Home რუბრიკები ისტორია სტალინის პორტრეტისთვის

სტალინის პორტრეტისთვის

1931-1941 წელი. იდუმალების სამყარო

1567
სტალინი

ადამიანი ერთხელ ცხოვრობს და ისე უნდა იცხოვროს, უმიზნოდ განვლილმა წარსულმა სირცხვილი არ განაცდევინოს

 ნიკოლაი ოსტროვსკი

წინა ნომერში გამოქვეყნებულ მასალაში ვწერდი სტალინის დამოკიდებულების შესახებ ზედა რგოლის პარტიული კადრების მიმართ. მასალა მთავრდებოდა სტალინის მიერ გამოთქმული უკმაყოფილებით კუიბიშევისა და ორჯონიკიძის მოქმედებებზე. წერილში, რომლითაც სტალინი კაგანოვიჩს ატყობინებდა თავის თვალსაზრისს კუიბიშევსა და ორჯონიკიძეზე, აშკარად ჩანს, რომ ის სრულად ფლობდა კადრებთან მუშაობის რთულ ხელოვნებას და ზუსტად იცოდა თავისი გარემოცვის წევრების ხასიათი.

1931 წლის აპრილში გერმანიასთან მოლაპარაკებამ ფინანსურ საკითხებზე წარმატებით ჩაიარა და საბჭოთა კავშირმა 300 მილიონი მარკა მიიღო კრედიტის სახით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გერმანული კრედიტი გაცილებით იაფი იყო, ვიდრე ამერიკული. სტალინი ყველაფერს აკეთებდა ბიუროკრატიული აპარატის გამოსაფხიზლებლად, რისთვისაც მსხვერპლსაც არ ერიდებოდა, მაგრამ ნაკლებ ზეგავლენას ახდენდა ორჯონიკიძის აპარატის მუშაკებზე, რომლებიც ვერ გადაჰყავდა იმ გზაზე, რომ, რაც შეიძლება მეტი ემუშავათ მომგებიანი შეკვეთების გასაფორმებლად, მეტი თუჯი გამოედნოთ და ნაკლებად გამოეყებებინათ სახელმწიფო ხაზინა. კაგანოვიჩისთვის მიწერილ წერილში სწორედ ამაზე მიუთითებს სტალინი: “არ შეიძლება დათმობაზე წახვიდე ისეთ ადამიანთნ (დაწესებულებასთან), რომელიც მუშათა კლასის რესურსებს ანგარიშს არ უწევს”. აქ აშკარად ჩანს სტალინის სერიოზული უთანხმოება ორჯონიკიძესთან.

ფოლადი

სტალინს თავისი პოლიტიკური ცხოვრების გზაზე არასოდეს გამოუჩენია სუბიექტივიზმი, ის ყოველთვის ობიექტური იყო როგორც საქმის, ისე პიროვნებების მიმართ. როდესაც სტალინს მოახსენეს, გერმანია, რომლისგანაც ძლივს მიიღო 300-მილიონიანი მარკის კრედიტი, ცდილობს, უხარისხო მოწყობილობები შემოგვაპაროსო, სტალინმა დაუყოვნებლივ გააუქმა შეკვეთების დიდი ნაწილი.

1931 წლის ოქტომბერში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარახანმა (კარახანიანმა) თავის თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობა აიღო და ხელმძღვანელობასთან კონსულტაციების გარეშე უარი განუცხადა პოლონეთის ელჩს შეთანხმების გაფორმებაზე, რის გამოც სტალინი განრისხდა. სტალინი ფიქრობდა, რომ პოლონეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა 2-3 წლით მაინც სიმშვიდეს მოიტანდა, რისთვისაც აუცილებელი იყო შეთანხმების გაფორმება. ამიტომ დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ხელახლა დაეწყო აღნიშნულ საკითხზე მუშაობა, ხოლო კარახანი დატუქსა. 1932 წლის 25 ივლისს ხელი მოეწერა შეთანხმებას პოლონეთთან, საფრანგეთთან კი უფრო ადრე _ 1931 წლის 10 აგვისტოს.

პოლიტსამმართველოს იმჟამინდელმა თავმჯდომარე მენჟინსკიმ ინფარქტი მიიღო და სამუშაოს გამოეთიშა. საჭირო იყო, მოეძებნათ გამოცდილი კადრი ამ თანამდებობის დასაკავებლად. პოლიტბიურო ამ ადგილზე იაგოდას განიხილავდა, მაგრამ გამოჩნდა ალტერნატიული კანდიდატი _ ევდოკიმოვი, რომელსაც მესინგი და ბელსკი უჭერდნენ მხარს. პოლიტსამმართველოს კანდიდატურის შერჩევისას ორი ჩეკისტის აქტიურობამ სტალინი დააეჭვა და ჩეკისტები საკადრისად დასაჯა _ ორივე სამსახურიდან გაათავისუფლა, დააქვეითა და შუა აზიაში გაუშვა სამუშაოდ. იაგოდა კი ერთი საფეხურით ჩამოაქვეითა _ ევდოკიმოვის მოადგილედ დანიშნა.

კაგანოვიჩმა დონბასში ყოფნისას გაიცნო ერთ-ერთი რაიკომის მდივანი, ენერგიული, მაგრამ გაუნათლებელი პიროვნება _ ნიკიტა ხრუშჩოვი. წინა წლებში იგი ტროცკის აქტიური მხარდამჭერი ყოფილა, მაგრამ მერყევი ხრუშჩოვი მალე “მოაქციეს” კომუნისტად. კაგანოვიჩმა ხრუშჩოვი მოსკოვში ჩაიყვანა და ცეკას ინსტრუქტორად დანიშნა. ის ჯერ განყოფილების გამგის მოადგილე იყო, ხოლო შემდგომ, 1929 წელს, სამეწარმეო აკადემიაში მიავლინეს სასწავლებლად. მისაღებ გამოცდებზე გასაუბრებისას ნიკიტამ ცოდნის ისეთი დაბალი დონე გამოავლინა, რომ სასწავლებელში არ ჩარიცხეს, მაგრამ, ისევ კაგანოვიჩის დახმარებით, ზოგადსაგანმანათლებლო აკადემიის სტუდენტი გახდა. ნიკიტა აქტიურო სტუდენტი იყო, მაგრამ ძალიან ცუდად სწავლობდა. 1930 წლის 30 მაისს “პრავდაში” გამოქვეყნდა ხრუშჩოვის წერილი, რომელშიც წერდა აკადემიაში შექმნილ მდგომარეობაზე. წერილი კაგანოვიჩმა წაიკითხა, ტელეფონით ესაუბრა აკადემიის ხელმძღვნელს და დაავალა, სტუდენტი ხრუშჩოვი აკადემიის პარტმუშაკად აერჩიათ. მოგვიანებით, ხრუშჩოვის აქტიურობით, ორმოცი სტუდენტი გარიცხეს როგორც პარტიიდან, ისე აკადემიიდან. ხრუშჩოვის აქტიურობა მოეწონა კაგანოვიჩს და 1931 წლის ივნისში იგი მოსკოვის კრასნოპრესნენსკის რაიკომის მდივნად აირჩიეს, მომდევნო წლის იანვარში კი მოსკოვის კომპარტიის მეორე მდივანი გახდა. ასეთი იყო ამ უცოდინარი და თავკერძა კაცის _ ნიკიტა ხრუშჩოვის გზა რიგითი მუშიდან გენერალურ მდივნამდე. კაგანოვიჩსაც და სტალინსაც ბედმა მწარედ დასცინა, როდესაც ხრუშჩოვმა კაგანოვიჩი პარტიიდან გარიცხა, ხოლო სტალინზე ჭორების ბადე მოქსოვა. თუ კაგანოვიჩს სიცოცხლეშივე მოერია მისივე გამოზრდილი მორიელი, სტალინს ვერაფერი დააკლო სულელი ხრუშჩოვის ცილისმწამებლურმა სისაძაგლეებმა. ნათქვამია: “ქრისტე მრევლს ისე არ განუდიდებია, როგორც მისმა მტრებმა განადიდეს”. რომ არა ხრუშჩოვის ცრუ ბრალდებები, სტალინს მსოფლიოში ამდენი დამცველი, მშრომელ ხალხთან ერთად, დამფასებელი და თაყვანისმცემელი არ გაუჩნდებოდა. ალბათ, დადგება დრო და დღეს ლიბერასტებისთვის ღიმილისმომგვრელი ცნება “სტალინიზმი” საზოგადოებისთვის წმინდა რელიგიად იქცევა…

ლევ სედოვი _ ახალგაზრდობიდანვე გამორჩეული ახალგაზრდა _ მამაცი რევოლუციონერი იყო. ის ლევ ტროცკის გვერდით იყო იქ, სადაც ყველაზე მეტი საფრთხე შეიქმნებოდა როგორც რევოლუციის, ისე სამოქალაქო ომის დროს. სედოვის მეგობარი სმირნოვიც ტროცკის მიმდევარი, უშიშარი და გაბედული ახალგაზრდა იყო. სტალინმა სედოვის გარემოცვაში აგენტი ჩანერგა და სრულ ინფორმაციას იღებდა ყველაზე საშიში და გაბედული ტროცკისტული ორგანიზაციიდან. 1931 წლის 1 ოქტომბერს ამუშავდა ავტომობილების ქარხანა მოსკოვში, ხარკოვში _ ტრაქტორების. მოსკოვის საავტომობილო ქარხანას სტალინის სახელი ეწოდა. ქვეყანა ზეიმობდა ორი გიგანტის დაბადებას. სტალინის გადაწყვეტილებით, ცეკას საიდუმლო განყოფილება უშუალოდ სტალინის დაქვემდებარებაში გადავიდა და ამით მან თავისი სპეცსამსახური შექმნა.

ნიკიტა ხრუშოვი

1931 წლის 18 ნოემბერს ინგლისის სადაზვერვო რეზიდენტურის თანამშრომელი პეტინი დააპატიმრეს. მან ჩვენებაში დაადასტურა, რომ სტალინის მოკვლა სურდა, დეტალურად ყვებოდა, როგორ შეხვდა წითელ მოედანზე სტალინს პირისპირ. ახსოვდა, რომ გვერდით კაცი მიჰყვებოდა წითელი წვერით.

“ისე ახლოს ჩავუარე მათ, რომ სტალინის თანხმლებს მხრიც კი გავკარი, სტალინს დაცვა მოჰყვებოდა, მაგრამ ეს ჩემთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენდა. დარჩენილი იყო მხოლოდ ის, რომ რევოლვერი ამომეღო და სტალინისთვის მესროლა. ხელი იმან შემიშალა, რომ იმ დღეს ქურთუკის ნაცვლად გრძელი პალტო მეცვა და, იარაღის ამოღება რომ დამეწყო, დაცვა აუცილებლად დამასწრებდა, ხოლო ქურთუკი რომ მცმოდა, ვერა, ამიტომ ასეთი კარგი შემთხვევა ხელიდან გავუშვი. რევოლუციონერებს გვეგონა, რომ სტალინი ყოველთვის მანქანით გადაადგილდებოდა, თანაც დიდი სიჩქარით. რა უცნაურია _ შეხვდები ობიექტს და ვერაფერს აკეთებ, შეხვედრას ნატრობ და ვერაფრით ხვდები. საზღვარგარეთ ამას არავინ დამიჯერებს”.

დაკითხვის ოქმის გაცნობის შემდეგ, ამ ყველაფერს სტალინმაარქივიუწოდა, როგორც ჩანს, აქ მან განსაკუთრებული ვერაფერი ნახა, იგი მოსკოვის ქუჩებში ისევ ერთი კაცის თანხლებით დადიოდა.

სტალინისთვის უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო მეორე დოკუმენტი, რომელიც სხვადასხვა არხით საიდუმლოდ მოიპოვა. დოკუმენტი ეხებოდა იაპონიის მზადებას ომისთვის საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ეს ასახული იყო იაპონელი სამხედრო ატაშის მიერ მომზადებულ წერილში იაპონიის ელჩისადმი. იაპონიის ელჩმა სრულიად საიდუმლოდ წერილი გაუგზავნა გენერალ-მაიორ ხარადას. ელჩმა მოსთხოვა მისი თვალსაზრისი, რომელიც იაპონიის სახელმწიფო პოლიტიკას ეხებოდა, იაპონიის გენშტაბის უფროსისათვის გადაეცათ:

იაპონია, საბჭოთა კავშირთან ომს დაიწყებს თუ არა, მტკიცე პოლიტიკურ პოზიციაზე უნდა დადგეს საბჭოთა კავშირის მიმართ, ეს უკანასკნელი კი ომისთვის ნებისმიერ დროს მზადაა. ამ ომის მიზანი, იაპონიის კომუნიზმისაგან დაცვა კი არა, მის მიერ შორეული აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ციმბირის ათვისებაა.

ამჟამად საბჭოთა კავშირში სოციალისტური მშენებლობის ხუთწლიანი გეგმა ენერგიულად მიმდინარეობს, რაც საბჭოთა სახელმწიფოს განვითარების საფუძველი იქნება. მასში ცენტრალური ადგილი მძიმე ინდუსტრიას უკავია, განსაკუთრებით კი ვითარდება ის სფერო, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას უკავშირდება. რაც შეეხება ხალხის საჭიროებასთან დაკავშირებულ მეწარმეობას, ის მეორე ადგილზეა. საბჭოთა კავშირი დიდი ძალისხმევის შედეგად ავითარებს მძიმე ინდუსტრიას და გეგმის შესრულების მესამე წელში გადადის. საბჭოთა კავშირის პოლიტიკური მართვის სისტემა ნამდვილ დიქტატურას წარმოადგენს, ამიტომ მთავრობას ხელს ვერავინ შეუშლის, მთელი ფინანსური და ადამიანური რესურსები გეგმის შესრულებას მოახმაროს.

საბჭოთა კავშირში, კაპიტალისტური ქვეყნებისგან განსხვავებით, წარმოების დაბალი დონე აღინიშნება, მაგრამ ის რესურსები, რომლებიც ინდივიდუალური ინტერესებით გამოიყენება, მხოლოდ სახელმწიფოს განვითარებას ხმარდება და სხვას არაფერს.

საბჭოთა კავშირის მოსახლეობა მთავრობას ბრმად ენდობა და ყველაფერს იტანს. დაცვისა და დაზვერვის საკითხი საკმაოდ მკაცრად დგას, ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლების კონსოლიდაციის შესაძლებლობა გამორიცხულია.

მომავალში საშინაო პოლიტიკაში სეპარატისტული მოძრაობებისა და შიდაპარტიული უთანხმოებები იჩენს თავს. ეს პრობლემები საბჭოთა სახელმწიფოსთვის მოუშუშებელ ჭრილობად იქცევა და ქვეყანაზე, განსაკუთრებით ომის დროს, დამღუპველად იმოქმედებს.

საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალები:

ა) საერთო ჯამში, საბჭოთა კავშირი აგრესიული სულაც არ არის. შეიარაღებული ძალების ორგანიზება თავდაცვის პრინციპიდან გამომდინარე მიმდინარეობს. ქვეყანა საზღვარგარეთის მხრიდან ინტერვენციის შიშს განიცდის და შეიარაღების განვითარების ძირითად სტიმულს სწორედ ეს შიში განსაზღვრავს;

ბ) ხუთწლედის ძირითადი მიზანი შეიარაღებული ძალების გაძლიერებაა. საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელობა საფრთხის შესახებ ყოველთვის ღიად საუბრობს. წითელი არმიის შეიარაღება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

შეიარაღებაში მთავარი ყურადღება მოტორიზაციას ეთმობა: ქვეყანას 500 ტანკი ჰყავს და აქვს ქიმიური იარაღიც; ასევე _ საჰაერო ძალები, რომელთა რაოდენობაც უკვე საჭირო რიცხვს მიუახლოვდა.

სამხედრო ბიუჯეტი ორჯერ გაიზარდა.

დასკვნა: ეჭვგარეშეა, რომ საბჭოთა კავშირი მომავალში ეკონომიკური ძალებით შეიარაღების გაზრდის დასრულებისას პასიური თავდაცვიდან აგრესიულ პოლიტიკაზე გადავა”.

1932 წელს სტალინს ხელში ჩაუვარდა საფრანგეთის დაზვერვის ოქმები, რომლებშიც იაპონიასა და საბჭოთა კავშირს შორის გარდაუვალ ომზე იყო საუბარი. აგრეთვე, გამოთქმული იყო აზრი გერმანიის მთავრობაში ჰიტლერის მოსვლის შესახებ და რომ გერმანიის გენშტაბი საბჭოთა კავშირში ინტერვენციის შემთხვევაში ევროპული არმიების დამარცხებაში სრულიად იყო დარწმუნებული.

1931 წლის შედეგების შეჯამებისას მოლოტოვმა დეკემბრის სესიაზე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ინტერვენციის საშიშროების შესახებ განაცხადა: საჭირო გახდა ქამრების შემოჭერის პრინციპით სამხედრო ბიუჯეტი 2,5-ჯერ გაეზარდათ.

1932 წელს კრემლში შესულ წერილში, რომელიც პოდპოლკოვნიკის, იუკიუ კასახაროს, მიერ იყო შედგენილი, საუბარი იყო იმაზე, რომ 10 წლის შემდეგ, როცა მეორე ხუთწლედის გეგმა დასასრულს მიუახლოვდებოდა, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალები, რომელიც ფართო ტერიტორიით, მოსახლეობის დიდი რაოდენობითა და ბუნებრივი რესურსებით იქნებოდა გამაგრებული, უძლიერეს ძალად იქცეოდა.

სტალინი და ნიკიტა ხრუშოვი
სტალინი და ნიკიტა ხრუშოვი

მოხდა სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებიც. 1934 წლის აპრილში კომკავშირულმა ჟურნალმა “ახალგაზრდა გვარდიამ” დაბეჭდა 27 წლის ნიკოლოზ ოსტროვსკის ნაწარმოები, რომელიც ახალი დროების სახარებად იქცა. იაპონელი დაზვერვის თანამშრომლის მიერ ნახსენები თაობა ხმის ამოღებას უკვე იწყებდა.

წინათქმისთვის განკუთვნილ წერილში ოსტროვსკი ხაზს უსვამდა, რომ სურდა, ახალგაზრდობისთვის მოგონებები წიგნად გადაეცა. სამოქალაქო ომის მონაწილე, რომელიც პარალიზებული და მომაკვდავი იყო, მოულოდნელად დაუმარცხებელ მებრძოლად მოგვევლინება.

ნაწარმოებიდან ამოღებული ერთ-ერთი ფრაზა კი სასკოლო პროგრამაში ლიტერატურის საგანში ათწლეულების განმავლობაში მთავარ ფრაზად იქცა: “ადამიანი ერთხელ ცხოვრობს და ისე უნდა იცხოვროს, უმიზნოდ განვლილმა წარსულმა სირცხვილი არ განაცდევინოს”. მომაკვდავს კი ამ სიტყვების თქმა უნდა შეეძლოს:

მთელი ჩემი ძალები ყველაზე ნათელ საქმეს შევალიე _ ეს კაცობრიობის გათავისუფლებისთვის ბრძოლა იყო”.

ახალ გმირთან ერთად 1932 წლის აპრილიდან სხვა გმირებიც გაჩნდნენ.

ქვეყანაში გვალვამ და მოუსავლიანობამ კრიზისი გამოიწვია. შიმშილობამ სოფლებამდე მიაღწია. გლეხობამ კოლექტიური საქმიანობისთვის თავის დანებება დაიწყო, მარცვლეულის გატანას ეწინააღმდეგებოდნენ და საწყობებს ძარცვავდნენ. აღელვების ტალღამ ქალაქშიც გადაინაცვლა და ივანოვოს ოლქის თითქმის ყველა საწარმო მოიცვა. 10 აპრილს ხალხის მრავალათასიანი ბრბო მილიციის შენობაში შეიჭრა და კომპარტიის შენობები აიღო. ერთი ადამიანი დაიღუპა, ათობით მილიციელმა კი სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობა მიიღო.

კრემლს სასწრაფოდ უნდა ემოქმედა. პოლიტიკური კრიზისი სულ უფრო მწვავდებოდა. სტალინი იძულებული შეიქნა შედარებით ლმობიერი ხერხი გამოეყენებინა.

დასავლელი და უკრაინელი ისტორიკოსების პუბლიკაციებში 1932-33 წლების შიმშილობა ხშირად “ხელოვნურად გამოწვეულად” არის მოხსენიებული, რაც სიმართლისგან ძალიან შორს დგას.

1932 წლის 6 მაისის დადგენილებით, მარცვლეულისა და სხვა სახის პროდუქციის წარმოების გეგმა 30%-ით შემცირდა. საბჭოთა ხელმძღვანელობა სამომავლოდ ქალაქების სურსათით მომარაგების მდგომარეობის გაუმჯობესებას ვარაუდობდა. ქვეყანაში შექმნილი კრიზისული ვითარების გათვალისწინებით, საბჭოთა ხელისუფლებას საშინელი არჩევანი უნდა გაეკეთებინა: ან უარი უნდა ეთქვა მარცვლეულის იმპორტზე, ან მოსახლეობა შიმშილისგან ეხსნა…

1931 წელს დიდი ბრიტანეთის საელჩოს მრჩეველმა სავაჭრო დარგში საბჭოთა კავშირს ბრიტანეთის მთავრობის მოსაზრება სრულად გადასცა:

ვალდებულებების შეუსრულებლობა კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს. მომავალში არამხოლოდ კრედიტების გაცემას შევწყვეტთ, არამედ ვალის დასაფარავად საბჭოთა კავშირის საკუთრება კონფისკაციას დაექვემდებარება”, _ გერმანიაც ანალოგიურ პოზიციაზე იდგა.

1932 წლის ოქტომბერში დიდმა ბრიტანეთმა საბჭოთა კავშირთან სავაჭრო ხელშეკრულება შეწყვიტა, 1933 წელს კი საბჭოთა პროდუქციის შეტანაზე ემბარგო გამოაცხადა.

1932 წლის იანვარში სტალინმა და მოლოტოვმა ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრებს შეტყობინება გაუგზავნეს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ უკრაინაში პურის წარმოება საგანგაშო მდგომარეობაშია და ხელმძღვანელობას მართვის უუნარობაში სდებდნენ ბრალს. პოლიტბიუროს ყველა წევრი დაუყოვნებლივ უნდა შეკრებილიყო ხარკოვში, გეგმა აუცილებლად უნდა შესრულებულიყო. სტალინი მთელი წლის განმავლობაში ვაჭრობის პრობლემით იყო დაკავებული. სმოლენსკის არქივის დოკუმენტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პარტიულ ორგანიზაციებს მარცვლეულის დამატებითი რაოდენობის მისაღებად ძალისმიერი მეთოდების გამოყენება არ სურდათ. გლეხები კი, რომელთა შორისაც კულაკები აღარ იყვნენ, ორგანიზაციების მოწოდებაზე გამოხმაურებას არ ჩქარობდნენ. საბჭოთა ორგანოების მხრიდან პრობლემის გადაჭრის უუნარობის გამო სოფლის მეურნეობის ხელმძღვანელობის დაპატიმრების მცდელობაც კი იყო, მაგრამ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმმა მსგავსი პრაქტიკა გააკრიტიკა. ეს მოწმობდა, რომ სტალინის გუნდს გლეხობასთან მოლაპარაკების იმედი ჰქონდა. რა თქმა უნდა, იმედი საკმარისი არ იყო, რადგან დრო არ ითმენდა. საჭირო იყო მსხვერპლის გაღება, მართალია, ზაფხულში სახელმწიფომ საკუთარი ფონდიდან ყველაზე დაზარალებული ოლქებისთვის მარცვლეული გამოყო, მაგრამ, საერთო ჯამში, ეს საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სტალინი ამ საკითხს არაერთხელ დაუბრუნდა და ყურადღება განსაკუთრებით უკრაინისკენ მიმართა. 1932 წლის 24 ივლისს მან კაგანოვიჩსა და მოლოტოვს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პურის წარმოების შესახებ მიღებული დადგენილება სრულიად სამართლიანი იყო, მაგრამ უკრაინის განსაკუთრებით დაზარალებული რაიონებისთვის შეღავათი უნდა გაეწიათ. სტალინს კარგად ესმოდა, რომ შესაძლებლობის ზღვარს სცდებოდა, მაგრამ ყველა მხრიდან პურის წარმოების გეგმის დაწევის მოთხოვნა ისმოდა.

უკრაინა და მისი ხელმძღვანელობა ისე აწუხებდა, რომ უკრაინის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, სტანისლავ კოსიორის, შემცვლელზე ფიქრობდა, მაგრამ ვინ უნდა ყოფილიყო ის ახალი?

სტალინის აზრით, კოსიორის ადგილზე კაგანოვიჩის კანდიდატურა იყო შესაფერისი. სხვა არავინ ჩანდა. მიქოიანი არა მხოლოდ უკრაინას, სახალხო კომისარიატსაც არ შეეფერებოდა (არაორგანიზებულობისა და უპასუხისმგებლობის გამო). ამასთანავე, სტალინი სხვა წერილებში უკრაინის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის მიმართ პრეტენზიების არსზე საუბრობდა:

“ …პირველი მდივნების უმრავლესობამ სოფლის მეურნეობას სათანადო ყურადღება ვერ მიაქცია. ამის მიზეზი სოფლებიდან მათი შორს ყოფნაა. დაშვებული შეცდომების შედეგებმა კი ყველაფერში პოვა გამოძახილი, განსაკუთრებით _ უკრაინაში”.

1932 წლის 11 აგვისტოს სტალინი კაგანოვიჩს უგზავნის წერილს, რომლის შინაარსიც ვითარებაში გასარკვევად პრინციპულად მნიშვნელოვანია:

“…ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა უკრაინაა. იქ საქმე ძალიან ცუდადაა. პარტიული ხაზითაც ცუდი ვითარებაა. ამბობენ, უკრაინის ორ მხარეში დაახლოებით 50-მდე რაიკომმა პურის წარმოების გეგმა უარყოფითად შეაფასა და არარეალური უწოდა. არც სხვა რაიკომებშია საქმე უკეთესად. რას ჰგავს ეს? ამას პარტია არ ჰქვია, ეს პარლამენტის კარიკატურაა. მართალს ამბობდა ლენინი, რომ ადამიანი, რომელსაც საჭირო დროს დინების საწინააღმდეგოდ ცურვა არ შეუძლია, ნამდვილი ბოლშევიკი ხელმძღვანელი ვერ გახდებაო.

ახლავე თუ არ შევუდგებით ვითარების გამოსწორებას, უკრაინას დავკარგავთ. თანაც გაითვალისწინეთ, რომ უკრაინის კომპარტიაში არა ერთი დამპალი ელემენტია. როგორც კი საქმე გაუარესდება, ეს ელემენტები პარტიის შიგნით არეულობის დაწყებას არ დააყოვნებენ. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ უკრაინის მთავრობა ამ საფრთხეებს ვერ ხედავს”.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here