Home რუბრიკები ისტორია სტალინის პორტრეტისთვის

სტალინის პორტრეტისთვის

1931-1941 წლები. იდუმალების სამყარო

1712
სტალინი

გასული საუკუნის 30-იანი წლების აუხსნელი და ტრაგიკული მოვლენა _ მეუღლის, ნადეჟდა ალილუევას, სიკვდილი _ სტალინის ტრაგიკულ ბედისწერად უნდა მივიჩნიოთ. სტალინს ადამიანური სიმშვიდისა და თვით ადამიანის მიმართ ადამიანური დამოკიდებულების დეფიციტი შეექმნა. ემიგრანტი მწერალი მარკ ალდამოვი ალილუევას სიკვდილის გამო წერდა: “სტალინისთვის ალილუევას სიკვდილის შემდეგ სხვისი ცხოვრება კი არ წარმოადგენს კაპიკის ფასს, არამედ საკუთარი ცხოვრებაც”.

ტრაგედიის ამსახველი სრული სურათი დიდი ხნის განმავლობაში არ არსებობდა, სტალინის ადამიანურ თვისებებზე საუბარი თითქოს აკრძალული იყო, რადგან მას უდიდესი საქმეები გადაფარავდა ხოლმე, მაგრამ ახლა, როდესაც ყოველივე დაფარულს მზის შუქი ეფინება, სტალინის პორტრეტი თითქოს ნეგატივიდან გამოდისო, სრულ გამოსახულებას ვიღებთ, მით უმეტეს ოჯახურ ცხოვრებაზე.

როდესაც სტალინის უახლოესმა ადამიანებმა სტალინის ბინაში ალილუევას კუბო მაღლა აწიეს და გამოსვენების პროცესია დაიწყო, ქართული ტრადიციის თანახმად, პირველი, კუბოს სტალინი მიჰყვებოდა. ის ხელის თითებს კუბოს კიდეებს არ აშორებდა. ცრემლი ლოყებზე ნაკადად სდიოდა. ისეთი განადგურებული ჩანდა სტალინი, რომ ახლობლებს ეშინოდათ კიდეც. ორკესტრი სამგლოვიარო მუსიკას უკრავდა. მშვენიერი ნადეჟდა კი, ყვავილებში ჩაფლული, კუბოდან თითქოს შეცოდებითა და ღიმილით ჩაჰყურებდა თავის მეუღლეს.

სტალინს გვერდით მიჰყვებოდა პოლიტბიუროს ყველა წევრი, იქვე იყვნენ შვილები და ნათესავები. ექვსი წლის სვეტლანა, როდესაც კუბოსთან მიიყვანეს, რათა დედისთვის უკანასკნელად დაეხედა, უკან ატირებული და აცახცახებული გამოიყვანეს… საშინელი სანახავი იყო ყოველივე. კიდევ უფრო საშინელი იყო გამომშვიდობების ბოლო წუთები. სტალინმა მოულოდნელად მიცვალებულს თავი ორივე ხელით ფრთხილად წამოუწია და სახეზე კოცნა დაუწყო. სტალინი ქვითინებდა და ცრემლით ცხედარს სახეს უსველებდა. მოლოტოვი იგონებს: “როდესაც კუბოს მივყვებოდით, სტალინი სამარისებულად დუმდა, მხოლოდ ერთხელ გავიგონე ჩუმი ჩალაპარაკება “ვერ მოგიფრთხილდი”.

ნადეჟდა ალილუევას, მისი ფსიქიკიდან გამომდინარე, მართლაც ჰქონდა მიზეზი იმისა, რომ გაფრთხილებოდნენ, მაგრამ სტალინს ერთი წუთითაც არ ჰქონდა დრო, ავადმყოფისთვის მიეხედა.

გამოსამშვიდობებელი სიტყვა კაგანოვიჩმა წარმოთქვა: “ჩვენ, სტალინის მეგობრები, თავს მოვალედ ვთვლით, მეუღლის სიკვდილის შემდეგ მას დარდი შევუმსუბუქოთ”.

სტალინის გამოსვლა
სტალინის გამოსვლა

სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა, რომელმაც მხოლოდ ხელი მოაწერა აშშ-ის ცენტრალური სადზვერვო სამმართველოს კაბინეტებში დაწერილ პასკვილს სტალინის მოგონებებზე, წერს: “მამაჩემი ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დედაჩემის ცხედარს არ გაჰყოლია”. სტალინის ცილისმწამებლები მაშინვე ფიქრობდნენ, როგორ ჩაეკლათ ყოველგვარი ადამიანური სტალინში, რათა ის ნამდვილ სატანად ექციათ.

მაგრამ “არა არს რა დაფარული რომელიც არ გაცხადდეს”. სტალინის პირადმა მცველმა ალექსეი რიბინმა უმნიშვნელოვანესი მოგონებები დაგვიტოვა:

სტალინი სასაფლაოზე კიდევ ერთხელ დაიხარა კუბოსთან, მუხლზე დაიჩოქა და მეუღლეს პირზე კოცნითა და ცრემლით დაემშვიდობა. სტალინი ღამღამობით კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დადიოდა ცოლის საფლავზე და საფლავს, ჯვარს და მასზე აღმართულ ქანდაკებას თოვლისგან ასუფთავებდა, მისი ტანჯვის შესახებ არავინ იცოდა, იქნებ მეუღლის სულს ღმერთს ავედრებდა”.

სტალინს ცხედრის კრემაცია და ფერფლის კრემლის კედელში მოთავსება ურჩიეს, მაგრამ მან, როგორც მართლმადიდებელმა, საყვარელი მეუღლის ნეშტი ცეცხლში დასაწვავად ვერ გაიმეტა, რადგან თვლიდა, რომ ცხედრის ცეცხლში დაწვა სატანური რიტუალი იყო. ცოლის სიკვდილი სტალინისთვის წყალგამყოფი აღმოჩნდა. ამიერიდან ის სულ სხვა ადამიანი ხდება და ამ ცვლილებას სრულიად ქვეყანა გააცნობიერებს. თავდაპირველად ეს გარეგნული ცვლილება იყო. ის გლოვობდა თავის ნადეჟდას ქართული წესით, ორმოცამდე თავის ბინაში ცხოვრობდა _ ნადიას ნივთებს უვლიდა და ალაგებდა. ორმოცი დღის შემდეგ სტალინმა თავის ბინაში ცხოვრება არ მოისურვა ნადეჟდას გარეშე და ბინა ბუხარინს გაუცვალა, მაგრამ ძირითად საცხოვრებლად მან მოსკოვისპირა აგარაკი აირჩია. იქ განმარტოვდა და საბოლოოდ იქ დასახლდა. ადამიანი, რომელმაც ნახევარი სიცოცხლე დაკარგა, სახელმწიფო საქმეებს უნდა დაბრუნებოდა. ნადეჟდა ალილუევა 1932 წლის 11 ნოემბერს დაკრძალეს, მეორე დღეს კი სტალინი კრემლის კაბინეტში მუშაობას შეუდგა. სააღრიცხვო რვეულიდან ჩანს, რომ პირველი, ვინც სტალინის სამუშაო ოთახის კარი შეაღო 12 ნოემბერს, იყვნენ კაგანოვიჩი, ვოროშილოვი, ორჯონიკიძე, კიროვი, ლიტვინოვი, კარახანი და რადეკი. ისინი საკმაოდ დიდხანს იყვნენ სტალინთან ერთად მის სამუშაო კაბინეტში. მომდევნო დღეებში სტალინი მთელი დატვირთვით მუშაობდა. მასთან ყველაზე ხშირად კიროვი იყო (ისტორიული არქივი, სტალინის სტუმრები კრემლის კაბინეტში. გვ. 128).

1933 წლის ზამთარი 1932 წლის მძიმე შემოდგომის გაგრძელება იყო. უკრაინა შიმშილობდა. ამას აკავშირებდნენ მ.ნ. რიუტინის საქმესთან, რომელიც იმ ირკუტსკელ ბოლშევიკებს ხელმძღვანელობდა, რომლებმაც 1920 წელს ადმირალი ალექსანდრე კოლჩაკი დახვრიტეს. ჭორების მიხედვით, სწორედ “რიუტინის პლატფორმა” წაიკითხა ნადეჟდა ალილუევამ (“გაღატაკებული, გაძარცვული, განადგურებული, შიშველი და მშიერი ქვეყანა, რომელმაც სოციალიზმის რწმენა დაკარგა, დენთით სავსე კასრს დაემსგავსა და უფრო და უფრო ექცევა ჩიხში…”) 1932 წლის ოქტომბერში, დნეპრჰესის საზეიმო გახსნის დღეებში, რიუტინი გაასამართლეს და 10 წლით აღუკვეთეს თავისუფლება.

ვასილ სტალინი (მარცხნივ), ჟდანოვი, სვეტლანა ალილუევა, იოსებ სტალინი და იაკობ ჯუღაშვილი
ვასილ სტალინი (მარცხნივ), ჟდანოვი, სვეტლანა ალილუევა, იოსებ სტალინი და იაკობ ჯუღაშვილი

სტალინს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ საზღვარგარეთიდან, ტროცკის მხრიდან წამოსული და თვითონ ცენტრალურ კომიტეტში გახმაურებული საუბრები მისი გადაყენების შესახებ სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვის მცდელობა იყო და სხვა არაფერი. მის ახლანდელ მოწინააღმდეგეებს ხომ რევოლუციური გადატრიალებებისა და სამოქალაქო ომების იატაკქვეშა ბრძოლის სკოლა ჰქონდათ გავლილი. ეს ადამიანები მხოლოდ იარაღის საშუალებით აზროვნებდნენ (შეგახსენებთ, რომ სტრუვემ ლენინს “მოაზროვნე გილიოტინა უწოდა”). საინტერსო კი ის არის, რომ 1932 წლის 13 დეკემბერს, როცა ეისმონტისა და სმირნოვის საქმეების გამოძიება მიმდინარეობდა, სტალინსა და ნიკოლაი ეისმონტს შორის საუბარმა ერთ საათს გასტანა. როგორც ჩანს, სტალინს პირადად უნდოდა სახელმწიფო კომიტეტების ოპოზიციონრობის მიზეზში გარკვეულიყო. ეისმონტმა თავის უდანაშაულობაში ვერ დაარწმუნა სტალინი და ის 24 ნოემბერს დააპატიმრეს.

17 დეკემბერს სტალინმა თავისი მოსაზრება ვოროშილოვს დეპეშის სახით გაუგზავნა: “ეისმონტი-სმირნოვის საქმე რიუტინის საქმის ანალოგიურია, მაგრამ შედარებით ნათელი და ურთიერთობის სიახლოვით გაჯერებული. გამოდის, რომ მთელი ოპოზიციური გუნდი ეისმონტ-რიკოვის სუფრის გარშემოა შეკრებილი და დესერტს ელოდება. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ, ცოტა მძინავს, მდგომარეობიდან რთულად გამოვდივარ, მაგრამ ეს საქმეზე არ აისახება. მოკითხვა. 16. 12. სტალინი”.

მის სიტყვებში დანაკარგით გამოწვეული ტკივილი და რკინის ნებისყოფა იგრძნობა. ვის შეეძლო სტალინის დახმარება? ასეთი ადამიანები არ არსებობდნენ. იქნებ კიროვს შეეძლო? მას ჯერ კიდევ 1925 წლიდან დაუმეგობრდა. ეისმონტისმირნოვის საქმის მსვლელობასთან ერთად სახელმწიფო მართვის ორგანოებმა ტრაქტორცენტრიდანმავნებლებისშესახებ ახალი საქმე წარმოადგინეს. სტალინი მიმდინარე საქმეებში ჩაეფლო. მისთვის ახლა უმთავრესი საზრუნავი მომავალი გაერთიანებული პლენუმის წინაშე გამოსვლა იყო, რომელზეც პირველი ხუთწლედის შედეგების შესახებ მოხსენება უნდა წარმოედგინა. სტალინგრადისა და ხარკოვის სატრაქტორო, მოსკოვისა და ნიჟნი ნოვგოროდის საავტომობილო ქარხნები, დნეპრჰესი, მაგნიტოგორსკისა და კუზნეცკის მეტალურგიული კომბინატები, ურალის მანქანათმშენებელი და ქიმიური ქარხნები _ ეს ყველაფერი სინამდვილე იყო. სიმართლე იყო სტალინის მიერ ციტირებული სიტყვები ინგლისელი ბიზნესმენის, ჯარვის გიბსონისა, “დღევანდლი რუსეთი სალიერებისა და იდეალების ქვეყანაა…” სტალინი განაგრძობდა: “რუსეთი მანქანებით აზროვნებს. რუსეთი ხის საუკუნიდან რკინის, ფოლადის, ბეტონისა და ძრავების საუკუნეში სწრაფად გადადის. ჩვენ ადრე არ გვქონდა შავი მეტალურგია, ტრაქტორების წარმოება, ქიმიური მრეწველობა. დღეს ქვანახშირის, ნავთობისა და ელექტროენერგიის წარმოების მხრივ ქვეყანა მსოფლიოში ერთერთ მოწინავე ადგილზეა. წარმოებული პროდუქციის მოცულობა 1913 წელთან შედარებით სამჯერ და 1928 წელთან შედარებით ორჯერ გაიზარდა…”

ნადეჟდა ალილუევა დაკრძალულია ნოვოდევიჩის სასაფლაოზე მოსკოვში
ნადეჟდა ალილუევა დაკრძალულია ნოვოდევიჩის სასაფლაოზე მოსკოვში

აქ სტალინმა აღიარა, რომ ხუთწლედის საერთო გეგმის შესრულებას 6 პროცენტი აკლდა, მაგრამ რატომ მოხდა ასე? _ “მეზობელი ქვეყნების მხრიდან თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებაზე უარისა და შორეულ აღმოსავლეთში ვითარების გაუარესების გამო, იძულებულები შევიქენით, თავდაცვის გაძლიერების მიზნით რიგი ქარხნების ძალები თანამედროვე იარაღის საწარმოებლად გამოგვეყენებინა”. მართლაც, 1932 წელს იაპონიამ საბჭოთა კავშირთან თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა და ჩინეთში, საბჭოთა კავშირის საზღვრებთან ახლოს, სამხედრო პოზიციების გამაგრება დაიწყო. საბჭოთა ხელმძღვანელობა ვარაუდობდა, რომ, დიდი ალბათობით, ომი დაიწყებოდა.

1932 წლის 1 ნოემბერს შეიქმნა სპეციალური მანქანათმშენებელი ტრესტი. ამავე წელს გამოუშვეს 1 754 ახალდაპროექტებული ტანკი, 1932 წელს დაიწყო წყნარი ოკეანის ფლოტის მშენებლობა, ხოლო 1933 წელს _ ჩრდილოეთი ოკეანის ფლოტის. პარალელურად უმჯობესდებოდა ავიაციის ხარისხიც.

კრიზისის შემდეგ გერმანიამ დაკარგა წარმოების პოტენციალის თითქმის ნახევარი და 1932 წლის პოლიტიკური ბრძოლა, რომლის წესებიც გამუდმებით იცვლებოდა, მასში ძრწოლას იწვევდა. ეს ქვეყანა საბჭოთა კავშირის განახლებაში დიდ როლს თამაშობდა. გერმანიაში დაწყებული ცვლილებები კრემლს ძლიერ აღელვებდა და მისი მხარდაჭერის დაკარგვის პერსპექტივა საბჭოთა კავშირში დაუცველობის განცდას იწვევდა. გერმანიის პოლიტიკური ელიტა ორად გაიყო: ერთ მხარეს სოციალ-დემოკრატები და კომუნისტები იყვნენ, მეორე მხარეს _ ჰიტლერის მომხრე ნაციონალ-სოციალისტები. ნოემბერში ბანკირებმა და მეწარმეებმა პრეზიდენტ ჰინდენბურგს პეტიციით მიმართეს რეიხსკანცლერად ჰიტლერის დანიშვნის თაობაზე, რათა ქვეყანაში გაჩაღებულ გაფიცვებს ბოლო მოღებოდა. იანვრის დასაწყისში კელნში, ერთ-ერთი ბანკირის, გვარად შრედერის ბინაში რამდენიმე გავლენიანი პირის შეხვედრა შედგა და გადაწყდა, რომ ძალაუფლება ფაშისტებს უნდა ჩაეგდოთ ხელში. პლენუმზე სიტყვით გამოსვლისას სტალინს არ უხსენებია იაპონია და გერმანია, არც პოლონეთი. მას სხვა მიზანი ჰქონდა: პარტიის წევრები პოლიტიკური კურსის სისწორეში უნდა დაერწმუნებინა.

ხუთწლედისა და მეწარმეობის აღმშენებლობის სფეროში გამარჯვების მოსაპოვებლად პარტია მეტად დაჩქარებულ პოლიტიკას მიმართავდა, რათაწაბიძგებითქვეყნის წინსვლა დაეჩქარებინა”.

სტალინს მოუწია გამოყენება ტერმინისა “წაბიძგება”, თუმცა ქვეყნის შიგნით მდგომარეობას გამოკვეთილად არ შეხებია, უბრალოდ, თქვა: “კლასობრივი მტრების ნარჩენები” ჩვენს ფაბრიკებს, კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებს მოედვნენ. მათ სძულთ საბჭოთა ხელისუფლება თავისი მეურნეობის, საყოფაცხოვრებო და კულტურის ახალი ფორმებით. ზოგიერთმა მათგანმა კი პარტიაშიც შეაღწია”. მას არ შეეძლო ეღიარებინა, რომ პარტიაში გამეფებულ ვითარებას საგანგაშოდ თვლიდა. მისი მოხსენება გამარჯვების პათოსით იყო განმსჭვალული.

სტალინის მიერ წარმოთქმული ფრთხილი ფრაზები, რომლებიც პარტიაში არსებულ საფრთხეს შეეხებოდა, თანამებრძოლებს სწორედ გაფრთხილებად უნდა მიეღოთ. მართლაც, 1928-1932 წლებში პარტიის წევრთა რაოდენობა 1,5-დან 3,7 მლნმდე გაიზარდა, რომელთა შორისაც, კაგანოვიჩისა და მოლოტოვის კომისიის კვლევის მიხედვით, ძალიან ბევრი იყო ადაპტირებული და ოპორტუნისტი პირი.

მოხსენების შემდეგ სტალინმა ნამდვილი სურათი დახატა: “მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ საბჭოთა სახელმწიფოს გაძლიერება მომაკვდავი კლასების ბოლო ნარჩენებს მთელი სიმძლავრით აღუდგება წინ. სწორედ იმიტომ, რომ ისინი არსებობის ბოლო დღეებს ითვლიან, არსებობის ერთი ფორმიდან სხვა, შედარებით მკვეთრ ფორმაზე გადავლენ და მოსახლეობის ჩამორჩენილ ფენას წააქეზებენ და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მათ მობილიზებას შეეცდებიან. უამრავი ჭორი ააგორეს ამ ადამიანებმა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და ახლა ისინი ჩამორჩენილი ელემენტების მობილიზებას შეეცდებიან. სწორედ ასეთი ნიადაგი შეუწყობს ესერთა ძველი კონტრრევოლუციონერების დაშლილი ჯგუფების, ეროვნულ-ბურჟუაზიული ცენტრის გაცოცხლებას და ტროცკისტთა და მემარჯვენე ფრთის ელემენტების ამოძრავებას. ეს, რა თქმა უნდა, საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ, თუ გვინდა, ამ ელემენტებს სწრაფად და განსაკუთრებული მსხვერპლის გარეშე გავუმკლავდეთ, ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ. ამიტომაც არის რევოლუციური წინდახედულება ის თვისება, რომელიც დღეს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ. მიუხედავად უდიდესი მსხვერპლისა და სოციალურ აღმშენებლობაში მიღწეული წარმატებისა, სამოქალაქო ომი არ დასრულებულა”.

სულ მალე, 19 თებერვალს, სტალინი კოლმეურნეთა პირველ ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა, რომლის დროსაც პრობლემების ცალკეული შტრიხები გამოიკვეთა. სტალინმა კოლმეურნეობების გადარჩენის საკითხი დააყენა და თქვა, რომ პარტიამ წარმოქმნილი “გაუგებრობა” გამოასწორა: კოლმეურნეებს ძროხები დაუბრუნეს. მანამდე ლენინისა და ტროცკის დაჟინებული მოთხოვნით კოლმეურნეებს თავიანთი ძროხები კოლმეურნეობების ფერმებში იძულებით შეაყვანინეს…

შიმშილობა გრძელდებოდა და მის აღმოსაფხვრელად საჭირო იყო დამატებითი მუშახელის მობილიზება. სწორედ ამ ყრილობის შემდეგ გაუგზავნა შოლოხოვმა სტალინს წერილი, რომ ვეშენსკის რაიონი “კატასტროფისკენ მიექანებოდა”. უფრო ადრე კი, 22 იანვარს, ცენტრალური კომიტეტის მიერ “მოშიმშილე გლეხობის მასობრივი გადინების შესახებ” დირექტივა იქნა მიღებული. მოშიმშილე ადამიანების მიერ მშობლიური მხარეების მასობრივი დატოვება “საბჭოთა ხელისუფლების მტრების მიერ კონტრრევოლუციონერულ ჩანაფიქრად განიხილებოდა” და კოლმეურნეობების წინააღმდეგ იყო მიმართული. დირექტივას ხელი მოაწერეს სტალინმა და მოლოტოვმა. მარტის დასაწყისში სახელმწიფო მართვის ორგანოების წარმომადგენლებმა 219 460 ადამიანი დააკავეს. პოლიტგანყოფილებებს სოფლებში მართვის უნარის მქონე პირების სახით სანდო საყრდენი უნდა შეექმნათ, თუმცა, ძალისმიერი ზეწოლის გარდა, გაჭირვებული მოსახლეობისთვის დახმარებაც უნდა გაეწიათ.

ამიტომ პოლიტბიურო იძულებული შეიქნა, უკიდურესი ზომებისთის მიემართა, რომელიც ინდუსტრიალიზაციისწაბიძგებასთანერთგვარ წინააღმდეგობრივი სვლა იქნებოდა. 1933 წლის 25 თებერვალს საბჭოთა სახალხო კომიტეტმა უკრაინას 320 000 ტონა, ხოლო ჩრდილოეთ კავკასიას 240 000 ტონა მარცვლეული გამოუყო, დახმარება სხვა მხარეებსაც გაეწიათ. 1933 წლის აპრილისთვის უკრაინისთვის გაცემულმა რეალურმა დახმარებამ 560 000 ტონას მიაღწია, რაც იმ დროისთვის ქვეყანის ექსპორტს აღემატებოდა. საზღვარგარეთ გაყიდული და ქვეყნის საშინაო მოხმარებისთვის გამოყოფილი მარცვლეულის რაოდენობა ერთმანეთს რომ შევადაროთ, უკრაინისთვის გაღებულმა დახმარებამ ექსპორტირებულ მარცვლეულს 60 პროცენტით გადააჭარბა.

მსოფლიო კრიზისის პირობებში, იმ მომენტში, როცა სხვა დანარჩენ საქონელზე ფასები იმატებდა და საბჭოთა კავშირის ვალი იზრდებოდა, სტალინი საშინელი არჩევანის წინაშე დადგა, თუმცა ამ ადამიანის ცხოვრება სწორედ ასეთი არჩევანის წინაშე დგომა იყო. როგორც ვხედავთ, ის ბალანსის დაცვას ცდილობდა და ამან ნაწილობრივ უშველა კიდეც. ამ ადამიანს საკუთარი ნებით დაწესებული ფარგლების გამო მეტის გაკეთება არ შეეძლო. მსოფლიოში განვითარებულ კრიზისს 1932 წლის მოსავლიანობის დაბალი მაჩვენებელიც დაემატა, აგრეთვე, მცდარი სტატისტიკური მაჩვენებლები, ქვეყნის შიგა ეკონომიკური ვალის ზრდა, მუქარა დასავლეთის კრედიტორების მხრიდან საჯარიმო სანქციების დაწესების შესახებ და ახალი ომის საფრთხე. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საზღვარგარეთის კრედიტების გადახდის მთავარ წყაროს, მარცვლეული კი არა, ნავთობის ექსპორტი და ტყის მასალა წარმოდგენდა. სწორედ ამიტომ 1932-33 წლებში დაახლოებით 700 მლნ რუბლის ღირებულების ნავთობისა და ხეტყის, ხოლო 389 მლნ რუბლის ღირებულების მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდა. შიმშილობის მიზეზი კი, დიდი ოდენობის მარცვლეულის ექსპორტი კი არა, სტრატეგიული რეზერვების შექმნა იყო. ქვეყანაში პირველად დადგა დღის წესრიგში, კოლმეურნეობის მარცვლეული სახელმწიფო ელევატორებში შენახულიყო. იმ დროს, როცა მთავრობამ სიღარიბის მასშტაბები გააცნობიერა, მოსახლეობის დახმარება ოპერატიულად ვეღარ შეძლო.

როდესაც 1932-33 წლების პოლიტიკური გენოციდის შესახებ საუბრობენ, ეს ან ხალხის შეცდომაში შეყვანას ემსახურება, ან სტალინის სახელის დისკრედიტაციას, თუმცა სტალინის მოღვაწეობის გზა ისე ტრაგიკულია, მსგავსი ფალსიფიკაციები ისტორიას, მის შინაარსს მხოლოდ ბურუსში ხვევს.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here