ჯერ არამზადა ხრუშჩოვის, ხოლო შემდეგ მთელი მსოფლიოს ანტისტალინელებისა და ანტიკომუნისტების მიერ აგორებული ცილისწამებები ყველაზე ადამიანური ადამიანის, იოსებ ბესარიონის ძე სტალინის (ჯუღაშვილის), წინააღმდეგ დღეს ცოტა ჩამცხრალია, მაგრამ კაციშვილმა არ იცის, მოეღება ბოლო ამ უბოროტეს მოვლენას თუ არა.
უამრავი წიგნი დაიწერა იოსებ სტალინზე, საქებარიც (მის სიცოცხლეში) და სალანძღავიც (მისი გარდაცვალების შემდეგ). ჩემი ყურადღება მიიპყრო ისეთმა წიგნებმაც, რომლებშიც ავტორები სტალინის მოღვაწეობას დადებითად კი აფასებენ, მაგრამ ზოგიერთ ამბავსა თუ მოვლენაზე არასწორ ინფორმაციას იძლევიან. ასეთ წიგნებში ასახულია როგორც სიმართლე, ასევე სიცრუე. როგორ უნდა შეფასდეს ასეთი წიგნები? ეს რთული საქმეა. სტალინის მოძულე სოლჟენიცინი თავის გიგანტურ პასკვილში “არქიპელაგი გულაგი” უშვერი სიტყვებით რომ ლანძღავს სტალინს, ეს პატიოსან და ჭკვიან მკითხველში აღშფოთებას იწვევს, მაგრამ ასეთი გაუგონარი სიბინძურისთვის “არქიპელაგი გულაგის” ავტორს ნობელის პრემია უბოძეს. ანტისტალინელებისთვის ასეთი ვეებერთელა უსამართლობის ჩადენა საძნელო საქმე არ ყოფილა.
მე მაქვს ქართულ და რუსულ ენებზე დაწერილი წიგნები იოსებ ბესარიონის ძე სტალინის შესახებ. ზოგიერთი შეიცავს სიმართლეს, ზოგიერთი _ სიცრუეს, მაგრამ ისეთი წიგნები, რომლებშიც სტალინის შესახებ წერია სიმართლეც და სიცრუეც, მხოლოდ რუსულ ენაზე მაქვს. ერთ-ერთი ვლადიმერ სუხოდეევის წიგნია, სახელწოდებით “Сталин. Энциклопедия”. როდესაც წავიკითხე ეს წიგნი, დავრწმუნდი, რომ მასში სტალინის შესახებ წერია სიმართლეც და ტყუილიც. წერილი დიდი რომ არ გამომივიდეს, ვლადიმერ სუხოდეევის “ენციკლოპედიიდან” განსახილველად შევარჩიე მხოლოდ სამი სტატია, რომლებიც სიმართლეს არ შეიცავს.
“საბჭოთა კავშირის ადამიანურ დანაკარგებზე 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში” სუხოდეევი წერს: “1941-1945 წლებში საბჭოთა შეიარაღებულმა ძალებმა _ წითელმა არმიამ და სამხედრო–საზღვაო ფლოტმა, სასაზღვრო ჯარებმა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებმა დაკარგეს 8 მილიონ 668 ათას 400 ადამიანი. დროებით ოკუპირებულ საბჭოთა ტერიტორიაზე გერმანელი ფაშისტი დამპყრობლებისგან დაიღუპა 10 მილიონზე მეტი საბჭოთა მოქალაქე. სულ ფაშისტური აგრესიისგან დაიღუპა 26 მილიონ 600 ათასი საბჭოთა ადამიანი” (გვ. 261).
ეს მონაცემები არ შეიცავს სიმართლეს. 1949 წელს მეზობელმა რუსმა გოგონამ, რომელმაც საშუალო სკოლა დაამთავრა, მაჩუქა მეათე კლასის რუსული საბჭოთა ლიტერატურის დამხმარე სახელმძღვანელო, რომელიც 1949 წელს, სტალინის ეპოქაში, გამოიცა. მისი სახელწოდებაა “Русская советская литература” (ეს წიგნი დღემდე მაქვს შენახული).
მომყავს ამონაწერი ამ წიგნიდან: “ომმა შეიწირა 7 მილიონამდე საბჭოთა ადამიანის სიცოცხლე და მოიტანა აურაცხელი უბედურება” (გვ. 340). აი ასე, დიდებულ სტალინურ ეპოქაში იბეჭდებოდა სიმართლის შემცველი წიგნები, ჟურნალები და გაზეთები. მაშასადამე, სუხოდეევი მართალი არ არის, როცა წერს, თითქოს დიდი სამამულო ომის დროს 26 მილიონი საბჭოთა ადამიანი დაიღუპა. არიან ისეთი “ისტორიკოსებიც”, რომლებიც დაღუპულთა მეტ რაოდენობაზე ლაპარაკობენ. შექმნილია ერთგვარი აუქციონი, ვინ უფრო მეტ რაოდენობას მოჩმახავს დიდ სამამულო ომში დაღუპულთა შესახებ. მართალია, სუხოდეევის “სტალინი. ენციკლოპედია” უმეტესად მართალ მონაცემებს შეიცავს, მაგრამ ზოგიერთი ცრუ მონაცემი ღირსებას უკარგავს ამ სქელტანიან წიგნს.
ამ წიგნში დაბეჭდილია ისეთი სტატიებიც, რომლებშიც ერთ მოვლენაზე სხვადასხვანაირი აზრია გამოთქმული, ამასთანავე, სიმართლესაც არ შეიცავს. აი ერთი მაგალითი: სტატიაში “ХРАМ ХРИСТА СПАСИТЕЛ” (“მაცხოვრის ტაძარი”) ავტორი წერს: “ტაძრის დემონტაჟი მოხდა 1930-იან წლებში მოსკოვის რეკონსტრუქციის გამო” (გვ. 446) სტალინს არაერთხელ უთქვამს, რომ წინააღმდეგობა არ გაუწია მხსნელი ქრისტეს ტაძრის დემონტაჟისთვის: “ძალიან საჭირო იყო ოქრო ინდუსტრიალიზაციისათვის. ეს რომ არა, ცოდვას არ ჩავიდენდი” (გვ. 446). კიდევ ერთ სტატიაში “საბჭოების სასახლე” სუხოდეევს უწერია: “1931 წელს საბჭოების სასახლის მშენებლობა სსრკ–ის სახკომის, ვ. მ. მოლოტოვის თავმჯდომარეობით. საბჭოების სასახლის მშენებლობისთვის ყველაზე მოხერხებულ ადგილად მიიჩნიეს კრემლის მახლობლად მოედნის გაფართოებისას მაცხოვრის ტაძრის დანგრევის შედაგად გამოთავისუფლებული ადგილი” (გვ. 153).
მაცხოვრის ტაძარი დაანგრიეს 1931 წელს. 1939 წელს დაიწყო საბჭოების სასახლის მშენებლობა, მაგრამ შეჩერდა დიდი სამამულო ომის დაწყების გამო (გვ. 154).
ამგვარად, ავტორს მხსნელი ქრისტეს ტაძრის დანგრევის სამი განსხვავებული მიზეზი მოჰყავს:
- ტაძარი დაიშალა მოსკოვის რეკონსტრუქციის გამო;
- ტაძარი დაანგრიეს იმიტომ, რომ ძალიან საჭირო იყო ოქრო ინდუსტრიალიზაციისთვის;
- ტაძარი დაანგრიეს იმიტომ. რომ მის ადგილას უნდა აეშენებინათ საბჭოების სასახლე.
მაგრამ არც ერთი არ შეიცავს სიმართლეს.
გაოცებას იწვევს სტალინის “ნათქვამი”, თითქოს მაცხოვრის ტაძარში არსებული ოქრო ინდუსტრიალიზაციისთვის იყო საჭირო. გამოეტანათ ოქროს ნივთები, რა საჭირო იყო ტაძრის დანგრევა?! გამოიტანეს კიდეც ძვირფასი ნივთები, ალბათ, ოქროსიც, მაგრამ ინდუსტრიალიზაციას კი არ მოახმარეს, არამედ ერთ–ერთ მუზეუმს და ტრეტიაკოვის გალერეას გადასცეს. ამის შესახებ სუხოდეევიც იუწყება.
ჩემთვის ცნობილი შეიქნა მაცხოვრის ტაძრის დანგრევის ნამდვილი მიზეზი.
1968 წლის დეკემბერში თბილისელი ტურისტების ჯგუფთან ერთად მოსკოვში გავემგზავრე. დავათვალიერეთ ქალაქის ბევრი ღირსშესანიშნაობა, მათ შორის ზამთრის საცურაო აუზი, რომლის წყალიც თბებოდა. ექსკურსიამძღოლმა ქალმა ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდა ტურისტებს: “1931 წელს მოსკოვში დაიწყო მეტროს მშენებლობა. მიწისქვეშა აფეთქებებისას მიწის ზემოთ დაიბზარა რამდენიმე შენობის, მათ შორის მაცხოვრის ტაძრის, კედლები. ამის მიზეზი, ალბათ, ის იყო, რომ მეტრომშენებლებს მანამდე არ ჰქონდათ სათანადო გამოცდილება ასეთ რთულ საქმეში. შენობების კედლებზე გაჩენილი ბზარები ისეთი ღრმა იყო, რომ გამორიცხული არ იყო შენობების დანგრევა, რითაც საფრთხე შეექმნებოდა ადამიანების სიცოცხლეს. შედგა სპეციალური კომისია, რომელმაც გამოიტანა დასკვნა: უნდა მომხდარიყო დაზიანებული შენობების, მათ შორის მაცხოვრის ტაძრის, დემონტაჟი, რაც შესრულდა 1931 წელს, ანუ იმავე წელს, როდესაც მოსკოვში მეტროპოლიტენის მშენებლობა დაიწყო. შენობებისგან დაცარიელებულ ადგილზე ამჟამად ზამთრის საცურაო აუზია”.
არ ვიცი, დღესაც თუ არსებობს ეს აუზი.
ეთერ უთურგაშვილი
P.S. რედაქციისგან: დღეისთვის მოსკოვის მაცხოვრის ტაძარი აღდგენილია თავის ისტორიულ ადგილზე.