საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” ერთობლივი პროექტი
რუბრიკას უძღვება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი.
ნიადაგის დამუშავება
სიმინდის მოსავლის გასადიდებლად დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის დამუშავებას. ამ ღონისძიებამ უნდა უზრუნველყოს ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა და გაუმჯობესება: უნდა აღადგინოს კოშტოვანი სტრუქტურა, ხელი შეუწყოს წყლისა და საკვების მომარაგებას, გაწმინდოს ნაკვეთი სარეველებისგან. ნიადაგის დამუშავების სისტემა შეხამებული უნდა იყოს ადგილობრივ პირობებთან _ ჰავასთან, რელიეფთან, ნიადაგის ტიპთან და თესლბრუნვასთან.
სიმინდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მზრალად დამუშავების სისტემას, ამიტომ დამუშავება უნდა განხორციელდეს ყველგან, სადაც კი რელიეფი და კლიმატური პირობები ამის საშუალებას იძლევა. მზრალად დამუშავების სისტემა ორი ღონისძიებისგან შედგება: ნაწვერალის აჩეჩვა და მზრალად ხვნა. ნაწვერალის აჩეჩვა მოსავლის აღებისთანავე ტარდება 4-8 სმ სიღრმეზე. ის ხელს უწყობს როგორც სარეველების მოსპობას, ისე ნიადაგის თვისებების გაუმჯობესებას. აჩეჩვას დიდი მნიშვნელობა აქვს მზრალად ხვნის ხარისხიანად ჩასატარებლად. ნაწვერალის ჯერ აჩეჩვა და შემოდგომა-ზამთარში სრულ სიღრმეზე ხვნა სიმინდის მოსავლიანობას მნიშვნელოვნად ადიდებს; კერძოდ, ნაწვერალის აჩეჩვის შედეგად სიმინდის მოსავლიანობა ჰექტარზე 2-3 ცენტნერით იმატებს, ხოლო ურწყავ პირობებში _ 4-6 ცენტნერით.
მზრალის თესვისწინა დამუშავების სისტემა გულისხმობს ღონისძიებათა კომპლექსს. ადრე გაზაფხულზე ნიადაგი უნდა დაიფარცხოს კბილებიანი ფარცხით ხნულის გარდიგარდმო; თუ ხნულზე სარეველები განვითარდა ან ნიადაგმა პირი წაიკრა, დაუყოვნებლივ უნდა ჩავატაროთ კულტივაცია ან აოშვა 10-12 სმ-ზე. სიმინდისთვის საუკეთესო პირობები იქმნება ისეთ მზრალზე, რომელიც ადრე გაზაფხულზე დაიფარცხა და თესვის წინ დამუშავდა კულტივატორით. ეს უზრუნველყოფს როგორც სარეველების მოსპობას, ისე ტენის შენარჩუნებას.
რაც უნდა მცირე ქანობის იყოს ფერდობი, მასზე ხვნა აუცილებლად გარდიგარდმო უნდა ჩატარდეს. ძლიერ დაქანებულ ფერდობზე, ჭარბტენიან ფართობებზე მზრალად ხვნა სასურველ შედეგს არ მოგვცემს. ასეთი ნაკვეთები გაზაფხულზე რაც შეიძლება ადრე უნდა მოვხნათ. დასავლეთ საქართველოში ნასიმინდარი უნდა მოიხნას არა შემოდგომაზე, არამედ ზამთარში _ ნოემბრიდან თებერვლამდე.
ნიადაგის განოყიერება
სიმინდის ნიადაგის განოყიერების საუკეთესო საშუალებაა ორგანულ-მინერალური სასუქები. ასეთ შემთხვევაში ერთდროულად ვიყენებთ სხვადასხვა ორგანულ და მინერალურ სასუქს. სიმინდის გასანოყიერებლად მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა არსებული საშუალება: ნაკელი, მწვანე სასუქი, მინერალური სასუქი, ხოლო მჟავე ნიადაგებზე მათ გარდა _ კირი, ტკილი, დეფეკაციური ტალახი და კირის შემცველი სხვა სასუქები. გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ სასუქების შეტანის წელს სიმინდის მოსავალი ჰექტარზე მხოლოდ ნაკელის გამოყენებით (20 ტ/ჰა) 3 ცენტნერით გადიდდა. ნაკელზე ფოსფორის დამატებით _ 6,1 ცენტნერით, ხოლო, ნაკელი+აზოტი+ფოსფორით _ 10,7 ცენტნერით. ორგანული და მინერალური სასუქების ერთობლივად გამოყენება საუკეთესო საშუალებაა სიმინდის მოსავლიანობის გადიდებისთვის. მწვანე სასუქად აღმოსავლეთ საქართველოში უნდა გამოვიყენოთ ცულისპირა, ბარდა, ცერცველა. ისინი უნდა დაითესოს საშემოდგომო ხორბლის ან ქერის შემდეგ, სანაწვერალოდ. ნაკვეთი მოსავლის აღებისთანავე უნდა მოიხნას, ჩაუტარდეს კულტივაცია და თესვა შუა აგვისტოს არ უნდა გადავაცილოთ.
დათესვისთანავე ნაკვეთი ფრთხილად უნდა მოირწყას, ამით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ 15-20 ტ/ჰა მწვანე მასა, რომელიც მზრალად მოხვნის დროს ჩაიხვნება.
მწვანე სასუქის მოქმედება გრძელდება 3-4 წელს. ამ ხნის განმავლობაში მიღებული მარცვლის ნამატი, ჯამში, 45 ცენტნერს აჭარბებს ჰექტარზე. ეს ღონისძიება დიდ ხარჯს არ მოითხოვს; რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქ მწვანე სასუქად უნდა გამოვიყენოთ ხანჭკოლა, ცულისპირა და ბარდა. სიმინდის გასანოყიერებლად აუცილებელია აზოტიანი, ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები.
თესლის მომზადება და თესვა
უნდა დაითესოს სიმინდის მხოლოდ დარაიონებული ჯიშები და ჰიბრიდები. თესლი ჯიშური სიწმინდით უნდა იყოს პირველი კატეგორიის, სრული თესვითი ღირსებით _ პირველი კლასის. სათესლედ შერჩეული უნდა იქნეს ჯიშისა და ჰიბრიდისთვის დამახასიათებელი საღი ტიპური ტაროები და თესვამდე 30-35 დღით ადრე უნდა დაიფშვნას, გაიწმინდოს და დახარისხდეს თესლის საწმენდ მანქანაში.
დათესვამდე თესლი უნდა შეიწამლოს ერთ-ერთი რომელიმე პრეპარატით (ფუნგიციდით): რაქსილი, ვიტავაქს-200 და სხვ. პრეპარატის ხარჯვის ნორმა _ 2 კგ ერთ ტონა თესლზე. შეწამლვა უნდა ჩატარდეს წყლის სუსპენზიით (2 კგ პრეპარატი უნდა გაიხსნას 10 ლიტრ წყალში, მოსხურდეს ერთ ტონა თესლზე და კარგად აირიოს ნიჩბით). შეწამლული თესლი დათესვამდე უნდა ინახებოდეს იზოლირებულ, მშრალ საცავში.
სიმინდის დათესვა უნდა დავიწყოთ მაშინ, როცა ნიადაგი თესლის ჩათესვის სიღრმეზე 10-12 გრადუსამდე გათბება. სიმინდი ითესება 70 სმ მწკრივთაშორისებით. ამასთანავე, თუ რომელი ჯიში ან ჰიბრიდი ითესება, სათესი უნდა დავაყენოთ შესაბამისი გამოთესვის ნორმაზე. სიმინდის ჯიშები: “აჯამეთის თეთრი”, “აბაშური ყვითელი”, “გეგუთური ყვითელი” და “იმერული ჰიბრიდი” უნდა დაითესოს ჰექტარზე 50 ათასი მარცვალი. მცენარეთა რაოდენობა მოსავლის აღებისას უნდა იყოს 42 ათასი, მარცვლებს შორის მანძილი თესვის დროს _ 33 სმ; ადგილობრივი “კაჟოვანა ყვითელი” და “თეთრი” უნდა დაითესოს ჰექტარზე 55 ათასი მარცვალი. მოსავლის აღების დროს უნდა იყოს ჰექტარზე 45 ათასი მცენარე, მარცვლებს შორის მანძილი _ 30 სმ, ჰიბრიდები: “ენგური”, “ქართული 52”, “ივერია 70”, “წეროვანი 1” და “წეროვანი 3” უნდა დაითესოს ჰექტარზე 75-80 ათასი მარცვალი, მოსავლის აღების დროს უნდა იყოს 60-65 ათასი მცენარე, მარცვლებს შორის მანძილი _ 18-22 სმ. “ქართული 9” უნდა დაითესოს ჰა-ზე 80 ათასი მარცვალი, მარცვლებს შორის მანძილი _ 27 სმ, მოსავლის აღების დროს ჰა-ზე უნდა იყოს 70 ათასი მცენარე. სათესის დისკები უნდა დაყენდეს თესვის წინ, რათა თესვა ნორმალურად ჩატარდეს.
ნათესის მოვლა
აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში ნათესის მოვლის ღონისძიებების ადრე დაწყებისა და მაღალხარისხიანად ჩატარების უზრუნველსაყოფად, მით უფრო, თუ ნიადაგი თესვის დროს თესლის ჩათესვის სიღრმეზე მშრალია, ნათესი უნდა მოიტკეპნოს ნაჭდევებიანი საგორავით.
მწკრივთაშორისების პირველი კულტივაცია უნდა ჩატარდეს სიმინდის მცენარის 3-4 ფოთლის ფაზაში, მეორე კულტივაცია _ პირველი კულტივაციიდან 12-15 დღის შემდეგ, რომელსაც უნდა დავუკავშიროთ ნათესის გამოკვება აზოტიანი სასუქით. სარწყავ პირობებში მეორე კულტივაცია უნდა შეიცვალოს მწკრივთაშორისების დაბაზოებით, რაც მნიშვნელოვნად აადვილებს ნათესის მორწყვას.
აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ მიწებზე, თუ თესვისას ნიადაგი გამომშრალია და თესლის აღმოცენებისთვის საკმარისი ტენი არ არის, დათესვისთანავე უნდა ჩატარდეს რწყვა. სარწყავი დროებითი არხები, ნაკვეთის რელიეფის გათვალისწინებით იჭრება სათესის 3-4 გავლის შემდეგ მარკერის ხაზზე, კვლების დაჭრა აადვილებს ნათესის კულტივაციას.
სიმინდის სავეგეტაციო მორწყვა ტარდება ამინდის პირობებისა და მცენარის განვითარების ფაზების მიხედვით. აღმოსავლეთ საქართველოს ბარის სარწყავ მიწებზე სიმინდი 3-4 მორწყვას საჭიროებს. ერთი მორწყვა, როგორც წესი, ტარდება ქოჩოჩის ამოღების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, უკანასკნელი მორწყვა _ რძისებრი სიმწიფის ფაზაში. მორწყვა უნდა ჩატარდეს გაჟონვის წესით, ყველა მწკრივთაშორისებში წყლის მიშვებით.
სარეველებთან ბრძოლა
ფესურიანი და ფესვთნაყარი სარეველების (შალაფა, ჭანგა) წინააღმდეგ სიმინდის წინამორბედი კულტურის მოსავლის აღებისთანავე, ნაწვერალი უნდა აიჩეჩოს 8-10 სმ სიღრმეზე და სარეველების 15-20 სმ სიმაღლის ფაზაში (აგვისტო), შესხურდეს რომელიმე ერთ-ერთი მთლიანმოქმედი პესტიციდი: რაუნდაპი, კლინი, ნოკდაუნი _ 3-4 ლ/ჰა; ურაგანი 4-6 ლ/ჰა ან ვალსაგინაფი 3-5 ლ/ჰა. აღნიშნული პესტიციდები ნიადაგის მზრალად მოხვნამდე მოქმედებს არა მხოლოდ სარეველების მიწისზედა ორგანოებზე, არამედ სპობს ფესურებსაც.
სიმინდის ნათესში შეიძლება გამოვიყენოთ ჰერბიციდები: “ტიტუსი”, “მაისი-50” გრ/ჰა-ზე, ან “ნიკუში” 1,-1,5 ლ/ჰა. აღნიშნული ჰერბიციდები შეტანილი უნდა იქნეს სიმინდის მცენარის 3-5 ფოთლის ფაზაში. ისინი მოქმედებს, როგორც ერთწლიან, ისე მრავალწლიან მარცვლოვან სარეველებზე (შალაფა, ჭანგა, ძურწა, ბურჩხა და სხვ.). ნათესში ორლებნიანი სარეველების გავრცელების შემთხვევაში მას უნდა დაემატოს 2,4-დ ამინის მარილი ან რომელიმე მისი ანალოგი. პესტიციდები უნდა გაიხსნას 200-300ლ წყალში და შესხურდეს მზიან, წყნარ ამინდში.
მავნებლებსა და დაავადებებთან ბრძოლა
ისევე როგორც სარეველა მცენარეები, სიმინდს ყოველწლიურად აზიანებენ მავნებლები და დაავადებები, რომლებიც ხელსაყრელი გარემო პირობების შექმნისას მრავლდებიან.
სიმინდის ძირითადი მავნებლებია: აზიური, ანუ გადამფრენი კალია; იტალიური კალია; მავნე ანუ კუდკალია; მახრა ანუ ბოსტანა; ველის ჭრიჭინა; ქართული ტკაცუნა; სიმინდის ზოზინა; მაისის ღრაჭა; შემოდგომის ნათესის ხვატარი; მდელოს ხვატარი; სიმინდის ჭიჭინობელა; ზოლებიანი ჭიჭინობელა; სიმინდის ბეწვიანი ბუგრი. სიმინდის ნათესების დასაცავად გამოიყენება სხვადასხვა სახის ინსექტიციდები, აკარიციტები და ფუნგიციდები.
მოსავლის აღება
სიმინდის მოსავალი აღებული უნდა იქნეს სრული სიმწიფის ფაზაში. სრულ სიმწიფეში შესული სიმინდის ღერო თითქმის მთლიანად (ან უმეტეს ნაწილში მაინც) გაყვითლებულია, ფოთლებისა და ტაროს ირგვლივ შემოხვეული ფუჩეჩიც გაყვითლებული და, ძირითადად, გამხმარია.
მწიფე სიმინდის მარცვალი იღებს ჯიშისა და ჰიბრიდისთვის დამახასიათებელ ფერსა და ფორმას, მაგრდება და მტკიცედ არის დამაგრებული ტაროზე. ტარო (განსაკუთრებით გრძელყუნწიანი) ნაწილობრივ იხრება და შედარებით ადვილად სცილდება ღეროს.
თავთავიანი პურეულებისგან განსხვავებით, დამწიფებული სიმინდის ღერო, ტაროს ნაქუჩი და თვით მარცვალიც შედარებით უფრო მეტი წყლის შემცველობით ხასიათდება. სრული სიმწიფის პერიოდში მარცვალში წყლის რაოდენობა, როგორც წესი, 25%-ზე ნაკლები არ არის, ზოგჯერ კი 30%-საც აჭარბებს.
სიმინდს მარცვლის ჩაცვენა არ ახასიათებს, მიუხედავად ამისა, დამწიფების შემდეგ მოსავლის აღების დაგვიანება არ არის მიზანშეწონილი, ნალექებით მდიდარი შემოდგომის პირობებში ამან შეიძლება გამოიწვიოს როგორც ჩალის, ისე მარცვლის გაფუჭება _ დაავადება და მათი ხარისხის გაუარესება. ამასთანავე, ძნელდება მათი შემდგომი გამოშრობა და შენახვა.
სიმინდის მოსავლის აღების დაგვიანება მიუღებელია იმიტომაც, რომ ეს იწვევს ნასიმინდარის მოხვნის დაგვიანებას; განსაკუთრებით იმ რაიონებში, რომლებშიც სიმინდი საშემოდგომო ხორბლის ან საშემოდგომო ქერის წინამორბედს წარმოადგენს. ამას თან სდევს საშემოდგომო თავთავიანებისთვის (ხორბალი, ქერი და სხვ.) ნიადაგის მომზადებისა და მათი დათესვის დაგვიანება.
მოსავლის აღების პერიოდში სიმინდის მარცვლის ტენიანობა, უმეტეს შემთხვევაში, 25%-ზე ნაკლები არ არის. ასეთი ტენიანი მარცვლები შენახვისას ჩახურების გამო ადვილად ზიანდება, ამიტომ შენახვამდე საჭიროა სიმინდის ტაროებისა და მარცვლის კარგად გამოშრობა _ ფუჩეჩგაცლილი ტაროები უნდა გაიშალოს თხელ ფენად, სანამ მარცვლის ტენიანობა 13-14%-მდე არ იქნება დაყვანილი.
სიმინდის ტაროები უნდა შევინახოთ ძარებში, სპეციალურ სასიმინდეებში ან კარგი ვენტილაციის მქონე შენობაში. სასიმინდეში ტაროების ხვავის სიმაღლე 1,4 _ 2 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს, შენახვის მთელი პერიოდის განმავლობაში საჭიროა თვალყურის დევნება _ ხვავის გაშლა, განიავება, მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ჩატარება და სხვ.
ოთარ ლიპარტელიანი,
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი