Home რუბრიკები საზოგადოება სოფელო, ჩემო სოფელო!

სოფელო, ჩემო სოფელო!

1985
ქვევრი

საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა სოფლის მეურნეობას, წამყვანი რგოლი კი იყო კოლმეურნეობა, რომელზეციდგა სახელმწიფო”, როგორცობიექტივშიამბობენ ხოლმე. შევეცდები ჩემი სოფლის კოლმეურნეობის მაგალითზე ავხსნა ამ გაერთიანების მნიშვნელობა. მაინც რა იყო კოლმეურნეობა?

გასული საუკუნის 30-იან წლებში სოფელ კარდენახში სუსტი და მცირერიცხოვანი 5 კოლმეურნეობა შექმნილა, მაგრამ მაინც საკმარისი ოდენობის მოსავალი მოჰყავდათ, განსაკუთრებით ომის წლებში, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცების უმრავლესობა სამამულო ომში იბრძოდა. დამთავრდა ომი, გამსხვილდა კოლმეურნეობები და დარჩა 2. ერთს ეწოდა ბერიას სახელი, ხოლო მეორეს _ სტალინის.

ომის პერიოდში კოლმეურნეობის კანტორა, ანუ ახლებურად ოფისი, იყო ფიცრული სახლი, რომელიც 3 ოთახისგან შედგებოდა. შემდეგ აშენდა მშვენიერი შენობა. კოლმეურნეობას თავმჯდომარეობდა ჩვენივე სოფლის მკვიდრი მიხაკო ჩახვაშვილი. წამყვანი დარგი იყო მემინდვრეობა, დიდი რაოდენობით მოჰყავდათ ხორბალი, სიმინდი, ჭარხალი, ბოსტნეული. მიწის დამუშავება ხდებოდა გამწევი ცოცხალი ძალით, ნაკლებად _ ხელით.

ომიანობის პერიოდში გამოჩნდა 1 ტრაქტორი, რომელიც მძლავრი არ იყო, მაგრამ მაინც ბევრ საქმეს აკეთებდა. ეს ტრაქტორი მანქანა-ტრაქტორების სადგურს ეკუთვნოდა. ამ ტრაქტორზე მამაჩემი და მისი შემცვლელი მუშაობდნენ. მექანიზატორები მტს-ის მუშაკები იყვნენ, მაგრამ შრომის ანაზღაურებას იმ კოლმეურნეობიდან იღებდნენ, რომელშიც სამუშაოებს ასრულებდნენ. მექანიზატორს ერიცხებოდა შრომადღეები მტს-ის მიერ გამოყოფილი აღმრიცხველის მიერ, ხოლო ანაზღაურებაზე ზრუნავდა ცენტრი. სტალინის სპეციალური დადგენილებით მექანიზატორი იღებდა შრომა-დღეზე 3 კგ ხორბალს. ამავე დადგენილებით ადგილობრივ ხელმძღვანელებს ევალებოდათ მექანიზატორების სურსათით უზრუნველყოფა.

მე საზაფხულო არდადეგებს მინდორში ვატარებდი მამასთან, და ვხედავდი, როგორ მოჰქონდა კოლმეურნეობიდან გამოყოფილ “მეხარჯეს” პური, ყველი, ხორცი, კარტოფილი, ღვინო, არაყი და ა.შ.

პირველი მუხლუხიანი ტრაქტორი DT-54 1946 წელს გამოჩნდა. “მოხდენილადმუშაობდა. ყოველ მომდევნო წელიწადს გვემატებოდა ტრაქტორები, კომბაინები, კულტივატორები და ., ისეთი ტექნიკა შემოდიოდა, რომელსაც ქარხნის საღებავი ჯერ კიდევ შემშრალი არ ჰქონდა. ეს ტექნიკა სახელმწიფოსი იყო და კოლმეურნეობას მის შეძენაზე კაპიკი არ ეხარჯებოდა.

კოლმეურნეობა, რომელიც კოოპერაციული საწარმო იყო, მცირე გადასახადს უხდიდა სახელმწიფოს. კოლწევრების მიერ მოყვანილი მოსავალი მთლიანად მათი იყო. აი ეს პროდუქტი და ნაღდი ფული ნაწილდებოდა ხალხზე შრომადღეების მიხედვით _ ვისაც მეტი ჰქონდა ნამუშევარი, მეტს იღებდა; ხოლო ვინც ჩამორჩებოდა, რაღა თქმა უნდა, შესაბამისად, ცოტას იღებდა. განაწილება იწყებოდა გაზაფხულზე, როცა თავმჯდომარე საერთო კრებას ანგარიშს წარუდგენდა, კრების მონაწილენი ირჩევდნენ კოლმეურნეობის თავმჯდომარეს. ახლა ვნახოთ, ხელმძღვანელობის შემადგენლობა და რაოდენობა: კანტორაში ერთი კაბინეტი თავმჯდომარისა იყო, ცალ-ცალკე ოთახებში ისხდნენ მთავარი აგრონომი და მთავარი ბუღალტერი; ცოტა მოზრდილ ოთახში _ 2-3 მოანგარიშე და მდივანი.

კანტორაში მუდამ ხალხმრავლობა იყო. მუშაობა იწყებოდა დილით მზის ამოსვლისთანავე და ხშირად ღამის 2-3 საათამდე გრძელდებოდა. თავმჯდომარე დადიოდა ცხენით. მაშინ სად იყო მანქანები, მით უმეტეს მსუბუქი მანქანა. სატვირთო მანქანა ერთი ჰქონდათ, რომელიც ომის პერიოდში მიიღეს _ “ზის-5”, ხოლო 1950 წლისთვის კოლმეურნეობას 10 თუ 12 ახალი მანქანა ჰქონდა. თავმჯდომარე მძღოლებს აფრთხილებდა _ ეგ მანქანები არც ჩემია და არც თქვენი. ხალხისაა და ვისაც ტრანსპორტი დასჭირდება, ჩემი ნებართვა არაა საჭირო, ყველას ხელი გაუმართეთო. ხალხს კიდევ ვენახში უნდოდა რაღაცების ჩატანა-ამოტანა, შეშის მოტანა, ღმერთმა ნუ ქნას, ვინმე თუ ცუდად გახდებოდა, უმალვე წაიყვანდნენ სამკურნალოდ.

კოლმეურნეობა დაყოფილი იყო ბრიგადებად, ბრიგადა რგოლებად. სასოფლოსამეურნეო ტექნიკის ექსპლუატაციას ხელმძღვანელობდა ინჟინერმექანიკოსი.

კოლმეურნეობა მისდევდა მევენახეობას, მეცხვარეობას. მეცხოველეობის ფერმიდან ყოველდღიურად ახალმოწველილი რძით პირამდე სავსე იმდენი 40-ლიტრიანი ბალონები გაჰქონდათ, რომ “გაზაკის” ძარაზე ძლივს ეტეოდა. რძე გურჯაანის ყველ-კარაქის ქარხანას მიეყიდებოდა. იყო დიდი მეღორეობის ფერმა, აქაური ღორის ხორცი მაღაზიაში იყიდებოდა, კილოგრამი _ 1,70-2 მანეთად.

1948 წელს დაიწყო და სწრაფად აშენდა საქონლის ფერმა. ეს იყო კაპიტალური შენობა, მთლიანად მექანიზებული; მარაგდებოდა სილოსითა და სენაჟით. მწველავებს პატარა ოთახები ჰქონდათ გამოყოფილი და საჭიროების შემთხვევაში ღამეც იქ რჩებოდნენ.

კოლმეურნეობას მოჰყავდა ძალიან დიდი რაოდენობით კიტრი, პომიდორი, ყველანაირი მწვანილი, საზამთრო და ნესვი. ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მოყვანაზე შხამქიმიკატებს არ იყენებდნენ, მხოლოდ მორწყვით მოდიოდა დიდი მოსავალი. არ იტყვით, რა გემრიელი იყო ის საზამთრო და ნესვი? _ შაქარივით ტკბილი იყო. ითესებოდა 30-40 ჰაზე და ისეთი ბარაქიანი იყო, რომ გამოზიდვას ვერ ასწრებდნენ. დიდი რაოდენობით ეგზავნებოდა თბილისს, რუსთავს, გორსა და სხვა ქალაქებს. თანაც გადაზიდვა ხდებოდა რკინიგზის ვაგონებით. სოფელშიც იყიდებოდა. კილოგრამი _ 50 კაპიკად, დღევანდელი ფულის კურსით, 50 თეთრად.

ახლა განვიხილოთ რა ფუნქციები ჰქონდა კოლმეურნეობას საზოგადოების სასარგებლოდ. კოლმეურნეობამ გამოიყვანა წყალი ტინის წყაროდან, ჩვენ უკან რომ მთებია, იქიდან. ეს წყალი დღესაც მოდის. გაიყვანა საუბნო გზები. ხრეში მოჰქონდათ ცხენის საზიდრებით ხევიდან. ეს საქმე მინდობილი ჰქონდა საგზაო ბრიგადას. კოლმეურნეობამ ააშენა აფთიაქი, სკოლა. ყოველ წელიწადს საკლასო ოთახებს უტარდებოდა რემონტი.

კოლმეურნეობას ჰყავდა ფეხბურთის გუნდი, გვქონდა სტადიონი.

ერთ პატარა ამბავს მოგიყვებით, იმ დემოკრატიის წარმოსაჩენად, რომელიც სოფლის მმართველობაში სუფევდა. ჩვენს კოლმეურნეობას სოფელ ჭერემში ჰქონდა ტყე, სადაც სოფელი ამზადებდა შეშას. იქვე იყო ფერმაც.

ერთხელ თავმჯდომარისთვის დაუვალებია რაიკომის მდივანს, განიხილეთ ჭერმის ტყის საკითხი: ეგებ აღარ გჭირდებათ და სატყეოს გადაეცესო. მიხაკოს იმავე საღამოს გამგეობის წევრებისთვის უთქვამს ეს ამბავი. ისინი კიდევ ამხედრებულან, _ როგორ თუ არ გვჭირდებაო და დაუდგენიათ, არ გადაეცესო! დადგენილების ამონაწერი მიხაკოს მიუტანია პირველ მდივანთან _ არჩილ დავითაშვილთან. მას წაუკითხავს და უთქვამს: _ კაცო, ეგ დაგავალეო? ამას მხრები აუჩეჩია _ რა ვქნა, გამგეობამ ასე ისურვაო. ინციდენტი ამით ამოწურულა.

ჯერ კიდევ ომი მძვინვარებდა, როცა სოფელში ალაზანჰესიდან ელექტროხაზი გამოჭიმეს. კოლმეურნეობამ ორი ტრანსფორმატორი იყიდა და ქვითკირის 2 ჯიხურიც ააშენა. ძალზე სწრაფად აშენდა 2 წისქვილი და 1 ზეთსახდელი ქარხანა. დენიც მიაწოდეს. ამ ხაზებს რამდენიმე კაცი ემსახურებოდა და მათ შრომადღეებს უწერდნენ, სოფელი დაიქსელა ელექტროხაზებით და დაიწყო ელექტროფიკაცია. ჩვენს უბანში 1947 წელს ჩაყარეს ბოძები და სახლებში დენი რიგრიგობით შეიყვანეს.

ყველა ოჯახში ამუშავდა რადიო. სოფელს 3 სამჭედლო შეემატა (შევნიშნავ, რომ დღეს სოფელში სამჭედლო აღარ არის). მოეწყო ორი სახერხი. თავდაპირველად იქ მხოლოდ ადგილობრივი ტყის მასალა იხერხებოდა, ხოლო, როცა რუსეთიდან დაიძრა ფიჭვის მორები, მაშინ ხალხმაც და კოლმეურნეობამაც იქ იწყო მასალის შეძენა, რა თქმა უნდა, იაფად.

ორიოდე სიტყვა მშენებლობაზე, როცა რომელიმე მოსახლე გადაწყვეტდა სახლის აშენებას, მოაგროვებდა საჭირო მასალას, მეზობლები უსასყიდლოდ ეხმარებოდნენ. დღეს დაიწყეთ მშენებლობა და ნახავთ, რამდენი დაგიჯდებათ.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, სოფელში საქმე დუღდა და გადადუღდა. საოცარია, რა ენთუზიაზმი იყო, რა შრომის ცეცხლი ენთო მოსავლის აღებაზე მინდვრად. მთელი სოფელი იქ იყო, მედიცინა, განათლება, კულტურის ხალხი, მოსულები იყვნენ მსახიობები, მომღერლები და შუადღისას, მაგრად რომ დაცხებოდა, შესვენებისას კონცერტები იმართებოდა. შრომობდა დიდი და პატარა. კომბაინს კვალში ედგნენ და თავთავს კრეფდნენ მოსწავლეები. თვალსაჩინო ადგილზე ასეთი ტრანსპარანტი იყო გაკრული: “მოსავლის აღება სეზონური საქმეა და მას მოცდა არ უყვარს. დროზე აიღებ _ მოიგებ, დააგვიანებ _ წააგებ. ი.ბ. სტალინი”.

კალოზე კი ასეთი წარწერა იყო გამოკრული: “პირველი განალეწი _ სახელმწიფოს”. ვიღაც ამ წარწერით ძალიან აღშფოთებულა და ხმამაღლა განუცხადებია: მაშ, რისთვისღა ვშრომობთ, თუ მოსავალი სხვამ უნდა წაიღოსო?! ეს ნათქვამი თავმჯდომარესთან მიუტანიათ. შესვენებაზე ხალხი შეუგროვებიათ და განუცხადებია: “ჩვენი მოსავალი უსასყიდლოდ არავის მიაქვს. ყველაფერში ფულს გვიხდიან, მაგრამ იმდენს არა, რაც ბაზარში ღირს. მთელი ქვეყნის მოსავალი სახელმწიფო ბეღელში იყრის თავს, შემდეგ წისქვილკომბინატები ფქვავენ და საცხობებს აწვდიან. ეს გამომცხვარი პური სავაჭრო ქსელში _ მაღაზიებში გადის და იცით, როგორ იყიდება? 1 კილოგრამი 32 კაპიკი ღირს”. მალე ხორბალი მაღაზიებშიც გამოჩნდა ტომრებით, სავსე იყო მაღაზიის საჩეხე. ღირდა ეს ხორბალი 1,8-20 მანეთი ფუთი (16,3 კგ).

კოლმეურნეობის განკარგულებაში იყო 2 საბავშვო ბაღი კოლწევრების შვილებისთვის.

მიკერძოებაში რომ არავინ ჩამითვალოს, მხოლოდ თავისას აქებსო, აქვე გაგაცნობთ სხვა სოფლების თავკაცებს.

ინდიკო სეფაშვილი _ შილდიდან. იგი, უპირველესად, დიდებული პიროვნება იყო და შემდეგ ძლიერი ხელმძღვანელი. გადმოვინაცვლოთ აქეთ და წარმოვადგინოთ ვახტანგი მაყაშვილი სოფელ შრომიდან (ახლანდელი ვაჩნაძიანი). მისი ხელმძღვანელობის დროს სოფელი მტკიცედ დადგა ფეხზე. ვალიკო უტიაშვილი, ჩუმლაყელთა თავკაცი. სოფლელები მის მზეს ლოცულობდნენ. მოვედით ვეჯინში, რომელსაც ასევე დიდებული პიროვნება ხელმძღვანელობდა _ იოსებ ინდაშვილი. კარდანახელ მიხაკო ჩახვაშვილზე კი ბევრი დავწერე. გადავინაცვლოთ ქიზიყში. ერთი მეტად კოლორიტული კაცი გიორგი გელაშვილი ედგა ბოდბისხეველებს სათავეში. შემდეგი პიროვნება უკვე სოციალისტური შრომის გმირი იყო და კოლმეურნეობა კიდევ ლენინის ორდენოსანი. ალბათ მიხვდით, ლაპარაკია ზემო მაჩხაანის თავკაცზე _ ნიკოლოზ მამაიაშვილზე. რაღაც მიზეზების გამო იგი გაათავისუფლეს და სოფელიც უცებ მოირღვა.

გავიხსენებ ზემო ქედელთა თავკაცს _ არსენ კობაიძეს. ისიც სოციალისტური შრომის გმირი იყო.

ვინმემ შეიძლება მკითხოს _ მაგ შენს ნაწერებში ძირითად ადგილს უთმობ შრომას, მინდორს, ვენახს, ტრაქტორსა და კომბაინს, მაგრამ არაფერს ამბობ სოფელში რა მდგომარეობა იყო კულტმასობრივი კუთხითო. ახლა ამ თემას განვიხილავ.

მაშ ასე: სოფელს ჰქონდა ორი კლუბი, კინოდანადგარი, ბიბლიოთეკები. მე კინო პირველად დაახლოებით 7-8 წლისამ ვნახე. ყოველ 2 დღეში ერთხელ დავდიოდი კლუბში ფილმის სანახავად. მეტწილად ქართულ ფილმებს უჩვენებდნენ. მას შემდეგ, რაც გურჯაანში მოეწყო კინოგაქირავების საწყობი, ჩვენს კინომექანიკოსს არჩევანის საშუალება მიეცა. ზოგჯერ კოლმეურნეობა ფულს გადარიცხავდა და ფილმს საღამოობით ღია ცის ქვეშ, კანტორის წინ უშვებდნენ. ბევრი მაყურებელი მოდიოდა.

ხშირად ჩამოდიოდნენ მსახიობები, მომღერლები, პაროდისტები. 1 მაისს საღირაულზე დილიდან იწყებოდა და მთელი დღე გრძელდებოდა ცეკვა-თამაში, ცხენების დოღი, ჭიდაობა.

სასოფლო კლუბის ეზოში ზაფხულობით რეგულარულად იმართებოდა საღამოები კლუბის გამგე ვასო შავერდაშვილის, მეტსახელად კუზმას, ხელმძრვანელობით. პროგრამა კი ასეთი იყო: ტირში სროლა, ლატარია, მოძრავი ფოსტა, ქართული ჭიდაობა ჯილდოზე, ცეკვა, კლუბის ეზო ფერადი სინათლეებით იყო განათებული და იქ სეირნობა ერთ რამედ ღირდა. ქვეყნის სათავეში ნიკიტა ხრუშჩოვის მოსვლის შემდეგ ყველაფერი აირია. დეგრადაციის ტალღამ სოფელსაც გადაუარა და დღეს ხელში ჩვენი დროის სოფლების მოგონებაღა შეგვრჩა.

გუგული ყოინაშვილი

გურჯაანის რაიონი, სოფელი კარდენახი

2 COMMENTS

  1. კარგი და საჭირო სტატიაა. ასე იყო სხვა სოფლებშიც. სასიქადულო პიროვნება იყო, მაგალითად, თიანეთის რაიონის სოფელ სიონის კოლმეურნეობის თავმჯდომარე გიორგი ბუჯიაშვილიც. ამ ადამიანებზეც უნდა დაიწეროს მოგონებები. მადლობა სტატიის ავტორს!

  2. ვწერ მამაჩემის – ამირან ჩალათაშვილის სახელით,რომელიც 1936 წელს დაიბადა და 17 წლამდე ცხოვრობდა კარდენახში. იგი გიდასტურებთ თითოეულ სიტყვას და ჩემთვის კი სასიამოვნო იყო იმის გაგება ახლა,რომ მიხაკო ჩახვაშვილი პაპაჩემის – გიორგი ჩალათაშვილის ახლო მეგობარი ყოფილა,ერთად ბევრჯერ მოულხენიათ თურმე პაპაჩემის სახლში,რომელიც 3 კოლმეურნეობის პარტკომი გახლდათ და ომი რომ დაიწყო,36 წლისა ერთერთი პირველი გაიწვიეს,საიდანაც აღარ დაბრუნებულა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here