Home რუბრიკები ისტორია სტალინის სიტყვა დიადი გამარჯვების გამო, წარმოთქმული 1945 წ. 9 მაისს.

სტალინის სიტყვა დიადი გამარჯვების გამო, წარმოთქმული 1945 წ. 9 მაისს.

180
სტალინის მიმართვა ხალხისადმი

ამხანაგებოთანამემამულენო!

დადგა დიადი დღე გერმანიაზე გამარჯვებისა. წითელი არმიისა და ჩვენი მოკავშირეების ჯარების მიერ დაჩოქებულმა ფაშისტურმა გერმანიამ თავი დამარცხებულად აღიარა და უსიტყვო კაპიტულაცია გამოაცხადა.

7 მაისს ქალაქ რეიმსში ხელმოწერილ იქნა კაპიტულაციის წინასწარი ოქმი. 8 მაისს გერმანიის მთავარსარდლობის წარმომადგენლებმა მოკავშირეთა ჯარების უმაღლესი სარდლობისა და საბჭოთა ჯარების უმაღლესი მთავარსარდლობის წარმომადგენელთა თანდასწრებით ბერლინში ხელი მოაწერეს კაპიტულაციის საბოლოო აქტს, რომლის შესრულებაც დაიწყო 8 მაისს ოცდაოთხი საათიდან.

ვიცით რა გერმანელი მმართველების მგლური ჩვევები, ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს ფარატინა ქაღალდად რომ მიიჩნევენ, ჩვენ საფუძველი არ გვაქვს,  მათ სიტყვას ვენდოთ. მაგრამ დღეს დილიდან გერმანელთა ჯარები კაპიტულაციის აქტის შესასრულებლად მასობრივად შეუდგნენ იარაღის დაყრას და ტყვედ ბარდებიან ჩვენს ჯარებს. ეს უკვე ფარატინა ქაღალდი აღარაა. ეს გერმანიის შეიარაღებული ძალების ნამდვილი კაპიტულაციაა. მართალია, გერმანელთა ჯარების ერთი ჯგუფი ჩეხოსლოვაკიის რაიონში ჯერ კიდევ არიდებს თავს კაპიტულაციას, მაგრამ იმედი მაქვს, წითელი არმია შეძლებს მათს გონზე მოიყვანას. ახლა ჩვენ სრული საფუძველი გვაქვს განვაცხადოთ, რომ დადგა გერმანიის საბოლოო დამარცხების ისტორიული დღე, გერმანიის იმპერიალიზმზე ჩვენი ხალხის დიადი გამარჯვების დღე.

უზარმაზარ მსხვერპლს, რომელიც ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის გავიღეთ, აურაცხელ გაჭირვებასა და ტანჯვას, რომელიც ჩვენმა ხალხმა ომის მსვლელობისას გადაიტანა, დაძაბულ შრომას ზურგში და ფრონტზე, რაც სამშობლოს საკურთხეველზე მივიტანეთ, _ ამაოდ არ ჩაუვლია და მტერზე სრული გამარჯვებით დაგვირგვინდა. სლავი ხალხების საუკუნეობრივი ბრძოლა თავისი არსებობისა და თავისი დამოუკიდებლობისთვის დამთავრდა გერმანელ დამპყრობლებსა და გერმანულ ტირანიაზე გამარჯვებით.

ამიერიდან ევროპაში იფრიალებს ხალხთა თავისუფლებისა და ხალხთა შორის მშვიდობის დიადი დროშა.

სტალინის სიტყვა დიადი გამარჯვების გამო, წარმოთქმული 1945 წ. 9 მაისს.

სამი წლის წინათ ჰიტლერმა საჯაროდ განაცხადა, რომ მის ამოცანას წარმოადგენს საბჭოთა კავშირის დანაწილება და მისგან კავკასიის, უკრაინის, ბელორუსიის, ბალტიისპირეთისა და სხვა ოლქების მოწყვეტა. მან პირდაპირ განაცხადა: “ჩვენ მოვსპობთ რუსეთს, რათა ვერასოდეს ვეღარ შეძლოს წამოდგომა”. ეს იყო სამი წლის წინათ. მაგრამ ჰიტლერის შეშლილ იდეებს ასრულება არ ეწერა _ ომის მსვლელობამ გააცამტვერა ისინი. გამოვიდა იმის საწინააღმდეგო, რასაც ჰიტლერელები ბოდავდნენ. გერმანია სასტიკად დამარცხდა. გერმანიის ჯარები გვნებდებიან. საბჭოთა კავშირი გამარჯვებას ზეიმობს, მაგრამ იგი გერმანიას არც დანაწილებას არ უპირებს და არც მოსპობას.

ამხანაგებო! დიდი სამამულო ომი ჩვენი სრული გამარჯვებით დამთავრდა. ევროპაში ომის პერიოდი დასრულდა. დაიწყო მშვიდობიანი განვითარების პერიოდი.

გილოცავთ გამარჯვებას, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო!

დიდება ჩვენს გმირულ წითელ არმიას, რომელმაც დაიცვა ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა და გამარჯვება მოიპოვა მტერზე!

დიდება ჩვენს დიად ხალხს!  ხალხს, რომელსაც ძალუძს მოიპოვოს გამარჯვება! 
სამარადისო დიდება გმირებს, რომლებიც
დაეცნენ მტრის წინააღმდეგ ბრძოლებში 
და  სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ხალხის თავისუფლებასა 
და ბედნიერებას!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here