მეექვსე გამოშვება
“ადამიანებს არ აწუხებთ სინდისის ქენჯნა მათთვის ჩვეულებად
ქცეული ცუდი საქციელის გამო”.
ვოლტერი
კორონავირუსის საიდუმლო
კაცობრიობას მრავალი ეპიდემია უნახავს და გადაუტანია, მათ შორის ისეთებიც, რომელთა ვერაგობის მასშტაბთან კორონავირუსი ახლოსაც ვერ მივა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის დიაგნოზდასმულთა რაოდენობა 100 მილიონს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 2 მილიონთან მერყეობს. მსოფლიო პანდემიის პირობებში ორპროცენტიანი ლეტალობა მაღალი არ არის. მაგალითად, ვირუსი ებოლა ცნობილი იყო 90-პროცენტიანი ლეტალობით. მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობას ბევრი გაცილებით საშიში პანდემია გადაუტანია, კორონავირუსის გავლენა მსოფლიოზე განსხვავებულია იმ გავლენისგან, რომელსაც ძალიან ძლიერი ვირუსები ახდენდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. მაგალითად, ცნობილი ფუტუროლოგი სერგეი პერესლეგინი წერს: “კოვიდ 19-ის სოციალური ეფექტი წარმოუდგენელია. მე ვიხრები იმ აზრისკენ, რომ ჩვენ ამ მოვლენას არათუ ერთი და ორი წლის შემდეგ, საერთოდ, ვერასოდეს დავივიწყებთ. პანდემიის გამო, რომელიც განსაკუთრებულად არ გვემუქრებოდა, კაცობრიობამ უარი თქვა მრავალ ისეთ რამეზე, რაც მისთვის თითქოს უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონე იყო. ადრე ადამიანები თავისუფლების გამო ბარიკადებთან დგებოდნენ, სადაც დაღუპვის თეორიული შანსი გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე კორონავირუსის დროს არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ადამიანთა უმრავლესობამ კორონავირუსის შიშის გამო ამჯობინა, დათმოს კონსტიტუციური და დემოკრატიული თავისუფლებები, უარი თქვას ცხოვრების ჩვეულ წესსა და რიტმზე. ღია სამოქალაქო საზოგადოებიდან ჩვენ ნებაყოფლობით გადავიქეცით ჩაკეტილ საზოგადოებად. ის, რაც მოპოვებული იყო საუკუნის განმავლობაში, დავკარგეთ წელიწადში. ეს რთულად ასახსნელია. პანდემიის ყველაზე უცნაური შედეგი ისაა, რომ მთავრობებს მოუნდათ და ხალხი დაემორჩილა. ეს არის ამ პანდემიის ყველაზე საოცარი სოციალური ეფექტი”.
ლოგიკური მსჯელობაა. მართლაც, როგორ მოხდა, რომ ასე მცირე რისკის პირობებში, რომელიც კორონავირუსს ახლავს, ხალხი ძირითადად დაემორჩილა მთავრობების მიერ ნაკარნახებ თამაშის წესებს? რატომ არ არის მეტი პროტესტი, რატომ არ არის მეტი დაუმორჩილებლობა? როგორ, პანდემიის გამო, რომელსაც 2 პროცენტზე ნაკლები ლეტალობა აქვს, სახელმწიფოებმა საზღვრები ჩაკეტეს, გაჩერდა ტურიზმი და საავიაციო რეისები, დაიხურა საგანმანათლებლო კერები, შეწყდა სატრანსპორტო მიმოსვლა, არ მუშაობს დასვენებისა და გართობის ცენტრები, აღარ არის სტუმრობა; ადამიანებმა, ლამისაა, უარი თქვან პირად ცხოვრებაზე და პირახვეულნი დადიან. ასეთია სამთავრობო გადაწყვეტილებები, მითითებები, ინსტრუქციები, მაგრამ როგორ შეიძლებოდა, რომ ხალხი (გარდა მცირერიცხოვანი გამონაკლისისა) ამას ასე მშვიდად და უდრტვინველად შეხვედროდა და შეგუებოდა?! რა სახის ფსიქოლოგიური და სოციალურ-ფსიქოლოგიური კანონები ამუშავდა, რომ ადამიანთა მასები ცხოვრების ჩვეული წესიდან, ცხოვრების სრულიად უჩვეულო და, რაც მთავარია, არაკომფორტულ, დამთრგუნავ წესზე ასე მარტივად გადავიდნენ? აქ ორი ფაქტორია მთავარი:
1.ვირუსის გავრცელების უჩვეულო მასშტაბი (ისტორიულად ცნობილი პანდემიებიდან მხოლოდ რამდენიმე იყო ისეთი, რომლებიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა, მაგრამ ამგვარ ვითარებებშიც არ ყოფილა შემთხვევა, ამა თუ იმ ვირუსს უკლებლივ ყველა სახელმწიფოში შეეღწიოს), კორონავირუსი კი პლანეტაზე არსებულ ყველა სახელმწიფოში გავრცელდა. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი საშიში თუ ვერ აღმოჩნდა ლეტალობის მაღალი პროცენტით, საშიში აღმოჩნდა გავრცელების უპრეცედენტო მასშტაბით, რამაც მსოფლიო დათრგუნა და შეთავაზებული წესების მიმართ შეგუება ინსტინქტების დონეზე უკარნახა;
2.შედარებით მცირე ლეტალობის პირობებში გაჩენილი რწმენა იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს თუკი დავიცავთ, რომლებსაც მთავრობები ხშირ შემთხვევაში კანონის ძალას ანიჭებენ, პანდემია მალე გადაივლის.
ანუ მოხდა ვითარებასთან შეგუება არა ერთხელ და სამუდამოდ, არამედ მცირე დროით, სანამ პანდემია დასუსტდება და გადაივლის; ხოლო რწმენა იმისა, რომ ეს ასე იქნება და არა სხვაგვარად, მსოფლიოში ძალიან მაღალია. არადა, როგორც ირკვევა, კორონავირუსის პანდემია, მიუხედავად იმისა, მალე გადაივლის თუ დიდხანს გაგრძელდება, მის საქმეს აკეთებს და, როგორც ამბობენ, ცხოვრებას მალე თვისებრივად შეცვლის. რაში გამოიხატება ეს ცვლილება? როგორც ვარაუდობენ, ახლა მიმდინარეობს გაბატონებული ტექნოლოგიური წესის ახალი წესით ჩანაცვლება. ცხოვრების ტექნოლოგიური წესი, დაწყებული მიწათმოქმედებიდან და მესაქონლეობიდან და დამთავრებული დღევანდელობით, თანდათანობით ვითარდებოდა, იცვლებოდა და ახალ შინაარსს იძენდა. ტექნოლოგიური წესის ცვლილება ისეთი რთული და მტკივნეული პროცესია, რომ ზოგჯერ ომებსაც კი იწვევს. კაცობრიობა ახლა იმ ფაზაშია, რომ დიდი ომით საკითხების გადაწყვეტა შეუძლებელია, ვინაიდან დიდი ომი ან იმდენად დიდი იქნება, რომ მის შემდეგ კაცობრიობას ახალ ტექნოლოგიურ პროცესზე გადასვლის თავი აღარ ექნება, ან არასაკმარისად დიდი იქნება იმისთვის, რომ ამგვარი პროცესების დასაბამად იქცეს. ლაპარაკია წარმოებაში ხელოვნური ინტელექტის გაბატონებაზე, რომელიც უმუშევრობის კატასტროფულ ზრდას და მისთვის მასობრივი ხასიათის მიცემას გამოიწვევს. ტექნოლოგიური წესის ცვლას ყოველთვის ახლდა საკუთრების ხელახალი გადანაწილება, რომელიც, ერთი მხრივ, იწვევს ახალი კაპიტალის ბრძოლას ძველის წინააღმდეგ; მეორე მხრივ, ძველი კაპიტალის გააფთრებულ წინააღმდეგობას იმისთვის, რომ არ დათმოს შემოსავლისა და მოგების წყარო. დღეს არსებული ტექნოლოგიური (ინდუსტრიული) წესის დამკვიდრებას ორი მსოფლიო ომი და ცივი ომი უძღოდა.
ახალი ტექნოლოგიური (ხელოვნური ინტელექტის) წესის დამკვიდრებაც ახალი წინააღმდეგობებისა და დაპირისპირებების გზით მოხდება. წინააღმდეგობა მაღალგანვითარებულ კაპიტალისტურ სახელმწიფოებს შორის, რომელიც, მარქსის მიხედვით, კაპიტალიზმის უკანასკნელი (იმპერიალისტური) სტადიისთვის დამახასიათებელი მესამე ძირითადი წინააღმდეგობაა, ახლა საბოლოოდ მომწიფდა. სულ უფრო მზარდი დაპირისპირება აშშ-სა და რუსეთს შორის, ასევე აღმავალი ხაზით განვითარებული დაპირისპირება აშშ-სა და ჩინეთს შორის ამის კონკრეტული გამოხატულებაცაა და დადასტურებაც, მაგრამ ახალ ტექნოლოგიურ წესზე გადასვლის თანამედროვე ეპოქა ხასიათდება არა მხოლოდ ზესახელმწიფოთა შორის დაპირისპირების გამწვავებით, არამედ უთანასწორობისა და უმუშევრობის არნახული აფეთქებით. არ ვიცი, ეს სიტყვა რამდენად სწორ ასოციაციებს გამოიწვევს, მაგრამ რეალურად ესაა ახალი პროლეტარიატის წარმოშობა, რომელშიც ჩვენ, ყველა, მთელი საზოგადოება (გარდა მცირე ჯგუფისა) განვიხილებით. კორონავირუსის გამო მსოფლიოში ადამიანთა უზარმაზარი რაოდენობა დარჩა დაუსაქმებელი და დაკარგა არა მხოლოდ შემოსავალი, არამედ ის მცირეოდენი თანხაც, რომელიც შესაძლებელია, დაგროვებული და შავი დღისთვის გადანახული ჰქონდა. კორონავირუსის მიერ მსოფლიოსთვის მიყენებულ ზარალს სხვადასხვა მკვლევარი სხვადასხვა რიცხვით წარმოადგენს და ის ასობით მილიარდი დოლარიდან ტრილიონ დოლარამდე მერყეობს, ანუ ეს თანხა ნებისმიერ შემთხვევაში ასტრონომიულია. ფაქტია, რომ ახალ ტექნოლოგიურ წესზე გადასვლის ფორსირებული პროცესის დაწყება და კორონავირუსის გამოჩენა ერთმანეთს საეჭვოდ დაემთხვა. არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია და ფაქტები, რომ რამე კატეგორიულად ვამტკიცო, მაგრამ აშშ–ის პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ აგორებული კამპანია, რომელსაც არჩევნებში ტრანსკორპორაციული ლიბერალური კოალიციის გამარჯვება მოჰყვა, რომლი/ს ინტერესებსაც ბაიდენი წარმოადგენდა, და კორონავირუსის გამოჩენა ერთმანეთთან დაკავშირებული მოვლენები მგონია. დააკვირდით რამდენიმე გარემოებას:
1.ტურიზმი გართობისა და დასვენების ბიზნესი არსებული ტექნოლოგიური წესის შემადგენელი ნაწილია, რომლის დემონტაჟი (უფრო სწორად, ნგრევა) დაწყებულია. პარალელურად დაწყებულია არნახული მასშტაბების მიცემა სამედიცინო და ფარმაცევტული ბიზნესისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ იწყება კაპიტალის კოლოსალური ოდენობის გადადინება ერთი სფეროდან მეორეში, ანუ მილიარდერთა ერთი ჯგუფიდან მეორეში;
2.კორონავირუსული პროცესების ხელოვნური მართვა. საქართველოს მაგალითზეც კი შესანიშნავად ჩანს მიდგომის ორი განსხვავებული კუთხე. პანდემიის პირველ ეტაპზე განხორციელებულმა პრევენციულმა ზომებმა, აკრძალვებმა და სიფრთხილემ ვირუსის განვითარება ისე დაამუხრუჭა, რომ საქართველო მსოფლიოს მასშტაბით მისაბაძ მაგალითად რჩებოდა; მეორე ეტაპზე კი მიდგომები რადიკალურად შეიცვალა და შედეგიც რადიკალურად შეცვლილი მივიღეთ _ უამრავი დაავადებული და გარდაცვლილი. პირველ ეტაპზე, მაშინ, როდესაც არანაირი გამოცდილება არ არსებობდა, პრობლემას თუ სწორად გავუმკლავდით, მეორე ეტაპზე საკუთარი დადებითი გამოცდილება რატომ უარვყავით და, თითქოს შეგნებულად, ვირუსს გზა რად გავუხსენით?! ხომ არ ფიქრობთ, რომ ჩვენმა მთავრობამ ვიღაცისგან მიიღო დავალება, რომ ვირუსის გავრცელების დონე და მასშტაბები გაეზარდა? ამ შეკითხვას ღიად დავტოვებ, მაგრამ დასმით მაინც დავსვამ, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, იგი მარტო ჩემს თავში არ მომწიფებულა და სხვებსაც ისევე აწუხებს, როგორც მე შემაწუხა;
3.დღევანდელ მსოფლიოში მეცნიერება (მათ შორის, ვირუსოლოგია) ისეა განვითარებული, რომ პლანეტაზე კორონავირუსის ასეთი მასშტაბით გავრცელება არ უნდა მომხდარიყო და ამდენი გაუგებრობა, დაბნეულობა და უთავბოლობა არ უნდა გამოეწვია. ჩემი აზრით, ეს უმწეობა გამოწვეულია არა ვირუსისადმი გამკლავების უუნარობით, არამედ მასთან ბრძოლის ნების არარსებობით. კიდევ უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, რომელიღაც დიდი ძალა ეწინააღმდეგება კორონავირუსის დამარცხებას. რაღაც დიდი ძალა ცდილობს, რომ კორონავირუსმა გამოიწვიოს ის ეფექტი, რომელ ეფექტსაც იწვევს, ანუ დედამიწაზე კორონავირუსს სერიოზული მფარველი ჰყავს. შთაბეჭდილება რჩება, რომ თითქოს ვიღაცამ ხალხი პანდემიას (გარკვეულ დონეზე მაინც) საჯიჯგნად მიუგდო. არა მხოლოდ ხალხი, არამედ ეკონომიკის ის დარგებიც, რომლებიც სულს ღაფავს და არანაირი გარანტია არ აქვს, რომ ბოლომდე არ განადგურდება. თუ აქამდე სუპერსახელმწიფოთა სამხედრო–სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლები გაიძახოდნენ, ომის საფრთხე ახლოვდება და მოგვეცით მეტი დაფინანსებაო, ახლა სამედიცინო და ფარმაცევტული მონოპოლიები გაჰყვირიან, _ კაცობრიობა საფრთხის წინაშეა და მოგვეცით მეტი დაფინანსებაო. კაპიტალისტურ სამყაროს ერთი ღმერთი ჰყავს _ მოგება, კაპიტალისტს კი არ შეუძლია, სიცოცხლის უკანასკნელი წუთებიც მოგებაზე ფიქრში არ გაატაროს. მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა გზით მიაღწევს იგი მოგებას _ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსით, ტურიზმითა თუ სამედიცინო-ფარმაცევტული გზით. მთავარია, რომ მოგება იყოს მაქსიმალური და მზარდი.
რაც შეეხება გავრცელებულ შიშს, რომ მოხდება მასობრივი “ჩიპიზაცია” ადამიანზე ტოტალური კონტროლის დასამყარებლად, მთლად საფუძვლიანი არ მგონია იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი კონტროლი ადამიანზე უკვე დამყარებულია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მსოფლიოში, ალბათ, არც დარჩა ადამიანი, რომელსაც ხელში მობილური ტელეფონი არ უჭირავს. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ყოველი ადამიანი ყოველწამიერი თვალთვალის, მოსმენისა და დაკვირვების ობიექტია. ასე რომ, გაძლიერდება ეს მომენტი თუ არა (რა თქმა უნდა, გაძლიერდება), უკვე აღარ არის საინტერესო, რადგან ადამიანზე ტოტალური კონტროლის დამყარება, ხვალინდელი დღე კი არა, გუშინდელი დღეა. ეს უკვე ფაქტია. ჩვენ უკვე აღარ ვცხოვრობთ მყუდრო გარემოში, ჩვენი პირადი სივრცე სულ უფრო მცირდება, რადგან გარეშე თვალი და კონტროლი უკვე შემოიჭრა იქაც, სადაც ცოტა ხნის წინათ წარმოუდგენელი გვეჩვენებოდა…
ესკალაცია თუ დეესკალაცია
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ქვეყანა გარედან იმართება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში ქართველი ხალხი არც მონაწილეობს, უბრალოდ, ქართველი ხალხის სახელით ფორმდება ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც ამერიკელები და ევროპელები ჩვენ მაგივრად იღებენ. 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში შეჭრის მცდელობის გამო დაკავებულ ნიკა მელიას მთელი დასავლეთი ესარჩლება. დაკავებას ისინი პოლიტიკურ ანგარიშსწორებად და დემოკრატიისგან გადახვევად მიიჩნევენ. კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრისას ადგილზე ხუთი ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი დაპატიმრებულია. საქართველოს პარლამენტის შენობაზე შტურმის გამო ერთი ადამიანია დაკავებული, ისიც მას შემდეგ, რაც მან დემონსტრაციულად მოიხსნა და გადააგდო ელექტრონული სამაჯური, რომლითაც მისი გადაადგილების პარამეტრები კონტროლდებოდა. დასავლეთმა კი, ისე, რომ საკითხის შესწავლა არც უცდია, მელიას დაპატიმრება დემოკრატიის ნორმებიდან გადახვევად შერაცხა და ამ ფაქტის გამო საერთაშორისო განგაში ატეხა. დასავლელი პოლიტიკოსებისგან შეშფოთება-აღშფოთების ისეთი ზვავი წამოვიდა, გეგონება, კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრილთაგან ხუთი ადამიანის ადგილზე ლიკვიდაცია და ასობით ადამიანის დაპატიმრება, აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებით კი არა, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით მოხდა. ამ შეფასებათა მხოლოდ მცირე ნაწილს შემოგთავაზებთ თვალის გადასავლებად, რათა ადვილად დარწმუნდეთ იმაში, ვისთან გვაქვს საქმე ჩვენი ე.წ. სტრატეგიული პარტნიორების სახით.
* კარლ ბილდტი, შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი:
“უკიდურესად შემაშფოთებელი მოვლენები განვითარდა საქართველოში, როცა პოლიციამ ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისზე შტურმი განახორციელა და მისი ლიდერი დააკავა. კანონის უზენაესობისადმი მტკიცე ერთგულება უნდა იყოს ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პირობა”.
* მაიკლ მაკფოლი, რუსეთში აშშ–ის ყოფილი ელჩი და ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი:
“ნავალნის დაკავება პირველი ტესტი იყო, მიანმარი _ მეორე, საქართველო მესამეა. მოკლედ რომ ვთქვათ, ბაიდენმა პირობა დადო, რომ მეტს გააკეთებს დემოკრატიის გასაძლიერებლად და ადამიანის უფლებებისთვის. ახლა დროა, ეს სიტყვები საქმით დამტკიცდეს”.
* ჯეიმს აპატურაი, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში:
“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს საქართველოში. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. ნატო ელის, რომ საქართველო, რომელიც ჩვენი ახლო პარტნიორი და ასპირანტია, შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს. ეს გულისხმობს პოლარიზებული რიტორიკისა და მოქმედებების თავიდან აცილებასა და პოლიტიკური განსხვავებების გადაჭრას დიალოგის გზით”.
* ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი:
“ძალიან შემაშფოთებელია, რაც დღეს საქართველოში მოხდა. პირველი, ვინც დაზარალდა, არის ქართველი ხალხი. მოვუწოდებ საქართველოს თავშეკავებისკენ და არა უკან დახევისკენ. ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვინც იცავს კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას საქართველოში”.
* ბენ ჰოჯესი, გადამდგარი ამერიკელი გენერალ–ლეიტენანტი, ევროპაში აშშ–ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური:
“ეს საქართველოსთვის უკან გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია. ამით მხოლოდ კრემლი, ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა სარგებლობენ. ამაში არაფერია კარგი ქართველებისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ძლიერი აღმოჩნდება ამაში. კრემლი უყურებს”.
* ურმას პაეტი, ესტონელი ევროპარლამენტარი, ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის Renew Europeს წევრი:
“შეშფოთებული ვარ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების შესახებ. უთანხმოებათა აღმოსაფხვრელად, ძალის გამოყენების ნაცვლად, საჭიროა სათანადო დიალოგი და პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება”.
* ადამ კინზინგერი, აშშ–ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე:
“პირდაპირ ეთერში ვადევნებდი თვალს ამ რეიდს. ძალიან შეშფოთებული ვარ. ეს არაა ისეთი რამ, რაც ავტომატურად ხდება. საშიში ნაბიჯია საქართველოს მთავრობის მხრიდან. მოცემულ დაძაბულ სიტუაციაში მთავრობას მოვუწოდებ, ამ დრამატულ ქმედებებს შეეშვას”.
* მარკ კლეიტონი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში:
“შოკირებული ვარ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან განვითარებული მოვლენებით. ახლა საქართველოს არ სჭირდება ძალადობა და ქაოსი თბილისში. ყველას მოვუწოდებ, რომ იმოქმედონ თავშეკავებულად”.
* მაიკლ კარპენტერი, აშშ–ის თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწე, პენსილვანიის უნივერსიტეტში ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის დირექტორი:
“მოვლენები ძალიან სავალალოდ ვითარდება საქართველოში, სადაც ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისზე შტურმი განხორციელდა. ვიმედოვნობ, საღი აზრი გაიმარჯვებს. ვითარების დეესკალაცია ჯერ ჯიდევ შესაძლებელია”.
* ჟიგიმანტას პავილიონისი, ლიეტუვის სეიმის (პარლამენტის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე:
“როგორც ჩანს, მართალი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცებმა ლიეტუვაში და, რა თქმა უნდა, უმაღლესი ტრიბუნის მქონე პირებმა საქართველოს ხელისუფლებაში გამაკრიტიკეს მცდელობის გამო, შემეჩერებინა, რაც ახლა ხდება. ენმ-ის სათავო ოფისზე შტურმი მოხდა გაზის გამოყენებით ისე, როგორც ერთხელ პუტინმა გააკეთა. ოპოზიციის ლიდერი დააკავეს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ოპოზიცია დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამდა, ივანიშვილის სარდლები პუტინივით და ლუკაშენკოსავით იქცეოდნენ”.
* მარკო მიხელსონი, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე:
“ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. ოპოზიციის ოფისების შტურმი და ოპოზიციის ლიდერების დაკავება შეუთავსებელია იმ მისწრაფებებთან, რასაც, საქართველოს მთავრობა აცხადებს. ეს კრიტიკული მომენტია დემოკრატიისთვის საქართველოში”.
* ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში:
“ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის მიერ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იქნა. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე”.
ბოდიშს ვიხდი ამონარიდთა სიუხვის გამო, მაგრამ თქვენ უნდა დაგენახათ, რომ მოტანილი ციტატები ისე ჰგვანან ერთმანეთს, თითქოს ერთი ადამიანის მიერ იყოს დაწერილი, ან ერთსა და იმავე ლაბორატორიაში იყოს შექმნილი და გამოყვანილი. საქმე ისაა, რომ არავის აინტერესებს საქმეში გარკვევა. უფრო სწორად, ყველაფერი წინასწარ არის გარკვეული: როდესაც ანალოგიური ვითარება დასავლეთში იქმნება, ხელისუფლებაა მართალი, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მოვლენები სხვაგან ვითარდება _ ოპოზიცია, ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი, რომელსაც დასავლეთი აღარც მალავს ხოლმე. ამერიკელებს კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრილთა ქმედებისთვის კვალიფიკაციის მინიჭება არ გასჭირვებიათ. მათ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენისთვის არ დაუცდიათ. პრეზიდენტმა ბაიდენმა, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, თვითონ გამოიტანა განაჩენი: “ეს არ იყო განსხვავებული აზრი, ეს იყო უწესრიგობა და ქაოსი. კაპიტოლიუმში შეჭრილი ადამიანები არ იყვნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები, ისინი ბანდის აჯანყებული წევრები და შიდა ტერორისტები არიან”.
მორჩა, განაჩენი გამოტანილია და საქმისთვის წერტილიც დასმულია. საქართველოში მოვლენები სხვა თანმიმდევრობით განვითარდა. აქ ჯერ სასამართლომ გამოიტანა განაჩენი და აღსრულება მერე მოხდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დასავლეთის ბოსები სხვაგვარად მსჯელობენ. იქაურ პარლამენტში შეჭრილები ტერორისტებად თუ შერაცხეს, აქაურ პარლამენტში შეჭრილები უზურპატორი ხელისუფლების უდანაშაულო მსხვერპლად გამოაცხადეს.
აგერ ჩამობრძანდა ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელმაც მაგიდაზე მუშტი დაარტყა და თქვა:
_ უნდა დასრულდეს პოლარიზაცია!
საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის რეაქცია მყისიერი იყო:
_ მინდა გამოვეხმაურო ბატონი პრეზიდენტის ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის. მე მინდა დავადასტურო ჩვენი მზაობა, რომ, ასე ვთქვათ, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას დეესკალაციისთვის.
სიტუაციის დეესკალაციაზე მსჯელობენ, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი ესკალაციის გზით მიდის.
დაველოდოთ, რომელი რომელს დაჯაბნის ამ კონკრეტულ სიტუაციაში: სიმართლე _ სიცრუეს, თუ პირიქით…
ვალერი კვარაცხელია
დიდი მადლობა ბატონო ვალერი!