Home რუბრიკები საზოგადოება სოსო ცინცაძე: საქართველო სტრატეგიული მოკავშირის გარეშე რჩება. ყველა რეზოლუცია, ყველა ხმაურიანი განცხადება...

სოსო ცინცაძე: საქართველო სტრატეგიული მოკავშირის გარეშე რჩება. ყველა რეზოლუცია, ყველა ხმაურიანი განცხადება მხოლოდ ლირიკაა

3192
სოსო ცინცაძე

ამა წლის 19-დან 27 სექტემბრამდე ნიუიორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 73- სესია მიმდინარეობდა. სესიის მონაწილეებმა 175 საკითხი განიხილეს. საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გაეროში სიტყვით 27 სექტემბერს გამოვიდა.

“დღეს ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს _ საქართველოს თითოეული წარმატება თქვენი წარმატებაა. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, დაიცვას და უზრუნველყოს თავისი ყველა მოქალაქის უფლება და ჩვენ ამას შეუქცევადად და მიზანმიმართულად ვახორციელებთ. თქვენ უნდა ისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რომლებიც საქართველომ შექმნა; იქნება ეს ადამიანის უფლებები, განათლება, ჯანდაცვა, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა თუ სხვა.

მინდა მივმართო განსაკუთრებით ახალგაზრდებს: ჩვენ ერთად, ერთობლივი მონდომებითა და შესაძლებლობებით მივაღწევთ წარმატებასა და კეთილდღეობას. მინდა იცოდეთ, მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია ჩვენი მომავალი.

აქვე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რუსეთს, _ ნუ უშლის ხელს და ნუ აფერხებს ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს, მისცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრების საშუალება. მივმართავ რუსეთს: გაიყვანეთ ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან”, – საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს ტრიბუნიდან ეს განცხადება ქართულ ენაზე გააკეთა.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერის, მამუკა ბახტაძის, გამოსვლის შეფასება ვთხოვეთ პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს:

_ მთავარი პროცესი არ არის, მთავარი შედეგია. რა ილაპარაკა ბახტაძემ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თანაც ეს ხომ საერთაშორისო დიპლომატიური კლუბია მხოლოდსაინტერესო არავისთვის არის, რას იტყვის უკრაინის პრეზიდენტი და საქართველოს პრემიერი, შედეგია მთავარი და ამ შედეგს დაველოდოთ.

ამბობენ, მკაცრი იყოო ბახტაძე, მაგრამ მე ამაზე მკაცრი გამოსვლაც მინახავს. მახსოვს ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა, მისი მუქარა, როდესაც თქვა: თუ გაეროში რეფორმირება არ მოხდება, თუ რუსეთი ისევ შეძლებს, გამუდმებით ისარგებლოს ვეტოთი, მაშინ გაეროში ჩემი ფეხი აღარ იქნებაო. და მართლაც, მას შემდეგ ის იქ აღარ ჩასულა. შევარდნაძის ნაცვლად, ალექსანდრე ჩიკვაიძე დადიოდა, ამიტომ დაველოდოთ შედეგს _ თუ ჩვენი პრემიერი კარგად გამოვიდა, ამის შედეგს, იმედია, მალე დავინახავთ

მთავარი ჩემთვის, როგორც პოლიტოლოგისთვის, დონალდ ტრამპის გამოსვლა იყო, შემდეგ _ ემანუელ მაკრონის გამოსვლა.

ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა დადგენილი, მთავარი მსოფლიო წესების უარყოფა და ახალი წესების შემოღება. მან ხაზი გაუსვა “იზოლაციონიზმს”. ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა: მე პატივს ვცემ თქვენს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ანუ თქვა: “იქ ილოცეთ, სადაც გინდათ”, ოღონდ პატივი ეცით ჩემს სუვერენიტეტსაცო, რაც გასული საუკუნის 30-იან წლებში დაბრუნებას ნიშნავს.

ტრამპის გამოსვლამდე გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა ისაუბრა, რომლის გამოსვლასაც არც ერთმა ქართულმა მედიამ ყურადღება არ მიაქცია. გუტერეშმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ტრამპი, ისე, რომ მისი გვარი არ უხსენებია. მან თქვა, რომ სურთ, მსოფლიო დააბრუნონ გასული საუკუნის 30-იან წლებში, რაც შემდეგ ტრამპის გამოსვლით დადასტურდა.

30-იან წლებში იყოიზოლაციონიზმი”, როდესაც იაპონიამ მანჯურია დაიპყრო, იტალიამ _ ეთიოპია, როდესაც ჰიტლერმა ესპანეთში ჯარები შეიყვანა და, საერთოდ, ფაშიზმი დაიწყო. მაშინ ამერიკა, ასე ვთქვათ, პილატესავით ხელებს იბანდა. ამერიკის კონგრესმა ზედიზედ ოთხი კანონი მიიღო იზოლაციის შესახებ, რომლებშიც არათუ მსხვერპლის დახმარებაზე იყო საუბარი, არამედ იარაღის მიყიდვის უფლებაც აუკრძალა მთავრობებს. ესპანეთის მთავრობას, რომელიც მარტო ებრძოდა ფაშიზმს, იარაღის ყიდვის უფლება არ ჰქონდა.

ასე რომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პრემიერ ბახტაძის მოწოდება, რუსეთმა ჯარები გაიყვანოსო, უადგილო იყო, რადგან მხარდაჭერა არ იქნება.

_ გამოდის, რუსეთმა რაც უნდა ჩაიდინოს, ამერიკა მის შეჩერებას არ აპირებს

_ რასაკვირველია, რადგან ამერიკის პრეზიდენტი იტყვის, რომ ეს რუსეთის სუვერენული უფლებაა. ტრამპი ზედიზედ ტოვებს საერთაშორისო ორგანიზაციებს. ახლა ჰააგის სასამართლოდან გადის, პრაქტიკულად, უკვე გავიდა. ვეკითხები ყველას: რას წარმოადგენს ჰააგის სასამართლო ამერიკის გარეშე?

ჰააგის სასამართლო ახლა განიხილავს ამერიკელი ჯარისკაცების დანაშაულებს ავღანეთში, სავარაუდოდ, მკაცრ განაჩენს გამოიტანს, ამერიკა ამას ფეხებზე დაიკიდებს. ვთქვათ, ჰააგის სასამართლომ საქართველოს სასარგებლო განაჩენი გამოიტანა 2008 წლის ომში, მერე რა? პუტინიც ზუსტად ისე მოიქცევა, როგორც ტრამპი.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი უამრავი ინიციატივით გამოვიდა, ევროპა, ჩინეთი, ირანი და რუსეთი უკვე გაერთიანდნენ ამერიკის წინააღმდეგ ირანის სანქციების საკითხში. საინტერესოა, ჩვენი ხელისუფლებისთვის ეს ფაქტი არაფერს არ ნიშნავს?

ტრამპიც მარტო არ არის, ბრაზილიაშიც იგივე ვითარებაა. ახლა ბრაზილიაში გაიმარჯვებს ზუსტად ისეთი ადამიანი, როგორიც ამერიკის პრეზიდენტია, ნაციონალი და ემხრობა ტრამპის პრინციპებს _ ჩაკეტვა, არ გვეხება არაფერი.

ასე რომ, მალე დადგება დრო, როდესაც გაეროში გამოვლენ და იტყვიან: ჩვენი საქმე არ არის, რუსეთი საქართველოში საზღვარს გადაწევს თუ არა, უკრაინას დონბასს წაართმევს თუ არაო

_ რატომ არ უნდა ჩვენს ხელისუფლებას, სიმართლეს თვალებში ჩახედოს?

_ იმიტომ, რომ დღევანდელი დღით ცხოვრობენ. დღევანდელ დღეს გადააგორებენ და, ხვალ ვინც მოვა, თავი იმან იტეხოსო.

მთავრობისგან საღად აზროვნებას არც ველი. რა ქნან? თავზე ნაცარი წაიყარონ? ზალკალიანი იქ იდგა და ხელის გულზე მაზოლები გაუჩნდა, იმდენჯერ დაუკრა ტაში, რას ელით ამ კაცისგან?!

_ რა უნდა ქნას ასეთ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებამ?

_ ახლა მათთვის მნიშვნელოვანია, როგორმე ეს დედაკაცი გაიყვანონ პრეზიდენტად, დღეს სხვა საქმე არ აქვთ. ჰო, “დედაკაცის” ხსენებისთვის ჩივილს ნუ დაიწყებს სალომე ზურაბიშვილი, “დედაკაცი” ცუდი სიტყვა არ არის. ვიცი, ილია არ წაუკითხავს.

_ არ მოგწონთ სალომე ზურაბიშვილი? ის ცუდი დიპლომატი არ არის

_ რა დიპლომატი? ქალი, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საპატრიარქოს იმხედრებს, რა დიპლომატია? ნაპოლეონი ფრანგი გახდა, სალომე ვერ გაქართველდა, ზუსტად ისე, როგორც ახალციხელი სომხები, რომლებმაც ქართული არ ისწავლეს, რადგან არ სჭირდებათ. ამბობს, რუსის ჯარი საქართველოდან მე გავიყვანეო, სასაცილოა. სალომემ უკვე მოლაპარაკებულ შეთანხმებაში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ იმ გზებზე ისაუბრა, რომელი გზითაც ჯარი უნდა გასულიყო.

_ დავუბრუნდეთ საგარეო პოლიტიკასთუკი ტრამპი აღარ აპირებს, დაეხმაროს .. სტრატეგიულ მეგობრებს, თუკი აღარ გამოსცემენ ჩვენს მხარდასაჭერ რეზოლუციებს, მაშ, რა გვეშველება?

_ ამერიკა ძლიერი ქვეყანაა, მაგრამ რუსეთი ჭკვიანია. ის ხედავს ამერიკის სიძლიერეს, რაც მიუღებელია მისთვის. ეს საშიშს ხდის ვითარებას. ბალანსი დარღვეულია. საქართველო სტრატეგიული მოკავშირის გარეშე რჩება. ყველა რეზოლუცია, ყველა ხმაურიანი განცხადება მხოლოდ ლირიკაა.

რეალურად შევხედოთ ჩვენს მდგომარეობას: მართლა არ გვყავს მოკავშირე, რაც სამხედრო დახმარების ხელშეკრულებაში გამოიხატება. ამერიკა ასეთ ხელშეკრულებას არ გვიდებს, პარტნიორი ჰქვია, მაგრამ ეს მას არაფრით ავალდებულებს. მაგალითად, რა ურთიერთობაც აქვს ამერიკას ისრაელთან, ას ხელშეკრულებაზე ძლიერია. ამერიკას საქართველოსთან მხოლოდ კონგრესის რეზოლუციები აქვს, რომელიც მთავრობას არ ავალებს კონკრეტული სამხედრო დახმარების აღმოჩენას. მოკლედ, ე.წ. მხარდამჭერები და პარტნიორები გვყავს, მაგრამ მოკავშირეები _ არა. ეს კი აუცილებელია ნებისმიერი ქვეყნისთვის, მით უმეტეს, ჩვენისთანა პატარა ერისთვის.

_ არ გვყავს მოკავშირეები, _ ამბობთ. მაშ, ვის იმედად გაიძახოდა პრემიერი ბახტაძე გაეროს ტრიბუნიდან: რუსეთი ოკუპანტია, ჯარი სასწრაფოდ გაიყვანოსო

_ ყოველთვის მოლაპარაკების მომხრე ვარ. აუცილებლად უნდა ჩავიდნენ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. ეს დილეტანტების გადასაწყვეტი საქმე არ არის. ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ქართულად ილაპარაკა, მაგრამ გული მიკვდებოდა _ ის რომ ლაპარაკობდა, დარბაზი ცარიელი იყო. სამწუხაროდ, დიდი ლიდერების გამოსვლის შემდეგ დარბაზი იცლება, თანაც იქაური საუბრები მნიშვნელოვანი არ არის, ეს შეხვედრათა კლუბია. ჩვენს პრემიერს, ამერიკის პრეზიდენტთან ან ევროპელ ლიდერებთან რომ ჰქონოდა შეხვედრები, კიდევ შეიძლებოდა, მნიშვნელოვანი ყოფილიყო მისი გამოსვლა, სხვა დატვირთვა ექნებოდა.

არ ვიცი, ჭკვიანი კაცია თუ არა ბახტაძე, მაგრამ დიპლომატიური გამოცდილება ნამდვილად სჭირდება. ქართველი ელჩები არ მუშაობენ, ლობისტები არ ჰყავთ.

_ რვა თვეა, საქართველოში ამერიკას ელჩი არ ჰყავს, ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა. რას ფიქრობთ, რატომ მოხდა ასე?

_ ასეთი რამ მართლაც არსად არასოდეს მომხდარა. რუსეთში იყო ერთი შემთხვევა, ერთ თვეს გაჭიანურდა ელჩის დანიშვნა. საქართველო პრიორიტეტი აღარ არის, ამიტომაც მოხდა ასე. ჩვენი ქვეყანა არც იყო პრიორიტეტული. იცით, ამერიკის ელჩები აქედან სად მიდიოდნენ? პენსიაზე და არა მხოლოდ ამერიკის ელჩები, ყველა ქვეყნის ელჩი საქართველოდან პენსიაზე გადის.

ამერიკის ელჩის დანიშვნის ასე დაგვიანება ნიშნავს იმას, რომ ამერიკა ჩვენს საქმეებში აღარ ჩაერევა, ის ჩვენ აღარ დაგვეხმარება, ეს არის ტრამპის “იზოლაციონიზმი”. ოცდამეერთე საუკუნეა და არავინ არავის ეხმარება.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here