Home რუბრიკები საზოგადოება სიკვდილთან თამაში საქართველოს გზებზე

სიკვდილთან თამაში საქართველოს გზებზე

1130
სიკვდილთან თამაში საქართველოს გზებზე

საქართველოს შსს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, რომ იანვარაგვისტოში მძღოლებისთვის ჯარიმების გამოწერის შედეგად ბიუჯეტში 52 მილიონი ლარი შევიდა. ამის მიუხედავად, მხოლოდ გასულ კვირაში 17 ადამიანი დაიღუპა ავარიით, მათ შორის 4 ბავშვი.

საგანგაშო სიტუაციაა კვარტლების მიხედვით. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ავტოსაგზაო შემთხევებს 107 ადამიანი ემსხვერპლა. საგზაო მოძრაობის ექსპერტები (ასეთებიც გვყავს) ამბობენ, რომ სახელმწიფო გზებზე არ იცავს უსაფრთხოებას და ავტომაგისტრალები მოსაწყობ-მოსაწესრიგებელია. რა თქმა უნდა, არც უამისობაა, მაგრამ ძირითადი მიზეზი მაინც ის გვგონია, რომ საქართველოში ავტოსაგზაო წესების დარღვევის გამო დაწესებული ჯარიმები ლოიალურია. დიახ, ლოიალური და ამას ფაქტებით დაგიმტკიცებთ. მაგალითად, იმავე შსს-ს მონაცემებით, ათ მძღოლზე, საერთო ჯამში, 800 ათასზე მეტი ჯარიმა გამოიწერა. კონკრეტულად ერთი მძღოლი 127-ჯერ დააჯარიმეს და აქედან 120-ჯერ სიმთვრალის გამო. ჯარიმების საფასურმა 323 ათასი ლარი შეადგინა, ანუ ამ ადამიანს 323 ათასი უნდა გადაეხადა, მაგრამ მხოლოდ 870 ლარი აქვს გადახდილი. როგორ გგონიათ, რას აკეთებს ამ დროს საპატრულო პოლიცია?! _ ვერაფერს და ეს იმის მიუხედავად, რომ ამ კონკრეტულ მძღოლს საპატრულო ეკიპაჟმა ჯარიმა სიმთვრალეზე 11-ჯერ(!) გამოუწერა.

“ჩვენ აღსრულებაზე გადავეცით აღნიშნული ჯარიმები და ქვითრები, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ გვაქვს. მძღოლი ჯარიმებს არ იხდის, კანონით კი მისი დაკავების უფლება არ გვაქვს”, _ ასეთია სამართალდამცავთა ოფიციალური პოზიცია.

ადამიანი 120-ჯერ რომ დაჯდება საჭესთან ნასვამი და ერთი და იგივე ეკიპაჟი 11-ჯერ დააჯარიმებს, ამ ადამიანს რომ ვერ დააკავებ, გამოდის, რომ ქუჩაში პოტენციურ მკვლელს უშვებ და ვერაფერს უხერხებ. მთვრალ მძღოლებს შეწირული არაერთი სიცოცხლე გვახსოვს და, სამწუხაროდ, კიდევ ბევრს შევიტყობთ.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ავარიებს ძალიან ხშირად ახდენენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები _ ირანელი თუ თურქი მძროლები, ე.წ. “დალნაბოიშიკები”, რომლებიც უზარმაზარ ტრაილერებს დააქროლებენ, არაერთხელ ყოფილან ავარიის ფატალური შედეგის მიზეზი. თურქეთშიც და ირანშიც ავარიის შედეგად ადამიანის დაღუპვა უმკაცრესად ისჯება _ სოლიდური ჯარიმის გარდა, თავისუფლების აღკვეთა ირანში 8 წლიდან იწყება, თურქეთში _ 6 წლიდან, მაგრამ…

“100-დან, სულ ცოტა, 90 შემთხვევაში, ქართული მხარე ავარიაში დამნაშავე მძღოლებს იმ ქვეყანას გადასცემს, რომლის მოქალაქეც არის, და იქ მათ, უბრალოდ, უშვებენ, რადგან მათ ტერიტორიაზე დანაშაული არ ჩაუდენიათ. შესაბამისად, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, რომ ავარიაში მონაწილე თურქი თუ ირანელი მძღოლი საქართველოში ორი თვის შემდეგ ისევ ყოფილა ავტოავარიის მონაწილე”, _ გვითხრა შსს-ს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

რა გამოდის? _ თურქ და ირანელ მძღოლებს ქართველების ჟლეტაგაპრავებულიაქვთ და ამისთვის თავზე ხელს ვუსვამთ?! რატომ არ ასამართლებენ მათ საქართველოში, რატომ არ უსჯიან შესაბამის სასჯელს, რატომ მიუტევებენ დანაშაულს?!

სხვათა შორის, როცა სასჯელის გამკაცრებაზეა საუბარი, ბევრი ამბობს, რომ მოსახლეობა გადახდისუუნაროა და გაზრდილ ჯარიმებს ვერ გადაიხდის, ანუ ვზოგავთ სიცოცხლეზე, ჩვენს სიცოცხლეზე, ჩვენი შვილების სიცოცხლეზე და ეს მაშინ, როცა ევროპაში, იმ ევროპაში, რომელიც ეტალონად გვაქვს აღებული, საინტერესო ჯარიმებია. ჩვენც რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ:

* ფინეთში სიჩქარის გადაჭარბებისთვის ყველაზე მაღალი ჯარიმაა 200 ათასი დოლარი. ჯარიმის მაქსიმალური თანხა შეზღუდული არ არის, იგი განისაზღვრება დამრღვევის წლიური შემოსავლის მიხედვით. გასულ წელს, ერთ-ერთი დამრღვევის წლიურმა შემოსავალმა 11 მილიონი დოლარი შეადგინა, რის გამოც ჯარიმის თანხა სწორედ 200 ათასი აღმოჩნდა. რაც შეეხება მინიმალურ თანხას, ჯარიმა 1 500 ევროს შეადგენს. წითელზე გავლისთვის 90 ევროა, სიმთვრალე კი 4 500 ევროდ ისჯება.

* იტალიაში ყველაზე მკაცრი სასჯელი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მძღოლებს ეკისრებათ. ჯარიმის ოდენობა 6 ათას ევროს აღწევს და პარალელურად, სამართალდამრღვევს მართვის მოწმობა 2 წლით ჩამოერთმევა.

* ინგლისში წითელზე გავლა 1800 ფუნტი ღირს, სიმთვრალე _ 3 000 ფუნტი და მართვის მოწმობის ჩამორთმევა სამი წლით.

* ძალიან საინტერესო პრაქტიკაა პორტუგალიაში. პოლიციელებს თან აქვთ მობილური ბანკომატები და დამრღვევებს ჯარიმას ადგილზევე ახდევინებენ. აჯარიმებენ ნებისმიერი დარღვევისთვის _ მობილურზე საუბრით დაწყებული, სიჩქარის რეჟიმის დარღვევით დამთავრებული. ღვედი უკანა სავარძელში მსხდომებმაც უნდა გამოიყენონ. თუკი მძღოლი ჯარიმას ადგილზევე არ გადაიხდის, მას უფლება არ აქვს, გზა განაგრძოს. სიჩქარის გადაჭარბებისთვის დამრღვევი 1800 ევროს იხდის, სიმთვრალე კი 2500 ევროდ ფასობს. ავტომობილის მართვისას მობილურ ტელეფონზე საუბარი პორტუგალიაში ყველაზე ძვირად ჯარიმდება _ 500 ევროთი.

* გერმანიაში სიჩქარის გადაჭარბებით მოძრაობისთვის აშკარად რბილი სასჯელია. სიჩქარის ყველაზე უხეში დარღვევა 600 ევროთი ისჯება, სიმთვრალე კი 3000 ევრო ღირს.

* იაპონიაში საგზაო წესების ყველაზე სერიოზულ დარღვევად სიმთვრალე ითვლება, რომლისთვისაც მძღოლი 8 700 დოლარით ისჯება და ჯარიმის პარალელურად, კანონდამრღვევს 6-თვიანი პატიმრობა ემუქრება. იაპონიაში ღვედის გამოუყენებლობა მსოფლიოში ყველაზე ძვირად, 450 დოლარად, ჯარიმდება.

* აშშის უმეტეს შტატში სიჩქარის გადაჭარბება 1000 დოლარით ისჯება. ზოგიერთ შტატში კი მსგავსი დარღვევისთვის მეტად მკაცრი ჯარიმებია დაწესებული. მაგალითად, ვირჯინიაში საკმარისია 15 კმ/სთ-ით გადააჭარბოთ სიჩქარეს, რომ 2500 დოლარის ოდენობის ჯარიმა მიიღოთ და პატიმრობაც გელით.

* მალაიზიაში ნასვამ მძღოლს აპატიმრებენ და, თუ დაქორწინებულია, მეორე ნახევარსაც ციხეში სვამენ.

* სამხრეთი აფრიკა: 10-წლიანი პატიმრობა და ჯარიმა 10 000 დოლარი.

* ნორვეგია: სამი კვირა ციხეში მძიმე სამუშაოები, ერთი წლით მართვის მოწმობის ჩამორთმევა. თუ ნასვამი მძღოლი მეორედ აღმოჩნდება მსგავს მდგომარეობაში, მართვის მოწმობას ცხოვრების ბოლომდე კარგავს.

* რუსეთი: მართვის მოწმობა მძღოლს სიცოცხლის ბოლომდე ჩამოერთმევა.

* ტაივანი: თუ მთვრალი მძღოლი გამოიწვევს ადამიანის სერიოზულ დაზიანებას ან სიკვდილს, მართვის მოწმობა სამუდამოდ ჩამოერთმევა და შესაძლოა, საქმე სიკვდილით დასჯამდეც კი მივიდეს.

რა გამოდის? _ ევროპა, აზია, აფრიკა და ამერიკა თავიანთი მოქალაქეების სიცოცხლეს უფრთხილდებიან, საქართველოში კი კვარტალში ას კაცზე მეტი გვიკვდება, ანუ დღეში სულ ცოტა ერთი კაცი და ამას ვეგუებით. ვეგუებით იმიტომ, რომ თურმე გადახდის უუნარო მძღოლები გვყავს და უუნარობის გამო მზად ვართ, ადამიანების სიცოცხლით გავრისკოთ. როგორ შეიძლება, კაცი 120-ჯერ ნასვამი გამოავლინო, 120 ჯარიმა დაუწერო და ისევ თავისუფალი დადიოდეს?! სააღსრულებო თუ ვერაფერს აკეთებს, ხომ შეიტანა მთავრობამ კანაფის კულტივაციაზე კანონპროექტი? შეიტანოს იმავე მავრობამ ახალი კანონპროექტი ამ მიმართულებით, ნასვამობაზე დააწესოს ასტრონომიული ჯარიმა, თუ ვერ გადაიხდის, ქონებით აგებინოს პასუხი და ნახეთ მერე, როგორ შემცირდება ნასვამი მძღოლების რაოდენობა. დააწესეთ სიჩქარის გადაჭარბებაზე ორ და სამათასლარიანი ჯარიმა და ნახეთ, როგორ მშვიდად ივლიან მძღოლები.

სხვათა შორის, კანონის გამკაცრებაზე საუბარი რამდენჯერმე იყო, მაგრამ იმის გამო, რომ თურმე დიდი ჯარიმები მძღოლების უკმაყოფილებას გამოიწვევდა, კანონპროექტი დაიბლოკა. ვერ გეტყვით, ვინ თქვა, რომ მძღოლები წინააღმდეგი იქნებოდნენ მკაცრი რეგულაციების, რადგან არაერთხელ მოგვისმენია, როგორ ამბობენ სწორედ მძღოლები, რომ რეგულაციები უნდა გამკაცრდეს და ასეთ შემთხვევაში საცობებიც მოწესრიგდება ნაწილობრივ მაინც და მძღოლს ზუსტად ეცოდინება, რომ წინ მიმავალი ავტომობილი ისეთ რამეს არ იზამს, რაც ლოგიკას არ ექვემდებარება.

“ვერ გეტყვით, მოგცემენ თუ არა ამ სტატისტიკას, მაგრამ ათასობით შემთხვევაა, როცა დაჯარიმებული და ექვსი თვით მართვის მოწმობაჩამორთმეული მძღოლი მიდის საპატრულოში და მართვის მოწმობას დაახლოებით ორ კვირაში იბრუნებს. ვიღაცას ნათესავი ჰყავს, ვიღაცას _ ძმაკაცი და ასე მარტივად ხდება ყველაფერი. არადა, თუ ექვს თვეს ვერ ივლის მანქანით, მიხვდება, რომ არ უნდა დალიოს, ასე კი, ორ კვირაში 700 ლარს იხდის ოფიციალურად და მართვის მოწმობა ისევ ჯიბეში აქვს. ასე არ ხდება სხვაგან და, თუ ხდება, არა იმ ოდენობით, როგორც ჩვენთან. კორუფციის ჭაობშიაო რუსეთი, რომ იძახიან, აბა მიდი და, სცადე, ჩამორთმეული მართვის მოწმობა დაიბრუნე, რა ამბავი ატყდება. ადამიანის სიცოცხლე ყველგან წმინდა და ხელშეუხებელია, მხოლოდ ჩვენ ვეთამაშებით გზებზე სიკვდილს და ოჯახებიც კი წყდება ავტოავარიების შედეგად”, _ გვითხრა საპატრულო პოლიციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

ფაქტია: საქართველოში გზებზე სიკვდილი დადის და ამას ჯერჯერობით ვერაფერს ვუხერხებთ.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here