Home რუბრიკები ისტორია სტალინის პორტრეტისთვის

სტალინის პორტრეტისთვის

1931-1941 წლები. იდუმალების სამყარო

2323
სტალინი

უაღრესად რთულია სრულიად ახალი სახელმწიფოს მშენებლობის, მისი განმტკიცებისა და სუპერსახელმწიფოდ გადაქცევის ანატომია, ქვეყნისა, რომლის ანალოგიც არ არსებულა დედამიწაზე. რა იყო ის ძალა, რომელიც ჩვენი პლანეტის ერთ მეექვსედს სრულიად ახალ ფორმასა და სახეს აძლევდა, სადაც დაუნდობლად ინგრეოდა ძველი და შენდებოდა ახალი. განგება დედამიწაზე პრაქტიკულ საქმიანობას არ ახორციელებს. “სხვას ვის შეეძლო ამ მადლის პოვნა და ამ სამოთხის კარის გაღება (. მოსაშვილიაი, ქართველო, შენი სამშობლო”)?

განა იმიტომ ძრწოდნენ კაპიტალისტები, რომ რუსი ხალხი და რუსეთი ენანებოდათ დასაღუპავად და სატანჯველად? _ სრულიადაც არა. მათ ის ღვთიური ცეცხლი უახლოვდებოდა, რომელიც სპობდა უსამართლობასა და სოციალურ უთანასწორობას, როდესაც მონა ბორკილებისგან თავისუფლდებოდა და ბოროტს კეთილი ამარცხებდა.

 საფრანგეთის პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ განაცხადა: “საბჭოთა კავშირი სტალინის ხელმძღვანელობით უძლეველია, მაგრამ ვერ ვფიქრობ, რა იქნება იგი სტალინის გარეშე”. საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვებში აშკარად ჩანს, რომ ამ უდიდესი და უძლიერესი სახელმწიფოს შემოქმედი არის სტალინი, რომელიც ღმერთმა შექმნა მსგავსად თავისა.

დიდი ფრანგი მოაზროვნე და მწერალი ერნსტ რენანი თავის ცნობილ წიგნში “იესო ქრისტეს ცხოვრება და შემოქმედება” წერს, რომ იესო ნამდვილი მოვლენაა, იგი ბელადია, რევოლუციონერი, მეამბოხე, რომელიც აუჯანყდა დრომოჭმულ და ყავლგასულ რელიგიურ დოგმებს და შემოქმედებითად შეხედა ადამიანთა განვითარებისა და ცხოვრების წესს. მან ჩამოაყალიბა უკვდავი ათი მცნება, რომელთა კონსტიტუციურად განხორციელება დედამიწის ერთ მეექვსედზე უზრუნველყო ძე კაცისამ _ სტალინმა. “იესო ქრისტე თავის მოწაფეებზე ათი თავით მაღლა იდგა. ქრისტეს მოძღვრება მომავლის მეცნიერებაა, მისი მოწაფეების სახარებები კი ლეგენდებსა და ზღაპრებზე დაფუძნებული დებულებები”, _ შენიშნავს ერნსტ რენანი.

იყო თუ არა ასე სტალინის შემთხვევაში? ეს რომ ასე იყო, პრეზიდენტ დე გოლის შეფასებიდანაც ჩანს, მაგრამ უფრო ნიშანდობლივია ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის შემაჯამებელი მოხსენება, რომელშიც დოკუმენტურადაა დასაბუთებული სტალინის ზებუნებრივი და ჯადოსნური აზროვნება, რომ ატომური ბომბის ჩაგდება საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შედეგს არ გამოიღებს.

სერგო ორჯონიკიძე და სტალინი
სერგო ორჯონიკიძე და სტალინი

იყო თუ არა სტალინი “ღვთისგან ბოძებული ბელადი” (ასე უწოდებს მართლმადიდებლური ეკლესია სტალინს)? _ იყო. სტალინი ირონიულად უყურებდა დარბაზს, როდესაც ტაშითა და ოვაციებით ხვდებოდნენ მას და გაიძახოდნენ “ველიკომუ სტალინუ ურა!”. პოლიტბიუროს წევრების ხშირი გამასპინძლება სტალინისთვის სამუშაო პროცესის გახანგრძლივების მოხერხებული მეთოდი იყო. ადვილი წარმოსადგენია, რა გუნება-განწყობაზე იქნებოდა სტალინი, როდესაც მთვრალი ხრუშჩოვი და სხვებიც მაგიდის გარშემო ცეკვავდნენ, მაგრამ მასპინძელს ესეც სჭირდებოდა. მთვრალი ნიკიტას ბოდვიდან ის რაციონალურ მარცვალს იღებდა, სხვებისგანაც. პოლიტბიუროში იყვნენ ადამიანები, რომლებიც სტალინთან ტოლობის ნიშანს სვამდნენ; იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ხვდებოდნენ, რომ სტალინის შემთხვევაში სხვა ფენომენთან ჰქონდათ საქმე.

1929 წელს სტალინმა საბოლოოდ გადაწყვიტა, შეემუშავებინა ქვეყნის აღმშენებლობის თავისებური წესი და პროგრამა. შინაურ მტრებზე გამარჯვებამ და ხალხში უდიდესი პოპულარობის მოპოვებამ ათქმევინა სტალინს, რომ ქვეყანაში გარდატეხის წელი დაიწყო. როგორც შემდგომ გაირკვა, ეს იყო 1929 წელი, და ის არა მხოლოდ, უბრალოდ, გარდატეხის, არამედ დიადი გარდატეხის წელიც ყოფილა.

1934 წლის 26 იანვარს პარტიის მე-17 ყრილობა უნდა გამართულიყო. ყრილობის ძირითადი მოხსენების მასალებზე ყველა უწყება მუშაობდა, ძირითადი სამუშაო კი სტალინს ჰქონდა დაკისრებული. თავისი შორი გათვლებითა და სერიოზული ანალიზით სტალინის ყურადღება აკადემიკოსმა ევგენი ვარგამ მიიქცია, რომელთანაც ხშირი და საქმიანი ურთიერთობა დაამყარა. ასევე აქტიურად გამოიყენა იგი მე-17 ყრილობის მოხსენების მომზადების საქმეშიც.

სტალინს აკადემიკოს ვარგასადმი რწმენა იმანაც განუმტკიცა, რომ მეცნიერმა პირველმა იწინასწარმეტყველა და გათვალა 1929 წლის ოქტომბერში ნიუიორკის ბირჟის დაცემის ამბავი. ევგენი ვარგა ბუდაპეშტის უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი იყო. მას შემდგომ სტალინმა შეუქმნა ინსტიტუტი, რომელიც, სტალინის მითითებით, მსოფლიოს ეკონომიკური დაზვერვის სამსახური იყო და დაკვეთებს უშუალოდ სტალინისგან იღებდა. აკადემიკოს ვარგას ინსტიტუტში თანდათანობით გადადიოდა დაზვერვის თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი.

ამავე წელს საბჭოთა დაზვერვამ ხელში ჩაიგდო იაპონიის ელჩის წერილი, რომლის გაშიფრვის შემდეგ გაირკვა, რომ იაპონია არ გამორიცხავდა საბჭოეთზე თავდასხმას, რაც დაუყოვნებლივ მოახსენეს სტალინს. სტალინი განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდა იაპონიის საკითხს და ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ლოიალურობა გამოეჩინა ამ ქვეყნის მიმართ, რათა აღმოსავლეთით მდგომარეობა არ გართულებოდა, რაც მომაკვდინებელი დარტყმა იქნებოდა სუსტი ქვეყნისთვის.

ამ მძიმე ინფორმაციის შეტყობის შემდეგ სტალინმა სხვა სტრატეგია აირჩია და სრულიად მშვიდი და დამაჯერებელი ტონით განაცხადა:

“იაპონიის მიერ გადადგმულ ნაბიჯზე პასუხისმგებლობა დაეკისრება იაპონიის მთავრობას, რომელიც მკაცრად დაისჯება”. ეს ნიშნავდა, რომ სტალინმა არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სამხედრო თვალსაზრისითაც აღმოსავლეთში სტაბილური მდგომარეობა შექმნა.

აკადემიკოსი ევგენი ვარგა
აკადემიკოსი ევგენი ვარგა

სხვადასხვა გარემოების გამო საფრანგეთის დამოკიდებულებაც იცვლებოდა საბჭოეთისა და სტალინის მიმართ. ფრანგებმა სტალინს ავიაციის სფეროში თანამშრომლობაც შესთავაზეს. ეს ძალზე მნიშვნელოვანი იყო პირადად სტალინისთვის, რადგან საავიაციო საქმეს უშუალოდ ის განაგებდა. ასე რომ, 4 წლის განმავლობაში ეკონომიკურად და მორალურად გატეხილი საბჭოეთი 1933 წელს ფეხზე წამოდგა და მსოფლიოს დიდი სახელმწიფოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ქვეყანაში უხვი მოსავლის მიღებამ კიდევ უფრო წაახალისა საბჭოთა ხალხი და კიდევ უფრო მიუახლოვდა იგი საბჭოთა პარტიასა და მთავრობას. ამერიკამ სტალინს მოლაპარაკება შესთავაზა, რამაც აღაფრთოვანა თვით მაქსიმ გორკიც: “ამერიკელებმა ძალიან გამახარეს, ბრავო! გადაწყვეტილება დროულად მიიღეს, როგორც ჩანს, იაპონელებისთვის ცხოვრება მოსაწყენი გახდა, ჩვენ კი შედარებით “იღბლიანად” ვცხოვრობთ”.

წარმატებას წარმატება მოსდევდა, მაგრამ, სადაც წარმატებებია, იქ წარუმატებლობაც ამოყოფს ხოლმე თავს. ქვეყანა უხვი მოსავლის ასაღებად ემზადებოდა. გლეხობა მინდორ-ველად იყო გასული. ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ ასეთი მოსავალი იმედს უნერგავდა გლეხობას და გულს უხარებდა. ქარხანა “კომუნარის” კომბაინებით მოფენილი იყო პურის მწარმოებელი მხარეები, მაგრამ კომბაინებს არ მოჰყვებოდა დასაკომპლექტებელი ნაწილები, რომლებიც ცალკე ყუთებით იგზავნებოდა. სახალხო კომისართა საბჭოში წერილი წერილზე მიდიოდა შექმნილი საგანგაშო მდგომარეობის გამო. მოლოტოვმა გადაწყვიტა, პოლიტბიუროზე განეხილათ ეს საკითხი, მკაცრად დაესაჯათ დამნაშავეები და დაესახათ საქმის უსწრაფესად გამოსწორების გზები. მანამდე კი ქვეყნის გენერალურ პროკურორ ი. ა. ოკულოვს “კომუნარის” ხელმძღვანელების დაპატიმრება და პასუხისგებაში მიცემა დაავალა. დნეპროპეტროვსკის სამხარეო კომიტეტის მდივანმა მ. ი. ხატაევმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ბრალდება რკინიგზაზე გადაჰქონდა, მან რამდენიმე მისამართზე გაგზავნა წერილი, მაგრამ უშედეგოდ. 1933 წლის 16 აგვისტოს სისხლის სამართლის უმაღლეს კოლეგიაში მოსმენა დაიწყო. ბრალი ერთდროულად ედებოდა როგორც რიგით, ისე ხელმძღვანელ ამხანაგებსაც. ამ დროს სტალინი სოჭში ისვენებდა, მას კაგანოვიჩმა ყველაფერი წერილობით შეატყობინა.

“კომბაინების არაკომპლექსური გადაზიდვების საქმეზე ჩვენს შეკრებას კამათის გარეშე არ ჩაუვლია. საქმე ისაა, რომ ვიშინსკიმ თავის სიტყვაში “დისციპლინა, აღრიცხვა და კონტროლი” ყველა წამყვანი პირის შესახებ საკმაოდ ნათლად მიგვანიშნა. ამხანაგმა სერგომ პროტესტი გამოხატა და საკითხის განვრცობა მოითხოვა. განხილვის პროცესში გაირკვა, რომ მოლოტოვს ყველაფერი “პრავდაში” დაბეჭვდამდე ჰქონდა წაკითხული და აკულოვი პროცესის დროს მას რამდენჯერმე ეთათბირა. ასე რომ, გასაგებია, ამ განხილვას რაიმე მნიშვნელობა ჰქონდა თუ არა, თუმცა ორივე მხარე ცდილობდა, თავშეკავებული ყოფილიყო. ჩვენ მივიღეთ მოკლე დადგენილება, რომელშიც ვაღიარეთ, რომ ვიშინსკის ეს სიტყვა არასწორი იყო” (სტალინი და კაგანოვიჩი. 1931-36 წლების მიმოწერა. გვ. 315).

პოლიტბიუროზე ვიშინსკიმ უმაღლესი ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენა, მას ორჯონიკიძის ცხარე გამოსვლა მოჰყვა და შელაპარაკებაში გადაიზარდა.

ისარგებლა რა თავისი უზარმაზარი ავტორიტეტით, ორჯონიკიძემ გააკრიტიკა როგორც გენერალური პროკურორი, ისე ვიშინსკიც, რითაც მიაღწია იმას, რომ ხელმძღვანელობის საკითხის განხილვა ამოეღოთ დადგენილების პროექტიდან და გადაედოთ. ამის შესახებ სტალინს მოლოტოვმა მისწერა. აღშფოთებულმა სტალინმა იმავე დღეს უპასუხა მოლოტოვს:

“ვიშინკის მიმართ სერგოს გამოსვლას ხულიგნობად ვთვლი. როგორ დაუთმე? გასაგებია, რომ სერგოს თავისი წინააღმდეგობით ცენტრალური კომიტეტის კამპანიის ჩაშლა უნდოდა. რაშია საქმე? კაგანოვიჩმა გვიღალატა? როგორც ჩანს, გვიღალატა. და არამხოლოდ მან” (სტალინის წერილები მოლოტოვს. 1925-36 წლები. დოკუმენტების კრებული. გვ. 247). პოლიტბიუროს სხდომა ჩატარდა, მხოლოდ ვიშინსკის მიმართ უხეში გამონათქვამები ჩასწორდა. სხვა მოლოტოვისთვისაც მიუწვდომელი გახდა. სტალინმა ყველაფერი შეიტყო.

28 აგვისტოს მოსკოვში დეპეშა გაგზავნა:

“ცენტრალური კომიტეტი. კაგანოვიჩს. მოლოტოვს. ორჯონიკიძეს. პოლიტბიუროს წევრებისთვის. კაგანოვიჩის წერილიდან შევიტყვე, რომ ვიშინსკის გამოსვლა ერთ ეპიზოდში აღიარეთ არასწორად, სადაც არაკომპლექტური პროდუქციის მიწოდებისთვის სახკომების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. ვთვლი, რომ ასეთი გადაწყვეტილება არასწორი და მავნებელია. არასრული პროდუქციის გადაცემა და მიღება უხეში დარღვევაა. რა თქმა უნდა, მსგავსი დარღვევებისთვის პასუხისმგებლობა სახკომებსაც ეკისრებათ. სამწუხაროა, რომ კაგანოვიჩი და მოლოტოვი ბიუროკრატიულ ძალას წინ ვერ აღუდგნენ” (სტალინი და კაგანოვიჩი. 1931-36 წლების მიმოწერა. გვ. 318). 1 სექტემბერს პოლიტბიურომ წინა დადგენილება შეცვალა, ამ სხდომაზე ორჯონიკიძე არ იმყოფებოდა, შვებულებაში იყო.

პოლიტბიუროზე ორჯონიკიძის არყოფნა დამცირებისთვის თავის არიდების მიზნით უფრო იყო განპირობებული. წინა პოლიტბიუროს სხდომაზე გამარჯვებული სერგო მომდევნო პოლიტბიუროს სხდომაზე გაამტყუნეს. სოჭში მყოფ სტალინს გაახსენდა 1920-იან წლებში სერგოს თავხედური თავდასხმები საქართველოში, რომელიც 2 წლის განმავლობაში იხილებოდა ცენტრალურ კომიტეტში ლენინის ხელმძღვანელობთ, სანამ სტალინმა პრინციპულად არ დააყენა საკითხი: “პოლიტბიუროს თავი დაენებებინა უსაგნო საუბრისთვის და საქმეზე გადასულიყო”. ასე დამთავრდა გახმაურებული “ქართული საქმე”. არა მხოლოდ “ქართული საქმეში”, სხვა გადაცდომასა და თვითნებობაში გამტყუნებული სერგო ბევრჯერ გადაურჩენია სტალინის ავტორიტეტს მკაცრი სასჯელისგან. ამჯერად კი ცეკას მიერ ძლივს დაქოქილი კამპანია სერგოს ჭირვეულობისა და პატივმოყვარეობის გამო უნდა ჩაშლილიყო. თუ ადრე სტალინი სერგოს ლენინისა და ტროცკისგან იცავდა, ახლა სერგოს დამცველი პიროვნება პოლიტბიუროში აღარ მოიძებნებოდა. სტალინისთვის პოლიტბიუროს სხდომაზე დარღვეული სამართლიანობის აღდგენა არ კმაროდა, მან, ეტყობა, ძველიც გაიხსენა, ახალი ინფორმაციაც დაუმატა და მოსკოვში შემდეგი შინაარსის დეპეშა გაგზავნა:

არ შეიძლება სერგოს საქციელს ანტიპარტიული არ ვუწოდოთ, რამდენადაც მის ობიექურ მიზანს ცენტრალური კომიტეტის მოწინააღმდეგე რეაქციული პარტიული ელემენტების დაცვა წარმოადგენს. სინამდვილეში მთელი ქვეყანა პროდუქციის არაკომპლექტურობაზე ლაპარაკობს. პარტიამ საქმის გამოსასწორებლად ღია სადამსჯელო კამპანია დაიწყო. მთავრობისა და პარტიის გადაწყვეტილების დამრღვევ მტრებს განაჩენი უკვე გამოუტანეს. სერგო კი, რომელიც ამ დარღვევებზეა პასუხისმგებელი, იმის ნაცვლად, რომ ცოდვები მოინანიოს, პროკურორის წინააღმდეგ დარტყმას ახორციელებს. რატომ? რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ რეაქციული პარტიების მორალური მხარდაჭერა უზრუნველყოს და ცენტრალური კომიტეტის პრაქტიკულ ხაზს სახელი გაუტეხოს” (სტალინის წერილები მოლოტოვს. ., 1995. გვ. 248,249).

ეს უკვე სერიოზული განხეთქილება იყო სტალინის ჯგუფში. სტალინი კვლავ იმეორებდა: “რატომ მაინცდამაინც კრემლში ჩემი არყოფნისას დაუშვეს ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი პირების გაპარპაშება?”

ვისი დამსახურებით _ ეს კიდევ საკითხავია, მაგრამ საბჭოთა მრეწველობა არნახულ წარმატებებს აღწევდა, რასაც უნდა შეენელებინა სტალინის წყრომა ორჯონიკიძის მიმართ. 1933 წლის 30 სექტემბერს პირველი საჰაერო ბურთი “საბჭოთა კავშირი” რეკორდულ სიმაღლეზე ავიდა. იმავე დღეს დასრულდა 23 ავტომობილის რბოლა მარშრუტით ყარაყუმი-მოსკოვი. მსოფლიო ხედავდა, რომ სტალინის იდეა სოციალიზმის მშენებლობის შესახებ უმაღლეს მწვერვალებს იპყრობდა…

26 სექტემბერს სამხედრო დაზვერვის უფროსმა ი. ბერეზინმა სტალინს წარუდგინა აგენტურის მიერ მოპოვებული გენერალ ბაიბელბერგის მოხსენება, რომელიც გერმანელი სამხედროების საბჭოთა კავშირში შემოსვლას ეხებოდა:

“1. არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ შიმშილობის გამო რუსეთში საბჭოთა ხელისუფლება დაემხობა;

2.ხელახლა აშენებული სამრეწველო საწარმოები ყველგან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. საბჭოთა კავშირი უახლოეს 10 წელიწადში მიზანს მიაღწევს _ უცხოეთზე დამოკიდებულებისაგან სრულიად გათავისუფლდება;

3.საბჭოთა გეგმების გრანდიოზულობის გათვალისწინებით, წითელ არმიასა და საბჭოთა სამხედრო მრეწველობასთან ერთობლივი მუშაობა უკიდურესად სასურველია, არა მხოლოდ სამხედროპოლიტიკური, არამედ სამხედროტექნიკური თვალსაზრისის მხრივაც” (იუ.დიაკოვი, .ბუშუევა. “ფაშისტური ხმალი საბჭოთა კავშირში იჭედებოდა”. 1992. გვ.315).

ბერეზინის მოპოვებული მასალა სტალინისთვის ვოროშილოვის მიერ მიწოდებული მასალის შინაარსს დაემთხვა.

სტალინს გერმანიასთან ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობის დამყარების იმედი აღარ ჰქონდა და გადაწყვეტილება მიიღო, შეეწყვიტა ამ ქვეყანასთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა. გერმანელები გაოგნებული იყვნენ სტალინის ამ გადაწყვეტილებით და მას მიაწერდნენ საფრანგეთის აქტიურობას, მოეგვარებინათ სტალინთან ურთიერთობა.

1933 წელს კანცლერის პოსტზე ჰიტლერის მოსვლის შემდეგ, ნელა, მაგრამ მაინც დაიწყო ტროცკიმ გააქტიურება. საბჭოთა კავშირიდან გაძევებულმა და თურქეთში გადასულმა ტროცკიმ თურქეთი დატოვა და მოქმედების არეალის გასაფართოებლად საფრანგეთს მიაშურა _ მას საფრანგეთში ცხოვრების უფლება მისცეს.

სტალინი დარწმუნერბული იყო, რომ გერმანიათან ომი გარდაუვალი იყო და ამიტომ შუაგულ ევროპაში ტროცკის გააქტიურებას სახიფათოდ მიიჩნევდა. მაგრამ ამ საფრთხის მოგვარებამდე სტალინს უამრავი საზრუნავი ჰქონდა: ქვეყნის მომარაგება ნავთობით, პურით, ჯარის შეიარაღება… არანაკლებ აწუხებდა გერმანიაში გამართული ბულგარელი კომუნისტების ლიდერის, გიორგი დიმიტროვის, სასამართლო პროცესი, რომელსაც ბრალად ედებოდა რაიხსტაგის შენობის დაწვა.

სტალინის სოჭში ყოფნისას უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვისას ყველასგან მოულოდნელად საუბარში ბერიას გვარი ამოტივტივდა.

ბერიამ პირადად სტალინისთვის რამდენიმე წერილი მოამზადა და თვითონვე გადასცა. წერილებში მოყვანილი ფაქტები ნათლად უჩვენებდა სტალინს, რომ ბაქოში ნავთის წარმოება ცუდად მიმდინარეობდა. ბერია ამ ნაბიჯით ორჯონიკიძის კომპეტენციაში იჭრებოდა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან იგი სახელმწიფოებრივად უდგებოდა საკითხს. ბერიას მასალების გაცნობის შემდეგ სტალინმა შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა კაგანოვიჩს:

“ბაქოს ნავთობის საქმე ცუდადაა, წელს 15 მლნ ტონა ნავთობს მოვიპოვებთ, მომავალში 21-22 მლნ. უნდა მოვიპოვოთ… ნავთობის მთავარსარდალს სძინავს, სერგო ორჯონიკიძე კი თავის დაძვრენას ტყუილი დაპირებებით ცდილობს. დიდი სირცხვილის წინაშე აღმოვჩნდებით, თუ საქმეს დაუყოვნებლივ არ შევუდგებით და მიღებული ზომების შესახებ ყოველ სხდომაზე ანგარიშს არ წარმოგვიდგენენ…” (სტალინი და კაგანოვიჩი. მიმოწრა. 1931-36 წწ. გვ.395).

ნათელია, რომ სტალინსა და ორჯონიკიძეს შორის ურთიერთობა გაფუჭდა, რაც გარკვეევით არის ჩამოყალიბებეული ზემოთ მოყვანილ წერილში. “პრავდას” რედაქციაში გაგზავნილი წერილები კავკასიის ნავთობის, ბამბისა და აფხაზეთის თამბაქოს წარმატებების შესახებ იბლოკებოდა და არ იბეჭდებოდა. ამის შესახებაც, როგორც ირკვევა, ფარული გზებით ბერიამ სტალინს მოახსენა. რასაც მოჰყვა სტალინის წერილი მოლოტოვისა და კაგანოვიჩის სახელზე:

“დროა, ამ არეულობას ბოლო მოვუღოთ; დროა, მივაღწიოთ, რომ “პრავდაში” ხელმძღვანელი თანამდებობები არ ეკავოთ მემარცხენე ბურჟუაზიულ რადიკალებს _ კოსტანიანს, ლომინაძესა და სხვებს.

1933 წლის ბოლოს სსრკ-ის სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიაში სტალინს წლის ანგარიში წარუდგინა. სტალინმა გაცილებით მეტი იცოდა გერმანიის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის მდგომარეობის შესახებ, ვიდრე მას ელჩი ატყობინებდა, მაგრამ ერთი საინტერესო ფაქტი მაინც იპოვა ელჩის მოხსენებაში, სადაც ნათქვამი იყო, რომ 1933 წელს გარდაცვლილმა გერმანელმა გენერალმა ჰანს ფონ სეკტამ დატოვა ანდერძი, რომელშიც იგი წერს, რომ ინგლისი და საფრანგეთი გერმანიის მუდმივი მოწინააღმდეგეები იყვნენ, რომ პოლონეთსა და გერმანიას შორის მეგობრობა არასოდეს იარსებებს და რომ სსრკ-თან შეთანხმება აუცილებლად უნდა მოხდეს, რადგან ბოლშევიზმის “ძლიერი ნახტომი” ანგარიშგასაწევია”.

სტალინს დიდად ესიამოვნა გარდაცვლილი გენერლის ანდერძის წაკითხვა.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here