ბოლო რამდენიმე თვეა, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები პოლიციას უტევენ. ახალ წლამდე რამდენიმე კვირით ადრე ხალხი ალაპარაკდა ვინმე პოეტ ზვიად რატიანის დაკავებაზე, რომელიც პოლიციამ ხულიგნობისთვის (ნასვამ მდგომარეობაში) დააკავა და რომლის გათავისუფლების მოთხოვნით ე.წ. ხელოვანები ქუჩაში გამოვიდნენ.
დღეს ეს ე.წ. ხელოვანები ვინმე მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (“ბახალა”) გასათავისუფლებლად აწყობენ აქციებს. ცოტა ხნის წინათ კი გავრცელდა კადრები, რომლებზეც ნათლად ჩანს, რომ მეტროპოლიტენის სადგურში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის პოლიციელების მიერ ადამიანის დაკავებას მოჰყვა ხალხის მცირე ნაწილის აგრესია სამართალდამცველების მიმართ. რატომ ცდილობენ პოლიციის დისკრედიტაციას? ვინ და რატომ ებრძვის პოლიციას? _ ამ და სხვა საინტერესო თემებზე თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი სოსო მანჯავიძე გვესაუბრება.
_ პოლიციელებზე თავდასხმა, მათ მიმართ აგრესიის გამოვლენა, სამწუხაროდ, ტენდენციად იქცა. ეს ტენდენცია ემსახურება იმას, რომ ჩამოიშალოს სახელმწიფო. და ამას ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამისთვის ფინანსდებიან.
ნაციონალური სახელმწიფოები უნდა განადგურდეს _ ამ მიზანს ემსახურება ყველაფერი, რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ხდება. არასამთავრობოებს სამიზნეში ჰყავთ ამოღებული პოლიცია, რადგან ეს სამართლებრივი სტრუქტურა სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი კომპონენტია. არასამთავრობოებს ნებადართული აქვთ, იმოქმედონ სიტუაციის მიხედვით: ხან ჩუმად და შეპარვით, ხანაც _ აშკარად და დაუფარავად. დღეს ბრძოლა დაუფარავად მიმდინარეობს, არ იმალებიან და ინიღბებიან, აძლევენ ინტერვიუებს, აწყობენ საპროტესტო აქციებს და ა.შ.
საქართველო დაუცველია. უნდა გვესმოდეს, რომ ნატოს, ევროკავშირის, ამერიკის გავლენა დიდია და სიფრთხილე გვმართებს. მოდის დირექტივები და, თუ ფრთხილად არ ვიქნებით, ნაკლები შანსია, სახელმწიფოებრიობა შევინარჩუნოთ თუნდაც იმ ფორმით, როგორიც ახლა გვაქვს.
_ სააკაშვილს უწონებდნენ პოლიციის სისტემის რეფორმას. რა ხდება დღეს? რატომ ებრძვიან პოლიციას ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე იწონებდნენ სისტემის რეფორმას?
_ სააკაშვილი, პოლიციის რეფორმასთან ერთად, ყველა დაკვეთას ასრულებდა, პოლიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ ჰყავდა მიმართული, ამიტომ მოსწონდათ მისი პოლიცია. დღეს მიშას პოლიტიკა აქტიურად აღარ მუშაობს და ამიტომ ებრძვიან პოლიციას, აღარ მოსწონთ. პოლიცია უძლიერესი ინსტრუმენტია სახელმწიფოს ხელში და, თუ ამ ინსტრუმენტს არ იყენებ ისე, როგორც საჭიროა, ანუ როგორც მიშა იყენებდა, ბუნებრივია, არ მოეწონებათ.
ნებისმიერ ქვეყანაში ხდება ნარკოტიკის ჩადებაც და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაც; მათ შორის, იმ ქვეყნებშიც, რომლებიც ჩვენთვის “ეტალონია”. მაგრამ ის, რაც ხდება ჩვენს ტელევიზიებში, როგორც თავშივე გითხარით, მიმართულია საზოგადოების დემორალიზაციისკენ, ასევე სახელმწიფოსიც. ეს არის საინფორმაციო ომი, რომლის საწარმოებლად მთელი ინფრასტრუქტურაა შექმნილი. არასამთავრობოები წარმოუდგენლად გაძლიერდნენ ჩვენს ქვეყანაში.
_ მხოლოდ არასამთავრობოები არ გამოდიან პოლიციის წინააღმდეგ, საპროტესტო აქციაზე მსახიობები, მწერლები, პოეტებიც დგანან…
_ რომელი მწერლები გამოდიან აქციებზე _ ბუღაძე და ტურაშვილი? მათ არ ვთვლი მწერლებად. დამნაშავის დასაცავად გამოსულ მწერლებს, პოეტებსა და მსახიობებს მე არ არ ვცნობ მწერლებად, პოეტებად და მსახიობებად. საერთოდ, რატომ უნდა ჰქონდეთ მათ სახელმწიფოს საქმეებში ასე აშკარად ჩარევის, ლიბერალური ღირებულებებით სახელმწიფოს განადგურების სურვილი? ამ ადამიანების მოქალაქეობრივი პოზიცია მიუღებელია. ვერ გავიზიარებ იმ ადამიანების აზრს, რომლებიც სააკაშვილს ხოტბას ასხამდნენ.
მიშასდროინდელ და დღევანდელ პოლიციას შორის დიდი განსხვავებაა, ადამიანები თითქმის არ შეცვლილან, მაგრამ პოლიტიკა შეიცვალა. მიშას სურვილი იყო, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი დაეჭირათ და ამისთვის ნებისმიერ მეთოდს იყენებდნენ.
ამ ხელისუფლების უდიდესი შეცდომა არის ის, რომ ბევრი დამნაშავე არ დაიჭირეს, ტერორისტული ორგანიზაციის მსგავსი სტრუქტურები, როგორებიც იყო კუდ–ი, სოდ–ი და ა.შ., ისევ სისტემაში დატოვეს; მეტიც, ადამიანები, რომლებიც სასტიკ დანაშაულებს სჩადიოდნენ, თითქმის ყველანი, პოლიტიკურ ლიდერებად მოგვევლინენ და ახლა პოლიციისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვიან, მათ ამ ქვეყნის ჩამოშლა სურთ. ამ ხელისუფლებამ პირადი კეთილდღეობის მოწყობის საშუალება მისცა დამნაშავეებს, ზოგიერთი მათგანი თვითონ შეიერთა და ხელშეუხებლობის გარანტია მისცა, რაც ამ ხელისუფლების დიდი დანაშაულია. ამან ადამიანებში შიზოფრენია და დაპირისპირება გამოიწვია.
იმის ნაცვლად, რომ 25 წლის წინათ დაწყებული გაუგებრობა ამოგვეწურა, მწყობრი სისტემური ხედვა შეგვემუშავებინა და შეეთავაზებინათ საზოგადოებისთვის, “ქართულმა ოცნებამ” აბსურდის თეატრად აქცია ქვეყანა.
საზოგადოება ისეა დათრგუნვილი, რომ აქცენტი ეპოზოდებზე გადააქვს და მასშტაბურ პრობლემაზე აღარ ფიქრობს… მხოლოდ ილანძღებიან, რასაც არასდროს არც ერთ ქვეყანაში შედეგი არ მოუტანია.
_ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას თუ ემხრობით?
_ მომხრე ვარ ჭკვიანური ნარკოპოლიტიკის შემუშავების. ნებისმიერი ნაბიჯი გათვლილი უნდა იყოს შედეგზე. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია უდიდესი საფრთხეების შემცველია, შეიძლება აფეთქებაც კი გამოიწვიოს.
ისეთ ქვეყანაშიც კი, როგორიც არის ჰოლანდია, სადაც ყველაზე ლიბერალური ნარკოპოლიტიკაა, ხალხი შეწუხებულია, იქაური სამართალდამცავები, საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები შეშფოთებულები არიან ნარკოპოლიტიკის შედეგებით და აღარ იციან, რით გამოასწორონ. ჰოლანდია ნარკოტრანზიტის ქვეყნად გადაიქცა. სადაც ნარკოტიკია, იქ სისხლისღვრაც არის, წილების გადანაწილებაც, მოკლედ, პროცესები უმართავია. გაუთვითცნობიერებელი და ანგაჟირებული ადამიანები ამ პროცესს არ უნდა გაეკარონ.
არ შეიძლება, ხელისუფლება ბრმად მიჰყვებოდეს არასამთავრობოების მიერ გაჭრილ კალაპოტს. ყველამ იცის, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის იდეას “გირჩი” ლობირებს, ამ ორგანიზაციაში “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრები არიან თავმოყრილნი, ლიბერტარიანელები არიან, რაც პირდაპირ კავშირშია სატანიზმთან. რასაც “გირჩი” ითხოვს, აბსურდისა და მავნებლობის საოცარი ნაზავია. ისინი გლობალური ძალების აგენტები არიან. მათ სურთ ნაციონალური სახელმწიფოების განადგურება და ამას არც მალავენ. სამწუხაროა, რომ ყველა ქართულ ტელევიზიაში მათი იდეების ტირაჟირება ხდება.
ასე რომ, პოლიციამ უნდა იმუშავოს, ლიბერალებთან დათმობაზე არ უნდა წავიდნენ, თავისი არ უნდა გაატანინონ, კანონები უნდა გაამკაცრონ და დანაშაულის წინააღმდეგ მთელი სიმკაცრით იმოქმედონ.
ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი