Home რუბრიკები ისტორია სტალინის პორტრეტისთვის

სტალინის პორტრეტისთვის

სტალინი და ივანე ბენედიქტოვი

1700
სტალინი

ვასრულებ რა ერთერთი თვალსაჩინო საბჭოთა მოღვაწის, ივანე ბენედიქტოვის, მოგონებებს სტალინზე, მომდევნო წერილებში შემოგთავაზებთ ასევე საბჭოთა სამთავრობო ელიტის წარმომადგენლის, არსენ ზვერევის, მასალების ანალიზს. ზვერევი საინტერესოა არა მხოლოდ სტალინთან ახლო ურთიერთობითა და საქმიანობით, არამედ ის გამორჩეული იყო პიროვნული თვისებებითაც. არსენ ზვერევმა თავისი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა არა მხოლოდ საბჭოთა ელიტაში, არამედ მსოფლიოს ფინანსურ სამყაროში. ასე რომ, მკითხველს არანაკლებ საინტერესო პიროვნებასთან შეხვედრას ვპირდები. ახლა კი განვაგრძოთ სტალინის მოღვაწეობის შესახებ ივანე ბენედიქტოვის მოგონენების დასკვნითი ნაწილის გაცნობა.

“მისმინე, ივანე, უსიამოვნებაში ცხვირს ნუ ჰყოფ”, _ მითხრა ხრუშჩოვის აპარატში მომუშავე ჩემმა მეგობარმა. _ ის არც ისეთი დემოკრატია, ერთი შეხედვით როგორც გეჩვენება. მაინც ვერ დაარწმუნებ, სამსახურს კი ნამდვილად დაკარგავ”. ეს რჩევა არ გავითვალისწინე და მალე სოფლის მეურნეობაში ხელმძღვანელ თანამდებობას დავემშვიდობე _ ინდოეთში ელჩად გამიშვა. უსიამოვნებებში გახვევა არც დიპლომატიურ სამსახურში ყოფნისას მაკლდა. ჩემი თვალსაზრისის მიხედვით გადადგმული ნაბიჯები ხელმძღვანელობის უკმაყოფილებას იწვევდა. შიშისა და საფრთხის მიუხედავად, პირველად საბჭოთა ისტორიაში, საზღვარგარეთ, დელიში, საელჩოს ტერიტორიასთან მიწის დიდი ნაკვეთი შევისყიდეთ. დღეს ინდოეთის დედაქალაქში მიწის ფასმა ათჯერ მოიმატა, ჩვენ კი საკმაოდ დიდი დანაზოგი გავაკეთეთ. იმ პერიოდში მსგავს ოპერაციებს ეჭვით უყურებდნენ. მიწის ნაკვეთის შეძენა “სოციალიზმისთვის უცხო მეთოდი” იყო და კომუნიზმს არ შეეფერებოდა. ფინანსთა სამინისტროში ჩემი ადრინდელი კავშირებით საჭირო თანხების გამოყოფას მივაღწიე. პირველად სწორედ მაშინ გავაცნობიერე, როგორი მომატებული იყო ბიუროკრატია მაღალ საფეხურებზე _ ცუდი უფრო სწრაფად ვრცელდებოდა, ვიდრე კარგი. თავის დაზღვევისა და პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარების მიდრეკილება კი აპარატში ყოველთვის არსებობდა. თქვენს კითხვას დავუბრუნდები და გავიმეორებ: სწორედ ხრუშჩოვმა დაიწყო იმ ადამიანების მოშორება, რომლებიც თავიანთ თვალსაზრისს მტკიცედ იცავდნენ.

სტალინისდროინდელი ბევრი კომისარი, რომლებიც მწარე სიმართლის პირდაპირ თქმას იყვნენ მიჩვეულნი, თანამდებობას თავისი ნებით ტოვებდნენ. ისინი კი, ვინც ხრუშჩოვის გვერდით რჩებოდა, კარგად აცნობირებდნენ, იმ მომენტიდან მათი ნების განმკარგავი ვინ იქნებოდა. ხრუშჩოვი მართალი იყო, როცა 1946 წლის ოქტომბერში, მისი მისამართით შეურაცხყოფის მოსმენის შემდეგ, ყველაფერში თანამებრძოლები დაადანაშაულა, რომ ეს მათი მხრიდან მუდმივი კომპრომისებითა და სიჩუმით იყო გამოწვეული. სამაგიეროდ, ხრუშჩოვს აღარ ახსოვდა, რომ მსგავს სტილს თვითონ ნერგავდა.

კითხვა: _ დავუშვათ ხრუშჩოვი უფრო ავტორიტარული იყო, ვიდრე სხვები ფიქრობენ, მაგრამ იმის დაჯერება რთულია, რომ დამოუკიდებელ ადამიანებს სტალინი უფრო საჭიროებდა

პასუხი: _ მიუხედავად ყველაფრისა, ასეა. შეგიძლიათ კომპენტენტური ადამიანების მოგონებები წაიკითხოთ, მათი, ვინც სტალინს ახლოს იცნობდა: . ჟუკოვის, . ვასილევსკის, . როკოსოვსკის, . კუზნეცოვის, . ისაკოვის, . შტემენკოსა და სხვა სამხედრო მეთაურების. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ სტალინი დამოუკიდებლად მოაზროვნე და საკუთარი აზრის დაცვის უნარის მქონე ადამიანებს განსაკუთრებით აფასებდა. გიორგი ჟუკოვი, რომელიც სტალინს კარგად იცნობდა, პირდაპირ წერს, რომ სტალინთან შეკამათებაც შეიძლებოდა.

იმ დროისთვის ცნობილი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე იაკოვლევის, წიგნში “ცხოვრების მიზანი” სტალინის მუშაობის მეთოდები საუკეთესოდაა შეფასებული. სტალინი ისეთი ადამიანების მიმართ იჩენდა ინტერესს, რომლებსაც მყარი და დამოუკიდებელი მსჯელობის უნარი და ნებისმიერის წინაშე საკუთარი მოსაზრების დაცვა შეეძლოთ და პირიქით _ არ უყვარდა უნებისყოფო, გამომრჩენი და ბელადის ნებას დაყოლიებულები. კარგი სპეციალისტია, _ თქვა ერთხელ სტალინმა ერთერთზე, მაგრამ მისი დანიშვნა ხელმძღვანელ ადგილზე არ შეიძლება, მოგებაზეა ორიენტირებული. “უფროსობისასეთი სიყვარული მტერზე მეტად დაგვაზიანებს”.

რა თქმა უნდა, იშვიათად, მაგრამ სტალინისთვის წინააღმდეგობის გაწევაც გვიწევდა. მასთან კამათი არც ისე ადვილი იყო, რაც მისი უდიდესი ავტორიტეტის ბრალი სულაც არ გახლდათ. სტალინი ნებისმიერ საკითხს ღრმად და ყოველმხრივ აანალიზებდა, ოპონენტში ყველაზე სუსტი პოზიციის დანახვის უნარი ჰქონდა. ჩვენ ვიცოდით, რომ, წინააღმდეგი თუ იქნებოდი, ამისთვის არ დაისჯებოდი, ამას მხოლოდ უმნიშვნელო უთანხმოება მოჰყვებოდა, მაგრამ, თუ მართალი აღმოჩნდებოდი, მის თვალში ავტორიტეტი გემატებოდა. თუ სიმართლეს არ იტყოდი, სიმშვიდეს არ დაირღვევდი, შემდეგ კი ეს ყველაფერი გაირკვეოდა, სტალინის ნდობას დაკარგავდი და ვეღარასოდეს დაიბრუნებდი. სიმართლის თქმას ამიტომაც გვასწავლიდა.

ზოგიერთის აზრით, სტალინი თავის მემკვიდრედ პანტელეიმონ პონომარენკოს მიიჩნევდა
ზოგიერთის აზრით, სტალინი თავის მემკვიდრედ პანტელეიმონ პონომარენკოს მიიჩნევდა

თუმცა ყოფილა შემთხვევა, როცა სტალინს პირადი მოსაზრების გათვალისწინებით მაღალ თანამდებობაზე გამორჩენისადმი მიდრეკილი ადამიანების დანიშვნაც დაუშვია, რაც, ალბათ, საჭირო ადამიანების მწვავე უკმარისობითაც იყო გამოწვეული. ჩემი აზრით, ასე მოხდა ვიშინსკის შემთხვევაშიც, რომელიც გარკვეული ხნით საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. იგი იშვიათი ორატორული ნიჭით იყო დაჯილდოებული, ბრწყინვალე განათლებისა და ღრმა ცოდნის მქონე პიროვნება გახლდათ, მაგრამ არსით ოპორტუნისტი იყო. კიდევ ვიმეორებ, რომ ყურადღება პრინციპულ, დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანებს ექცეოდა. სწორედ ამიტომ ომის წლებში სტალინი ტყუილად არ ეძახდა ჟუკოვს თავის მემკვიდრეს, ომის შემდეგ წლებში კი _ ნიკოლაი ვოზნესენსკის. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც რკინის ნებისყოფითა და მტკიცე ხასიათით გამოირჩეოდნენ და სამხედრო და სახელმწიფო საკითხების განხილვისას სტალინს ყველაზე ხშირად ეწინააღმდეგებოდნენ. თუნდაც ცკ-ის პარტიის პლენუმზე სტალინის ბოლო გამოსვლა ავიღოთ, რომლის დროსაც მან ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინება და რამდენიმე ადამიანის მაღალი თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა. სტალინმა მკაცრად გააკრიტიკა უახლოესი მოკავშირეები _ ვიაჩესლავ მოლოტოვი და ანასტას მიქოიანი, რომლებსაც ბევრი სტალინის მემკვიდრეებად თვლიდა და რომლებმაც ბელადის კრიტიკა მუშაობაში გამოუვლენელი სიმტკიცის გამო დაიმსახურეს. მოლოტოვის მიმართ ნათქვამი შენიშვნა დღესაც უსამართლოდ მიმაჩნია, თუმცა სატალინის მიდგომა უფრო მეტად საჩვენებლი შინაარსის იყო. აქ საქმე არც “ფარულ თამაშს” ეხებოდა და არც “ბიზანტიურ ეშმაკობას”, რომლის შესახებ საუბარიც ევროპის “სტალინოლოგებსა” და “მრჩევლებს” ძალიან უყვართ. მათ ნაშრომებს საზღვარგარეთ ყოფნისას საკმაოდ კარგად გავეცანი. საქმე ის არის, რომ სულ მალე სტალინმა თავისი თვალსაზრისით ღირსეული მემკვიდრე შეარჩია ერთ-ერთი მაღალი თანამდებობისთვის. ვგულისხმობ პანტელეიმონ პონომარენკოს, რომელიც ომის დროს პარტიზანული მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელი იყო. სტალინი იმასაც ითვალისწინებდა, რომ პონომარენკო მისი უახლოესი გარემოცვიდან არ იყო და თავისი პოზიცია გააჩნდა და, რაც მთავარია, პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარება არასოდეს უცდია. პოლიტბიუროს რამდენიმე წევრის მიერ ხელმოწერილი საბუთი პონომარენკოს დანიშვნის შესახებ გამზადებული იყო, მაგრამ სტალინის სურვილის შესრულებას მისმა გარდაცვალებამ შეუშალა ხელი. ცკ-ის პირველ მდივნად დანიშვნის შემდეგ ხრუშჩოვმა, რომელიც საქმის კურსში იყო, ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგა, რათა პონომარენკო რაც შეიძლებოდა შორს ყოფილიყო და ის ჯერ ყაზახეთში, შემდეგ, 1955 წელს, პოლონეთში, ბოლოს კი ნიდერლანდებში ელჩად დანიშნა, თუმცა დიდი ხნის მუშაობის საშუალებაც არ მიუციათ. საშიში კონკურენტი პენსიაში რაც შეიძლებოდა სწრაფად გაუშვეს, თანაც ისე, რომ, სახელმწიფო სამსახურში მოღვაწეობის მიუხედავად, საკმაოდ მოკრძალებული ანაზღაურება დაუწესეს. ასე მიატოვეს უბრალო და უანგარო ადამიანი ბედის ანაბარა და სიღატაკისთვის გაწირეს. ხრუშჩოვის შემდეგ მისმა მეგობრებმა ცკ-ს მიმართეს და, როგორც იქნა, პონომარენკოსთვის ღირსეული სიბერის უზრუნველყოფას მიაღწიეს. ამ ამბავზე თქვენი ყურადღება სპეციალურად გავამახვილე, რათა “სასტიკი” და “დესპოტი” სტალინის ფონზე ხრუშჩოვის “ჰუმანურობისა” და მისი “ადამიანისადმი სიყვარულის” შესახებ წარმოდგენა წინასწარ შეგქმნოდათ. დიახ, სტალინი ზოგჯერ მეტისმეტად სასტიკი იყო, მაგრამ, ამასთანავე, ადამიანს, რომელსაც დაშვებული შეცდომის გამო თანამდებობრივად აქვეითებდნენ, სამუდამოდ არ სწირავდნენ და გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაბამის ორგანოებში კვლავ აღადგენდნენ. რატომ? _ იმიტომ, რომ სტალინს ადამიანების გატეხვა არ უყვარდა, კარგად ემოდა, მცოდნე ადამიანების მოძებნა არც ისე იოლი იყო და მათ შეცდომების გამოსწორების შანსს ყოველთვის აძლევდა. ხრუშჩოვი კი მხოლოდ თავისი ძალაუფლების განმტკიცებაზე ფიქრობდა და ერთხელ უკვე განაწყენებული და უკან დაბრუნებული ადამიანები პოტენციურ საფრთხეებად მიაჩნდა.

კითხვა: _ საინტერესოა, როგორ შეგიძლიათ აგვიხსნათ, 30-40-იანი წლების მასობრივი რეპრესიების ფონზე პიროვნების კულტის გამოცხადებას დადებითი რეზონანსის გამოწვევა როგორ შეეძლო?

ივანე ბენედიქტოვი
ივანე ბენედიქტოვი

პასუხი: _ სახელმწიფო და პარტიულ აპარატებში ხრუშჩოვის მოღვაწეობის მთავარ მამოძრავებელ ძალას ძალაუფლებისთვის ბრძოლა წარმოადგენდა, რასაც ცკ-ის პირველი მდივნისა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობების ერთდოულად მიღებით მიაღწია. თავდაპირველად ნიკიტა სერგეევიჩის მდგომარეობა რთულად იყო. მიუხედავად პარტიაში მისი პირველობისა, პოლიტბიუროში ყველა არ იყო მისი მომხრე, პირიქით, მოწინააღმდეგეები სჭარბობდნენ. მოლოტოვს, მალენკოვს, კაგანოვიჩსა და ვოროშილოვს, აგრეთვე, სტალინის ყოფილი გარემოცვიდან გამოსულ სხვა სახელმწიფო მოღვაწეებს, ხრუშჩოვზე არც ისე დიდი წრმოდგენა ჰქონდათ. მას ისე უყურებდნენ, როგორც უკომპრომისო ფიგურას და “ერთი საათის ხალიფას”. ხრუშჩოვი ამას კარგად ხედავდა. ამას გარდა, სახელმწიფო აპარატში სტალინის სკოლაგამოვლილი არც ისე ცოტა მოღვაწე იყო დარჩენილი, რომლებიც ხრუშჩოვის “ნოვატორულობას” სკეპტიკურად აფასებდნენ. ხრუშჩოვის მოსვლისთანავე დღის წესრიგში “ოპოზიციის” დასუსტებისა და განადგურების, აგრეთვე, საზოგადოების ცნობიერების ანტისტალინურ სულისკვეთებად გადაგვარების საკითხი დადგა. ამ მიზნით სტალინის საწინააღმდეგო და “რეპრესიების” შედეგად დაზარალებულთა რეაბილიტაციის კამპანიები შესანიშნავად გამოდგებოდა, მით უმეტეს, რომ რეაბილიტირებულთა უმრავლესობა თანამდებობებს სახელმწიფო აპარატებში იკავებდნენ და, შესაბამისად, ხრუშჩოვის პოტენციურ მხარდამჭერებად იქცეოდნენ.

“საზოგადოების ფართო რეზონანს” რაც შეეხება, ეს გარკვეული სოციალური ფენებისა და ჯგუფების ინტერესების გატარებით აიხსნება. ევროპაში სტალინის დისკრედიტაციის კამპანია საბჭოთა ხელისუფლების დისკრედიტაციად გადათარგმნეს, რამაც საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის დაასუსტება და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანების გონების არევა გამოიწვია. მოკლედ, ეს ყველაფერი სოციალიზმის პოლიტიკური მოწინააღმდეგეების სასარგებლოდ მოხდა, რომლებიც, ძირითადად, ამ კამპანიას უკრავდნენ ტაშს.

საბჭოეთშიც პიროვნების კულტის წინააღმდეგ კამპანიას ის მიესალმებოდა, ვისთვისაც სამართლიანი შრომა, რკინის დისციპლინა და წესრიგი სირთულეს წარმოადგენდა. ესენი იყვნენ უსაქმურები, თაღლითები და სხვის ხარჯზე მცხოვრები პარაზიტი ადამიანები, რომლებიც, თუ გაბედავდი და შეეხებოდი, მაშინვე იწყებდნენ ყვირილსდესპოტიზმზე” , “თავისუფლების შეზღუდვასადასტალინის რეპრესიების რეციდივებისარსებობაზე.

სტალინის კრიტიკა იმ ადამიანების ნაწილსაც აძლევდა ხელს, რომლებიც სახელმწიფო და პარტიულ აპარატებში დაძაბული და მკაცრად განსაზღვრული შრომის რიტმისაგან იყვნენ გადაღლილნი და მშვიდი და შემსუბუქებული ცხოვრების მოლოდინში ხრუშჩოვის მართვის “ახალ სტილს” იმედის თვალით უყურებდნენ. ხრუშჩოვის გამჭრიახობამ მომხრეები შემოქმედი ინტელიგენციის ფართო წრეებშიც მოიპოვა, რომელიც, საზოგადოებრივი სპეციფიკურობიდან გამომდინარე, გამუდმებით განიცდიდა ანარქიული თავაშვებულობისა და ინდივიდუალიზმისკენ ლტოლვას, ვისთვისაც პარტიის ხელმძღვანელი როლი მუდამ დამღლელი იყო და “თავისუფლების”, “ჰუმანიზმისა” და “დემოკრატიის” შესახებ თავის ნამდვილ პოზიციას “პროგრესული” ფრაზებით ნიღბავდა. მათ ქვეყნის წინაშე წამოჭრილი პრობლემების არ ესმოდათ და საკუთარი აგარაკი და მანქანა უფრო მეტ საზრუნავს წარმოადგენდა, ვიდრე სოციალიზმის მაღალი იდეალებისათვის მებრძოლი არაერთი თაობის მიერ გადატანილი ტანჯვა-წამება. ასეთებს არ ესმით, რას ნიშნავს დაკაპიწებული მკლავებით მუშაობა და საკუთარი იდეალების დაცვა, ნებისმიერი უსამართლობისა და უმსგავსობის წინაშე იბნევიან, ფარ-ხმალს ყრიან და ამ ყველაფრის გავრცელებას “სრულ” თავისუფლებას ანიჭებენ. “სტალინიზმით” სწორედ ასეთი ადამიანები იშინებენ თავს და სხვებსაც აშინებენ.

კითხვა: _ გულახდილად რომ გითხრათ, აზრთა თქვენეული განლაგება სქემატური მეჩვენება, თუმცა არც თანმიმდევრობა და ლოგიკა აკლია. მოსახლეობის სხვადასხვა ფენაში სოციალიზმის ერთგულ ადამიანებს არაერთხელ შევხვედრივარ, რომლებიც სტალინს დამნაშავედ თვლიანთანაც, თუ კარგად გავიგე, ხრუშჩოვს სახელმწიფო და პარტიული აპარატის უმეტესობა უჭერდა მხარს. კი მაგრამ, აპარატი ხალხის მასებზე ზემოთ სტალინმა არ დააყენა და ბიუროკრატებს არნახული ძალაუფლება თავად მან არ მიანიჭა?

პასუხი: _ დიახ, ტენდენციურად შერჩეული და გაყალბებული საბუთების მეშვეობით ძალიან ბევრი სამართლიანი და მოაზროვნე ადამიანია შეცდომაში შესული. მით უმეტეს, რომ ოფიციალურ ვერსიასთან პოლემიკა ჩვენში მიღებული არ არის, თანაც ფიქრისა და დისკუსიის უნარი დაბალ დონეზეა. მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა. საკუთარი მიზნების განსახორციელებლად უწმინდურმა პოლიტიკოსებმა როგორც უნდა მალონ, ისტორიაში არსებული ნამდვილი ფაქტები, ადრე თუ გვიან მაინც ამოტივტივდება.

პროფესორებისა და ლიტერატორების შეცდომაში შეყვანა უფრო ადვილია, ვიდრე უბრალო მუშის, რომელიც პოლიტიკოსს სინამდვილეში არსებული კრიტერიუმის მიხედვით აფასებს. მიუხედავად უარყოფითი კუთხით ოფიციალური განხილვებისა და განცხადებებისა, სტალინს სხვადასხვა წრეში დღემდე უამრავი მოკავშირე ჰყავს, განსაკუთრებით უბრალო მშრომელ ხალხში, კოლმეურნეებსა და სამხედროებში, უფროსი თაობის ხალხში, რომელმაც იმ დროის ვითარება საკუთარი გამოცდილებით, და არა გაზეთებიდან, იცოდა. მართალია, ხრუშჩოვი გამუდმებით ეწეოდა თავისიეროვნულობისაფიშირებას, ვერც ის და ვერც დღევანდელი ხელმძღვანელობა, ხალხში მსგავს კეთილგანწყობას ვერ მოიპოვებენ. ბიუროკრატებს რაც შეეხება, რომლებსაც სტალინმა დიდი უფლებები მიანიჭა, ამ მხრივ ცდებით. სტალინმა, მუშაობის გარდა, არაფერი იცოდა და თავიდან ბოლომდე საქმეში იყო ჩაფლული. დღეში 14, 15 და 16-საათიანი მუშაობის დროსაც კი თავს დასვენების უფლებას არ აძლევდა. დაწესებული რიტმის მიხედვით მუშაობდნენ პოლიტბიუროს, კომისარიატებისა და სხვა ცენტრალურ თუ ადგილობრივ ორგანოებში მოღვაწე პირებიც. 14-16-საათიანი სამუშაო დღე ჩვენთვის, გამონაკლისს კი არა, უფრო მეტად დადგენილ წესს წარმოადგენდა. შვებულებაში 5-6 წელიწადში ერთხელ გავდიოდით, თანაც ყველას არ ეკუთვნოდა. დასვენების დღეები თითქმის არ გვქონდა.

რკინის დისციპლინა, გამუდმებული კონტროლი, მაქსიმალური ძალით მუშაობა, და რაც მთავარია, საქმის რეალური გაუმჯობესების მიზნით კონკრეტული შედეგების მოთხოვნა, რომლის არარსებობის შემთხვევაში თანამდებობას ემშვიდობებოდი, ისეთ შედეგებს იძლეოდა, როგორზეც დღეს მხოლოდ ოცნება შეიძლება. მაგალითად, ცკ-ის ან პოლიტბიუროს მხრიდან დაყენებული არც ერთი დადგენილება არ მახსოვს, რომლებიც შეუსრულებელი დარჩენილა… სხვათა შორის, შექმნილი “სირთულეების” “ობიექტურ გარემოებებზე” გადაბრალება არ განიხილებოდა. “ხელმძღვანელ თანამდებობებს იმიტომ იკავებთ, რომ სირთულეები გადალახოთ”, _ გვეტყოდა ხოლმე სტალინი მსგავს შემთხვევებში.

წავიკითხე თქვენ მიერ ნახსენები წიგნი, რომელიც 1937 წელს ლიონ ფოიხტვანგერმა საბჭოთა კავშირის მონახულების შემდეგ დაწერა. იგი წერს, რომ საპასუხისმგებლო ადგილის განმკარგავი პირებიჭამას დროს საერთოდ არ უთმობენ, არ სძინავთ და სპექტაკლის ყურებისას ტელეფონით თუ სასწრაფო დავალების შესასრულებლად გამოიძახებენ, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ ან, მაგალითად, დილის სამოთხ საათზე თუ დაურეკავენ. ამდენი დაუღალავად მშრომელი ადამიანი არსად მინახავს, რამდენიც მოსკოვში ვნახენიუიორკსა და ჩიკაგოში ამერიკის მუშაობის ტემპი თუ ვერ აღმოვაჩინე, სამაგიეროდ ის მოსკოვში ვნახე”. სწორი დაკვირვებაა, ასეც იყო!

სხვათა შორის, სპეციალურ კვებაზე, აგარაკებზე, სასადილოებსა და მსგავს რაღაცებზე ჩვენ, კომისარიატის ხალხი, ნამდვილად არ ვფიქრობდით. ამისთვის არც გვეცალა. მით უმეტეს, რომ ამ მხრივ უმცირესი გადაჭარბებაც კი მკაცრად ისჯებოდა. სახკონტროლი და ცკ-ის პარტორგანოები ეფექტიანად მუშაობდნენ, მშრომელთა მხრიდან მოსალოდნელ კრიტიკასაც ითვალისწინებდნენ. ხალხმა კარგად იცოდა, რომ ხელმძღვანელობას სამუშაო დღის კიდევ 8 საათით გასაგრძელებლად დახმარებას აძლევდნენ და ამაში განსჯისა და აღშფოთების საჭიროებას ვერ ხედავდნენ. დღეს კი მინისტრებს უამრავი პრივილეგია ეძლევათ, მათი მუშაობისშემდგომი წარმოსადგენი შედეგები კი წლებისა და ათწლეულების განმავლობაშიც არ ჩანს. მითუმეტეს, მხედველობაში დადებით შედეგებს თუ ვიქონიებთ.

სტალინი, რომლის ცხოვრების წესი და ყოფა ბურჟუაზიული ასკეტიზმისა და პურიტანიზმისგან შორის იდგა, აპარატს ეკლიანი ხელთათმანებით იჭერდა და, მგონი, ამის მიზეზიც ჰქონდა, რადგან ცხოვრებაში არსებულ მრავალრიცხოვან ცდუნებას ხელმძღვანელების შრომისუნარიანობის დაქვეითება შეეძლო. მათდამი ნდობის დაკარგვა კი პარტიაში უბრალო ადამიანებისადმი არსებული ნდობის დაკარკვის ტოლფასი იყო, რომელზეც ჩვენს ქვეყანაში ბვერი რამ იყო დამოკიდებული. თუმცა მსგავსი ზეექსპლუატაცია და დრაკონული რეჟიმი ყველას არ მოგვწონდა, ადამიანები ვართ და მოდუნება, ოჯახისა და პირადი ინტერესებისთვის მცირე დროის დათმობა ჩვენც გვჭირდებოდა…

კითხვა: _ შეიძლება იმ დასკვნამდეც მივიდეთ, რომ ხრუშჩოვი სტალინს ბევრ რამეში ჩამოუვარდებოდა, მაგრამ ის ხომ პატიოსან ადამიანებს ციხეებში არ სვამდა და სისხლს არ ღვრიდა? ამას ხალხი არასოდეს აპატიებს

პასუხი: _ დარწმუნებული ხართ, რომ ხალხის გასაგონად გონივრულად მსჯელობთ? გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში განსხვავებული ხასიათის მქონე ადამიანები ცხოვრობენ. პროფესორისა და მწერლისთვის სტალინი, რა თქმა უნდა, “დესპოტი” და “დიქტატორი” იყო, იმ დროინდელი მუშისა და უბრალო ადამიანებისთვის კი _ უდიდესი ბრძენი, რომელიც ხალხის კეთილდღეობისთვის ზრუნავდა და ამის გაკეთებას ხელმძღვანელობასაც აიძულებდა. დღეს კი ეს ხელისუფლბა მეტისმეტად დანაყრებულია, ბიუროკრატიზმში არის გახვეული და ხალხის მასებს დაშორებული. გულუბრყვილო თვალსაზრისია? _ შეიძლება, მაგრამ… როდესაც ამ ორ პერიოდს ერთმანეთს ვადარებ, მარქსის სიტყვები მახსენდება ხოლმე იმის შესახებ, რომ ინტელიგენტს უფრო მეტი აქვს მუშისგან სასწავლი, ვიდრე მუშას ინტელიგენტისაგან…

კითხვა: _ უკაცრავად, მაგრამ, ამას ჩემ მიერ დასულ კითხვასთან რა კავშირი აქვს?

პასუხი: _ პირდაპირი. ხალხიდან გამოსულ უბრალო, პატიოსან მშრომელს შეეკითხეთ და ის გიპასუხებთ, რომ “დროა, წესრიგი დამყარდეს. უსაზღვროდ გაპარტახებული სახელმწიფო და პარტიული დისციპლინის გასამკაცრებლად კი ყველაზე მკვეთრ ზომებსაც არ უნდა მოვერიდოთ”. როგორც იტყვიან, ხმა ხალხისა, ხმა ღვთისა!

ხრუშჩოვის მონოპოლიური მართვის შედეგებმა ქვეყანა განვითარების რელსებიდან გადაიყვანა და მისი წინსვლა შეანელა, შედეგად მილიონობით ადამიანი დაზარალდა. არადა, ამ ყველაფრის თავიდან არიდება შეიძლებოდა, სტალინს სოციალიზმისთვის საშიში გამოვლინებებისადმი მისთვის დამახასიათებელი სიმტკიცე რომ გამოეჩინა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხრუშჩოვისა და ჟუკოვისთვის პირველი როლის შესრულების საშუალება არ უნდა მიეცა. რა თქმა უნდა, სასამართლოსა და ციხეს არ ვგულისხმობ. ამ მართლაც გამორჩეული ადამიანების პენსიაში გაშვებაც საკმარისი იქნებოდა… ალბათ, მეტყვით, რომ უსამართლო და სასტიკი გადაწყვეტილებაა. საქმეს მათი გადასახედიდან თუ შევხედავთ, ნამდვილად ასეა, მაგრამ ათობით მილიონი ადამიანის ინტერესებს თუ გავითალისწინებთ, ეს რეპრესიები აუცილებელი და სამართლიანიც კი იქნებოდა. სხვათა შორის, ნამდვილი ლენინური პოლიტიკაც მსგავსი ინტერესების დაცვას ემსახურება, როცა საერთო კერძოზე მაღლა დგას.

გრიგოლ ონიანი

1 COMMENT

  1. რა დიდ საქმეს აკეთებთ, ბატონო გრიგოლ! სტალინივით დაუღალავი ადამიანი ბრძანდებით. დიდხანს იცოცხლეთ და ამ საჭირო და სასიკეთო საქმისათვის ღალა და მხნეობა არ გამოგელიოთ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here