Home რუბრიკები ისტორია სტალინის პირადი ცხოვრების ნაკლებად ცნობილი ფაქტები

სტალინის პირადი ცხოვრების ნაკლებად ცნობილი ფაქტები

1858
სტალინი

დადგენილია, რომ სტალინის გარდაცვალების დღესვე დაიწყეს მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირფესვიანად შეცვლის მცდელობები. მოღალატეთა ჯგუფი კრემლში, სტალინის კაბინეტში პოლიტბიუროს სხდომას ატარებდა და, იმის ნაცვლად, რომ მომაკვდავის გვერდით ყოფილიყვნენ და მისი სიცოცხლის გადარჩენაზე ეზრუნათ, თანამდებობებს ინაწილებდნენ და უფლებებს იმტკიცებდნენ.

ყოველგვარი დავისა და კამათის გარეშე, ჯგუფმა დედამიწის ერთი მეექვსედის ერთმმართველად ლავრენტი ბერიას კანდიდატურა წამოაყენა, მაგრამ რუსი ხალხის თვალის ასახვევად და რუსული შოვინიზმის დასაკმაყოფილებლად პირველ ადგილზე სტალინის მოღალატე მალენკოვი დაასახელა. ფარულმა მაცნემ კუნცეოდან კრემლს აცნობა, რომ ბელადმა სუნთქვა შეწყვიტა. 5 საათი იყო გასული მას შემდეგ, რაც სტალინი გაათავისუფლეს ყველა თანამდებობიდან, მაგრამ დატოვეს ცეკასა და პარტიის წევრად.

თავიანთი მდგომარეობით კმაყოფილმა სტალინის თანამებრძოლებმა კურსი კუნცეოსკენ, თავიანთი “ხაზეინის” აგარაკისკენ, აიღეს.

კომისიამ ბერიას, მალენკოვისა და ხრუშჩოვის მონაწილეობით დაუყოვნებლივ დაიწყო მუშაობა დაკრძალვის ცერემონიისთვის მოსამზადებლად, აგრეთვე, თავიანთი არასასურველი ჩანაწერებისა და ბელადის მიერ ქაღალდზე გადატანილი გადაწყვეტილების გასანადგურებლად და გადასამალავად.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ საჩქაროდ დაცალეს კუნცეოს აგარაკი ავეჯისა თუ წვრილმანი ნივთებისაგან, გახსნეს ყველა სეიფი და საიდუმლო სამალავი. სტალინის ყველა აგარაკზე თუ კრემლის ბინაში არ დარჩა არც ერთი დოკუმენტი გაუსინჯავი და შეუსწორებელი, რომელსაც კი სტალინის ხელი შეხებოდა. Dდანომრილი ყველა საიდუმლო თუ არასაიდუმლო ჩანაწერი შეცვლილია და იმავე ნომრით სულ სხვა მასალაა ჩადებული საარქივო მასალებში. თუ როგორ იცვლბოდა და ივსებოდა სტალინის არქივი ყალბი მასალებით, ამაზე რამდენიმე მაგალითს მოგაწვდით ახლახან აღმოჩენილი მასალებიდან, რომლებიც ცალკე წიგნად გამოიცა რუსეთის ხელისუფალთა ხელშეწყობით, სათაურით “სტალინი _ მთავარი დოკუმენტები”.

სტალინი

1953 წლის სექტემბრიდან ხრუშჩოვის მიერ დაწინაურებული და მის კაცად ცნობილი სეროვი სტალინის გადასახლების ყველა ადგილს ეწვია და ყველგან აგენტები ჩათესა, რათა სტალინზე რაც შეიძლება მეტი სისაძაგლე შეეთხზათ და იქაურ მცხოვრებთა სახელით გაეგზავნათ ცენტრში. უამრავმა გამოგონილმა და უნიჭოდ შექმნილმა ყალბმა ბრალდებამ გაავსო შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ცენტრალური კომიტეტის კანცელარია. თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ ერთი წერილის ფოტოპირს, რომელიც გამოგზავნილია ცენტრალური კომიტეტის მდივნის _ ხრუშჩოვის სახელზე (ფოტო #1). წერილის ავტორი 1956 წლის 17 მაისს 1946 წლის ამბებს იხსენებს (აშკარაა, სეროვის კარნახით).

ამ წერილის ქართული თარგმანი ასეთია:

“ამხანაგ ნ. ს. ხრუშჩოვს

1946 წლის ბოლოს კრასნოიარსკის მხარის კპ-ის მდივნად ყოფნის პერიოდში მოსკოვში ერთ-ერთი ვიზიტისას პოსკრებიშევმა დამირეკა და მკითხა, რამე ხომ არ ვიცოდი ივანოვებისა და პერეპრიგინების შესახებ, რომლებიც სტალინის გადასახლების ადგილში, კურეიკაში ცხოვრობდნენ. მე ვუპასუხე, რომ ივანოვებისა და პერეპრიგინების შესახებ არაფერი ვიცოდი. ამხანაგმა პოსკრებიშევმა მთხოვა, როგორც კი კრასნოიარსკში დავბრუნდებოდი, ამ ადამიანების შესახებ ინფორმაცია მომეძიებინა, რადგან მათით ამხანაგი სტალინი იყო დაინტერესებული. კრასნოიარსკში დაბრუნებისთანავე, კომპარტიის რაიკომიტეტის ინსტრუქტორი ამხ. სიროტენკო საკითხის გასარკვევად კურეიკასა და დუდინკაში გავაგზავნე. მივლინებიდან დაბრუნებულმა სიროტენკომ მომახსენა, რომ ივანოვი და პერეპრიგინი იპოვა და მომიყვა, რომ სტალინი 14 წლის ლიდია პერეპრიგინასთან ერთად ცხოვრობდა და მისგან ვაჟი ჰყავდა. ლიდია პერეპრიგინამ მას ვაჟის, ალექსანდრეს, ფოტოც გადასცა.

მსგავსი ინფორმაციის გადაცემა პოსკრებიშევისთვის იმხანად, რა თქმა უნდა, არ შემეძლო. ინფორმაცია ასეთი შინაარსის იყო: პეტრე ივანოვი, რომელიც სტალინს იცნობდა, არასრულწლოვან ლიდია პერეპრიგინასთან მისი თანაცხოვრებით უკმაყოფილებას გამოთქვამდა. ლიდიას უმცროს ძმას, იონ პერეპრიგინს, კი სტალინი ჟანდარმთან ჰყოლია დასმენილი. იონი და ლიდია პერეპრიგინები ობლები იყვნენ.

ახლა უკვე ეს ყველაფერი აღვიდგინე და გადავწყვიტე, ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ.

 

ტ. სიროტენკოს წერილს ვურთავ ლიდიას ვაჟის _ ალექსანდრეს ფოტოს. სიროტენკო თვლის, რომ იგი სტალინის ვაჟია.

ა. არისტოვი

1956 წ. 17 მაისი”

ანალოგიური წერილი პირადად სეროვის მცდელობის შედეგად გამოგზავნილია იმავე 1956 წლის 4 მაისს. გთავაზობთ წერილის ფოტოპირს:

ამ წერილის ქართული თარგმანი ასეთია:

“კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანს,

ამხანაგ არისტოვს

სკკპ კრასნოიარსკის მხარის პროპაგანდისა და აგიტაციის ყოფილი ინსტრუქტორ პ. სიროტენკოსგან.

1947 წლის იანვარში, როცა კრასონოიარსკის მხარის პარტიული კომიტეტის მდივანი ბრძანდებოდით, ჩრდილოეთში, დუდინკა-კურეიკაში გაფრენა დამავალეთ, სადაც ორი გვარის ადამიანი, ივანოვი და პერეტოკინი, უნდა მეპოვა. მივლინებისას მოპოვებული მასალების საფუძველზე დავადგინე, რომ იქ პერეტოკინის გვარით არავინ არსებობდა და ეს ადამიანი იყო პერეპრიგინი, რომელიც იმ ოჯახის გვარი იყო, ვისთანაც ამხანაგი სტალინი ცხოვრობდა. დუდინკაში საკმაოდ სწრაფად დავადგინე, რომ პეტრე ივანოვი, რომელიც ამხანაგ სტალინს ახლოს იცნობდა, მისი მეუღლის _ დარია ალექსეევნას მტკიცებულებით, სტალინისა და პერეპრიგინების ერთ-ერთი ქალიშვილის თანაცხოვრებით ძალიან იყო აღშფოთებული. დუდინკაში ამ ყველაფრის გარკვევის შემდეგ ამ ადამიანების ადგილსამყოფელიც უნდა მომეძებნა. მირჩიეს, კურეიკაში ალექსეი ტარასეევთან მივსულიყავი. მას 1947 წლის მარტში შევხვდი. იგი ამ დროს 102 წლის იყო. მან ასეთი რამ მომიყვა: ის და ივანოვი, ასევე, პერეპრიგინი იონი, რომელიც ოჯახში ობოლი ბავშებიდან უფროსი იყო, გადასახლებული ჯუღაშვილის არასრულწლოვან ლიდია პერეპრიგინასთან თანაცხოვრების შესახებ საქმის აღსაძვრელად ჟანდარმ ლალეტინთან გამოიძახეს. პირობის დადების შემდეგ, რომ სრულწლოვანების დადგომისთანავე მასთან ქორწინებას გააფორმებდა, საქმე დაიხურა. ტარასეევმა ჩემი ყურადღება იმით მიიქცია, რომ ისინი ძველებურად ცხოვრობდნენ, როგორც ცარიზმის დროს დასცინოდნენ უბედურებას, დღესაც ისე დასცინიან. სინამდვილეში ცხოვრობენ ჩამოქცეულ თავშესაფრებში, სადაც გაუსაძლისი პირობებია. იმ დროს, როცა სპეცკონტიგენტი, განსაკუთრებით ლატვიელები და ესტონელები, ფაშისტების ოჯახები, რომლებიც კოლმეურნეობებისაგან სესხებს ღებულობენ, სახლებს იშენებენ და ეს ყველაფერი იმ მიზეზით რომ, კურეიკის კოლმეურნეობა, სადაც სტალინი ცხოვრობდა, კარგად უნდა გამოიყურებოდეს.

მოხუცმა მითხრა, რომ ლიდია პეტროვნა პერეპრიგინა-დავიდოვა ცხოვრობდა ანგუტიხში, რომელიც კურეიკადან ტურუხანსკისკენ მიმავალი გზის შუაში მდებარეობდა.

1947 წლის აპრილში მასთან შეხვედრისას შემდეგი რამ ჩავიწერე:

1900 წელს დაბადებულმა ლიდია პერეპრიგინამ სტალინთან თანაცხოვრება 14 წლისამ დაიწყო. მასთან ყოფნის პერიოდში გააჩინა ვაჟი, მაგრამ ჩვილი მალევე დაიღუპა. სტალინმა ჟანდარმებს პირობა მისცა, როგორც კი ლიდია სრულწლოვანი გახდებოდა, მასთან ქორწინებას გააფორმებდა. სტალინის გაქცევამდე ლიდია ორსულად იყო და მის არყოფნაში ისევ ბიჭი გაუჩნდა, რომელსაც ალექსანდრე დაარქვა. იგი ირწმუნება, რომ მისგან წერილებსაც იღებდა და ფოტოც კი გამოუგზავნა, რომელიც, მისი მითითებით, მუზეუმის დირექტორმა იურინმა კურეიკის სახლის სხვენში იპოვა. როდესაც ხმა გავარდა, რომ სტალინი ფრონტზე მოკლეს, ლიდია იაკობ დავიდოვმა დანიშნა და შემდეგ ცოლად შეირთო. 4 წლის შემდეგ, როცა გაზეთში სტალინის ფოტო აჩვენეს, მან საკუთარი შვილის მამა ამოიცნო. ვინაიდან უკვე სხვაზე იყო გათხოვილი, საჭიროდ არ ჩათვალა, მისთვის თავი შეეხსენებინა და შვილის ამბავი ემცნო. ჩემი თხოვნით, ლიდია პლატონოვნამ თავისი ვაჟის _ ალექსანდრეს ფოტო გადმომცა, რომელსაც ამ წერილთან ერთად თქვენ გადმოგცემთ.

სიტორენკო.

1956 წელი. 4 მაისი”

საარქივო მასალებში მოიპოვება ერთი ასეთი მასალა:

სტალინის გადასახლების ერთ-ერთ ადგილზე, კერძოდ, ზემოხსენებულ კურეიკაში გადასახლებული იოსებ ჯუღაშვილის მეთვალყურედ მუშაობდა ჟანდარმერიის წარმომადგენელი ვინმე მიხეილ მერზლიაკოვი, რომელიც ცუდად არ ეპყრობოდა პოლიტპატიმარს. 1930 წელს მიხეილ მერზლიაკოვი გარიცხეს კრასნოიარსკის მხარის სოფელ ერმალოვოს კოლმეურნეობის წევრობიდან, როგორც ყოფილი ჟანდარმერიის ოფიცერი. მიხეილ მერზლიაკოვმა მიმართა სტალინს განცხადებით, რათა გაეწია მისთვის დახმარება. არ არის მითითებული, რომელ რიცხვში მიმართა წერილით სტალინს მერზლიაკოვმა, მაგრამ საოცარი ის არის, რომ იმავე წლის 27 თებერვალს, ე.ი., თვე-ნახევრის შემდეგ კრასნოიარსკის მხარის ხელმძღვანელობამ მიიღო სტალინისგან პასუხი.

აი წერილის ფოტოპირი:

ამ წერილის ქართული თარგმანი შემდეგი შინაარსისაა:

“კრასნოიარსკის რაიონისა და ოლქის სოფელ ემელიანოვოს საბჭოს,

მიხეილ მერზლიაკოვს.

მერზლიაკოვი მახსოვს ჩემი გადასახლების ადგილიდან _ სოფელ კურეიკადან, სადაც 1914-1916 წლებში დარაჯი იყო. მას აღმასრულებლისგან მხოლოდ ერთი რამ ევალებოდა _ ჩემთვის თვალყურის დევნება (კურეიკაში იმ დროს სხვა გადასახლებულები ჯერ არ იყვნენ). გასაგებია, რომ ამის გამო მერზლიაკოვთან მეგობრულ ურთიერთობაში ვერ ვიქნებოდი. მით უმეტეს, უნდა აღვნიშნო: მიუხედავად იმისა რომ, მის მიმართ ჩემი ურთიერთობა “მეგობრული” არ იყო, ის არც მტრული ყოფილა, როგორი ურთიერთობაც გადასახლებულებსა და დარაჯებს შორის არსებობდა. ჩემი აზრით, ეს იმით აიხსნება, რომ მიხეილ მერზლიაკოვი აღმასრულებლის დავალებას ფორმალურად, პოლიციური მიდგომის გარეშე ასრულებდა: არ მითვალთვალებდა, არ მაღიზიანებდა, არ მიწვევდა, ჩემს ხშირ გაცდენებზე თვალს ხუჭავდა და აღმასრულებელს მომაბეზრებელი “მითითებებისა” და “განკარგულებებისთვის” ხშირად ეჩხუბებოდა. თავს ვალდებულად ვთვლი, ეს ყველაფერი თქვენ მოგახსენოთ. ასეთი ვითარება იყო 914-1916 წლებში, როდესაც დარაჯი მ. მერზლიაკოვი სხვა პოლიციელებისაგან გამოირჩეოდა.

თუ როგორ შეიცვალა კოლჩაკის პერიოდში და საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, როგორ იქცეოდა ან ამჟამად როგორია, რა თქმა უნდა, არ ვიცი.

გიძღვნით კომუნისტურ სალამს (ი. სტალინი).

მოსკოვი, 27/პ-1930წ.”

 

ძვირფასო მკითხველო, ალბათ, ხვდებით, რომ მცირეწლოვან ლიდიას მიერ გაჩენილი ორი ბავშვი, რომლებიც თურმე სტალინის უკანონო შვილები ყოფილან, ერთი დაბადებისთანავე გარდაცვლილა, მეორე კი ჯანსაღია. ორივე 1914 წლამდეა დაბადებული. რადგან სტალინის პასუხში კრასნოიარსკის მხარის ადმინისტრაციისადმი დახასიათებას იძლევა 1914-დან 1916 წლამდე, როდესაც ის იმყოფებოდა გადასახლებაში კურეიკაში, მინისტრი სეროვი კი ირწმუნება, რომ ლიდიას ბავშვები სტალინის მიერ უპატრონოდ მიტოვებული შვილები ყოფილან. როგორც წერენ სტალინის პირადი არქივის მკვლევარები, მათ შორის, ამერიკელი რ. ფეერი, რუსები _ სტარიკოვი, ჟუკოვი, სპიცინი და სხვ. ასეთი თეთრი ძაფით შეკერილი საქმეები ასეულ ათასობით თაბახის ფურცელია. ამ იწილო-ბიწილოთი თავი რომ არ გადავიღალოთ და საფუძვლიანად შევისწავლოთ სტალინი, უფრო სერიოზულ საკთხებს უნდა მივუბრუნდეთ და მათზე გავამახვილოთ ყურადღება.

წარმოგიდგენთ არასრულწლოვანი ლიდიას მიერ გაჩენილ სტალინის ცრუ მემკვიდრეს, რომელიც ისე ჰგავს სტალინს, როგორც ქვემოთ წარმოდგენილი მასალა სინამდვილეს.

“სტალინი თავდაუზოგავად იბრძოდა ძალაუფლებისათვის, ამ გზაზე ის შეუბრალებელი იყო ყველას მიმართ, ვინც წინ გადაეღობებოდა. თანამებრძოლი იქნებოდა ის თუ ოპოზიციონერი, მას მძიმე განსაცდელი ელოდა”.

ასე აღწერდნენ სტალინის პიროვნებას 1920-იანი წლებიდან დღემდე, ვიდრე მზის სინათლე არ იხილა განადგურებას ან გადაკეთებას გადარჩენილმა ზოგიერთმა მასალამ. როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა, სტალინი ნამდვილად თავდაუზოგავად იბრძოდა, ოღონდ რუსეთისა და რუსეთში შემავალი ერების გადასარჩენად და მათ გასათავისუფლებლად მონობისაგან. მისი მიზანი იყო ხალხის და სახელმწიფოს ნათელი მომავალი. ოპოზიციას, რომელიც ზოგი დალუქული ვაგონით, ზოგიც ხომალდებით შეუსიეს რუსეთს, სხვა მიზნები ამოძრავებდა.

ტურუხანსკის გადასახლებიდან ახლადაბრუნებული სტალინი მყისვე ჩაერთო რევოლუციის მოსამზადებელ სამუშაოებში და მოკლე პერიოდში შექმნა პარტიული მოძღვრება ახალი სახელმწიფოს შექმნისა და განმტკიცების შესახებ.

სხვა მიზნითა და სხვა ფიქრით დატვირთული ოპოზიცია იმთავითვე აღიმართა, როგორც ჯადოსნური ძალა, სტალინის წინაშე. მშვიდობიანი პერიოდის თუ სამოქალაქო ომის განმავლობაში სტალინი ხან ხმლით ხელში ებრძოდა მომხვდურ მტერს, ხან დამშეული მოსკოვისთვის მარცვალს აგროვებდა პურის მწარმოებელ რაიონებში. სტალინის წინააღმდეგ ამხედრებული საზღვარგარეთიდან შემოთესლილი აგენტურა ფულით სავსე ჩემოდნებით ხან მოტყუუებით, ხან მოსყიდვით, ხან ტერორითა და სხვა ფანდებით ასუსტებდა ახალგაზრდა სოციალისტურ ქვეყანას. მათ რუსეთის იმპერია სხვა დანიშნულებისთვის სჭირდებოდათ და არა გასაძლიერებლად.

“რუსეთი მსოფლიო რევოლუციის კოცონის დასანთებ ფიჩხად უნდა გამოვიყენოით”, _ წერდა თავის დროზე ლევ ტროცკი. მას სტალინი, რა თქმა უნდა, არ დაუშვებდა.

სტალინის ცრუ მემკვიდრე
სტალინის ცრუ მემკვიდრე

მკითხველო, წარმოიდგინეთ ერთ მხარეს ჯარისკაცის მაზარაში გახვეული საშუალოზე მაღალი, მრისხანე გამოხედვის კავკასიელი მეამბოხე, მეცნიერი, დიპლომატი, პოლიტიკოსი, რევოლუციონერი და მეორე მხარეს _ უცხოეთის მხარდაჭერილი, ფულით სავსე ტომრებით უზრუნველყოფილი პოლიტიკოსები _ ლენინი, ტროცკი, ბუხარინი, კამენევი, ზინოვიევი, რიკოვი და ათასობით მათი ფარული თუ ღია მხარდამჭერი.

1917-დან 1924 წლამდე უამრავ ხიფათსა და ფარულ წყალქვეშა რიფს გამოვლილი სტალინი, რომელიც თურმე “თავდაუზოგავად მიილტვის ხელისუფლებისკენ”, 1924 წლის 19 ივლისს, როდესაც ოპოზიციის მიერ მოსყიდულმა ნადეჟდა კრუპსკაიამ VIII ყრილობას წარუდგინა ლენინის ანდერძი სტალინის გენმდივნობიდან გადაყენების მოთხოვნით, რომელიც ინსპირირებული იყო ოპოზიციის მიერ, სტალინმა VIII ყრილობის წინა პლენუმს გააცნო თავისი განცხადება გენერალური მდივნობიდან გადადგომის თაობაზე.

აი მისი ორიგინალი და შინაარსი:

სტალინის ეს განცხადება არ იყო პლენუმისადმი მისი თხოვნა, ეს იყო მისი ულტიმატუმი, რადგან მას არ ეძლეოდა საშუალება, ემუშავა ქვეყნის აღმშენებლობაზე. ყრილობის მთელმა შემადგენლობამ, მათ შორის, ზინოვიევმა და კამენევმა არ დააკმაყოფილეს სტალინის მოთხოვნა თანამდებობიდან წასვლის თაობაზე. ოპოზიციამ კიდევ უფრო გააძლიერა სტალინის კრიტიკა და ყველა პლენუმი არა საქმიანი, არამედ გაუთავებელი ურთიერთბრალდებისა და ცილისწამების არენად გადააქცია.

1926 წლის 14-23 ივლისს პარტიის პლენუმზე კამენევმა წარმოადგინა ლენინის წერილი, რომელიც სტალინს კრუპსკაიას მიმართ ჩადენილი უხეშობისთვის ბოდიშს სთხოვდა, ოპოზიცია კატეგორიულად მოითხოვდა სტალინის გადაყენებას. მას შემდეგ, რაც პლენუმის მონაწილეთა დიდმა უმრავლესობამ სტალინს მტკიცედ დაუჭირა მხარი, გენერალურმა მდივანმა პლენუმზე სიტყვა ითხოვა და გააკეთა მოხსენება კერძო საკითხზე, სადაც გააანალიზა, რატომ არის საჭირო მისი წასვლა თანამდებობიდან. ამასთანავე, რიკოვს გადასცა განცხადება გადადგომის თაობაზე. ეს მისი მეორე განცხადება იყო გადადგომის შესახებ.

თავმჯდომარე რიკოვმა ხალისით გააცნო პლენუმის მონაწილეებს განცხადების შინაარსი და კენჭისყრაზე დააყენა.

რიკოვი: _ კენჭს ვუყრით სტალინის წინადადებას მისი გენერალური მდივნის თანამდებობიდან წასვლის შესახებ: ვინ არის მომხრე ამ წინადადების? (არავინ).

ვინ არის წინააღმდეგი ამ წინადადების? (ყველა)

თავი ვინ შეიკავა? (ერთმა) _ (ალბათ, სტალინმა _ გრ. ონიანი)

სტალინი კვლავ ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანია.

1927 წლის 19 დეკემბერს დამთავრდა პარტიის XVII ყრილობა. ამ ყრილობაზე სტალინმა პიროვნული და ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დააყენა _ ან ქვეყანა უნდა განთავისუფლდეს მეხუთე კოლონისგან და შეუფერხებლად დაიწყოს ქვეყნის აღმშენებლობა, ან ხელისუფლება უნდა გადავცეთ მათ, რაც შეუქცევადს გახდის ქვეყნის კატასტროფას. სტალინმა დამაჯერებელი არგუმენტებით დაარწმუნა ყრილობის მონაწილეები, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ადგილი არ არის არც ქვეყანაში და არც პარტიაში; რომ ის შემოდის წინადადებით, ოპოზიციის სრული შემადგენლობა გაირიცხოს პარტიიდან და ისინი მოიხსნან დაკავებული თანამდებობიდან. ცხარე კამათის შემდეგ, რომელიც რამდენიმე დღეს გაგრძელდა, ყრილობამ მიიღო დადგენილება ოპოზიციის ყველა წევრის პარტიიდან გარიცხვისა და თანამდებობიდან მათი დათხოვნის შესახებ.

ყრილობა ისეთ ემოციურ ფონზე წარიმართა, რომ არავის უფიქრია კიდევ რაიმე საკითხის წამოჭრა. თავმჯდომარე რიკოვმა იკითხა:

_ ხომ არ გაქვთ ვინმეს წინადადება?

მოულოდნელად სტალინმა ასწია ხელი და სიტყვა ითხოვა.

ვოროშილოვი: _ სტალინს სიტყვა არ მისცეთ.

მაგრამ გვიანღა იყო, სტალინი უკვე ტრიბუნაზე იდგა.

“მაშინ, როდესაც ყრილობა უნდა შეუდგეს ხელმძღვანელი ორგანოების არჩევას, შემოვდივარ წინადადებით, ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მე, იოსებ სტალინი, არ ამირჩიოთ “.

ზოგიერთი მკვლევარი სვამს კითხვას: სტალინის ოპოზიციაზე სრული გამარჯვების შემდეგ, იყო თუ არა ეს გათამაშებული სცენა? სტალინის დამარწმუნებელი ფაქტები და ტონი მიანიშნებდა, რომ მისი ასეთი საქციელი კიდევ უფრო განამტკიცებდა პარტიის ერთიანობას და ლენინის ანდერძი პარტიას შესრულებული ექნებოდა, _ აცხადებდა სტალინი. სტალინმა განცხადება სხდომის თავმჯდომარე დოგადოვს გადასცა.

დოგადოვი:

_ კენჭი ვუყაროთ კამათის გარეშე.

ვოროშილოვი:

_ გთავზობთ, მოსმენილი განცხადება უარვყოთ.

რიკოვი: _ კენჭი ვუყაროთ გამოსვლების გარეშე.

კოსიორი: _ კენჭი ეყრება სტალინის გათავისუფლებას გენერალური მდივნის თანამდებობიდან:

_ ვინ არის მომხრე? (არავინ).

_ ვინ არის წინააღმდეგი (ყველა).

თავი ვინ შეიკავა (ერთმა) _ (ალბათ, სტალინმა _ გრ. ონიანი.)

სტალინი პარტიის გენერალური მდივანია. დაიწყო აღმშენებლობის დიადი პროგრამების განხორციელება. ქვეყანამ თითქოს ამოისუნთქა, გამარჯვება გამარჯვებას მისდევდა, შენდებოდა მძლავრი ინდუსტრიული გიგანტები უცხოური ინვესტიციების გარეშე, ქვეყანა არნახული სისწრაფით მიიწევდა წინ. აკი ამიტომაც 1929 წელს სამართლიანად ეწოდა დიადი გარდატეხის წელი.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here