ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის (მოკლეს 2000 წელს) მიერ დაფუძნებული ინტერნეტგამოცემა “უკრაინსკაია პრავდა” ჩეხმა ოლიგარქმა, ფაქტობრივად, სოროსის “ნამესტნიკმა” ტომაშ ფიალამ იყიდა.
“უკრაინსკაია პრავდას” ინფორმაციით, გამოცემის თანადამფუძნებელმა ალენა პრიტულამ გამოცემის აქციების 100% ფიალას კუთვნილ კომპანია Dragon Capital-ს გადასცა. პრიტულა შეეცადა, დაერწმუნებინა გამოცემის კოლექტივი, რომ “უკრაინსკაია პრავდა” მესაკუთრის შეცვლის შემდეგ ძველ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მთავარი რედაქტორის პოსტზე დარჩება სევგალ მუსაევა, პრიტულა კი გააკონტროლებს გამოცემას, როგორც თანადამფუძნებელი.
ადრე “უკრაინსკაია პრავდამ” გამოაქვეყნა შეკვეთილი წერილები, რომლებშიც სოროსის ნაცვალმა (“ნამესტნიკმა”) ფული გადაიხადა. ბოლო ხანს “უკრაინსკაია პრავდა” გაკოტრების პირას იყო და მკითხველთა შემოწირულობებით არსებობდა. ფიალამ პრიტულას გამოცემაში 2,5 მლნ დოლარი გადაუხადა. იმის გათვალისწინებით, რომ ალენა პრიტულას ხელფასს, ფაქტობრივად, ჩეხი ოლიგარქი უხდის, ფიალა დახარჯულ ფულს მალე ამოიღებს.
“უკრაინსკაია პრავდას” შეძენის შემდეგ ტომაშ ფიალა უკრაინის მთავარ მედიამაგნატად იქცა. სოროსის “ნამესტნიკს” ეკუთვნის უკრაინის ისეთი წამყვანი მედიასაშუალებები, როგორიც არის საინფორმაციო სააგენტო “ნოვოე ვრემია”, ეკონომიკური საინფორმაციო სააგენტო Finance.ua, მედიაჰოლდინგი “მინფინმედია”. ეს ყველაფერი სერიოზული მედიაქტივია, რომელსაც შეუძლია, გავლენა იქონიოს უკრაინის ფინანსურ ბაზარსა და საბანკო სექტორზე.
ფიალას მიერ “უკრაინსკაია პრავდას” შეძენის შემდეგ ეს გამოცემა ვლადიმერ ზელენსკის გარემოცვის სოროსული ფრთის იარაღად იქცევა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვის წინააღმდეგ. ცნობილია, აგრეთვე, რომ სოროსელებს სურთ, ფიალას გადასცენ ბანკების ჯგუფი “პრივატი”. ამის გამო “უკრაინსკაია პრავდა” დაიწყებს მილიარდერ იგორ კოლომოისკისა და მისი გარემოცვის დიფამაციით. კოლომოისკი და ავაკოვი ახლა მოკავშირეები არიან. ფიალას ჩეხეთის მოქალაქეობა იმუნიტეტი იქნება “უკრაინსკაია პრავდასთვის” ავაკოვის უწყების დევნისგან.
ტომაშ ფიალას პარტნიორია უკრაინელი ოლიგარქი ვიქტორ პინჩუკი _ ექსპრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას სიძე. პარტია “ხალხის მსახურის” გარდა, ფიალა აკონტროლებს პარტია “გოლოსს”. ტომაშ ფიალას სტრუქტურების მეშვეობით ჯორჯ სოროსი აფინანსებს ლვოვის კათოლიკურ უნივერსიტეტს _ უკრაინული მაიდნების სამჭედლოს. ამ სასწავლებლის რექტორია ვატიკანის ნუნცია საფრანგეთში, შვეიცარიასა და ბენილუქსის ქვეყნებში _ ბორის გუდზიაკი, რომელიც აშშ-ის მოქალაქე ჰილარი კლინტონის მეგობარი და, ფაქტობრივად, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელია.
უკრაინაში სოროსის ნაცვალ ტომაშ ფიალას ძმა, პეტრე, ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარის მოადგილე და პროამერიკული სამოქალაქო-დემოკრატიული პარტიის ლიდერია.
ალენა პრიტულას სახით ტომაშ ფიალამ მიიღო მენეჯერი საინტერესო წარსულით. უკრაინელი კოლეგები პრიტულას “შავ ქვრივს” ეძახიან. “უკრაინსკაია პრავდას” თანადამფუძნებელი საყვარელი იყო ჟურნალისტ პავლე შერემეტისა, რომელიც პრიტულას მანქანაში ააფეთქეს 2016 წელს. 2000 წელს მოკლული გიორგი ღონღაძეც ადრე პრიტულას საყვარელი იყო.
eadaily.com–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა