Home რუბრიკები ისტორია სტალინის პორტრეტისთვის

სტალინის პორტრეტისთვის

1931-1941 წლები. იდუმალების სამყარო

1456
სტალინი და ნადეჟდა ალილუევა

ძნელია, გულგრილად წაიკითხო სტალინის მიერ 1930-იან წლებში დაწერილი წერილები ქვეყნის ყოფნაარყოფნის საკითხებზე. იმხანად საბჭოთა კავშირი იყო უკიდეგანო სახელმწიფო თავისი დაბალი განათლების მქონე ხალხით, შრომის დაქვეითებული ორგანიზაციით, უცოდინარი კადრებით, დაცარიელებული ხაზინით, შიშველტიტველი და შეუიარაღებელი არმიით, გარშემორტყმული უზარმაზარი ამბიციების მქონე დიდი თუ პატარა ქვეყნებით, რომლებიც მზად იყვნენ, ხელში ჩაეგდოთ ძვირფასი ნედლეულით გაძეძგილი ქვეყანა.

გამორჩეული ქართველი კაცი, ხელში პოლიტიკური თუ ფოლადისპირიანი ხმლით, ცარიცინიდან ვლადივოსტოკამდე ებრძოდა შინაურ თუ გარეშე მტრებს, მათ შორის, უახლოეს ადამიანებსაც კი ორჯონიკიძეების, ენუქიძეების, ლომინაძეებისა და სხვათა სახით, რაც ნაწილობრივ წინა წერილებში გაგაცანით.

უკრაინის საკითხს სტალინი ყოველთვის განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდა, რაც პოლიტბიუროს წევრებისადმი გაგზავნილ მის ყოველ წერილში ნათლად ჩანს. რედენსმა, ნადეჟდა ალილუევას დის ქმარმა (სტალინის ქვისლმა), რომელიც სათავეში ედგა უკრაინის უშიშროების ორგანოებს, ვერ გაამართლა სტალინის იმედები, მაშინ სტალინმა პოლიტბიუროს ურჩია, რედენსი ა. ბალიცკით შეეცვალათ, კოსიორსა და ჩუბარს კი მოსკოვში გადაყვანა დაუპირა. ამავე წერილში სტალინი კატეგორიულად ითხოვს თანამებრძოლებისაგან, ყველაფერი გააკეთონ, რათა უკრაინა საბჭოთა კავშირის ციხესიმაგრედ იქცეს და ამისთვის ფული არ დაინანონ. სტალინი ფიქრობდა, რომ აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში უკრაინა შეიძლება დაკარგულიყო. გლეხობამ მთავრობის ნდობა დაკარგა, ქაოსურად ხორციელდებდა თვითნებური მიგრაცია ქალაქისკენ. ქალაქს, მართალია, არ შიოდა, მაგრამ პროდუქტების ნაკლებობა მაინც იგრძნობოდა. სოფლის საზრუნავს, ქალაქების ქარხნებში დაბალკვალიფიციური მუშებისა და მავნებლების მოქმედება ემატებოდა, შედეგად მწყობრიდან გამოდიოდა ოქროთი შეძენილი, ძვირად ღირებული დანადგარები და მოწყობილობები. ყოველივე ამან სტალინს მოთმინება დააკარგვინა.

ვითარების გაანალიზების შემდეგ, 1932 წლის 20 ივლისს, სტალინმა ხელში კალამი აიღო და კაგანოვიჩსა და მოლოტოვს მრისხანებით აღსავსე წერილი მისწერა:

ძარცვები, ძირითადად, კულაკების მიერ არის ორგანიზებული. ამ ბატონებს კანონის მიხედვით ორსამ წელს უსჯიან და, საბოლოო ჯამში, 6-8 თვეში ამნისტიით ციხიდან გამოდიან. შექმნილი მდგომარეობის მოთმენა აღარ შეიძლება, ამიტომ გთავაზობთ ისეთი კანონი შემოვიღოთ, რომელიც:

) სარკინიგზო ტვირთს სახელმწიფოს საკუთრებას გაუტოლებს;

) მინიჭებული კატეგორიის მქონე საკუთრების ქურდობას, სულ ცოტა, ათი წლით, და ყველაზე მეტი დახვრეტით დასჯის;

) მსგავსიპროფესიისდამნაშავეებს ამნისტიას მოუხსნის.

ასეთი დრაკონული სოციალისტური მეთოდების გარეშე ახალი საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება შეუძლებელი იქნება.

წესრიგის გარეშე კი აღმშენებლობით საქმიანობას ვერ განვამტკიცებთ.

ვფიქრობ, ასეთი კანონის გამოცემა არ უნდა დავაგვიანოთ”.

კანონი სახელმწიფო და კოლექტიური საკუთრების დაცვის შესახებ 7 აგვისტოს გამოიცა. შედეგმაც არ დააყოვნა. 1932 წელს მენჟინსკის მიერ სტალინისადმი გაგზავნილ მოხსენებაში ნათლად ჩანს, რომ შესაბამისი ორგანოების მხრიდან რეაგირება სწრაფი იყო. მენჟინსკი აღნიშნავდა, რომ გასულ თვეებთან შედარებით აგვისტოში სატრანსპორტო საშუალებების ძარცვა 58%-ით შემცირდა.

8 სექტემბერს პოლიტბიურომ დაამტკიცა “საზოგადოებრივი საკუთრების დაცვის შესახებ კანონი”, 16 სექტემბერს კი ამ კანონის გამოყენების ინსტრუქცია გამოსცა. სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებით აცხადებდა, რომ სოციალისტურ საკუთრებას თვითონ დაიცავდა. ეს საკანონმდებლო აქტი სტალინის წინადადებიდან გამომდინარეობდა: “თუ საზოგადოებრივი საკუთრება ხელშეუხებლად არ გამოცხადდება, სოციალიზმი ქვეყანაში არსებულ კაპიტალისტურ ელემენტებს ვერაფრით გაანადგურებს. ახალი კანონი სწორედ ამისთვის გვჭირდება. ასეთი კანონი ჩვენ არ გვაქვს და ეს სიცარიელე უნდა შევავსოთ” (სტალინი და კაგანოვიჩი. მიმოწერა. 1931-36 წწ., გვ. 240,241). სტალინმა აღიარა, რომ ინდუსტრიალიზაციაში სიმშვიდის პერიოდი დასრულდა, რომ ეკონომიკაში კერძო მეწარმეობის ტრადიციები აღმოუფხვრელი დარჩა. ამასთანავე, საჭირო ზომები იქნა მიღებული გადამყიდველების მიმართ, რომლებიც კერძო ბაზრებში ფასებს ხელოვნურად ზრდიდნენ. კანონის გამოყენების ინსტრუქცია სამოქალაქო ომის სულისკვეთებით იყო გაჟღენთილი, ამიტომ სოციალური დაცვის ფარგლებში უნდა ემოქმედათ:

1) ორგანიზაციებისა და დაჯგუფებების წინააღმდეგ, რომლებიც ხანძრის, აფეთქებებისა და მასობრივი განადგურების საშუალებით ორგანიზებულად ანადგურებენ სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კოოპერაციულ საკუთრებას, გამოყენებულ იქნას სოციალური დაცვის უმაღლესი სასჯელი _ დახვრეტა;

2) კულაკების, ყოფილი ვაჭრებისა და სხვა დანარჩენი სოციალური ელემენტების, აგრეთვე, სახელმწიფო დაწესებულებების თანამდებობის პირებისა და საწარმოების თანამშრომლების მიმართ გამოყენებულ იქნეს უმაღლესი სასჯელი. შემამსუბუქებელი გარემოებიდან გამომდინარე, სასჯელი შეიცვალოს 10 წლით თავისუფლების აღკვეთით.

ზემო ხსენებული პირების მიერ წვრილმანი ქურდობისთვის, რაც სახელმწიფო საწარმოს მუშაობის შეფერხებას გამოიწვევს, აგრეთვე, გამოყენებულ იქნას უმაღლესი სასჯელი;

  1. კულაკებს, ყოფილ ვაჭრებსა და სხვა მტრულ ელემენტებს, რომლებიც ვაჭრობისა და კოოპერატიულ სისტემაში ჩართვის მცდელობაში იქნებიან შემჩნეულნი, მიესაჯოთ უმაღლესი სასჯელი;
  2. სატრანსპორტო ტვირთის გატაცებაში მხილებულ პირებს მიესაჯოთ უმაღლესი სასჯელი. აგრეთვე, კოლექტიური პროდუქციის სისტემატიური ძარცვისთვის ორგანიზებულ დაჯგუფებებს მიესაჯოთ უმაღლესი სასჯელი;
  3. კოლმეურნეობების წევრებსა და ხელმძღვანელებს, რომლებიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკუთრების მიტაცებაში იქნებიან შემჩნეულნი, მიესაჯოთ უმაღლესი სასჯელი.

1932 წელს სტალინმა პურის ჩაბარების ორგანიზებისთვის მოლოტოვი უკრაინაში მიავლინა, ხოლო კაგანოვიჩი _ ჩრდილოეთ კავკასიაში. 2 ნოემბერს რაიონული კომიტეტების თათბირი ჩატარდა, ხოლო 4 ნოემბერს საბჭოთა მეურნეობის დირექტორებისა და კოლმეურნეობათა თავმჯდომარეების. რაიონულმა კომიტეტებმა, წარმოების ხელმძღვანელებთან ერთად, მიიღეს დადგენილება გეგმის შესრულების უზრუნველსაყოფად და დამზადების ტემპის სასწრაფოდ ასამაღლებლად. დადგენილება გაეგზავნა სტალინს, რომელმაც მასში შესწორებები შეიტანა. დადგენილება გამოქვეყნდა ცენტრალურ და რაიონულ პრესაში.

ქვეყანაში დრაკონული კანონების მიღება გახდა საჭირო ძარცვა-ყაჩაღობის, პურის გადამალვა-განიავებისა და ქარხნებში შეგნებულად ჩადენილი ბოროტმოქმედებების აღმოსაფხვრელად, თუმცა სტალინი ასევე ზრუნავდა ეკონომიკის სხვა დარგების განვითარებაზე.

1932 წლის 24 აპრილს გაზეთმა “პრავდამ” გამოაქვეყნა ცენტრალური კომიტეტის დადგენილება, რომელიც ლიტერატურული ორგანიზაციების გარდაქმნას ეხებოდა. აგვისტოში ჩამოყალიბდა საორგანიზაციო კომიტეტი, რომლის თავმჯდომარედაც მწერალი მაქსიმ გორკი დასახელდა. კომკავშირელმა პოეტმა ალექსანდრე ბეზიმენსკიმ ენთუზიაზმით გაავრცელა მთავარი ლოზუნგი: “გავანადგუროთ პროლეტარ-მწერალთა პოლიტასოციაცია” სტალინმა გადაწყვიტა, რევოლუციური აზარტი ნელ-ნელა ჩაეცხრო და მწერალთა კორპუსი დემოკრატიზაციის გზაზე დაეყენებინა.

1932 წლის 26 ოქტომბერს გორკის ინიციატივით მისსავე ვილაში გაიმართა სტალინისა და შოლოხოვის შეხვედრა, რომელსაც, აგრეთვე, ესწრებოდნენ, ვალენტინ კატაევი, ლიდია სეიფულინა, მიხეილ კოლცოვი, ედვარდ ბაგრიცკი და სხვები. აღნიშნული შეხვედრა თითქმის კონსპირაციული იყო, მაგრამ “არა არის დაფარული, რომ არ გამჟღავნდეს”, სწორედ ამას მოწმობს კორნელი ზელინსკის ზუსტი ჩანაწერი შეხვედრის თაობაზე, რომელიც ახლახან შეიქნა ცნობილი.

დარბაზში გორკისა და სტალინის მოულოდნელი შემოსვლის გამო მწერლები აჩურჩულდნენ: “ამხანაგი სტალინი წარბებს ქვემოდან დამსწრეებს სწრაფად ათვალიერებს…” სეიფულინას ყურადღება მოულოდნელად პოლიტიკურმა თემამ მიიქცია. ყველასთვის მოულოდნელად იგი გორკის წინადადების წინააღმდეგ გამოვიდა, საორგანიზაციო კომიტეტში პოლიტასოციაციის ყოფილი წევრების შეყვანის გამო.

ატყდა ხმაური, ყველა სეიფულინას დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ სტალინმა მას სიტყვის დასრულების საშუალება მისცა და შემდეგ თავისი თვალსაზრისი გამოთქვა: “შიშის დანერგვა და ადამიანების აქეთ-იქით მოსროლა ადვილია, მათი ჩვენიანებად ქცევა კი _ რთული. პროლეტართა პოლიტასოციაცია რატომ გავაუქმეთ? სწორედ იმიტომ, რომ მან ლიტერატურული საქმიანობა შეწყვიტა, ისინი მხოლოდ “შიშს ნერგავდნენ”. “შიშის დანერგვა” კი არ კმარა. “ნდობის დანერგვაა საჭირო”. კამათის შემდეგ ვახშამი გაიმართა. გორკი შოლოხოვს სთხოვდა, სიტყვით გამოსულიყო, მაგრამ მან უარი თქვა. სტალინს მისი თავმდაბლობა (ან სიამაყე) მოეწონა და სადღეგრძელო წარმოთქვა: “შოლოხოვის სადღეგრძელო მინდა შემოგთავაზოთ! კინაღამ დამავიწყდა, თქვენთვის მეთქვა: ადამიანს ცხოვრება ცვლის. თქვენ კი მათ სულის გადაკეთებაში უნდა დაეხმაროთ. ადამიანის სული მნიშვნელოვანი რამეა. თქვენ ადამიანების სულების ინჟინრები ხართ. მოდი, ამიტომაც მწერლების სადღეგრძელო შევსვათ და მათ შორის ყველაზე თავმდაბალს, ამხანაგ შოლოხოვს გაუმარჯოს!”

ნიშანდობლივია, რომ შეხვედრაზე სტალინმა ორი არაორდინარული აზრი გამოთქვა, რაც მის შინაგან განცდას ნათელს ჰფენს.

“…ლენინმა, იცოდა რა, რომ უკვე კვდებოდაროცა მარტონი ვიყავით, კალიუმის ციანიდის მიტანა მთხოვა. “პარტიაში თქვენ ყველაზე სასტიკი ადამიანი ხართ, _ მითხრა ლენინმა, _ ამის გაკეთებას შეძლებთ”. ზოგიერთი ძველის წინააღმდეგ გამოდის, _ განაგრძობდა ბელადი, _ რატომ არის ყველაფერი ძველი ცუდი? ვინ თქვა ეს? ფიქრობთ, რომ აქამდე ყველაფერი ცუდი იყო და ყველაფერი ძველი უნდა განადგურდეს, ახალი კი მხოლოდ ახლიდან უნდა დაიწყო? ვინ გითხრათ ეს? ახლის შენებას ჩვენ ძველიდან ვიწყებთ. ძველს ვასუფთავებთ და ახლისთვის ვამზადებთ, შემდეგ მას ჩვენთვის ვიყენებთ. ზოგჯერ ძველმანებში ვიმალებით, უფრო მეტად რომ გავთბეთ. თამამები იყავით და ყველაფერს ხელის ერთი მოსმით ნუ გაანადგურებთ…” ( . ოსიპოვი. მიხეილ შოლოხოვის საიდუმლო ცხოვრება, გვ. 57).

რატომ გაამხილა სტალინმა ლენინის სასტიკი შეფასება? შეიძლება შიმშილისგან დახოცილი გლეხების ტრაგედიის გამოძახილი იყო, მაგრამ, ალბათ, ამით ყველას დაანახვა, რომ იქ დამსწრეების მიერ გატარებული არაერთგვაროვანი პოლიტიკა საკმაოდ კარგად ესმოდა. რატომ დაიცვა ძველი? მისი მხატვრული გემოვნება, ისევე როგორც მოსახლეობის უმეტესობის გემოვნება, ტრადიციულობის ზღვარს არ სცდებოდა. ამ სიტყვებით სტალინმა მწერლებს კულტურული მოღვაწეობის უწყვეტობისკენ მოუწოდა.

1933 წელს შოლოხოვმა სტალინს გაუგზავნა უაღრესად მძიმე შინაარსის წერილი, რომელშიც ადგილობრივი მცხოვრებლების დუხჭირ ცხოვრებას აღწერდა. სტალინი ჯეროვან ყურადღებას აქცევდა მწერლების აზრს, მით უმეტეს _ შოლოხოვის. შოლოხოვმა თავის წერილზე ორი პასუხი მიიღო:

პირველი. სტალინმა დონში, შკირიატოვის მეთაურობით, სპეციალური კომისია გაგზავნა, კომისიამ ნაყოფიერად იმუშავა და საქმეც მეტ-ნაკლებად მოაწესრიგა. საქმის გამოსწორების შემდეგ სტალინმა “წყნარი დონის” ავტორს მწარე წერილი, ეტყობა, არ აპატია და პასუხად წერილიც გაუგზავნა, რომელშიც ტრაგიზმის სული ტრიალებდა:

ძვირფასო შოლოხოვ!

როგორც იცით, დახმარება, რომელსაც ითხოვდით, უკვე გაგიწიეთ. საქმის განსახილველად გამოვაგზავნეთ ტ. შკირიატოვი, რომელსაც პირადად ვთხოვე, დაგხმარებოდათ. მაგრამ, ამხანაგო შოლოხოვო, საქმე ის არის, რომ თქვენი წერილები ცალმხრივ შთაბეჭდილებას ტოვებს, რის შესახებაც რამდენიმე სიტყვა მინდა გითხრათ. თქვენი წერილების გამო მადლობას გიხდით, რადგან ისინი ჩვენი საბჭოთა-პარტიული საქმიანობის მიღმა არსებულ ტკივილს გვიმხელენ. ისევე, როგორც ზოგჯერ ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც მტრის დასამარცხებლად შემთხვევით მეგობრებს ურტყამდნენ და სადიზმამდეც კი მისულან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ყველაფერში გეთანხმებით. თქვენ მხოლოდ ერთ მხარეს ხედავთ და ძალიან კარგადაც ხედავთ, მაგრამ ეს საქმის მხოლოდ ერთი მხარეა. პოლიტიკაში შეცდომა რომ არ დავუშვათ, მეორე მხარის დანახვაც უნდა იცოდეთ. სხვა მხარე კი არის ის, რომ თქვენი რაიონის პატივცემული პურის მწარმოებლები საბოტაჟით იყვნენ დაკავებული და წინააღმდეგენი არ ყოფილან, წითელი არმია პურის გარეშე დაეტოვებინათ. ის, რომ არეულობა ხმაურიანი და სისხლიანი არ ყოფილა იმ ფაქტს არ ცვლის, რომ პატივცემული პურის მწარმოებლები, საქმის არსიდან გამომდინარე, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ “ჩუმ ომს” აწარმოებდნენ. რა თქმა უნდა, ეს გარემოება, როგორც თქვენ ირწმუნებით, ჩვენი თანამშრომლების მიერ ჩადენილ უმსგავსობას ვერ გაამართლებს. ამ უმსგავსობის ყველა მონაწილემ სათანადო სასჯელი უნდა მიიღოს. ისიც დღესავით ნათელია, რომ პატივცემული პურის მწარმოებლები არც ისე უწყინარი ადამიანები ყოფილან, როგორც ეს შორიდან ჩანდა. ახლა კი კარგად ბრძანდებოდეთ.

ხელს გართმევთ. თქვენი ი. სტალინი”.

შოლოხოვისა და სტალინის მიმოწერაზე საუბრისას სტალინის პირადი ტრაგედიაც აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომელიც 1932 წლის 8 ნოემბერს მოხდა _ სტალინის მეუღლე ნადეჟდა ალილუევამ თავი მოიკლა. როგორც მემუარისტები გვიამბობენ, მეუღლის სიკვდილის შემდეგ სტალინი სულ სხვა ადამიანი გახდა.

ქრისტიანული წარმოდგენების მიხედვით, თვითმკვლელობა საშინელი ცოდვაა. თვითმკვლელი ღმერთის მოწყალების გარეშე რჩება და სულს სატანას აჩუქებს. სტალინს ესმოდა, რომ მეუღლემ დასაჯა… სიცოცხლის ბოლომდე ეს ტვირთი უნდა ეტარებინა და ვეღარაფერს შეცვლიდა. მისთვის, უდიდესი შესაძლებლობების მქონე პიროვნებისთვის, რომელსაც მსოფლიოს შეცვლის ძალა შესწევდა, თავს დამტყდარი უბედურება ორმაგად მძიმე ასატანი იყო. საყვარელმა ადამიანმა მას ცხოვრების ფსკერისკენ უბიძგა. ცოტა ხნის წინათ ნახევრად ღმერთი, ინტელექტუალი, სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი სიცარიელეში აღმოჩნდა. აი როგორ მოხდა ეს: 7 ნოემბერს მთელი დღის განმავლობაში ნადეჟდას თავის აუტანელი ტკივილი აწუხებდა. რამდენჯერმე ტკივილისგან დაიყვირა კიდეც. 7 ნოემბერს აღინიშნებოდა საბჭოთა კავშირის მთავარი დღესასწაული _ ოქტომბრის რევოლუციის მე-15 წლისთავი. დილიდანვე საშინლად ყინავდა. ნადეჟდა მავზოლეუმის გაყინული ტრიბუნიდან, ქვეყნის ხელმძღვანელობასთან ერთად, მეწარმეთა აკადემიის კოლონას ესალმებოდა. დემონსტრაციის შემდეგ იგი მივიდა მავზოლეუმის მარჯვენა ტრიბუნასთან, სადაც მისი შვილები იდგნენ, და შეჰპირდა, მათაც დასთან გაუშვებდა აგარაკზე. მეორე დღეს სტალინი და მისი მეუღლე ვოროშლოვთან იყვნენ მიწვეულნი ვახშამზე, სადაც მოულოდნელად კამათი დაიწყეს. კამათის რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით, ნადეჟდამ ქმარზე იეჭვიანა; მეორე ვერსიის თანახმად კი, ქალი სტალინის უხეშმა შენიშვნამ გაანაწყენა. სტალინის პირადი დაცვა მეორე ვერსიას ადასტურებს. შეკრებილები ოპოზიციის მოქმედებას განიხილავდნენ და მათზე გამარჯვების სადღეგრძელო წარმოთქვეს. სწორედ მაშინ ჰკითხა მკვეთრი ტონით სტალინმა ნადეჟდას: “შენ რატომ არ სვამ?” (ა. რიბინი. “სტალინის გვრდით”. მცველის ჩანაწერები. მ., 1992. გვ.7). განაწყენებული ნადეჟდა საღამოდან წავიდა, გზაში მას მოლოტოვის მეუღლე, პოლინა ჟემჩუჟინა, დაეწია და მასთან ერთად კრემლში დიდხანს სეირნობდა, ვიდრე ნადეჟდა არ დამშვიდდა. დილით კი ნადეჟდა ალილუევა საწოლში, გულმკერდში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით მკვდარი ნახეს. გვერდით პატარა ზომის პისტოლეტი ეგდო, რომელიც ძმამ, პავლემ, აჩუქა.

ჩვენ ამ საიდუმლოს გამოცნობა არ ძალგვიძს, მაგრამ ნადეჟდა ალილუევას რამდენიმე პირადი პრობლემის დასახელება შეგვიძლია.

აი ისინიც:

* არახელსაყრელი გენეტიკური მემკვიდრეობა: ალილუევას გვარში ბევრი იყო ფსიქიკურად, ასე ვთქვათ, სუსტი ადამიანი.

* გამუდმებით აწუხებდა თავისა და კუჭის ტკივილები. ქმართან არსებული სულიერი, ოჯახური და პოლიტიკური დისტანცია.

* გაღიზიანებული იყო სტალინის გუნდის პოლიტიკური სვლებით.

* სტალინის მეუღლე ხშირად თავს ვერ იკავებდა და ქმარს სისულელეებზეც კი ეჩხუბებოდა, თავს ზოგჯერ უცხო პირების თანდასწრებითაც ვერ აკონტროლებდა. როგორც ვლადიმირ ალილუევი ამბობდა, რამდენჯერმე თავის მოკვლაც უხსენებია.

სტალინი ერთი საუკუნით უსწრებდა, როგორც თავის ეპოქას, ისე თანამებრძოლებს. რევოლუციურ თვითნებობას შეჩვეული ბრბო ვერ ეგუებოდა სახელმწიფო მშენებლობის მწყობრ რიტმს და კვლავ რევოლუციური ხერხებით ცდილობდა ცხოვრების გაგრძელებას. სტალინმა არაერთხელ მიუთითა თანაპარტიელებს, რომ რევოლუცია დამთავრდა და რევოლუციური წესრიგით სახელმწიფოს მშენებლობა დაუშვებელია. როდესაც ტრიბუნიდან ვერ შეაგნებია ყოველივე ეს, ვერც თანაპარტიელებსა და ვერც თავისი ახლო გარემოცვის წევრებს, ტრიბუნიდან ჩამოვიდა და საქმეს მოჰკიდა ხელი. სწორედ ამაზე მიუთითებს, სტალინის ინიციატივით, 1932 წლის 20 აგვისტოს მიღებული პოლიტბიუროს დადგენილებასოციალისტური ქონების დაცვის შესახებ.

სტალინმა ამით ხმამაღლა განაცხადა, რომ რევოლუცია დამთავრდა _ “ხალხმა მიტინგებზე საკოლმეურნეო მინდვრებზე და სახარატო დაზგებთან არ უნდა მოიყაროს თავი. “არა მიტინგები, არამედ შრომა. თუ გვინდა, ავაშენოთ ახალი ქვეყანა და შევქმნათ ბედნიერი მომავალი”.

ადამიანები, რომლებიც რევოლუციური ქაოსიდან მშვიდობიან აღმშენებლობაში ვერ გადაეწყვნენ, ან თავს იკლავდნენ, ან შორეულშიმიემგზავრებოდნენდა ეს თითქოს ჩვეულებრივბი მოვლენა იყო.

სვეტლანა ალილუევა თავის წიგნში წერს:

“იმ დროის ადამიანები უჩვეულოდ ემოციურები იყვნენ და გულწრფელად ვამბობ _ თუ მათთვის ცხოვრება შეუძლებელი იყო, თავს იკლავდნენ”.

ნადეჟდა ალილუევას სიკვდილმა სინათლე მოჰფინა სხვა ადამიანების თვითმკვლელობასაც. ახალგაზრდა რევოლუციონერთა თაობის სიკვდილი რევოლუციის სიკვდილს ნიშნავდა. სტალინი და ნადეჟდა ალილუევა სხვადასხვა დროში აღმოჩნდნენ, პისტოლეტიდან გასროლილმა ტყვიამ დრო შუაზე გააპო.

რუსეთის იმპერიაში ფორმაციის შეცვლას, _ წერდა გენიოსი მენდელეევი, _ 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე დასჭირდება”. სწორედ ესსიბრძნეგამოიყენეს შემდგომ, შაგინიანების მეთაურობით, ლიბერალებმა, როდესაც რეპრესირებულთა რაოდენობა 681 000-დან 100 მილიონამდე გაზარდეს.

ასე რომ, ჯერ კიდევ ბევრი საინტერესო მოვლენის ახსნა და გაგება გველის წინ 1931-1941 წლების რუსეთის საიდუმლოებათა სამყაროდან.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here