Home რუბრიკები სამართალი “სიცოცხლით სავსე ქალაქის” სისხლიანი ქრონიკები

“სიცოცხლით სავსე ქალაქის” სისხლიანი ქრონიკები

3755
კრიმინალი

2018 წლის პირველი 23 დღის განმავლობაში მკვლელობის, ყაჩაღობის, თავდასხმისა და ფემინიციდის 10-მდე შემთხვევა გამოვლინდა

მძიმე სოციალური პრობლემების შემდეგ საზოგადოების დიდი ნაწილი მძიმე კრიმინოგენურ ვითარებაზე, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემაზე, საუბრობს და მაგალითად ბოლო პერიოდში მომხდარი კრიმინალური ფაქტები მოჰყავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი მედიისა და საზოგადოების შეკითხვებზე კრიმინალური შემთხვევების მომატების შესახებ ხშირად არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივია. რეალობის ასახვისა და მდგომარეობის სათანადოდ შესაფასებლად კი მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, აქვს თუ არა სახელმწიფოს დანაშაულთან ბრძოლისა და მისი პრევენციის სტრატეგია? საინტერესოა, რა მეთოდით აწარმოებს შსს დანაშაულის სტატისტიკის გამოანგარიშებას, რადგან, ამ სამინისტროს წარმომადგენელთა მტკიცებით, ქვეყანაში დანაშაულის რაოდენობა მომატებული არ არის, თუმცა ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს. მხოლოდ 2018 წლის პირველი 23 დღის განმავლობაში მკვლელობის, ყაჩაღობის, თავდასხმისა და ფემინიციდის 10-მდე შემთხვევა გამოვლინდა. ერთ-ერთი გახმაურებული ფაქტი, რომელიც საზოგადოებამ შეიტყო, რუსთავში გენერალ სამსონ ქუთათელაძის ბურუსით მოცული მკვლელობა იყო. დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა საქალაქო სასამართლოს მიერ კლუბ “ბასიანის” დაცვის წევრებისა და პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული ბიზნესმენის შვილის გირაოთი გათავისუფლებას. ბოლო პერიოდში საზოგადოების განხილვის საგნად იქცა დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმე…

იურისტების თქმით, საქართველოში თვეში დაახლოებით 4-5 მკვლელობა ხდება, თუმცა ზოგჯერ ეს რიცხვი 10-12-მდეც იზრდება.

“საქართველო და მსოფლიო” გთავაზობთ ბოლო სამ თვეში საქართველოს დედაქალაქში მომხდარი მკვლელობებისა და დაჭრის ფაქტებს. ქვემოთ ჩამოთვლილი სისხლიანი დანაშაულების ქრონიკა ნამდვილად არ პასუხობს “ქართული ოცნების”, უფრო კონკრეტულად კი, თბილისის მერის საარჩევნო სლოგანს “სიცოცხლით სავსე ქალაქი”.

გაეცანით მერის პოსტზე კახა კალაძის არჩევიდან დღემდე თბილისში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირებების ქრონიკას და თვითონ განსაჯეთ, თბილისისიცოცხლით სავსე ქალაქიათუკრიმინალით სავსე ქალაქი”.

საქმე #1

ნუცუბიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი, საპატრულო პოლიციის მიერ დაკავებისას, შეუძლოდ შეიქნა და ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ს განცხადებით, 33 წლის მამაკაცი ნასვამი იყო და აგრესიულად იქცეოდა, რის გამოც სამართალდამცველები ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ. მამაკაცი დაკავებისას მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. თვითმხილველთა განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი ამბობდა, რომ ცუდად იყო და სასწრაფოს დახმარებას ითხოვდა, მაგრამ სამართალდამცველებმა არ დაუჯერეს და ის საპატრულო პოლიციას დაკავებისას ხელში ჩააკვდა.

საქმე #2

21 ნოემბერს, დაახლოებით 22 საათზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა თბილისში, ბერ გაბრიელ სალოსის გამზირზე, დაიწყო სპეცოპერაცია. ჩატარებული ღონისძიების შედეგად დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებული იქნა. სპეცოპერაციის მიმდინარეობისას დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი, დაიჭრა – 2, აგრეთვე, დაიჭრა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი.

გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და მათზე დაკვირვება საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდებოდა. აღნიშნული ჯგუფის წევრების სრული იდენტიფიკაცია ჯერჯერობით არ მომხდარა, თუმცა დადასტურებულად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიკვიდირებულთაგან ერთ-ერთია, “ისლამური სახელმწიფოს” გამორჩეული ლიდერი, ლაფანყურის საქმის მონაწილე და თურქეთის აეროპორტში განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორი ახმედ ჩატაევი.

საქმე #3

გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, დილის საათებში, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის 2 მეცხრეკლასელ მოსწავლეს გაკვეთილებს შორის შესვენებაზე საპირფარეშოში ექვსი უფროსკლასელი დახვდა, მათგან ერთ-ერთმა პნევმატური იარაღი მიუშვირა მეცხრეკლასელებს, რასაც მოჰყვა უკმაყოფილება, რომელიც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთ-ერთმა უფროსკლასელმა მეცხრეკლასელებს უთხრა, რომ გაკვეთილების შემდეგ სკოლის გარეთ შეხვდებოდნენ. მომხდარიდან მალევე ერთ-ერთმა მეცხრეკლასეკლმა, რადგან მათთან დაპირისპირებულები უფროსები იყვნენ, დახმარებისთვის ასევე არასრულწლოვან ნათესავს მიმართა. ის იმდღესვე მეგობრებთან ერთად მივიდა 51-ე სკოლაში, სადაც ასევე შეკრებილი იყვნენ ინციდენტში მონაწილე მეთერთმეტეკლასელები და მათი მომხრეები. ვითარების გასარკვევეად ახალგაზრდებმა აკაკი ხორავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში გადაინაცვლეს. სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა ფიზიკური შეხლა-შემოხლა, შედეგად ცივი იარაღით მრავალი ჭრილობის მიყენებით, სასტიკად მოკლეს ორი 16 წლის მოზარდი.

საქმე #4

თბილისში მოკლული იპოვეს 19 წლის ახალგაზრდა, რომელსაც კვირაზე მეტ ხანს ეძებდნენ. ის კისერში იყო დაჭრილი, ცხედარს ფიზიკური ძალადობის კვალიც ეტყობოდა. 19 წლის დავით ტორიაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით _ ერთი, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 5 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკებისას გადაჭრილი თოფისა და ცივი იარაღის საშუალებით სასიკვდილოდ დაჭრა ტორიაშვილი, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაულის შეუტობინებლობისთვის გათვალისწინებულია 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მკვლელობაში ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საქმე #5

თბილისში, ზაჰესის დასახლებაში, ცოლ-ქმრის ცხედრები იპოვეს. ისინი ცეცხლსასროლი იარაღით არიან მოკლული. მკვლელობის მოტივზე ახლობლები ვერ საუბრობენ. გარდაცვლილი ცოლ-ქმარი მაღაზიას ფლობდა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება) და 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) მუხლებით დაიწყო. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილები დილით, დაახლოებით 8 საათსა და 30 წუთზე, ნახა დისტრიბუტორმა, რომელმაც მინიმარკეტში პური მიიტანა. მათივე თქმით, დისტრიბუტორს მაღაზიის კარი ღია დახვდა, შიგნით შესულმა კი ნახა, რომ ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იყო. ადგილობრივების განცხადებით, თავდამსხმელები ტატიშვილების ოჯახის კუთვნილი მარკეტის დაყაჩაღებას ცდილობდნენ და, როცა მფლობელებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მოკლეს.

საქმე #6

თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს. დავით ქმოსტელს, მეტსახელად “ძივითას”, ნიღბიანმა თავდამსხმელმა მის ეზოში ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქმოსტელი ბოლო წლებში რუსეთში ცხოვრობდა, ის თბილისში მეგობართან იყო ჩამოსული. შს სამინისტრომ მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა და ორი ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე, წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, ნაცნობს _ 1980 წელს დაბადებულ დავით ქმოსტელს, ავტომატური იარაღიდან გაუხსნა ცეცხლი, შედეგად 40 წლის ქმოსტელი ადგილზე დაიღუპა.

საქმე #7

ყოფილ მხედრიონელს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს, გრიგოლ გუგეშაშვილს, შეიარაღებული პირი დაესხა თავს. შედეგად გრიგოლ გუგეშაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, მძიმედ დაჭრილი მისი დედა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მკვლელობა გუგეშაშვილის მიერ ნაქირავებ ბინაში მოხდა და, როგორც ყოფილი მხედრიონელი ამბობს, მკვლელობა შეკვეთილია. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

საქმე #8

გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი, რომელიც ტაბახმელას ტყეში იპოვეს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის ოცეულის მეთაურისა აღმოჩნდა. შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია: “28 იანვარს პოლიციას თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის ოცეულის მეთაურის _ თ.ს.-ს ოჯახის წევრმა განაცხადა, რომ იგი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, პოლიციამ სამძებრო სამუშაოები დაიწყო. 4 თებერვალს დაბა ტაბახმელის ტყეში მოქალაქემ, რომელიც ცხვრის ფარას მწყემსავდა, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის ოცეულის მეთაური ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა. აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეექვსე განყოფილება გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს”.

საქმე #9

მუშტაიდის ბაღთან, დავით ყიფიანის ქუჩაზე, შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

საქმე #10

თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, დაჭრას რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა წინ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში შესვლამდე პაციენტს ორივე ქვედა კიდურზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო. კერძოდ, შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სსსკ-ის 236-ე და 117-ე მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

საქმე #11

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, 25 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რის შემდეგაც ახალგაზრდა მამაკაცი მეუღლის თვალწინ დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის 117-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

საქმე #12

თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სკვერში 15 წლის ბიჭი დაჭრეს, მას ცივი იარაღით ოთხი ჭრილობა გულ-მკერდისა და წელის არეში აქვს მიყენებული. სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი არასრულწლოვანი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 108-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 საქმე #13

35-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე საბურთალოზე მდებარე წითელ ბაღში დაჭრეს. ერთ-ერთი მათგანი ფილტვის არეშია დაჭრილი, მეორე კი _ გულ-მკერდის არეში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 საქმე #14

ნუცუბიძის ფერდობზე 26 წლის ახალგაზრდა დაჭრეს, რასაც წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს და ოპერაცია ჩაუტარეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით მიმდინარეობს.

საქმე #15

წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმედ დაჭრეს მამაკაცი, რომელიც მოათავსეს ალადაშვილის კლინიკაში, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ნათესავების განცხადებით, დაჭრილი შუახნის მამაკაცი დეზერტირების ბაზარში ვაჭრობდა. ის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით არის დაჭრილი. “ბიძაჩემს გამთენიისას, დაახლოებით 5 საათზე, უცნობი პირი დაესხა თავს და ფული მოსთხოვა. როგორც ვიცით, ფული არ მისცა, რის შემდეგაც თავდამსხმელმა ესროლა”, _ განაცხადა დაზარალებულის ნათესავმა. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

საქმე #16

პაატა სააკაძის ქუჩაზე დაჭრეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებულს ბარძაყის არეში დანით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 118-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

საქმე #17

გლდანის ციხეში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს. ეს ინფორმაცია ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” გაავრცელა. როგორც პატიმრის ოჯახის წევრებს სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებმა განუცხადეს, პატიმარი ნიკოლოზ ჩოფიკაშვილი თანასაკნელებმა საპირფარეშოში ყელგამოჭრილი იპოვეს. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. იმის გათვალისწინებით, რომ ადგილზე ვერ ნახეს იარაღი, ოჯახის წევრებს სარწმუნოდ არ მიაჩნიათ თვითმკვლელობის ვერსია. პატიმრის ძმა მოითხოვს, საგამოძიებო სამსახურებმა სრულყოფილად გამოიძიონ მომხდარი და ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღოს ყველა საჭირო ზომა მომაკვდავი პატიმრის გადასარჩენად. დაშავებული პატიმრის მდგომარეობა მძიმეა, ექიმების განცხადებით, მას გათიშული აქვს თავის ტვინი და თირკმელები.

საქმე #18

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად კლუბ “ბასიანის” ტერიტორიაზე სამი პირის დაჭრაში ბრალდებული პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, საქართველოს პროკურტურამ სააპელაციოში გაასაჩივრა.

გამოძიების თანახმად, მიმდინარე წლის 13 იანვარს ბრალდებულმა თბილისში, წერეთლის გამზირზე, კლუბ “ბასიანის” მიმდებარე ტერიტორიაზე, სამი პირი: ამავე კლუბის დაცვის უფროსი ზ.მ., კლუბის თანამშრომელი ი.კ. და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე თ.ს. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით რამდენჯერმე დაჭრა.

დანაშაულში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს, რომელიც ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია, ბრალი წარედგინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე (117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და განზრახ ნაკლებად მძიმე (118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) დაზიანებისთვის, აგრეთვე, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. სსკ-ის 117-ე მუხლი სამიდან ექვს წლამდე, 118-ე მუხლი _ ერთიდან სამ წლამდე, ხოლო 353-ე მუხლი ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც აღვნიშნეთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული გირაოს სახით გაათავისუფლა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა, სააპელაციო სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა.

საქმე #19

32 წლის ქალის დაჭრის გამო დააპატიმრეს მისი ყოფილი ქმარი, რომელმაც ქალს 4 ნაკვეთი ჭრილობა საზარდულის არეში მიაყენა, 10 კი _ მუცელში. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 2 მცირეწლოვანი შვილის დედა სარეანიმაციო განყოფილებაში მიიყვანეს. შემთხვევა თბილისში, წმინდა ბარბარეს უბანში, მოხდა. ბრალდებული სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში დააკავეს. ახალგაზრდა ქალი სახლში 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა. ბავშვები თავდასხმისას შინ არ იმყოფებოდნენ. ბინის მეპატრონის თქმით, ყოფილი მეუღლე ქალბატონზე რეგულარულად ძალადობდა. დაზარალებულმა დახმარების თხოვნით რამდენჯერმე მიმართა პოლიციას. სისხლიანი დაპირისპირების მომენტში ქალი შინ მეგობარ მამაკაცთან ერთად იყო. ბრალდებულმა ცივი იარაღით დაჭრა ყოფილი მეუღლის მეგობარი მამაკაციც და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 11-პრიმა 117-ე მუხლით და 117 მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ”

საქმე #20

თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. 26 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

საქმე #21

თემქაზე მშენებარე ობიექტიდან 27 წლის მუშა გადმოვარდა და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

საქმე #22

ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე სასტუმრო “მეტეხის” ეზოში სარემონტო სამუშაოების მიმდინარებისას მუშა გარდაიცვალა. დაშავდა კიდევ ერთი მუშა, რომელიც მრავალი მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქმე #23

მთაწმინდის პარკში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი _ დაშავდა. შემთხვევა ეშმაკის ბორბლის სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობისას მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

საქმე #24

ე.წ. მუხიანის აგარაკებზე 60 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს გულ-მკერდის არეში აღენიშნება დაზიანებები. მას შემდეგ, რაც მამაკაცთან დაკავშირება შვილმა ვერ შეძლო, მეზობლებმა ფანჯარა შეამტვრიეს და კაცი გარდაცვლილი იპოვეს.

საქმე #25

თბილისში, გმირთა მოედანზე, ერთ-ერთ რესტორანში სამი ადამიანი დაჭრეს. დაჭრას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება და დაპირისპირება. სამართალდამცველებმა მომხდარის გამო ერთი პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

გიორგი გელაშვილი

P.S. სამუშაო ადგილებზე დღესაც იღუპებიან ადამიანები, რომლებიც საარსებო მინიმუმის გამო თანხმდებიან მძიმე შრომით პირობებს. ამ სამუშაო ადგილების მფლობელ კომპანიებში კი შრომითი ექსპლუატაცია, აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური სამუშაო, მინიმალური სოციალური გარანტიები თუ დაბალი შრომითი ანაზღაურება გავრცელებული პრაქტიკაა. ამ საშინელი მონაცემების მიღმა კონკრეტული ოჯახების ტრაგედიები, ადამიანური ისტორიები და დიდი ტკივილი იმალება.

1 COMMENT

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: Mzia Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here