Home რუბრიკები ისტორია სტალინის პორტრეტისთვის

სტალინის პორტრეტისთვის

1931-1941 წლები. იდუმალების სამყარო

1403
რუზველტი-სტალინი

მარცხით, საოცარი გამარჯვებებით, ღალატითა და წყალქვეშა დინებებით გამორჩეული ათწლედი სტალინის პოლიტიკური და ეკონომიკური აზროვნების მწვერვალია. გასული საუკუნის 30-იან წლებს დრამატურგიც, რეჟისორიც, შემსრულებელიც და მეისტორიეც ერთი ჰყავდა.

ვიდრე არქივები გაიხსნებოდა და მკვლევარები ჯადოსნურ სარკეში ჩაიხედავდნენ, 1930-იანი წლების ისტორიული მოვლენების აღწერა, გაშუქება და ანალიზი ჰგავდა ბნელ ოთახში ძებნას კატისა, რომელიც იქ არ იყო. ნუთუ შესაძლებელია, ერთ ადამიანს ერთდროულად ეფიქრა არქტიკის ათვისებაზე, “საჰაერო ტანკის” კონსტრუქციაზე, მდინარე მოსკოვის ქვეშ მეტროპოლიტენის გაყვანის ტექნოლოგიურ პროცესებზე, აკადემიკოს ბერგთან ერთად ემუშავა სრულიად ახალ დარგზე აერონავიგაციაში, პარალელურ რეჟიმში ერედაქტორა შალვა ნუცუბიძის ქართულიდან რუსულ ენაზე ნათარგმნი “ვეფხისტყაოსნისთვის” და ქართულიდან რუსულად ეთარგმნა ჩახრუხაძე თავისი ჩახლართული რითმებითა და გამოთქმებით; 1933 წლის იანვრის პლენუმზე კი რკინის ლოგიკითა და მკაცრი ხელით ეწარმოებინა პარტიის გენერალური წმენდა?! პარტიას ჩამოაშორეს 4 მილიონზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბევრი იყო მოღალატე, გამცემი, სუსტი ნებისყოფის, რომლებსაც დემორალიზაცია შეჰქონდათ არა მხოლოდ პარტიაში, არამედ საზოგადოებაში. ეს ხომ ქვეყნის გარედან მოქმედი მტრების კარგად გათვლილი ფარული დივერსია იყო ქვეყნის შიგნით. “ისტორიკოსთა” კვლევებს სტალინის შესახებ დაუჯერებელ ამბებამდე მივყავართ _ თითქოს სტალინის მკაცრი ხელი და პარტიის წმენდა “კუდიანებზე” ნადირობას ემსახურებოდა. არადა, დღის სინათლეზე ფაქტების გამოტანის შემდეგ ყველასთვის ნათელი შეიქნა, რომ სტალინი ებრძოდა არა კუდიანებს, არამედ პარტიაში მოკალათებულ უუნარო და უცოდინარ კასტას, რომელსაც ვერაფრით ასწავლა საზოგადოებასთან მუშაობა და მასების მართვა.

კიევსა და ჩრდილოკავკასიაში პარტიული და სამეურნეო მუშაობის სტილი და მეთოდები, რომლებიც იქ სტალინის ემისრებმა ნახეს, იყო ქვეყანაში შექმნილი ხალხის მართვის “ადმინისტრაციული ქაოსის” კლასიკური ნიმუშები, რომლებიც ერთიან ძალად უნდა გარდაქმნილიყო, რაც სახელმწიფოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჩამოშლას გამოიწვევდა. ქვეყნის ღალატის სწორედ ამ და სხვა მაგალითებმა (1924 წელს კიროვის წინააღმდეგ ჩადენილმა ტერაქტმა) აიძულა სტალინი, 1937 წელს პარტიაში დაეწყო გენერალური წმენდა.

წმენდის პირველივე დღეებში გამოჩნდა, რომ ქვეყნის ზოგიერთ უზარმაზარ რეგიონს განაგებდნენ ქურდბაცაცები, მფლანგველები, უცხო ქვეყნის სამსახურში ჩამდგარი ადამიანები. სტალინმა გადაჭრით მოითხოვა ქვეყანაში მოქმედი ყველა თანამდებობის პირზე დოსიეს შედგენა, რათა საბოლოოდ გარკვეულიყო თეთრი და შავი. სტალინის ყოველწამიერი დაძაბული მუშაობა ყველა კუთხეკუნჭულს წვდებოდა. სტალინის ხელში ხვდებოდა ქვეყნისთვის საზიანო მცდელობა თუ ოდნავ საეჭვო ჩანაფიქრი.

სტალინის საქაღალდეში აღმოჩნდა კრასნოურალსკისა და კალატინსკის სპილენძის კომბინატის სამეწარმეო საქმიანობის უფროსის _ ლ. პ. სერებრიაკოვის ორჯონიკიძისადმი მიწერილი წერილი, რომელშიც აღნიშნავდა:

კალატინსკში მთელი ზედა ფენა გასაწმენდია, რასაც სწორედ ამ წუთებში ვაკეთებთ. სიცრუის, ტყუილისა და თვალის ახვევის დრო უნდა მოისპოს. მათი ტყუილების მოსმენა უკვე ყველანაირ ზღვარს სცდება, შესრულებული სამუშაოების შესახებ ჟურნალში დაბეჭილი ოფიციალური წერილებიც კი არასწორადაა გადმოცემული. საჭიროა მკაცრი ზომების გატარება, ხალხმა თავი აიშვა და სრულ ქაოსში გადაეშვა”.

აქ გამოყენებული “მკაცრი ზომები” სერებრიაკოვისგან არ უნდა მოდიოდეს, იგი ხშირად ხვდებოდა სტალინს და შექმნილი მდგომარეობის შესახებ, ალბათ, არაერთხელ უხსენებია ბელადს “მკაცრი ზომები”. 1933 წლის დეკემბერში სტალინს ტროცკისტული ორგანიზაციის მუშაობის მიმდინარეობაზე წარუდგინეს მოხსენება, რომელშიც ადასტურებდნენ, რომ ტროცკისტულ ორგანიზაციაში ერთ-ერთ ძირითად ხაზს სმირნოვი აკონტროლებდა. ტროცკის საარქივო მასალების შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ სმირნოვი ნამდვილად იყო ერთ-ერთი დაჯგუფების შემქმნელი, სწორედ მან გაასაჯაროვა თავისი მოსაზრება “ოპოზიციის ბიულეტენში”: “სტალინმა ჩიხში შეგვიყვანა, მისი ლიკვიდაციის გარეშე გზას ვეღარ გავიკვლევთ. სტალინი უნდა მოვაშოროთ”.

სტალინი სიმამაცით გამოირჩეოდა, მას სიკვდილის შიში, დიდი ხანია, დაძლეული ჰქონდა, მაგრამ აშინებდა, რომ ქვეყანაში არ იყო დამყარებული წესრიგი და ხალხი არ იყო უზრუნველყოფილი, რაც მისი საფიქრალი გახლდათ.

სტალინის ფიქრი, აგრეთვე, დატრიალებდა გერმანიას. აინტერესებდა, რა ხდებოდა იქ. გამოიყენებდა თუ არა გერმანია ვითარებას, საბჭოეთის ჯერ კიდევ სუსტ ეკონომიკურ მდგომარეობას და თავს დაესხმებოდა მას. ასეთ შემთხვევაში გერმანიას სმირნოვის “დახმარება” აღარ დასჭირდებოდა, მაგრამ ეკონომიკურმა კრიზისმა გერმანიასაც დარია ხელი და იქ ორი დიდი საპროტესტო ტალღა აგორდა: ერთი _ კომუნისტების ერნსტ ტელმანის ხელმძღვანელობით, მეორე _ ნაციონალ-სოციალისტების ადოლფ ჰიტლერის მეთაურობით.

ჰიტლერმა გერმანიის კომუნისტურ პარტიაზე გაიმარჯვა და თანაც როგორ! _ პოლიციელებმა უზარმაზარი საპროტესტო კოლონები ხელკეტებით დაშალეს. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც ნაცისტები უწინდებურად რადიკალური მეთოდებით მოქმედებდნენ. 1933 წლის 30 იანვარს ჰიტლერი კანცლერად აირჩიეს. ამასთანავე, მთავრობაში თანამდებობები მის მოწინააღმდეგე კონსერვატორებს ეკავათ. არჩევნები 5 მარტს დაინიშნა. 27 თებერვალს რაიხსტაგის შენობა დაიწვა, რაც კომუნისტებს დაბრალდათ. დაუყოვნებლივ აიკრძალა კომუნისტური და სოციალ-დემოკრატიული პრესა, დააპატიმრეს კომპარტიის ხელმძღვანელები. 5 მარტს გებელსი აღნიშნავდა: “ბატონებო, ჩვენ რეიხში და პრუსიაში ვართ, დანარჩენი ყველაფერი მიწასთან არის გასწორებული…” ნაცისტებმა 17 მლნ ხმა მოაგროვეს. მოკლედ, ნაცისტებმა პარლამენტში უპირატესობა მოიპოვეს და მალე დანარჩენი პარტიები აკრძალეს. სტალინის წინაშე კი გერმანიასთან ურთიერთობების მხრივ ახალი პოლიტიკის გატარების საკითხი დადგა. საჭირო იყო სასწრაფო ზომების მიღება, სანამ დასავლეთში ისეთი რამ არ მოხდებოდა, რაც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში საბჭოთა კავშირის პოზიციის დასუსტებას გამოიწვევდა. ამასთანავე, ბევრი გერმანელი მაღალჩინოსანი სამხედრო ემხრობოდა საბჭოეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას, ამიტომ სტალინისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას წარმოადგენდა გერმანიასთან აღდგენილი ურთიერთობის გაგრძელება და არა მისი გადახედვა. 1933 წელს მოსკოვში იმყოფებოდა გერმანელი გენერალი ტომასი, რომელმაც დაადასტურა გერმანელი სამხედროების პოზიცია. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ ტომასის დაბრუნების შემდეგ ჰიტლერმა მოულოდნელად განაცხადა, რუსეთი ყოველთვის დამანგრეველ ძალას წარმოადგენდაო.

როდესაც ევროპაში ახალი მიწებისდაპყრობზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, მხედველობაში რუსეთი და ის გარშემომყოფი სახელმწიფოები უნდა ვიქონიოთ, რომლებიც მას ემორჩილებიან. ბოლშევიკების მიერ რუსეთის ხელში ჩაგდებით განგებამ რუსი ხალხი იმ ინტელიგენციის გარეშე დატოვა, რომელზეც მისი არსებობა იყო დამყარებული და ამასთანავე, მის სიმტკიცეს წარმოადგენდა”, _ დაწერა ადოლფ ჰიტლერმა წიგნშიჩემი ბრძოლა”. სტალინის ბიბლიოთეკაში ჰიტლერის ამ ნაშრომის თარგმანი ინახებოდა და, ალბათ, წაკითხულიც ჰქონდა, მაგრამ რის გაკეთება შეეძლო იმ მომენტში მას? ჰიტლერმა, ერთი მხრივ, გამოაცხადა, მარქსიზმის სრულად გასანადგურებლად თავს 6-8 წლის ვადას ვაძლევ, აღმოსავლეთში კი გერმანელი ხალხის მიზანი შეიარაღებული ხელით იქნება მიღწეულიო. მეორე მხრივ კი, ფიურერი ირწმუნებოდა, რომ: “ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს ვერაფერი გაანადგურებდა, თუ, რა თქმა უნდა, მოსკოვი გერმანიაში კომუნიზმის პროპაგანდას არ დაიწყებდა”. ფიურერის ყველა ეს შეფასება სტალინის ყურამდე მიდიოდა; დაზვერვის სამსახურების დახმარებით კი ხედავდა, რომ მსოფლიო მოქმედების ახალ ფაზაში გადადიოდა.

ჰიტლერის მიერ დასახელებული ვადა ომის დაწყების შესახებ სტალინის პროგნოზს ემთხვეოდა.

რუზველტი მეტად რეალისტი იყო. მისმა მთავარმა პრინციპმა შემდეგ ფრაზაში ჰპოვა გამოხატულება: “მოდი, ჩვენი ძალისხმევა ერთი რაღაცისკენ მივმართოთ _ გადავარჩინოთ ქვეყანა და ხალხი და, თუ ამისთვის საკუთარი თვალსაზრისის შეცვლა დღეში ორჯერ მოგვიწევს, ეს მაინც გავაკეთოთ”. ამერიკისა და გერმანიის ხელისუფლებებში თითქმის ერთდროულად მოვიდნენ ახალი ადამიანები, ახალი იდეებით.

 1933 წლის 15 თებერვალს რუზველტს თავს დაესხნენ. მას ესროლა იტალიელმა უმუშევარმა ემიგრანტმა, რომელმაც განაცხადა, რომ სძულდა ყველა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე და მდიდარი. რუზველტი გადარჩა. თებერვალში ამერიკას თავს კიდევ ერთი საშინელი ამბავი დაატყდა, ეს იყო ყველასთვის წარმოუდგენელი საფინანსო კატასტროფა, რომელსაც “დიდი დეპრესია” უწოდეს. 1933 წელს აშშ-ში ხუთი ათასზე მეტი ბანკი დაიხურა. დარჩენილი ბანკები ფულად მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა და ისინიც ერთი მეორის მიყოლებით იხურებოდა. 14 თებერვალს მიჩიგანის გუბერნატორმა შტატის ყველა ბანკის დახურვის ბრძანება გასცა. ქვეყანა პანიკამ მოიცვა. მარტის დასაწყისში აშშ-ის ყველა ბანკი დაიხურა და კაპიტალიზმი სასიკვდილო სარეცელზე აღმოჩნდა.

4 მარტს რუზველტმა პრეზიდენტის ფიცი დადო და პირველი, რაც გააკეთა, ისე, რომ არ შეშინებია, ბანკებს სუბსიდიები გამოუყო; ოქროს დოლარის თავისუფლი მიმოქცევა დააწესა და იმ პირებს, რომლებიც ოქროს ქაღალდს ასიგნაციებში არ გადაცვლიდა, 10 წლით თავისუფლების აღკვეთითა და ფულადი ჯარიმებით დაუემუქრა.

საბანკო კანონმდებლობის შემოღებამ ამერიკაში საფინანსო კრიზისს ბოლო მოუღო. პრეზიდენტმა მოკლე ვადაში მიიღო სხვა კანონებიც, რომლებმაც სოფლის მეურნეობაში ვითარება დაარეგულირა. უმუშევრები საზოგადოებრივი სამუშაოებზე დაასაქმეს, დაიწყო სახელმწიფო წარმოების აღდგენა, მუშახელმა პროფკავშირთა ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების უფლება მოიპოვა (ეს უკვე რუზველტ-სტალინის ერთობლივი კონსულტაციების შედეგი იყო). მიუხედავად იმისა, რომ რუზველტს ბრალს სდებდნენ სოციალისტური მეთოდების გატარებაში, იგი რეფორმას მაინც განაგრძობდა. მდინარე ტენესის მდელოების ათვისების გეგმის შესრულება, როგორც მისი ოპონენტები ამბობდნენ, “საბჭოთა გეგმების ზუსტი ასლის მიხედვით მიმდინარეობდა” (და ზუსტად ასე იყო). აღსანიშნავია, რომ სტალინიც და რუზველტიც სახელმწიფო გეგმების მიხედვით მოქმედებდნენ _ ეკონომიკური პოტენციალის ზრდას ორივე უკიდურესად ექსტრემალურ პირობებში ახორციელებდა. სტალინის ჩღდილოეთის კოლონიზაცია და რუზველტის სახელმწიფო რეგულაციები ერთნაირ წესრიგს ეფუძნებოდა. მათ მიერ განხორციელებული ცვლილებების უკან სახელმწიფოს ნება იდგა, სტალინისა და რუზველტის სახელებს კი მუსოლინისა და ჰიტლერის სახელები სწორედ ამ ნიშნის მიხედვით არ მიუმატეს, თუმცა ყველა მათგანი იდეოლოგიური თვალსაზრისით ერთმანეთისგან განსხვავდებოდა.

ნაცისტებმა 1 მაისიშრომის დღედგამოაცხადეს, საბჭოთა კავშირში კი 1 მაისიმშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე იყო”. სხვაობა თვალსაჩინოა. რუზველტს, სტალინსა და ჰიტლერს ზოგჯერ ნაციონალებს უწოდებდნენ, რუზველტსამერიკელ შოვინისტადაცმოიხსენიებდნენ. ამაზე რუზველტი პასუხობდა, რომ ეს მას საშინაო პრობლემების მოგვარებაში ეხმარებოდა. საგარეო პოლიტიკას რაც შეეხებოდა, იგი ამერიკისთვის ტრადიციულ კურსს განაგრძობდა, რაც სხვა ქვეყნების საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნაბიჯებში გამოიხატებოდა. სწორედ ამიტომ, იაპონიისა და გერმანიის მხრიდან მუქარის მიუხედავად, საბჭოთა კავშირთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება გადაწყვიტა. სსრკსა და აშშ შორის შეთანხმებას ხელი მოეწერა 1933 წლის 16 ნოემბერს, თუმცა იმის წარმოდგენა, რომ იმ დღიდან აშშ და სსრკ მოკავშირეები გახდებოდნენ, დიდი შეცდომა იქნებოდა. საბჭოთა კავშირში ამერიკის ელჩმა უილიამ ბულიტმა ამერიკის პოზიცია სრული სიზუსტით წარმოადგინა: “თუ იაპონიასა და სსრკ შორის ომი დაიწყება, ჩვენ არ ჩავერევით და ძალებს ომის ბოლოს გამოვიყენებთ, რომ ბრძოლა რომელიმე მხარის გამარჯვების გარეშე დასრულდეს და ამ ორ ქვეყანას შორის წონასწორობა არ დაირღვეს”.

ხაზს ვუსვამთ, რომ მსგავსი პრაგმატული მსჯელობა ახასიათებდა ყველა ქვეყნის ლიდერს _ რუზველტს, სტალინსა და ჩერჩილს. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისას უ. ბულიტმა თქვა, რომ რუზველტის ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი საბჭოთა კავშირის აღიარება, ჰიტლერთან “ომის გაჩაღების არდაშვება” იყო. სტალინი ლიტვინოვის მეშვეობით აწარმოებდა რუზველტთან მოლაპარაკებას. საბჭოთა კავშირის კიდევ ერთი პრობლემა ომამდელ აღებულ ვალს შეეხებოდა. სტალინი მზად იყო, წინასწარი კრედიტის მიღების შემდეგ ეს ვალი გაესტუმრებინა, რაზეც რუზველტი დათანხმდა და ეს წინააღმდეგობაც გადაილახა. სტალინი ამერიკასთან ურთიერთობით, როგორც ჰიტლერის წინააღმდეგ შესაძლებელ მოწინააღმდეგესთან ურთიერთობით, შეიძლება ითქვას, თავს არ იტყუებდა.

სწორედ იმ პერიოდს ემთხვევა თეთრ ზღვაში სტალინის მგზავრობა, რომლის შესახებაც ფლოტის ადმირალი .. ისაკოვი იხსენებს: “ილუმინატორში ყურებისას, თითქოს საკუთარ თავს ესაუბრებაო, სტალინმა მოულოდნლად ასეთი რამ თქვა: “რა არის შავი ზღვა? _ რკინის სათლი. რა არის ბალტიის ზღვა? _ ბოთლი, რომლის საცობიც ჩვენ არ გვაქვს. აი აქ არის ზღვა. აქვეა ფანჯარაც! აქ უზარმაზარი ფლოტი უნდა იყოს და, თუ დაგვჭირდა, აქედან ინგლისსაც და ამერიკასაც ცოცხლად ავიყვანთ, სხვა არსაიდან”.

ადმირალი ისაკოვი სტალინის კიდევ ერთმა ფრაზამ დააინტერესა. აი რა თქვა სტალინმა: ყველაფერი, რაც თქვენ მიერ აქ ითქვა: ავიღებთ, გავიმარჯვებთ, მოვიპოვებთომს ნიშნავს, ომსმაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცით, ომი როდის იქნება. როცა იქნება, მაშინ იქნება, მანამდე კი ეს ჩრდილოეთია და ჩვენ ის უნდა ვიცოდეთ, უნდა შევისწავლოთ, ავითვისოთ, მივეჩვიოთ, დანარჩენზე შემდეგ ვილაპარაკოთ”.

არანაირი პათოსი! ან რა საჭირო იყო სამხედროებთან პათოსით საუბარი?! იცოდა, ჩრდილოეთის კოლონიზაცია რის ფასად დაუჯდებოდა. ღვთისგან მივიწყებულ პოლარულ წრეში, კურეიკაში თითქმის ექვსი წლის ცხოვრების შემდეგ კარგად იცოდა, რომ რუსეთი იყო ზამთრისა და თოვლის ქვეყანა, სადაც ცხოვრებას რუსები საუკუნეების განმავლობაში იყვნენ მიჩვეულები და უკვე მეგობრობდნენ კიდეც. მაგრამ შესაძლებელია კი მოკლე ვადაში ჩრდილოეთის კოლონიზაცია? რა ბიუჯეტია ამისთვის საჭირო? ამისთვის როგორი კადრები უნდა გყავდეს? სერგეი რადონეჟსკის მოწაფეების მიერ შექმნილი ჩრდილოეთის სამონასტრო კოლონიები, რომლებიც რუსეთის ეკონომიკურ და კულტურულ ბაზისს ჩაუყარეს საფუძველი, ნაბიჯნაბიჯ ვითარდებოდა, სანამ თეთრ ზღვამდე, სოლოვეცკის მონასტრამდე არ მიაღწია, სადაც დღეს განსაკუთრებული დანიშნულების ბანაკია მოწყობილი და პატიმრები ინდუსტრიალიზაციის გასავითარებლად მუშაობენ.

1930-იან წლებში სწორედ მათი გამოცდილება, კოლონიზაციის ძველი გამოცდილება იქნა გამოყენებული, დაწყებული თეთრი ზღვიდან, ბალტიის არხის მშენებლობით დასრულებული. დროის არქონისა და სახსრების ნაკლებობის გამო დაიწყეს პატიმართა და გადასახლებულთა ძალების გამოყენება, რაც, თავის მხრივ, ჰგავს გადაწყვეტილებას პეტრე დიდისა, რომელმაც გლეხების ურალში გადასახლება მეტალურგიული ქარხნების მშენებლობის დაჩქარების მიზნით მოითხოვა, რათა იარაღის წარმოებაში ხელი არ შეშლოდა. რით განსხვავდებოდა სტალინი პეტრე დიდისგან? საქვეყნო საქმისათვის ხომ ორივე სახელმწიფო ძალებს იყენებდა?

ასე იქცეოდა რუზველტიც. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ მისი ქვეყანა საბჭოთა კავშირზე უფრო თბილი და მდიდარი იყო. მხოლოდ ამ მხრივ განსხვავდებოდა სტალინი რუზველტისგან. თუ ამერიკის პრეზიდენტის წინაშე, რესურსების, სიმწირის კი არა, განაწილების პრობლემა იდგა, სტალინი ასჯერ რთული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ჰიტლერის გამოჩენა კი სტალინის მხრიდან ქვეყნის მოდერნიზაციის დაჩქარების მოთხოვნის საფუძვლიანობას ამყარებდა.

“ათი წელი! არა, ახლა უკვე შედარებით ნაკლები”, _ ფიქრობდა სტალინი კუნცევოს აგარაკის ღია ვერანდაზე და ღამეებს თეთრად ათენებდა. დღეს კი “მჩხიბავი” თანამედროვე პოლიტიკოსები თუ ისტორიკოსები სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს, როდესაც სტალინის პოლიტიკურ კულტურასა და მის ზებუნებრივ ნიჭს დასცინიან; იმის ნიჭი და ცოდნაც არ აქვთ, რომ გაჩერდნენ მაინც და ბოლომდე არ გამოამჟღავნონ თავიანთი სიბეცე და სხვა ქვეყნის სამსახურში ყოფნა.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here