Home რუბრიკები ისტორია სტალინის პორტრეტისთვის

სტალინის პორტრეტისთვის

1871
სტალინი

სტალინის რკინის მინისტრი, რომელმაც ხრუშჩოვს სილა გააწნა

ახალშექმნილმა სამხედრო თვითმფრინავმა გამოსაცდელ პოლიგონზე კატასტროფა განიცადა. ადგილზე მოძიებული თვითმფრინავის ნამსხვრევები მოაგროვეს და კრემლში, საკონტროლო კომისიის ვრცელ დარბაზში უზარმაზარ მაგიდაზე ნაწილნაწილ დააწყვეს.

თვითმფრინავის მთავარი კონსტრუქტორი დაწვრილებით ხსნიდა მანქანის მდგრადობის საკითხს და გამოთქვამდა თავის მოსაზრებას კატასტროფის სავარაუდო მიზეზების შესახებ. კომისიის მუშაობაში მონაწილეობდა სტალინი. ის მდუმარედ დადიოდა დარბაზში და ყურადღებით უსმენდა აღნიშნულ საკითხზე გამოსულ ყველა კონსტრუქტორს.

სტალინი დროდადრო მიდიოდა მაგიდის კიდესთან, სადაც თვითმფრინავის ფრთის არცთუ მცირე ნაწილი იყო წარმოდგენილი. კომისია სამ დღეს მუშაობდა. დაისახა კონკრეტული გზები ხარვეზის აღმოსაჩენად და გამოსასწორებლად. კომისიის სხდომის დასკვნით ნაწილში სტალინი კვლავ მიუახლოვდა ფრთის გადარჩენილ ნაწილს. მოხრილი თითებით ფრთის ზედაპირზე დააკაკუნა და განაცხადა:

_ ვფიქრობ, კატასტროფა აი ამ ნაწილმა გამოიწვია. კატასტროფა სწორედ ვიბრაციის შედეგია, _ დაასკვნა ბოლოს. გირჩევთ, კვლავ გააანალიზოთ მომხდარი შემთხვევა და კიდევ ერთხელ სერიოზულად განიხილოთ ვიბრაციის საკითხი.

“უცნაური იყო, _ წერს თავის მოგონებებში კონსტრუქტორი ალექსანდრე იაკოვლევი, _ რომ ხანგრძლივი კვლევის შედეგად დადასტურდა, კატასტროფა სწორედ ვიბრაციამ გამოიწვია”.

“შეუძლებელია, ამას ერთი შეხედვით მიხვდეს სიტყვიერი განცხადებებით ან ალღოთი რიგითი ადამიანი და გააანალიზოს. სწორედ ეს მიჩენს ეჭვს, რომ სტალინს ინფორმაციის კიდევ სხვა წყარო ჰქონდა _ კოსმოსური”, _ წერს ალექსანდრე იაკოვლევი. ავიაკონსტრუქტორი ტუპოლევი, რომელიც არც ისე ლოიალურად იყო განწყობილი სტალინის მიმართ, აღნიშნავს: “ყველა ჩემი წარმატებისა და შთაგონების წყარო სტალინია”.

ქალაქ ხაბაროვსკში, საკონსტრუქტორო ბიუროში ტრიბუნაზე დგას ქვემეხების გენერალური კონსტრუქტორი გრაბინი. მასთან სასწრაფოდ ოფიცერი მიიჭრა და ფურცელი გადასცა. გრაბინმა მოიბოდიშა და უცებ ოთახიდან გავიდა, ტელეფონთან მივიდა და ყურმილში ჩასძახა:

_ გისმენთ, ამხანაგო სტალინ!

_ ამხანაგო გრაბინ, ტანკ “ტ-35”-ზე, 70-მილიმეტრიანი ქვემეხის ნაცვლად, 90-მილიმეტრიანი რომ დავამაგროთ, დაგვრთავთ ამის ნებას?

_ ამხანაგო სტალინ, ქვემეხი ტანკის წონაზეა გათვლილი და ქვემეხის წონის მომატების შემთხვევაში უკუდარტყმა ტანკს მალე გამოიყვანს წყობიდან.

_ ამაზე ნაფიქრი გვაქვს, ამხანაგო გრაბინ, საჭირო იქნება ტანკს 70 ფუთი მტკიცე ჯავშანი დავამატოთ.

_ ამის ზეპირად თქმა, ამხანაგო სტალინ, შეუძლებელია. საჭიროა დრო და საკონსტუქტორო ბიუროს მუშაობა აღნიშნული თანაფარდობის დასადგენად.

_ გთხოვთ, ამხანაგო გრაბინ, სასწრაფოდ გადაიყვანოთ ბიურო აღნიშნული დავალების შესრულებაზე და შედეგი მაცნობოთ.

სამი დღის მუშაობის შედეგად საკონსტრუქტორო ბიურო ზუსტი გათვლებით მივიდა დასკვნამდე, რომ ტანკისთვის 70 ფუთი ჯავშნის დამატება იყო საჭირო. გრაბინი გაოცებას გამოთქვამდა, _ ვის შეეძლო გამოეთვალა ეს შეფარდება ქვემეხსა და ტანკს შორის, როდესაც ეს საკითხი ჩვენ არ დაგვიმუშავებია?! ვის შეეძლო მიეწოდებინა სტალინისათვის ეს ცნობა? თუ თვითონ სტალინმა განსაზღვრა, რას მივაწეროთ ეს _ შემთხვევითობას თუ რაღაც კოსმოსურ ძალას?

კუიბიშევში გაგზავნილი ჰიდროტექნიკოსი, აკადემიკოსი ჟუკი ტელეფონით უმტკიცებდა სტალინს, რომ სხვა ადგილი უკეთესი იქნებოდა ელექტროსადგურის ასაშენებლად:

“_ მე იქ ხანგრძლივი დროით ვიყავი და კარგად ვიცი ის ადგილები. ჰიდროელექტროსადგურის აგების ადგილის პრობლემა გადაწყვეტილია, თქვენ სხვა მითხარით, რის შეცვლას აპირებთ?

_ ამხანაგო სტალინ, 4 რაბი საჭირო არ არის, ორიც სრულიად საკმარისია.

_ თუ რატომ არის საჭირო, ოთხი რაბი და არა ორი. ამას, როცა ჩამოხვალთ, მაშინ აგიხსნით. ახლა კი იმუშავეთ ოთხ რაბზე”.

უამრავი მაგალითია, თუ როგორ არაორდინარულ გადაწყვეტილებებს იღებდა სტალინი, როგორც მშენებლობის, ისე სოფლის მეურნეობის, ავიაციის, მეტალურგიისა და ყველა სფეროში, რომლებიც მანამდე არც კი არსებობდა რუსეთის იმპერიაში.

პირველმა მსოფლიო ომმა რუსეთი სრულად გააპარტახა, რასაც მოჰყვა თებერვლის, ხოლო შემდეგ დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციები. ოქტომბრის რევოლუციას _ ძმათამკვლელი სამოქალაქო ომი, რომელმაც მიწასთან გაასწორა რუსეთი, როგორც მორალური, ისე მატერიალური და ფინანსური თვალსაზრისით.

სტალინი პეტროგრადში 1917 წლის მაისში დაბრუნდა თებერვლის რევოლუციის მიერ გათავისუფლებული. ნაპატიმრალი, შვიდჯერ გადასახლებული და ექვსჯერ გამოქცეული, სემინარიადაუმთავრებელი სტალინი 1918 წლიდან ერთვება მსოფლიო ფინანსური თუ პოლიტიკური გრანდების მიერ მხარდაჭერილ რუსეთის გასანადგურებლად და თეთრ ზანგებად რუსების გარდამქმნელ კაციჭამია ადამიანებთან ბრძოლაში. რუსი ხალხის და, ალბათ, უფლის ნებითაც ამტვრევს და ამსხვრევს ყველა წინააღმდეგობას, რაც იმჟამინდელ ხელისუფლებიდან ხვდება წინ.

სხვადასხვა ფრაგმენტი სტალინის არაჩვეულებრივი აზროვნების შესახებ აქ იმიტომ მოვიყვანე, რომ მკითხველმა გაიგოს, სტალინი არ იყო ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანი, მასში იყო სხვა რამ, რაც მიუწვდომელს ხდიდა და ყველა პროფესიის ადამიანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა. ასევე იყო კადრების შერჩევის საკითხშიც. წინა წერილებში ჩვენ ვისაუბრეთ ადამიანებზე, რომლებსაც სრულიად ახალგაზრდებს ანდო სტალინმა უდიდესი საპასუხისმგებლო თანამდებობები. ყველა ამ ახალგაზრდა სოციალისტში სტალინმა განსაკუთრებული, მისთვის საჭირო ნიშნები დაინახა და გაუმართლეს კიდეც.

სულ სხვა იყო არსენი ზვერევის აღმოჩენა და სტალინთან 1930-იანებიდან 1953 წლამდე მუშაობა ისეთ საპასუხისმგებლო ადგილზე, როგორიც იყო ქვეყნის ფინანსთა მინისტრობა. არსენი ზვერევმა ძვირფასი საუნჯე დაუტოვა მომავალ თაობას მოგონებების (მემუარების) სახით, რომლის მთავარი გმირიც, რა თქმა უნდა, სტალინია _ ფინანსური და ეკონომიკური გარღვევების მთავარსარდალი.

გადავდივართ არსენი ზვერევის მოგონებებიდან ზოგიერთი ფრაგმენტის განხილვაზე:

“ერთხელ, გვიან საღამოს, როცა შინ ვიყავი, ტელეფონის ზარი გაისმა. ცკ-დან მირეკავდნენ და მომთხოვეს, ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, სტალინის, გამოძახების საფუძველზე, სასწრაფოდ კრემლში მივსულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მუშაობით სტალინის დაინტერესების შესახებ ცოტა ხნით ადრე ნათქვამი ჰქონდათ, ეს გამოძახება მაინც მოულოდნელი იყო.

ვცდილობდი, გამოძახების სავარაუდო მიზეზებზე მეფიქრა, მაგრამ ჩემი მთავარი საფიქრალი მაინც ის იყო, როგორ დამეჭირა თავი სტალინის კაბინეტში. ადრე იგი მხოლოდ სურათებზე მყავდა ნანახი საზეიმო სხდომებსა და წითელი მოედნის ტრიბუნაზე შორიდან თუ მოვკრავდი თვალს. არასოდეს მიფიქრია, რომ მასთან რაიმე მიზეზით შევხვედრა მომიწევდა და ძალიან ვღელავდი… კაბინეტში სტალინთან, რომლის გვერდითაც აქამდე არასოდეს ვყოფილვარ, პოლიტბიუროს კიდევ რამდენიმე წევრი იდგა, სტალინმა დაჯდომა შემომთავაზა. ცხადია, მასთან ასეთ მდგომარეობაში საუბარი შეუძლებლად მიმაჩნდა და, მიუხედავად კიდევ რამდენიმე შემოთავაზებისა, მთელი საუბრის განმავლობაში ფეხზე ვიდექით.

საუბარი თანამდებობრივ დანიშვნებს შეეხებოდა. სახელდებოდა ცნობილი გვარები. კრუტიკოვის დასახელებისას, რომელიც მოსკოვის რაიონული პარტორგანიზაციის უფროსი იყო, ვივარაუდე, რომ მის მოადგილეობას შემომთავაზებდნენ, რადგანაც ეს თანამდებობა ვაკანტური იყო. უარის თქმას იმ მიზეზით ვაპირებდი, რომ მე ფინანსისტი ვიყავი და პარტიული საქმიანობის გამოცდილება არ მქონდა. წარმოიდგინეთ, როგორი გაოცება გამოიწვია ჩემში, როცა მოულოდნელად სტალინმა მითხრა: “ჩვენ გვსურს, სახელმწიფო ბანკის თავმჯდომარედ დაგნიშნოთ. ამაზე რა აზრის ხართ?”

ბანკში არასოდეს მიმუშავია. მანამდე კი, რამდენიმე საკმაოდ განათლებულმა მმართველმა მარცხი განიცადა და ყველა შეცვალეს. ისინი საკრედიტო საქმეში საკმაოდ დიდი გამოცდილებით გამოირჩეოდნენ. მოულოდნელად ასეთი თანამდებობა მე შემომთავაზეს. წინადადებისთვის მადლობა გადავუხადე და პირდაპირ ვუთხარი, რომ ჩემგან თავმჯდომარე ვერ გამოვიდოდა, რადგან საბანკო სისტემაში არასოდეს მიმუშავია, თანამდებობა კი საკმაოდ საპასუხისმგებლო იყო. როგორც ჩანს, სტალინი ჩემს წინა საქმიანობებს უკვე გაცნობილი იყო და აღნიშნა:

_ თქვენ ხომ ფინანსურ-ეკონომიკური ინსტიტუტი დაამთავრეთ, პარტიულ, საბჭოთა და ფინანსურ საქმიანობაში გამოცდილებასაც ფლობთ. ეს ყველაფერი კი სახელმწიფო ბანკში სამუშაოდ ძალიან მნიშვნელოვანია.

თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი: გამოდიოდა, სტალინის მხრიდან ჩემ მიმართ გამოჩენილ ნდობას არ ვაფასებდი, თანაც მთავრობისა და პარტიის ხელმძღვანელებს ამდენ დროს ვართმევდი. ვუთხარი, რომ ინსტიტუტში ვსწავლობდი ფინანსურ ფაკულტეტზე, სადაც ბიუჯეტისა და ფინანსური დაგეგმვის და არა საბანკო-საკრედიტო საქმის მცოდნე ეკონომისტებს ამზადებდნენ. სტალინს ჩემი ასეთი დაწვრილმანება სასაცილოდ არ ეყო და აღნიშნა:

_ ბანკისა და ფინანსების თანამშრომლები, ძირითადად, ერთსა და იმავე მეცნიერებებს გადიან. მათ შორის განსხვავება მხოლოდ წვრილმანებშია. პრაქტიკაში ამ ყველაფრის ათვისება ინსტრუქციებიდან შეგიძლია, თანაც დანარჩენს მუშაობაში ისწავლი. საუბარი დიდხანს გაგრძელდა. სხვა საკითხებსაც შევეხეთ. როგორც იქნა, ჩემი ვედრება შეისმინეს და ამ თანამდებობაზე სხვა შესაფერისი კანდიდატურის შესახებ აზრი მკითხეს. დასაფიქრებლად სამი დღის ვადა მოვითხოვე. დამშვიდობების მომენტში კი სტალინმა კიდევ ერთხელ მკითხა:

_ თქვენ ხომ ფინანსურ სამსახურში თოთხმეტი წელი გაატარეთ?

მთელი გზა ამ ნათქვამზე ვფიქრობდი და მივხვდი, ეს საკითხი სხვაგვარად ვერ გადაწყდებოდა. ასეც მოხდა, 1937 წელს სსრკ-ის ფინანსურ კომისარიატში მოადგილედ დამნიშნეს. სახელმწიფო საქმიანობა განსაკუთრებით რთული რამაა. იმიტომ, რომ 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შვებულებაში არ ვყოფილვარ. ასეთ დღეში მხოლოდ მე არ ვიყავი. სახელმწიფო აპარატის ყველა თანამშრომელი უკიდურესად დაძაბული გრაფიკით შრომობდა. შეცდომა თუ დაგვიშვია, ხშირად ეს იყო დაძაბული მუშაობის პროცესში, ძიების მომენტში დაშვებული შეცდომა.

_ ერთხელ გაფართოებულ სხდომაზე სახელმწიფო ბანკის პროექტის განხილვა მწვავედ მიმდინარეობდა. მე რეფორმის წინააღმდეგი ვიყავი, ნ. ბულგანინთან პირად საუბარში კი ვცადე, მისთვის დამემტკიცებინა, რომ პროექტი ხარჯთაღრიცხვას დააზარალებდა და საკრედიტო და ფინანსური დისციპლინების დასუსტება გარდაუვალი იქნებოდა, მაგრამ მისი დარწმუნება ვერ მოვახერხე.

1941 წლის დასაწყისში სსრკის სახკომისართა საბჭოს ბიუროს სხდომა (პირველად სტალინის თავმჯდომარეობით) გაიმართა. მე ბიუროს წევრი ვიყავი, ბულგანინმა პროექტის შესახებ მოახსენა. მოხსენება, ძირითადად, იდეის განმარტებებსა და დამსწრეთა კითხვებზე პასუხების გაცემას დაეთმო. შეკითხვების უმეტესობა სტალინმა დასვა. სტალინმა იმით დაიწყო, რომ პროექტი ისე დაახასიათა, როგორც ღონისძიება, რომელსაც ქვეყანა, წინ კი არა, უკან მიჰყავს და განაცხადა, რომ ამ წინადადების მისაღებად სერიოზულ მიზეზს ვერ ხედავდა. განსაკუთრებით გასაოცარი იყო მისი მოსაზრება საკრედიტო კანონპროექტის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ქვეყნის საკრედიტო ურთიერთობაში ეს ეტაპი უკვე განვლილი იყო და წარსულში დაბრუნება საჭირო აღარ გახდა. იქნებ სულ მალე იქამდეც მივიდეთ, რომ ვინმემ ბირჟის დაწესებაც მოითხოვოს? ასე რომ, წარმოდგენილი პროექტი სოციალიზმის გამყარებას ვერ უზრუნველყოფს, სამაგიეროდ, კარგად ჩანს, სოციალურ აღმშენებლობას რითაც დაასუსტებს. შემთხვევით პროექტის ავტორები ხომ არ შეცდნენ? _ თქვა მან ბოლოს (ესეც მისი ფენომენალური ნიჭისა და უსწრაფესი ანალიზის შედეგი იყო. _ გრ. ონიანი).

სტალინის სიტყვებმა შვება მომგვარა, რადგან წინასწარ ვიცოდი, ბულგანინს პოლიტბიუროს რამდენიმე წევრის მხარდაჭერა აუცილებლად ექნებოდა.

სიტყვისთვის 30 წუთი მომცეს. ჩემი მთავარი წინააღმდეგობა მოკლევადიანი კომერციული კრედიტებისკენ იყო მიმართული. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ წარმოიქმნებოდა ვითარება, რომელიც საწარმოებს ფულადი საშუალებების ერთი და იმავე მიზნისთვის რამდენჯერმე მიღების შესაძლებლობას მისცემდა. ეს კი, თავის მხრივ, რუბლის კონტროლის შესუსტებას გამოიწვევდა, ფინანსების სოციალური პოზიცია დაქვეითდებოდა, სახელმწიფო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მართვის სადავის გარეშე დარჩებოდა, რომელსაც ეროვნული მეურნეობა წარმოადგენდა. საბოლოო ჯამში, პროექტში ჩადებული მოკლევადიანი კრედიტის პუნქტი ჩავარდა და მაშინვე გამოირიცხა.

ამ პუნქტის მიმართ ვამბობდი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ჩავარდნას გამოიწვევდა და გარანტირებული ფულადი სახსრების ლიკვიდაცია დააზარალებდა როგორც სოციალისტურ წარმოებას, ისე ქვეყნის თავდაცვასა და ბევრ სახელმწიფო დაწესებულებას. სხვათა შორის, ცხოვრებამ გვიჩვენა, რომ კრედიტიზაცია წარმატებით განვითარდა და პერსპექტიულ საქმედ გადაიქცა, ზოგიერთმა ჩვენმა ამხანაგმა კი ამ თემაზე სადოქტორო დისერტაციაც დაიცვა… ესე იგი, ამ პუნქტში მართალი არ ვიყავი. საერთო ჯამში კი, იმ წლებში რეფორმა არ შედგა. აღსანიშნავია, რომ დიდი ყურადღება ეთმობოდა ფინანსურ ხარჯებს ომის წლებში. ყველა პოლკსა და ნაწილში ბუღალტერია მუშაობდა. მაშინაც კი, როდესაც ტანკი ან სხვა საბრძოლო ტექნიკა ერთი ნაწილიდან მეორეში გადადიოდა, იგი ბუღალტერიაში ტარდებოდა. “თუ ომის პერიოდში სამხედრო ბუღალტერიას მოვშლით, ომის შემდგომ მის აღდგენას ვერ შევძლებთ და ქაოსში აღმოვჩნდებით”, _ ამბობდა სტალინი. მაგალითად, ომის პირველივე დღეს, ცკ-ის გადაწყვეტილებით, შემნახველი სალაროებიდან ანაბრების გატანის საკითხში რეგულაციები შევიდა, ვინაიდან ანაბრების გადაჭარბებული ამოღება ბრუნვაში არსებული ფულის რაოდენობას გაზრდიდა. ცკ-ის მიერ განხორციელდა 1943 წლის ივნისში სოფლის მეურნეობის გადასახადების საქმეში ცვლილებებიც, რომლებიც ფაშისტთა მიერ განადგურებულ რაიონებში ვითარებას საგრძნობლად ამსუბუქებდა. თუმცა ამ ყველაფერმა არ უნდა გვაფიქრებინოს, რომ მოცემულ მომენტებში კომისარიატი უბრალო დამკვირვებლის როლს ასრულებდა. განსაზღვრული როგორც იყო, დამატებითი სახსრების მოსაპოვებლად ზოგიერთი საშუალების გადახედვას გამუდმებით ვახორციელებდით. ომის პერიოდში სავაჭრო ქსელში მხატვრული ნაწარმოებების, მათ შორის, ძვირფასი ლითონის ნაკეთობებიც ხვდებოდა. საჭირო შეიქნა უბრალო და ძვირფასი ნივთების ერთმანეთისგან გამორჩევა, რომელთა შორის ისეთი ნივთებიც იყო, ისტორიულ ფასეულობას რომ წარმოადგენდა. ყველაზე უბრალო ნივთსაც ცალკე აღრიცხავდნენ და ნიშანს ადებდნენ.

ბიუჯეტი ამ გზით სხვა კომისარიატებთან ერთად არაერთხელ შეგვივსია. იმ პერიოდში სიტყვებს _ “საჭიროა ფრონტისთვის” ჯადოსნური ძალა ჰქონდა (ეს ჯადოსნური ძალა იყო სწორედ სტალინური კოსმოსური ხედვის გამოვლინება. _ გრ. ონიანი). მტრის მიერ ბარბაროსულად განადგურებული და დაცარიელებული მეურნეობის აღდგენას უზარმაზარი ძალები დასჭირდა. საჭირო იყო ჰიტლერის ჯარისკაცების მიერ გაძარცვული საკუთრების დაწვრილებითი აღწერა.

მშვიდობიან პერიოდში საანაბრე ოპერაციებს შემნახველი სალაროები აწარმოებდნენ, ომის წლებში კი ამ საქმით სახელმწიფო ბანკი იყო დაკავებული, რაც გარკვეულ ეფექტს იძლეოდა. ამასთანავე, სახელმწიფო ბანკი ფინანსთა სამინისტროს გადასახადების დროულ გადარიცხვებში ეხმარებოდა.

გარკვეულ სირთულეებს განვიცდიდით ფულის ბეჭდვის საკითხშიც. სსრკ-ის კომისარიატთა საბჭოში ხშირად ისმოდა უკმაყოფილება, რომ არსებული ფულის ნიმუში ქვეყნის ადმინისტრაციულ-პოლიტიკური დაყოფის შესაბასი არ იყო, თუმცა საქმე ამაზე შორს არ მიდიოდა. ომის წლებში კი ამ საკითხზე სტალინის თანდასწრებითაც ჩამოვარდა საუბარი. მოლოტოვმა განაცხადა, რომ ამ საკითხის განხილვას აზრი არ ჰქონდა, რადგან მხოლოდ ომის შემდეგ იქნებოდა საბოლოოდ ცნობილი, რამდენი მოკავშირე რესპუბლიკა გვეყოლებოდა. ამ დროს ვიღაცამ აღშფოთებით წამოიძახა:

_ თქვენი აზრით, ჩვენ მათ დავკარგავთ?

სტალინმა კი ღიმილით აღნიშნა:

_ მოდი, ნუ ვიმკითხავებთ, ცხოვრება თვითონ გვიჩვენებს, როგორი ნიმუშიც დაგვჭირდება (სტალინი ძალიან დაკვირვებით და დინჯად, უემოციოდ ჩქარობდა _ გრ. ონიანი)

მართლაც, 1948 წელს 16-ლენტიანი მონეტები დავბეჭდეთ. რაც შეეხება ფულის რეფორმას, ომის დასრულების შემდეგ საწარმოო რეფორმების გატარების დრო დადგა. საჭირო იყო შრომითი რეზერვების გადანაწილება, განსაკუთრებით წარმოების დაბალი მაჩვენებლის მქონე სფეროების ხარჯზე. ამასთანავე, მსუბუქ და კვების მრეწველობაში რაც შეიძლებოდა მეტი მუშახელი იგზავნებოდა. ფინანსისტებს თითქმის ყველა განსახორციელებელ გეგმაში ცვლილებები შეჰქონდათ. მე ამ ცვლილებების შესახებ ჩემი მოსაზრება ცკ-ში გეგმის განხილვისას გამოვთქვი. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველა წინადადების განხორციელებამ დიდი მოგება მოგვიტანა. ქვეყანამ მართლაც მეტი მოგება ნახა.

1947 წლის რეფორმის განსახორციელებლად ფინანსური ბაზა სწრაფად შეიქმნა. 1949 წლისთვის ბრუნვაში არსებულმა ფულის რაოდენობამ ომამდელ რაოდენობას 1,65-ჯერ გადააჭარბა, რაც პროდუქციისა და საქონლის ეკვივალნტის გათვალისწინებით გამართლებული იყო. გაუმჯობესდა საქონელბრუნვის სტრუქტურაც. მივაღწიეთ საქონელზე ფასების შემცირებას. 1947-დან 1954 წლამდე მსგავსი შემცირება შვიდჯერ განხორციელდა. საბოლოო ჯამში კი, მეოთხე ხუთწლედის ბოლოსთვის სახელმწიფო ფასები 41 პროცენტით შემცირდა. ფინანსური ბაზის სიმყარემ იმაშიც ჰპოვა გამოხატულება, რომ დამატებით რეზერვებზე დაყრდნობით სახელმწიფომ მეორე და მეხუთე ხუთწლედის გეგმები გაზარდა, რამაც, თავის მხრივ, მეოთხე ხუთწლედში წინსწრებით მუშაობა უზრუნველყო.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება იქნება)

1 COMMENT

  1. მე ახალს ვერაფერს ვიტყვი, მსოფლიოს უჭკვიანესი ადამიანები აღიარებენ,სტალინის უბადლო ტალანტსა წვდომის ნიჭს, ნებისმიერ საკითხში,მის ზებუნებრივ გონივრულ ძალას, მისი ლანძღვა არ შეგვფერის ქართველებს, საქართველოს კარგი რა გაუკეთაო, უამრავი კარგი საქმე გაკეთდა,ნუ ვიქნებით დაუნახავნი, ღორმა ხრუშჩოვმა,კულტობა მაინც დასწამა,

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here