ამერიკის შეერთებული შტატები სირიაში მშვიდობის დამყარებაზე რომ არ ფიქრობს და მილიონობით დოლარს ხარჯავს თავისი ინტერესების გასატარებლად, ანუ სირიის ე.წ. ოპოზიციის, სინამდვილეში, ტერორისტული დაჯგუფებების შესაიარაღებლად, ახალი ამბავი არ არის.
უცხოეთის მედიასაშუალებებში, მათ შორის, ამერიკულ გამოცემებშიც, არაერთი წერილი გამოქვეყნებულა აშშ–ის მიერ სხვადასხვა დაჯგუფებისთვის იარაღის მიწოდებასა და ამით კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავებაზე. ახლახან კი აშშ–ის მიერ საქართველოში საბჭოური იარაღის შესყიდვისა და სირიაში გადატანის თემაზე კიდევ ერთი სკანდალი ააგორა ამერიკის გამოზრდილ და “დემოკრატიის შუქურად” შერაცხილ მიხეილ სააკაშვილთან, იურიდიულად თუ არა, იდეურად და მისწრაფებებით დაკავშირებულმა ტელევიზია “რუსთავი 2”-მა. სამწუხაროა, რომ ამ სკანდალში ფიგურირებს საქართველოს ხელისუფლება, კერძოდ, თავდაცვის სამინისტრო, რომელიც, შესაძლოა, იარაღის გაყიდვის კორუფციულ გარიგებაშია ჩართული. საგანგაშოა, რომ, თუ აშშ–მა საქართველოში შესყიდული იარაღი გადასცა სირიაში მოქმედი ქურთების მუშათა პარტიის მხარდამჭერ მებრძოლებს, რომლებსაც თურქეთი დაუძინებელ მტრად მიიჩნევს, თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დაიძაბება. ამასთანავე, საქართველოს ურთიერთობა ძალიან შეიძლება დაიძაბოს რუსეთთან, რომელსაც სირიაში თავისი ინტერესები აქვს და მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს.
“ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის კვლევის” საერთაშორისო ორგანიზაციისა და “რუსთავი 2 “-ის ჟურნალისტების გამოძიების შედეგების მიხედვით, უკვე რამდენიმე თვეა, აშშ საშუამავლო კომპანია Alient techsistems operation-ის მეშვეობით მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოს მთავრობასთან იარაღის შესყიდვის თაობაზე. ამას ადასტურებს პენტაგონის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტები, მათ შორის, კონტრაქტი აშშ-სა და საქართველოს შორის 1 855 251 დოლარის იარაღის მიწოდებაზე სირიის ოპოზიციისთვის.
პენტაგონის ოფიციალურ ვებგვერდზე რამდენიმე თვის წინათ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ამერიკულმა მხარემ სირიელებისთვის იარაღის შესასყიდად საქართველოს მიმართა და ამისთვის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა შუამავალ კომპანიასთან კონტრაქტიც გააფორმა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და კერძო კომპანიას შორის იარაღის შესყიდვის კონტრაქტს 2016 წლის 22 სექტემბერს მოეწერა ხელი. შესყიდვა 2017 წლის 23 მარტს უნდა დასრულებულიყო. პენტაგონის ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ალიანტ ტექსისტემსს” (Alliant Techsistems), კონტრაქტის მიხედვით, 1 855 251-ზე მეტი დოლარის იარაღი უნდა შეეძინა საქართველოში. ციფრული კოდით დასტურდება, რომ ლაპარაკი შეიძლება იყოს ყველანაირ იარაღზე, რომელიც 30 მმ-ზე მეტი კალიბრისაა.
ვინაიდან პენტაგონის ვებგვერდზე მითითებული კონტრაქტის თარიღის მიხედვით იარაღის შესყიდვის პროცესი უკვე დასრულებული უნდა იყოს და ეს იარაღი საქართველოში უნდა შეესყიდათ, პენტაგონის შუამავალ კომპანიას საქართველოსთან კონტრაქტი უკვე გაფორმებული უნდა ჰქონდეს, მაგრამ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ასეთი დოკუმენტის არსებობას უარყოფს. მის უწყებაში კი აცხადებენ, რომ სამინისტროს დაქვემდებარებული სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტა” მხოლოდ ახლა აწარმოებს ამერიკის მთავრობასთან მოლაპარაკებებს გარკვეული სახეობის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაზე.
“დოკუმენტი პენტაგონის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი სატენდერო საბუთებია. მივმართე პენტაგონსაც და ყველა ქართულ უწყებასაც. გვინდა, ვიცოდეთ, საქართველოში დამზადებულ პროდუქციაზეა ლაპარაკი თუ სხვა რამეზე, რომელიც სხვა ქვეყნიდან საქართველოს გავლით გაიყიდა სირიისთვის”, _ განუცხადა “ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის კვლევის პროექტის” ერთ-ერთმა რედაქტორმა დეივ ბლოსმა “რუსთავი 2”-ის გადაცემა “პოსტსკრიპტუმის” ჟურნალისტებს და დასძინა, რომ მას შემდეგ, რაც პენტაგონს შეკითხვებით მიმართა, ამ უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში გაქრა ჩანაწერი, რომ იარაღი, რომელიც საქართველოში უნდა შეესყიდათ, სირიისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა დედანი უკვე ჩამოტვირთული ჰქონდა.
დეივ ბლოსის თქმით, პენტაგონი სირიის ოპოზიციური ძალებისთვის საბჭოურ შეიარაღებას შეისყიდის. ეს ინფორმაცია “პოსტსკრიპტუმს” პენტაგონშიც დაუდასტურეს, როცა კითხვები დაუსვეს. აი აშშ-ის თავდაცვის უწყების პასუხები:
“1. თავდაცვის დეპარტამენტმა ხელი მოაწერა კონტრაქტს “ალიანტ ტექსისტემთან”. კონტრაქტით გათვალისწინებული აღჭურვილობა მოწოდებული ჯერ არ არის.
2.უსაფრთხოების მიზნით ვერ გავასაჯაროებთ შესასყიდი საქონლის ტიპსა და რაოდენობას.
3.მოწოდების წყარო და მოწოდებული მასალის მდებარეობა ამერიკულ კომპანიასა და მის მომწოდებელს შორის მოლაპარაკების თემაა.
4.ჯერჯერობით მოწოდება არ მომხდარა. მოწოდების მეთოდი და მარშრუტი ჯერ კიდევ მუშავდება.
5.აღნიშნული კონტრაქტის მიხედვით, აღჭურვილობით დახმარება განკუთვნილია შეერთებული შტატების მთავრობისთვის, რათა მან მოამარაგოს “ისლამურ სახელმწიფოსთან” მებრძოლი ოპოზიციური ძალები სირიაში”.
ჟურნალისტების აზრით, ამ პასუხების მიხედვით მაინც გაურკვეველია, დაკავშირებულია თუ არა “დელტას” მიერ წარმოებული მოლაპარაკებები კონკრეტულად პენტაგონის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნახსენებ იარაღის შესყიდვასთან. თუ არა, მაშინ გაუგებარია, რა შესყიდვაზეა ლაპარაკი. თუ იარაღი საქართველოში შეისყიდეს, რასაც არავინ ადასტურებს, ხომ შეიძლება, რომ ამ დოკუმენტში ნახსენები იარაღი კანონის დარღვევით გაყიდულიყო?
ამ კითხვაზე პენტაგონს ეს პასუხი აქვს:
“შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი ცდილობს საბჭოთა ეპოქის იარაღისა და საბრძოლო მასალის შესყიდვას, რათა მხარი დაუჭიროს სირიის ოპოზიციური ძალების ოპერაციებს “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ. შესყიდვა გულისხმობს, რომ შეერთებული შტატები აღჭურვილობას გამოიყენებს მსოფლიოში თავდაცვის მიზნით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში აშშ–ს არანაირი საფუძველი არ აქვს, ივარაუდოს, რომ დაირღვა აშშ–ისა და საქართველოს კანონები იარაღით ვაჭრობის შესახებ. თავდაცვის დეპარტამენტის პროცედურები ვარაუდობს, რომ შესყიდვა საქართველოში ლეგიტიმური იყო”.
აქ ჟურნალისტებს უჩნდებათ ლოგიკური კითხვები: რატომ არ ემთხვევა ერთმანეთს საქართველოსა და აშშ–ის განცხადებები? თუ კონტრაქტი არ არსებობს, რატომ წერდა ამის შესახებ პენტაგონი, ხოლო, თუ კონტრაქტი გაფორმებულია, რატომ მალავს ამას საქართველო? ან, თუ ოფიციალური დოკუმენტი საქართველოს თავდაცვის უწყებაში არ არსებობს, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ საქმე გვაქვს საქართველოს მხრიდან იარაღის უკანონო ვაჭრობასთან, კორუფციულ გარიგებასთან, რომელიც ძალიან მძიმე საერთაშორისო დანაშაულია მძიმე შედეგებით?
ცნობილია, რომ აშშ და მისი ევროპელი პარტნიორები სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს ქურთი ხალხის დამცველ ჯგუფად წოდებულ რაზმებს უჭერენ, თურქეთი კი მათ დაუძინებელი მტრის – ქურთების მუშათა პარტიის _ ნაწილად მიიჩნევს და შიშობს, რომ ეს რაზმები გადაცემულ იარაღს ასადთან ბრძოლის შემდეგ თურქეთის წინააღმდეგ გამოიყენებენ.
იმ შემთხევაში, თუ საქართველოში შეძენილი იარაღი გადასცეს ქურთების იმ რაზმებს, რომლებსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, საქართველო სირიაში კონფლიქტის მონაწილე მხარე ხდება და საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობა დაიძაბება. ამასთანავე, კიდევ უფრო გაუარესდება საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან… ექსპერტ სოსო ცინცაძის აზრით, თურქეთის პრეზიდენტი განრისხდებოდა, როცა შეიტყობდა, რომ საქართველო, თუმცა არა უშუალოდ, იარაღს აწვდის ქურთებს.
აშშ-ის მიერ საქართველოში იარაღის შესყიდვისა და შემდეგ სირიაში გაგზავნის თემაზე ატეხილი სკანდალი, რომელშიც საქართველო აღმოჩნდა ჩათრეული, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მონასავით შესციცინებს თვალებში ე.წ. სტრატეგიულ პარტნიორს, მის მითითებებს სიტყვის შეუბრუნებლად ასრულებს და სულაც არ ადარდებს, რომ სირიის კონფლიქტში მონაწილეთა შორის აღმოჩნდება და დაუპირისპირდება ორ ისეთ სახელმწიფოს, როგორიც არის რუსეთი და თურქეთი. არც ის ადარდებს, რას მოუტანს რუსეთთან და თურქეთთან დაპირისპირება ჩვენს ქვეყანასა და ხალხს.
მოამზადა ნიკა კორინთელმა
ცნობისთვის: გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელი, რომლის ერთ–ერთი რედაქტორიც დეივ ბლოსია, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საბჭოთა იარაღის შესყიდვაზე სტატიების სერიას ამზადებს. ჟურნალისტებმა გამოარკვიეს, რომ 2016 წელს პენტაგონმა სირიაში, სულ ცოტა, 500 მილიონი დოლარის იარაღი ჩაიტანა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, აგრეთვე, ყაზახეთიდან _ ავტომატები, ტყვიამფრქვევები, ყუმბარმტყორცნები, ტყვია–წამალი, ჭურვები. ახლა კი ამ ქვეყნების სიას, შესაძლოა, საქართველოც დაემატოს.