27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში განახლდა შეიარაღებული დაპირისპირება, რომელიც 1988 წელს დაიწყო. სომხეთი და აზერბაიჯანი კონფლიქტის პროვოცირებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. თვითაღიარებული ყარაბაღი კი მომხდარზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანს აკისრებს, რომელმაც განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში “საპასუხო ზომებს მიმართავს”.
კონფლიქტის შედეგად დაიღუპნენ სამხედროებიც და მშვიდობიანი მოქალაქეებიც, მათ შორის 2 ბავშვი. სულ დაღუპულია 95 ადამიანი, დაჭრილია _ 200-ზე მეტი. სომხეთის ხელისუფლებამ საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და ქვეყნიდან 18 წელზე უფროსი მამაკაცების გასვლა აკრძალა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კი ნაწილობრივი მობილიზაციის განკარგულებას მოაწერა ხელი. ვითარება მთიან ყარაბაღში შეიძლება ფართომასშტაბიან კონფლიქტში გადაიზარდოს, ამით შეშფოთებული მსოფლიო თანამეგობრობა დაპირისპირებულ მხარეებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს.
მსოფლიო თანამეგობრობის რეაქცია, პრაქტიკულად, ერთმნიშვნელოვანია: კონფლიქტი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მხარეებს “მაქსიმალური თავშეკავების გამოჩენისა და საკითხის სამხედრო მეთოდებით გადაწყვეტაზე უარის თქმისკენ” მოუწოდა.
პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ტელეფონით ესაუბრა სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და, აუცილებლობის შემთხვევაში, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასაც დაელაპარაკება, მანამდე კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ესაუბრა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს _ ჯეიჰუნ ბაირამოვსა და ზიჰრაბ მნაცაკანიანს, აგრეთვე, თურქ კოლეგა მევლუდ ჩავუშოღლუს.
“მოსკოვი აგროვებს ინფორმაციას დაპირისპირებული მხარეების შეხების წერტილებში, აანალიზებს ამ ინფორმაციას და ეუთოს ჯგუფის პარტნიორებთან ერთად განსაზღვრავს სამომავლო ნაბიჯებს”, _ განაცხადა რფ-ის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ყურადღებით აკვირდება ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს, მან კონფლიქტში ჩართულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ანალოგიური მოწოდებით გამოვიდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. კონფლიქტის განახლებით შეშფოთებულია ირანიც.
ამ კონფლიქტში აზერბაიჯანს უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა ნატოს წევრმა თურქეთმა, რომლის საგარეო მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ “ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი გზა სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის დატოვებაა.
“ჩვენ ამ კონფლიქტის მოგვარება გვსურს, აზერბაიჯანის გვერდით ვდგავართ როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან”, _ განაცხადა ჩავუშოღლუმ.
თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანისადმი აქტიური მხარდაჭერის ფონზე სასაცილოა ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისა, და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის, შეშფოთებები და განცხადებები ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ სტოლტენბერგი აზერბაიჯანსა და სომხეთისადმი მოწოდებებით შემოიფარგლება, ალიანსის წევრ თურქეთს აგრესიისგან თავშეკავებისკენ არ მოუწოდებს და მხოლოდ შეშფოთებულია კონფლიქტის გამო ყარაბაღში, სადაც “კლიმატურმა ცვლილებებმა შეიძლება პრობლემები შექმნას”.
მოამზადა
გიორგი გაჩეჩილაძემ