Home რუბრიკები ისტორია სოლოლაკი

სოლოლაკი

5434
აქ მთავრდება სოლოლაკი და იწყება კალა

სოლოლაკი (იგივე სალალაკი) თბილისის ერთერთი უძველესი უბანია. ის ქალაქის სამხრეთაღმოსავლეთით, მტკვრის მარჯვენა მხარეს ამავე სახელწოდების მთის კალთაზე მდებარეობს და უჭირავს სოლოლაკის ქედის დასავლეთის და მთაწმინდის ქედის სამხრეთის კალთებს შორის მდებარე ტერიტორია. “სუთურქულ ენაზე წყალს ნიშნავს. არაბების ბატონობის ხანაში აქ გაშენებულიციხის ბაღისმოსარწყავად სარწყავი არხი აღუდგენიათ, ამიტომ მთის კალთას სულულაჰი უწოდეს, ხოლო მოგვიანებით ასე დაერქვა უბანსაც, რომელიც ამ ფერდობზე გაჩნდა, ტოპონიმისოლოლაკიკი XIX საუკუნეში დამკვიდრდა.

ამ ადგილის ადრინდელი სახელი იყო ავანაანთხევი. აქ იყო ქართველ წარჩინებულთა ბაღები. სოლოლაკის განაშენიანება დაიწყო XIX საუკუნის I ნახევარში. 1847-1851 წლებში გადაიხურა სოლოლაკის ხევის ერთი მონაკვეთი (ახლანდელი ლეონიძის ქუჩა და თავისუფლების მოედნის რეგიონი). აქვე აიგო ქარვასლა, რომელიშიც იყო თბილისის პირველი საოპერო თეატრი და რომელიც 1847 წელს დაიწვა.

მრავალრიცხოვანი მტრების შემოსევამ და აოხრებამ თბილისსა და მის შემოგარენს წარუშლელი კვალი დაამჩნია, როგორც ტოპონიმიკაში, ისე ყოფით საქმიანობაში.

ახალი დასახლებული უბნები სხვადასხვა მიზეზით ჩნდებოდა. მეტად საინტერესო ისტორია აქვს სოლოლაკის უბანს. აქ ადრე ყოფილა დედოფლის, მეფის, მამასახლისის, თბილელის ბაღები.

1803 წელს დარეჯან დედოფალს (ერეკლე II-ის მეუღლეს) თავისი ასულისთვის _ თეკლა ბატონიშვილისთვის მზითვებში მიუცია გარეთაუბანში მდებარე “დედოფლის” ბაღის ნაწილი. სოლოლაკში ბაღები მეტწილად მეფის ოჯახს ეკუთვნოდა და ნასყიდობის ობიექტად ისინი არც არასდროს ქცეულა. სოლოლაკში ეს ბაღები XIX საუკუნის 20-იან წლებშიც არსებობდა. აი,რას წერს თეკლე ბატონიშვილი რუსი ხელისუფლებისადმი ერთ-ერთ განცხადებაში:

“1823წ. არზა მიცემული თეკლე ბატონიშვილისა…

თქვენო აღმატებულებავ, მოწყალევ ხელმწიფევ!

ყოფილი ზუბალაშვილების სახლი დღეს
ყოფილი ზუბალაშვილების სახლი დღეს

…მეორესაცა თხოვასა ამას ვჰყოფ აღმატებულებისადმი თქვენისა: გარეთუბანს არს ბაღი ჩემი, რომელიცა მაქვს მოცემული განსვენებული დედისა ჩემისა დარიასაგან და დამტკიცებული უმაღლესითა უქაზითა დროსა მთავარ მმართებლად ყოფილი კნიაზ ციციანოვისასა. ბაღსა ამასა აქვს განწესებული სოლოლაკიდამ წყალი ღრამატითა განსვენებულთა მშობელთა ჩემთაგან. მაგრამ ცხრა წელი არს რა ფრიად მცირეღა ეძლევა და სხვა მიღებულ არს ბაღთა მათთვის, რომელნიცა არა ყოფილან დროთა შინა მეფეთათა და აწ შენდებიან, ხოლო მცირედიცა იგი წყალი, რომელიცა დაშთობილ არს ბაღისათვის ჩემისა ჟამსა მას საჭიროსა. ოდესცა უნდა მოხმარებულ იქმნას სასარგებლოდ მისსა, მიაქვსთ სხვა და სხვათა შენობათათვის”.

1880 წელს გაივსო სოლოლაკის ხევი (ავანაანთხევი) შენობებით, მოედანი ერთიან, ქვით მოკირწყლულ სივრცედ იქცა.

1885 წელს მოედნის ჩრდილოეთ მხარეს გაშენდა ე.წ. ნოვი სად, (ახლანდელი პუშკინის სკვერი მისი ნაწილია), სადაც 1892 წელს პუშკინის ძეგლი დაიდგა.

დროთა განმავლობაში სოლოლაკში იჩეხებოდა ტყე, ადგილებს ისაკუთრებდნენ მაღალი ფენის წარმომადგენლები, ძირითადად ბურჟუაზია, და აშენებდნენ სახლებს.

სოლოლაკის ხევი თაბორის მთისა (თრიალეთის ქედის ერთ-ერთი განშტოებაა) და ნარიყალას გამყოფია. დიდი ქართველი გეოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონიც ამტკიცებს 1735 წელს შედგენილი თბილისის გეგმა-რუკით და წერილობითაც, რომ “კალას და ტფილისს ჰყოფს სალალაკის წყალი, რომელიც გამოდის წავკისისა და კოჟრის მთებსა”, “…სალალაკის ხევის კარს უწოდებდნენ განჯის კარს”.

“სალალაკის წყალმა” დაკარგა სახელი და იწოდებოდა “წავკისის წყალად”, დასახლებამ კი მიიღო სახელწოდება “სოლოლაკი”.

ტატიშჩევის სახლი ასათიანის #18-ში
ტატიშჩევის სახლი ასათიანის #18-ში

სოლოლაკის განაშენიანება დაიწყო XIX საუკუნის მეორე მეოთხედში, ინტენსიური ათვისება კი _ მისი გადახურვის შემდეგ, XIX საუკუნის 60-70-იანი წლებიდან. ახლანდელი გიორგი ლეონიძის ქუჩას კი სოლოლაკის ქუჩა ერქვა. თითოეულ ბაღს ჰქონდა საგანგებოდ გაჭრილი წყლის რეზერვუარი-საგუბარი და აუზი. წყლის მოხმარება მკაცრი რიგის მიხედვით იყო დაწესებული. ძველი მეპატრონე, გაყიდვის შემთხვევაში, მყიდველს აფრთხილებს: “…ეს ჩემი ბაღი თავისის ნიშნებითა და თავისის სამძღურითა და თავისის წყლითა, როგორც ყულვაც ამას წინათ გქონდათ წყალი ყველას თავისის რიგითა და თავისის ანგარიშითა, ისე უნდა ყველამ თავისი რიგით წყალი წაიღოს, ორი დღე ბარაბასია, ოთხი დღე ბეჟანისა, სამი ჩვენ ორთავე ძმის არის, ეს წყლები რომ არის, ყველამ თავისი წილი უნდა წაიღოს”… ქალაქის მოურავს ბაღებიდან წილიც ეკუთვნოდა.

სოლოლაკს სტატეგიური მნიშვნელობა ჰქონდა იმ შემთხვევში, თუ მტერი მას ხელში ჩაიგდებდა, ამით მტერს გზა ეხსნებოდა ქალაქისკენ. თეიმურაზ ბაგრატიონი მოგვითხრობს: “ტბილისის ციხით სეიდაბადის გარდა მოსავალთა გზათა ზედა ესროდა სპარსთა, რათა ვერა უძლონ შემოსვლა ტფილისს…”

თბილისის მთავარი მოედნის განაშენიანება XIX საუკუნეში დაიწყო. ეს ადგილი, რომელსაც სოლოლაკის მთიდან ჩამოსული ხევი ჭრიდა, ძველი ქალაქის (კალას) გალავნის გარეთ მდებარეობდა და გარეთუბანი ერქვა. დაარსებიდან დღემდე მოედანი ბევრჯერ გადაკეთდა, შენარჩუნებულია მისი ტრაპეციული ფორმა და ძირითადი ზომები.

ლადო ასათიანის #58
ლადო ასათიანის #58

სოლოლაკის ქუჩებს “კავკასიურ პარიზს” უწოდებენ. ამის მიზეზი განსაკუთრებულად წყნარი ატმოსფერო, ენათა მრავალფეროვნება და XIX-XX საუკუნეებისათვის დამახასიათებელი კოსმოპოლიტური არქიტექტურაა. იმ დროის თბილისის სახლები სიმდიდრითა და ხარისხით ნამდვილად არ ჩამოუვარდებოდა ევროპულ მოდერნს. სახლების მფლობელები მათ მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტორებს უკვეთავდნენ. XIX საუკუნის ბოლოს სოლოლაკი ყველაზე პრესტიჟული უბანი იყო, რომელიც ძირითადად ფეშენებელური ვილებითა და “მოდერნის” სტილის სახლებით იყო დამშვენებული. თანამედროვე სოლოლაკი ცალკეულ შენობათა რესტავრაციის შედეგად ისევე გამოიყურება, როგორც ძველ დროს.

1824 წელს რუსული კლასიციზმის სტილში აშენებული პირველი შენობა ამიერკავკასიის სამხედრო შტაბია, რომელიც თავისუფლების მოედნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეშია. 1825 წელს შვეიცარელი არქიტექტორის, ჯუზეპე ბერნადაცის, პროექტით კლასიცისტურ სტილში აშენდა იაკობ ზუბალაშვილის სახლი, რომელიც შემდეგ სასულიერო სემინარიად გადაკეთდა, ხოლო 1953 წლიდან საქართველოს ხელოვნების მუზეუმს ეკუთვნის.

ეს ორი შენობა დღემდე თითქმის უცვლელად არის შემორჩენილი….

ლერმონტოვის ქუჩის დასაწყისში XIX საუკუნეში იყო გენერალ-მაიორ ფიოდორ ახვერდოვის სახლი. კავკასიის კორპუსის არტილერიის მეთაურის წოდების მიღებისთანავე, 1816 წელს, იგი პეტერბურგიდან კავკასიაში გადმოვიდა საცხოვრებლად და თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე დასახლდა. სამწუხაროდ, ეს ულამაზესი სახლი არ შენარჩუნდა. სახლის დიასახლისმა, პრასკოვია ნიკოლაევნა არსენიევამ, რომელიც ლერმონტოვს დეიდად ეკუთვნოდა, შექმნა სალონი, რომელიც თბილისი კულტურულ ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდა. ეს სახლი იმ პერიოდში იქცა ქალაქის ლიტერატურული ცხოვრების ცენტრად და ნაღები საზოგადოების შეკრების ადგილად. 1837 წელს ახვერდოვების სახლში ცხოვრობდა მიხეილ ლერმონტოვი, სახლის ეზოში არსებულ ფლიგელს თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახი იკავებდა. ჭავჭავაძეების სტუმართმოყვარე სახლი კი ქალაქში ცნობილი იყო _ ჭავჭავაძეების სახლი აღიარებული რუსი და ქართველი ინტელიგენციის დამაკავშირებელ რგოლად. ჭავჭავაძეებისა და ახვერდოვების ოჯახები მეგობრობდნენ, ბავშვები ერთად იზრდებოდნენ. სწორედ ახვერდოვების ოჯახში გაიცნეს ერთმანეთი ნინო ჭავჭავაძემ და ალექსანდრე გრიბოედოვმა. აქ სთხოვა მან ნინოს ცოლობა.

XIX საუკუნეში ასათიანის ქუჩაზე მდებარეობდა ბებუთოვების სასახლე. სწორედ ამიტომ ერქვა ამ ქუჩას ბებუთოვის ქუჩა. 43-ე სკოლა ადრე მანთაშევის სავაჭრო სასწავლებელი იყო, რომელიც 1910-1911 წლებში აშენდა (მშენებლობა დააფინანსა ცნობილმა ნავთობ-მეწარმემ ალექსანდრე მანთაშევმა).

ქიქოძის ქუჩაზე არსებული ულამაზესი სახლი ქვის აივნების არკადით ტერ-მიქელოვმა ააგო. ცნობილმა არქიტექტორმა “იტალიური ვილა” აღმართა “ხიზილალის მეფეების” ძმებ _ მაილოვებისთვის. ფასადზე ჯერაც ჩანს პირველი მფლობელის ინიციალი “მ”.

ლერმონტოვისა და ქიქოძის ქუჩების კუთხეში ყოფილი მანთაშევის სახლია. გადმოცემით, მანთაშევმა იგი თავისი ქალიშვილისათვის ააშენა. აივნების მოაჯირებზე ჯერაც არის შენარჩუნებული ქალის სილუეტი.

ქიქოძის 4-ში დგას სოლიდური, ყვითელი ფერის შენობა. ამჟამად ეს 50-ე სკოლაა. 1918-1921 წლებში აქ იყო საფრანგეთის საელჩო. პირველი ფრანგი კონსული საქართველოში კი იყო ცნობილი ფრანგი მოგზაური და მეწარმე ჟაკ-ფრანსუა გამბა.

ჭონქაძის 12-ში ბოზარჯანცის, თამბაქოს მწარმოებლის, დიდებული სახლი დგას. ეს შენობა მოდერნის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მაგალითია. ფოიე მოპირკეთებულია კაფელით. შენობის არქიტექტურა ერთ სტილშია გადაწყვეტილი, რაც მას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის. სახლი შემოსაზღვრულია თაღით, რომელიც ღია-რუხი ფერის მსხვილი ქვისაგანაა აწყობილი. ძმებ ბოზარჯანცების სამ-სართულიანმა სახლმა 1915 წელს მიიღო სპეციალური არქიტექტურული პრემია _ საუკეთესო ფასადი. სწორედ ამ სახლშია გადაღებული მრავალი მხატვრული ფილმის სცენები, მათ შორის _ “დათა თუთაშხიაც”. სოლოლაკის ისტორიული სახლების ჩამონათვალი აქ არ მთავრდება, სწორედ ამიტომ იზიდავს ეს უბანი ბევრ ტურისტს, რომლებიც სიამოვნებით დახეტიალობენ ამ უძველესი უბნის რესტავრირებულ თუ დანგრეულ ქალაქურ ეზოებში ფოტოაპარატებით ხელში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here