება ჩვენ წინაშე და სტალინსა და მის ეპოქაზე რეალურ წარმოდგენას შეგვიქმნის, თუმცა სამართლიანი მკვლევარების საერთო ძალებით ობიექტური წარმოდგენა თანდათანობით გვექმნება და სტალინსა და მის ეპოქას თავისი დიდებითა და ამაღელვებელი გრძნობით წარმოგვიჩენს. დმიტრიევსკი გვაფრთხილებს: “სტალინს, ისევე როგორც მის გარშემო მყოფ ადამიანებს, ისეთებად უნდა ვიცნობდეთ, როგორებიც სინამდვილეში არიან. უნდა ვიცოდეთ მათი უარყოფითი და ძლიერი მხარეები. ისტორიაში გარკვევა და მომავლის რთულ გზებზე ორიენტირება მხოლოდ ამ გზით შეიძლება”.

დმიტრიევსკიმ ეს 1931 წელს დაწერა.

განვაგრძოთ: “მიმდინარე წელმა რუსეთს ბევრი ცვლილება მოუტანა _ კერძოდ, დღევანდელ მთავრობას. ერთი წლის წინათ მთავრობაში ავად მოფუსფუსე ყველა ადამიანი, რომლებსაც თავი მდგომარეობის შემოქმედად მიაჩნდათ, სტალინის მიერ გემბანიდან გადაყრილ უმრავლესობაში აღმოჩნდა”.

ეს წერილი კი კიროვის მკვლელობამდე დიდი ხნით ადრე დაიწერა და საკმაოდ კარგად ხსნის, როგორც კიროვის მკვლელობის, ისე რეპრესიების ზრდის აუცილებლობას.

იმაზე კი საზოგადოების რომელი ფენა წარმოადგენდა სტალინის საყრდენს, დმიტრიევსკი წერდა: “სულ ზევით და ზევით მიიწევს ადამიანების დიდი რაოდენობა. მათგან ზოგს გაუცნობიერებელი, ზოგსაც გაცნობიერებული ნაციონალიზმი მოაქვს. ნაციონალიზმს საბოლოოდ წარმოადგენს გამარჯვებული იდეა: “სოციალიზმი ერთ ქვეყანაში”. ნაციონალიზმი მეტად ირწმუნება: “ჩვენ საკუთარი სამშობლო გვაქვს და ჩვენ მას დავიცავთ”. ნაციონალიზმი უფრო ხშირად ჩვენი ეპოქისა და პეტრე დიდის ეპოქის შედარებისას იჩენს თავს. მართალიცაა, ოღონდ ერთი სხვაობაა, ჩვენი ეპოქის მასშტაბები უფრო ფართოა, თანაც რუსეთის რევოლუციური გარდასახვის საქმეში, იმ დროსთან განსხვავებით, შედარებით ფართო ფენები მონაწილეობენ”.

უნდა აღინიშნოს, რომ დმიტრიევსკის 1931 წლის შეფასებები გიორგი ფედოტოვის 1936 წლის შეფასებებს ემთხვევა. ნაციონალისტები _ დმიტრიევსკი და ფედოტოვი მიხვდნენ, რომ ის, რაც ნაციონალიზმი ეგონათ, სინამდვილეში საბჭოთა პატრიოტიზმიდან აღმოცენებული ახალი და ამაღლებული პატრიოტიზმი იყო.

ის, რომ პირველად რუსეთის ისტორიაში, ფართო მასები რუსეთის შეყვარებას გაცნობიერებულად და გამართლებული გრძნობით იწყებენ, დმიტრიევსკიმ ნამდვილად დაინახა. ამ უმაღლესი პატრიოტიზმის ყოველდღიური მასწავლებელი კი, უპირველეს ყოვლისა, სტალინი იყო. დღეს “ობიექტური” სახელის მოპოვების მსურველებიდან ცოტა ვინმე გამოჩნდება, ვინც სტალინს ტირანს დაუძახებს.

მათ კი, ვინც სტალინის ვითომდა ტირანიისადმი მიდრეკილებას ამტკიცებს, იმის შეხსენება არ აწყენდათ, რომ სტალინი არამარტო დეკლარაციებს ადგენდა, ცხოვრებაში ხალხისათვის აუცილებელი ყოველმხრივი და სრულფასოვანი განათლების, როგორც იდეის, გამუდმებით გამტარებელი იყო.

სტალინის პერიოდში სსრკ-ში იყო ორი კულტი _ ბავშვისა და ცოდნის. “სოციალიზმის ეკონომიკურ პრობლემებში” სტალინი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ კომპლექსური პოლიტექნიკური განათლება აუცილებელი იყო, რათა ადამიანი მთელი ცხოვრება ერთ პროფესიას არ მიჯაჭვულიყო, მას ისეთი საბაზისო განათლება მიეღო, რომელიც არჩევანის თავისუფლებას მიანიჭებდა.

მსოფლიო ისტორიაში მსგავს საკითხზე არც ერთი ტირანი არ ზრუნავდა ან როგორ შეიძლებოდა ეზრუნა _ ტირანისთვის განათლებული ხალხი ხომ სასიკვდილოდ საშიშია!

ბევრი ადამიანი, რომლებიც სტალინის პოლიტიკურ სახელს დადებითად აფასებენ, რატომღაც თვლის, რომ სტალინი დიქტატორი იყო. ამას კი მაშინდელი ეპოქის სირთულით ხსნიან, რომელში მოღვაწეობაც სტალინს მოუწია.

მოკლედ, რთული ეპოქა იყო და მას ტყუილად არ უწოდეს პროლეტარიატის დიქტატურის ეპოქა, მაგრამპირადად სტალინი დიქტატორი არასოდეს ყოფილა და არც დიქტატურისადმი მიდრეკილება ჰქონია.

სვიატოსლავ რიბასის წიგნის ანოტაციაში ვკითხულობთ: “სტალინს დიქტატორს ეძახიან, რაც მისი ტოტალური ძალაუფლების ბუნებას სრული სიზუსტით ასახავს, მაგრამ რუსეთის ისტორიაში მისი პიროვნების სიძლიერისა და კანონზომიერებების გაჩენას ვერ ხსნის…” ეს აზრი სინამდვილისგან საკმაოდ შორს დგას. სტალინი მისთვის პრინციპულად და ორგანულად მიუღებელი დიქტატორული მანერების მქონე ძალაუფლებას ფლობდა. საბჭოთა გენერლები კი იმით ამაყობდნენ, რომ ომი სტალინის უდიდესი ყურადღების შედეგად მოიგეს.

თუმცა არა: პირველ ჯერზე “…სანამ არ გვისმენდა, სტალინგრადამდე ვაღწევდით, როგორც კი ჩვენი მოსმენა დაიწყო, მაშინვე ბერლინამდე მივაღწიეთ…” (ამ მეტად საეჭვო და უნიჭო პოსტულატზე მკითხველს ცალკე მასალას მივაწვდი, რომელშიც ნათლად იქნება წარმოდგენილი, ვინ ვის უსმენდა და ასწავლიდა).

მაშ, რაღა დიქტატორია?!

ხუმრობა იქით იყოს და, ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ხუმრობაში სიმართლის მარცვალიც ურევია. გერმანიამ ომი მართლა იმიტომ კი არ წააგო, რომ ჰიტლერი საომარ მოქმედებებს ერთპიროვნულად, დიქტატორულად მართავდა, არა, თანამედროვე ომში ასე არ ხდება.

მთავარსარდალ ჰიტლერს სამხედრო ხელმძღვანელის დიქტატორული მეთოდები ახასიათებდა. მას არ შეეძლო სხვისი აზრი არ გაეთვალისწინებინა, მაგრამ იძულებული იყო, ასე მოქცეულიყო. სხვისი აზრი შინაგანად არ აინტერესებდა _ სხვისი აზრების “გემო” არ იცოდა. საბჭოთა კავშირმა კი ომი იმიტომ მოიგო, რომ სტალინის საომარი ხელმძღვანელობის მეთოდები კოლეგიალური, ფართო განხილვებითა და თავისუფალი მოსაზრებებით იყო დატვირთული. საბოლოო ჯამში, სტალინი გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებდა, მაგრამ უმაღლესი ხელისუფლების პასუხისმგებლობით სავსე კომპეტენტურ მმართველსა და უმაღლეს მთავარსარდალს სხვაგვარად მოქცევის უფლება არ ჰქონდა. გადაწყვეტილებების დამუშავება ყოველთვის კოლექტიური ხასიათის იყო. სტალინს სხვისი აზრი გულწრფელად აინტერესებდა, რადგან მათი ფასი კარგად იცოდა.

ყველა, ვისაც კი სტალინთან ურთიერთობა ჰქონდა, ტყუილად არ იხსენებს, რომ მას მოსმენის იშვიათი უნარი გააჩნდა. თანაც სტალინი ასე მხოლოდ ომის დროს და ომის საქმეების მოგვარებისას კი არ იქცეოდა, _ ნებისმიერი პრობლემის კოლექტიური განხილვა სტალინისთის დამახასიათებელი სტილი იყო.

ვინ არის დიქტატორი? _ ვინც ფიქრობს, მარტო წყვეტს, შემსრულებლებს გამოიძახებს, ბრძანებას გასცემს და წინ _ ზღვის გავლით-მცირე აზიისკენ, მაკედონელივით… რუბიკონის გადალახვით _ კეისარივით… ნემანის გავლით _ ნაპოლეონივით… და ჰიტლერივით…

სტალინი პირიქით _ თითქმის ყოველდღე საათობით თათბირობდა თანამებრძოლებთან და თანამშრომლებთან. ყველა იხსენებს, რომ კამათობდნენ და ბევრს საუბრობდნენ. ამხანაგი სტალინი კი კაბინეტში დადიოდა, ჩიბუხს ეწეოდა და მათ უსმენდა. საათობით! მხოლოდ ბოლოს იტყოდა მოკლედ _ კონკრეტულსა და აზრიანს. ჰიტლერი კი მხოლოდ თვითონ ლაპარაკობდა საათობით.

შეიძლება სტალინზე, როგორც დიქტატორზე, კიდევ ვილაპარაკოთ?

დენი დიდრო ამბობდა: “ჭეშმარიტებისთვის ისეთი ტრიუმფიც საკმარისია, თუ მას მცირე მასები, მაგრამ ღირსეულები აღიარებენ. ყველასთვის თავის მოწონება მისი საქმე არაა…”

ერთი მხრივ, ეს სინამდვილეს მხოლოდ მეცნიერული სინამდვილისთვის წარმოადგენს, ისიც არა ყველა მეცნიერისთვის, მაგრამ მხოლოდ სოციალური სინამდვილე ვერ იქნება თუნდაც ღირსეულ რჩეულთათვის გასაგები. სოციალური სინამდვილე ბევრისთვის უნდა იყოს გასაგები, ვინაიდან სოციალური სინამდვილის აღმომჩენებისა და მათი მატარებლებისთვის საქმის ისეთი მიმდინარეობა, როდესაც ფართო მასებამდე საკუთარი აღმოჩენები ვერ მიაქვს, მოუთმენელი და მტანჯველია.

კარლ მარქსმა, სოციალური სინამდვილის ერთ-ერთმა აღმომჩენმა, თქვა, რომ იდეები ძალად მხოლოდ მაშინ გადაიქცევა, როდესაც ამ იდეებს მასები დაეუფლებიან. ასე რომ, სოციალური რეფორმატორი კმაყოფილი ვერ იქნება, თუ მის სინამდვილეს მხოლოდ რჩეულები გაიგებენ. მისთვის ეს საკმარისი არ არის. საჭიროა, ჭეშმარიტებამ თითოეულამდე მიაღწიოს და მისი შეცნობით ცხოვრება და ბედი გაუნათდეს.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here