Home რუბრიკები პოლიტიკა სიკვდილის შახტი

სიკვდილის შახტი

შახტი

გასული კვირა დაიწყო ტრაგედიით ტყიბულში და თანმდევმა დისკუსიამ ნათლად აჩვენა, რომ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია კატასტროფულია. სამწუხაროდ, ეროვნული ხასიათის თავისებურებებიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას პრობლემას, სანამ უბედურება არ მოხდება.

მეშახტეების დაღუპვის შემდეგ ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანას ფართო უფლებებით აღჭურვილი შრომის ინსპექცია სჭირდება. ის 2006 წელს მიხეილ სააკაშვილმა გააუქმა. საქართველო, ეკონომიკის მდგომარეობიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ დაინტერესებულია ინვესტიციების მოზიდვით და სააკაშვილის რეჟიმი ვარაუდობდა, რომ შემზღუდავი რეგულაციების მოხსნის და მართლაც რომ მონათმფლობელური შრომის კოდექსის დამტკიცების ხარჯზე ინვესტორებს დააინტერესებდა. შრომის ინსპექცია, 2006 წლის მდგომარეობით, არაეფექტურ, კორუმპირებულ სტრუქტურას წარმოადგენდა, მაგრამ ის მოითხოვდა რეფორმას და არა გაუქმებას. სტრატეგიულად მცდარი გადაწყვეტილების გამო, უბედური შემთხვევების რაოდენობამ იმატა და ამას არავინ უარყოფს, თუმცა არის სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც _ ძველი, ხშირ შემთხვევაში ჯერ კიდევ საბჭოთა დანადგარების ცვეთა, ტექნიკური კულტურის ზოგადი დაცემა, ფართოდ გავრცელებული აგდებული დამოკიდებულება უსაფრთხოების ნორმების მიმართ და სხვ.

შახტი

ინსპექციის გაუქმების შემდეგ მისი ძირითადი ფუნქციები გადანაწილდა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტზე (შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო) და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოზე (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო). პრობლემა ისაა, რომ ინსპექტირების დეპარტამენტი პრაქტიკულად უუფლებოა _ საწარმოთა მეპატრონეებთან შეთანხმების საფუძველზე უნდა იმოქმედოს და მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლოს, რომელთა გათვალისწინება სავალდებულო არაა.

მას შემდეგ, რაც ტყიბულში 4 მეშახტე დაიღუპა, ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრების ერთობლივი ბრძანების საფუძველზე შეიქმნა მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ორი ზემოთ ნახსენები სტრუქტურის სპეციალისტებით დაკომპლექტდება და მაღალი რისკის საწარმოებში იმუშავებს. გაუგებარია, რა უშლიდა ხელს ამ ჯგუფის შექმნას ტყიბულის ტრაგედიამდე და ბუნდოვანია, რა უფლებები ექნება მას. ცხადია, ეს პალიატიური ზომა განსაკუთრებულ შედეგს ვერ მოიტანს, თუმცა იგულისხმება, რომ მალე დასრულდება მუშაობა ახალ კანონპროექტზეშრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებდა პარლამენტი მას ფორსირებულ რეჟიმში მიიღებს.

ზედამხედველობის სააგენტოს მაღალი რისკის საწარმოების შემოწმების, კომპანიების დაჯარიმებისა და სამუშაო პროცესის შეჩერების უფლება აქვს, მაგრამ ეს სიტუაციას ვერ აუმჯობესებს. “აიპრესისთვის” მიცემულ ინტერვიუში “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის” ცენტრის სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორმა ლინა ღვინიანიძემ განაცხადა, რომ სააგენტოს სპეციალისტებს “10-ზე მეტი შესვლა აქვთ განხორციელებული ტყიბულის შახტებში, 2015 წლის ჩათვლით გვაქვს ჩვენ ეს მონაცემი და რამდენიმე ათასი ლარით არის დაჯარიმებული ტყიბულის შახტი სააგენტოს მხრიდან. მახსოვს, რომ მინიმალური ასეთი სანქცია იყო 100 ლარი და მაქსიმალური იყო 9900 ლარი”. ცხადია, ასეთი ჯარიმები ვერ აიძულებს მსხვილ კომპანიებს, პრობლემების გადაწყვეტაზე იზრუნონ.

ევროკავშირთან დაახლოების პროცესში საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, შექმნას ფართო უფლებების მქონე შრომის ინსპექცია და ეტაპობრივად დანერგოს (მათ შორის) ის რეგულაციები, რომლებიც მაღალი რისკის საწარმოებში მუშაობას უფრო უსაფრთხოს გახდის. “ეს ვალდებულება გამომდინარეობს არა მხოლოდ ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებიდან, არამედ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებიდან”, _ აცხადებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი. დღეს ქართველი ბიზნესმენების ნაწილი და მათი ლობისტები დროის გაწელვაზე გადავიდნენ და პარალელურად ცდილობენ, შეაშინონ საზოგადოება იმით, რომ ევროპულთან მიახლოებული უსაფრთხოების ნორმების დანერგვა ნახშირის მოპოვებას (ან სხვა საქმიანობას) არარენტაბელურს გახდის, რომლის შედეგადაც შახტები თუ სხვა საწარმოები დაიხურება და ათასობით ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდება.

ასეთ დროს საზოგადოება ურთულესი მორალური დილემის წინაშე დგებაგაიზიაროს ბიზნესმენების არგუმენტები და დათანხმდესსიკვდილთან თამაშისგაგრძელებას თუ ბოლომდემიაწვესდა შრომის ცივილიზებული პირობების უზრუნველყოფა მოსთხოვოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს საწარმოების დახურვის რისკს ზრდის და ამის წინააღმდეგ შეიძლება შრომითი კოლექტივები წავიდნენ, ანუ ის ადამიანები, რომელთა უფლებების დაცვას ცდილობენ პროფკავშირები თუ სამოქალაქო აქტივისტები. დისკუსიაში ჩართულთა უმრავლესობა მეორე ვარიანტს ემხრობა, მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტები მათ რადიკალურ მემარცხენეობაში ადანაშაულებენ. სწორედ ასეთ მომენტებში მოქალაქეებმა შეიძლება იგრძნონ, რამდენად ღარიბი ქვეყანაა საქართველო და რამდენად უსუსურია მისი ხელისუფლება და საზოგადოება, რომელსაც იმ პრობლემების გადაწყვეტა არ შეუძლია, რომელიც ცივილიზებულმა სამყარომ, ათწლეულებია, დღის წესრიგიდან მოხსნა.

“თუ არსებობს საკმარისი მოგება, კაპიტალი თამამი ხდება. უზრუნველყავით 10% და კაპიტალი თანახმაა ნებისმიერ გამოყენებაზე, 20%-ზე მას გამოცოცხლება ეტყობა, 50%-ის გულისთვის ნამდვილად თანახმაა, კისერი მოიტეხოს, 100%-ზე ყველა ადამიანურ კანონს თელავს და არ არსებობს ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენას ის ვერ გაბედავს, როდესაც საქმე 300-პროცენტიან მოგებას ეხება, თუნდაც მას სახრჩებოლა ემუქრებოდეს. მტკიცებულება: კონტრაბანდა და მონებით ვაჭრობა”, _ ამ სიტყვებს კარლ მარქსს მიაწერენ, სინამდვილეში ის ბრიტანელ პუბლიცისტსა და პროფკავშირების აქტივისტ თომას დანინგს ეკუთვნის (მარქსმა, უბრალოდ, მისი ციტატა გამოიყენა).

პროფკავშირების მონაცემებით, 2007-2016 წლებში საქართველოში საწარმოო ტრავმებისგან 416 ადამიანი დაიღუპა, 716 კი _ მძიმედ დაშავდა. ზედამხედველი ინსტანციების უფლებები შეზღუდულია, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი გულგრილია, ქართველი ბიზნესმენების დიდი ნაწილი კი ნებისმიერ დანაშაულზე არათუ 300, არამედ 30 პროცენტისთვისაც წავა. არსებობდა ერთი საშუალება, რომელსაც სიტუაციის შეცვლა შეეძლო: თუ ქვეყანაში გაიმართებოდა თუნდაც ერთი ხმაურიანი სასამართლო პროცესი, რომლის დროსაც დადგინდებოდა, რომ ესა თუ ის კომპანია დამნაშავეა თანამშრომლის დაღუპვაში და მისი მფლობელები ან თუნდაც მენეჯმენტის წარმომადგენლები სათანადოდ დაისჯებოდნენ, შეიქმნებოდა მნიშვნელოვანი პრეცენდენტი და სხვა კომპანიები თავის პოლიტიკას შეცვლიდნენ, მაგრამ ეს არ მომხდარა.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, სასამართლოებში შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ (სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლი) 2015-17 წლებში 56 პირის მიმართ 48 საქმე განიხილეს. ამ საქმეებიდან 41 პირის მიმართ, საპროცესო შეთანხმებით, სისხლის სამართლის 35 საქმე დასრულდა, პატიმრობა კი მხოლოდ 4 პირს შეეფარდა.

ამ საქმეებიდან არც ერთი არ მოქცეულა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. აღსანიშნავია, რომ დაღუპულთა ოჯახების წევრები ხშირ შემთხვევაში კომპანიებთან შეთანხმებასა და კომპენსაციების აღებას ამჯობინებენ და სასამართლოებსა თუ უფლებადაცვით ორგანიზაციებში სირბილისგან თავს იკავებენ. მათ არავინ ამტყუნებს, რადგან საუბარია უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებზე ქვეყანაში, სადაც ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ ძალზე დაბალია.

სხვაგვარი დამოკიდებულება წარმოუდგენელია, მაშინ, როდესაც ივანიშვილის ხელისუფლება და იუსტიციის საბჭოს ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებენ, რათა სისტემაში სააკაშვილ-ადეიშვილის მორჩილი მოსამართლეები დატოვონ, სავარაუდოდ, იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში უპრობლემოდ მართონ. მხოლოდ ერთი მაგალითი: 11 მაისს იუსტიციის საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში მოსამართლედ მერაბ ლომიძე დანიშნა. ეს მოსამართლე არაერთგზის დაადანაშაულეს იმაში, რომ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2009 წლის 15 ივნისის სადისტური დარბევის შემდეგ, საშინლად ნაცემი დაჩი ცაგურიას ადვოკატი პროცესს არ დაასწრო (შესაბამისი მოთხოვნა სხდომის ოქმშიც არ შეიტანეს). იყო სხვა საქმეებიც; ციტატა კრებულიდან “უუფლებობის ზონა”, რომელიც “ისტორიულმა მემკვიდრეობამ” 2009 წელს გამოსცა: “საქალაქო სასამართლომ “ობიექტივს” საბოლოოდ უთხრა უარი ლიცენზიის აღდგენასა და დაბრუნებაზე, რომელიც უკანონოდ აქვს გადაცემული უშიშროების სტრუქტურის ტელეკომპანია “ალანიას”. მოსამართლე მერაბ ლომიძემ ჟურნალისტი ირმა ინაშვილი სხდომიდან გააძევა და დააჯარიმა იმის გამო, რომ ინაშვილმა ლომიძეს “პოლიტიკური მოსამართლე” უწოდა და შეახსენა, რომ ამ უკანონო განაჩენისთვის ის აუცილებლად დაისჯებოდა”. 2012-ში კი სააპელაციო სასამართლოში მერაბ ლომიძემ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე ბიძინა ივანიშვილს მრავალმილიონიანი, აშკარად პოლიტიკური ჯარიმის გადახდა დაეკისრა. მსგავსი წარსული 11 მაისს დანიშნულ ზოგიერთ სხვა მოსამართლესაც აქვს. შესაძლოა, სწორედ ამ დანიშვნების გადასაფარად ხელისუფლების პროპაგანდისტულმა მანქანამ სცადა, წინა პლანზე გირგვლიანის საქმის მოსამართლის _ გიორგი ჩემიას საკითხი გამოეტანა (მან საჭირო რაოდენობის ხმები ვერ მოაგროვა). სასამართლოს მიმართ რა ნდობაზე შეიძლება საუბარი ასეთ ვითარებაში?

ისინი, ვინც შრომის პირობების გაუმჯობესებისთვის ან ნებისმიერი სხვა პრობლემის გადაწყვეტისთვის იბრძვიან, მალე, სავარაუდოდ, თავს იგრძნობენ პარტიზანებად ოკუპირებულ ქვეყანაში, რადგან ოლიგარქიული კაპიტალის, სახელისუფლო გუნდში გაერთიანებული მისი ლობისტებისა და სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ნარჩენების სტრატეგიული ალიანსი განუხრელად აფართოებს კონტროლის ზონას, საზოგადოება კი მოჯადოებულ წრეში ტრიალებს და უსამართლობის აღმოფხვრა არ ძალუძს.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here